განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.03.2020
საქმის ნომერი
330210019003054042
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
04.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210019003054042

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/8562-19 25 თებერვალი, 2020 წელი

თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე

სხდომის მდივანი - თამთა ოთარაშვილი

აპელანტი - ე-- ი-----–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე - ქ------- მ-------–---–ი

წარმომადგენელი - დ-----------ე

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2019 წლის 17 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ქ------- მ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ე-- ი-----–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელე ქ------- მ-------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, დასახლება ვარკეთილი, მ---------, კ--------–-----, კ------------, ბინა №-- (ს/კ 0----------------------) და იგი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელე ქ------- მ-------–---–ს. ქ------- მ-------–---–ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა. გასაჩივრებული განჩინებით ე-- ი-----–---–ის საჩივარი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2019 წლის 17 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებია: 2.1. სასამართლოს მიერ ქ------- მ-------–---–ი სარჩელი მიღებულ იქნა განსახილველად, რის შემდგომაც მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარების ვალდებულება იკისრა მოსარჩელის წარმომადგენელმა. 2.1.1. 2019 წლის 01 ივლისსა და 03 ივლისს, მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოში წარმოადგინა მოპასუხე ე-- ი-----–---–ისთვის სარჩელის გაგზავნისა და ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება. საფოსტო შეტყობინებიდან დგინდება, რომ სარჩელი 2019 წლის 26 ივნისს - ჩაბარდა უშუალოდ მოპასუხეს. 2.1.2. მოპასუხეს სასამართლოს მიერ დანიშნულ 10 დღიან ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია, მას არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. ამასთან, არც შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის. 2.1.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. 2.1.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლი დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. 2.1.5. სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ------- მ-------–---–ის საკუთრებაში რეგისტრირებულია უძრავი ქონება მდებარე: ქ.თბილისი, დასახლება ვარკეთილი, მ---------, კ--------–-----, კ------------, ბინა №-- (ს/კ 0----------------------). აღნიშნულ ქონებას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს ე-- ი-----–---–ი. 2.1.6. სასამართლომ სამართლებრივად შეაფასა სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები და მიაჩნია, რომ ისინი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე და 312-ე მუხლების შესაბამისად, იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას. 2019 წლის 17 სექტემბრის განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებია: 2.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. 2.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას. 2.2.2. სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის წინაპირობები სახეზე არ ყოფილა. საჩივრის ავტორმა, შესაგებლის განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზად დაასახელა ის გარემოება, რომ მოპასუხე საქართველოში არ იმყოფებოდა, რის გამოც იგი ვერ შეძლებდა მის ფაქტობრივ მისამართზე გაგზავნილი სასამართლო გზავნილების ჩაბარებას. 2.2.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. 2.2.4. დასახელებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა/შესაგებლის წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა (განსახილველ შემთხვევაში, შესაგებლის წარუდგენლობა) გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. ეს უკანასკნელი შეფასების ობიექტს განეკუთვნება და იმისათვის, რათა სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის/შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების/შესაგებლის წარუდგენლობის ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა. 2.2.5. საჩივარს არ ერთვოდა მასში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც მისცემდა სასამართლოს შესაძლებლობას შეემოწმებინა ის გარემოება, არსებობდა თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული ვითარება. ამასთან, იგი არც საჩივრის განხილვაზე არ გამოცხადებულა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ გაასაჩივრა ე-- ი-----–---–მა: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. 2019 წლის 17 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია შესაგებელის წარუდგენლობის გამო, რაც სასამართლომ მიიჩნია საკმარის საფუძვლად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოსატანად. აპელანტმა კანონით დადგენილ ვადაში შეიტანა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით და მისი გაუქმების საფუძვლად მიუთითა ის საპატიო მიზეზები, რის გამოც ვერ წარადგინა შესაგებელი. კერძოდ, რომ იყო 6 თვის ფეხმძიმე ჯანმრთელობის პრობლემებით, ჰყავდა 2 მცირეწლოვანი შვილი - 4 წლის და 1 წლის და 4 თვის. მეუღლე მუშაობდა რაიონში, არ ჰყავდა ბავშვების დამტოვებელი. საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში და 17 სექტემბერს ჩაინიშნა სხდომა, სადაც საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საპატიოდ არ ჩაეთვალა მითითებული საფუძვლები, ამასთან ვერ დაესწრო სასამართლო სხდომას. 3.2. აპელანტს მხოლოდ 15 წუთი დააგვიანდა და როდესაც სასამართლოში შიდა ნომრით თანაშემწესთან დარეკა, პროცესი დამთავრებული იყო. აპელანტს დააგვიანდა იმიტომ, რომ მეგობრის მანქანით მოდიოდა ბავშვებთან ერთად, რა დროსაც ბავშვს დაეწყო გულისრევა და შეფერხდნენ. სასამართლომ რამდენიმე წუთში მიიღო გადაწყვეტილება და აპელანტის დაუსწრებლად განიხილა საქმე. 3.3. აპელანტს არ ჰქონდა წარდგენილი საჩივარში მითითებული მტკიცებულებები, არ მიეცა მათი წარდგენის შესაძლებლობა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. ქ------- მ-------–---–მა (მოსარჩელე) სარჩელი აღძრა ე-- ი-----–---–ის (აპელანტი) წინააღმდეგ და N0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა მოითხოვა. 4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შესაგებლის წარუდგენლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა. 4.3. დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა აპელანტმა. 4.4. 2019 წლის 30 ივლისის განჩინებით საქალაქო სასამართლომ საჩივარი წარმოებაში მიიღო. 4.5. საჩივრის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 17 სექტემბერს 11 საათზე, რის თაობაზეც მხარეებს ეცნობათ სატელეფონო შეტყობინებით, თუმცა, ამის ნაცვლად, სხდომა იმავე დღეს, 17:37:59 საათზე გაიხსნა. 4.6. აპელანტი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და სასამართლომ საჩივარი მისი დასწრების გარეშე განიხილა. სამართლებრივი დასაბუთება 4.7. აპელანტი, ძირითადად, სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის წადგენის შემდეგ მას არ მიეცა საქმის ზეპირ განხილვაში მონაწილეობის მიღებისა და მტკიცებულებათა წარდგენის შესაძლებლობა. 4.7.1. პალატა აღნიშნავს, რომ შეჯიბრებითობა და თანასწორობა სამართალწარმოების ძირითადი პრინციპებია და ამ პრინციპების დარღვევით განხორციელებული მართლმსაჯულება სამართლიანად ვერ ჩაითვლება. 4.7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეები თანაბარი საპროცესო უფლებებით სარგებლობენ. 4.7.3. ეს ნიშნავს, რომ სამართალწარმოების მიმდინარეობისას მხარეებს უფლებებათა რეალიზაციის თანაბარი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ. 4.7.4. ამ შესაძლებლობის გამოყენება, ცხადია, უშუალოდ, მხარეებზეა დამოკიდებული, თუმცა მისი საპროცესო უზრუნველყოფა, უთუოდ, სასამართლოს მოვალეობაა. 4.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი სასამართლო სხდომაზე განიხილება. 4.8.1. ამის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეები საქმის განხილვის თაობაზე დადგენილი წესით უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი. 4.8.2. როგორც ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი მოწესრიგების ფარგლებში, მხარისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების წესის შემოწმება სასამართლოს ვალდებულებაა... სსსკ-ის 72.1 მუხლით ამომწურავად არის დადგენილი სასამართლო უწყების შინაარსი, რომლის რომელიმე ელემენტის არარსებობის შემთხვევაში, სასამართლო უწყება არასრულად და კანონშეუსაბამოდ ჩაბარებულად უნდა იქნეს მიჩნეული.“ – (სუსგ. საქმე №ას-1188-1148-2016, 24 ივლისი, 2017 წელი, პ. 17). 4.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უწყება უნდა შეიცავდეს მითითებას გამოცხადების დროის შესახებ. 4.9.1. კანონის ამ მოთხოვნას პრაქტიკულთან ერთად მნიშვნელოვანი სამართლებრივი შედეგიც აქვს - საქმის განხილვაზე გამოუცხადებლად უწყებაში მითითებულ დროს გამოუცხადებელი პირი ითვლება. 4.9.2. პალატის აზრით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სწორედ უწყებაში მითითებულ დროს მხარის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის განხილვას. 4.10. როგორც აღინიშნა, დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის განხილვა 2019 წლის 17 სექტემბერს 11 საათზე დაინიშნა, თუმცა ამის ნაცვლად სხდომა თითქმის 7 საათის დაგვიანებით, 17:37:59 საათზე გაიხსნა. 4.10.1. პალატისათვის სავსებით გასაგებია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში, საქმეთა სიმრავლის გამო, სასამართლო სხდომა შეიძლება დადგენილ დროს ვერ დაიწყოს, თუმცა ამან მხარის საპროცესო უფლებების დარღვევა, ცხადია, არ უნდა გამოიწვიოს. 4.10.2. როგორც ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც საქმის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფრო ფართო ცნების ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს, რომ თითოეულ მხარეს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს მისი საქმე ისეთ პირობებში, რომლებიც მას არ აყენებს არსებითად არამომგებიან პოზიციაში მის ოპონენტთან შედარებით (Nideröst-Huber v. Switzerland; Kress v. France; Gorraiz Lizarraga and Others v. Spain). ამასთან, ევროპული სასამართლოს განმარტებით, კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს სახელმწიფოებს, მოაწყონ თავიანთი სამართლებრივი სისტემები იმგავრად, რომ ხელი შეუწყონ სწრაფ და ეფექტურ საქმისწარმოებას, გადაწყვეტილებების დაუსწრებლად გამოტანის შესაძლებლობის ჩათვლით (Aždajić v. Slovenia), თუმცა ეს არ შეიძლება განხორციელდეს სხვა სამართლებრივი გარანტიების, განსაკუთრებით მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე. ის შეიძლება, მხოლოდ ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს, რომ უზრუნველყოფილი იყოს საქმისწარმოების სისწრაფე და ეფექტურობა, თუმცა ეს ღონისძიება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით, მხარეთა თანასწორობის პრინციპის საზიანოდ“ – (სუსგ. საქმე №ას-930-888-2013, 19 ივნისი, 2015 წელი, პ. 18.3). 4.11. პალატას მიაჩნია, რომ განსხვავება სატელეფონო შეტყობინებაში მითითებულ დროსა და სხდომის გახსნის დროს შორის ძალზე დიდია, იმისთვის, რომ აპელანტი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიზნებისათვის, სხდომაზე გამოუცხადებლად ჩაითვალოს. 4.12. ამრიგად, სასამართლომ საჩივარი განიხილა იმ მხარის დაუსწრებლად, რომელსაც შეტყობინება კანონით დადგენილი წესით არ მიუღია; 4.12.1. ეს კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 394-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. 4.13. ამის გამო, განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ უნდა გაუქმდეს. 4.14. ამავდროულად, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. 4.15. სააპელაციო სასამართლომ საჩივარი ზეპირი მოსმენით განიხილა და მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენის საშუალება მისცა. 4.15.1. ამის გამო, პროცესუალური ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია საქმეზე გადაწყვეტილება თავად გამოიტანოს (შდრ. სუსგ. ას-380-353-2010, 5 დეკემბერი, 2011 წელი; ასევე ას-1253-1101-10, 17 თებერვალი, 2011 წელი). 4.16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. 4.16.1. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. 4.17. პალატის აზრით, აპელანტმა ვერ დაამტკიცა ვერც ის, რომ სარჩელზე შესაგებლის წარუდგებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული და ვერც ის, რომ ამის თაობაზე არ შეეძლო წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსათვის. 4.18. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის თანახმად, შესაგებლის წარუდგენლობა გამოიწვია იმან, რომ აპელანტი იყო ფეხმძიმედ, სახლში ჰყვადა ორი მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე არ იმყოფებოდა თბილისში. 4.18.1. პალატის აზრით, ამ გარემობათაგან არც-ერთი აპელანტს სარჩელზე შესაგებლის წარდგენაში ხელს არ უშლიდა, ამას ადასტურებს ის, რომ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი მან კანონით დადგენილ ვადაში შეიტანა. 4.19. ასეც რომ არ ყოფილიყო, აპელანტს შეეძლო დაჰკავშირებოდა სასამართლოს და ეცნობებინა შესაგებლის წარდგენის დამაბრკოლებელი გარემოებების თაობაზე. 4.19.1. თუმცა, მას არც ეს ვალდებულება შეუსრულებია. 4.20. როგორც მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა“ – (სუსგ: №ას-1506-2018, 12 აპრილი, 2019 წელი, პ. 19). 4.21. რადგან მომჩივანმა ვერ დაამტკიცა ვერც ის, რომ სარჩელზე შესაგებლის წარუდგენლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული და ვერც ის, რომ ამის თაობაზე არ შეეძლო წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსათვის, დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში უნდა დარჩეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. ე-- ი-----–---–ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გადაწყვიტა

 

1. ე-- ი-----–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;

3. ე-- ი-----–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

5. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე