განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100120003451203
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
საქმე №1ბ/435-20 6 აპრილი, 2020 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: ვეფხია ლომიძე
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: ჰ----------ა ს----------ი, დაბადებული 1----–-–---------–-სს, ი----------–-----------------–--ის მოქალაქე, რეგისტრაციის ადგილი - ი----------–-----------------–--ა, ქალაქი არაქი. ფაქტობრივად მცხოვრები: ი----------–-----------------–--ა, ქ.ისპაჰანში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 25 თებერვლის განაჩენით:
ჰ----------ა ს----------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ჰ----------ა ს----------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჰ----------ა ს----------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2019 წლის 26 დეკემბრიდან 2020 წლის 25 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით ჰ----------ა ს----------ს დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდა და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ჰ----------ა ს----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 25 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორმა ა----------ემ და მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა - მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრება.
დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სისხლის სამართლის საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში შემოვიდა 2020 წლის 16 მარტს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 მარტის განჩინებით ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორის ა----------ის სააპელაციო საჩივარი დაშვებული იქნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განსახილველად.
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 26 დეკემბერს, 19:30 სათზე ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებული იქნა ი----------–-----------------–--ის მოქალაქე ჰ----------ა ს----------ი (H-------A S-------), რომელმაც ანგარებითა და სხვა პირადი მოტივით მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტები: ორმაგი მოქალაქის - ფ------- ფ-–--ს (F----- P-----I) სახელზე (პირადი ნომერი 0---------6) გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტი N1-------- და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა 1--------;
2019 წლის 26 დეკემბერს, 19:30 საათზე ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებული იქნა ი----------–-----------------–--ის მოქალაქე ჰ----------ა ს----------ი (H-------A S-------), რომელმაც გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ ინახავდა ორმაგი მოქალაქის ფ-–--ს (F----- P-----I) სახელზე (პირადი ნომერი 0---------6) გაცემული საქართველოს მოქალაქის N1-------- პასპორტს, რომლის 48-ე გვერდზე დატანილია საქართველოდან გასვლის აღმნიშვნელი თარიღ-დამღა მაშინ, როცა ფ------- ფ-–--ს 2019 წლის 26 დეკემბერს არ დაუტოვებია საქართველოს სახემწიფო საზღვარი.
აღწერილი ქმედებებით ჰ----------ა ს----------მა ჩაიდინა:
დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება, ჩადენილი ანგარებით და სხვა პირადი მოტივით - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა და შენახვა გასაღების მიზნით - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ჰ----------ა ს----------ის მიერ აღწერილი დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: ბრალდებულის სახით ს----------ი ჰ----------ას დაკავების, პირადი ჩხრეკის, ამოღების ოქმებით, ჰ----------ა ს----------ის და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის 1----- დასკვნით, დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის NN 1-------- და 1-------- დასკვნებით, ნივთმტკიცებით და და ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მათ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ჰ----------ა ს----------ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება. იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ჰ----------ა ს----------მა ჩაიდინა დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება, ჩადენილი ანგარებით და სხვა პირადი მოტივით - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა და შენახვა გასაღების მიზნით - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ჰ----------ა ს----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
ჰ----------ა ს----------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიადუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის მიზნების მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნას დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას უნდა აქცევდეს კანონისმიერ მოთხოვნებს და ითვალისწინებდეს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე დამნაშავის პიროვნებას, მის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, მის ყოფაქცევას დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, შეურიგდეს დაზარალებულს.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 25 თებერვლის განაჩენით ჰ----------ა ს----------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანიშნული საბოლოო სასჯელი - ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით 5000 (ხუთი ათას) ლარამდე შეუმცირდა, პასუხობს სასჯელის დანიშვნის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპს, ადეკვატურია დამნაშავის რესოციალიზაციისთვის, შეესაბამება სასჯელის გამოყენების ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებს, რომლებზეც მითითებულია საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლში.
ამავე საფუძვლებზე მითითებით პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტს, რომ ჰ----------ა ს----------ისათვის დანიშნული სასჯელი ლმობიერია, რომ თითქოს იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ პრინციპებს. პალატა კვლავ მიუთითებს იმაზე, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით არ დგინდება დამამძიმებელი გარემოებების არსებობა. მსჯავრედბულმა ღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. აღნიშნული კი მიუთითებს მის მიმართ გამოყენებული სასჯელის პროპორციულობასა და ეფექტურობაზე.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში ქმედების ფაქტობრივი გარემოების აღწერისას ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულის ქცევის მომეტებულ საფრთხეზე და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და ასეთი დანაშაულის აღკვეთისთვის სასჯელის სახედ ჯარიმის დანიშვნით დაცული ვერ იქნება სახელმწიფოში მომეტებული საჯარო თუ სახელმწიფოებრივი ინტერესები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ პალატა მიუთითებს, რომ ჰ----------ა ს----------ის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაულები, რომელთა სანქციებითაც თავისუფლების აღკვეთასთან ერთად განსაზღვრულია სხვა ალტერნატიული სასჯელებიც. ამით სასამართლოს საშუალება ეძლევა, სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდგომ, მისი დამოკიდებულება თავისი ქმედების მიმართ და ისე დანიშნოს სასჯელი. კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულიად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, მსჯავრდებულ ჰ----------ა ს----------ის მიმართ გამოიყენოს აღნიშნული რეგულაციით მინიჭებული უფლებამოსილება. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებები გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების გამოყენებისას და, ცხადია, სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტის დროს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ს----------ი ჰ----------ას აღნიშნული მუხლების სანქციებით გათვალისწინებული ალტერნატიული სასჯელებიდან ერთ-ერთი - ჯარიმა განუსაზღვრა. პალატის აზრით დანიშნული სასჯელი არ არის ლმობიერი, როგორც ამას ბრალდების მხარე მიუთითებს. აპელანტის მოსაზრება ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით საფუძველს მოკლებულია. სახეზე არ არის მომეტებული საფრთხე ინკრიმინირებული ქმედების მომავალშიც განმეორებისა და, აქედან გამომდინარე, დანაშაულის პრევენციის მიზნის მისაღწევად აუცილებელი არ არის უფრო მძიმე სასჯელის გამოყენება - პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მიჩნეული უნდა იქნას ჩადენილი დანაშაულის ქმედების პროპორციულად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ჰ----------ა ს----------ისათვის დანიშნული სასჯელის სახეს, ზომას და მისი მოხდის ფორმას სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი. პალატის აზრით, დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. მსჯავრდებულ ჰ----------ა ს----------ისათვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაული და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაულები, სასჯელის მიზნების მიღწევისათვის არ წარმოადგენს საჭიროებას მსჯავრდებულისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის გამკაცრება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 25 თებერვლის განაჩენი ჰ----------ა ს----------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორის ა----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 25 თებერვლის განაჩენი ჰ----------ა ს----------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ჰ----------ა ს----------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ჰ----------ა ს----------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა - ჯარიმამ 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჰ----------ა ს----------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2019 წლის 26 დეკემბრიდან 2020 წლის 25 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ჰ----------ა ს----------ს დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდეს და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ჰ----------ა ს----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულება:
ორმაგი მოქალაქის ფ------- ფ-–--ს (F----- P-----I) (პირადი ნომერი 0---------6) სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის N1-------- პასპორტი, ჰ----------ა ს----------ის სახელზე გაცემული ჩასხდომის ბარათი და ელექტრონული ბილეთი, რომელიც ინახება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ორმაგი მოქალაქის ფ------- ფ-–--ს (F----- P-----I) (პირადი ნომერი 0---------6) სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა N1--------, გ------ი თ--------–---–ის კუთვნილი საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი, ჰ----------ა ს----------ის (H-------A S-------) სახელზე შევსებული ი----------–-----------------–--ის მოქალაქის N1------- პასპორტი და ჰ----------ა ს----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, რომლებიც ინახება საპატრულო პოლიციის ქ. თბილისის საგამოძიებო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. ლომიძე