განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100119002888381
საქმე № 1ბ/349-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 მარტი, 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე: მაკა გველესიანი
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
გამართლებული - თ-------- ნ---–--–---–ი, დაბადებული 1----–-–-----------------ს, პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, განქორწინებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ–-----------------------------------;
კვალიფიკაცია:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
განაჩენის მიხედვით: თ-------- ნ---–--–---–ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ--------------–--ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით ითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა თ-------- ნ---–--–---–ის მიმართ, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ აღნიშნულ ბრალთან მიმართებით მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა გ---–- ფ-----მა სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, რომელიც ქმნიდა სასამართლოსთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი იქნა მტკიცებულებები, კერძოდ: თ-------- ნ---–--–---–მა როგორც გამოძიების, ასევე სასამართლო სხდომაზე თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სასამართლოში აჩვენა, რომ მის მიმართ არაერთხელ იქნა გამოწერილი შემაკავებელი ორდერი, ასევე გამოტანილ იქნა დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ. დღეის მდგომარეობით, მას და დაზარალებულს შორის არაჯანსაღი ურთიერთობაა და შვილს,რომლის გამოც თ-------- ნ---–--–---–ს დაზარალებულთან ჰქონდა მუდმივი კამათი, არც ნახულობს და ბავშვს ყურადღებას მხოლოდ მისი მშობლები აქცევენ. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ: ლ--–- ნ--------ი, გამომძიებლები-ხ------- ბ--------ე და რ---–---- ბ---–----ე. რაც შეეხება ირიბი მტკიცებულებების გამოყენების შესაძლებლობას, როგორიცაა შეტყობინება დანაშაულის შესახებ, დაზარლებულის განცხადება, 2019 წლის 6 მარტს გამოცემული შემაკავებელი ორდერი, 2018 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, მოწმეების-ლ--–- ნ--------ის, ხ------- ბ--------ის და რ---–---- ბ---–----ის ჩვენებებს, საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. აღნიშნულს უშვებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში (მაგალითად: ალ-ხავაჯა და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery) გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ), თუ არსებობს სათანადოდ გამაწონასწორებელი ფაქტორები. აპელანტს ასეთ დამაბალანსებელ ფაქტორად მიაჩია ის გარემოება, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა სწორედ ბრალდებულის დაცვის და მისი გადარჩენის ინტერესს ემსახურებოდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ თ-------- ნ---–--–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს და აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ მტკიცებულებათა სტანდარტს.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი.
წარდგენილი ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ-------- ნ---–--–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მასვე ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ-------- ნ---–--–---–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის აპრილიდან 2019 წლის მარტამდე დროის შუალედში, როდესაც გ---–- ფ-----ი იმყოფებოდა ქ----------––------------------–------------------------------–---------------- ბინაში, თ-------- ნ---–--–---–ი, ეჭვიანობის გამო, სატელეფონო ზარების და მოკლეტექსტური შეტყობინებების მეშვეობით, სისტემატური გინების და შეურაცხყოფის გზით ფსიქოლოგიურად ძალადობდა თავისი ყოფილი მეუღლის - გ---–- ფ-----ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა.
2019 წლის 4 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, როდესაც გ---–- ფ-----ი იმყოფებოდა ქ-----------––------------------–-----------------------------–---------------- ბინაში თ-------- ნ---–--–---–ი, ეჭვიანობის გამო, სიტყვიერი მუქარით ,,მოგკლავ“ სიცოცხლის მოსპობით დაეუმუქრა თავის ყოფილ მეუღლეს - გ---–- ფ-----ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანიშიში.
ე.ი. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ-------- ნ---–--–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლომ დაადგინა:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენით, თ-------- ნ---–--–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
ბრალდებულ თ-------- ნ---–--–---–ის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 4 წელია იცნობს გ---–- ფ-----ს, ხოლო 1 წელი და 6 თვეა ცხოვრობს მასთან ერთად, ერთ ოჯახად. თ-------- ნ---–--–---–ი არის სპორტსმენი და უწვეს ხშირად საზღვრგარეთ ყოფნა. გ---–- ფ-----თან თანაცხოვრების დროს ცხოვრობდნენ მცხეთაშიც და მარნეულშიც. გ---–- ფ-----ს სურდა, რომ მათი საერთო შვილი წაეყვანა საზღვრგარეთ. თ--------, იმ მიზეზით რომ ისინი საზღვარგარეთ მუდმივად არ დარჩენილიყვნენ, არ აძლევდა ნებართვას. თ-------- ნ---–--–---–მა განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერის გამოწერის თაობაზე, მისთვის ცნობილი არ იყო. როდესაც დააკავეს, გ---–-ს მისცა მინდობილობა. იგი ფინანსურად ეხმარება გ---–- ფ-----ს და ბავშვს. ხშირად არის საზღვარგარეთ და როდესაც ახერხებს ნახულობს შვილს.
დაზარალებულმა გ---–- ფ-----მა გამოიყენა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის - ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
მოწმე ლ--–- ნ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ თ-------- ნ---–--–---–ი და მისი შვილიშვილი გ---–- ფ-----ი იყვნენ დაქორწინებული და ცხოვრობდნენ მცხეთაში. მათ ჰყავთ საერთო შვილი. ბოლო პერიოდში კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ. ლ--–- ნ--------ის განცახდებით, მისი შვილიშვილი გ---–- ფ-----ი და თ-------- ნ---–--–---–ი ეჭვიანობის გამო ხშირად ჩხუბობდნენ. თუმცა გ---–-ს თხოვნით, მათ საქმეში არ ერეოდა. მოწმემ განმარტა, რომ მისთვის გ---–- ფ-----ს არ უთქვამს, რომ თ-------- ნ---–--–---–ი ემუქრებოდა. ლ--–- ნ--------მა განმარტა, რომ თ-------- ნ---–--–---–თან ჰქონდა კარგი ურთიერთობა და შიში, რომ რაიმე ცუდი მოხდებოდა არ ჰქონია.
მარნეულის რაიონული სამმართველოს გამომძიებელ ხ------- ბ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მას დაეწერა გ---–- ფ-----ის შეტყობინება, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. გამოკითხა გ---–- ფ-----ი, რომელიც იყო აღელვებული, ეშინოდა და საფრთხეს აღიქვავდა რეალურად. მას საგამოძიებო ორგანოსათვის ადრეც მიუმართავს, რაზეც იქნა გამოძიება დაწყებული და შემაკავებელი ორდერი გამოწერილი. აღნიშნული შემეკავებელი ორდერი თ-------- ნ---–--–---–მა დაარღვია. მის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ საქმეზე ფსიქიატიული ექსპერტიზა არ დაუნიშნავს.
მარნეულის რაიონული სამმართველოს გამომძიებელ რ---–---- ბ---–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან მცხეთაში თავის საცხოვრებელ სახლში დააკავა თ-------- ნ---–--–---–ი. მას დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია და განმარტა, რომ არის უდანაშაულო. რ---–---- ბ---–----ის მიერ გამოიკითხა ლ--–- ნ--------ი. გამოკითხვისას ლ--–- ნ--------მა განაცხადა, რომ მისთვის ცნობილი არაფერი არ არის. რ---–---- ბ---–----ემ დაზარალებული ნახა პოლიციაში. იგი იყო აღელვებლი და შეშინებული. დაზარალებულმა მოწმესთან საუბრისას განმარტა, რომ თ-------- ნ---–--–---–ი ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.
სასამართლო სხდომაზე, გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებები: შეტყობინება, 2019 წლის 25 მარტის დაკავების ოქმი, 2018 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება, შემაკავებელი ორდერის ოქმი N------ და საქმეში არებული სხვა მტკიცებულებები.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა პროკურორ მ--------------–--ის სააპელაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამართლებულ თ-------- ნ---–--–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
სააპელაციო პალატა იზიარებს ბოლნისის რაიონული სასამართლოს არგუმენტებს თ-------- ნ---–--–---–ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა თ-------- ნ---–--–---–ის მიერ ყოფილი მეუღლის-გ---–- ფ-----ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებს, კერძოდ:
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ქმედებაში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება), შედეგსა (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. „სისტემატური შეურაცხყოფა“ არის სისტემატურად სხვისი პატივისა და ღირსების დაკნინება სიტყვიერი ძალადობის მეშვეობით (გინება, სალანძღავი სიტყვებით ჩხუბი), განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. ძალადობის „სისტემატურობა“ დროის ახლო მონაკვეთში მის არაერთგზისობას გულისხმობს და მისი განსაზღვრისას არსებითია არა მოქმედების გამეორების მექანიკური ჯამი, არამედ შინაგანი კავშირი - განმეორების ტენდენცია. სუბიექტური მხრივ, განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო ბრალის ფორმის მიხედვით, იგი განზრახი დანაშაულია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისათვის, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
სააპელაციო პალატამ, გააანალიზა რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ სახელმწიფო ბრალდებას არ წარმოუდგენია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ თ-------- ნ---–--–---–მა ყოფილი მეუღლის-გ---–- ფ-----ის მიმართ განხორციელა ფსიქოლოგიური ძალადობა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და თ-------- ნ---–--–---–ის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ თ-------- ნ---–--–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ, სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა არცერთი პირდაპირი მოწმე და არ გამოკვლეულა არცერთი წერილობითი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა თ-------- ნ---–--–---–ის მიერ, 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის მარტამდე დროის შუალედში, ყოფილი მეუღლის - გ---–- ფ-----ის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფისა და დამცირების, ასევე 2019 წლის 4 მარტს დაზარალებულის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებს.
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული კატეგორიის დანაშაულთა სპეციფიკიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლე ობიექტურად ვერ იარსებებს. მოცემულ შემთხვევაშიც სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე პირების - გ---–- ფ-----ის და თ-------- ნ---–--–---–ის გარდა მათ კონფლიქტს სხვა პირი არ შესწრებია, შესაბამისად, ფაქტის უტყუარად დადასტურება შეუძლიათ მხოლოდ დაზარალებულს და თ-------- ნ---–--–---–ს. მოცემულ შემთხვევაში, როცა დაზარალებულმა - გ---–- ფ-----მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე, ხოლო თ-------- ნ---–--–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ასეთ ვითარებაში ობიექტურად საჭიროა სხვა დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც შექმნიან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას დადასტურებულად მიიჩნიოს ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა თ-------- ნ---–--–---–ის მიერ.
ასეთ ვითარებაში, როდესაც სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე პირები უარს აცხადებენ ჩვენების მიცემაზე, ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივარში თ-------- ნ---–--–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებებად მოიშველია განცხადება, შეტყობინება დანაშაულის თაობაზე, 2019 წლის 6 მარტს გამოცემული შემაკავებელი ორდერი და 2018 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი დაზარალებულის განცხადება და აღნიშნული შეტყობინება, რომელსაც ბრალდების მხარე მიიჩნევს თ-------- ნ---–--–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვერ ჩაანაცვლებს გ---–- ფ-----ის ჩვენებას, რამდენადაც იგი მხოლოდ განცხადება და შეტობინებაა, რომელიც გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გამხდარიყო და რომელშიც აღწერილი დანაშაულებრივი ფაქტების ნამდვილობა სწორედ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად უნდა გადამოწმებულიყო. მასში აღწერილი ფაქტების ნამდვილობა კი შესაბამისი მტკიცებულებების შეკრებით უნდა დადასტურებულიყო. რა შეეხება შემაკავებელი ორდერს, ის ეყრდნობა გამოკითხვისას დაზარალებულის მხრიდან მიწოდებულ ინფორმაციას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, შესაბამისად, დაზარალებულ გ---–- ფ-----ის მიერ გამოძიების ეტაპზე გავრცელებულ ინფორმაციას ვერ მიენიჭება წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა და სასამართლო ვერ მიიჩნევს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია უცილობლად უტყუარია. იგი უნდა გადამოწმდეს სხვა მტკიცებულებებით და მხოლოდ მათი ერთობლივი ანალიზის შედეგად უნდა დადგინდეს გ---–- ფ-----ის ნათქვამის ნამდვილობა.
მოცემულ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებით არ დგინდება გაუჩნდა თუ არა გ---–- ფ-----ს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამასთან, მოწმე, რომელსაც შეეძლო სასამართლოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, არის თავად დაზარალებული გ---–- ფ-----ი, რომელმაც სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება. შესაბამისად ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს არსებობდა თუ არა მუქარა და მისი შემადგენლობის ყველა ნიშანი, კერძოდ, თ-------- ნ---–--–---–ის მხრიდან გ---–- ფ-----ის მიმართ განხორციელდა თუ არა მუქარა და აღნიშნული აღიქვა თუ არა მან რეალურად და გაუჩნდა თუ არა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ბრალდების მხარეს თ-------- ნ---–--–---–ის ბრალეულობის დამადასტურებლად მოჰყავს მოწმეების - ლ--–- ნ--------ის, ხ------- ბ--------ის და რ---–---- ბ---–----ის ჩვენებები, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და ამდენად, არის ირიბი ხასიათის, რადგან მათ მიერ, სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები ეფუძნება დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. მათი ჩვენებები, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
საქართველოს უზენაესი სასამართლო არაერთ ანალოგიური კატეგორიის საქმეზე და მათ შორის 2020 წლის 21 თებერვლის №746 აპ-19 გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ ,,საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის პოზიციას განსაკუთრებულ შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების დასაშვებობის თაობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს რომ „37. ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობისა და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს“. ,,52. ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.“
საპელაციო პალატა ვერ გაიზარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ მოცემულ საქმეში არსებულ ირიბ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისი იყო თ-------- ნ---–--–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარდით ადასტურებდა თ-------- ნ---–--–---–ის ბრალეულობას. მხოლოდ ირიბი მტკიცებულებები კი, როგორც არასაკმარისი საფუძველი, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს პირის მსჯავრდებისათვის. საქმეში არ მოიპოვება არანაირი სხვა პირდაპირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ თ-------- ნ---–--–---–მა ჩაიდინა ფსიქოლოგიური ძალადობა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა ყოფილი მეუღლის გ---–- ფ-----ის მიმართ, არც თავად დაზარალებულს და არც სხვა პირებს სასამართლოსათვის ასეთი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს იმ ლოგიკურ მტკიცებულებათა ჯაჭვი, რომელიც იძლევა საფუძველს, რომ თ-------- ნ---–--–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ყოფილი მეუღლის-გ---–- ფ-----ის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დანაშაულად დადასტურებულად ჩაითვალოს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,Tanişand Others v. Turkey" (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.
მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება თ-------- ნ---–--–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, ვინაიდან, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის ასეთი დასკვნა წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ თ-------- ნ---–--–---–მა განახორციელა ფსიქოლოგიური ძალადობა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა ყოფილი მეუღლის-გ---–- ფ-----ის მიმართ.
პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, პალატას მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ შეძლო საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების მოპოვება იმისათვის, რომ ბრალდებულის ბრალეულობა არ იყოს დამოკიდებული მთლიანად ან უმეტესწილად დაზარალებულის მამხილებელ ჩვენებაზე, ხოლო საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ--------------–--ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ--------------–--ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
თ-------- ნ---–--–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
თ-------- ნ---–--–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111 ,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
ცნობად იქნეს მიღებული, რომ თ-------- ნ---–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია;
თ-------- ნ---–--–---–ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გველესიანი