განაჩენი

სისხლის სამართლის 17.03.2020
საქმის ნომერი
140100119003094586
ინსტანცია
თარიღი
17.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100119003094586

საქმე №1ბ/235-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

თავმჯდომარე: ბესიკ ბუგიანიშვილი

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

მანუჩარ კაპანაძე

სხდომის მდივანი - ნადეჟდა მარანელი

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ-----------–--;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - კ----–----–--- (დაბადებული 2----–-–-----------ს, პ/ნ 5----------, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლევი, დასაოჯახებელი, მცხოვრები ქ------–-----–------–---–-----------ში);

 

ადვოკატი - ა-–------------–---–-;

 

დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, სსკ-ის 19, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტები; (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით; ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია);

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 17 აპრილს, გორის რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გასამართლებულმა კ----–----–---მ, 2019 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 01:37 საათზე, ქ-------–----–----------------------ის მიმდებარე ტერიტორიიდან, შსს გორის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსის მოადგილეს - გ--------------–---–ს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად გასტაცა მასზე განპიროვნებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული, დიდი ოდენობით - 41047 (ორმოცდაერთი ათას ორმოცდაშვიდი) ლარის ღირებულების სამსახურეობრივი „ტოიოტა კოროლას“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო №Q--------. კ----–----–--- 2019 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 01:50 საათზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 89-ე კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცდილობდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაუფლებოდა ვ--------------ის კუთვნილ „ფორდ ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსს, სახელმწიფო №----------, რის შედეგადაც ვ--------------ეს მიადგებოდა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ზიანი.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 დეკემბრის განაჩენით კ----–----–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით; საქართველოს სსკ-ის 19, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 07 წლის ვადით, რაც არასრულწლოვანათა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 წლისა და 03 თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 19, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით - 05 წლის ვადით, რაც არასრულწლოვანათა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 წლისა და 09 თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და კ----–----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 წლისა და 03 თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (თავისუფლების აღკვეთა 03 წლის ვადით) და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ----–----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 წლისა და 03 თვის ვადით.

 

კ----–----–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 10 ივნისიდან.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ კ----–----–--ის ადვოკატმა ალექსი მერებაშვილმა და გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-----------–--მ.

3. მხარეთა პოზიციები:

დაცვის მხარის პოზიციით, გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენი უნდა შეიცვალოს გამამართლებელი განაჩენით, შემდეგ გარემოებათა გამო: პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებს კ----–----–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს. ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს კ----–----–--ის მიერ „ტოიტა კოროლას“ ავტომობილის გატაცებას არის მოწმე გ--------------–---–ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება, რომელიც წინააღმდეგობაშია გამოძიებისას მის მიერ მიცემულ ჩვენებასთან. მოწმეების, კ-----------ისა და ვ--------------ის ჩვენებებით ვერ დგინდება ის გარემოება, რომ კ----–----–--- მართავდა „ტოიტა კოროლას“. ისინი ადასტურებენ მხოლოდ ერთ ფაქტს, რომ მათ მიერ ავტომანქანიდან ამოყვანილ იქნა კ----–----–---, რაც არ გამორიცხავს ავტომობილში სხვა პიროვნების, მაგალითად გ--------------–---–ის ყოფნასაც. აღნიშნული მოწმეები იმყოფებიან ზეწოლის ქვეშ და ვერ ბედავენ სიმართლის თქმას. საქმეში არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება, გარდა გ--------------–---–ის ჩვენებისა, რომელიც მიუთითებდა, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ლერმონტოვის ქ. # 26-ში. გამოძიებისას არ ამოღებულა სუპერმარკეტ „ჯიმარტის“ ვიდეოჩანაწერები, რომლიდანაც გამოჩნდებოდა შეუხვია თუ არა ავტომობილმა ამ ქუჩაზე, ასევე არ დაკითხულან აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლები. ამოღებული ვიდეოჩანაწერებიდან არც ერთი არ ადასტურებს, რომ საჭესთან იმყოფებოდა კ----–----–---. სასამართლომ კ----–----–--ის მიერ ძარცვის ჩადენის დამადასტურებელ მტკიცებულად გაიზიარა ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვა, თუმცა, იგი მხოლოდ შეიძლება ადასტურებდეს, რომ კ----–----–--ის ავტომობილში ყოფნის ფაქტს. კ----–----–--- არ მჯდარა არც „ტოიოტა კოროლას“ და არც „ფორდ ტრანზიტის“ საჭესთან. ამ ეჭვს აძლიერებს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვითაც შემთხვევის ადგილზე, ავტომობილების საჭეებზე და გადაცემათა კოლოფის გადამრთველებზე ვერ იქნა აღმოჩენილი კ----–----–--ის ანაბეჭდები.

 

ბრალდების მხარის პოზიციით: გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 დეკემბრის განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნების განხორციელებას. მსჯავრდებულმა ჩაიდინა მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების ქმედება, ის წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი, ამასთან მსჯავრდებულის მიერ არ იქნა ანაზღაურებული დამდაგარი ზიანი. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილება უნდა შევიდეს სასჯელის დამძიმების თვალსაზრისით.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სააპელაციო პალატა შეაფასებს მტკიცებულებებს, იმსჯელებს აპელანტების საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

4. მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).

 

მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შეაფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და აერთობლიობაში.

 

მოწმე გ--------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს შსს გორის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსის მოადგილედ. მის მფლობელობაში იყო სამსახურებრივი ავტომანქანა ,,ტოიოტა კოროლა“, სახელმწიფო №Q--------. 2019 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 01:30 საათზე, იგი მოძრაობდა ქ.გორში, გურამიშვილის ქუჩაზე, რა დროსაც შენიშნა კ----–----–---. იგი იცნობს ბრალდებულს, რადგან კ----–----–--ის მიმართ შსს გორის რაიონულ სამმართველოში არაერთი სისხლისამართლის საქმეა აღძრული და იგი სხვადასხვა დანაშაულის ჩადენაშია მხილებული. სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე იცოდა, რომ ბრალდებულს ღამის საათებში აკრძალული ჰქონდა გარეთ გასვლა. იგი მიუახლოვდა კ----–----–---ს, იგრძნო ალკოჰოლის სუნი, იფიქრა რომ იყო ნასვამი და შესთავაზა წაყვანა. ბრალდებულმა უთხრა, რომ მიდიოდა ელიოზიშვილის ქუჩაზე, ბიძასთან. კ----–----–--- მას ჩაუჯდა ავტომანქანაში, მძღოლის გვერდით სავარძელზე და წავიდნენ წმინდაწყლის მიმართულებით. ლერმონტოვის ქუჩაზე კ----–----–---მ მას სთხოვა, რომ მანქანა გაეჩერებინა. ბრალდებული გადავიდა მანქანიდან და წავიდა სწრაფი ნაბიჯით, თვითონაც გადმოვიდა მანქანიდან, გასაღები ავტომანქანაში დატოვა და უკან გაჰყვა ბრალდებულს, რათა გაეგო თუ რატომ გადავიდა ავტომანქანიდან. ისინი მანქანას დაახლოებით, 20-25 მეტრის მანძილით დაშორდნენ, რა დროსაც კ----–----–--- მოტრიალდა, ჩქარი ნაბიჯით წავიდა ავტომანქანისაკენ და დაჯდა მძღოლის ადგილზე. იგი გამოეკიდა კ----–----–---ს და სცადა კარის გაღება, მაგრამ კარები უკვე დაკეტილი ჰქონდა ბრალდებულს, რომელმაც დაქოქა ავტომანქანა, მან კი ხელი მოკიდა ავტომანქანის ჩამოწეულ ფანჯარას. კ----–----–---მ სწრაფად დაძრა ავტომანქანა და დატოვა აღნიშნული ქუჩა, რა დროსაც იგი ინერციით გადავარდა და მიიღო გარკვეული სახის დაზიანებები. მან გააკეთა შეტყობინება სამმართველოს სამორიგეო ნაწილში აღნიშნულის თაობაზე. მოგვიანებით გაიგო, რომ კ----–----–---ს გორის ავტომაგისტრალზე ავარია მოუვიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ვ--------------ის ჩვენებით დგინდება რომ ბრალდებულს არ იცნობს. შემთხვევის დღეს, დაახლოებით ღამის 02:00 საათზე, იგი კ-----------ესთან ერთად, „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანით, მოძრაობდა თბილისიდან გორის მიმართულებით, რა დროსაც მას უკანა მხრიდან შეეჯახა პოლიციის ავტომანქანა და ამობრუნდა მის წინ. იგი კ-----------ესთან ერთად გადმოვიდა ავტომანქანიდან. იქვე გაჩერდნენ სხვა ავტომანქანებიც. კ-----------ემ და მისთვის უცხო პიროვნებამ მანქანიდან ამოიყვანეს ბრალდებული, რომელსაც ჰქონდა ალკოჰოლის სუნი. მის გარდა ავტომანქანაში არავინ იყო. კ--–----–--ე, რომელიც იყო ცუდად, დააწვინეს ძირს. მას თავზე ჰქონდა შემოხვეული მაისური. გონზე მოსვლისას ითხოვა სიგარეტი, შემდეგ გაიქცა, დაჯდა „ფორდ-ტრანზიტის“ ავტომანქანის საჭესთან და დაქოქა. იგი მივიდა ავტომანქანასთან, კ--–----–--ეს წაართავა გასაღები და ჩამოსვა ავტომანქანიდან, რითაც არ მისცა მისი წაყვანის შესაძლებლობა, ბრალდებული კი გაიქცა თბილისის მიმართულებით. მან მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და ფოტოსურათით ამოიცნო ბრალდებული. შედგა შესაბამისი ოქმები, რომელთა სისწორეც დაადასტურა ხელმოწერებით. მას ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ აქვს.

 

მოწმე კ-----------ემ განმარტა, რომ იგი იცნობს ვ--------------ეს, რომელთან ერთადაც, 2019 წლის 10 ივნისს, მიკროავტობუსით მოდიოდა თბილისიდან გორის მიმართულებით. მოძრაობისას შემოესმა მანქანის ე.წ. „სიგნალის“ ხმა და უკნიდან მათ ავტომობილს დაეჯახა პოლიციის ავტომანქანა. ვ--------------ემ გააჩერა ავტომანქანა და წავიდნენ მეორე მანქანის მიმართულებით. მისთვის უცნობი პიროვნება აპირებდა მანქანიდან გადმოსვლას. იგი აღმოჩნდა ბრალდებული კ----–----–---, იყო სავარაუდოდ ნასვამი, რომელსაც დაეხმარა მანქანიდან გადმოსვლაში. ავტომანქანაში სხვა პიროვნება არ ყოფილა. იგი ცუდად იყო და გონზე მოსვლისას ითხოვა სიგარეტი, რომელიც მიაწოდეს. შემდეგ კ--–----–--ე წავიდა მათი მანქანისაკენ, ჩაჯდა მასში და სცადა გატაცება, რა დროსაც მასთან მივიდა ვ--------------ე, გამოართვა გასაღები და გადმოიყვანა ავტომანქანიდან. კ--–----–--ე კი ფეხით წავიდა თბილისის მიმართულებით. იგი იძახდა, რომ მოვიდოდნენ და დაიჭერდნენ. შემდეგ მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები, ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები, რაშიც მიიღო მონაწილეობა და დაადასტურა ხელმოწერებით.

 

მოწმე შ--------------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ მას მონაწილეობა აქვს მიღებული ვიდეო-კამერების ჩანაწერების ამოღებაში. მისი ობიექტი მდებარეობს ცხინვალის გზატკეცილზე. ვიდეო-კამერების ჩანაწერის ამოღება მოხდა განჩინების საფუძველზე. შესაძლებელია, რომ ჩანაწერებზე დაფიქსირებული დრო არ იყოს სწორი, რადგან ელექტროენერგიის გამორთვისას დრო ირევა და შემდეგ ავტომატურად სწორდება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ვ--------------–-–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ მას მონაწილეობა აქვს მიღებული ვიდეო-კამერების ჩანაწერების ამოღებაში, რომელიც ჩატარდა განჩინების საფუძველზე. მისი ობიექტი მდებარეობს გურამიშვილის ქ.№84-ში. აღნიშნულზე შედგა ოქმი, რომელზეც მოაწერა ხელი. მათ ხშირად მიმართავენ ჩანაწერების გამოთხოვაზე, რა დროსაც ჩანაწერების დრო არ ემთხვევა რეალურ დროს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაშიც ჰქონდა ადგილი. აღნიშნულს იწვევს ელექტროენერგიის გამორთვა და შემდეგ სჭირდება სპეციალურად გასწორება.

 

მოწმე მ--------–---------ის განმარტებით, 2019 წლის 10 ივნისს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და იმყოფებოდა სამსახურში. დაახლოებით 01:35 საათზე სამორიგეო ნაწილში შევიდა შეტყობინება. გ--------------–---–ი ითხოვდა დახმარებას, რადგან კ----–----–---მ გასტაცა სამსახურებრივი ავტომანქანა. შეტყობინების საფუძველზე, მან გააგზავნა ჯგუფები. არ ახსოვს ჯერ ელსმენით შევიდა შეტყობინება თუ ხელის რადიოსადგურით. მესამე შეტყობინება კი შევიდა 112-ის სამსახურიდან, ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის თაობაზე. შეტყობინება რომ გადასცეს, ჯერ დაწერა, გაანალიზა და შემდეგ გადაიტანა ოქმში.

 

2019 წლის 10 ივნისის შემთვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 89-ე კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

2019 წლის 10 ივნისის ამოცნობის ოქმებით დასტურდება, რომ ვ--------------ემ და კ-----------ემ ფოტოსურათით ამოიცნეს კ----–----–---.

 

2019 წლის 10 ივნისის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ ვ--------------ისაგან აღებული იქნა ანაწმენდის ნიმუში.

 

2019 წლის 10 ივნისის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ ვ--------------ისაგან აღებული იქნა სუნის ნიმუში.

 

2019 წლის 10 ივნისის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ კ-----------ისაგან აღებული იქნა ანაწმენდის ნიმუში.

 

2019 წლის 10 ივნისის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ კ-----------ისაგან აღებული იქნა სუნის ნიმუში.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ კ----–----–--- ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2019 წლის 10 ივნისის 14:19 საათზე.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენით კ----–----–--- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2019 წლის 11 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ ექსპერიმენტის მიმდინარეობისას გ--------------–---–ს საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეების თანდასწრებით ხმამაღლა წაეკითხა მისი გამოკითხვის ოქმი, რასაც გ--------------–---–ი მთლიანად დაეთანხმა. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.გორში, ლერმონტოვის ქ.№26-ის წინამდებარე ტერიტორიაზე.

 

2019 წლის 20 ივნისის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ საპროცესო წარმომადგენლის და ადვოკატის მონაწილეობით, კ----–----–--ისაგან აღებული იქნა სუნის ნიმუში.

 

2019 წლის 20 ივნისის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ საპროცესო წარმომადგენლის და ადვოკატის მონაწილეობით, კ----–----–--ისაგან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში.

 

2019 წლის 20 ივნისის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, საპროცესო წარმომადგენლის და ადვოკატის მონაწილეობით, კ----–----–--ისაგან აღებული იქნა ანაწმენდის ნიმუში.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით დასტურდება, რომ გ--------------–---–ს 2019 წლის 10 ივნისს, 17:54 საათზე აღენიშნებოდა ნაჭდევები სხეულზე. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთად აღებულიც და ცალ-ცალკეც მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

2019 წლის 01, 02, 04 და 05 ივლისის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებით დასტურდება, რომ ქ. გორში, სამეფოს ქ. №43-ში მდებარე აფთიაქ ,,ავერსიდან“, ქ.გორში, გურამიშვილის ქ.№70-ში მდებარე მაღაზია ,,ელიტ ელიქტრონისიდან“, ქ.გორში, გურამიშვილის ქ.№70-ში მდებარე ბენზინგასამართ სადგურ ,,ლუკოილიდან“, ქ.გორში, გურამიშვილის ქ.№1-ში მდებარე ტოტალიზატორ ,,კრისტალ ბეთიდან‘‘, ქ.გორში, გურამიშვილის ქ.№1-ში მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,სოდაკოდან“, ქ.გორში, გურამიშვილის ქ.№1-ში მდებარე სუპერმარკეტ ,,მაგნიტიდან“, ქ.გორში, ამილახვრის ქ.№2-ში მდებარე ანსამბლ ,,შევარდენიდან“, ქ.გორში, გურამიშვილის ქ.№84-ში მდებარე აფთიაქ ,,იბერი ფარმადან“, ქ.გორში, გურამიშვილის ქ.№84-ში მდებარე აფთიაქ ,,ფარმადეპოდან“, ქ.გორში, ყიფიანის ქ.№27-ში მდებარე სამშენებლო მასალებიის მაღაზიიდან, ქ.გორში, ცხინვალის გზატკეცილი №22-ში მდებარე, ბენზინგასამართ სადგურ ,,ლუკოილიდან“, ქ.გორში, ცხინვალის გზატკეცილის მესამე კილომეტრზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიადან“, ქ.გორში, ჯავახიშვილის ქ. №4-ში მდებარე იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზიდან, ქ.გორში, სამეფოს ქ.№49-ში მდებარე აფთიაქ ,,პესპედან“, ქ.გორში, სამეფოს ქ.№78-ში მდებარე აფთიაქ ,,ავერსიდან“, ქ.თბილისში, ჭანტურიას ქ.№14-ში მდებარე სს ,,ვი თი ბი ბანკ ჯორჯიადან“, ქ.გორში, სტალინის გამზირი №26-ში მდებარე სს ,,ლიბერთი ბანკიდან“, ქ.გორში, ცხინვალის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მაღაზია ,,ჯიბედან“ და ქ.გორში, ცხინვალის გზატკეცილი №2-ში მდებარე ,,თი ბი სი ბანკიდან“, განჩინების საფუძველზე, გამოთხოვილი იქნა 2019 წლის 10 ივნისის გარე პერიმეტრის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

 

ოდოროლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნით დასტურდება, რომ ავტომანქანა ,,ტოიოტა კოროლადან“ და ავტომანქანა ,,ფორდ ტრანზიტიდან“ ამოღებული სუნის კვლის ნიმუშები იდენტურია კ----–----–--ისაგან აღებული სუნის ნიმუშისა.

 

სასაქონლო ექსპერტიზის №----- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომანქანა ,,ტოიოტა კოროლას“, სახელმწიფო №Q-------- დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს - 26000 ლარს. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომანქანა ,,ფორდ ტრანზიტის“, სახელმწიფო №O-------- დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 1320 ლარს. ავტომანქანა ,,ტოიოტა კოროლას“, სახელმწიფო №Q-------- საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე საორიენტაციოდ შეადგენდა 40000 ლარს, ხოლო ავტომანქანა ,,ფორდ ტრანზიტის“, სახელმწიფო №---------- საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე საორიენტაციოდ შეადგენდა - 12000 ლარს. ავტოტექნიკური და სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის №------ დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომანქანა ,,ტოიოტა კოროლას“, სახელმწიფო №Q-------- სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია, ხოლო საჭით მართვის მექანიზმი გამოსულია მწყობრიდან მასზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტო- საგზაო შემთხვევის დროს. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მიკროავტობუს ,,ფორდ ტრანზიტის“, სახელმწიფო №O-------- საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია. წარმოდგენილი ავტომანქანა ,,ტოიოტა კოროლას“, სახელმწიფო №Q-------- და მიკროავტობუსი ,,ფორდ ტრანზიტის“, სახელმწიფო №O-------- პირველადი კონტაქტის დროს გრძივ ღერძებს შორის მახვილი კუთხე შეადგენდა დაახლოებით 5 გრადუსს. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი პლასტმასის დეტალი წარსულში წარმოადგენდა ავტომანქანა ,,ტოიოტა კოროლას“, სახელმწიფო №Q-------- შემადგენელ ნაწილს. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომობილის ვერცხლისფერი პლასტმასის საბურავის დისკის მოპირკეთება, ავტომობილის უკანა ხედვის სარკე ბუდით და უკანა ხედვის სარკის ბუდე შესაძლებელია მიეკუთვნებოდეს როგორც, ავტომობილ ,,ტოიოტა კოროლას“, სახელმწიფო №Q-------- , ასევე ამავე მარკის და მოდელის სხვა ავტომობილს. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ კ----–----–--ის მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 33 პუნქტი 11-ის მოთხოვნას, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მას მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ ვ--------------ეს შეჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის უგულვებელყოფა არ აღინიშნება.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №--------- დასკვნით დასტურდება, რომ პაკეტში, წარწერით: ,,... ანაწმენდის ნიმუში ა/მანქანა „ფორდ ტრანზიტი“ სახ. №-----------ს სიჩქარეთ გადაცემის სახელურიდან...“, მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული ბიომასალის (ობ.№1) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება კ----–----–--ის (ობ. №10; პაკეტი, წარწერით: ,,... ნერწყვის ნიმუში ... აღებული ბრალდებულ - კ----–----–--ის (დაბ. 27.06.2001) პირის ღრუდან...“) გენეტიკური პროფილისაგან. ობ. №1-ის გენეტიკური პროფილის მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია; პაკეტში, წარწერით: ,,... ანაწმენდის ნიმუში ა/მანქანა „ფორდ ტრანზიტი“ სახ. №O---------ს საჭიდან...“, მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული ბიომასალის (ობ.№2) გენეტიკური პროფილი ობ. №1-ს გენეტიკური პროფილის მაჟორული წილის იდენტურია; პაკეტში, წარწერებით: ,,... ანაწმენდის ნიმუში ა/მანქანა „ტოიოტა“ სახ. №Q---------ს სიჩქარეთა გადაცემათა სახელურიდან...“ და ,,... ანაწმენდის ნიმუში ა/მანქანა „ტოიოტა“ სახ. №Q----------ს საჭიდან...“, მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ. №3,4) გენეტიკური პროფილები შერეულია და იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია; პაკეტში, წარწერით: ,,...2019 შავი ფერის მაისური, წარწერით: ,,NIKE’’ ამოღებულია გზის მარჯვენა გვერდულზე ასფალტის ზედაპირიდან...“, მოთავსებულ მაისურზე არსებული ბიომასალის (ობ.№5) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის კ----–----–---ს (ობ.№10);

 

2019 წლის 07 ივლისის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნის და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა ,,ელიტ ელექტრონიქსის“ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ გურამიშვილის ქუჩაზე მიდის ,,ტოიოტა კოროლას“ ფირმის ავტომანქანა.

 

2019 წლის 07 ივლისის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნის და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა ,,ლუკოილის“ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ გურამიშვილის ქუჩის ქვევით კულტურისა და დასვენების პარკ ,,ახალბაღის“ წინამდებარე ტერიტორიისაკენ მიემართება ,,ტოიოტა კოროლას“ ფირმის ავტომანქანა.

 

2019 წლის 07 ივლისის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნის და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა ,,კრისტალ ბეთის“ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ გურამიშვილის ქუჩის ქვევით მიემართება ,,ტოიოტა კოროლას“ ფირმის ავტომანქანა.

 

2019 წლის 07 ივლისის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნის და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა ,,სოდაკოს“ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ ,,ტოიოტა კოროლას“ ფირმის ავტომანქანას ორივე მხარეს შემოკრული აქვს პოლიციის ლენტი.

 

2019 წლის 07 ივლისის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნის და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა ,,მაგნიტის“ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ ,,ტოიოტა კოროლას“ ფირმის ავტომანქანას შემოკრული აქვს პოლიციის ლენტი და მიემართება ქვევით გურამიშვილის ქუჩაზე.

 

2019 წლის 07 ივლისის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნის და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა ,,პე-ეს-პეს“ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ ,,ტოიოტა კოროლას“ ფირმის ავტომანქანას შემოკრული აქვს პოლიციის ლენტი და მიემართება ზევით ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით.

 

2019 წლის 07 ივლისის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნის და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა ,,ავერსის“ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ ,,ტოიოტა კოროლას“ ფირმის ავტომანქანას შემოკრული აქვს პოლიციის ლენტი და მიემართება ზევით სამეფოს ქუჩის ზედა მხარეს.

 

2019 წლის 07 ივლისის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნის და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა ,,ლიბერთი ბანკის“ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ ,,ტოიოტა კოროლას“ ფირმის ავტომანქანას შემოკრული აქვს პოლიციის ლენტი და მიემართება ზევით სამეფოს ქუჩაზე.

 

2019 წლის 07 ივლისის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნის და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა ,,ვითიბი ბანკის“ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ ,,ტოიოტა კოროლას“ ფირმის ავტომანქანას შემოკრული აქვს პოლიციის ლენტი და მიემართება ზევით სამეფოს

ქუჩაზე.

 

2019 წლის 07 ივლისის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნის და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა ,,ავერსის“ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ ,,ტოიოტა კოროლას“ ფირმის ავტომანქანას შემოკრული აქვს პოლიციის ლენტი და მიემართება ჭავჭავაძის ქუჩის ქვედა მხარეს.

 

2019 წლის 07 ივლისის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნის და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა ,,იბერი ფარმას“ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ ,,ტოიოტა კოროლას“ ფირმის ავტომანქანას შემოკრული აქვს პოლიციის ლენტი და მიემართება ქვევით გურამიშვილის ქუჩაზე.

 

2019 წლის 07 ივლისის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნის და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა ,,ფარმადეპოს“ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ ,,ტოიოტა კოროლას“ ფირმის ავტომანქანას შემოკრული აქვს პოლიციის ლენტი და მიემართება ქვევით გურამიშვილის ქუჩაზე.

 

2019 წლის 08 ივლისის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნის და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა ,,ჯიბეს“ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ ,,ტოიოტა კოროლას“ ფირმის ავტომანქანას შემოკრული აქვს პოლიციის ლენტი და მიემართება ზემოთ ცხინვალის გზატკეცილზე.

 

2019 წლის 08 ივლისის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნის და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ ,,ტოიოტა კოროლას“ ფირმის ავტომანქანას შემოკრული აქვს პოლიციის ლენტი და მიემართება ზემოთ ცხინვალის გზატკეცილზე.

 

2019 წლის 10 ივლისის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ლისის ქ. №1ა-ში მდებარე შსს 112-ის ადმინისტრაციული შენობიდან, განჩინების საფუძველზე, გამოთხოვილი იქნა 2019 წლის 10 ივნისის გარე პერიმეტრის სათვალთვალო კამერების ჩანაწერი.

 

2019 წლის 11 ივლისის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნის და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა 112-ს ვიდეო ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ ,,ტოიოტა კოროლას“ ფირმის ავტომანქანა, უხვევს მარცხენა მხარეს და მიემართება ზემოთ ცხინვალის გზატკეცილზე.

 

გარდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებისა, სხვა მტკიცებულებები, მათ შორის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების მიმდინარეობა და მათი სისწორე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და მათ საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ბრალდებულმა კ----–----–---მ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.

 

სააპელაციო სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია კ----–----–--ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, კერძოდ:

 

მოწმე გ--------------–---–ის ჩვენებით უტყუარად დასტურდება კ----–----–--ის მიერ ავტომობილი „ტოიოტა-კოროლას“ დაუფლების ფაქტი. მოწმის ჩვენება მის მიერ მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებულ სრულ თანხვედრაშია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნასთან, რომლითაც დგინდება, რომ გ--------------–---–ს 2019 წლის 10 ივნისს, 17:54 საათზე აღენიშნებოდა ნაჭდევები სხეულზე. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ავტომობილს მართავდა გ--------------–---–ი და არა კ----–----–---, ვინაიდან, მოწმეები, ვ--------------ე და კ-----------ე სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებაში ასევე ადასტურებენ კ----–----–--ის მიერ ავტომობილის მართვის ფაქტს. გ--------------–---–ის ჩვენებას ასევე ამყარებს მოწმე მ--------–---------ის განმარტება პოლიციის ავტომანქანის გატაცების ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღებასთან დაკავშირებით, კერძოდ, მისი განცხადებით შეტყობინება მიიღო თავად გ--------------–---–ისგან 01:35 საათზე, რის საფუძველზეც შეადგინა ოქმი. ვ--------------ის ჩვენების თანახმად კი ავტომობილი „ტოიოტა კოროლა“, რომელსაც მართავდა კ----–----–---, მის მანქანას შეეჯახა 02:00 საათამდე დროის პერიოდში. შეჯახების შესახებ ინფორმაცია მან „112“-ის სამსახურს მიაწოდა 02:09 საათზე.

 

კ----–----–--ის მიერ ავტომანქანა ,,ფორდ ტრანზიტის“ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების მცდელობის ფაქტი დასტურდება მოწმეების ვ--------------ისა და კ-----------ის ჩვენებებით. მათი ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია ამოცნობის ოქმთან, ასევე ოდოროლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნასთან. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა არ შეიძლებოდა გამოეყენებინა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის საფუძვლად. ოდოროლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნით დგინდება, რომ .ავტომანქანა ,,ტოიოტა კოროლადან“ და ავტომანქანა ,,ფორდ ტრანზიტიდან“ ამოღებული სუნის კვლის ნიმუშები იდენტურია კ----–----–--ისაგან აღებული სუნის ნიმუშისა.

 

მოწმე ვ--------------ემ განმარტა, რომ კ----–----–---ს თავზე შავი ფერის მაისური ჰქონდა შემოხვეული. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №--------- დასკვნით დგინდება, რომ გზის მარჯვენა გვერდულზე ასფალტის ზედაპირიდან ამოღებულ შავი ფერის მაისურზე წარწერით: ,,NIKE’’ არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის კ----–----–---ს

 

დაცვის მხარის მითითებით, გამოძიება არასწორი მიმართულებით იქნა ჩატარებული და არასწორია მოწმე გ--------------–---–ის ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ლერმონტოვის ქ. # 26-ში. გამოძიებისას არ ამოღებულა სუპერმარკეტ „ჯიმარტის“ ვიდეოჩანაწერები, რომლიდანაც გამოჩნდებოდა შეუხვია თუ არა ავტომობილმა ამ ქუჩაზე, ასევე არ დაკითხულან აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლები. სააპელაციო პალატას სურს მიმოიხილოს დაცვის მხარის არგუმენტები შემთხვევის ადგილზე არსებული ვიდეოჩანაწერების და მოწმეების ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოუდგენლობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპების დაცვით და იმ ვითარებაში, როდესაც მხარე სასამართლოში ირჩევს მტკიცების ასეთ ფორმას, სააპელაციო პალატას უჩნდება იმის გონივრული მოლოდინი, რომ მხარე, როგორც მინიმუმ თავად შეეცდებოდა მისივე განმარტებით ასეთი წონადი მტკიცებულების მოპოვებას და წარმოდგენას და არ დარცებოდა მხოლოდ საპროცესო მოწინააღმდეგის კეთილსინდისიერების იმედად, რაც არ იქნებოდა მტკიცების ტვირტის შეცვლა და რასაც, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასადასტურდა, რომ კ----–----–---მ, 2019 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 01:37 საათზე, ქ. გორში, ლერმონტოვის ქ.№26-ის მიმდებარე ტერიტორიიდან, შსს გორის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსის მოადგილეს - გ--------------–---–ს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად გასტაცა მასზე განპიროვნებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული, დიდი ოდენობით - 41047 (ორმოცდაერთი ათას ორმოცდაშვიდი) ლარის ღირებულების სამსახურეობრივი „ტოიოტა კოროლას“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო №Q--------. კ----–----–--- 2019 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 01:50 საათზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 89-ე კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცდილობდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაუფლებოდა ვ--------------ის კუთვნილ „ფორდ ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსს, სახელმწიფო №----------, რის შედეგადაც ვ--------------ეს მიადგებოდა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ზიანი, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

 

მოცემულ შემთხვევაში გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 დეკემბრის განაჩენი გასაჩივრებულია დაცვის მხარის მიერ კ----–----–--ის მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით კრიმინალიზებულია ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება, რომელიც ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სსკ-ით განმტკიცებულ საკუთრების ხელშეუვალობის უფლებას. მისი ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება. ძარცვის აშკარა ხასიათი იმაში მდგომარეობს, რომ სხვისი ქონების ანგარებით დაუფლება ხდება თვალნათლივ. ამასთან, დამნაშავეს ცხადია გააზრებული უნდა ჰქონდეს მისი დანაშაულებრივი ქმედების მნიშვნელობა და მის მისაღწევად წინააღმდეგობის გადასალახად ძალადობის ხერხის გამოყენების შესაძლებლობა, რაც შეიძლება გამოიხატოს, როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ზემოქმედებაში. სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულია ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება - არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს - დიდი ოდენობა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით კი - მნიშვნელოვანი ზიანი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის 25-ე თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით, ხოლო დიდ ოდენობად ითვლება ნივთების ღირებულება 10 000 ლარის ზევით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის ითვალისწინებს პასუხისმგებლობას დანაშაულის მცდელობისთვის, კერძოდ, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მცდელობისათვის განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა დამთავრებული დანაშაულისათვის, ამ მუხლზე მითითებით.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა კ----–----–---მ, 2019 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 01:37 საათზე, ქ. გორში, ლერმონტოვის ქ.№26-ის მიმდებარე ტერიტორიიდან, შსს გორის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსის მოადგილეს - გ--------------–---–ს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად გასტაცა მასზე განპიროვნებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული, დიდი ოდენობით - 41047 (ორმოცდაერთი ათას ორმოცდაშვიდი) ლარის ღირებულების სამსახურეობრივი „ტოიოტა კოროლას“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო №Q--------, შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ „ე“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ნიშნები, რისთვისაც კ----–----–--- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი კ----–----–--- 2019 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 01:50 საათზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 89-ე კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცდილობდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაუფლებოდა ვ--------------ის კუთვნილ „ფორდ ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსს, სახელმწიფო №----------, რის შედეგადაც ვ--------------ეს მიადგებოდა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ზიანი, შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ძარცვის მცდელობის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ნიშნები, რისთვისაც კ----–----–--- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ კ----–----–---ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 დეკემბრის გამატყუნებელი განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი კვალიფიკაციის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

რაც შეეხება ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსაჯვრდებულისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან. ამასთან, არასრულწლოვან მსჯავრდებულთან მიმართებაში, სასამართლოს აგრეთვე ეკისრება ვალდებულება შეაფასოს და დაადგინოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი. ამდენად, სასამართლო სასჯელის სახისა და ზომის შერჩევისას ხელმძღვანელობს, როგორც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილ, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ პრინციპთა შესაბამისად და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით.

 

ბავშვის უფლებათა კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, კონვენციის მიზნებისთვის ბავშვად ითვლება 18 წლამდე ასაკის ყოველი ადამიანი, თუკი რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, ბავშვი უფრო ადრე არ აღწევს სრულწლოვანებას.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებული კ----–----–--- ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის დროს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენდა არასრულწლოვანს.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლს), რომლის თანახმადაც ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.

 

პეკინური წესები მიუთითებს, რომ 18 წლამდე პირს არ უნდა წაერთვას თავისუფლება, თუ ის არ არის ცნობილი დამნაშავედ სერიოზული ქმედების ჩადენაში სხვა პირის მიმართ ძალადობის გამოყენებით ან სხვა სერიოზული სამართალდარღვევების არაერთხელ ჩადენაში და არ არსებობს სხვა შესაბამისი ზემოქმედების ზომა.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მ-3 ნაწილის თანახმად, 16-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 1/4-ით მცირდება. ამასთანავე, საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 წელს.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კ----–----–--ისთვის სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა ქმედების ჩადენის მოტივი და მიზანი (დანაშაულები ჩადენილია სხვისი სატრანსპორტო საშუალებების გატაცების მიზნით), ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება (ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული), დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, ასევე ზიანის სახით დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, ის გარემოება, რომ მან დანაშაული არასრულწლოვნების პერიოდში ჩაიდინა და დანაშაულთა და განაჩენთა ერთოვლიობით დაგენილი წესით ისე განუსაზღვრა მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით იქნება ზომიერი სასჯელი და სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 დეკემბრის განაჩენი კ----–----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-----------–--ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ კ----–----–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის, ა-–------------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 დეკემბრის განაჩენი;

 

კ----–----–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით; საქართველოს სსკ-ის 19, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 07 წლის ვადით, რაც არასრულწლოვანათა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 წლისა და 03 თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 19, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 05 წლის ვადით, რაც არასრულწლოვანათა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 წლისა და 09 თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და კ----–----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 წლისა და 03 თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (თავისუფლების აღკვეთა 03 წლის ვადით) და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ----–----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 წლისა და 03 თვის ვადით.

კ----–----–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 10 ივნისიდან.

 

მსჯავრდებულ კ----–----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა - გაუქმებულია.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

„ტოიოტა კოროლას“ ფირმის ავტომანქანა, სახელმწიფო №Q--------, „ფორდ ტრანზიტის“ ფირმის ავტომანქანა, სახელმწიფო №O--------, ცხვირსახოცი, მაისური, საბურავზე მისაფარებელი, პლასტმასის საგანი, ხელთათმანები, ავტომანქანის სარკე ჩარჩოთი, „ტოიოტა კოროლას“ მარკის ა/მანქანის წინა მარცხენა და მარჯვენა სავარძლების შალითები - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს;

 

სუნის ნიმუშები, ანაწმენდების ნიმუშები, ანაბეჭდების ნიმუშები, მიკრონაწილაკების ნიმუშები,ნერწყვის ნიმუშები, განადგურდეს, ხოლო ვიდეოჩანაწრები, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ბესიკ ბუგიანიშვილი

 

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

 

მანუჩარ კაპანაძე