განაჩენი

სისხლის სამართლის 06.03.2020
საქმის ნომერი
330100119003132379
ინსტანცია
თარიღი
06.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003132379

საქმე № 1ბ/250-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 მარტი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე: მაკა გველესიანი

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

გამართლებული - გ---- ბ-------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ დაბადებული 1----–-–----------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------------------–--–----------

კვალიფიკაცია:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (2018 წლის სექტემბრის ეპიზოდი), სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (2019 წლის 23 ივნისის ეპიზოდი) და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (2019 წლის 26 ივნისის ეპიზოდი).

 

განაჩენის მიხედვით: გ---- ბ-------ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის სექტემბრის ეპიზოდი), სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 23 ივნისის ეპიზოდი) და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 26 ივნისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ------------------–--მ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა გ---- ბ-------ის მიმართ, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ აღნიშნულ ბრალთან მიმართებით არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, რომელიც ქმნიდა სასამართლოსთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა გ---- ბ-------ის ბრალეულობაში. ზემოაღნიშნული დასტურდება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი უდავო მტკიცებულებებით: ი-----–- ვ------------ის და თ------ ს--–-----–-–---–ის ჩვენებებით, სასამართლო-სამედიციო ექსპერტიზის დასკვნაში არსებული ინფორმაციით, რომელებიც სრულ თანხვედრაშია გამოკითხვის დროს მიწოდებულ ინფორმაციასა და საქმის მასალებთან. დაზარალებულმა ლ----------------ემ და გ---- ბ-------ის შვილმა ბ---- ბ-------მა ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს სასამართლოზე ჩვენება. აპელანტის მოსაზრებით, რაც შეეხება ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობას, საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მითითებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას-პირდაპირი მტკიცებულების თანაბარმნიშვნელოვნად. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულ ლ----------------ის ქმედება ნამდილად ჰგავს ოჯახური ძალადობის მოწმეთა კლასიკურ საქციელს, რომლებიც ძალადობის შემდგომ მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში განაგძობენ ცხოვრებას, რაც უბიძგებს მას მოძალადისგან მომავალი საფრთხის განეიტრალებისაკენ (თვითგადარჩენისაკენ) და აღნიშნულის გამოსავალს მის მიმართ ლმობიერი პოზიციის დაკავებაში ხედავს, რამაც განაპირობა მსხვერპლის პირვანდელი ნების - მართლმსაჯულების ხელშეწყობის განხორციელებისათვის ხელის შეშლა და სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმით პოზიციის რადიკალური ცვლილება. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს მიაჩია, რომ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ მტკიცებულებათა სტანდარტს, ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას და გ---- ბ-------ის დამანაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებებში.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის განაჩენით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა გ---- ბ-------ის ბრალეულობაში და გ---- ბ-------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის სექტემბრის ეპიზოდი), 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 23 ივნისის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 26 ივნისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ---- ბ-------ს წარედგინა ბრალდება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - 2018 წლის სექტემბრის ეპიზოდი. მასვე, ბრალი წარედგინა მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2019 წლის 23 ივნისის ეპიზოდი. მასვე, ბრალი წარედგინა მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - 2019 წლის 26 ივნისის ეპიზოდი

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ---- ბ-------ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის სექტემბერში, თ---–--–----------------------–--–----------ში, ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი ოჯახური კონფლიქტის დროს, გ---- ბ-------მა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს - ლ----------------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ხელი რამდენჯერმე დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილზე. ძალადობის შედეგად ლ----------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 23 ივნისს, თ---–--–----------------------–--–----------ში, ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი ოჯახური კონფლიქტის დროს, გ---- ბ-------მა, მეუღლეს - ლ----------------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ესროლა წყლის ბოთლი, რომელიც ლ----------------ეს მოხვდა სხეულზე. აღნიშნული ქმედების შედეგად ლ----------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 26 ივნისს, თ---–--–----------------------–--–----------ში, ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი ოჯახური კონფლიქტის დროს, გ---- ბ-------ი „მაკრატლის“ დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ლ----------------ეს, რის გამოც ლ----------------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ე.ი. გ---- ბ-------ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის სექტემბრის ეპიზოდი), სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 23 ივნისის ეპიზოდი) და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 26 ივნისის ეპიზოდი).

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

დაზარალებულმა - ლ----------------ემ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

არასრულწლოვანმა მოწმემ ბ---- ბ-------მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (მამის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ ბ---- ბ-------ს მამის გ---- ბ-------ის ქმედების შედეგად არ განუცდია ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

გამომძიებელ ი-----–- დ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან დაადასტურა გამოძიების ეტაპზე არასრულწლოვანი ბ---- ბ-------ის გამოკითხვა საპროცესო წარმომადგენლის თანდასწრებით. მოწმე - გამომძიებელს ზეპირ ჩვენებაში არ უსაუბრია არასრულწლოვნის მიერ გამოკითხვის პროცესში მიწოდებული ინფორმაციის შინაარსზე.

 

მოწმე ს--–---- კ----–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს გ---- ბ-------ის და ლ----------------ის მეზობლად, ოჯახთან აქვს ახლო ურთიერთობა, ხშირად სტუმრობს, თუმცა არასოდეს შესწრებია გ---- ბ-------ის მხრიდან მეუღლეზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ 27.06.2019წ. პირადი გასინჯვით, ლ----------------ეს სხეულზე რაიმე სახის მექანიკური დაზიანება არ აღენიშნებოდა. შესამოწმებლის გადმოცემით: ,,2019 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 02:00 საათზე, მეუღლემ წყლით სავსე ე.წ. პლასტმასის ბოთლი ესროლა, რომელიც მოხვდა გულმკერდის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე“.

 

ექსპერტმა ს-------- ბ--–-----მ ზეპირ ჩვენებაში დაადასტურა, რომ შემოწმების პროცესში ლ----------------ეს სხეულზე დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა, შესამოწმებელმა პირმა ექსპერტს განუცხადა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც ასახა დასკვნაში.

 

ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით, ლ----------------ეს მეუღლის გ---- ბ-------ის ქმედების შედეგად არ განუცდია ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

მოწმე თ------ ს--–-----–-–---–ის ზეპირი ჩვენებით და გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 26 ივნისს, მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში იჯდა უცნობი ქალბატონი, რომელიც ტიროდა. ქალბატონმა მოწმეს და ამ უკანასკნელის ოჯახის წევრს (ბაბუას) უთხრა, რომ მეუღლესთან, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში, მოუვიდა კონფლიქტი და გამოიქცა სახლიდან, მეუღლე დაედევნა, რის გამოც შევიდა მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში. უცნობმა მოწმის ოჯახის წევრის მობილური ტელეფონით დარეკა პოლიციაში და მოითხოვა საპატრულო პოლიციის დახმარება.

 

2019 წლის 26 ივნისს, სსიპ „112-ში“ შევიდა შეტყობინება (რეგისტრაციის N1-------, შეტყობინების ინიციატორი იყო ლ----------------ე, რომელიც აცხადებდა, რომ მეუღლესთან ხშირად აქვს კონფლიქტი, მეუღლე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

 

მოწმე ი-----–- ვ------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 26 ივნისს დაურეკა მამიდამ ლ----------------ემ, რომელმაც უთხრა, რომ გ---- ბ-------ი იყო მთვრალი და ეჭვიანობის ნიადაგზე მოუვიდათ კონფლიქტი. პირადად, მეუღლეებს შორის რაიმე სახის ძალადობას ან/და მუქარას არ შესწრებია.

 

გამომძიებელ გ------- მ----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 27.06.2019 წელს, ლ----------------ის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება მუქარის ფაქტზე, იმავე დღეს გამოკითხა დაზარალებული ლ----------------ე. გამომძიებლის ჩვენებით, გამოსაკითხი პირი იყო აღელვებული და ტიროდა. მოწმეს ზეპირ ჩვენებაში არ უსაუბრია, თუ რა ინფორმაცია მიაწოდა ლ----------------ემ გამოკითხვის დროს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდებულმა გ---- ბ-------მა შესავალ და დასკვნით სიტყვაში არ დაადასტურა დანაშაულის ჩადენა.

 

სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“.

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა პროკურორ თ------------------–--ს სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამართლებულ გ---- ბ-------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ქმედებაში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება), შედეგსა (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სუბიექტური მხრივ, განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო ბრალის ფორმის მიხედვით, იგი განზრახი დანაშაულია. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ან/და გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. დანაშაულის შემადგენლობისთვის ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში ქმედების განხორციელებასთან ერთად სავალდებულოა, რომ იმას, ვისზეც იძალადეს, განიცადოს ფიზკური ტკივილი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისათვის, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

სააპელაციო პალატამ, გააანალიზა რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ სახელმწიფო ბრალდებას არ წარმოუდგენია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ გ---- ბ-------მა ჩაიდინა მეუღლის ლ----------------ის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და გ---- ბ-------ის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს, მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, რომელიც დაადასტურებდა გ---- ბ-------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული კატეგორიის დანაშაულთა სპეციფიკიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლე ობიექტურად ვერ იარსებებს. მოცემულ შემთხვევაშიც სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე პირების - ლ----------------ის და გ---- ბ-------ის გარდა კონფლიქტს სხვა პირი არ შესწრებია, ხოლო 2018 წლის სექტემბრის სავარაუდო კონფლიქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი ბ---- ბ-------ი. შესაბამისად, ფაქტის უტყუარად დადასტურება შეუძლიათ მხოლოდ დაზარალებულს და და გ---- ბ-------ს, ხოლო 2018 წლის სექტემბრის ეპიზოდში არასრულწლოვან ბ---- ბ-------ს. მოცემულ შემთხვევაში, როცა დაზარალებულმა - ლ----------------ემ და არასრულწლოვანმა მოწმემ ბ---- ბ-------მა ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე, ხოლო გ---- ბ-------მა შესავალ და დასკვნით სიტყვაში არ დაადასტურა მეუღლის მიმართ ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის გახორციელების ფაქტები, ასეთ ვითარებაში ობიექტურად საჭიროა სხვა დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც შექმნიან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და პალატას მისცემს შესაძლებლობას დადასტურებულად მიიჩნიოს ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა გ---- ბ-------ის მიერ. ძალადობის მატერიალური ფაქტის ობიექტური სურათის დადგენის მიზნით, ბრალდების მხარემ გამოძიების ეტაპზე დანიშნა როგორც სასამართლო სამედიცინო, ასევე ფსიქოლოგიური ექსპერტიზები. გამოძიების დაწყების მეორე დღესვე, 2019 წლის 27 ივნისს, სამედიცინო ექსპერტმა პირადად შეამოწმა ლ----------------ე, სხეულზე ფიზიკური ძალადობის ნიშნები აღმოჩენილი არ ყოფილა, მართალია, შესამოწმებელმა პირმა ექსპერტს განუცხადა, რომ მეუღლემ რამდენიმე დღის წინ, წყლით სავსე ე.წ. პლასტმასის ბოთლი ესროლა, რომელიც მოხვდა გულმკერდის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე, თუმცა მხოლოდ ეს განცხადება, მტკიცებულებათა ერთობლიობის გარეშე არ არის საკმარისი დანაშაულის უტყუარად დასადასტურებლად. საქმის მასალებით, შესამოწმებელ პირებთან კლინიკური საუბრით და ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევით, ექსპერტ ფსიქოლოგმა მ----- ბ-------მ დაადგინა, რომ ლ----------------ეს და ბ---- ბ-------ს ფსიქოლოგიური ტანჯვა არ განუცდიათ. ლ----------------ის მეზობელმა და მეგობარმა, ს--–---- კ----–-–---–მა, რომელიც ხშირად სტუმრობდა აღნიშნულ ოჯახს, ზეპირ ჩვენებაში გ---- ბ-------ის და ლ----------------ის ოჯახი, მისი თვალსაწიერით დაახასიათა როგორც მშვიდი, უკონფლიქტო კავშირი, ნიშანდობლივია, რომ მოწმეს იგივე ინფორმაცია ჰქონდა გაჟღერებული გამოძიების ეტაპზეც. გამოკითხვის ოქმში, რომელიც გამოქვეყნდა ზეპირი ჩვენების დროს, მოწმე აღნიშნავს, რომ ,,არიან ჩემი კარის მეზობლები, მე დავუახლოვდი ლ----------------ეს... ხშირად გადავდივარ მასთან საცხოვრებელ სახლში და ვატარებთ ერთად გარკვეულ დროს. მე პირადად არასდროს შევსწრებივარ, რომ ლ----------------ეს და გ---- ბ-------ს ერთმანეთში მოსვლოდათ რაიმე კონფლიქტი, თუნდაც სიტყვიერ დონეზე..., გ---- ექცეოდა ყოველთვის კარგად“.

ასეთ ვითარებაში, როდესაც სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე პირები უარს აცხადებენ ჩვენების მიცემაზე, ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივარში გ---- ბ-------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებებად მოიშველია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, პირადი გასინჯვით, 27.06.2019 წ.-ს ლ----------------ეს სხეულზე რაიმე სახის მექანიკური დაზიანება არ აღენიშნებოდა, რაც დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა ს-------- ბ--–-----მ. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ შეიძლება მიჩნეული იქნეს უტყუარ მტკიცებულებად დაზიანების მიმყენებელი პირის იდენტიფიცირების კონტექსტში, ვინაიდან სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შედეგად შესაძლებელია დაზიანების არსებობის, რაოდენობის, მისი სიმძიმისა და ლოკალიზაციის დადგენა და არა მისი მიმყენებელი პირისა და ტკივილის შეგრძნების განსაზღვრა. ექსპერტიზის დასკვნით შეუძლებელია იმ ფაქტის დადგენა, თუ ვინ (გ---- ბ-------მა თუ სხვა პირმა) მიაყენა, ან როდის და რა ვითარებაში მიიღო ლ----------------ემ დაზიანება (ასეთი არსებობის შემთხვევაში). მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი სრულიად სუბიექტური გამოცდილებაა, სწორედაც დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განცდილი ძალადობის შედეგად განაცხადოს ძალადობამ (ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ) მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი და სხვა პირის განმარტება ტკივილის განცდასთან დაკავშირებით (ძალადობის შედეგად პირმა შეიძლება თუ არა განიცადოს ტკივილი) არარელევანტურია. შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნით იმის მტკიცება, რომ მსხვერპლს დაზიანება მიაყენა კონკრეტულმა პირმა და მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, შეუძლებელია.

ბრალდების მხარემ გ---- ბ-------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებებად მოიშველია მოწმეების ი-----–- ვ------------ის და თ------ ს--–-----–-–---–ის ჩვენებები, რასაც პალატა ვერ გაიზაირებს, ვინაიდან მათი ჩვენებები არის ირიბი ხასიათის. მოწმე თ------ ს--–-----–-–---–ის ჩვენებით, დასტურდება, რომ 2019 წლის 26 ივნისს, უცნობ ქალბატონს, რომელიც აცხადებდა, რომ მეუღლესთან კონფლიქტის გამო გამოიქცა სახლიდან და სჭირდებოდა საპატრულო პოლიციის გამოძახება, ბაბუის - დ----------------- ტელეფონით დაარეკინა ,,112-ში“ (პირველი ინსტანციის სასამართლოში თავად დ------------ არ დაკითხულა), თუმცა, თ------ ს--–-----–-–---–ი არათუ დანაშაულის თვითმხილველი პირია, გადმოცემითაც არ ფლობს ინფორმაციას მუქარის ფაქტთან დაკავშირებით. რაც შეხება მეორე მოწმეს - ი-----–- ვ------------ეს, მოწმის ჩვენებით, 2019 წლის 26 ივნისს, დაურეკა მამიდამ ლ----------------ემ და უთხრა, რომ გ---- ბ-------ი იყო მთვრალი და ეჭვიანობის ნიადაგზე მოუვიდათ კონფლიქტი. ლ----------------ეს, მსგავსად თ------ ს--–-----–-–---–ისა, არც - ი-----–- ვ------------ისთვის უთქვამს გ---- ბ-------ის მხრიდან „მაკრატლის“ დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობის მუქარის თაობაზე, როგორც ეს პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაშია მითითებული. მოწმეების თ------ ს--–-----–-–---–ის და ი-----–- ვ------------ის ჩვენებები საქმის არსებით ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არაინფორმატიულია. გამომძიებლებმა გ------- მ----–--ემ და ი-----–- დ--------ემ, რომლებმაც გამოძიებაში გამოკითხეს ლ----------------ე და არასრულწლოვანი ბ---- ბ-------ი, ფორმალურად დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, თუმცა ზეპირ ჩვენებაში არ უსაუბრიათ გამოკითხვის პროცესში მიღებული ინფორმაციის შინაარსზე. ამასთან, მოწმეების თ------ ს--–-----–-–---–ის და ი-----–- ვ------------ის ჩვენებები არის ირიბი ხასიათის, რადგან მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება ეფუძნება დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. მათი ჩვენებები, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურ სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, შესაბამისად, დაზარალებულ ლ----------------ის მიერ გამოძიების ეტაპზე გავრცელებულ ინფორმაციას ვერ მიენიჭება წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა და სასამართლო ვერ მიიჩნევს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია უცილობლად უტყუარია. იგი უნდა გადამოწმდეს სხვა მტკიცებულებებით და მხოლოდ მათი ერთობლივი ანალიზის შედეგად უნდა დადგინდეს ლ----------------ის ნათქვამის ნამდვილობა.

 

ზემოხსენებული მტკიცებულებით არ დგინდება გაუჩნდა თუ არა ლ----------------ის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამასთან, მოწმე, რომელსაც შეეძლო სასამართლოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, არის თავად დაზარალებული ლ----------------ე, რომელმაც სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და მისი მეუღლის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება. შესაბამისად ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს არსებობდა თუ არა მუქარა და მისი შემადგენლობის ყველა ნიშანი, კერძოდ, გ---- ბ-------ის მხრიდან ლ----------------ის მიმართ განხორციელდა თუ არა მუქარა და აღნიშნული აღიქვა თუ არა მან რეალურად და გაუჩნდა თუ არა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. შესაბამისად, გამოკველული მტკიცებულებებით არ დასტურდება გ---- ბ-------ის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალსიწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

საპელაციო პალატა ვერ გაიზარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ მოცემულ საქმეში არსებული ირიბი მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია გ---- ბ-------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარდით ადასტურებდა გ---- ბ-------ის ბრალეულობას. საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ გ---- ბ-------მა ჩაიდინა ძალადობა და მუქარა მეუღლის მიმართ, არც თავად დაზარალებულს და არც სხვა პირებს სასამართლოსათვის ასეთი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. სააპელაციო პალატამ აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს იმ ლოგიკურ მტკიცებულებათა ჯაჭვი, რომელიც იძლევა საფუძველს, რომ გ---- ბ-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დაზარალებულის- ლ----------------ის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დანაშაულად დადასტურებულად ჩაითვალოს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.

 

მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება გ---- ბ-------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, ვინაიდან, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის ასეთი დასკვნა წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

 

პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ გ---- ბ-------მა განახორციელა მეუღლის ლ----------------ის მიმართ, ფიზიკური ძალადობა (ორი ეპიზოდი) და მუქარა.

 

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა გ---- ბ-------ის დამნაშავეობაში.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ------------------–--ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ------------------–--ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

გ---- ბ-------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

გ---- ბ-------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 23 ივნისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

გ---- ბ-------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 26 ივნისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ---- ბ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

გ---- ბ-------ს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი