განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210119002804611
საქმე N2ბ/7932-2019
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ს----------–--- სახელით
22 იანვარი, 2020 წელი ქალაქი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) - გელა ქირია
მოსამართლეები - მერაბ ლომიძე, გოგიტა თოთოსაშვილი
სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - შპს ,,C-------------------’’ (შპს ,,ქ----------–-- ს-------’’)
დირექტორი - გიორგი გაბუნია
წარმომადგენლები - ლევან ჯანაშია, ლაშა ცერცვაძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს ,,ა----’’
წარმომადგენლები - ქეთევან ქვარცხავა, დავით ანდღულაძე, დავით ტაბატაძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს ,,ქ----------–-- ს------მა’’ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე შპს ,,ა----ს’’ მიმართ და მოითხოვა მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხისათვის - 3 466 926,02 ლარის დაკისრება.
(სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტებულია/შემცირებულია, იხ 13.03.2019წ. სასამართლო სხდომის ოქმი და განცხადება სასარჩელო მოთხოვნის შემცირების შესახებ, ტომი II, ს.ფ. 4-5).
2. შპს ,,ქ----------–-- ს------მა’’ სარჩელი შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
2.1. 26.07.2017 წელს გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე, სადაც შემსყიდველს წარმოადგენდა შპს ,,ს----------–--- ა---------------- გ------------“. ტენდერის პირობების შესაბამისად წინადადებების მიღება დაიწყო 12.08.2017 წელს და უნდა დასრულებულიყო 17.08.2017 წელს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა 23 305 085 ლარის ოდენობით, ხოლო წინადადება წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო დღგ-ს გარეშე.
2.2. აღნიშნული ტენდერით გამოცხადებული სამუშაოების შესრულების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა ლითონკონსტრუქციების კარკასის მონტაჟი, რომლის აღწერილობაც მოცემულია ელექტრონული აუქციონის ტექნიკურ დავალებაში.
2.3. მოცემულ აუქციონში მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა შპს ,,ა---მა“. ელექტრონულ ტენდერში მოცემული, ზემოაღნიშნული პირობის დაკმაყოფილება ლითონკონსტრუქციის კარკასის მონტაჟთან დაკავშირებით თავად შპს ,,ა----ს“ მიერ იყო შეუძლებელი ტენდერში წარდგენილი პირობების გათვალისწინებით, რის გამოც შპს ,,ა---მა“ მიმართა მოსარჩელეს ტენდერში ქვეკონტრაქტორად მონაწილეობის შესახებ შეთავაზებით.
2.4. შპს ,,ქ----------–-- ს-------ს’’ მხრიდან გაიცა თანხმობა ტენდერში მონაწილეობასთან დაკავშირებით ქვეკონტრაქტორის რანგში, რის შედეგადაც სატენდერო კომისიას წარედგინა მოსარჩელის მონაცემები. სწორედ შპს ,,ქ----------–-- ს-------ს’’ მონაწილეობამ ტენდერში განაპირობა შპს ,,ა----ს“ მიერ ტენდერში გამარჯვება, რადგან მოსარჩელის მონაწილეობის გარეშე იგი ელემენტარულად ვერ აკმაყოფილებდა სატენდერო პირობებს.
2.5. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მხარემ ტენდერში შპს ,,ქ----------–-- ს-------“ დაასახელა ქვეკონტრაქტორად და ამის მეშვეობით გაიმარჯვა ტენდერში, მან დაარღვია მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულება და არ დაუკვეთავს შპს ,,ქ----------–-- ს-------სათვის’’ შესაბამისი სამუშაოების შესრულება. უფრო მეტიც, ტენდერში მითითებული ობიექტის გარეგანი, უბრალო ვიზუალური დათვალიერების შედეგად შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, რომ ის სამუშაოები, რომლებიც სპეციალურად იყო გამოყოფილი ტენდერის პირობებში ლითონკონსტრუქციულ ნაწილში, არ არის შესრულებული სატენდერო პირობებით გათვალისწინებული ფორმით.
2.6. შპს ,,ქ----------–-- ს-------ს’’ მიმართ შპს ,,ა----ს“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელე კომპანიამ განიცადა ზიანი 3 466 926,02 ლარის ოდენობით, რაც გამოანგარიშებულია საფინანსო-ეკონომიკური ექსპერტიზის დასკვნით. ხსენებულიდან გამომდინარე მოსარჩელე მოითხოვს აღნიშნული ზიანის ანაზღაურებას (იხ. სარჩელი, ტომი I, ს.ფ. 3-13, 13.03.2019წ. სასამართლო სხდომის ოქმი და განცხადება სასარჩელო მოთხოვნის შემცირების შესახებ, ტომი II, ს.ფ. 4-5)
3. შპს ,,ა---მა“ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელის ძირითადი საფუძველია მოსარჩელის მტკიცება თითქოს ვალდებულება დაირღვა. იმისათვის, რომ ვალდებულება დაირღვეს, სახეზე უნდა იყოს მისი წარმოშობის საფუძველი - ხელშეკრულება. მხარეთა შორის არ არსებობდა ხელშეკრულება, რაზეც მიუთითებს საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულება. იმ შემთხვევაშიც კი თუ ხელშეკრულება დაიდებოდა მხარეთა შორის, მოპასუხეს ექნებოდა ნებისმიერ დროს ხელშეკრულების მოშლის უფლება. ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში მიუღებელი შემოსავალი არ ანაზღაურდება, ვინაიდან აღნიშნული თავად ხელშეკრულების მოშლის უფლებასთან იქნებოდა შეუთავსებელი. ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში მხოლოდ ფაქტობრივი ზიანი ანაზღაურდება, რაც დადგენილია საკასაციო სასამართლოს პრაქტიკით.
3.1. გარდა ამისა, მოპასუხე თვლის რომ მოსარჩელის მიერ ერთპიროვნულად და უსაფუძვლოდ არის დასახელებული, როგორც პროდუქციის და მომსახურების ფასები, ისე მოგების მარჟა, რომელიც გარდა იმისა, რომ ბაზარაზე არსებულ ფასებს სცდება არაგონივრულად, აგრეთვე უკანონოა. მოსარჩელის წარმოდგენილი ,,ბაკაშვილი და კომპანიის“ 2019 წლის 13 მარტის აუდიტის დასკვნა, მომზამდებულია მოსარჩელის მიერ აუდიტისათვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ხოლო საქმის მასალებიდან ნათელია, რომ მოსარჩელემ აუდიტორებს მიაწოდა მცდარი ინფორმაცია (იხ. შესაგებელი, ტომი I, ს.ფ. 243-254, მოპასუხის ახსნა-განმარტება, ტომი III, ს.ფ. 54-63);
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,,ქ----------–-- ს-------ს“ სარჩელი შპს ,,ა----ს“ მიმართ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
4.1. სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო იმ ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, რომელიც ეხება, 2017 წლის 13 ნოემბრისა და 2018 წლის 28 მარტის ხელშეკრულებების გარდა, 10 076 000 ლარის ღირებულების მომსახურებაზე ნარდობის ხელშეკრულების დადებას.
4.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის წარდგენა ავტომატურ რეჟიმში არ ნიშნავს დარღვეული უფლების არსებობას. ასევე არ ნიშნავს სარჩელში მითითებული არგუმენტების დადგენილად მიჩნევას. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო სამართლწარმოებაში მოქმედ შეჯიბრებითობის პრინციპზე და აღნიშნა, რომ კანონი არ მოითხოვს ნარდობის ხელშეკრულებისათვის წერილობით ფორმას, ამდენად, ეს ხელშეკრულება შეიძლება, დაიდოს ზეპირადაც (ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები), თუმცა ზეპირი ხელშეკრულების და მასში განსაზღვრული პირობების დადასტურება უნდა შეძლოს მხარემ.
4.3. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე მხოლოდ საკუთარ ახსნა-განმარტებასა და სატენდერო პირობებს აფუძნებს მის მტკიცებას და აღნიშნულის დამადასტურებელი სხვა სარწმუნო მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია. სასამართლოს განმარტებით, ,,მტკიცება წარმოადგენს მტკიცებულებათა შეგროვების, შემოწმებისა და შეფასებისათვის სასამართლოსა და მხარეების სამართლით მოწესრიგებულ საქმიანობას, რომლის მიზანია საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების (ფაქტების) დადგენა. პირველი, რაც უნდა გააკეთოს მხარემ დამტკიცების მოვალეობის შესასრულებლად - ესაა მტკიცებულებათა წარმოდგენა სასამართლოში იმ ფაქტის დადგენის მიზნით, რომლის დამტკიცების მოვალეობაც მას ეკისრება. წარმოდგენილი მტკიცებულება ისეთ კავშირში უნდა იყოს დასადგენ გარემოებასთან, რომ შეიძლებოდეს ამ გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ უტყუარი დასკვნის გაკეთება. მხარე საქმის შედეგით დაინტერესებული პირია, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მისი ახსნა-განმარტების სისწორესა და უტყუარობაზე. მხარის ყოველი განმარტება ფაქტების შესახებ, რომელიც გაკეთებულია მის სასარგებლოდ, მართალია მტკიცებულებაა, მაგრამ არასაკმარისია, რომელიც მოითხოვს დადასტურებას სხვა მტკიცებულების მეშვეობით“ (შდრ. ლილუაშვილი თ., ლილუაშვილი გ., ხრუსტალი ვ., ძლიერიშვილი ზ., სამოქალაქო საპროცესო სამართალი, 1 ნაწილი, თბილისი, 2014, გამომცემლობა „სამართალი“, გვ: 259, 284, 308).
4.4. სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 636-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. სსკ-ის 636-ე მუხლის დანაწესი სახელშეკრულებო სამართალში ე.წ. საგამონაკლისო ნორმაა, რომელიც შემკვეთს ნებისმიერ დროს, უპირობოდ ანიჭებს უფლებას ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება (იხ. სუსგ-ები: Nას-697-663-2015, 15.12.2015წ; Nას-901-851-2015, 05.02.2016წ; Nას-981-926-2015, 11.03.2016წ.).
4.5. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე, 10 076 000 ლარის ღირებულების სამუშაოებზე შეთანხმების დადასტურების მიზნით უთითებს ტენდერში ქვეკონტრაქტორად მისი მითითების პირობაზე და აღნიშნავს, რომ მოპასუხე მხარემ ტენდერში გამარჯვება შეძლო მხოლოდ მათი მონაწილების ხარჯზე და ტენდერში მოსარჩელის ქვეკონტრაქტორად მითითების პირობას წარმოადგენდა მათ შორის არსებული შეთანხმება ქვეკონტრაქტით შესაბამისი სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით.
4.6. სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით ყურადღება მიაქცია რამდენიმე გარემოებას, კერძოდ:
- შპს ,,ა----სა“ და შპს ,,ს----------–--- ა---------------- გ------------ს“ შორის ხელშეკრულების დადებას წინ უსწრებდა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის კარკასისის მშენებლობის შესყიდვის თაობაზე.
- ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსდა ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია.
- შპს ,,ა---მა“ სატენდერო წინადადების საფუძველზე შემსყიდველს წარუდგინა სატენდერო პირობებით გათვალისწინებული ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია ქვეკონტრაქტორების შესახებ - დანართი N5-ის შესაბამისად.
- სატენდერო პირობების თანახმად ქვეკონტრაქტორია პირი, რომელიც ასრულებს მომწოდებლის მიერ ტენდერის და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად შესასრულებელი სამუშაოების ნაწილს. ქვეკონტრაქტორად არ განიხილება ცალკეული სამშენებლო მასალის მომწოდებელი.
- ამავე სატენდერო პირობებით განსაზღვრულია, რომ ქვეკონტრაქტორი შესაძლებელია გამოყენებული იყოს მხოლოდ ლითონკონსტრუქციების მონტაჟის სფეროში.
- სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაო პრედენდენტმა არსებითად თავად უნდა შეასრულოს. მიზანშეუწონელია, რომ პრედენდენტი წარმოადგენს არსებითად მხოლოდ შუამავალს შემსყიდველსა და სამუშაოს უშუალო შემსრულებელს შორის. ქვეკონტრაქტორის ყოლა მისაღებია მხოლოდ არაძირითად და სპეციალური მიმართულების სამუშაოებში. აქედან გამომდინარე, ქვეკონტრაქტორების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის მიზანია იმის განსაზღვრა, აპირებს თუ არა პრეტენდენტი ქვეკონტრაქტორების გამოყენებას და დადებით შემთხვევაში როგორი იქნება პრედენტენტის და ქვეკონტრაქტორების როლების სამუშაოს შესრულებაში, ასევე გააჩნიათ თუ არა ქვეკონტრაქტორებს მათ მიერ სამუშაოსა თუ მომსახურების შესრულებისათვის საჭირო კომპეტენცია.
4.7. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ სატენდერო პირობებში, პირდაპირ, ღიად და ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, წერია რომ მოსარჩელის ქვეკონტრაქტორად მითითებას მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი ჰქონდა და ეს არ ნიშნავს ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმებას.
4.8. უფრო მეტიც, ზემოთ ნახსენებ მსჯელობას ცალსახად ამყარებს, ის გარემოებაც რომ სატენდერო პირობების თანახმად, შემსყიდველის მიერ ქვეკონტრაქტორების საკითხის განხილვისა და მიღების შემდეგ ქვეკონტრაქტორის ყოველი ცვლილება წინასწარ უნდა ეცნობოს და შეუთანხმდეს შემსყიდველს. აღნიშნული ჩანაწერი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ქვეკონტრაქტორი შესაძლებელია გამოყენებული იყოს მხოლოდ შემდეგ სფეროში: ლითონკონსტრუქციების მონტაჟი, რაც მიუთითებს ქვეკონტრაქტორის ცვლილების შესაძლებლობას და რაც მოითხოვს მიმწოდებელსა და ქვეკონტრაქტორს შორის ხელშეკრულების დადებას შესასრულებელ სამუშაოებთან დაკავშირებით.
4.9. რაც შეეხება მოსარჩელის მოსაზრებას, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა შეთანხმება ხელშეკრულების წერილობითი ფორმის დადებასთან დაკავშირებით, ცხადია ეს არ წარმოადგენს შპს ,,ა----ს“ მიერ ვალდებულების აღებას ან აღიარებას, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც 2018 წლის 28 მარტს შპს ,,ა----ს“ და შპს ,,ქ----------–-- ს-------ს“ შორის დაიდო NGS 28/03/2018-01 ხელშეკრულება მომსახურების გაწევის შესახებ, ასევე, 2017 წლის 13 ნოემბერს შპს ,,ა----ს“ და შპს ,,ქ----------–-- ს-------ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება მომსახურების გაწევის მიზნით. მხარეთა შორის წერილობით გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტებიც. აღნიშნული ფაქტობრივი გარემობები აქარწყლებს მოსარჩელის განმარტებას, რომ მხარეთა შორის ზეპირი შეთანხმებით მოხდა ხელშეკრულების პირობების განსაზღვრა 10 076 000 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე.
4.10. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ ქვეკონტრაქტორი შესაძლებელია გამოყენებული იყოს მხოლოდ შემდეგ სფეროში: ლითონკონსტრუქციების მონტაჟი. სარჩელში წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის თანახმად მონტაჟის სამუშოების სრული ღირებულება ხარჯის და მოგების ჩათვლით შეადგენდა 719 334 ლარს. ასევე საგულისხმოა, რომ სატენდერო პირობების შესაბამისად ქვეკონტრაქტორად არ ითვლება მასალების მომწოდებელი. ამდენად შეთანხმების არსებობის დადასტურების პირობებშიც ქვეკონტრაქტორს შესაძლობელობა ექნებოდა მხოლოდ ლითონკონსტრუქციების მონტაჟის სამუშაოებში მიეღო მონაწილეობა და მისი მომსახურების ღირებულება შემოიფარგლებოდა 719 334 ლარით, რაც ასევე დაუსაბუთებელს ხდის მოსარჩელის გაანგარიშებას მიუღებელი შემოსავლის ნაწილში.
4.11. საქმეში წარმოდგენილი მომსახურების ყველა მიწოდება, შესაბამისი ხელშეკრულებითა და მიღება-ჩაბარების აქტებით, გაფორმებულია წერილობით. არცერთი ვალდებულება ზეპირი სახით არ ყოფილა შეთანხმებული. ამდენად, გაურკვეველია როგორ და რის საფუძველზე განხორციელდა იურიდიულ პირებს შორის 10 076 000 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე ზეპირი შეთანხმება.
4.12. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების და შესწავლის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სატენდერო წინადადებაში ქვეკონტრაქტორად - შპს ,,ქ----------–-- ს-------ს“ მითითებით უტყუარად არ დასტურდება, რომ მხარეებს შორის დაიდო ზეპირი შეთანხმება 10 076 000 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე.
4.13. სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს აუდიტორული ფორმა ,,ბაკაშვილი და კომპანიას“ დასკვნით ნათლად არ დგინდება ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას მიუღებელი შემოსავლის ოდენობის განსასაზღვრავად.
4.14. ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 170.2 მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს წარმოებული გამოკვლევის წერილობით აღწერას, გამოკვლევის შედეგად მიღებულ დასკვნებსა და დასაბუთებულ პასუხებს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებზე. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში. სასამართლოს მითითებით, სამართალწარმოებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ექსპერტიზის დასკვნას. ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგენს მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს და სასამართლომ მოტივირებული გადაწყვეტილებით უნდა დაასაბუთოს აღნიშნული მტკიცებულების გაზიარების მართლზომიერება.
4.15. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს აუდიტორული ფირმა ,,ბაკაშვილი და კომპანიას“ მიერ კვლევა ჩატარებულია დამკვეთის შპს ,,ქ----------–-- ს-------ს“ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. მოსარჩელემ ვერ შეძლო მხარეთა შორის ზეპირი გარიგების არსებობის დადასტურება, მით უმეტეს არ დასტურდება, რომ შეთანხმება მოიცავდა ლითონის კონსტრუქციების დამზადებას. სატენდერო დოკუმენტების თანახმად ქვეკონტრაქტორი შესაძლებელი იყო გამოყენებულიყო მხოლოდ ლითონკონსტრუქციების მონტაჟის სფეროში.
4.16. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ შეთანხმება რომც შემდგარიყო მხარეთა შორის იგი ვერ გასცდებოდა ლითონკონსტრუქციების მონტაჟის სამუშაოებს, თავად მოსარჩელის მიერ სარჩელში წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის თანახმად მონტაჟის სამუშაოების სრული ღირებულება ხარჯის და მოგების ჩათვლით შეადგენდა 719 334 ლარს. შემდგომში მოსარჩელემ წარმოადგინა აუდიტის დასკვნა, სადაც მონტაჟის სამუშაოებს ხელოვნურად დაემატა ამწის ღირებულება და მონტაჟის და ამწის ღირებულებად ჯამში მიეთითა 1 185 864.75 ლარი. ამდენად, თეორიულადაც კი შეუძლებელია 719 334 ლარის ღირებულების სამუშაოებიდან, მოსარჩელეს მისდგომოდა ზიანი სარჩელში მითითებული ოდენობით.
4.17. გარდა ამისა, მოსარჩელის მიერ მითითებული სამუშაოების მოცულობა - 2193 ტონა სხვადასხვა ტიპის ლითონის კონსტრუქციების დამზადებას და მონტაჟი, რომელზეც დაყრდნობითაც იქნა ჩატარებული კვლევა, არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციითა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. სატენდერო დოკუმენტებით დასტურდება, რომ პროექტი სავარაუდოდ მოიცავდა 1600 ტონა სხვადასხვა პროფილის ლითონ კონსტრუქციების დამზადებას (ვინაიდან არ არსებობდა დეტალური პროექტი, მითითებული ოდენობა არ იყო საბოლოო). მას შემდეგ რაც შპს „ა---მა“ გაიმარჯვა ტენდერში, დაიდო ხელშეკრულება, რომელშიც აგრეთვე 1600 ტონა არის მითითებული. შესაბამისად სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ შეუძლებელია წინასწარი შეთანხმების საგანი ყოფილიყო 2193 ტონა ლითონის კონსტრუქციების დამზადება/მონტაჟი, ვინაიდან სატენდერო ეტაპზე არ იყო ზუსტად განსაზღვრული მოცულობა და არც ეს რიცხვი ფიგურირებდა რომელიმე დოკუმენტში. ასევე საგულისხმოა, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების ფასებთან დაკავშირებით სავალდებულო მოთხოვნები. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, გეგმიური მოგების ზღვრული პროცენტული მაჩვენებელი უნდა განისაზღვროს „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯების და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ ს----------–--- ეკონომიკის მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის N1-1:1463 ბრძანებით და ს----------–--- მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის 155 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით. ორივე დასახელებული ნორმატიული აქტი ადგენს, რომ გეგმიური მოგება ყველა სახის სამშენებლო სამუშაოსთვის უნდა შეადგენდეს არა უმეტეს 8%-ს. ამდენად, მოსარჩელის მიერ განსაზღვრული 53.520%-იანი მოგება სატენდერო პირობებს და ს----------–--- კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. მითითებული მარჟა კანონით დადგენილ ზღვრულ ნორმას თითქმის 7-ჯერ აღემატება.
4.18. შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს აუდიტორული ფირმა ,,ბაკაშვილი და კომპანია“-ს დასკვნა ვერ იქნება გამოყენებული მიუღებელი შემოსავლის ოდენობის განსასაზღვრავად.
4.19. გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში საასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან მხარეთა შორის ზეპირი ნარდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი არ დადგინა, კერძოდ მოსარჩელემ ვერ შეძლო იმ ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, რომელიც ეხება, 2017 წლის 13 ნოემბრისა და 2018 წლის 28 მარტის ხელშეკრულებების გარდა, 10 076 000 ლარის ღირებულების მომსახურებაზე ნარდობის ხელშეკრულების დადებას, შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რაც შპს ,,ქ----------–-- ს-------ს’’ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია.
420. სასამართლომ განმარტა, რომ საწინააღმდეგოს დადასტურების პირობებშიც არ არსებობს სსკ-ის 411-ე მუხლით გათვალისწინებული, მიუღებელი შემოსავლის სახით, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ნარდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმები ხელშეკრულების მოშლისა და ზიანის ანაზღაურების სპეციფიკურ რეგულაციებს ადგენს. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.
4.21. სასამართლომ განმარტა, რომ მოხმობილი ნორმის დეფინიციით, ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს, შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის, რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მენარდეს ეკისრება ტვირთი, ამტკიცოს, თუ რა ზიანი მიადგა მას ხელშეკრულების მოშლით. სსკ-ის 636-ე მუხლში მითითებული ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და, ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწეულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური, თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას, მაგ., ისეთი სპეციფიკური მასალებისა და მოწყობილობების შეძენას, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოებისთვისაა აუცილებელი და შეუძლებელია მათი სხვაგან გამოყენება, მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკური საშუალებების, შესასრულებელი სამუშაო იარაღის დაქირავება, კონკრეტული სპეციალისტების მოწვევა, რაც ნარდობის სამუშაოებისათვის გაწეულ ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც, სავარაუდოა მიიღებდა მენარდე, რადგან საამისოდ განახორციელა გარკვეული ქმედებები (იხ. სუსგ №ას-697-663-2015; 2015 წლის 15 დეკემბერი).
4.22. სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ თავად მოსარჩელემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა, თუ რა ფაქტობრივი ზიანი მიადგა მას კონკრეტული ხელშეკრულების მოშლით. მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ უკავშირდება მხოლოდ მიუღებელ შემოსავალს, სახელდობრ, რასაც მიიღებდა მოსარჩელე ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში ასანაზღაურებელი ზიანი კი ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც, სავარაუდოდ მიიღებდა მენარდე, თუ მან საამისოდ გარკვეული ქმედებები განახორციელა. ამ თვალსაზრისით კი, მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, შესაბამისად, ნარდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი სპეციალური ნორმების თანახმად, იგი არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
4.23. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის შეფასება და დასაბუთება სატენდერო პირობების განმარტებასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე მხარემ ტენდერში გამარჯვება შეძლო მხოლოდ მათი მონაწილების ხარჯზე და ტენდერში მოსარჩელის ქვეკონტრაქტორად მითითების პირობას წარმოადგენდა მათ შორის არსებული შეთანხმება ქვეკონტრაქტით შესაბამისი სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით.
4.24. სასამართლოს შეფასებით სატენდერო პირობებში, პირდაპირ, ღიად და ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, წერია რომ მოსარჩელის ქვეკონტრაქტორად მითითებას მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი ჰქონდა და ეს არ ნიშნავს ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმებას. მიმწოდებელს არ აკისრებდა ვალდებულებას, რომ არ დაექირავებინა სხვა მენარდეები, გარდა დანართ N5-ში მითითებული პირებისა. ამდენად აღნიშნული არ უზღუდავდა შემკვეთს უფლებამოსილებას, დაექირავებინა სხვა კონტრაქტორები (მენარდეები) და მათთან მოსარჩელესთან 2018 წლის 28 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების იდენტური, მსგავსი ან სრულიად განსხვავებული პირობები შეეთანხმებინა.
4.25. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის განხილვის შედეგად არ დადასტურდა ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები, რაც ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
4.26. მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არ მიუთითებია ზეპირი ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოების განუხორციელების თაობაზე. მოსარჩელეს არც იმის თაობაზე მიუთითებია, რომ ზეპირი ხელშეკრულების შესრულების მიზნით ხარჯი გასწია. ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოსარჩელის მტკიცების ტვირთია, რაც მხარემ, ამ შემთხვევაში მენარდემ, სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს, რომ მას ხელშეკრულების მოშლით ზიანი მიადგა. სსკ-ის 408.1-ე მუხლის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ხოლო სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად კი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
4.27. სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ ამ უკანასკნელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო მენარდეს ზიანი მიადგა. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეულ ზიანის ანაზღაურებას (სსკ-ის 394.1-ე მუხლი) ვერ დაეფუძნება, რადგან, თუ მოსარჩელეს ხელშეკრულების მოშლით განცდილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა, ამას სათანადო მტკიცება სჭირდება. აქედან გამომდინარე, სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით განმარტა, რომ მოსარჩელის სტადიაზე, მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად მხარეს არ აქვს მითითებული საკმარისი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გაბათილების/უარყოფის ვალდებულება დაეკისრებოდა მოპასუხეს. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მან დაიწყო ან დააპირა სამუშაოების დაწყება, თუმცა, ვერ განახორციელა მოპასუხის მხრიდან ხელშეშლის გამო. თვით ამ ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამადასტურებელი სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებები საქმეში წარდგენილი არ არის. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტობრივ ნაწილში გაუმართავია სარჩელი, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება კიდევ უფრო რთული ხდება (იხ. სუსგ Nას-697-663-2015, 15.12. 2015);
4.28. სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მიუღებელი შემოსავლის ოდენობის გამოთვლამდე ჯერ მიუღებელი შემოსავლის არსებობის ფაქტი უნდა დაემტკიცებინა, თუმცა შპს აუდიტორული ფორმა ,,ბაკაშვილი და კომპანია“-ს დასკვნა ვერ იქნება გამოყენებული მიუღებელი შემოსავლის ოდენობის განსასაზღვრავად. ამასთან განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის წარუმატებლობა მიუღებელი შემოსავლის ზუსტი ოდენობის დაუდგენლობამ კი არა, სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი წინაპირობების არასაკმარისობამ და უსაფუძვლობამ განაპირობა. მოსარჩელემ ვერ დაასახელა, კონკრეტულად რა ქმედებები განახორციელა, რაში შეეშალა ხელი მოპასუხის მხრიდან, ზეპირი ხელშეკრულების დადასტურების პირობებში რატომ არ შეეძლო მოპასუხეს ხელშეკრულება შეეწყვიტა, რაში გამოიხატა კომპანიის მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევა. დადგენილია, რომ მოსარჩელეს ზეპირი ხელშეკრულების ფარგლებში არავითარი სამუშაო არ გაუწევია, საქმეში არც იმგვარი მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების წინაპირობას შექმნიდა. იმ შემთხვევაში, თუკი საქმის მასალებში წარმოდგენილი იქნებოდა მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯები, რაც სწორედ მოპასუხესთან დადებული ზეპირი ხელშეკრულების შესრულებას უკავშირდებოდა, შესაძლოა, კონტრაქტორის სარჩელის ნაწილი დაკმაყოფილებულყო, მენარდის მიერ ფაქტობრივად გაწეული დანახარჯების მოპასუხისათვის დაკისრების სახით, რადგან მიუღებელი შემოსავლის მტკიცების სტანდარტი სსკ-ის 411-ე მუხლის წინაპიროებების შემოწმებას მოითხოვს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს, რომელსაც ფაქტობრივი ზიანი არ განუცდია და, შესაბამისად, მის ანაზღაურებას არც ითხოვს, შეუძლებელია ჰქონდეს მხოლოდ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. ამასთან, ზიანის ანაზღაურების არც ის ორი მთავარი წინაპირობაა დადასტურებელი, რასაც სსკ-ის 412-ე მუხლი ადგენს (მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო და ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი).
5. აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ა---მა’’, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
6. სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
6.1. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს, არის დაუსაბუთებელი, შეიცავს მთელ რიგ ფაქტობრივ და სამართლებრივ უსწორობას და უნდა გაუქმდეს. კერძოდ, აპელანტის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის არ არსებობს რაიმე შეთანხმება გარიგების ფორმასთან დაკავშირებით და მოქმედი კანონმდებლობაც არ ითვალისწინებს ნარდობის ხელშეკრულებისთვის სავალდებულო წერილობით ფორმას. ხელშეკრულების თავისუფლების ფარგლებში (სსკ-ს 319-ე მუხლი) მხარეები თავად განსაზღვრავენ კონტრაჰენტ მხარეს, ხელშეკრულების შინაარსს და მის ფორმას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ზეპირად გარიგების დადების პირობებშიც, გარიგების ბათილობის საფუძველი არ იქნებოდა. ამასთან, აპელანტის განმარტებით, არსებულ ვითარებაში, როგორც ხელშეკრულების არსებითი პირობები, ისე მხარეთა შეთანხმება წერილობით დასტურდება. კერძოდ, არსებითი პირობები, დეტალურადაა მოცემული ა----ს სატენდერო განაცხადში, რომელიც მხარეებმა ურთიერთშეთანხმების შედეგად ერთობლივად შეადგინეს. ასევე სატენდერო განაცხადში წარდგენილია მხარეთა დირექტორთა ხელმოწერა და ბეჭდები.
6.2. შპს ,,ა---სა“ და შპს ,,ქ----------–-- ს------ს“ შორის ხელი მოეწერა ტენდერის დროს წარდგენილ და შემდგომში შპს ,,ა---სა’’ და ა---------------- გ------------ს შორის 2017 წლის 31 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად ქცეულ დანართი N5-ით (სარჩელი, გვ. 41) შეთანხმებულ პირობებს. აღნიშნული ხელშეკრულებით მხარეებმა დაადასტურეს შეთანხმება იმ არსებით პირობებზე, რომლებიც წარდგენილი იყო სატენდერო დოკუმენტაციით და იკისრეს ვალდებულება, შპს ,,ა----ს’’ მიერ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში ჯეროვნად შეესრულებინათ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. ამდენად, მხარეთა შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას.
6.3. აპელანტის მითითებით, აღნიშნულ ნაწილში, სასამართლოს მითითება ხელშეკრულების ფორმის თავისუფლებაზე მართებულია, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაცია და რატომღაც მივიდა დასკვნამდე, რომ მხარეებს შორის არ არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა. აღნიშნული დასკვნა სასამართლომ გამოიტანა იქიდან, რომ მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების დადების ერთ-ერთ მტკიცებულებად მითითებული იყო ტენდერში მოსარჩელის მითითება ქვეკონტრაქტორად, თუმცა ამავდროულად, სასამართლომ ტენდერში ქვეკონტრაქტორად მითითება არ განიხილა მნიშვნელოვნად, რომლითაც შესაძლოა დადასტურებულიყო ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ფაქტი და მიიჩნია მხოლოდ „ინფორმაციული“ ხასიათის მატარებელად.
6.4. აპელანტის მტკიცებით, სასამართლოს მიერ ქვეკონტრაქტორობის მსგავსი შეფასება ყოველგვარ ლოგიკურ და სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული. სსკ-ს 327-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ს----------–--- უზენაესი სასამართლოს განმარტების შესაბამისად, ,,აუცილებლად, ანუ არსებითად მიჩნეულ უნდა იქნას პირობები, რომლებიც გამოხატავენ შესაბამისი ხელშეკრულების ბუნებას. ტრადიციულად, როგორც დოქტრინის, ისე პრაქტიკის მიერ ჩამოყალიბდა საკითხთა წრე, რომელზედაც მხარეთა შეთანხმება აუცილებლადაა მიჩნეული - ესაა საგანი, ფასი და ხელშეკრულების ვადა’’. აპელანტის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის შეთანხმება არსებით პირობებზე არსებობდა: შპს ,,ქ----------–-- ს-------ს“ მხრიდან ლითონკონსტრუქციების დამზადება-მონტაჟისათვის უნდა შესრულებულიყო ტენდერის ტექნიკურ დავალებაში მითითებული ტიპის სამუშაოები; ტექნიკური დავალების შესაბამისად, განისაზღვრა სამუშაოთა მოცულობა - 1650 ტონა ლითონკონსტრუქციების დამზადება-მონტაჟი; ფასი - 7,345,500.00 ლარი; განისაზღვრა სამუშაოების გრაფიკი და ვადაზაც, რაც წარდგენილ იქნა სატენდერო განაცხადთან ერთად, კერძოდ:
6.5. (ა). ტენდერის ტექნიკურ დავალებაში კონკრეტულადაა მითითებული, თუ რა ტიპის სამუშაოები უნდა შესრულდეს ლითონკონსტრუქციების დამზადება/მონტაჟისთვის:
6.6. აპელანტმა მიუთითა, რომ მოპასუხის არგუმენტაციით (რაც სასამართლოს მიერ ასევე იქნა გაზიარებული) ქვეკონტრაქტორის ვალდებულებებში არ შედიოდა მასალის დამზადება და ქვეკონტრაქტორი მხოლოდ მონტაჟის მიზნებისთვის ჰქონდათ მითითებული. თუმცა, რეალურად სატენდერო პირობებში აღნიშნულ მონტაჟში მოიაზრება დამზადებაც და სწორედ აღნიშნული პირობებით და სამუშაოს შესასრულებლად დაიდო მხარეთა შორის ხელშეკრულება, რაზეც მეტყველებს ტექნიკური დავალების აღწერილობა.
6.7. იმას, რომ დამზადება და მონტაჟი ერთამანეთის განუყოფელი ნაწილები არიან, მოწმობს შპს ,,ა---სა’’ და ს----------–--- ა---------------- გ------------ს შორის დადებული ხელშეკრულების დანართებიც. კერძოდ ხარჯთაღრიცვის შესახებ ხელშეკრულების დანართის VII თავში მითითებულია, რომ ,,ლითონ კონსტრუქციების სხვადასხვა ტიპის პროფილის დამზადება მონტაჟი“ (სარჩელი, გვ.38), ასევე დამზადება და მონტაჟი ერთობლივადაა მითითებული ხელშეკრულების დანართში ,,გეგმა-გრაფიკის“ შესახებ (სარჩელი, გვ.40);
6.8. ასევე, აღნიშნულზე მეტყველებს შპს „ქ----------–-- ს------სა’’ და შპს ,,ა---ს’’ შორის ძირითადი ხელშეკრულების საფუძველზე და მის შესასრულებლად 2018 წლის 28 მარტს დადებული ხელშეკრულება (სარჩელი, გვ. 161), რომლის მიხედვითაც ა---მა ქ----------–-- ს------ს შეუკვეთა 63 ერთეული ლითონის სვეტის ბაზის დამზადება, რისთვისაც გადაუხადა 50,715.00 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. შესაბამისად, ამ ქმედებით დაიწყო ვალდებულების შესრულებაც, რომელიც, ცხადია, მოპასუხის აღნიშნული ქმედებიდან გამომდინარეც გულისხმობდა მონტაჟთან ერთად ლითონის კონსტრუქციების დამზადებას.
6.9. (ბ). ტექნიკური დავალებით განსაზღვრულია სამუშაოთა მოცულობა, კერძოდ ტექნიკურ დავალებას ერთვის ცხრილი, რომელშიც დეტალურადაა მითითებული, თუ რა რაოდენობის ლითონ-კონსტრუქციების დამზადება/მონტაჟი უნდა მოხდეს (1650 ტონა ჯამში).
6.10. აპელანტმა ასევე ყურადღება გაამახვილა გარემოებაზე, რომ ლითონკონსტრუქციების დამზადება/მონტაჟი წარმოადგენდა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის კარკასის ასაშენებლად განსახორციელებელ სამუშაოთა მნიშვნელოვან ნაწილს. აღნიშნულის დასტურად აპელანტმა მიუთითა:
- ტექნიკური დავალებაზე, რომლის არსებითი ნაწილიც ეძღვნება ლითონოკონსტრუქციების დამზადება/მონტაჟის პროცედურის დეტალურ აღწერას და რომელშიც ვრცლადაა მოცემული ტენდერში გამარჯვებისათვის აუცილებელი, განსაკუთრებით მაღალი სტანდარტების ჩამონათვალი;
- ასევე, მიუთითა შპს ,,ა---სა’’ და ს----------–--- ა---------------- გ------------ს შორის დადებული ხელშეკრულების დანართით მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის თაობაზე, რომლის მიხედვით მთლიანად შესასრულებელი სამუშაოების (16,832,907.06 ლ.) 43.64% არის ლითონკონსტრუქციების დამზადება-მონტაჟის მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვა (7,346,500.00 ლარი). შესაბამისად, აპელანტის მტკიცებით, აღნიშნული სამუშაო წარმოადგენს ტენდერის პირობების მნიშვნელოვან ნაწილს.
- აპელანტის მითითებით, ლითონკონსტრუქციების დამზადება/მონტაჟის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მეტყველებს ხელშეკრულების დანართი ,,გეგმა-გრაფიკის“ შესახებ, რომლის მე-8 პუნქტში მოცემულია ლითონკონსტრუქციების დამზადება და მონტაჟის გრაფიკი. აღნიშნული მტკიცებულებიდან ნათლად ჩანს, რომ სხვა დანარჩენი სამუშაოს ტიპებისგან განსხვავებით (რომლებიც 1-დან მაქსიმუმ 9 კვირას მოიცავენ), ლითონკონსტრუქციების დამზადება-მონტაჟი არის გრაფიკის მნიშვნელოვანი ნაწილი, მოიცავს რა გეგმის სრულ პერიოდს (20 კალენდარულ კვირას სრულად). იმ დროსაც კი, როდესაც სხვა სამუშაოები საერთოდ არ მიმდინარეობს, ლითონკონსტრუქციების დამზადება-მონტაჟი უწყვეტ რეჟიმშია მითითებული.
6.11. (გ). აპელანტის განმარტებით, მხარეთა შორის შესაბამისი რაოდენობის გათვალისწინებით იყო შეთანხმება ფასზე.
6.12. კერძოდ, ტენდერის შესაბამისად, პრეტენდენტებს უნდა წარმოედგინათ შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა ტექნიკურ დავალებაში მითითებული სამუშაოთა მოცულობების მიხედვით. აღნიშნული განახორციელა შპს ,,ა---მაც’’, რა დროსაც მოსარჩელეს შეუთანხმდა სპეციალურ, ექსკლუზიურ ფასებზე და წარადგინა ხარჯთაღრიცხვა. შპს ,,ა----ს’’ მიერ წარმოდგენილი ფასები სხვა პირობებთან ერთად უკონკურენტო იყო და მან მოახერხა ტენდერში გამარჯვება. აღნიშნული ხარჯთაღრიცხვა ერთვის შპს ,,ა---სა’’ და ა---------------- გ------------ს შორის 2017 წლის 31 დეკემბერს დადებულ ხელშეკრულებას.
6.13. აპელანტმა აღნიშნა, რომ ნარდობის ხელშეკრულების ,,ფასის განსაზღვრისთვის საჭიროა სპეციალური დოკუმენტის - ხარჯთაღრიცხვის შედგენა. ხარჯთაღრიცხვა მოიცავს სამუშაოების ცალკეული ეტაპების, სახეებისა და დანახარჯების მიხედვით ანაზღაურების რაოდენობას ცალ-ცალკე და საბოლოო შეფასებას (ჯამს). ... ხარჯთაღრიცხვა შეიძლება იყოს ორი სახის ა) მყარი, როცა ზუსტადაა განსაზღვრული საზღაურის ოდენობა, რომელიც შემკვეთმა უნდა გადაუხადოს მენარდეს შესრულებული სამუშაოსათვის და ბ) მიახლოებითი, რომელიც სამუშაოთა შესრულების მიმდინარეობის პროცესში შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს“.
აღნიშნულიდან გამომდინარე ხელშეკრულების ფასის ზუსტად განუსაზღვრელობა ხელშეკრულების ნამდვილობისათვის არ წარმოადგენს ბარიერს. შესაბამისად, ხელშეკრულების ნამდვილობის ეს წინაპირობაც სახეზეა.
6.14. (დ). აპელანტის მითითებით, შეთანხმებული იყო შესასრულებელი სამუშაოების გრაფიკიც და ვადაც. კერძოდ, ტენდერის ტექნიკური დავალების 2.5.1 პუნქტის თანახმად სავალდებულო იყო ვადებთან დაკავშირებით გეგმა გრაფიკის წარმოდგენა. იმავდროულად, ტექნიკური დავალების 1.4 პუნქტის მიხედვით, სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან მაქსიმუმ 140 კალენდარული დღე უნდა ყოფილიყო. აღნიშნული მოთხოვნის შესაბამისად, მოსარჩელესთან შეთანხმების საფუძველზე ა---მა წარადგინა სატენდერო დოკუმენტაციის სახით სამუშაოების შესრულების გეგმა-გრფიკი, რომელიც ასევე ერთვის ა---სა და ა---------------- გ------------ს შორის 2017 წლის 31 დეკემბერს დადებულ ხელშეკრულებას, და რომლის მიხედვით ლითონკონსტრუქციების დამზადება/მონტაჟის სამუშაოები მთლიანი სამუშაოებისათვის განსაზღვრული 20 კვირიდან მოიცავს 19 კვირას. შესაბამისად, მხარეთა შორის სწორედ აღნიშნულ გრაფიკსა და ვადებზე იყო შეთანხმება.
6.15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მითითებით, სახეზეა მხარეების შეთანხმება კონკრეტული ტიპის სამუშაოებზე, შესასრულებელი სამუშაოების მოცულობაზე, შესასრულებელი სამუშაოს ფასზე და შესასრულებელი სამუშაოების გრაფიკსა და ვადაზე. შესაბამისად, დაცულია მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობის ყველა ის მოთხოვნა, რაც წაეყენება ხელშეკრულების არსებით პირობებს და აქედან გამომდინარე, ხელშეკრულების ნამდვილობას.
6.16. აქვე აპელანტმა მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ სასამართლოს მიერ იგნორირებულია მთელი რიგი მტკიცებულებები და არგუმენტაცია, რასაც ეფუძნებოდა მოსარჩელის პოზიცია სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტთან დაკავშირებით. სასამართლოს არათუ რაიმე სახის შეფასება არ მიუცია ამ გარემოებებისა და მტკიცებულებებისათვის, არამედ საერთოდ არც კი უხენებია ეს საკითხები გადაწყვეტილებაში. სასამართლოს მიერ სრულყოფილად არ არის გამოკვლეული საქმე და არ არის შეფასებული ყველა ის გარემოება და მტკიცებულება, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმის სწორად და ობიექტურად გადაწყვეტისათვის, კერძოდ აპელანტის მითითებით, ხელშეკრულების დადება მხარეებს შორის დასტურდება კიდევ რამდენიმე გარემოებით:
6.17. (ა). ტექნიკური დავალების მიხედვით, პრეტენდენტს სავალდებულოა ყავდეს 10 ლითონკონსტრუქციის მემონტაჟე სპეციალისტი (შემდუღებელი), ასევე ჰქონდეს ერთი თვითმავალი ამწე და სამი ტელესკოპური ამწე საკუთრება-სარგებლობაში. ტექნიკური დავალების 5.2 ქვეპუნქტის მიხედვით: „ქვეკონტრაქტორის ყოლის შემთხვევაში მომწოდებელი არ არის ვალდებული, ჰყავდეს პერსონალი ან და ჰქონდეს ტექნიკა იმ სფეროში, რომელშიც იყენებს ქვეკონტრაქტორს.“ მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ა---ს’’ არ ჰყავდა რა შესაბამისი პერსონალი და ტექნიკა, წარადგინა ქვეკონტრაქტორის შესაბამისი მონაცემები, მათი მეშვეობით დააკმაყოფილა ტენდერის მოთხოვნები და შეძლო გამარჯვება. იმავდროულად, ტექნიკური დავალების 5.3 ქვეპუნქტით, 2.2 პუნქტის მეორე ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესასრულებლად/შესავსებად პრეტენდენტს შეუძლია გამოიყენოს ქვეკონტრაქტორი. 2.2 პუნქტის მეორე ქვეპუნქტის მიხედვით: „პრეტენდენტს 2013 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გახსნის დღემდე უნდა გააჩნდეს სულ მცირე 1 მსგავსი ტიპის და სირთულის დასრულებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც შესრულდა არანაკლებ 8000 კვ.მ ფართობის მქონე შენობა-ნაგებობის ლითონკონსტრუქციების მოწყობა.“ ა---- ვერც ამ პუნქტით აღნიშნულ მოთხოვნას აკმაყოფილებდა, ამიტომ ამ შემთხვევაშიც გამოიყენა მოსარჩელის გამოცდილება და წარადგინა მოსარჩელის მიერ განხორციელებული არაერთი შესაბამისი პროექტის მონაცემები, მათ შორის თბილისის აეროპორტის მშენებლობის დროს განხორციელებული ლითონკონსტრუქციების დამზადება-მონტაჟის შესახებ. ამდენად, აპელანტის მითითებით ცალსახაა, რომ ქვეკონტრაქტორი არ იყო სავარაუდო და მხოლოდ ინფორმაციული მიზნებისთვის წარდგენილი, მისი მეშვეობით ა---მა შეძლო ტენდერის სავალდებულო მოთხოვნების დაკმაყოფილება და სწორედ მოსარჩელის ქვეკონტრაქტორად მითითებამ განაპირობა მოპასუხის მიერ ტენდერის მოგება.
6.18. (ბ). აპელანტმა აღნიშნა, რომ საქმეში მტკიცებულებად წარმოდგენილია ს----------–--- ა---------------- გაერთიანების 2018 წლის 28 სექტემბრის წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ შპს ,,ა----’’ 2018 წლის ივნისის მდგომარეობით სრულად შეესაბამებოდა სპეციალურ გამოცდილებასთან დაკავშირებით სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
6.19. სატენდერო განაცხადებების მიღება დამთავრდა 2017 წლის 17 აგვისტოს. ამ პერიოდისათვის შპს ,,ა---ს’’ არ შეეძლო ზემოთ აღნიშნული პირობების დაკმაყოფილება, რის გამოც ქვეკონტრაქტორად მიუთითა მოსარჩელე. 2018 წლის 28 სექტემბრის წერილის მიხედვით შპს ,,ა---მა’’ 2018 წლის 4 ივნისს მიმართა ა---------------- გ------------ს და სთხოვა ქვეკონტრაქტორის ჩანაცვლება საკუთარი თავით. როგორც წერილიდან ირკვევა შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილება შპს ,,ა---მა’’ მხოლოდ ამ პერიოდისათვის შეძლო. შპს ,,ა---მა’’ 4 ივნისს მიმართა გ------------ს აღნიშნული მოთხოვნით. წერილიდან და დოკუმენტაციიდან არ ირკვევა, თუ როდის განუცხადა თანხმობა ა---------------- გ------------მ შპს ,,ა---ს’’ ქვეკონტრაქტორის ნაცვლად პრედენდენტითვე ჩანაცვლებაზე. ასევე, მოპასუხეს არ აქვს წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ 2018 წლის ივნისის მდგომარეობით შპს ,,ა----’’ აკმაყოფილებდა სამუშაოს თავად განხორციელებისათვის საჭირო წინაპირობებს. ეს ყველაფერი ბადებს ეჭვს, რომ შპს ,,ა----’’ და ს----------–--- ა---------------- გ------------ ურთიერთშეთანხმებით, კანონსაწინააღმდეგოდ მოქმედებენ. 2018 წლის 25 სექტმბერს სისტემაში ატვირთული შპს ,,ა----ს’’ დოკუმენტაციით ვერანაირად ვერ დადასტურდება ფაქტი, რომ ტენდერის ფარგლებში განაცხადების მიღების პერიოდში ა---- აკმაყოფილებდა შესაბამის მოთხოვნებს და შეძლებდა მოსარჩელის გარეშე ტენდერში გამარჯვებას, მას მსგავსი ინფორმაცია და დაოკუმენტაცია არც ტენდერის მიმდინარეობისას წარუდგენია.
6.20. (გ). აპელანტის მითითებით, მოპასუხე ასევე აცხადებს, თითქოს ქვეკონტრაქტორის თავიდანვე მიუთითებლობის შემთხვევაში, არსებობდა მაღალი რისკი იმისა, რომ შემდგომში დაკარგავდა შესაძლებლობას გამოეყენებინა ქვეკონტრაქტორი. აღნიშნული არც ერთი მტკიცებულებიდან და ფაქტიდან არ გამომდინარეობს, ასეთი რისკი არ არსებობდა. შპს ,,ა---სა’’ და ა---------------- გ------------ს შორის დადებული ხელშეკრულების 5.1.13 პუნქტის შესაბამისად, ,,მიმწოდებელი ვალდებულია მიმწოდებლის მიერ ქვეკონტრაქტორის აყვანის და შემდგომში მათი შეცვლის საჭიროების არსებობის შემთხვევაში, წინასწარ წერილობით აცნობოს შემსყიდველს ამის შესახებ ქვეკონტრაქტორის აყვანის/შეცვლის აუცილებლობის მიზეზების დასაბუთებით.“ შესაბამისად, ხელშეკრულებიდანაც ნათლად ჩანს, რომ შპს ,,ა---ს’’ ნებისმიერ დროს შეეძლო ქვეკონტრაქტორის აყვანა და ტენდერში მიუთითებლობის შემთხვევაში, არანაირად არ კარგავდა შესაძლებლობას შემდგომში გამოეყენებინა ქვეკონტრაქტორი.
6.21. სასამართლომ ასევე ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ მხარეებს შორის რეალურად დაიწყო შესრულება, რაც ხელშეკრულების დადების კიდევ ერთ მტკიცებულებას წარმოადგენს. კერძოდ, შპს ,,ა---მა“ ხელშეკრულების ფარგლებში შპს ,,ქ----------–-- ს------ს“ დაუკვეთა კიდეც სამუშაოების მცირედი ნაწილის შესრულების დაწყება, რაც გულისხმობდა 63 ერთეული ლითონის სვეტის ბაზის დამზადებას, რისთვისაც შპს ,,ქ----------–-- ს------ს“ გადაუხადა 50,715.00 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. ამით შპს „ა---მა“ დაიწყო მასსა და შპს ,,ქ----------–-- ს------ს“ შორის არსებული შეთანხმების შესრულება, თუმცა იგი ცხადია არ შეესაბამება მოსალოდნელ დაკვეთას და არის მხოლოდ სამუშაოების მცირედი ნაწილი.
6.23. შესაბამისად შპს ,,ა----ს“ მიერ სამუშაოს განხორციელების დაკვეთით, მისი მიღებით და საპასუხო შესრულებით კიდევ ერთხელ დადასტურდა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა.
6.24. აპელანტის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ცალსახად იძლევა სურათს იმის თაობაზე, რომ შპს ,,ქ----------–-- ს-------’’ და შპს ,,ა----’’ იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმ პირობებით, რაც ჩამოყალიბებულია სასარჩელო განცხადებაში, თუმცა სასამართლომ გამოიტანა აღნიშნულისაგან რადიკალურად განსხვავებული დასკვნა.
6.25. აპელანტის განმარტებით, ასევე გაუგებარია სასამართლოს მსჯელობა აუდიტორული ფირმა „ბაკაშვილი და კომპანიას“ დასკვნასთან დაკავშირებით, რომლითაც სასამართლომ განმარტა, რომ „დასკვნით ნათლად არ დგინდება ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მიუღებელი შემოსავლის ოდენობის განსასასაზღვრად“. აღნიშნულის შემდგომ სასამართლო ზოგადად მსჯელობს აუდიტის (ექსპერტიზის) დასკვნის მნიშნველობაზე პროცესში და საექსპერტო დასკვნის აუცილებელ მახასიათებზე, ექსპერტის ობიექტურობაზე და ა.შ., თუმცა ამ მსჯელობის დასასრულს არ წარმოადგენს დასკვნას, თუ რომელი მათგანი ვერ დააკმაყოფილა ექსპერტიზის დასკვნამ და რა აღმოჩნდა ამ დასკვნაში სასამართლოსათვის მიუღებელი. ექსპერტის დასკვნის ნაწილში სასამართლოს მიერ განხილულია მხოლოდ ექსპერტის ობიექტურობის და საექსპერტო დაკვნის სამეცნიერო თუ საკვალიფიკაციო მახასიათებლები, მაგრამ კონკრეტული პრობლემა, რის გამოც სასამართლო აღნიშნავს, თუ რატომ არ ეყრდნობა აღნიშნულ დასკვნას, გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული. ერთადერთი მითითება, რასაც აკეთებს სასამართლო, მდგომარეობს იმაში, რომ დასკვნა შედგენილია დამკვეთის მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე, თუმცა ამ შემთხვევაშიც გაუგებარი რჩება, თუ რაშია გამოხატული დასკვნის პრობლემა. მსგავსი ტიპის დასკვნები ყოველთვის ხორციელდება დამკვეთის მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე და უბრალოდ არ არსებობს სხვა სუბიექტი, ვისაც შეუძლია ამ მასალების ექსპერტისათვის მიწოდება.
6.26. მითითებულიდან გამომდინარე აპელანტმა აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, არ ემყარება სათანადო მტკიცებულებებს, არ არის შეფასებული საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება და გარემოება, ხოლო არსებული შეფასებები ლოგიკურ წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან ისევე, როგორც განხორციელებული სამართლებრივი შეფასებები პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონში არსებულ რეგუალციებს. შესაბამისად აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. სააპელაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების და სააპელაციო საჩივრის დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, რამეთუ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ წარმოშობს აპელანტის მტკიცების გაზიარების საფუძველს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებასთან მიმართებით. კერძოდ, პალატა სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ ნაწილში, დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
7.1. შპს ,,ა---სა" და შპს ,,ს----------–--- ა---------------- გ------------ს“ შორის 2017 წლის 31 აგვისტოს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1/105-2017 ხელშეკრულება, რომლის საგანია ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის კარკასის მშენებლობა. მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 26 423 967,74 ლარის ოდენობით.
7.2. შპს ,,ა---სა“ და შპს ,,ს----------–--- ა---------------- გ------------ს“ შორის ხელშეკრულების დადებას წინ უსწრებდა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის კარკასის მშენებლობის შესყიდვის თაობაზე. ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსდა ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია.
7.3. შპს ,,ა---მა“ სატენდერო წინადადების საფუძველზე შემსყიდველს წარუდგინა სატენდერო პირობებით გათვალისწინებული ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია ქვეკონტრაქტორების შესახებ - დანართი N5-ის შესაბამისად.
7.4. სატენდერო პირობების თანახმად, ქვეკონტრაქტორია პირი, რომელიც ასრულებს მომწოდებლის მიერ ტენდერის და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად შესასრულებელი სამუშაოების ნაწილს. ქვეკონტრაქტორად არ განიხილება ცალკეული სამშენებლო მასალის მომწოდებელი. ამავე სატენდერი პირობებით განსაზღვრულია, რომ ქვეკონტრაქტორი შესაძლებელია გამოყენებული იყოს მხოლოდ შემდეგ სფეროში: ლითონკონსტრუქციების მონტაჟი. სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაო პრედენდენტმა არსებითად თავად უნდა შეასრულოს. მიზანშეუწონელია, რომ პრედენდენტი არსებითად წარმოადგენდეს მხოლოდ შუამავალს შემსყიდველსა და სამუშაოს უშუალო შემსრულებელს შორის. ქვეკონტრაქტორის ყოლა მისაღებია მხოლოდ არაძირითად და სპეციალური მიმართულების სამუშაოებში. აქედან გამომდინარე, ქვეკონტრაქტორების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის მიზანია იმის განსაზღვრა, აპირებს თუ არა პრეტენდენტი ქვეკონტრაქტორების გამოყენებას და დადებით შემთხვევაში როგორი იქნება პრედენტენტის და ქვეკონტრაქტორების როლების სამუშაოს შესრულებაში, ასევე გააჩნიათ თუ არა ქვეკონტრაქტორებს მათ მიერ სამუშაოსა თუ მომსახურების შესრულებისათვის საჭირო კომპეტენცია.
7.5. შპს ,,ა---მა“ სატენდერო წინადადების საფუძველზე შემსყიდველს წარუდგინა ინფორმაცია მის მიერ შესაძლო გამოყენებული ქვეკონტრაქტორების შესახებ და დაასახელა შპს ,,ქ----------–-- ს-------“.
7.6. 2017 წლის 13 ნოემბერს შპს ,,ა---სა“ და შპს ,,ქ----------–-- ს-------ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება მომსახურების გაწევის მიზნით, რომლის შესაბამისადაც, ხელშეკრულების თანახმად, შემსრულებელი - შპს ,,ქ----------–-- ს------მა“ აიღო ვალდებულება გაეწია დამკვეთისათვის ლითონის ფურცლის დამუშავების მომსახურება.
7.7. მხარეთა შორის 2017 წლის 14 ნოემბერს შედგა მიღება-ჩაბარების აქტები შესრულებული სამუშაოების შესახებ. შპს ,,ქ----------–-- ს-------ს“ მიღებული აქვს 2017 წლის 13 ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება.
7.8 2018 წლის 28 მარტს შპს ,,ა----ს“ და შპს ,,ქ----------–-- ს-------ს“ შორის დაიდო NGS 28/03/2018-01 ხელშეკრულება მომსახურების გაწევის შესახებ, რომლითაც შემსრულებელმა - შპს ,,ქ----------–-- ს------მა“ აიღო ვალდებულება დაემზადებინა დამკვეთისათვის წინასწარ შეთანხმებული ფორმის და სპეციფიკაციის ლითონის სვეტის ბაზა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 49 910 აშშ დოლარის დღგ-ს გარეშე ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
7.9. მხარეთა შორის 2018 წლის 19 აპრილს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი შესრულებული სამუშაოების შესახებ, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს რომ მათ შორის არსებული ხელშეკრულების შესაბამისად აღებული ვალდებულებები სრულად შესრულებულია, ერთმანეთის მიმართ შენიშვნები და პრეტენზიები არ აქვთ, რასაც ადასტურებენ ხელმოწერით.
8. სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ შპს ,,ა---მა’’ შპს ,,ს----------–--- ა---------------- გაერთიანების“ წინაშე 2017 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1/105-2017 ხელშეკრულების საფუძველზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის კარკასის მშენებლობის ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, შპს ,,ქ----------–-- ს------თან’’ (ქვეკონტრაქტორთან) დადო ნარდობის ხელშეკრულება, ლითონკონსტრუქციების მონტაჟთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებისათვის. აპელანტის მტკიცებით, ზეპირი მოლაპარაკების ფარგლებში მხარეებმა შეათანხმეს ხელშეკრულების არსებითი პირობები (შესასრულებელი სამუშაოს სახე, ვადა, ღირებულება და სხვ.), თუმცა შემკვეთის მხრიდან სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა, რამაც განაპირობა მოსარჩელისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის მიყენება. საგულისხმოა, რომ მიუღებელი შემოსავლის არსებობას მხარე უკავშირებს ხელშეკრულების შეთანხმებული პირობებით შეუსრულებლობის ფაქტს და ზიანის გამოთვლას აფუძნებს, ხელშეკრულებიდან გამომდინარე განსაზღვრული მოგების მიღების შესაძლებლობიდან.
9. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები შედავებულია მოპასუხის მხრიდან, რომელმაც უარყო მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების ფაქტი და შესაბამისად უსაფუძვლოდ მიიჩნია არარსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მეორადი მოთხოვნის - ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა. ამავდროულად, მოპასუხემ ნარდობის ხელშეკრულების სამართლებრივი რეგულირებიდან გამომდინარე მიუთითა, შემკვეთის უფლებაზე ნებისმიერ დროს შეეწყვიტა ხელშეკრულება, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, რასაც შეეძლო წარმოეშვა მისი ვალდებულება, მხოლოდ გაწეული ხარჯებისა და ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურების ნაწილში და არა მიუღებელი შემოსავლის სახით არსებულ სავარაუდო ზიანთან მიმართებით.
10. ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის სადავოობის პირობებში, პირველ რიგში მნიშვნელოვანია სამართლებრივი შეფასება მიეცეს შპს ,,ა----ს’’ მხრიდან შპს ,,ქ----------–-- ს-------ს’’ ქვეკონტრაქტორად მითითების ფაქტს და მხარეთა შორის არსებულ ზეპირი სახის კომუნიკაციის წარმოებას. ამასთანავე, პალატა არსებული კავშირის სამართლებრივი შეფასებისათვის მხედველობაში მიიღებს მხარეთა შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობის პრაქტიკას, საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის ნოემბრისა და 2018 წლის მარტის ხელშეკრულებების შედარების ჭრილში.
11. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 316-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობებით ვალდებულება შეიძლება ხელშეკრულების მომზადების საფუძველზეც წარმოიშვას. ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მოლაპარაკების მონაწილეს შეუძლია მეორე მონაწილეს მოსთხოვოს იმ ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც მან გასწია ხელშეკრულების დასადებად, მაგრამ ეს ხელშეკრულება მეორე მონაწილის ბრალეული მოქმედების შედეგად არ დადებულა.
12. უდავოა, რომ შპს ,,ა---მა’’ ტენდერით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მიზნით, თავის ქვეკონტრაქტორად მიუთითა შპს ,,ქ----------–-- ს-------’’, რომელსაც მოპასუხის ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში უნდა გაეწია განსაზღვრული ტიპისა და მოცულობის სამუშაო, რაც პალატის შეფასებით ცალსახას ხდის გარემოებას, რომ მხარეთა შორის მოლაპარაკება, სამომავლო სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებასთან მიმართებით არსებობდა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ მითითებული ფაქტების არსებობა არ ადასტურებს მხარეთა შორის ხელშეკრულების დადებისა და სსკ-ს 327-ე მუხლით განსაზღვრულ არსებით პირობებზე შეთანხმების ფაქტს. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და იმ პირობებში, როდესაც ე.წ. ,,ნარდობის ხელშეკრულების’’ ერთ-ერთი მხარე უარყოფს ამგვარი ხელშეკრულების არსებობას, მხოლოდ ერთ-ერთი მხარის ზეპირ მითითებასა და სატენდერო განაცხადში არსებულ ჩანაწერს ვერ დააფუძნებს ხელშეკრულების არსებობისა და მის ფარგლებში მხარეთა მხრიდან მბოჭავი ნების გამოვლენის ფაქტს. ამასთანავე, მოსარჩელის მიერ მითითებული ხელშეკრულების (შეთანხმებული პირობების) არსებობას ვერ ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ვერც სხვა მტკიცებულებები, მათ შორის 2017 წლის 13 ნოემბერსა და 2018 წლის 28 მარტში დადებული ხელშეკრულებები, რომელთა შინაარსის გაცნობის შედეგად დგინდება, რომ მათ მიერ დარეგულირებული იყო მხარეთა შორის არსებული სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც არსებული სადავო საკითხისათვის განმსაზღვრელად ვერ მიიჩნევა. უფრო მეტიც, წარმოდგენილი ხელშეკრულებები და მის საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, ასევე კომუნიკაციის წერილობითი ფორმა ადასტურებს, რომ მხარეთა შორის დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად სახელშეკრულებო საკითხები რეგულირდებოდა წერილობითი ფორმით, შესაბამისად ნაკლებად გასაზიარებელია მოსარჩელის მტკიცება კონკრეტული (10 076 000 ლარი) ხელშეკრულების ზეპირი ფორმით არსებობასთან მიმართებით. აპელანტის ქვეკონტრაქტორად მითითება ადასტურებს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის ნამდვილად არსებობდა წინასახელშეკრულებო მოლაპარაკების ეტაპი, რომლის ფარგლებშიდაც მოპასუხის მხრიდან გამოვლენილი იყო ნება ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებასთან მიმართებით, ლითონკონსტრუქციების მონტაჟთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოებისათვის. თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ხელშეკრულების დადებასთან მიმართებით სურვილის გამოთქვა ვერ გაიგივდება ხელშეკრულების დადებასა და მის ფარგლებში მბოჭავი ნების გამოვლენად.
13. სამოქალაქო კოდექსის 327.1 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზედაც.
14. მოცემულ შემთხვევაში მოლაპარაკებისა და გარკვეული ურთიერთშეთანხმების არსებობა ცალსახაა, თუმცა არ დასტურდება უშუალოდ ხელშეკრულების დადება კონკრეტულ არსებით პირობებთან მიმართებით. ამასთან, იმ შემთხვევაშიც, თუ გაზიარებული იქნება აპელანტის მტკიცება, ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული არსებითი პირობების შეთანხმებასთან მიმართებით, ვერ გამოირიცხება კანონით შემკვეთისათვის მინიჭებული ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება და აღნიშნულისათვის შემკვეთს ვერ დაეკისრება მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ვალდებულება.
16. ხელშეკრულების დადების პირობებშიც, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით. კერძოდ, პალატა აღნიშნავს, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს ნარდობის მომწესრიგებელ ნორმებზე, რომლებიც სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში, მხარეთათვის მხოლოდ ამგვარი ურთიერთობისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ რეგულაციებს ადგენენ. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა რომ მოსარჩელე ითხოვს ხელშეკრულების მოშლის შედეგად მიყენებული ზიანის, კერძოდ კი მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას. პალატას მიაჩნია, რომ სადავო ურთიერთობის სამართლებრივი ბუნების თავისებურებიდან გამომდინარე, საკითხი უნდა შეფასდეს სსკ-ის 636-ე მუხლის დანაწესის მიხედვით, რომელიც ადგენს შემკვეთის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლებლობას.
17. სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის შესაბამისად, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ხსენებულ ნორმასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლოს მიერ მოცემული განმარტების შესაბამისად, მოხმობილი ნორმის დეფინიციით, ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს, შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის, რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალეს (მენარდეს) ეკისრება ტვირთი, ამტკიცოს, თუ რა ზიანი მიადგა მას ხელშეკრულების მოშლით. სსკ-ის 636-ე მუხლში მითითებული ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და, ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური, თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას, მაგ. ისეთი სპეციფიკური მასალებისა და მოწყობილობების შეძენას, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოებისთვისაა აუცილებელი და შეუძლებელია მათი სხვაგან გამოყენება, მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკური საშუალებების, შესასრულებლი სამუშაო იარაღის დაქირავება, კონკრეტული სპეციალისტების მოწვევა, რაც ნარდობის სამუშაოებისათვის გაწეულ ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც, სავარაუდოა მიიღებდა მენარდე, რადგან საამისოდ განახორციელა გარკვეული ქმედებები (იხ. სუსგ. ას-697-663-2015, 15.12.2015წ. 26-27 პუნქტები).
18. საკასაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ,,მენარდის მიერ ხელშეკრულების პირობის დაურღვევლობის შემთხვევაშიც კი, შემკვეთს კანონმდებელმა მიანიჭა უფლება, ნებისმიერ დროს მოშალოს ხელშეკრულება, ერთადერთი სპეციალური დათქმა, რომელიც მენარდის ინტერესების დასაცავად არის დადგენილი მოხმობილ ნორმაში, მდგომარეობს შემკვეთის ვალდებულებაში, აუნაზღაუროს კონტრაჰენტს უკვე შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. სსკ-ის 636-ე მუხლით, კანონმდებელი შემკვეთისათვის ხელშეკრულების მოშლის წანამძღვრებს კი არ აწესებს, არამედ, ამ ნორმის გამოყენების შემთხვევაში, გამაწონასწორებელი სამართლებრივი დაცვითი მექანიზმის სახით, ადგენს შემკვეთის ვალდებულებას, ანუ განსაზღვრავს, თუ რა უნდა აუნაზღაურდეს მენარდეს. მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, განსახილველ დავაში, სამართლებრივად უნდა შეფასდეს მენარდის სასარჩელო მოთხოვნების იურიდიული დასაბუთებულობა, ანუ თუ რამდენადაა ასეთი მოთხოვნა განხორციელებადი’’ (იხ. სუსგ. ას-697-663-2015, 15.12.2015წ. 28-29 პუქნტები).
19. ამდენად, ნარდობის ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სსკ-ის 636-ე მუხლი შემკვეთის უფლებას ადგენს, უპირობოდ, სამუშაოების დასრულებამდე, ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე. მითითებული მსჯელობის გამყარების საფუძვლით, მნიშვნელოვანია კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობა შედარდეს სახელშეკრულებო სამართლის ფარგლებში მოწესრიგებულ ურთიერთობათა ცალკეულ ნორმებს: მაგ. ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი (სსკ-ის 484-ე მუხლი), რომელიც გარიგების ყოველი მხარისათვის ადგენს შესაძლებლობას, უარი თქვას თავისი ვალდებულების შესრულებაზე, თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოჩნდება, რომ არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ მეორე მხარე თავის მოვალეობათა მნიშვნელოვან ნაწილს არ ასრულებს, იქვეა დათქმა უარის თქმის დაუშვებლობაზე; საგულისხმოა, მაგალითად, სხვა ნორმებიც: ხელშეკრულების მოშლა გამქირავებლის ინიციატივით (სსკ-ის 541-ე მუხლი), დაზღვევის შეწყვეტა ქონების გასხვისებისას (სსკ-ის 835-ე მუხლი), რომელთა მიხედვითაც ურთიერთობის შეწყვეტამდე გარკვეული წინაპირობები უნდა არსებობდეს და იქნეს დაცული. სამოქალაქო კოდექსის ცალკეულ ინსტიტუტებთან შედარებისას და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ურთიერთობისათვის ამოსავალი პრინციპის - კონრაჰენტთა კეთილსინდისიერების გათვალისწინებით (სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი), შეიძლება ითქვას, რომ ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში 636-ე მუხლი არის ის სპეციალური რეგულაცია, რომელსაც არ სჭირდება წინაპირობების დაცვა, რადგან მოხმობილი ნორმის შინაარსს „ეწინააღმდეგება შემკვეთის იძულება, და ვალდებულება, არ შეუშალოს ხელი მენარდეს სამუშაოების დასრულებაში. ამდენად, მენარდის მიერ ხელშეკრულების პირობის დაურღვევლობის შემთხვევაშიც კი, შემკვეთს კანონმდებელმა მიანიჭა უფლება, ნებისმიერ დროს მოშალოს ხელშეკრულება, ერთადერთი სპეციალური დათქმა, რომელიც მენარდის ინტერესების დასაცავად არის დადგენილი მოხმობილ ნორმაში, მდგომარეობს შემკვეთის ვალდებულებაში, აუნაზღაუროს კონტრაჰენტს უკვე შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. სსკ-ის 636-ე მუხლით, კანონმდებელი შემკვეთისათვის ხელშეკრულების მოშლის წანამძღვრებს კი არ აწესებს, არამედ, ამ ნორმის გამოყენების შემთხვევაში, გამაწონასწორებელი სამართლებრივი დაცვითი მექანიზმის სახით, ადგენს შემკვეთის ვალდებულებას, ანუ განსაზღვრავს, თუ რა უნდა აუნაზღაურდეს მენარდეს“ (სუსგ Nას-697-663-2015, 15.12. 2015).
20. აღნიშნული მჯელობისა და დასკვნების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ სამართლებრივად დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით არსებული ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით. კერძოდ, სადავო სამართალურთიერთობის სსკ-ის 636-ე ნორმის საფუძველზე შეფასების შედეგად, საფუძველი გამოეცალა, სსკ-ის 411-ე მუხლით გათვალისწინებული, მიუღებელი შემოსავლის სახით, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დასაბუთებულობას. განსახილველ დავაში სამართლებრივად უნდა შეფასდეს მენარდის სასარჩელო მოთხოვნების იურიდიული დასაბუთებულობა, ანუ თუ რამდენადაა ასეთი მოთხოვნა განხორციელებადი. სსსკ-ის 409-ე მუხლზე დაყრდნობითა და იმის გათვალისწინებით, რომ სახეზე არაა სსსკ-ის 412-ე მუხლით დადგენილი წინაპირობები (იხ. სუსგ. ას-901-851-2015, 05.02.2016წ.).
21. მოცემულ შემთხვევაში მიუღებელი შემოსავალს მხარე უკავშირების ხელშეკრულების დადებისა და შესრულების პირობებში მსაღებ მოგებას და არა იმგვარ გარემოებას, რაც შესაძლოა გამართლებულად ყოფილიყო მიჩნეული კეთილსინდისიერებისა და ვალებულებით-სამართლებრივ ურთიერთობების მონაწილე სუბიექტთა გულისხმიერი დამოკიდებულების სტანდარტიდან გამომდინარე. სარჩელით მოთხოვნილი მიუღებელი შემოსავალი დაანგარიშებულია ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების პრინციპით, რაც წინააღმდეგობაში მოდის სსკ-ს 636-ე მუხლთან, რომლითაც შემკვეთისათვის მინიჭებულია უფლება ხელშეკრულების შეწყვეტასთან მიმართებით, შესაბამისი გაწეული ხარჯების ანაზღაურების სანაცვლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული მტკიცების გაზიარების პირობებში, საერთოდ აზრს მოკლებული იქნებოდა შემკვეთისათვის მინიჭებული უფლება ხელშეკრულების მოშლასთან მიმართებით, თუ მას მაინც დავაკისრებდით ხელშეკრულების ფარგლებში გასაწევ თანხებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის საკანონმდებლო დანაწესთან და ვერ ამართლებს მენარდის მოლოდინს ხელშეკრულების უპირობო დადებასა და შესრულებასთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი/მოსარჩელე თანხის დაკისრებას ითხოვს სკ-ს 316-ე, 317-ე, 408-ე, 411-ე მუხლებიდან გამომდინარე, როგორც სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გამოწვეულ ზიანის ანაზღაურებას, მიუღებელი შემოსავლის სახით, რასაც აპელანტი უკავშირებს ხელშეკრულების კეთილსინდისიერ შესრულებას. კერძოდ, სახეზეა დამკვეთის/მენარდის და ქვეკონტრაქტორს შორის ურთიერთობის შეწყვეტის გამო, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა, რასაც ქვეკონტრაქტორი მიიღებდა თუ მიეცემოდა შესაძლებლობა განეხორციელებინა გარკვეული სამუშაოები, რაზეც მხარეები ზეპირად შეთანხმდნენ. ნარდობის სამართლებრივი რეგულირების შესაბამისად (სსკ-ს 629-ე და 636-ე მუხლები), შემკვეთს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, უპირობოდ, სამუშაოების დასრულებამდე, თქვას უარი ხელშეკრულებაზე. ასეთ შემთხვევაში, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ფაქტობრივად განხორციელებული სამუშაოების ღირებულება და ის სამუშაოები, რაც გაწია ქვეკონტრაქტორმა ნარდობის ხელშეკრულების შესრულების მიზნებიდან გამომდინარე. მაგალითად, ისეთი სპეციფიკური მასალების და მოწყობილობების შეძენა, რომელიც მხოლოდ კონკრეტული სამუშაოების შესასრულებლად არის აუცილებელი. ასეთ გარემოებაზე კი მოსარჩელე/აპელანტი საერთოდ არ უთითებს და ზიანის სახით მოთხოვნილია მხოლოდ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, რომლის დაკმაყოფილების შესაბამისობას ნარდობის ნორმები არ ითვალისწინებს.
22. რაც შეეხება, აპელანტის მონაწილეობას ტენდერში ქვეკონტრაქტორის რანგში, რამაც გარკვეულწილად განაპირობა მოწინააღმდეგე მხარის ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადება, აღნიშნული გარემოება აპელანტს არ უცვლის ქვეკონტრაქტორის სტატუსს, ანუ ამით ის ვერ გახდება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიად და ნარდობის ურთიერთობიდან გამომდინარე შემკვეთი ყოველთვის ინარჩუნებს უფლებას უპირობოდ უარი თქვას მასთან დადებულ ხელშეკრულებაზე. საყურადღებოა თავად ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებით შეთანხემებული პირობები, რომლის შესაბამისადაც ქვეკონტრაქტორია პირი, რომელიც ასრულებს მომწოდებლის მიერ ტენდერის და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად შესასრულებელი სამუშაოების ნაწილს. ქვეკონტრაქტორად არ განიხილება ცალკეული სამშენებლო მასალის მომწოდებელი. სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაო პრეტენდენტმა არსებითად თავად უნდა შეასრულოს. ქვეკონტრაქტორის ყოლა მისაღებია მხოლოდ არაძირითად და სპეციალური მიმართულების სამუშაოებში. აქედან გამომდინარე, ქვეკონტრაქტორების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის მიზანია იმის განსაზღვრა, აპირებს თუ არა პრეტენდენტი ქვეკონტრაქტორების გამოყენებას და დადებით შემთხვევაში როგორი იქნება პრეტენდენტის და ქვეკონტრაქტორის როლები სამუშაოს შესრულებაში, ასევე გააჩნიათ თუ არა ქვეკონტრაქტორებს მათ მიერ სამუშაოსა თუ მომსახურების შესრულებისათვის საჭირო კომპეტენცია. ამავდროულად შეთანხმდა, რომ ქვეკონტრაქტორი შესაძლოა გამოყენებული იყოს ლითონკონსტრუქციის მონტაჟის ნაწილში. ყურადღება უნდა მიეცეს იმ გარემოებასაც, რომ ამავე შეთანხებით განისაზღვრა ქვეკონტრაქტორის ცვლილების შესაძლებლობა, რაც მოითხოვს შემსყიდველთან წინასწარ შეთანხმებას.
23. საგულისხმოა, რომ მოსარჩელე შპს ,,ქ----------–-- ს-------’’ ქვეკონტრაქტორად მითითებული იყო არა მხოლოდ მოპასუხე შპს ,,ა---თან’’ მიმართებით, არამედ ასევე ტენდერში მონაწილე სხვა სუბიექტებთქთან - ერთობლივი საქმიანობა (ამხა---ობა) თავ მშენებლობა საქართველო და კომპანია „ბლექ სი გრუპის’’ ქვეკონტრაქტორად (შპს ,,ს----------–--- ა---------------- გაერთიანების’’ 21.11.2018წ. წერილი, ტ.1, ს.ფ. 148-151). აღნიშნული გარემოება, საყურადღებოა იმ მხრივ, რომ მოსარჩელის მტკიცებით, მისმა მითითებამ განაპირობა არსებითად მოპასუხის ტენდერში გამარჯვება, რაც იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მხოლოდ კონკრეტულ კომპანიას არ უწევდა ქვეკონტრაქტორობას ვერ იქნება პალატის მხრიდან გაზიარებული და ამდენად მოსარჩელის მტკიცება ტენდერში გამარჯვებასთან მიმართებით მისი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი როლის თაობაზე საფუძველს მოკლებულია. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ შპს ,,ა----’’ წარმოადგენს მსხვილ სამშენებლო კომპანიას, რომლის სახელსაც უკავშირდება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, შესაბამისად შპს ,,ქ----------–-- ს-------ს’’ აპელირება მის მნიშვნელოვნ როლთან დაკავშირებით, ტენდერის გამარჯვების ნაწილში, თავად ქვეკონტრაქტორის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პალატის შეფასებით გადაჭარბებულია. პალატა დამატებით მიუთითებს აპელანტს, რომ თავად ტენდერის პირობებიც, აძლევდა მას იმის ვარაუდის და დაშვების საფუძველს, რომ შესაძლებელია განხორციელებულიყო მისი ცვლილება, შესაბამისად თავად ქვეკონტრაქტორი კომპანიის გადასაწყვეტი იყო, რამდენად მისაღები იყო მისთვის ამგვარ ურთიერთობაში შესვლა.
24. სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსკ-ის მე-4 მუხ.). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას (სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები), რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, აღნიშნული განეკუთვნება სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს, რომლის განხორციელებისას სასამართლო არ არის შეზღუდული მოსარჩელის მითითებებით. სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.
25. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მტკიცების ტვირთი ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით (იხ. სუსგ. საქმე Nას-147-139-2017, 18.12.2017წ.).
26. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას შპს აუდიტორული ფირმა ,,ბაკაშვილი და კომპანიის“ დასკვნასთან მიმართებით და მოცემულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით ვერ გაიზიარებს ზიანის ანაზღაურების საფუძვლიანობის პირობებშიც მის ოდენობას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე ექსპერტის დასკვნა წარმოადგენს სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მიერ მოკვლეული საკითხის ირგვლივ განხორციელებულ შეფასებას. ექსპერტის დასკვნის შეფასებისას (იმდენად რამდენადაც დასკვნა სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება) ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს. მოცემულ შემთხვევაში შპს აუდიტორული ფირმა ,,ბაკაშვილი და კომპანიას“ მიერ კვლევა ჩატარებულია დამკვეთის შპს ,,ქ----------–-- ს-------ს“ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად, შეთანხმება რომც შემდგარიყო მხარეთა შორის იგი ვერ გასცდებოდა ლითონკონსტრუქციების მონტაჟის სამუშაოებს, ხოლო თავად მოსარჩელის მიერ სარჩელში წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის თანახმად, მონტაჟის სამუშაოების სრული ღირებულება ხარჯის და მოგების ჩათვლით შეადგენდა 719 334 ლარს. შემდგომში მოსარჩელემ წარმოადგინა აუდიტის დასკვნა, სადაც მონტაჟის სამუშაოებს ხელოვნურად დაემატა ამწის ღირებულება და მონტაჟის და ამწის ღირებულებად ჯამში მიეთითა 1 185 864.75 ლარი. ამდენად, თეორიულადაც კი შეუძლებელია 719 334 ლარის ღირებულების სამუშაოებიდან, მოსარჩელეს მისდგომოდა ზიანი სარჩელში მითითებული ოდენობით. სატენდერო დოკუმენტებით დასტურდება, რომ პროექტი სავარაუდოდ მოიცავდა 1600 ტონა სხვადასხვა პროფილის ლითონ კონსტრუქციების დამზადებას (ვინაიდან არ არსებობდა დეტალური პროექტი, მითითებული ოდენობა არ იყო საბოლოო). მას შემდეგ რაც შპს „ა---მა“ გაიმარჯვა ტენდერში, დაიდო ხელშეკრულება, რომელშიც აგრეთვე 1600 ტონა არის მითითებული. შესაბამისად სასამართლო იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ შეუძლებელია წინასწარი შეთანხმების საგანი ყოფილიყო 2193 ტონა ლითონის კონსტრუქციების დამზადება/მონტაჟი, ვინაიდან სატენდერო ეტაპზე არ იყო ზუსტად განსაზღვრული მოცულობა და არც ეს რიცხვი ფიგურირებდა რომელიმე დოკუმენტში.
27. უარსაყოფია აპელანტის შედავება, რადგანაც ექსპერტიზის დასკვნა ეფუძნება იმგვარ მონაცემებს, რომლის ნამდვილობაც შედავებულია მოპასუხის მხრიდან, შესაბამისად საფინანსო-ეკონომიკური ექსპერტიზის დასკვნა, აპრიორი ვერ დაადასტურებს ვერც ზიანის არსებობას და ვერც მისი ამ ოდენობით ნამდვილობას. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ ექსპერტიზის დასკვნა, როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მტკიცებულების ერთ-ერთ სახე დამოუკიდებლად ვერ დაადგენს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტს. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მიზნებიდან გამომდინარე დასკვნა შეფასდება მხოლოდ ექსპერტის კომპეტენციის ფარგლებში აღწერილ გარემოებებთან დაკავშირებით. უშუალოდ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების კვლევა, ვალდებულების შესრულება თუ დარღვევა სასამართლოს შეფასების საგანია, რასაც სასამართლო არსებითი კვლევის ფარგლებში მტკიცებულებათა ერთობლივი კვლევის საფუძველზე, საქმეზე დადგენილი გარემოებებით აფასებს და აღნიშნული დამოუკიდებლად ექსპერტიზის ჩატარებით ვერ დადგინდება.
28. განსახილველ შემთხვევაში, ზიანთან მიმართებით მოსარჩელემ ვერ დაასახელა, კონკრეტულად რა ქმედებები განახორციელა, რაში შეეშალა ხელი მოპასუხის მხრიდან, ზეპირი ხელშეკრულების დადასტურების პირობებში რატომ არ შეეძლო მოპასუხეს ხელშეკრულება შეეწყვიტა, რაში გამოიხატა კომპანიის მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევა. დადგენილია, რომ მოსარჩელეს ზეპირი ხელშეკრულების ფარგლებში (ასეთის დადასტურებულად მიჩნების პირობებში), არავითარი სამუშაო რეალურად არ გაუწევია, საქმეში არც იმგვარი მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების წინაპირობას მაინც შექმნიდა. სასამართლო, მიუღებელი შემოსავლის ოდენობის გამოთვლასთან დაკავშირებით იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ მოსარჩელე მხოლოდ თეორიულ მსჯელობას ავითარებს, თუ რას მიიღებდა სამუშაოების წარმოების შემთხვევაში, რაც მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად ვერ მიიჩნევა ვარგის საფუძვლად ამგვარი ზიანის ანაზღაურების წინაპირობების განსაზღვრისათვის [იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუსგ, საქმე Nას-307-291-2011, 24.10.2011წ; Nას-459-438-2015, 07.10.2015წ.)
29. ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
29.1. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის გასაჩივრებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
29.2. ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
29.3. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ წინამდებარე საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ ნაწილში არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და მიიჩნევს, რომ არ არსებობს მისი გაუქმების ან შეცვლის საფუძველი.
30. ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად სასამართლო ხარჯები უნდა დაეკისროს აპელანტს, რაც მის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟის სახით და უნდა დარჩეს სახელმწიფო ხაზინაში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,C-------------------’’/შპს ,,ქ----------–-- ს-------ს’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება;
3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს და მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით ს----------–--- უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: გელა ქირია
მოსამართლეები: მერაბ ლომიძე
გოგიტა თოთოსაშვილი