დატოვებულია უცვლელად

ადმინისტრაციული 01.04.2026
საქმის ნომერი
ბს-161(2კ-24)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-161(2კ-24) 1 აპრილი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

სხდომის მდივანი - მარიამ ზარიძე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - ჯ. ვ-ე, ი. ჯ-ი, თ. შ-ე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

წარმომადგენელი - ე. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ს. ბ-ი

ინტერესების დამცველი ადვოკატი - ა. ს-ი

თარჯიმანი - ფ. ა-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ოქტომბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ს. ბ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს 2021 წლის 31 დეკემბრის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №...; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს 2021 წლის 31 დეკემბრის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №...; გ) ბათილად იქნეს ცნობილი საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს 2021 წლის 31 დეკემბრის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №...; დ) ბათილად იქნეს ცნობილი საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს 2021 წლის 31 დეკემბრის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №...; ე) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 9 მარტის №5833 ბრძანება; ვ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 5 მაისის №16085/2/2022 გადაწყვეტილება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს 2021 წლის 31 დეკემბრის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №.... ბათილად იქნა ცნობილი საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს 2021 წლის 31 დეკემბრის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №.... ბათილად იქნა ცნობილი საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს 2021 წლის 31 დეკემბრის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №.... ბათილად იქნა ცნობილი საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს 2021 წლის 31 დეკემბრის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №.... ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 9 მარტის №5833 ბრძანება. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 5 მაისის №16085/2/2022 გადაწყვეტილება.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2018 წლის 12 მარტს ს. ბ-ის მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებების - საიდენტიფიკაციო კოდი: ...; საიდენტიფიკაციო კოდი: ...; საიდენტიფიკაციო კოდი: ...; საიდენტიფიკაციო კოდი: ..., სატრანზიტო ნომრებით: ...; ...; ...; ..., ზოგადი დეკლარირება, რომელსაც საბაჟო ორგანოში გამოცხადების/დეკლარირების ბოლო ვადად განსაზღვრული ჰქონდა 2018 წლის 11 მაისი. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლოს ორგანიზების სამმართველოს მიერ 2021 წლის 31 დეკემბერს შედგა №..., №..., №..., №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომელთა თანახმად, ს. ბ-ის დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი თითოეული სამართალდარღვევისათვის 1000 ლარის ოდენობით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, ვინაიდან ს. ბ-ის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელდა ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება; ბ) ს. ბ-იმა 2021 წლის 9 თებერვალს №22978/21-11 საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს ამავე სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლოს ორგანიზების სამმართველოს 2021 წლის 31 დეკემბრის №..., №..., №..., №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების ბათილად ცნობის მოთხოვნით. იგი საჩივარში მიუთითებდა, რომ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები იყო უკანონო, რადგან მისი ნაცნობის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის ჰ. შ. მ. ო-ის თხოვნით, შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე, ფოთში ჩაიბარა ხსენებული სატრანსპორტო საშუალებები. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ. შ. მ. ო-ი საქართველოში ჩამოვიდა 2018 წლის 25 მარტს, ჩაიბარა მისსავე საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული 4 სატრანსპორტო საშუალება და 2018 წლის 27 მარტს დაბრუნდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. სატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრისათვის გადაცემის შემდეგ მისთვის უცნობია, თუ რა მოიმოქმედა სატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრემ, რადგან მისი საქმე იყო მხოლოდ ფოთიდან აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების ჩაყვანა რუსთავში. ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები მის სახელზე არც ჩამოსულა საქართველოში და შესაბამისად, მესაკუთრე არ ყოფილა არასოდეს. ასევე მიუთითებდა, რომ სატრანსპორტო საშუალებები საქართველოში ჩამოყვანილ იქნა 2018 წლის თებერვალ-მარტის თვეებში, რაც იმას ნიშნავს რომ ხანდაზმული იყო აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევები და არ უნდა დაჯარიმებულიყო 2021 წლის 31 დეკემბერს; გ) სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 9 მარტის №5833 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სსიპ შემოსავლების სამსახურმა დადასტურებულად მიიჩნია სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, რაც გამოიხატა ს. ბ-ის მიერ სატრანსპორტო საშუალებების გამოცხადებისა და დეკლარაციის ვადის დარღვევაში. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადას, ს. ბ-ის განემარტა, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-16 ნაწილით, საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის გათვალისწინებული საბაჟო სანქციის შეფარდების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. ამავე მუხლის მე-17 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-16 ნაწილით დადგენილი ვადა აითვლება საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან; დ) ს. ბ-იმა 2022 წლის 18 მარტს საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №..., №..., №..., №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 9 მარტის №5833 ბრძანების გაუქმება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 5 მაისის №16085/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭოს გადაწყვეტილებით, ვინაიდან სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების საბაჟო ორგანომდე მიტანისათვის განსაზღვრულ ვადაში ს. ბ-ი არ გამოცხადდა საბაჟო კონტროლის ზონაში, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას; ე) 2018 წლის 2 მარტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე გ. შ. მ. ო-იმ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაუფორმა მინდობილობა საქართველოს მოქალაქე ს. ბ-ის, რომლითაც ს. ბ-ის მიენიჭა უფლებამოსილება - მიიღოს ტვირთი, შეიძინოს, მართოს, გადაიყვანოს ნებისმიერი მარკის ავტომანქანა საქართველოს რესპუბლიკიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, შეასრულოს ყველა საჭირო მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია განბაჟებასთან, მიიღოს სატრანზიტო ნომრები საქართველოს რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოში, დადოს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, იყოს მისი წარმომადგენელი საბაჟო ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანოებში, გადაიხადოს ყველა ბაჟი, მოსაკრებელი, გადასახადები, ხელი მოაწეროს მის მაგივრად, მიიღოს ტექნიკური პასპორტი და სახელმწიფო სანომრე ნიშნები, გააფორმოს დოკუმენტები აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგზაო პოლიციის ორგანოებში, გაყიდოს, მოხსნას და დააყენოს აღრიცხვაზე ავტომანქანა, განკარგვის უფლებით, შეასრულოს ყველა მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნული დავალების შესრულებასთან; ვ) აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე გ. შ. მ. ო-იმ 2022 წლის პირველ თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და აცნობა, რომ 2018 წელს ჩამოვიდა საქართველოში და ჩაიბარა მის საკუთრებაში არსებული ავტომობილები - საიდენტიფიკაციო ნომერი: ...; სატრანზიტო კოდი: ..., საიდენტიფიკაციო კოდი: ..., სატრანზიტო ნომერი: ...; საიდენტიფიკაციო კოდი: ..., სატრანზიტო ნომერი: ...; საიდენტიფიკაციო კოდი: ..., სატრანზიტო ნომერი: .... აღნიშნული ავტომობილები ჩაიბარა მინდობილი პირისგან 2018 წლის 2 მარტს გაცემული მინდობილობის შესაბამისად ს. ბ-ისგან; ზ) სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 12 მარტის №..., №..., №..., №... შეტყობინებით გ. შ. მ. ო-ის ეცნობა, რომ ავტომანქანაზე საიდენტიფიკაციო კოდი: ..., სატრანზიტო ნომერი: ..., დეკლარაციით გადასახდელი თანხის ბოლო ვადა იყო 2018 წლის 17 მარტი, გამოცხადების ბოლო ვადა - 2018 წლის 11 მაისი. ავტომანქანაზე ..., სატრანზიტო ნომერი: ..., დეკლარაციით გადასახდელი თანხის ბოლო ვადა იყო 2018 წლის 17 მარტი, გამოცხადების - 2018 წლის 11 მაისი. ავტომანქანაზე საიდენტიფიკაციო კოდი: ..., სატრანზიტო ნომერი: ..., დეკლარაციით გადასახდელი თანხის ბოლო ვადა იყო 2018 წლის 17 მარტი, გამოცხადების ბოლო ვადა - 2018 წლის 11 მაისი. ავტომანქანაზე საიდენტიფიკაციო კოდი: ..., სატრანზიტო ნომერი: ..., დეკლარაციით გადასახდელი თანხის ბოლო ვადა იყო 2018 წლის 17 მარტი, გამოცხადების ბოლო ვადა - 2018 წლის 11 მაისი.

სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე სადავოდ ხდის მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს და აღნიშნავს, რომ იგი დავალების ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებდა გ. შ. მ. ო-ის წარმომადგენლობას, მან ფოთში მხოლოდ ჩაიბარა სატრანსპორტო საშუალებები და აღნიშნულის შემდეგ რაიმე სახის მოქმედება არ განუხორციელებია.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-14 მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 107-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 709-ე მუხლზე და განმარტა, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს სხვა პირის სახელით ქმედებების განხორციელებას, რომლის დროსაც უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა წარმოდგენილ პირს. ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, ს. ბ-ი სატრანსპორტო საშუალებების: საიდენტიფიკაციო კოდი: ...; საიდენტიფიკაციო კოდი: ...; საიდენტიფიკაციო კოდი: ...; საიდენტიფიკაციო კოდი: .... სატრანზიტო ნომრებით: ...; ...; ...; ..., ფოთში მიღებას და შემდგომ რუსთავში ტრანსპორტირებას ახორციელებდა როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ. შ. მ. ო-ის წარმომადგენელი. შესაბამისად, მას არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა ისეთ ქმედებებზე, რომელსაც ასრულებდა წარმოდგენილის სახელით და წარმოდგენილი პირის ინტერესების დასაცავად. ვინაიდან დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში, მარწმუნებლის სახელით და მარწმუნებლის ინტერესებიდან გამომდინარე, ახორციელებდა ჰ. შ. მ. ო-ის სახელზე ჩამოსული სატრანსპორტო საშუალებების მიღებასა და შემდგომ რუსთავში ტრანსპორტირებას, არ არსებობს ს. ბ-ისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის დაკისრების წინაპირობა, სასარჩელო მოთხოვნა ფაქტობრივ-სამართლებრივად დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განმარტებით, 2018 წლის 12 მარტს ს. ბ-ის მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებების: საიდენტიფიკაციო კოდი: ...; საიდენტიფიკაციო კოდი: ...; საიდენტიფიკაციო კოდი: ...; საიდენტიფიკაციო კოდი: ...; სატრანზიტო ნომრებით: ...; ...; ...; ... ზოგადი დეკლარირება, რომელსაც საბაჟო ორგანოში გამოცხადების/დეკლარირების ბოლო ვადად განსაზღვრული ჰქონდა 2018 წლის 11 მაისი. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლოს ორგანიზების სამმართველოს მიერ 2021 წლის 31 დეკემბერს შედგა №..., №..., №..., №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომელთა თანახმად, ს. ბ-ის დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი თითოეული სამართალდარღვევისათვის 1000 ლარის ოდენობით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის. საქმის მასალებით დადგენილია და მოსარჩელე მხარეც (მოწინააღმდეგე მხარე) სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელდა ზემოთ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-14 მუხლზე და განმარტა, რომ საბაჟო კოდექსი წარმომადგენლობის ორ სახეს განსაზღვრავს - კანონიერ და უფლებამოსილ წარმომადგენლობას. მითითებული დებულება ცალსახად ადგენს, რომ ფიზიკური პირის კანონიერ წარმომადგენელს კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებები და პასუხისმგებლობები ეკისრება. დადგენილია, რომ ს. ბ-ი არ წარმოადგენს გ. შ. მ. ო-ის კანონიერ წარმომადგენელს. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს, პირმა საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობისას საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებები და საბაჟო ფორმალობები, დავალების საფუძველზე, საბაჟო წარმომადგენლის (ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი) მეშვეობით განახორციელოს. ამასთან, კანონმდებელი ერთმანეთისგან მიჯნავს ორი სახის წარმომადგენლობას - პირდაპირსა და ირიბს. პირდაპირი წარმომადგენლობისას ურთიერთობაში გარეგნულად მონაწილეობს წარმომადგენელი, მაგრამ ამ ურთიერთობის შედეგი დგება უშუალოდ წარმოდგენილი პირის მიმართ. ამ დროს წარმომადგენელი მოქმედებს წარმოდგენილი პირის სახელით და შედეგიც წარმოდგენილი პირის მიმართ დგება. რაც შეეხება არაპირდაპირ (ირიბი) წარმომადგენლობას, წარმომადგენელი მოქმედებს თავისი სახელით და სამართლებრივი ურთიერთობის შედეგიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-14 მუხლის მე-8 ნაწილი ირიბ წარმომადგენელს საბაჟო ფორმალობის განხორციელებისას ისეთივე პასუხისმგებლობას აკისრებს, როგორც დაეკისრებოდა შესაბამისი დავალების მიმცემ პირს. შესაბამისად, პირდაპირი და ირიბი წარმომადგენლობის გამიჯვნის ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმს სწორედ პასუხისმგებლობის ფარგლები წარმოადგენს, კერძოდ, ირიბი წარმომადგენლისგან განსხვავებით, პირდაპირი წარმომადგენლობისას, კანონიერების პრინციპის გათვალიწინებით, დაუშვებელია, წარმომადგენლისთვის ისეთივე პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორც დაეკისრებოდა შესაბამისი დავალების მიმცემ პირს.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-15 მუხლზე და განმარტა, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსი არაორაზროვნად, ცალსახად განსაზღვრავს წარმომადგენლობის ფორმებს, პასუხისმგებლობის ფარგლებს და ზოგადად კანონის წინაშე ანგარიშვალდებულ, პასუხისმგებელ პირად უშუალოდ ქმედების განმახორციელებელ პირს მიიჩნევს, წარმომადგენელს კონკრეტულ შემთხვევასა და კონკრეტული ფორმის შემთხვევაში მიუთითებს პასუხისმგებლად. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით დადგენილია და აპელანტებიც სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ს. ბ-იმა საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობისას წარადგინა 2018 წლის 2 მარტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე გ. შ. მ. ო-ის მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა მისთვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე და განაცხადა, რომ მოქმედებს სხვა პირის დავალებით. ამასთან, აღნიშნული მინდობილობის თანახმად, გ. შ. მ. ო-იმ ს. ბ-ის მიენიჭა უფლებამოსილება - მიიღოს ტვირთი, შეიძინოს, მართოს, გადაიყვანოს ნებისმიერი მარკის ავტომანქანა საქართველოს რესპუბლიკიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, შეასრულოს ყველა საჭირო მოქმედება რომელიც დაკავშირებულია განბაჟებასთან, მიიღოს სატრანზიტო ნომრები საქართველოს რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოში, დადოს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, იყოს მისი წარმომადგენელი საბაჟო ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანოებში, გადაიხადოს ყველა ბაჟი, მოსაკრებელი, გადასახადები, ხელი მოაწეროს მის მაგივრად, მიიღოს ტექნიკური პასპორტი და სახელმწიფო სანომრე ნიშნები, გააფორმოს დოკუმენტები აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგზაო პოლიციის ორგანოებში, გაყიდოს, მოხსნას და დააყენოს აღრიცხვაზე ავტომანქანა, განკარგვის უფლებით, შეასრულოს ყველა მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნული დავალების შესრულებასთან. იმის გათვალისწინებით, რომ საბაჟო ორგანოსთვის ცნობილი იყო ს. ბ-ის, როგორც პირდაპირი წარმომადგენლის, სხვა პირის სახელით და მისი დავალების საფუძველზე მოქმედების თაობაზე, რაც ასევე დასტურდება გ. შ. მ. ო-ისთვის 2018 წლის 12 მარტს გაგზავნილი №..., №..., №..., №... შეტყობინებებით, სადაც ს. ბ-ი წარმომადგენლად არის მითითებული, მოსარჩელე საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობისას წარმოადგენდა გ. შ. მ. ო-ის პირდაპირ წარმომადგენელს, რომელსაც, დაუშვებელია, დაეკისროს ისეთივე პასუხისმგებლობა, როგორც დაეკისრებოდა შესაბამისი დავალების მიმცემ პირს. შესაბამისად, გ. შ. მ. ო-ის პირდაპირი წარმომადგენელი - ს. ბ-ი კანონშეუსაბამოდ იქნა მიჩნეული საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებულ საბაჟო სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელ სუბიექტად, რაც სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველია.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

4.1 კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის მიერ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას დადგენილ იქნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის 12 მარტს ს. ბ-ის მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებების (ს/ნ №..., №..., №..., №... სატრანზიტო ნომრებით: ..., ..., ..., ...) ზოგადი დეკლარირება, რომელსაც საბაჟო ორგანოში გამოცხადების/დეკლარირების ბოლო ვადად განესაზღვრა 2018 წლის 11 მაისი. ს. ბ-ის მიერ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში, არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირება, რისთვისაც საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ, ს. ბ-ის მიმართ, 2021 წლის 31 დეკემბერს შედგენილ იქნა №..., №..., №..., №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც სამართალდამრღვევს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და თითოეული ოქმით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლზე, მე-14 მუხლის პირველ, მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილებზე, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტსა და მე-4 ნაწილზე, 71-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტებზე მითითებით კასატორი განმარტავს, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დასტურდება სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, რაც გამოიხატა მოსარჩელის მიერ სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების და დეკლარირების ვადის დარღვევაში. შესაბამისად, მის მიმართ სამართალდარღვევის ოქმები კანონის მოთხოვნების დაცვითაა შედგენილი. ის ფაქტი, რომ 2018 წლის 12 მარტს გაგზავნილ შეტყობინებებში წარმომადგენლად მითითებული არის ს. ბ-ი, არ გულისხმობს მის პირდაპირ წარმომადგენლობას. მოცემულ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს ირიბი წარმომადგენლობა, იქიდან გამომდინარე, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებები საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილ იქნა ს. ბ-ის მიერ, მისთვის იყო ცნობილი მათი საბაჟოზე გამოცხადების ვადისა და თარიღის შესახებ, თუმცა ამის მიუხედავად, მას არ განუხორციელებია სატრანსპორტო საშუალებების ვადაში გამოცხადება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს კანონმდებლობა საქონლის საქართველო საბაჟო ტერიტორიაზე შემომტან პირს აკისრებს მისი გადაადგილების ვალდებულებას.

კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სამართლებრივ პრობლემას წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში საბაჟო ტერიტორიაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით პასუხისმგებელი პირის განსაზღვრის საკითხი. თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებში სადავო საკითხთან დაკავშირებით ძირითადი მსჯელობა განვითარებულ იქნა საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-14 და მე-15 მუხლებთან დაკავშირებით, რაც მოიცავს საბაჟო წარმომადგენლობისა და წარმომადგენლის უფლებამოსილების საკითხს საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობისას. ამასთან, საყურადღებოა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ იმსჯელეს საქართველოს საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, მიუხედავად იმისა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახური მიუთითებდა აღნიშნულ საკანონმდებლო ნორმაზე. საგულისხმოა, რომ გასული წლების განმავლობაში, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოვლინდა არაერთი სამართალდარღვევა, რომლებიც უკავშირდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო ორგანოს მიერ დათქმულ ვადაში საბაჟო ტერიტორიაზე გამოუცხადებლობას და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნულ დარღვევაზე პასუხისმგებელი პირების განსაზღვრას. მნიშვნელოვანია, რომ დასახელებულ სამართლებრივ პრობლემასთან დაკავშირებით არ არსებობს ერთიანი სამართლებრივი პრაქტიკა და მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება სამომავლოდ იქონიებს გავლენას სასამართლო პრაქტიკისა და საბაჟო ორგანოს პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის, რაც ასევე ქმნის კანონით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობას.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანომ შეიძლება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისთვის განსაზღვროს საბაჟო მარშრუტი ან/და დაადგინოს ვადა, რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უნდა გადაადგილდეს. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, 2018 წლის 12 მარტს ფ/პ ს. ბ-ის მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებების ზოგადი დეკლარირება (შემდგომში - 2018 წლის 12 მარტის №..., №..., №... და №... შეტყობინებები). სწორედ ხსენებულ შეტყობინებებში იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი ვადა (გამოცხადების ბოლო ვადა – 2018 წლის 11 მაისი), რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უნდა გადაადგილებულიყო. აღნიშნული ვადის შესახებ ინფორმაცია ცნობილი იყო ფ/პ ს. ბ-ისთვის.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების მიხედვით, ამ შემთხვევაში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტითა და დადგენილ ვადაში გადაზიდვის/გადატანის ვალდებულება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომტან პირს ეკისრება. თბილისის სააპელაციო სასამართლო, გასაჩივრებულ განჩინებაში მსჯელობას ავითარებს მხოლოდ იმ გარემოების ირგვლივ, რომ ფ/პ ს. ბ-ი წარმოადგენდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის მინდობილ პირს და უთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-14 და მე-15 მუხლებზე. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნავს შემდეგს: „სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს გარემოებას, რომ მოსარჩელე საბაჟო ორგანოსთვის ურთიერთობისას წარმოადგენდა გ. შ. მ. ო-ის პირდაპირ წარმომადგენელს, რომელსაც, დაუშვებელია, დაეკისროს ისეთივე პასუხისმგებლობა, როგორც დაეკისრებოდა შესაბამისი დავალების მიმცემ პირს.“ აღნიშნული მსჯელობა პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილთან, რასთან დაკავშირებითაც სასამართლოს გადაწყვეტილებაში მსჯელობა არ განუვითარებია. აღნიშნული მუხლის მიხედვით, „ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, ეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.“ მოცემულ შემთხვევაში, ფ/პ ს. ბ-იმა განახორციელა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზოგადი დეკლარირება, რის საფუძველზეც შემდგომ დაეკისრა დეკლარირებით გათვალისწინებული ვალდებულება, ამის შემდგომ მის მიერ განხორციელდა ავტოსატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირება ფოთის პორტიდან ქალაქ რუსთავში. ამდენად, ზემოდასახელებული საკანონმდებლო ნორმა მიუთითებს, რომ კანონმდებლობა ადგენს საბაჟო ორგანოს მხრიდან საქონლისთვის განსაზღვრული ვადის დადგომისას დათქმულ ადგილზე მისი გადაზიდვის/გადატანის ვალდებულებას. აღნიშნული ვალდებულება არ შესრულებულა ფ/პ ს. ბ-ის მიერ, მიუხედავად იმისა, რომ საქონლის დეკლარირება განხორციელდა სწორედ მისი მონაწილეობით. შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისთვის დაეკისრა მას.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ასევე საყურადღებოა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანების „საქართველოს საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ (დანართი N8)“ ინსტრუქციის პირველი მუხლის პირველ პუნქტი. ხსენებული მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს/ საქონლის მფლობელს. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქონლის დეკლარანტს წარმოადგენს ფ/პ ს. ბ-ი, რადგან საქონლის ზოგადი დეკლარირება საბაჟო ტერიტორიაზე განხორციელდა სწორედ მის მიერ, აქედან გამომდინარე, აღნიშნული ჩანაწერიც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, თუ ვინ შეიძლება იყოს ვალდებული პირი, რომელსაც წარმოეშობა საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება.

კასატორის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა გადაწყვეტილებებში საბაჟო კოდექსის მე-14 მუხლი კონტექსტურად მოწყვეტილია მთელ დანარჩენ კოდექსს, მხოლოდ წარმომადგენლობის ცნებაა შეფასებული და საკითხი ისეა გადაწყვეტილი. სააპელაციო სასამართლოს მიერ, მხოლოდ მე-14 მუხლთან დაკავშირებით მსჯელობის განვითარება დაუსაბუთებელია, ვინაიდან ხსენებული მუხლი არის ზოგადი და მის მთავარ მიზანს წარმოადგენს მხოლოდ ის, რომ საბაჟო ორგანოსთვის განისაზღვროს უფლებამოსილი პირი, რომლის მიერაც შესაძლოა განხორციელდეს ესა თუ ის საბაჟო პროცედურა. აღნიშნული ჩანაწერის არარსებობის შემთხვევაში, სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის გარდა, სხვა უფლებამოსილი პირის განსაზღვრა, შემოტანილ საქონელთან მიმართებით. ცალსახაა, რომ საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლი საბაჟო ორგანოს უფლებამოსილებას ანიჭებს კონკრეტული ქმედების განმახორციელებელ პირს განსაზღვრული პასუხისმგებლობა დააკისროს. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კი, საბაჟო ორგანოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას უზღუდავს, ნორმის შეფასების, განმარტებისა და არგუმენტაციის გარეშე. საბაჟო ორგანო საბაჟო კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით ხელმძღვანელობს და პასუხისმგებელ პირად განიხილავს როგორც საქონლის დეკლარანტს, ასევე, პირს, რომელმაც შემოტანილ საქონელთან მიმართებით განახორციელა გარკვეული საბაჟო პროცედურები და შემდგომ იკისრა აღნიშნული საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების პასუხისმგებლობა.

საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლი ადგენს დანაწესს, რომლის თანახმად, პირს, რომელიც საქონლის შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, ეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება. შესაბამისად, ს. ბ-ი, რომელიც საბაჟო ორგანოში გამოცხადდა, განახორციელა საქონლის დეკლარირება და მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა იკისრა, ვალდებული იყო შეესრულებინა საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის დაკისრებული მოთხოვნები და ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობისთვის სწორედ ის იყო პასუხისმგებელი. ქვედა ინსტანციის სასამართლოები ცალმხრივად, კოდექსის სხვა მუხლებისგან განცალკევებით აფასებენ საბაჟო კოდექსის მე-14 მუხლს, ს. ბ-ის მიიჩნევენ პირდაპირ წარმომადგენლად და თვლიან, რომ მასზე არ უნდა გავრცელდეს ის პასუხისმგებლობა, რაც დავალების მიმცემ პირზე გავრცელდებოდა. მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ დავალების მიმცემი პირი, საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის მიზნებისთვის, საერთოდ არაა მნიშვნელოვანი. მუხლის დანაწესი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო ტერიტორიაზე გამოცხადების ვალდებულებას აკისრებს იმ პირს, რომლის მიერაც განხორციელდა შემოტანილი საქონლის ტრანსპორტირება და ამას არანაირი კავშირი არ აქვს მესაკუთრესთან და მესაკუთრის მიერ გაცემულ მინდობილობასთან. შესაბამისად, არც იმის შეფასებაა საჭირო, მინდობილობის თანახმად, პირი პირდაპირი წარმომადგენელია თუ ირიბი. მნიშვნელოვანი მხოლოდ ის არის, რომ ფ/პ ს. ბ-ი წარმოადგენს საქონლის დეკლარანტს და მის გადაზიდვაზე პასუხისმგებელ პირს. მართალია, საბაჟო კოდექსის მე-14 მუხლი ერთმანეთისგან მიჯნავს პირდაპირ და ირიბ წარმომადგენლობას, თუმცა, როგორც აღინიშნა, ამავე კოდექსის 71-ე მუხლის მიზნიდან გამომდინარე, წარმომადგენლობის სახის დადგენა, პირის პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით, არ არის სავალდებულო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლში მითითებულია კონკრეტული ქმედება, რომლის განხორციელების შემდგომაც პირს ეკისრება ვალდებულება, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი - შესაბამისი პასუხისმგებლობა.

4.2 კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ 12.03.2018 წელს გადამხდელის მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებების (№..., №..., №..., №...; სატრანზიტო ნომრებით: ..., ..., ..., ...) ზოგადი დეკლარირება, რომელსაც დანიშნულების საბაჟო ორგანოში გამოცხადების/დეკლარირების ბოლო ვადად განესაზღვრა 11.05.2018 წელი. ვინაიდან, გადამხდელის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, 31.12.2021 წელს შედგენილი იქნა №..., №..., №..., №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები. გადამხდელს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა თითოეული ოქმით 1 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლზე, 163-ე მუხლზე მითითებით, კასატორი განმარტავს, რომ დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომლის მიხედვითაც სასამართლო, საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-14 მუხლის მე-6 ნაწილის განმარტების საფუძველზე, პასუხისმგებლობას აკისრებს ს. ბ-ის (წარმომადგენელი) ნაცვლად მინდობილობის გამცემ პირს (წარმოდგენილ პირს). აღნიშნული მუხლის მე-8 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, საბაჟო ფორმალობის განხორციელებისას ირიბ წარმომადგენელს ეკისრება ისეთივე პასუხისმგებლობა, როგორიც დაეკისრებოდა შესაბამისი დავალების მიმცემ პირს, არანაირად არ გულისხმობს, რომ იგივე პირობებში პირდაპირ წარმომადგენელს არ ეკისრება საბაჟო სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობა, ვინაიდან საბაჟო სამართალდარღვევის ჩამდენი პირი (სამართალდარღვევის სუბიექტი), ისევე როგორც სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, უშუალოდ აგებს პასუხს მის მიერ ჩადენილ ქმედებაზე, რაზეც მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის შინაარსი, რომლის პირველი და მე-4 ნაწილების მიხედვით, სამართალდარღვევა პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგია და პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ქმედების ჩამდენ პირს.

სააპელაციო სასამართლომ, წარმომადგენლის პასუხისმგებლობის განსაზღვრისას, მხედველობაში არ მიიღო საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის შინაარსი, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს წარმომადგენლის პასუხისმგებლობას უცხოური საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის პირობების დარღვევისას და პასუხისმგებლობას აკისრებს პირს, რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, ვინაიდან ხსენებულ ქვეპუნქტში მითითებაა პირზე, რომელიც მოქმედებს სხვა პირის სახელით, ცალსახაა, რომ აღნიშნულ ჩანაწერში (49-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) საუბარია პირდაპირი წარმომადგენლის პასუხისმგებლობაზე (საბაჟო კოდექსის მე-14 მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), რაც თავის მხრივ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს მსჯელობის გათვალისწინების შემთხვევაშიც კი, საბაჟო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებელია ს. ბ-ი, მათ შორის, როგორც პირდაპირი წარმომადგენელი, რადგან საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლი როგორც სპეციალური ნორმა, კონკრეტულად ითვალისწინებს პირდაპირი წარმომადგენლის პასუხისმგებლობას უცხოური საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის პირობის დარღვევისას.

კასატორი მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლზე და განმარტავს, რომ, ვინაიდან სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების საბაჟო ორგანომდე მიტანისათვის განსაზღვრულ ვადაში მოსარჩელე არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში, ასევე ს. ბ-ი იყო ტვირთის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირი, საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 ნაწილის და საქართველოს საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას, რაზეც მოსარჩელეს კანონის მოთხოვნათა დაცვით დაეკისრა პასუხისმგებლობა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 5 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ოქტომბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2018 წლის 2 მარტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე გ. შ. მ. ო-იმ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გასცა მინდობილობა საქართველოს მოქალაქე ს. ბ-ის სახელზე, რომლითაც ს. ბ-ის მიენიჭა უფლებამოსილება - მიიღოს ტვირთი, შეიძინოს, მართოს, გადაიყვანოს ნებისმიერი მარკის ავტომანქანა საქართველოს რესპუბლიკიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, შეასრულოს ყველა საჭირო მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია განბაჟებასთან, მიიღოს სატრანზიტო ნომრები საქართველოს რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოში, დადოს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, იყოს მისი წარმომადგენელი საბაჟო ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანოებში, გადაიხადოს ყველა ბაჟი, მოსაკრებელი, გადასახადები, ხელი მოაწეროს მის მაგივრად, მიიღოს ტექნიკური პასპორტი და სახელმწიფო სანომრე ნიშნები, გააფორმოს დოკუმენტები აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგზაო პოლიციის ორგანოებში, გაყიდოს, მოხსნას და დააყენოს აღრიცხვაზე ავტომანქანა, განკარგვის უფლებით, შეასრულოს ყველა მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნული დავალების შესრულებასთან (ს.ფ 33-37); ბ) 2018 წლის 12 მარტს ს. ბ-ის მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებების (საიდენტიფიკაციო კოდი: ...; ...; ...; ...; სატრანზიტო ნომრები: ...; ...; ...; ...) ზოგადი დეკლარირება, რომლებსაც საბაჟო ორგანოში გამოცხადების/დეკლარირების ბოლო ვადად განსაზღვრული ჰქონდა 2018 წლის 11 მაისი (ს.ფ. 71-74); გ) სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 12 მარტის №... შეტყობინების თანახმად, ავტომანქანაზე საიდენტიფიკაციო კოდი: ..., სატრანზიტო ნომერი: ..., დეკლარაციით გადასახდელი თანხის ბოლო ვადა იყო 2018 წლის 17 მარტი, გამოცხადების ბოლო ვადა - 2018 წლის 11 მაისი; შეტყობინებაში გ. შ.-ს წარმომადგენლად მითითებულია ს. ბ-ი (ს.ფ. 71); დ) სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 12 მარტის №... შეტყობინების თანახმად, ავტომანქანაზე ..., სატრანზიტო ნომერი: ..., დეკლარაციით გადასახდელი თანხის ბოლო ვადა იყო 2018 წლის 17 მარტი, გამოცხადების ბოლო ვადა - 2018 წლის 11 მაისი. შეტყობინებაში გ. შ.-ს წარმომადგენლად მითითებულია ს. ბ-ი (ს.ფ. 72); ე) სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 12 მარტის №... შეტყობინების თანახმად, ავტომანქანაზე საიდენტიფიკაციო კოდი: ..., სატრანზიტო ნომერი: ..., დეკლარაციით გადასახდელი თანხის ბოლო ვადა იყო 2018 წლის 17 მარტი, გამოცხადების ბოლო ვადა - 2018 წლის 11 მაისი. შეტყობინებაში გ. შ.-ს წარმომადგენლად მითითებულია ს. ბ-ი (ს.ფ. 73); ვ) სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 12 მარტის №... შეტყობინების თანახმად, ავტომანქანაზე საიდენტიფიკაციო კოდი: ..., სატრანზიტო ნომერი: ..., დეკლარაციით გადასახდელი თანხის ბოლო ვადა იყო 2018 წლის 17 მარტი, გამოცხადების ბოლო ვადა იყო 2018 წლის 11 მაისი. შეტყობინებაში გ. შ.-ს წარმომადგენლად მითითებულია ს. ბ-ი (ს.ფ. 74); ზ) საბაჟო კონტროლის ორგანიზების სამმართველოს მიერ 2021 წლის 31 დეკემბერს შედგა №..., №..., №... და №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომელთა თანახმად, ს. ბ-ის დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი თითოეული სამართალდარღვევისათვის 1000 ლარის ოდენობით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის. სამართალდარღვევის საფუძვლად მითითებულია, რომ ს. ბ-ის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელდა ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირება (ს.ფ 15-18, 22-25); თ) აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე გ. შ. მ. ო-იმ 2022 წლის პირველ თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და აცნობა, რომ 2018 წელს ჩამოვიდა საქართველოში და ჩაიბარა მის საკუთრებაში არსებული ავტომობილები, საიდენტიფიკაციო კოდი: ..., სატრანზიტო ნომერი: ...; საიდენტიფიკაციო კოდი: ..., სატრანზიტო ნომერი: ...; საიდენტიფიკაციო კოდი: ..., სატრანზიტო ნომერი: ...; საიდენტიფიკაციო კოდი: ..., სატრანზიტო ნომერი: .... აღნიშნული ავტომობილები ჩაიბარა მინდობილი პირისგან (2018 წლის 2 მარტს გაცემული მინდობილობის შესაბამისად) - ს. ბ-ისგან (ს.ფ 38-42); ი) ს. ბ-იმა 2022 წლის 9 თებერვალს №22978/21-11 საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს, ამავე სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლოს ორგანიზების სამმართველოს 2021 წლის 31 დეკემბრის №..., №..., №..., №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების ბათილად ცნობის მოთხოვნით. იგი საჩივარში მიუთითებდა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის ჰ. შ. მ. ო-ის თხოვნით, შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე, ფოთში ჩაიბარა სატრანსპორტო საშუალებები. ჰ. შ. მ. ო-ი საქართველოში ჩამოვიდა 2018 წლის 25 მარტს, ჩაიბარა მისსავე საკუთრებაში არსებული 4 სატრანსპორტო საშუალება და 2018 წლის 27 მარტს დაბრუნდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. სატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრისათვის გადაცემის შემდეგ მისთვის უცნობია თუ რა მოიმოქმედა სატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრემ, რადგან მას ევალებოდა მხოლოდ ფოთიდან აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების ჩამოყვანა რუსთავში. ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები მის სახელზე არ ჩამოსულა საქართველოში და შესაბამისად, მესაკუთრე არ ყოფილა არასოდეს. ასევე მიუთითებდა, რომ სატრანსპორტო საშუალებები საქართველოში ჩამოყვანილ იქნა 2018 წლის თებერვალ-მარტის თვეებში, შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევა იყო ხანდაზმული (ს.ფ 19-21); კ) სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 9 მარტის №5833 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სსიპ შემოსავლების სამსახურმა დადასტურებულად მიიჩნია სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, რაც გამოიხატა ს. ბ-ის მიერ სატრანსპორტო საშუალებების გამოცხადებისა და დეკლარაციის ვადის დარღვევაში. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ განმარტა, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-16 ნაწილით, საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციის შეფარდების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. ამავე მუხლის მე-17 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-16 ნაწილით დადგენილი ვადა აითვლება საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან (ს.ფ 22-25); ლ) ს. ბ-იმა 2022 წლის 18 მარტს საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №..., №..., №..., №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 9 მარტის №5833 ბრძანების ბათილად ცნობა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 5 მაისის №16085/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭოს გადაწყვეტილებით, ვინაიდან სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების საბაჟო ორგანომდე მიტანისათვის განსაზღვრულ ვადაში ს. ბ-ი არ გამოცხადდა საბაჟო კონტროლის ზონაში, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, შესაბამისად დაჯარიმება მართლზომიერად იქნა მიჩნეული, საჩივარი კი - უსაფუძვლოდ (ს.ფ 26-28, 29-32).

მოცემულ შემთხვევაში, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს 2021 წლის 31 დეკემბრის №..., №..., №... და №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების კანონიერება. აღნიშნული ოქმების შედგენას საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, რომ ს. ბ-ის მიერ ჩადენილ იქნა სამართალდარღვევა, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალებების გამოცხადების/დეკლარირების ვადის დარღვევაში.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-327-323(კ-14)), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „საგადასახადო სამართალდარღვევები საქართველოში მოწესრიგებულია საგადასახადო კოდექსით, რომელიც განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებსა და საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლით განსაზღვრული ქმედების საგადასახადო სამართალდარღვევად მიჩნევისა და საგადასახადო პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპები, რომლის მიხედვით საგადასახადო სამართალდარღვევად ჩაითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, საგადასახადო პასუხისმგებლობა არის კონკრეტული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ვალდებულება, საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის. მართლსაწინააღმდეგოა ქმედება, რომელიც არღვევს საგადასახადო კანონმდებლობის ნორმებს. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საგადასახადო პასუხისმგებლობის დაკისრებისას შესაფასებელია ქმედების (უმოქმედობის) მომენტი (დრო), აღნიშნული მოწესრიგებულია ზემოაღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტით, რომლის თანახმად: „საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, ხოლო თუ შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობა, გამოიყენება ქმედების ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა“ ე.ი. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან გამაუქმებელ აქტებს აქვთ უკუქცევითი ძალა, ე.ი. ვრცელდება ამ აქტის გამოცემამდე ჩადენილ სამართალდარღვევებზეც. სანქციის შეფარდების დროს, თუ გაუქმებული ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა სამართალდარღვევის ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა. სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არამხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისი გამოყენების დროს, არამედ ზემდგომი ორგანოების ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს.“

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია მოსარჩელის სამართალდამრღვევად მიჩნევის თაობაზე ძირითადად ემყარება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამის ნორმებს, თუმცა საგულისხმოა, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსი მიღებულია 2019 წლის 28 ივნისს და ამოქმედებულია 2019 წლის 1 სექტემბრიდან (გარდა X წიგნისა). მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოცხადების ბოლო ვადად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრული იყო 2018 წლის 11 მაისი. შესაბამისად, სამართალდარღვევად მიჩნეული ქმედება ჩადენილ იქნა 2018 წლის 12 მაისის მდგომარეობით, ანუ იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს საბაჟო კოდექსი არ მოქმედებდა და საბაჟო საკითხებიც რეგულირებული იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსით. ამდენად, სადავო საკითხი ს. ბ-ის სამართალდამრღვევ პირად მიჩნევის თაობაზე უნდა გადაწყდეს არა მოგვიანებით მიღებული/ამოქმედებული საქართველოს საბაჟო კოდექსით, არამედ სამართალდარღვევად მიჩნეული ქმედების ჩადენის დროისათვის - 2018 წლის 12 მაისს მოქმედი კანონმდებლობით.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს (1-ლი მუხლი).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოპასუხის მიერ სამართალდარღვევად მიჩნეული ქმედებისათვის პასუხისმგებლობა რეგულირდებოდა საგადასახადო სამართლის ნორმებით. პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენდა საგადასახადო სამართალდარღვევა. საგადასახადო სამართალდარღვევა არის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც გამოიხატება საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობაში ან არაჯეროვნად შესრულებაში. საგადასახადო სამართალდარღვევის შემადგენლობა წარმოადგენს ნიშნების ერთობლიობას, რომლებიც სავალდებულოა და საკმარისია ქმედების სამართალდარღვევად ცნობისათვის და პირის საგადასახადო პასუხისმგებლობაში მიცემისათვის. საგადასახადო პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის უნდა არსებობდეს ვალდებულების და მისი შეუსრულებლობისათვის სანქციის დამდგენი ნორმა, სახეზე უნდა იყოს ფაქტობრივი საფუძველი - საგადასახადო სამართალდარღვევა. ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი კანონით დადგენილი წესით განსაზღვრავს სახდელს საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ძალადაკარგულია - 29.08.2019, №257) დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან მოწმობის შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.

როგორც ზემოთ აღინიშნა, საბაჟო ორგანოში გამოცხადების/დეკლარირების ბოლო ვადად საქმეში მითითებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს განსაზღვრული ჰქონდა 2018 წლის 11 მაისი. უდავოა, რომ აღნიშნულ ვადაში მოსარჩელის მიერ სატრანსპორტო საშუალებების გამოცხადება/დეკლარირება არ განხორციელებულა, თუმცა დასადგენია, წარმოადგენდა თუ არა მოსარჩელე აღნიშნულის განხორციელებაზე ვალდებულ პირს.

მოცემულ შემთხვევაში, ს. ბ-ი განმარტავს, რომ მოქმედებდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე. ს. ბ-ის მითითებით, მან 2018 წლის 25 მარტს მარწმუნებელს გადასცა ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რის გამოც მისთვის უცნობია მესაკუთრის მიერ შემდგომში განხორციელებული მოქმედებების შესახებ, რამდენადაც მისი უფლებამოსილება შემოიფარგლებოდა მხოლოდ ქალაქ ფოთიდან ქალაქ რუსთავამდე სატრანსპორტო საშუალებების ჩაყვანით. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ის იყო მხოლოდ წარმომადგენელი და სატრანსპორტო საშუალებების გამოცხადება/დეკლარირება არ წარმოადგენდა მის ვალდებულებას, რის გამოც არასწორად იქნა მიჩნეული სამართალდამრღვევ პირად.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამართალდარღვევად მიჩნეული ქმედების ჩადენის დროისათვის მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, დეკლარანტი არის პირი, რომელიც საქონლის დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით ან რომლის სახელითაც ხორციელდება დეკლარირება ამ კარით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს ან/და საქონლის მფლობელს.

სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ძალადაკარგულია - 29.08.2019, №257) დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის“ მე-2 მუხლის თანახმად, (1) საქონელი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი გაფორმების დასრულების მომენტიდან, ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა ამ მუხლით დადგენილი წესით. ეს ვალდებულება არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე; (2) საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის წარდგენის ვალდებულება აქვს საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადამაადგილებელ პირს. ამავე ინსტრუქციის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს/საქონლის მფლობელს.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 37-ე მუხლზე, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, საგადასახადო ურთიერთობებში მონაწილეობა მიიღოს თავისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. საგადასახადო ურთიერთობებში გადასახადის გადამხდელის პირადად მონაწილეობა არ ართმევს მას უფლებას, ჰყავდეს წარმომადგენელი, ისევე, როგორც წარმომადგენლის მონაწილეობა არ ართმევს მას უფლებას, პირადად მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ ურთიერთობებში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილ წარმომადგენლად ითვლება პირი, რომელიც ზემოაღნიშნული პირის რწმუნებით უფლებამოსილია წარმოადგინოს მისი ინტერესები საგადასახადო ორგანოებთან ან/და საგადასახადო ურთიერთობების სხვა მონაწილეებთან ურთიერთობებში, აგრეთვე სასამართლოში. მე-5 ნაწილის საფუძველზე, საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ საწარმოს/ორგანიზაციის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ხოლო ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი – ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მინდობილობასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტის საფუძველზე, ასეთი მინდობილობით ან სხვა დოკუმენტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი დღეის მდგომარეობით მოქმედი საქართველოს საბაჟო კოდექსისგან განსხვავებით არ ახდენდა წარმომადგენლობის სახეების დიფერენცირებას (დღეის მდგომარეობით მოქმედი საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად, (1) პირს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობა განახორციელოს კანონიერი წარმომადგენლის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით; (4) ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის საფუძველზე; (5) საბაჟო წარმომადგენელი არის პირი, რომელიც სხვა პირის დავალებით საბაჟო ორგანოსთან ამ სხვა პირის ურთიერთობისას ახორციელებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედებებსა და საბაჟო ფორმალობებს; (6) წარმომადგენელი შეიძლება იყოს: ა) პირდაპირი – როდესაც წარმომადგენელი მოქმედებს სხვა პირის სახელით და ამავე პირის დავალებით; ბ) ირიბი – როდესაც წარმომადგენელი მოქმედებს თავისი სახელით, მაგრამ სხვა პირის დავალებით; (8) საბაჟო ფორმალობის განხორციელებისას ირიბ წარმომადგენელს ეკისრება ისეთივე პასუხისმგებლობა, როგორიც დაეკისრებოდა შესაბამისი დავალების მიმცემ პირს). საქართველოს საგადასახადო კოდექსი უშვებდა საგადასახადო ორგანოსთან წარმომადგენლის მეშვეობით ურთიერთობის განხორციელების შესაძლებლობას, რაც წარმოდგენილ პირს აგრეთვე, არ ართმევდა აღნიშნულ ურთიერთობებში პირადად მონაწილეობის შესაძლებლობას. საგულისხმოა, რომ წარმომადგენლობის უფლებამოსილების წარმოშობის საფუძველს ქმნის დავალება -შიდა ურთიერთობა წარმომადგენელსა და წარმოდგენილ პირს შორის. შესაბამისად, ამ შემთხვევაში წარმომადგენლის მიერ განხორციელებული ქმედებების სამართლებრივი შედეგები წარმომადგენლობის ზოგადი წესებით უნდა შეფასდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ წარმომადგენელი მოქმედებს მარწმუნებლის სახელით და უფლება-მოვალეობებიც უშუალოდ წარმოდგენილ პირს წარმოეშობა.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმეზე დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების შესახებ, რომ 2018 წლის 2 მარტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე გ. შ. მ. ო-იმ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გასცა მინდობილობა საქართველოს მოქალაქე ს. ბ-ის სახელზე, რომლითაც ს. ბ-ის მიენიჭა უფლებამოსილება - მიიღოს ტვირთი, შეიძინოს, მართოს, გადაიყვანოს ნებისმიერი მარკის ავტომანქანა საქართველოს რესპუბლიკიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, შეასრულოს ყველა საჭირო მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია განბაჟებასთან, მიიღოს სატრანზიტო ნომრები საქართველოს რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოში, დადოს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, იყოს მისი წარმომადგენელი საბაჟო ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანოებში, გადაიხადოს ყველა ბაჟი, მოსაკრებელი, გადასახადები, ხელი მოაწეროს მის მაგივრად, მიიღოს ტექნიკური პასპორტი და სახელმწიფო სანომრე ნიშნები, გააფორმოს დოკუმენტები აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგზაო პოლიციის ორგანოებში, გაყიდოს, მოხსნას და დააყენოს აღრიცხვაზე ავტომანქანა, განკარგვის უფლებით, შეასრულოს ყველა მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნული დავალების შესრულებასთან. აღნიშნული მინდობილობა დამოწმებულ იქნა სანოტარო წესით.

მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე არ იყო სატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრე და ზემოაღნიშნული მინდობილობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის მიერ გაცემულ იქნა სწორედ იმ სატრანსპორტო საშუალებებზე მოქმედებების განხორციელების მიზნით, რომლის გამოცხადებისა და დეკლარირების ვადის დარღვევისთვისაც იქნა დაჯარიმებული ს. ბ-ი. სადავო არ არის არც ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული მინდობილობა ს. ბ-ის წარდგენილი ჰქონდა სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის სატრანსპორტო საშუალებების ზოგადი დეკლარირების განხორციელებისას და მოპასუხე მხარისათვის ცნობილი იყო მოსარჩელის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესახებ. შესაბამისად, მოსარჩელეს ადმინისტრაციული ორგანოსთვის გაცხადებული ჰქონდა ის გარემოება, რომ სხვა პირის სახელითა და დავალებით მოქმედებდა. საგულისხმოა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 12 მარტის №..., №..., №..., №... შეტყობინებებში, რომლითაც განმარტებულ იქნა თანხის გადახდისა და გამოცხადების ბოლო ვადები, მითითებულია გ. შ. მ. ო-ი, რომლის წარმომადგენლადაც დაფიქსირებულია ს. ბ-ი. აღნიშნულ შეტყობინებებთან დაკავშირებით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოები განმარტავენ, რომ მითითებული ადასტურებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზოგად დეკლარირებას და ზოგადი დეკლარირების განხორციელების ეტაპზე ადგილი არ ჰქონია სხვა დოკუმენტის შედგენას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 18 მარტის სხდომის ოქმი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობისას იყო გ. შ. მ. ო-ის წარმომადგენელი და ს. ბ-ი მოქმედებდა მარწმუნებლის სახელით. აღნიშნული ქმედებები კი, სამართლებრივ შედეგებს წარმოშობდა მარწმუნებლისათვის და არა წარმომადგენელი ს. ბ-ისთვის. შესაბამისად, უსაფუძვლოა წარმომადგენლის სამართალდამრღვევ პირად მიჩნევა და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. მოპასუხემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დადასტურება, რომ უშუალოდ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევას. ამდენად, მოსარჩელე ს. ბ-ი, როგორც წარმომადგენელი, კანონსაწინააღმდეგოდ იქნა მიჩნეული სამართალდამრღვევ პირად და კანონის მოთხოვნათა დარღვევით დაეკისრა პასუხისმგებლობა, რაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორების მითითებას საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე ((3.ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებული პირი არის ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია) და 71-ე ((1) საბაჟო ორგანომ შეიძლება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისთვის განსაზღვროს საბაჟო მარშრუტი ან/და დაადგინოს ვადა, რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უნდა გადაადგილდეს. ამ შემთხვევაში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტითა და დადგენილ ვადაში გადაზიდვის/გადატანის ვალდებულება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომტან პირს ეკისრება; (2) ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, ეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება) მუხლებზე, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, წარმომადგენლობის არსი, სატრანსპორტო საშუალების გამოცხადებასა და დეკლარირებაზე ს. ბ-ის ვალდებულების არსებობა-არარსებობის საკითხი მოპასუხის მიერ სამართალდარღვევად მიჩნეული ქმედების ჩადენის დროისათვის მოქმედი კანონმდებლობით უნდა შეფასდეს. ამ პერიოდისათვის კი კანონმდებლობა, არ ითვალისწინებდა ზემოაღნიშნული ნორმების ანალოგიურ დანაწესს, რის გამოც დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სადავო სამართალდარღვევის ოქმების სამართლებრივ საფუძვლად ხსენებულ ნორმებზე მითითება.

შესაბამისად, არ არსებობდა ს. ბ-ის სამართალდამრღვევ პირად მიჩნევისა და მისი დაჯარიმების საფუძველი. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნები დასაბუთებულია და მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ოქტომბრის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე