განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002541165
საქმე №1ბ/27-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ-------------ის
გამართლებულის: თ--------------–---–ის
ადვოკატის: ი-------------ს
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------) გამართლებულ თ---------–--------–----------–---–ის დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #------------- ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებულის: და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–------------------------------------------------------–-- მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ--------------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამარათლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 15 მაისს, დილის საათებში, თ---–--–--------------------------ში მდებარე N--------------------–ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თ--------------–---–მა, თავისი არასრულწლოვანი შვილის, 14 წლის მ------------------ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა. კერძოდ, მოქაჩა თმა და რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის მარცხენა არეში, რის შედეგადაც მ------------------ემ იგრძნო ფიზიკური ტკივილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 ნოემბრის განაჩენით:
თ--------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
გაუქმდა თ--------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე - საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-------------ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს თ--------------–---–ის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და თ--------------–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 ნოემბრის განაჩენი თ--------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 ნოემბრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა თ--------------–---–ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.
სასამართლო პალატა, აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას, დაზარალებულმა მ------------------ემ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.
მოწმე ბ----------------ის განმარტებით, თ--------------–---–ი 2002 წლიდან 2009 წლამდე იყო მისი მეუღლე, რომელთანაც 2003 წელს შეეძინა შვილი, - მ------------------ე; განქორწინების შემდეგ მ------------------ე ცხოვრობდა დედასთან. ბ----------------ემ აღნიშნა, რომ შვილთან იშვიათად ჰქონდა კონტაქტი, რადგან თ--------------–---–თან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. მას შემდეგ, რაც მისმა ყოფილმა მეუღლემ მ------------------ე შუაღამისას სახლიდან გააგდო და აღარ უშვებდა, ის საცხოვრებლად გადავიდა მასთან. 2018 წლის 15 მაისს დაურეკეს და უთხრეს, რომ მისულიყო პოლიციაში, სადაც იყვნენ მამამისი, - ი-----------------ე და მისი შვილი, - მ------------------ე. როდესაც მივიდა, შვილმა მოუყვა, რომ სკოლაში მიაკითხა დედამისმა, ჩაისვა მანქანაში და შელაპარაკების დროს ხელი დაარტყა სახის არეში, ასევე გადააგდგო მანქანიდან. მ------------ეს სახეზე, ორივე მხარეს, ჰქონდა ნაკაწრი და სისხლის კვალი. როდესაც გამომძიებელი კითხავდა მის შვილს, იმყოფებოდა იქვე და გარკვევით ესმოდა მისი ჩვენება. გამომძიებელმა მ------------ის დაკითხვის პროცესში იცოდა, რომ იყო მისი მამა.
მოწმე ნ----------–-–---–ის ჩვენებით, არის მანდატური და 2018 წლის 18 მაისს იმყოფებოდა N-- სკოლაში, სადაც ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით 12:00 საათისთვის მივიდა მ------------ის დედა და უთხრა, რომ ეჩქარებოდა და სურდა შვილის სკოლიდან გაყვანა. აღნიშნულის გამო, დაურეკა მ------------ის დამრიგებელს, ნ--------------ს და ჰკითხა, მიეცა თუ არა უფლება, რომ თ--------------–---–ს გაეყვანა ბავშვი სკოლიდან. დამრიგებელმა მისცა ნებართვა და გაატანა ბავშვი. დაახლოებით ოცი წუთის ფარგლებში მ------------------ე დაბრუნდა სკოლაში. ის სახეზე იყო აწითლებული, სახის მარცხენა მხარეს ჰქონდა ნაკაწრი და ტიროდა. მის შეკითხვაზე მ------------------ემ უთხრა, რომ დედამისმა ა/მანქანაში საუბრისას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც დააწყნარა იგი და გაიყვანა დამრიგებელთან. მ------------------ემ მათ მოუყვა, რომ დედა არ აძლევდა მამასთან ყოფნის უფლებას და ამის გამო, ეჩხუბა. აღნიშნული შეატყობინეს სკოლის დირექტორს, მ------------ის ბაბუას და ასევე გამოიძახეს პოლიცია.
მოწმე ნ--------------ის განმარტებით, არის მ------------------ის კლასის ხელმძღვანელი. 2018 წლის 15 მაისს დაურეკა თ----------–---–მა და უთხრა, რომ სურდა ბავშვის სკოლიდან გაყვანა, რაზეც უპასუხა, რომ გაკვეთილის შემდეგ გააყოლებდა. როდესაც გაკვეთილზე შევიდა, მ------------ე კლასში არ დახვდა და ბავშვებისგან გაიგო, რომ ის თ---------–---–მა წაიყვანა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მას დაურეკა მანდატურმა, ნ----------–-–---–მა და უთხრა, რომ სასწრაფოდ ჩასულიყო მის ოთახში. როდესაც ჩავიდა, ნახა, რომ მ------------ე ისტერიულად ტიროდა, მას სახეზე ხუთი თითი ეტყობოდა და თქვა, რომ დედამ სცემა. მაშინვე დაურეკა თ---------–---–ს, რომელმაც უთხრა, რომ ბავშვი არ უცემია, მხოლოდ მანქანიდან გადააგდო. აღნიშნული ფაქტი აცნობეს სკოლის დირექტორს, მ------------ის ბაბუას და ვინაიდან ბავშვს აღენიშნებოდა დაზიანებები, დარეკეს პოლიციაში.
მოწმე მ------------ის ჩვენებით, არის N------------ სკოლის დირექტორი. 2018 წლის 15 მაისს მის სამუშაო ოთახში შევიდა მ------------------ე, რომელიც იყო აღელვებული, ტიროდა და სახეზე აღენიშნებოდა სიწითლე. მას შეყვა ორი მანდატური, ნ----------–-–---–ი და ნ------------, ასევე კლასის დამრიგებელი, ნ--------------ი. მათგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ თ--------------–---–მა სკოლიდან გაიყვანა მ------------------ე და იმის გამო, რომ ბავშვი მასთან ცხოვრებაზე ამბობდა უარს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ვინაიდან ბავშვს აღენიშნებოდა დაზიანებები, დარეკეს პოლიციაში და ასევე აღნიშნულის შესახებ შეატყობინეს მ------------ის ბაბუას.
მოწმე ნ-------–---ის ჩვენებით, არასრულწლოვან მ------------------ის მიმართ დედის მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო, 2018 წლის 15 მაისს, გამოსცა შემაკავებელი ორდერი. კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრა რისკები, რაც შესაძლოა მომავალში განხორციელებულიყო და შესაბამისად, დედას აუკრძალეს კონტაქტი. შემაკავებელი ორდერის გამოცემისას გაესაუბრა მსხვერპლს, მ------------------ეს, რომელიც იყო აღელვებული და სახის არეში აღენიშნებოდა სიწითლე, იგი ადასტურებდა დედის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას, თუმცა გასაუბრების ოქმი არ შეუდგენია.
მოწმე გ---------------ს ჩვენებით, 2018 წლის 15 მაისს, შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება დედის მიერ არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რაც განხორციელდა N------------ სკოლასთან. აღნიშნული საქმის ფარგლებში, ჯერ მოწმის სახით, ხოლო შემდეგ დაზარალებულის სახით, კანონიერი წარმომადგენლის, ი-----------------ის თანდასწრებით, გამოკითხა არასრულწლოვანი მ------------------ე. დაზარალებულის მამა დაკითხვის დროს იმყოფებოდა შენობაში, თუმცა დაკითხვას არ ესწრებოდა. მოცემულ საქმეზე, მის მიერ ასევე გამოიკითხა ნ--------------ი, ბ----------------ე, ნ----------–-–---–ი, მ------------ე და ბრალდებულის სახით - თ--------------–---–ი, ასევე დანიშნა სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზა, რისთვისაც, დაკითხვის შემდეგ, მ------------ე გადაყვანილი იქნა ექსპერტიზის ბიუროში.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, 15.05.2018 წელს მოქ. მ------------------ის პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მიუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ---–--------------–---–მა;
2018 წლის 15 მაისის N------ შემაკავებელი ორდერით, მ------------------ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო, თ--------------–---–ს 30 დღის ვადით აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად, მოძალადე უარყოფს ძალადობის ფაქტს. ოქმში ასევე მითითებულია, რომ ოქმს ერთვის მსხვერპლის და მოძალადის ახსნა-განმარტება/გამოკითხვის ოქმი.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა მ------------------ემ (თ--------------–---–ის შვილი), რომელიც ბრალდების მხარეს სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში ჰყავდა შეყვანილი და მისი ჩვენება სადავოდ იყო გამხდარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც სხვა პირებთან ერთად მითითებულია შვილი.
რაც შეეხება მოწმეების - ბ----------------ის, ნ----------–-–---–ის, ნ--------------ის, მ------------ის, ნ-------–---ის და გ---------------ს ირიბ ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, მითითებულ პირთა ირიბი ჩვენებები კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა შედეგით დაფუძნებული დელიქტია, ანუ ქმედების ძალადობად კვალიფიკაციისათვის სავალდებულოა, ქმედებას შედეგად მოჰყვეს მსხვერპლში ტკივილის განცდა. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა სახეზე არ გვექნება. ტკივილის განცდა სუბიექტური შეფასების საგანია, იგი ობიექტურად შეიძლება შეფასდეს მაშინ, თუკი დაზიანების მასშტაბი არის მოცულობითი და მრავლობითი. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, დაზარალებულმა არ მისცა ჩვენება სასამართლოს ახლო ნათესავის წინააღმდეგ, შესაბამისად უტყუარად ვერ იქნა დადგენილი ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანება ნამდვილად თ--------------–---–მა მიაყენა თუ არა მას და მიყენებული დაზიანების შედეგად განიცადა თუ არა ტკივილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ თ--------------–---–მა პირის ბრალდების შესახებ დადაგენილებაში მითითებული ქმედება ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა თ--------------–---–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე. საქმეში არსებულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა თ--------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 ნოემბრის განაჩენი თ--------------–---–ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 ნოემბრის განაჩენი თ--------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
თ--------------–---–ი გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ გამართლებულ თ--------------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; გირაოს თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, თ--------------–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი