განაჩენი

სისხლის სამართლის 28.02.2020
საქმის ნომერი
330100119003089669
ინსტანცია
თარიღი
28.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003089669

საქმე № 1ბ/229-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე: მაკა გველესიანი

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

გამართლებული - ლ---- კ------, დაბადებული 1----–-–---------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: ქ-------–---------–----–---------------------;

კვალიფიკაცია:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.

 

განაჩენის მიხედვით: ლ---- კ------, გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა თ---------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა ლ---- კ------- მიმართ, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ აღნიშნულ ბრალთან მიმართებით არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, რომელიც ქმნიდა სასამართლოსთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ლ---- კ------- ბრალეულობაში. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებათა ნაწილი (გარდა პატრულ-ინსპექტორების გ------- ნ------ის და შ--–-- ბ----–---–ის, დაზარალებულის და ლ---- კ------- გამოკითხვის ოქმისა) უდავოდ იქნა მიჩნეული. პატრულ-ინსპექტორების -გ------- ნ------ის და შ--–-- ბ----–---–ის ჩვენებებით დასტურდება, თუ რა ვითარება დახვდათ მათ შემთხვევის ადგილზე, კერძოდ, ის გარემოება, რომ ნამდვილად ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს ადგილი, რომელიც ვითარდებოდა არასრულწლოვნის თანდასწრებით. აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება დადასტურებულია მტკიცებულებებით, კერძოდ: სსიპ ,,112-ში“ განხორციელებული შეტყობინების აუდიოჩანაწერის დათვალიერების ოქმით. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება დაზარალებულზე განხორცილებული ფიზიკური ზემოქმედების ფაქტი. აპელანტს მიაჩნია, რომ რაც შეეხება ტკივილის ნაწილში სასამართლომ უნდა იხელმძღავნელოს ობიქტური კრიტერიუმით და შეაფასოს განიცდიდა თუ არა მსხვერპლი განხორცილებული ფიზიკური ზემოქმედების შედეგად ტკივილს. ბრალდების მხარის შეფასებით, დაზარალებულმა ა----------- მოძალადის აგრესიული ემოციური ფონის გათვალისწინებით ცალსახაა, რომ განიცადა ფიზიკური ტკივილი. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ მტკიცებულებათა სტანდარტს და ითხოვს ლ---- კ------- დამანაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის განსაზღვრას.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ, გამართლებულმა ლ---- კ------მ, წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა ლ---- კ------- მიერ დანაშაულის ჩადენას და ლ---- კ------ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ---- კ------- წარედგინა ბრალდება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ---- კ------- მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლიდან, ლ---- კ------ და ა---------- იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში, რომელიც დაარეგისტრირეს 2017 წელს და დღემდე ცხოვრობენ ერთად თ---–--–-------–----–------------------ში. თანაცხოვრების განმავლობაში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ლ---- კ------ სისტემატიურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა ა----------ს, რომელსაც მიმართავდა უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით, აგინებდა ოჯახის წევრების მისამართით, ხოლო განქორწინების შემთხვევაში ემუქრებოდა და აშანტაჟებდა, რომ ბავშვებს დედას არ გაატანდა, ხოლო სამართალდამცავების ჩარევის შემთხვევაში ისეთ რამეს მოიმოქმედებდა, რომ ა---------- საერთოდ ვეღარ ნახავდა შვილებს. აღნიშნულ ქმედებებს ლ---- კ------ ახორციელებდა ა----------ს მიმართ მათი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, რის გამოც ბავშვები იყვნენ შეშინებულები, ხოლო ა---------- განიცდიდა ტანჯვას, ასე მაგალითად: 2018 წლის ნოემბრის თვეში, ლ---- კ------მ უმიზეზოდ დაუწყო ყვირილი, აგინა დედის და ოჯახის მისამართით, ამასთანავე ხელიდან წაართვა და დაუმტვრია „აიფონ 6“ ფირმის მობილური. 2019 წლის 25 მაისს, მორიგი ოჯახური კონფლიქტის დროს, ლ---- კ------მ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა ა----------ს, რომელსაც კვლავ აგინა დედის და ოჯახის მისამართით, რასაც ესწრებოდნენ მათი მცირეწლოვანი შვილები, რომელთაგან უფროსი გოგონა შეშინდა და დაიწყო ტირილი. 2019 წლის 27 მაისს, სიტყვიერი შელაპარაკებისას, ლ---- კ------მ, კვლავ მიაყენა შეურაცხყოფა ა----------ს, რომელსაც აგინა უცენზურო სიტყვებით, რა დროსაც ასევე შეაფურთხა სახეში. ა----------ს ტირილის და ლ---- კ------- ყვირილის ხმაზე გაიღვიძა მათმა შვილმა, მცირეწლოვანმა ნ----- კ------მ, რომელმაც დაიწყო ტირილი და შემდგომ კონფლიქტიც გაგრძელდა მისი თანდასწრებით, კერძოდ: როდესაც ა---------- ცდილობდა ნივთების ჩალაგებას და სახლიდან წასვლას, ლ---- კ------ მივიდა მასთან, ჩაავლო ორივე ხელი მკლავებში, კერძოდ: იღლიებში და ძლიერად შეანჯღრია, შემდეგ ამ მდგომარეობაში ასწია მაღლა და დასვა იატაკზე. ლ---- კ------- მიერ განხორციელებულმა ფსიქოლოგიურმა და ფიზიკურმა ძალადობამ გამოიწვია ა----------ს ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. აღნიშნული კონფლიქტის დროს, მან გამოიძახა საპატრულო პოლიცია და განუცხადა მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც ლ---- კ------ დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით ოჯახური ძალადობის ფაქტზე.

 

ე.ი. ლ---- კ------- წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

მოწმე გ------- ნ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 27 მაისს, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას მის მეწყვილე შ--–-- ბ----–---–თან ერთად, რა დროსაც შემოსული შეტყობინების საფუძველზე ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გავიდნენ შემთხვევის ადგილზე - მ---–----–--------------ში, სადაც დახვდა ლ---- კ------ და ქალბატონი, რომელმაც განუცხადა, რომ მეუღლემ აწია ხელში აჯანჯღარა და ძლიერად დასვა, ქალბატონი იყო აღელვებული და სტრესულ მდგომარეობაში, ლ---- კ------- ბავშვი ეჭირა ხელში, წყვილი ერთმანეთის მიმართ გამოხატავდა აგრესიას, ადგილზევე იქნა დაკავებული ლ---- კ------, მას წინააღმდეგობა არ გაუწევია დაკავებისას.

მოწმე შ--–-- ბ----–---–მა დაადასტურა ანალოგიური და დამატებით განმარტა, რომ ქალბატონმა მათ განუცხადა, რომ ლ---- კ------- მხრიდან ადგილი ჰქონდა სისტემატურად მის მიმართ როგორც სიტყვიერ ისე ფიზიკურ შეურაცხყოფებს და დაასახელა სხვადასხვა ფაქტებიც.

ბრალდებულმა ლ---- კ------მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მას მისი მეუღლის ა----------ს მიმართ არასდროს არ განუხორციელებია არანაიარი სახის ძალადობა, არც ფიზიკური და არც სიტყვიერი, მათ შორის არც 2019 წლის 27 მაისს. ვინაიდან ანი არის ოდნავ ემოციური გოგონა ურთიერთშელაპარაკების დროს რომ დაწყნარებულიყო, აიყვანა იგი ხელში აკოცა და დასვა ძირს.

დაზარალებულმა ა----------- ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული სხვა მტკიცებულებები (მათ შორის საგამოძიებო მოქმედებების ოქმები და მასთან დაკავშირებული საპროცესო დოკუმენტები, სხვა წერილობითი და საპროცესო დოკუმენტაცია, სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები) მხარეთა მიერ მიჩნეულ იქნა უდავოდ და მათი გამოკვლევა აღარ მოხდა საქმის არსებითი განხილვისას, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა და ისინი გამოკვლევის გარეშე დაერთო სისხლის სამართლის საქმეს მტკიცებულების სახით.

 

სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“.

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა პროკურორ თ---------------–---–ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამართლებულ ლ---- კ------- მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ქმედებაში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება), შედეგსა (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. „სისტემატური შეურაცხყოფა“ არის სისტემატურად სხვისი პატივისა და ღირსების დაკნინება სიტყვიერი ძალადობის მეშვეობით (გინება, სალანძღავი სიტყვებით ჩხუბი), განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. ძალადობის „სისტემატურობა“ დროის ახლო მონაკვეთში მის არაერთგზისობას გულისხმობს და მისი განსაზღვრისას არსებითია არა მოქმედების გამეორების მექანიკური ჯამი, არამედ შინაგანი კავშირი - განმეორების ტენდენცია. სუბიექტური მხრივ, განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო ბრალის ფორმის მიხედვით, იგი განზრახი დანაშაულია. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ან/და გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან. დანაშაულის შემადგენლობისთვის ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში ქმედების განხორციელებასთან ერთად სავალდებულოა, რომ იმას, ვისზეც იძალადეს, განიცადოს ფიზკური ტკივილი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი სრულიად სუბიექტური გამოცდილებაა, სწორედაც დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განცდილი ძალადობის შედეგად განაცხადოს ძალადობამ (ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ) მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი და სხვა პირის განმარტება ტკივილის განცდასთან დაკავშირებით (ძალადობის შედეგად პირმა შეიძლება თუ არა განიცადოს ტკივილი) არარელევანტურია.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

სააპელაციო პალატამ, გააანალიზა რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული (ასევე უდავოდ მიჩნეული პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე) მტკიცებულებები, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ სახელმწიფო ბრალდებას არ წარმოუდგენია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ ლ---- კ------მ ჩაიდინა მეუღლის, ა----------ს, მიმართ, მათი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟისა და დამცირების ფაქტი. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და ლ---- კ------- დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს, მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, რომელიც დაადასტურებდა ლ---- კ------- ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული დანაშაულებრივი ქმედების სპეციფიკიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ასეთ საქმეებში უმეტესწილად თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლე ობიექტურად ვერ იარსებებს, შესაბამისად, ფაქტის უტყუარად დადასტურება შეუძლიათ მხოლოდ კონფლიქტის თვითმხილველ პირებს. მოცემულ შემთხვევაში, როცა დაზარალებულმა - ა----------- ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე, მათი საერთო მცირეწლოვანი შვილები საერთოდ არ არიან გამოკითხული ასაკიდან გამომდინარე, ხოლო ლ---- კ------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და უარყო მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, ასეთ ვითარებაში ობიექტურად საჭიროა სხვა დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც შექმნიან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და პალატას მისცემს შესაძლებლობას დადასტურებულად მიიჩნიოს ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა ლ---- კ------- მიერ.

 

ასეთ ვითარებაში, ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივარში ლ---- კ------- მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებებად მოიშველია შეტყობინება და აუდიოჩანაწერის დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად, 2019 წლის 27 მაისს, ა----------- განახორციელა სატელეფონო ზარი. მან შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს, რომ სურდა პატრულის გამოძახება, რა დროსაც იყო აღელვებული და ტიროდა. აღნიშნული შეტყობინება, რომელსაც ბრალდების მხარე მიიჩნევს ლ---- კ------- ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვერ ჩაანაცვლებს ა----------ს ჩვენებას, რამდენადაც იგი მხოლოდ შეტობინებაა, რომელიც გამოძიების დაწყების საფუძველი შესაძლოა გამხდარიყო, ხოლო დანაშაულებრივი ფაქტების ნამდვილობა სწორედ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად უნდა გადამოწმებულიყო. მასში აღწერილი ფაქტების ნამდვილობა კი შესაბამისი მტკიცებულებების შეკრებით უნდა დადასტურებულიყო.

ბრალდების მხარეს ლ---- კ------- ბრალეულობის დამადასტურებლად მოჰყავს მოწმეების - გ------- ნ------ისა და შ--–-- ბ----–---–ის ჩვენებები, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან მათ მოცემული საქმის გარემოებები იციან დაზარალებულის მონაყოლით, რომლის ჩვენებაც თავის მხრივ სასამართლოს არ აქვს, პატრულ-ინსპექტორები განმარტავენ, რომ მათ მისვლისას დახვდათ ქალბატონი, რომელმაც განუცხადათ, რომ ლ---- კ------- მხრიდან ადგილი ჰქონდა სისტემატურ შეურაცხყოფას. ხოლო საპატრულო პოლიციის გამოძახების მიზეზი გახდა მორიგი შეურაცხყოფა, რა დროსაც ლ---- კ------მ იგი შეაჯანჯღარა, ხელში აიყვანა და შემდეგ ძლიერად დასვა ძირს, მოწმეთა განმარტებით, ქალბატონს რაიმე დაზიანების კვალი არ ეტყობოდა, არც მიუთითებია აღნიშნულზე, ასევე მოწმეთა მიერ არ ყოფილა ნახსენები, რომ მათ დაზარალებულმა განუცხადა, რომ ლ---- კ------- მხრიდან მისი ხელში აყვანამ და შემდგომ ძირს დასმამ გამოიწვია რაიმე სახის ტკივილი. შესაბამისად, ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილველები, მათ ასევე არ შეუძლიათ დაადასტურონ ლ---- კ------- მხრიდან სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟისა და დამცირების ფაქტები და ამდენად, მათი ჩვენებები არის ირიბი ხასიათის, რადგან მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები ეფუძნება დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. მათი ჩვენებები, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურ სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.

ბრალდების მხარემ მტკიცებულებად მოიშველია ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ა----------ს პირადი შემოწმებისას მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნაც ვერ გამოდგება ლ---- კ------- ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რამდენადაც დაზარალებულს არ ჰქონდა რაიმე სახის დაზიანება სხეულზე და ადასტურებს მხოლოდ იმ ფაქტს, რომ ა----------ს გადმოცემით, 2019 წლის 27 მაისს, 13:30 საათზე, მეუღლემ ხელში აიყვანა, დასვა და შეანჯღრია, სხვა ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. თავად ლ---- კ------მაც დაადასტურა სასამართლო პროცესზე, რომ 2019 წლის 27 მაისს, მეუღლეებს შორის მოხდა კონფლიქტი, თუმცა განმარტა, რომ მას ა----------ს მიმართ არ უძალადია, ვინაიდან კონფლიქტის შედეგად სურდა დაემშვიდებინა მეუღლე, ამის გამო მან იგი ხელში აიყვანა აკოცა და დასვა ძირს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით კი შეუძლებელია იმ ფაქტის დადგენა, ლ---- კ------- მხრიდან განხორციელებული ქმედება ა----------- აღიქვა თუ არა ძალადობად და აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია თუ არა დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, შეუძლებელია ექსპერტიზის დასკვნით დანაშაულის ფაქტის დადგენა და იმის მტკიცება, რომ მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, ა----------ს მეუღლის მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად არ განუცდია ფსიქოლოგიური ტანჯვა. იმის გათვალისწინებით, რომ ლ---- კ------- მსჯავრდების მოცემულ ეპიზოდში ბრალდების მხარეს სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მხოლოდ ირიბი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება ლ---- კ------- მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, ვინაიდან, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის ასეთი დასკვნა წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

 

პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ ლ---- კ------მ განახორციელა მეუღლის -ა----------ს მიმართ, მათი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, ფიზიკური ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება.

 

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ლ---- კ------- დამნაშავეობაში.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის თ---------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის თ---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ლ---- კ------ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

ცნობად იქნეს მიღებული, რომ ლ---- კ------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განჩინებით (N12/8620-19) ლ---- კ------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს 5.000 (ხუთი ათასი) ლარის სანაცვლოდ ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას - ი-----–- კ------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: თ---–------–-------------------------------–------–-----------------------------------------–----------------------------------–----------------------------------------------------------------------------------------------.

 

ლ---- კ------- განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი