განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100119003081053, №1/ბ-241-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე
სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული - რ---- ნ-----ის ძე გ-------ი, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: თ---–----------------–------------.
კვალიფიკაცია:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი (2019 წლის 26 მაისს მოქმედი რედაქცია) - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილი - განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.
განაჩენის მიხედვით:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილი - ცივი იარაღის ტარება განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
სასჯელი:
განაჩენთა ერთობლიობით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და რ---- გ-------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, შემდეგ გარემოებათა გამო: ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით: მ------ ლ-----ის, ნ--- ლ-----ის, კ------- მ--------ის და შ---–-- ს-----–--ის გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სატელეფონო შეტყობინებებით და შეტყობინებების დათვალიერების ოქმით დასტურდება რ---- გ-------ის მიერ მუქარის განხორციელება, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა მოწმეთა ჩვენებები და არასწორი შეფასება მისცა ბრალდებულის მიმართ არსებულ მტკიცებულებებს (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი).
დაცვის მხარეს შესაგებელი წარმოდგენილი არ აქვს.
სასამართლომ დაადგინა:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ---- გ-------ს ბრალი წარედგინა მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ასევე ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 26 მაისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქალაქ თ---–--–-----------------–----–-----------------------------------------ში ყოფნის დროს, მ------ ლ-----ეს ყოფილი მეუღლე რ---- გ-------ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. იმავე დღეს, რ---- გ-------მა მ------ ლ-----ის დედას - ნ--- ლ-----ეს ტელეფონზე გაუგზავნა მ------ ლ-----ის მიმართ მუქარის შემცველი შეტყობინებები, რომ ბენზინს მიასხამდა მათ სახლს და ცეცხლს წაუკიდებდა. იმავე დღეს, დაახლოებით 22:00 საათზე, რ---- გ-------ი მივიდა ყოფილი მეუღლის - მ------ ლ-----ის საცხოვრებელ სახლში, მიასხა ბინის კარს ბენზინი და დაემუქრა, რომ დაწვავდა. აღნიშნულის შედეგად მ------ ლ-----ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
რ---- გ-------ი 2014 წლის 15 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“, “გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. რ---- გ-------ი, იყო რა ნასამართლევი განზრახ მძიმე დანაშაულისათვის, ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 22 თებერვალს, დაახლოებით 23:50 საათზე, განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი რ---- გ-------ი, ქალაქ თ---–--–-----------------–----–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ ატარებდა ორ ცალ დანას, კერძოდ - ერთ ცალ კუსტარული წესით დამზადებულ დანას, რაც არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას და დანას, რაც დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და ასევე მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულად არ მიიჩნია რ---- გ-------ის ბრალეულობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენით, რ---- გ-------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
რ---- გ-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოო სასჯელად რ---- გ-------ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა რ---- გ-------ს დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 27 მაისიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი საქმე იძლეოდა შესაძლებლობას, სააპელაციო საჩივარი განხილული და გადაწყვეტილი ყოფილიყო ზეპირი მოსმენის გარეშე.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდების ნაწილში, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები რ---- გ-------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იმსჯელებს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის შესახებ.
წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შემდეგ, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომლითაც რ---- გ-------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მ------ ლ-----ის შეტყობინება, რომლის თანახმად, მისი მეუღლე რ---- გ-------ი მოვიდა თ---–--–-----------------–----–----------------------------------------ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში და კარებს მიასხა ბენზინი, რის შემდეგაც ტელეფონზე გამოუგზავნა მუქარის მესიჯი, რომ სახლს გადაწვავდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, დაზარალებულმა მ------ ლ-----ემ და მოწმე ნ--- ლ-----ემ გამოძიებაში მიცემული ჩვენებებისგან არსებითად განსხვავებული ჩვენებები მიაწოდეს სასამართლოს.
დაზარალებულ მ------ ლ-----ის ჩვენებით, 2012 წლიდან ქორწინებაში იმყოფებოდა რ---- გ-------თან. 2018 წლიდან, ის და მისი მეუღლე ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, თუმცა მასთან ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდა. 2019 წლის 26 მაისს, მათ შორის მოხდა მცირე შელაპარაკება საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვა რ---- გ-------ის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა. იმავე დღის საღამოს, რ---- გ-------ი მის სახლთან მივიდა შერიგების მიზნით, მაგრამ ვინაიდან იყო აფექტურ მდგომარეობაში და ამასთან, იგრძნო საწვავის სუნიც, დედამისმა - ნ--- ლ-----ემ დარეკა საპატრულო პოლიციაში. შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრეც მოუვიდა მას უთანხმოება მეუღლესთან, რ---- გ-------ი მის სახლთან მივიდა შერიგების მიზნით, მაგრამ მან კარი არ გაუღო. რ---- გ-------ი ძალიან აღელვებული იყო და იმის შიშით, რომ რამე არ მოსვლოდა, მის დასამშვიდებლად გამოიძახა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება, ხოლო ეზოში ჩასულმა დაინახა, რომ მისი მეუღლე პოლიციის თანამშრომლებს დაკავებული ჰყავდათ. დაზარალებულის განმარტებით, რ---- გ-------თან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, ბრალდებული კარგი მამაა და ზრუნავს მის ოჯახზე. 2019 წლის 26 მაისს რ---- გ-------ის მხრიდან მუქარის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ხოლო გამოძიების დროს მიცემული ჩვენების შინაარსი მას არ ახსოვს, რადგან ძალიან აღელვებული იყო.
ჩვენების მიცემისას ნ--- ლ-----ემ განმარტა, რომ შვილთან - მ------ ლ-----ესთან და შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს ქალაქ თ---–--–-----------------–----–-------------------------------------------ში. რ---- გ-------ი და მისი შვილი დაახლოებით 8-9 წელი დაოჯახებულები იყვნენ, მაგრამ ბოლო პერიოდში ერთად აღარ ცხოვრობდნენ. 2019 წლის 26 მაისს, რ---- გ-------ი მათ ეხმარებოდა სარემონტო სამუშაოების შესრულებაში და მასთან შელაპარაკება მოუვიდათ გარკვეული ნივთების დაზიანების გამო. ბრალდებული იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, მაგრამ მისი მხრიდან მუქარას და აგრესიას ადგილი არ ჰქონია. პირველ შემთხვევაში მან გამოიძახა საპატრულო პოლიცია რ---- გ-------ის მიერ ნივთების დაზიანების გამო. საღამოს ბრალდებული კვლავ მივიდა მათ სახლთან და განუცხადა - დაგწვავთო, ამასთან გარედან იგრძნო საწვავის სუნიც, რის გამოც შეშინდა და საპატრულო პოლიციაში დარეკა, თუმცა კარზე რა იყო შესხმული - არ იცის. 2019 წლის 26 მაისს რ---- გ-------ს და მ------ ლ-----ეს შორის რაიმე დაპირისპირების ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ბრალდებული მას რემონტის დაზიანებით დაემუქრა და არა სიცოცხლის მოსპობით.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმე კ------- მ--------ემ განმარტა, რომ თბილისის ისანი-სამგორის მე-3 განყოფილებაში შევიდა მოქალაქე ნ--- ლ-----ის განცხადება რ---- გ-------ის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის შესახებ. განმცხადებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, რ---- გ-------მა ნ--- ლ-----ეს და მის შვილს - მ------ ლ-----ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაუდასტურა მ------ ლ-----ემაც გასაუბრებისას, რის შემდეგაც მის მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც რ---- გ-------ს აეკრძალა მ------ და ნ--- ლ-----ეებთან მიახლოვება. ბრალდებულმა უარი განაცხადა საგამოძიებო ორგანოში მისვლაზე და შემაკავებელი ორდერის ჩაბარებაზე, რის შემდეგაც ტელეფონის საშუალებით აუხსნა ვალდებულებები, რომლის შესრულებაც ევალებოდა შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში. მოწმის განმარტებით, რ---- გ-------ის დაკავების მომენტში იგი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და ბრალდებული მისი ავტომობილით იქნა გადაყვანილი შესაბამის განყოფილებაში, თუმცა ბრალდებულის დაკავებაში მას მონაწილეობა მიღებული არ აქვს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2019 წლის 27 მაისს დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მდებარე: ქ--–---------–-------------------–----–----------------------------------------. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა ორი ცალი ელ.სადენის სამაგრი. ასევე ექსპერტის მიერ შესასვლელი კარის ჩარჩოს ქვედა ნაწილიდან აღებულ იქნა ანაწმენდები.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, ასევე სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობისა და ოქმების სისწორე დაადასტურეს მოწმეებმა: დ------------–---–-------–-----------–---–------------------------–---–მა, ამ უკანასკნელის განმარტებით დაკავებისას ბრალდებულმა დაკავების ოქმს ხელი არ მოაწერა.
ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2019 წლის 27 მაისს, ქალაქ თ---–--–-----------------–----–-------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა რ---- გ-------ი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 13 ივნისის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან აღებულ ანაწმენდებზე აღმოჩნდა მძიმე ფრაქციის კვალი.
დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა რ--------------მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ მძიმე ფრაქციის კვალი ნავთობპროდუქტების აორთქლებით რჩება, თუმცა, კონკრეტულად, რომელი ნავთობპროდუქტის აორთქლებით დარჩა აღნიშნული კვალი - ამის დადგენა შეუძლებელი იყო.
რ---- გ-------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მ------ ლ-----ის სახლში დაბრუნდა მხოლოდ მობილური ტელეფონის ასაღებად, მაგრამ მისმა მეუღლემ გაურკვეველი მიზეზით კარი არ გაუღო. ქვემოთ ჩასვლისას მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და დააკავეს.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დაზარალებული - მ------ ლ-----ე იყო რ---- გ-------ის მეუღლე, შესაბამისად, ქმედების დამატებითი კვალიფიკაცია 111 მუხლით - პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, იყო სწორი.
მტკიცებულებების შეფასებამდე, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის განმარტება, რის გარეშეც წარმოუდგენელია სრულყოფილი და ცხადი გადაწყვეტილების მიღება.
კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯადია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. შესაბამისად, იმისათვის, რომ მუქარა ჩაითვალოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად, აუცილებელია სუბიექტის ქმედებამ დაზარალებულს გაუჩინოს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ქმედების აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მუქარა წარმოითქვა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ, რომ მუქარის მსხვერპლს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია გათვალისწინებული იყოს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური კრიტერიუმები. მიუხედავად შედეგისა, განახორციელებს თუ არა მუქარას პირი ან აპირებს თუ არა მის განხორციელებას, დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა უკვე იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას.
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულია ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“). კონვენციის მიზნებისთვის, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა. კონვენცია მიზნად ისახავს ქალების და ოჯახის წევრების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან, მათ შორის, კონვენცია მოუწოდებს მხარეებს მიიღონ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს ისეთი წინასწარგანზრახული ქცევა, რომელიც ადამიანზე სერიოზულ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს იძულების ან მუქარის გამოყენებით. კონვენციის თანახმად, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განაჩენში აღნიშნა, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს (ვრცლად იხილეთ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის №527აპ-17 განაჩენი). როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლოში დაკითხვისას დაზარალებულმა და მოწმემ გამოძიებაში მიცემული ჩვენებებისგან განსხვავებული ჩვენებები მისცეს სასამართლოს. შესაბამისად, პალატის შესაფასებელ საკითხს წარმოადგენს სხვა მტკიცებულებების საკმარისობის დადგენა მუქარის ფაქტის დასადასტურებლად.
მოცემულ შემთხვევაში, შემთხვევის უშუალო შემსწრე პირებს წარმოადგენენ დაზარალებული მ------ ლ-----ე და მოწმე ნ--- ლ-----ე, სხვა მოწმე, რომელიც იქნებოდა დანაშაულის თვითმხილველი, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.
დაზარალებულმა მ------ ლ-----ემ აღნიშნა, რომ შემთხვევის დღეს რ---- გ-------თან მოუვიდა უთანხმოება, თუმცა ბრალდებულის მხრიდან მუქარის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ასევე დასძინა, რომ რ---- გ-------თან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, რომ ზრუნავს მის ოჯახზე და არის კარგი მამა. ბრალდებულთან უთანხმოების ფაქტს ადასტურებს მოწმე ნ--- ლ-----ეც, რომელიც განმარტავს, რომ 2019 წლის 26 მაისს, რ---- გ-------თან შელაპარაკება მოუვიდათ გარკვეული ნივთების დაზიანების გამო, ხოლო საღამო ხანს, როდესაც ბრალდებული კვლავ მივიდა მათ სახლთან, განუცხადა მათ, რომ დაწვავდა, გარედან საწვავის სუნიც იგრძნო, რის გამოც საპატრულო პოლიციაშიც დარეკა, თუმცა მოწმე ასევე განმარტავს, რომ შემთხვევის დღეს რ---- გ-------სა და მ------ ლ-----ეს შორის რაიმე დაპირისპირების ფაქტს ადგილი არ ჰქონია და რომ ბრალდებული მას რემონტის დაზიანებით დაემუქრა და არა სიცოცხლის მოსპობით.
პალატა განმარტავს, რომ თავისთავად, მოწმეთა არსებობა-არარსებობა უპირობოდ არ იწვევს გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, თუმცა, მოცემულ საქმეში, ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი სხვა ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც შექმნიდნენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
2019 წლის 26 მაისის შემაკავებელი ორდერები და შემაკავებელი ორდერის ოქმები, პალატას არ მიაჩნია საკმარისად გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან არ ასახავს ინფორმაციას მუქარის ეპიზოდთან დაკავშირებით და მასში ინციდენტის ფაბულად მითითებულია სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რაც დასტურდება მოწმე კ------- მ--------ის ჩვენებითაც. აღნიშნულ ოქმებში, შესაბამის კითხვებზე: „ფიქრობთ, რომ მოძალადე ჯანმრთელობის დაზიანებას მოგაყენებთ ან მოგკლავთ თქვენ ან/და თქვენს შვილებს ან/და თქვენს ახლობელს“ და „დაგმუქრებიათ თუ არა მოძალადე, როცა გითქვამთ, რომ აპირებთ მასთან ურთიერთობის შეწყვეტას, ან პოლიციისთვის მიმართვას, ან ახლობლებისთვის მოყოლას“, მ------ ლ-----ის და ნ--- ლ-----ის პასუხებად მითითებულია „არა“.
ერთადერთი მტკიცებულება, რაც ბრალდების მხარეს მოპოვებული აქვს, არის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც შემთხვევის ადგილიდან აღებულ ანაწმენდებზე აღმოჩნდა მძიმე ფრაქციის კვალი, რომელიც ნავთობპროდუქტების აორთქლებით რჩება. აღნიშნული დასკვნით უპირობოდ არ დგინდება, რომ სწორედ რ---- გ-------ის მიერ იქნა კარზე ნავთობპროდუქტი შესხმული. როგორც აღინიშნა, დაზარალებულმა პოლიციის გამოძახების სულ სხვა მიზეზები დაასახელა და მიუხედავად შეტყობინებაში მითითებული ინფორმაციისა, რომ რ---- გ-------მა შესასვლელ კარს მიასხა ბენზინი და ტელეფონზე გამოუგზავნა მუქარის შემცველი შეტყობინება სახლის გადაწვასთან დაკავშირებით, არ იკვეთება გაუჩნდა თუ არა მას მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
მტკიცებულებების შეფასების შემდეგ სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ბრალად წარდგენილი ქმედების დასადასტურებლად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენი.
რ---- გ-------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
რ---- გ-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების პრინციპის გამოყენებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ---- გ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა რ---- გ-------ს დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 27 მაისიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
§ ანაწმენდები და რ---- გ-------ისაგან ამოღებული ორი ცალი დანა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ელ-სადენების სამაგრები დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
§ ელექტრონული დისკი შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად მიღებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე