განაჩენი

სისხლის სამართლის 23.03.2020
საქმის ნომერი
330100119003356461
ინსტანცია
თარიღი
23.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003356461

1ბ/381-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 მარტი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული - გ------- ბ---------, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N6----------, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ--------------–-------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------------–-----–----------------------ში.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი) - ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

სასჯელი:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 17-20 ნოემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 27 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელი ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ გ------- ბ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელი ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 29 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ ჭურღულიამ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 29 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულ გ------- ბ---------ს მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმების თვალსაზრისით, შემდეგ გარემოებათა გამო: მიუხედავად მისია რომ სასამართლოს სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და გ------- ბ---------ს მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, მსჯავრდებულის მიმართ არათანაზომიერი სასჯელი გამოიყენა. დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს იმგვარი სახისა და ზომის სასჯელი, რომელსაც ექნება შემაკავებელი ეფექტი და მსჯავრდებულს განმეორებით აღარ წარმოეშობა სურვილი განახორციელოს ძალადობა ოჯახის წევრის მიმართ. ამდენად ბრალდების მხარის მოსაზრებით დანიშნული სასჯელი იმ პირობებში როდესაც პირის მიერ ჩადენილია განზრახი ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, დანიშნული სასჯელი არათუ ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, არამედ წამახალისებელიც კი იქნება მსჯავრდებულისთვის ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩასადენად. სახელმწიფო ბრალდება ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო მექანიზმებზე, რომლებიც სახელმწიფოს მოუწოდებენ განახორციელონ რიგი ღონისძიებები, რათა ქალთა მიმართ ძალადობა სათანადოდ იყოს პასუხგაცემული. აპელანტს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სრულად არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მსგავსი ხასიათის დანაშაულის შედეგად წარმოქმნილი პოტენციური საფრთხე. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის წინააღმდეგ სამართლიანი და სასჯელის მიზნების ადეკვატური ღონისძიებების გაუტარებლობა და მსგავსი დანაშაულის მიმართ სახელმწიფოს შემწყნარებლური დამოკიდებულება მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნება გამართლებული, რადგან გენერალური პრევენციული მექანიზმის ეფექტურობა მინიმუმამდე იქნება შემცირებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი ითხოვს გ------- ბ---------ს სასჯელი დაენიშნოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ მსჯავრდებულის გ------- ბ---------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ------- კ-------–---–მა წარადგინა შესაგებელი და გ------- ბ---------ს მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვება და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

სასამართლომ დაადგინა:

გ------- ბ---------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 17 ნოემბერს, გ------- ბ---------ს მიმართ გამოწერილი იქნა №0----- შემაკავებელი ორდერი. გ------- ბ---------ს ერთი თვის ვადით აეკრძალა მსხვერპლთან, ყოფილ მეუღლესთან – თ----- ე-–-–---–თან, მის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც თ----- ე-–-–---–ი შეიძლება იმყოფებოდა, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშულებების გამოყენებით.

 

მიუხედავად აღნიშნულისა, გ------- ბ---------მ 2019 წლის 17 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით, დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, ამ პერიოდის განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად მიდიოდა თ---–--–------------------–------------–ში მდებარე თ----- ე-–-–---–ის საცხოვრებელ სახლში, ასევე მობილურ ტელეფონზე უგზავნიდა მოკლეტექსტურ შეტყობინებებს.

 

გ------- ბ--------- 2019 წლის 27 ნოემბერს, 10:50 საათზე, მივიდა თ---–--–------------------–------------–ში მდებარე თ----- ე-–-–---–ის საცხოვრებელ სახლთან, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 29 იანვრის განაჩენით, გ------- ბ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 17-20 ნოემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 27 ნოემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით. მასვე საქართველოს სსკ–ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა - ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მეორე ეპიზოდისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა პირველი ეპიზოდისთვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ გ------- ბ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელი ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ------- ბ---------ს ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ გ------- ბ---------ს ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ თ----- ე-–-–---–ის, მოწმეების ზ------ მ-----ს, ა---------– დ---–-ს, ს------ ე-–-–---–ის, ხ------- კ---------–-ს, ი-----–- დ--------ის, პ----- ჩ--------–-–---–ის, ნ-----–-- გ-----ს გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, №0----- შემაკავებელი ორდერით და თავად მსჯავრდებულ გ------- ბ---------ს აღიარებითი ონფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, მსჯავრდებულ გ------- ბ---------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ------- ბ---------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

გ------- ბ---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა - ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენაა.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი გ------- ბ---------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა, იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.

 

სააპელაციო პალატა, ვერ გაიზიარებს აპელანტის მოთხოვნას პირობითი მსჯავრის გამოყენებაზე უარის თქმის და სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დანიშვნის თაობაზე, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას სრულად იქნა გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ და მსჯავრდებულ გ------- ბ---------ს დაენიშნა სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრის სახის სასჯელის მაქსიმალური ზომა. ასევე გათვალისწინებული იქნა, რომ გ------- ბ---------ს მიერ ჩადენილი დანაშაული წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და ყოველივეს გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი ჩაუთვალა პირობით. პალატას მიაჩნია რომ მსჯავრდებულ გ------- ბ---------ს მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულიად საკმარისია მსჯავრდებულზე ზემოქმედების მოსახდენად, რომ მას გაუჩნდეს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა და უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელება, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ჭურღულიას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 29 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ჭურღულიას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 29 იანვრის განაჩენი გ------- ბ---------ს მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

გ------- ბ--------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 17-20 ნოემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 27 ნოემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით. მასვე საქართველოს სსკ–ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ გ------- ბ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელი ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მსჯავრდებულ გ------- ბ---------ს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დროის პერიოდი - 2019 წლის 27 ნოემბრიდან, 2020 წლის 29 იანვრის ჩათვლით და 2019 წლის 21 ნოემბრიდან 2019 წლის 25 ნოემბრამდე პერიოდი.

 

მსჯავრდებულ გ------- ბ---------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გირაო გაუქმებულია. გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

მსჯავრდებული გ------- ბ---------ს, საქართველოს სსკ–ის 65-ე მუხლის საფუძველზე, ვალდებულია და სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. საქართველოს სსკ–ის 66-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ------- ბ---------ს მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები:

 

ელექტრონული დისკი – შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

შემთხვვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ბეტონის ნატეხი – განადგურდეს;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დაზიანებული კაბა, შარვალი და მობილური ტელეფონი – დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ჯორბენაძე