დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 20.03.2026
საქმის ნომერი
ბს-483(2კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-483(2კ-25) 20 მარტი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),გიორგი მიქაუტაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ი. თ-ი

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - მატერიალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ი. თ-იმ 2021 წლის 14 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს (შემდგომში - პროფესიული განვითარების საბჭო) მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ რეპროდუქტოლოგიის საექიმო საქმიანობის უფლების გაუქმებასთან დაკავშირებით, 2013 წლის 15 მარტის №3 სხდომის ოქმის გადაწყვეტილებით გამოცემული აქტის საფუძველზე, შპს „ბ...“ ცენტრის 15.07.2012 წელს გაფორმებული „სამედიცინო (სამეანო) მომსახურების ხელშეკრულების“ ვადამდე, 16 თვით ადრე, იძულებით შეწყვეტისათვის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელფასის მიუღებლობისათვის, მიყენებული ზიანის ანაზღაურება - 160 000 აშშ დოლარის ოდენობითა და 2013 წლის 15 მარტის №3 და 2015 წლის 06 ნოემბრის №8 სხდომის ოქმებით გამოცემული აქტების შედეგად პროფესიული შრომითი საქმიანობის აკრძალვის გამო მიყენებული ზიანის, 2014 წლის 15 ივლისიდან - 2021 წლის 01 თებერვლამდე, მიუღებელი შემოსავლის სახით ანაზღაურება, ამ ხნის განმავლობაში კვალიფიკაციის ექიმ რეპროდუქტოლოგის თვიური ხელფასიდან გამომდინარე 1 436 000 ლარის ოდენობით.

სარჩელის თანახმად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ი. თ-ი, როგორც მოწვეული სპეციალისტი, „სამედიცინო (საექიმო) მომსახურების ხელშეკრულების“ საფუძველზე დასაქმებული იყო საქართველოში, შპს „ბ...ში“, ...ის თანამდებობაზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2012 წლის 15 ივლისიდან 2014 წლის 15 ივლისამდე. დასაქმებულის ყოველთვიური ანაზღაურება იყო 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, რაც არ მოიცავდა გადასახადებს.

ხელშეკრულების გაფორმებამდე დამსაქმებელმა, შპს „ბ...ის“ ხელმძღვანელმა 17.02.2012წ. №19 წერილით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს, რომლითაც მოითხოვა საქართველოში მოწვეული სპეციალისტის, ი. თ-ისათვის საქართველოში საექიმო საქმიანობის ნებართვის მინიჭება რეპროდუქტოლოგიის სპეციალიზაციით. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 14.03.2012წ. №02/14273 შეტყობინებით ეცნობათ, რომ ი. თ-ის ...ის სპეციალობაში, 6 თვის ვადით მიენიჭა დროებითი საექიმო საქმიანობის უფლება. შემდგომში საწარმოს მოთხოვნის საფუძველზე, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 29.11.2012წ. №02/73921 შეტყობინებით ი. თ-ის კვლავ გაუგრძელდა საექიმო საქმიანობის უფლება ...აში 6 თვის ვადით.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2013 წლის 15 მარტის №3 სხდომის ოქმის დადგენილებით, ი. თ-ის გაუუქმდა დროებითი საქმიანობის უფლება ...ის სპეციალობაში. აღნიშნულის საფუძველზე მოსარჩელე იძულებული გახდა, დასაქმებულ მხარესთან შეთანხმებით, ვადაზე ადრე შეეწყვიტა 15.07.2012წ. გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება, რითაც მას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა მიუღებელი შემოსავლის სახით.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2013 წლის 15 მარტის №3 გადაწყვეტილება ი. თ-ის მიერ გასაჩივრდა სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 25.02.2014წ. გადაწყვეტილებით ი. თ-ის სარჩელი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა პროფესიული განვითარების საბჭოს 15.03.2013წ. №3 საოქმო გადაწყვეტილება და მასვე დაევალა საქმის მასალების გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემული 06.11.2015წ. №8 გადაწყვეტილებით შედეგი იგივე დარჩა, რაც კვლავ გასაჩივრდა სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 29.09.2017წ. გადაწყვეტილებით ი. თ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი პროფესიული განვითარების საბჭოს 06.11.2015წ. №8 გადაწყვეტილება და მასვე დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, პროფესიული განვითარების საბჭომ 2021 წლის 29 იანვარს გამართა №2 სხდომა, რომლითაც გადაწყდა, რომ ი. თ-ის ქმედებაში იკვეთებოდა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის (წერილობითი გაფრთხილება) საფუძველი, თუმცა ვინაიდან დარღვევიდან გასული იყო 5 წელზე მეტი, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75.6 მუხლის საფუძველზე, პროფესიული პასუხისმგებლობის ზომა არ განესაზღვრა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2013 წლის 15 მარტისა და 2015 წლის 06 ნოემბრის უკანონო გადაწყვეტილებების საფუძველზე მიადგა ზიანი, საექიმო საქმიანობის უკანონო შეჩერებიდან გამომდინარე მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხორციელებია საექიმო საქმიანობა, შესაბამისად, არსებობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოსთვის ი. თ-ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ი. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ შრომითი ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი გახდა მოსარჩელის პირადი განცხადება და არა ის გარემოება, რომ მას ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის გაგრძელების უფლება აღარ ჰქონდა, რადგან, მართალია, პროფესიული განვითარების საბჭოს 15.03.2013წ. №3 გადაწყვეტილებით გაუუქმდა დროებითი საქმიანობის უფლება სპეციალობაში - ..., მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებით შეჩერდა მისი მოქმედება, ანუ მოსარჩელის საქმიანობის უფლება აღუდგა მისი მოქმედების ვადით, 2013 წლის 19 აპრილის ჩათვლით. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, არ არსებობდა ი. თ-ისთვის ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ი. თ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. თ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს ი. თ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 11 333 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდა; დანარჩენ ნაწილში ი. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ი. თ-ის მიერ პროფესიული საქმიანობის 2013 წლის 19 აპრილამდე გაგრძელების შეუძლებლობა გამოწვეული იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკანონო აქტების გამოცემით, რაც დადასტურდა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 02.02.2021წ. №02/972 წერილით, რომლის თანახმადაც, ი. თ-ის ქმედებაში იკვეთებოდა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის („წერილობითი გაფრთხილება“) და არა დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების გაუქმების საფუძველი, შესაბამისად, რომ არა სასამართლოს მიერ უკანონოდ მიჩნეული პროფესიული განვითარების საბჭოს 15.03.2013წ. და 06.11.2015წ. გადაწყვეტილებები, ი. თ-ის ექნებოდა შესაძლებლობა გაეგრძელებინა საქმიანობა პროფესიული განვითარების საბჭოს 19.10.2012წ. გადაწყვეტილების ფარგლებში, 19.04.2013 წლამდე, რაც, თავის მხრივ, ქმნიდა ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს. რაც შეეხება ი. თ-ის განცხადების საფუძველზე შპს „ბ...ის“ სამედიცინო კოორდინატორისა და ...ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მითითებაზე, პალატამ დასაბუთებულად მიიჩნია ი. თ-ის მოსაზრება, რომ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების საფუძველი იყო პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მას აღარ შეეძლო გაეგრძელებინა პროფესიული საქმიანობის განხორციელება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა ი. თ-ისთვის 2013 წლის 15 მარტიდან 2013 წლის 19 აპრილამდე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საფუძვლები; დანარჩენ პერიოდთან დაკავშირებით კი პალატამ აღნიშნა, რომ რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა პროფესიული განვითარების საბჭოს 19.10.2012წ. №6 საოქმო გადაწყვეტილებით გაცემული დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების ვადის ამოწურვის შემდეგ, მის სახელზე გაიცემოდა ახალი ნებართვა, საქმეში წარდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, რაიმე დაპირება/გარანტია ადმინისტრაციული ორგანოსგან, რომ მის სახელზე კვლავ გაიცემოდა ნებართვა, აპელანტს არ მიუთითებია, მეტადრე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა დროებითი საქმიანობის უფლების მინიჭებაზე სპეციალობაში „...“, რაც სადავოდ არ გაუხდია.

სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია ი. თ-ის მოთხოვნა 15.03.2013წ. №3 სხდომის ოქმითა და 06.11.2015წ. №8 სხდომის ოქმით გამოცემული აქტების შედეგად პროფესიული შრომითი საქმიანობის აკრძალვის გამო მიყენებული ზიანის, 2014 წლის 15 ივლისიდან - 2021 წლის 01 თებერვლამდე, ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით. პალატამ განმარტა, რომ აპელანტის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ზემოხსენებული აქტების საფუძველზე მას შეექმნა პრობლემა დასაქმებულიყო წარმოშობის ქვეყანაში. აღნიშნულთან დაკავშირებით ყურადღება გაამახვილა ი. თ-ის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტებზე, რომელთა თანახმად, 2013 წლის იანვარში, თებერვალში, ივნისში, ივლისში, დეკემბერში, 2014 წლის იანვარში, თებერვალში, დეკემბერში და 2015 წლის თებერვალში, მოსარჩელე იღებდა უნივერსიტეტის, ადმინისტრაციული მოვალეობისა და განვითარების შემწეობასა და სხვა კომპენსაციებს. პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული თანხების მიღება გავლენას არ ახდენდა ზიანის სახით განსაზღვრული თანხის ოდენობაზე, რადგან თანხების ჩარიცხვა ფიქსირდებოდა, როგორც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ისე იმ დროს, როდესაც ი. თ-ი გათავისუფლებული იყო სამსახურიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოსა და ი. თ-ის მიერ.

კასატორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს, წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითებით აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დროებითი საქმიანობის უფლების მინიჭება ხდება პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ განსაზღვრული ვადის მითითებით, რაც განსახილველ შემთხვევაში 12 თვეს წარმოადგენდა და ყოველი შემდგომი უფლების მინიჭება საბჭოს დისკრეციული უფლებაა, შესაბამისად, ი. თ-ისთვის არ შეიძლება წინასწარ ყოფილიყო ცნობილი, რომ მას უპირობოდ მისცემდნენ დროებითი საექიმო საქმიანობის განხორციელების უფლებას და ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე შეასრულებდა მისთვის ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს. ამდენად, დაუსაბუთებელია მოსაზრება, რომ ი. თ-ის მიერ შემოსავლის მიუღებლობა გამოწვეული იყო პროფესიული განვითარების საბჭოს ბრალეული ქმედებით.

ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომ პროფესიული განვითარების საბჭოს 15.03.2013წ. №3 გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შედეგად სადავო აქტის მოქმედება შეჩერებული იყო, შესაბამისად, მხარეს ჰქონდა უფლება კანონიერად ემუშავა იმ ვადით, რა ვადითაც ჰქონდა მას მინიჭებული დროებითი საექიმო საქმიანობა (19.10.2012წ.-19.04.2013წ.). ი. თ-იმ პირადი განცხადებით მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა და არა იმის გამო, რომ მის მიმართ პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ დადგა პროფესიული პასუხისმგებლობა.

სააპელაციო პალატამ ასევე არასწორად დაადგინა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს 15.03.2013წ. №3 და 06.11.2015წ. №8 გადაწყვეტილებები იყო უკანონო, რამდენადაც საქმეში არ იყო დაცული არც ერთი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა ადმინისტრაციული ორგანოს აქტების უკანონობაზე. საქმეში დაცულია მხოლოდ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, რომლითაც უდავოდ დადგენილია, რომ პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებები სადავო საკითხის გადაუწყვეტლად იქნა ბათილად ცნობილი და ადმინისტრაციულ ორგანოს ხელახლა დაევალა საკითხზე მსჯელობა, აღნიშნული კი მიუთითებს, რომ სასამართლოს აქტი არ უცვნია უკანონოდ ან დაუსაბუთებლად, გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საკითხი საჭიროებდა განმეორებით შესწავლას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში იყო დაუსაბუთებელი, რის გამოც ი. თ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო სრულად.

კასატორის, ი. თ-ის, წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს აქტებით, ი. თ-ის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის გამოყენებული ადმინისტრაციული სახდელი დროებითი სამედიცინო საქმიანობის უფლების გაუქმების ნაწილში 15.03.2013წ. №3 და 06.11.2015წ. №8 სხდომის ოქმებით შეფარდებული იქნა ერთი და იმავე ადმინისტრაციული დარღვევისთვის, რომელიც წარიმართა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის, მე-4, მე-5, მე-7, მე-13, 95-ე, 97-ე, 98-ე და მე-100 მუხლების სრული იგნორირებით, რაც დადასტურებულია სასამართლოს 25.02.2014წ. და 29.09.2017წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით.

პროფესიული განვითარების საბჭომ, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მოსარჩელე მხარის შეტყობინებით მოწვევისა და მონაწილეობის გარეშე, კვლავ განიხილა ი. თ-ის ჩადენილი ქმედების საკითხი 29.01.2021წ. №2 სხდომაზე და აღნიშნა, რომ მოწვეული სპეციალისტის ქმედებაში იკვეთებოდა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის, წერილობითი გაფრთხილების, საფუძველი, მაგრამ, ვინაიდან ამავე კანონის 75-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დამოუკიდებელი საქმიანობის სუბიექტს არ მიეცემა ამ კანონით გათვალისწინებული გაფრთხილება დარღვევიდან 5 წლის შემდეგ, საბჭოს მიერ ექიმ ი. თ-ის პროფესიული პასუხისმგებლობის ზომა წერილობითი გაფრთხილება არ განესაზღვრა.

ამდენად, მოსარჩელეს რაიმე პასუხისმგებლობის ზომა მის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით არ შეფარდებია და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოცემული უკანონო ადმინისტრაციული აქტების საფუძველზე იძულების წესით დაკარგა სამუშაო შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული 16 თვით ადრე და შემდგომ პერიოდშიც დამსაქმებლის მხრიდან, მიუხედავად არაერთგზის მიმართვისა მოპასუხე მხარისადმი, ი. თ-ისთვის საექიმო საქმიანობის ნებართვის გაცემა არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ მან ჩაიდინა სადავოდ მიჩნეული ქმედება, რომელიც შემდგომ თავადვე აღიარა პროფესიული განვითარების საბჭომ, რომ არ ითვალისწინებდა პასუხისმგებლობის მსგავს სახეს. შესაბამისად, მოპასუხე ორგანოს უკანონო ქმედების შედეგად მოსარჩელემ დაკარგა სამსახური და შემოსავალი მისაღები ხელფასის სახით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 აგვისტოს განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ი. თ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოსა და ი. თ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მხრიდან განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით თავისი სამსახურებრივ მოვალეობის დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. აღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, ცალსახად დგინდება, რომ ზიანის ანაზღაურების დასაკისრებლად უნდა არსებობდეს სათანადო მტკიცებულებით დადასტურებული, სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და უკანონო ქმედების შედეგადაც სახეზე უნდა იყოს მიყენებული ზიანი.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო მოქმედებაზე მითითებით, ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში შესაფასებელია ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელის კანონიერი უფლების ხელყოფისა და შესაბამისად უკანონო ქმედებით გამოწვეული მატერიალური ზიანის ანაზღაურების საკითხი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა ზიანის ლეგალურ დეფინიციას არ იცნობს, თუმცა ზიანის ცნებაში მოიაზრება პირის სამართლებრივად დაცულ სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები. ზოგადად, ვალდებულების დარღვევა (უკანონო მმართველობითი ღონისძიება) სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის საფუძველია, რომელიც იურიდიული პასუხისმგებლობის სახეა. მნიშვნელოვანია, რომ პირს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები.

საქმეში დაცული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 19.10.2012წ. №6 საოქმო გადაწყვეტილებით, თურქეთიდან მოწვეულ სპეციალისტს - ი. თ-ის, სპეციალობაში - „...“, 06 თვის ვადით მიენიჭა დროებითი საექიმო საქმიანობის უფლება შპს „ბ...“ ცენტრში.

პროფესიული განვითარების საბჭოს 15.03.2013წ. №3 გადაწყვეტილებით ი. თ-ის გაუუქმდა დროებითი საექიმო საქმიანობის უფლება. აღნიშნული აქტი სასამართლოში გასაჩივრდა ი. თ-ის მიერ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.02.2014წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ი. თ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სადავო აქტი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

პროფესიული განვითარების საბჭოს 06.11.2015წ. №8 გადაწყვეტილებით ი. თ-ის დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების განხორციელება კვლავ გააუქმდა. აღნიშნული ისევ გასაჩივრდა სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.09.2017წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ი. თ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სადავო აქტი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ დაადგინა (02.02.2021წ. №02/972 წერილი), რომ მოწვეული სპეციალისტის - ი. თ-ის ქმედებაში იკვეთებოდა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის (წერილობითი გაფრთხილება) საფუძველი, ხოლო ამავე კანონის 75-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს არ მიეცემა ამ კანონით გათვალისწინებული წერილობითი გაფრთხილება, დარღვევიდან 5 წლის შემდეგ. შესაბამისად, პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ ი. თ-ის პროფესიული პასუხისმგებლობის ზომა - წერილობითი გაფრთხილება არ განესაზღვრა.

დადგენილია, რომ შპს „ბ...სა“ და ი. თ-ის შორის 2012 წლის 15 ივლისს 2014 წლის 15 ივლისამდე დაიდო „სამედიცინო (საექიმო) მომსახურების და სამუშაო ხელშეკრულება“. ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, დასაქმებულის ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.

ი. თ-იმ 2013 წლის 21 მარტს განცხადებით მიმართა შპს „ბ...ის“ დირექტორს, რომლითაც მოითხოვა შრომითი ხელშეკრულების 2013 წლის 21 მარტიდან შეწყვეტა. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მიუთითა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 19.03.2013წ. №02/22353 წერილი, რომლითაც ი. თ-ის ეცნობა, რომ საქართველოში შეუჩერდა სამედიცინო საქმიანობის ნებართვა.

შპს „ბ...ის“ დირექტორის 21.03.2013წ. ბრძანებით ი. თ-ი გათავისუფლდა შპს „ბ...ის“ სამედიცინო კოორდინატორისა და ...ის თანამდებობიდან 21.03.2013წ.-დან და შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო გადაწყვეტილებების საფუძველზე, ი. თ-ის მიერ სამედიცინო საქმიანობის განხორციელების შეუძლებლობა, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებამ, რაც გამოიხატა მის მიერ უკანონო აქტების გამოცემაში, რომლითაც მოსარჩელეს გაუუქმდა საექიმო საქმიანობის განხორციელების დროებითი ნებართვა, გამოიწვია მოსარჩელის პროფესიული საქმიანობის 2013 წლის 19 აპრილამდე განხორციელების შეუძლებლობა. ი. თ-ის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ 21.03.2013წ. განცხადება განპირობებული იყო პროფესიული განვითარების საბჭოს 15.03.2013წ. №3 გადაწყვეტილებით, რომლითაც ი. თ-ის შეჩერებული ჰქონდა საექიმო საქმიანობის განხორციელების უფლება. ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის მიერ ი. თ-ის სასარგებლოდ პროფესიული განვითარების საბჭოსთვის საექიმო საქმიანობის უფლების გაუქმებიდან 2013 წლის 15 მარტიდან ამ უფლების მოქმედების ვადის გათვალისწინებით, 2013 წლის 19 აპრილამდე ზიანის ანაზღაურების დაკისრება მიუღებელი ხელფასის ოდენობით.

ხელშეკრულების მოქმედების დანარჩენ პერიოდთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველსა და მე-3 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, მოსარჩელეა ვალდებული, სათანადოდ დაასაბუთოს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამასთან მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებაზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში, რომ ი. თ-ისთვის პროფესიული განვითარების საბჭოს 19.10.2012წ. №6 გადაწყვეტილებით დროებითი საექიმო საქმიანობის უფლება მინიჭებული ჰქონდა 6 თვის ვადით, ი. თ-ის არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებდა, რომ მოქმედი ნებართვის ვადის ამოწურვის შემდგომ მის სახელზე ისევ გაიცემოდა ახალი ნებართვა და კვლავ გააგძელებდა საქართველოში იმავე ანაზღაურებით მისი პროფილით საქმიანობას. მეტიც, მოსარჩელეს უარი ეთქვა დროებითი საქმიანობის უფლების მინიჭებაზე სპეციალობაში „...“. ანალოგიურად კასატორმა ვერ წარმოადგინა ისეთი სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ პროფესიული განვითარების საბჭოს 15.03.2013წ. №3 და 06.11.2015წ. №8 გადაწყვეტილებების გამოცემის შედეგად მას შეექმნა პრობლემა დასაქმებულიყო წარმოშობის ქვეყანაში.

საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს პროფესიული განვითარების საბჭოს წარმომადგენლის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ პროფესიული განვითარების საბჭოს 15.03.2013წ. №3 გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებით შეჩერდა მისი მოქმედება. პალატა მიუთითებს საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში მოძიებულ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.052015წ. განჩინებაზე, რომლითაც ი. თ-ის შუამდგომლობა ი. თ-ისათვის დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების გაუქმების ნაწილში სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ გამოცემული 15.03.2013წ. გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე, უსაფუძვლობის გამო, არ დაკმაყოფილდა. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ პროფესიული განვითარების საბჭოს 15.03.2013წ. გადაწყვეტილების, როგორც აღსრულებული აქტის მოქმედება შეჩერებული არ ყოფილა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოსა და ი. თ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოსა და ი. თ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/ნ - 205035120) დაუბრუნდეს მის მიერ 04.03.2025წ. №01420 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/ნ - 205035120) დაუბრუნდეს მის მიერ 29.05.2025წ. №03815 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1251,26 ლარის 70% - 875,88 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. ი. თ-ის (პ/ნ - ...) დაუბრუნდეს ბ. ე-ის (პ/ნ - ...) მიერ 04.07.2025წ. №28135154648 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

6. ი. თ-ის (პ/ნ - ...) დაუბრუნდეს ბ. ე-ის (პ/ნ - ...) მიერ 11.08.2025წ. №8451 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5700 ლარის 70% - 3990 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

გ. მიქაუტაძე

ბ. სტურუა