განაჩენი

სისხლის სამართლის 25.02.2020
საქმის ნომერი
330100119003113492
ინსტანცია
თარიღი
25.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003113492

საქმე #1ბ/2016-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 თებერვალი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

ნადეჟდა მარანელის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: ნ------------–---–ის, თ---------------–--ის

ადვოკატების: მ------------–---–ის, გ---------------ის

მსჯავრდებულის: მ---------------ის

თარჯიმნის: ვ-----–-------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), მ---------------ის, დაბადებულის 1----–-–---------------–ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #1----------), ნასამართლობის არმქონის, განქორწინებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: გ----------------------------–---------–--–----------–-----------ში, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ---------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 3 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ს--------------ას მოთხოვნის საფუძველზე, მეუღლის, მ---------------ის მიმართ, გამოცემულ იქნა დამცავი ორდერი 6 თვის ვადით. აღნიშნული ორდერის საფუძველზე, მ---------------ს განესაზღვრა მოძალადის სტატუსი და აეკრძალა მითითებულ ვადაში მსხვერპლთან, ს--------------ასთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა და ასევე აეკრძალა ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მიუხედავად ამისა, მ---------------მა არ შეასრულა დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და 2019 წლის 2 ივლისს მივიდა ს--------------ას საცხოვრებელ სახლში - ქ-------–--–-------------–-------------------------------–------------------------------ში.

 

2019 წლის 2 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ-------–--–-------------–-------------------------------–------------------------------ში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მ---------------მა, ურთიერთშელაპარაკების დროს, ყოფილ მეუღლეს, ს--------------ას, მარჯვენა ხელი მოუჭირა ყელზე და დაემუქრა მოკვლით, რის შემდეგაც თავი ჩაარტყა მარცხენა თვალის არეში. მ---------------ის ქმედებების შედეგად, ს--------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ნოემბრის განაჩენით:

 

მ---------------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ------------–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს მ---------------ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად ბრალდების კვალიფიკაციით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და დანაშაულთა ერთობლიობის ჩადენისათვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენი მ---------------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მ---------------ის მიმართ გამოტანილ, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელ განაჩენს. სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლო არ დაეყრდნო გამოძიების პროცესში შეკრებილ მტკიცებულებებს საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

 

სასამართლო პალატა აანალიზებს რა საქმეში არსებულ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებულ მტკიცებულებებს, კერძოდ, დაზარალებულ ს--------------ას შეტყობინებას, მისივე სამედიცინო ბარათს, ფოტოსურათების გადაღების ოქმს, დამცავ ორდერს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, აგრეთვე, სასამართლოში მოწმედ დაკითხული ექსპერტის - გ---–--------------–---–ის ჩვენებას, რომლებზეც აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით მ---------------ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა მ---------------მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. რაც შეეხება დაზარალებულს, ს--------------ამ სასამართლო სხდომაზე გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მის ახლო ნათესავს. აგრეთვე, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ვერ იქნა დაკითხული მცირეწლოვანი (დაბ. 21.05.2014წ.) მოწმე ი---------------ი (მ---------------ისა და ს--------------ას შვილი), რომელთანაც, სასამართლოს სხდომაზე დაკითხვის დროს, მცდელობის მიუხედავად, ვერანაირი კომუნიკაცია ვერ დამყარდა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარში აღნიშნულ მოსაზრებებს არ იზიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ოჯახში ძალადობის საქმეზე მოწმედ, შესაძლოა, გამოვიდნენ ოჯახის წევრები, რომლებიც ფაქტის უშუალო თვითმხილველები შეიძლება ყოფილიყვნენ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე კი დაზარალებულად ცნობილმა ს--------------ამ (მ---------------ის მეუღლე) გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც მითითებულია მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული). სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სწორედ იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებულ მ---------------ის მეუღლემ ისარგებლა საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება საქმის გარემოებათა დასადგენად. ამრიგად, ზემოთ აღნიშნული დაზარალებული არის მოცემულ საქმეზე სწორედ ის პირი, რომელსაც, შესაძლოა, სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა, არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა, კონკრეტულად კი მ---------------ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული კატეგორიის საქმეებზე, რომელიც ეხება ოჯახის წევრებს შორის ძალადობას, სასამართლოს მიერ არ უნდა იქნას გაზიარებული ოჯახის წევრების მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, როგორც ბრალდებულის უდანაშაულობის დამადასტურებელი ფაქტი, ვინაიდან ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა და დანაშაულის მსხვერპლი, შესაძლოა, გარკვეული მიზეზების გამო მისი ოჯახის წევრისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობდეს. ამდენად, სასამართლომ ქმედება საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეაფასოს. აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა, ყურადღებას მიაპყრობს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციას, რომლის 55-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს, თუმცა სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში საქმეში უნდა არსებობდეს სხვა უტყუარი, ნათელი და დამაჯერებელი მტკიცებულებები დამნაშავე პირის ბრალეულობის დასადასტურებლად, რაც მოცემულ საქმეში ვერ იქნა წარმოდგენილი ბრალდების მხარის მიერ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიისა და ბრალდების საქმე განიხილება. საკითხის იმგვარად განმარტება, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეთა სპეციფიკიდან გამომდინარე, დადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაბალი სტანდარტი (ანუ გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს), ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტს, რითიც ირღვევა ადამიანის ერთ-ერთი მთავარი და ფუნდამენტური უფლება - სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.

 

სააპელაციო პალატის აზრით, ვერ დაედება საფუძვლად მ---------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას საქმეში არსებული, პროკურორის სააპელაციო საჩივარში მითითებული, დაზარალებულ ს--------------ას შეტყობინება პოლიციაში, დაზარალებულის სამედიცინო ბარათი, მის მიმართ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა (დადგინდა დაზიანება მარცხენა თვალბუდის მიდამოში სისხლნაჟღენთის სახით), დამცავი ორდერი და ფოტოსურათების გადაღების ოქმი, რადგან არ არსებობს პირველწყაროს - დაზარალებულ ს--------------ას კანონით დადგენილი წესით სასამართლოში მიცემული ჩვენება საქმის გარემოებათა შესახებ. ამრიგად, ზემოხსენებული შეტყობინების, დამცავი ორდერის, სამედიცინო ბარათის, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და ფოტოსურათების გადაღების ოქმის, რომელთა შინაარსი მთლიანად ეფუძნება დაზარალებულის მიერ გადმოცემულ ინფორმაციას, მტკიცებულებად გამოყენების სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს, ვინაიდან დაზარალებულმა ისარგებლა მისთვის მინიჭებული პრივილეგიით და საქმის არსებითი განხილვისას ჩვენება არ მისცა ოჯახის წევრის წინააღმდეგ. აგრეთვე, ზემოხსენებულ წერილობით მტკიცებულებებთან დაკავშირებით, პალატა დამატებით განმარტავს, რომ ფაქტის დადგენის თვალსაზრისით, სასამართლო ვერ დაეყრდნობა ხსენებულ წერილობით მტკიცებულებებს, ვინაიდან მათი შინაარსი, როგორც აღინიშნა, სრულად ეფუძნება დაზარალებულის მიერ გადმოცემულ ინფორმაციას და იმ ვითარებაში, როდესაც დაზარალებულმა ს--------------ამ უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, დაუშვებელია, ზემოხსენებული წერილობითი მტკიცებულებები განვიხილოთ სათანადო მტკიცებულებად მაშინ, როდესაც დაზარალებულის მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციის (გამოკითხვის ოქმი) გამოქვეყნებაც კი არ ხდება მსგავს ვითარებაში. (საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება), რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მაგრამ ჩვენებას არ იძლევა, ეს წესი არ მოქმედებს), წარმოუდგენელია სხვა მსგავსი შინაარსის მტკიცებულებები აღნიშნულის საწინააღმდეგოდ განიმარტოს და ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა, ასეთ მტკიცებულებას გამოკითხვის ოქმი ერქმევა, შეტყობინება თუ სხვ. სასამართლო მოცემული განმარტების ფარგლებში მოიაზრებს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ოქმს იმ ნაწილში, რაც ეხება მოწმის ინფორმაციას, რაც ფაქტობრივად წარმოადგენს ჩვენებას, რომლის მიცემაზეც მოწმე უარს ამბობს, მისი უფლებიდან გამომდინარე - არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. სასამართლოს შეფასებით, ასეთ ვითარებაში, თუ მოხდება ამა თუ იმ წერილობითი მტკიცებულების ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება, როგორც გადამწყვეტი მტკიცებულება, დაირღვეოდა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, ვინაიდან დაცვის მხარეს არ მიეცემოდა საშუალება - შეკითხვები დაესვა იმ პირისთვის, ვის ინფორმაციასაც ეფუძნება ესა თუ ის წერილობითი მტკიცებულება, რითაც უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების ეჭვქვეშ დაყენების რეალური შესაძლებლობა მოესპობოდა და ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდებოდა დაცვის მხარე.

 

ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული პირდაპირი, უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ მ---------------მა მეუღლის მიმართ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა მ---------------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ, აშკარა და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ მ---------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ნოემბრის განაჩენი გამართლებულ მ---------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ნოემბრის განაჩენი მ---------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

მ---------------ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

გამართლებულ მ---------------ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. კახეთელიძე