დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 19.05.2026
საქმის ნომერი
ბს-1047(2კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1047(2კ-25) 19 მაისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - მ.ა-ე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2023 წლის 14 ნოემბერს მ.ა-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 200 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის, ხოლო მატერიალური ზიანის სახით ადვოკატებისათვის გადახდილი ფულადი თანხის - 10000 აშშ დოლარისა და 3000 ლარის, აგრეთვე ავტომანქანის ყადაღის, დაუცველობის გამო მიყენებული ზიანის - 8958 ლარის ანაზღაურება; მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხისთვის მატერიალური ზიანის სახით მისთვის პენიტენციური დაწესებულების საბარათე ანგარიშზე რიცხული თანხის - 6 065 ლარის და მიუღებელი შემოსავლის სახით - 4545 ლარის, ასევე საპროცესო ხარჯების - ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 1026.24 ლარისა და ექსპერტიზის დასკვნის მოსამზადებელი 1060 ლარის მ.ა-ის სასარგებლოდ ანაზღაურება.

სარჩელის მიხედვით, მ.ა-ეს 2010 წლის 4 ნოემბერს ბრალი წარედგინა ქურდული სამყაროს წევრობასა და გამოძალვაში, რასაც თან ერთვის დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავების მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჯგუფურად და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით. 2010 წლის 7 ნოემბერს მოსარჩელეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, ხოლო 2010 წლის 19 ნოემბერს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. ამასთან, 2010 წლის 15 დეკემბერს მ.ა-ის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას „ ...“ ... დაედო ყადაღა. აღნიშნულის შემდგომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 14 ივლისის განაჩენით, მ.ა-ე დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილითა და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის და 6 თვის ვადით, ასევე დაეკისრა 3000 ლარის ოდენობით ჯარიმა.

მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ იგი დაკავებულ იქნა 2021 წლის 11 მაისს და მან ადვოკატთან ერთად გაასაჩივრა დაუსწრებლად მიღებული განაჩენი. სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე კი, სახელმწიფო ბრალმდებლებმა ზემდგომი პროკურორის თანხმობით, უარი თქვეს მ.ა-ის მიმართ წარდგენილ ბრალდებებზე იმ მოტივით, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მ.ა-ის მიერ შესაბამისი დანაშაულის ჩადენას, რის შედეგადაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინებით ბრალდებაზე უარის თქმის საფუძვლით, მ.ა-ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. მოსარჩელის განმარტებით, უკანონო დევნაში ყოფნის პერიოდში მას მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური და მორალური ზიანი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინებით, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ.ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს გენერალურ პროკურატურას მ.ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს გენერალურ პროკურატურას მ.ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება - ადვოკატის მომსახურებისთვის 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით და მატერიალური ზიანის ანაზღაურება - მიუღებელი შემოსავლის სახით - 4545 (ოთხი ათას ხუთას ორმოცდახუთი) ლარის ოდენობით; მ.ა-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას მ.ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 1026.24 (ათას ოცდაექვსი ლარი და ოცდაოთხი თეთრი) ლარისა და ფსიქოლოგიური კვლევის ჩატარების ხარჯის ანაზღაურება - 1060 (ათას სამოცი) ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ა-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 აპრილის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის და მ.ა-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 14 ივლისის განაჩენით მ.ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლი პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ დ „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში, საბოლოდ დანაშაულთა ერთობლიობით მ.ა-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის და 6 თვის ვადით და ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, როგორც დამატებითი სასჯელი. მ.ა-ეს სასჯელის მოხდა აეთვალა განაჩენის აღსრულების მიზნით, მისი თავისუფლების აღკვეთის მომენტიდან.

სასამართლომ მსჯავრდებულის 2021 წლის 11 მაისის დაკავების ოქმით დადგენილად მიიჩნია, რომ მ.ა-ე დაკავებულ იქნა 2021 წლის 11 მაისს, 8 საათსა და 34 წუთზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინებით, ბრალდებაზე უარის თქმის საფუძვლით, მსჯავრდებულ მ.ა-ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 14 ივლისის განაჩენი და გამოყენებული სასჯელი, მ.ა-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

სასამართლოს განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინება წარმოადგენს მოსარჩელის რეაბილიტაციის იურიდიულ საფუძველს, ვინაიდან უტყუარად დასტურდება წარდგენილი ბრალდების უსაფუძვლობა და პირის მიმართ გამოყენებული საკმაოდ მძიმე შეზღუდვების არამართლზომიერება. ამდენად, სახეზეა მ.ა-ის მარეაბილიტირებელი გარემოება და სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის არსებობს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გამოწვეულია უშუალოდ უკანონო ბრალდებით.

სასამართლომ ხაზი გაუსვა მ.ა-ის საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდს - იგი დააკავეს 2021 წლის 11 მაისს და ერთი წლის და 9 დღის განმავლობაში იმყოფებოდა იმყოფებოდა საპატიმროში. მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა 11 წლის, 6 თვის და 16 დღის 21 განმავლობაში და მიიჩნია, რომ 20 000 ლარი წარმოადგენდა მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნებისთვის პროპორციულ ოდენობას.

რაც შეეხება მატერიალური ზიანის ანაზღაურებას, სასამართლომ ერთი მხრივ დადგენილად მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობისას მ.ა-ის ინტერესებს იცავდნენ ადვოკატები, ხოლო მეორე მხრივ საქმეში წარმოდგენილი დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, მ.ა-ე 2000 წლიდან სარგებლობდა დევნილის სტატუსით და დევნილთა შემწეობის თანხით. მას არ გაუვლია დევნილთა 2013 წლის სავალდებულო რეგისტრაცია და აღნიშნულიდან გამომდინარე, 2014 წლიდან შეუწყდა დევნილის სტატუსი და დევნილთა შემწეობის თანხის დარიცხვა. მ.ა-ეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 13 ივნისის NMOH 6 22 000000 ბრძანების საფუძველზე აღუდგა დევნილის სტატუსი. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები ადასტურებდა მიზეზობრივ კავშირს მოპასუხის ქმედებასა და ფულად ზარალს შორის და დაასკვნა, რომ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში მართებული იყო საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ავტომანქანის დაყადაღების, დაუცველობის გამო მიყენებული 8959 ლარის ოდენობით ზიანისა და მ.ა-ისათვის პენიტენციური დაწესებულების საბარათე ანგარიშზე რიცხული თანხის - 6065 ლარის ანაზღაურების თაობაზე, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილება. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურისათვის მ.ა-ის სასარგებლოდ წინამდებარე ადმინისტრაციულ დავაზე წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის დაკისრება 1000 ლარის, სანოტარო ხარჯი - 26.24 ლარისა და ფსიქოლოგიური კვლევის ჩატარების ხარჯის ანაზღაურება - 1060 ლარის ოდენობით იყო საფუძვლიანი და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 აპრილის განჩინება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ა-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა - საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 992-ე და 1005-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ აღნიშნული მუხლების დეფინიცია ცხადყოფს, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით. ამასთან, მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის. ასევე, მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურეობრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი და უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. კასატორი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურის მხრიდან ამგვარ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია.

მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, კასატორმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 და 413-ე მუხლებზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 8 აპრილის განჩინებაზე საქმეზე №ბს-972-936(3კ-08), აგრეთვე როგორც ეროვნული, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე მორალური ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივი ნორმები და დასახელებული ეროვნული და საერთაშორისო პრაქტიკა. კასატორი დასახელებული ნორმებისა და პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ მისთვის მორალური ზიანის სახით 20 000 ლარის დაკისრება უსაფუძვლოა და უნდა გაუქმდეს.

ამასთან, კასატორმა ხაზი გაუსვა, რომ მოსარჩელეს, როგორც თავად მიუთითებს, წლების განმავლობაში დატოვებული ჰქონდა საქართველოს ტერიტორია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული განხორციელდა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე, რადგანაც მას დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და გასამართლებულ იქნა ასევე მისი მონაწილეობის გარეშე. მან პირველი ინსტანციის ეტაპზე საქმის განხილვისას სავსებით ნათლად განაცხადა, რომ საქართველო დატოვა არალეგალურად - 2010 წლის 30 აგვისტოს, რაც დაფიქსირდა კიდეც სხდომის ოქმში. მნიშვნელოვანია, რომ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 2010 წლის 4 ნოემბერს, ანუ მისი საქართველოდან წასვლიდან ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგ, ხოლო დაკავება განხორციელდა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან 10 წლის შემდეგ. შესაბამისად, ქვეყნის დატოვება წარმოადგენდა მ.ა-ის გაცნობიერებულ ქცევას. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მოსარჩელის მსჯავრდებულად მიჩნევა გამოწვეული იყო მხოლოდ და მხოლოდ მისი სათანადო ორგანოებში გამოუცხადებლობით, რადგანაც როცა ეს განხორციელდა, პროკურატურამ მიიღო მის მიმართ ბრალდებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება.

კასატორი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლებზე, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე მითითებით არ ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას მატერიალური ზიანის ნაწილში და საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მის სასარგებლოდ ადვოკატის ხარჯის 10 000 ლარის დაკისრებას და ხაზს უსვამს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებები ან სხვა დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებდა მოსარჩელისა და მისი ადვოკატების შეთანხმებას იურიდიული მომსახურების სანაცვლოდ კონკრეტული ანაზღაურების თაობაზე. კასატორის მითითებით, ადვოკატის მომსახურებისთვის გაღებული ხარჯის უპირობოდ სრულად ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის საქმის წარმოების ხანგრძლივობა, სისხლის სამართლის საქმის წარმოებიდან დამდგარი მატერიალური და მორალური ზიანის ოდენობა, წარმომადგენლების მიერ გაწეული სამუშაო, რაც უნდა დასტურდებოდეს საქმის მასალებით.

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, მატერიალური ზიანის სახით მიუღებელი შემოსავლის - 4545 ლარის ოდენობით, კასატორი მიუთითებს, რომ მ.ა-ემ არ გაიარა 2013 წლის სავალდებულო რეგისტრაცია და 2014 წლიდან შეუწყდა დევნილის სტატუსი, ამასთანავე ვეღარ იღებდა შემწეობას 2022 წლამდე. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისას მ.ა-ე უკვე აღარ იმყოფებოდა ქვეყნის ტერიტორიაზე და მის მიმართ დაუსწრებლად მოხდა პატიმრობის შეფარდება, ასევე გამოცხადდა ძებნა. სადავო პერიოდში მოქმედი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის სტატუსის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა ორ თვეზე მეტი ხნით საქართველოს ფარგლების გარეთ გასვლა, შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენდა დევნილის სტატუსის შეწყვეტის დამოუკიდებელ საფუძველს და არ იყო დაკავშირებული სისხლისსამართლებრივ დევნასთან. ამდენად, არ არსებობდა მოსარჩელის აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი და ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.

ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი საპროცესო ხარჯების ანაზღაურების პერსპექტივას უკავშირებს სარჩელის დაკმაყოფილება - არ დაკმაყოფილებას. შესაბამისად, ვინაიდან სასამართლომ დააკმაყოფილა მხოლოდ 35 000 ლარი, ამ შემთხვევაში ამ ოდენობის საპროცესო ხარჯების პროკურატურისათვის დაკისრებაც საფუძველს მოკლებული და დაუსაბუთებელი იყო.

კასატორი - მ.ა-ე საქართველოს კონსტიტუციის მე-13 და 31-ე მუხლებზე, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 413-ე და 1005-ე მუხლებზე მითითებით მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის მორალური ზიანის სახით დაკისრებული 20 000 ლარი არ არის მისთვის რეალურად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის გონივრული თანხა. კასატორმა ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 25 აპრილის №ბს-200(კ-21) გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით მხოლოდ 3 წლის განმავლობაში სისხლისსამართლებრივი დევნისა და 139 დღიანი პატიმრობის პირობებში მორალური ზიანის სახით დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა 12 000 ლარის ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში, მ.ა-ის მიმართ 11 წლის, 6 თვის და 16 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა და ძებნა, ამასთან, 1 წლისა და 9 დღის განმავლობაში ჰქონდა თავისუფლება აღკვეთილი. მხოლოდ ამ ფაქტებსა და უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებაზე დაყრდნობითაც სასამართლოს უნდა განესაზღვრა მორალური ზიანის ოდენობა მინიმუმ 48 000 ლარით.

კასატორის მითითებით, მას უკანონო დევნის გამო 12 წლის განმავლობაში არ შეეძლო საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება და უხდებოდა ყოფნა აფხაზეთში, სადაც მისი უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ იყო. მას უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნის გამო შეეზღუდა საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების უფლება/შესაძლებლობა და ყოველდღიურად უწევდა ოჯახისგან განცალკევებულად ყოფნა. ამასთან, საქმეში იყო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც მოსარჩელის მორალური ზიანის სიმძიმე არის დადასტურებული, რამდენადაც მ.ა-ეს დაქვეითებული აქვს ურთიერთობების სურვილი და ინიციატივები, აქვს გარშემომყოფებთან გაუცხოება, ოჯახური ურთიერთობის სირთულეები ხანგრძლივი განშორების ფონზე. ამასთან, კასატორმა ხაზი გაუსვა, რომ იგი იყო თავისი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი.

გარდა ამისა, კასატორის მითითებით, მას პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო მომეტებულად შეეზღუდა პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული პაემნებით სარგებლობის უფლება, პენიტენციური დაწესებულების გარეთ ხანმოკლე, მათ შორის, სამედიცინო მიზნით სამოქალაქო სექტორის კლინიკებში გასვლის უფლებები. ამასთან, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისას სახელმწიფოს მიერ პატიმრობის აღსრულების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირებისთვის დაწესებული შეზღუდვების სამართლიანი კომპენსაციის მიზნით 2020 წლის 5 მარტიდან 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებზე გავრცელდა ამნისტია (სასჯელის სახით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის შემცირების სახით). იქიდან გამომდინარე, რომ მ.ა-ის მიმართ გამოტანილი არ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, სახელმწიფოს მიერ დარღვეული უფლებები არ იქნა კომპენსირებული.

კასატორის მითითებით, უკანონო მსჯავრდებით დაზარალებულად ცნობის დადგენილების თანახმად, მ.ა-ის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ემყარებოდა არასრულყოფილი გამოძიების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებს. მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლებების არსებითი დარღვევის შესახებ დადგენილების მიხედვით მ.ა-ის სისხლისსამართლებრივი პასუხისგებაში მიცემა მოხდა სამართალდამცავების მხრიდან მისი პიროვნებით არალეგიტიმური დაინტერესების ფონზე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემით არსებითად შეილახა მისი რეპუტაცია, იმიჯი და მოხდა მისი დისკრედიტაცია საზოგადოებაში, რამაც მისი თავისუფლების, პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლებების არსებითად დარღვევა გამოიწვია.

კასატორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად სასამართლოს სამართლებრივად გამართული მსჯელობისა საადვოკატო მომსახურების დადასტურებასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია გადაწყვეტილება თუ რატომ არ დაკმაყოფილდა სრული მატერიალური ზიანი 10 000 აშშ დოლარისა და 3 000 ლარის ოდენობით. საჩივრის ავტორი მიუთითებს რომ საქმის სირთულეზე მეტყველებდა მოწმეთა ოდენობა (22-ზე მეტი „თვითმხილველი“ მოწმე) და მრავალპირიანი საქმე - 20 ტომი. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოში პირდაპირ მონაწილე ადვოკატთა მომსახურების ანაზღაურებას, უნდა გათვალისწინებულიყო ადვოკატთა რაოდენობა, საქმის სირთულე და მოცულობა, ადვოკატების მხრიდან საქმის აღძვრიდან (25.05.2021წ.) განჩინების გამოტანამდე (20.05.2022წ.) გასული დრო (საადვოკატო მომსახურების დრო ერთი წელიწადი) და მათი მზაობა იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილი ყველა მოწმე უნდა დაკითხულიყო. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ მატერიალური ზიანი უნდა ანაზღაურებულიყო სრულად 10 000 აშშ დოლარისა და 3000 ლარის სახით.

გარდა ამისა, კასატორმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 992-ე მუხლებზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ყადაღა დადებული მანქანა არ დაბრუნებია არც ერთ ოჯახის წევრს და არც არანაირი სარჩელი ან საჩივარი მანქანასთან დაკავშირებით არ მისვლიათ. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით, 2024 წლის 26 ივლისის NMIA 6 24 02267260 წერილით ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება ავტომობილის ადგილსამყოფელისა და მისი მდგომარების შესახებ. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს ეს გარემოება მ.ა-ის სასარგებლოდ უნდა განემარტა.

კასატორის განმარტებით, სახელმწიფოს ვალდებულია უზრუნველყოს თავისუფლებაშეზღუდული პირისათვის აუცილებელი სოციალური თუ პირადი უფლებების დაცვა, უზრუნველყოს იგი საცხოვრებლით, კვებითა თუ პირადი ჰიგიენით. მ.ა-ე ხაზს უსვამს, რომ მას არ ჰქონდა უზრუნველყოფილი შესაბამისი პირობები, რის გამოც მისი ოჯახის წევრები იძულებულნი იყვნენ ანგარიშზე შეეტანათ სხვადასხვა თანხა, რათა მას შეძლებოდა მათთან კონტაქტი და ნორმალური საჭმლით კვება, 12 თვისა და 9 დღის განმავლობაში კი შეტანილი თანხის ოდენობამ შეადგინა 6065 ლარი და იგი ანაზღაურებას ექვემდებარებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და მ.ა-ის საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურისა და მ.ა-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

დამატებით აღსანიშნავია, რომ ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; კერძოდ, მითითებული კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. ამრიგად, ზიანის ანაზღაურებისთვის, პირის ქმედება უნდა ატარებდეს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და იწვევდეს პირისთვის ზიანის მიყენებას. დამდგარ შედეგსა და უკანონო ქმედებას შორის კი უნდა არსებობდეს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. რაც შეეხება მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი პირის ბრალეულობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. კერძოდ, პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ზემოაღნიშნული ნორმის მიზანია დაზარალებულის დაცვა და გამართლებული პირისათვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანით გამოწვეული ნეგატიური შედეგების კომპენსირება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ „პირის ბრალდების შესახებ“ ქ. თბილისის პროკურატურის 2010 წლის 4 ნოემბრის დადგენილებით მ.ა-ეს წარედგინა ბრალი იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალიწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და 2231 მუხლის პირველი ნაწილით. ხოლო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ბრალდებულ მ.ა-ისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეულ იქნა პატიმრობა. ბრალდებულის მიმართ გამოცხადდა ძებნა ქ. თბილისის პროკურატურის 2010 წლის 19 ნოემბრის „ბრალდებულის ძებნის შესახებ“ დადგენილებით.

ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 14 ივლისის განაჩენით მ.ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლი პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ დ „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოდ, დანაშაულთა ერთობლიობით მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის და 6 თვის ვადით და ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, როგორც დამატებითი სასჯელი. მ.ა-ეს სასჯელის მოხდა აეთვალა განაჩენის აღსრულების მიზნით, მისი თავისუფლების აღკვეთის მომენტიდან.

დადგენილია, რომ მ.ა-ე დაკავებულია 2021 წლის 11 მაისს 8 საათსა და 34 წუთზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინებით, ბრალდებაზე უარის თქმის საფუძვლით, მსჯავრდებულ მ.ა-ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 14 ივლისის განაჩენი და გამოყენებული სასჯელი, ამასთან, მ.ა-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაკავშირებულია არაქონებრივი უფლებების დარღვევასთან, ხოლო ქონებრივი უფლებების უკანონო შეზღუდვა იწვევს მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეაბილიტირებული პირის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არსებობს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად, როგორც ეს პირდაპირაა გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. პირის მიმართ წარდგენილი ბრალდების უსაფუძვლობა და გამოყენებული შეზღუდვების არამართლზომიერება კი სწორედ მარეაბილიტირებელ გარემოებად განიხილება. ასეთ პირს უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.

აღსანიშნავია, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური (მორალური) ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მორალური ზიანის მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების, ობიექტური გარემოებების (დაზარალებულის საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.) და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით (Patsuria v. Georgia; Nikolaishvili v. Georgia; Jashi v. Georgia).

რაც შეეხება მიყენებული ზიანის ოდენობას, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია დამდგარი ზიანის სიმძიმე, შელახული უფლების მნიშვნელობა, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, საპატიმრო დაწესებულებაში პირის ყოფნის ხანგრძლივობა და სხვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ განსახილველ შემთხვევაში მ.ა-ე დააკავეს 2021 წლის 11 მაისს და იგი ერთი წლის და 9 დღის განმავლობაში იმყოფებოდა იმყოფებოდა საპატიმროში, ხოლო მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა 11 წლის, 6 თვის და 16 დღის განმავლობაში და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს უკანონო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის და საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 20 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება, განსახილველ შემთხვევაში წარმოადგენს გონივრულ და სამართლიან ანაზღაურებას. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ძალიან ხშირად დამდგარი შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენაა და როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას, რის გამოც კომპენსაციის ოდენობა უსაზღვროდ არ უნდა იყოს გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას. იგი უნდა განისაზღვროს გონივრულად და სამართლიანად, რა გარემოებაც მართებულად შეაფასეს ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა.

რაც შეეხება მატერიალური ზიანის ანაზღაურების საკითხს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის შესაბამისად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. დასახელებული კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

განსახილველ შემთხვევაში, მატერიალური ზიანის სახით მოსარჩელე ერთი მხრივ ითხოვდა 10 000 აშშ დოლარისა და 3000 ლარის ადვოკატებისთვის გადახდილი ფულადი თანხის ანაზღაურებას, ხოლო მეორე მხრივ მიუღებელი შემოსავლის სახით 4545 ლარის ანაზღაურების მისთვის დაკისრებას, ასევე მატერიალური ზიანის სახით ავტომანქანის დაყადაღების და დაუცველობის გამო მიყენებული ზიანის - 8958 ლარისა და პენიტენციური დაწესებულების საბარათე ანგარიშზე რიცხული თანხის - 6 065 ლარის ანაზღაურებას.

საქმეში დაცული მასალებით, მ.ა-ის ოჯახმა მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაიქირავა ადვოკატები. ნ.რ-იმა, როგორც მ.ა-ის ადვოკატმა 2019 წლის 29 ოქტომბერს განცხადებით მიმართა პროკურატურას განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მის მიერ ახალი მტკიცებულებების წარდგენის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოში მ.ა-ის ინტერესებს იცავდნენ ადვოკატები ჯ.კ-ი, ტ.კ-ე, თ.მ-ე და ა.გ-ი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, სადავოდ არ არის გამხდარი ადვოკატების მონაწილეობა მ.ა-ის მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნიდან მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და გათავისუფლების პერიოდამდე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებით შეთანხმებული თანხა, აგრეთვე მარწმუნებლის მიერ წარმომადგენლისთვის გადახდილი თანხის ოდენობა გაწეული მომსახურებისთვის, არ არის სავალდებულო სასამართლოსთვის ადვოკატის მომსახურების გაწევის თანხის ოდენობის განსაზღვრისთვის. სასამართლო ადვოკატის მომსახურების ღირებულების განსაზღვრისას მხედველობაში იღებს საქმის სირთულეს, უფლების დარღვევის აღსაკვეთად წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობას, ხანგრძლივობას, ინსტანციურობას და სხვა. აღნიშნული გარემოებები შეფასებას საჭიროებს არა მხოლოდ ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის, არამედ აგრეთვე ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც ადვოკატისთვის გადახდილი ხარჯის ანაზღაურების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული თანხა არაადეკვატურია და აშკარად აღემატება წარმომადგენლის მიერ საქმეზე გაწეული მომსახურების ღირებულებას (სუსგ №ბს-628(2კ-20), 20.07.2022წ.). უკანონო ბრალდებისაგან თავის დასაცავად მხარის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯები, მათ შორის საადვოკატო მომსახურების ხარჯები, ანაზღაურებას შესაძლოა დაექვემდებაროს გონივრულობისა და სამართლიანობის პრინციპების გათვალისწინებით. ასეთი სახის ხარჯები რეალურად უნდა იქნეს გაწეული ან იურიდიული მომსახურების შესახებ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე უნდა არსებობდეს ასეთი ხარჯის გაწევის ვალდებულება. ამდენად, ზოგადი წესის თანახმად დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საადვოკატო მომსახურების თანხის გადახდის ან ასეთი ვალდებულების არსებობის ფაქტს, წარმოშობს ამ ხარჯის ანაზღაურების საფუძველს.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო, იძულებული იყო საკუთარი უფლებების ეფექტური დაცვისთვის მიემართა ადვოკატისთვის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობას ფულად ზარალსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ქმედებას შორის. ადვოკატის მონაწილეობა სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობაში უზრუნველყოფს ბრალდებულის ინტერესებისა და უფლებების მაქსიმალურ დაცვასა და რეალიზებას. შესაბამისად, მატერიალური ზიანის გონივრული ანაზღაურების ფარგლებში, დავის საგნის, დავის სირთულისა და საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურას მართებულად დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ, მის მიერ გაწეული ადვოკატის მომსახურების ხარჯი - 10 000 ლარის ოდენობით.

მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებაზე მსჯელობის ფარგლებში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, მ.ა-ე 2000 წლიდან სარგებლობდა დევნილის სტატუსით და იღებდა დევნილთა შემწეობას. მას არ გაუვლია დევნილთა 2013 წლის სავალდებულო რეგისტრაცია, შესაბამისად, 2014 წლიდან შეუწყდა დევნილის სტატუსი და დევნილთა შემწეობის თანხის დარიცხვა. მ.ა-ეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 13 ივნისის NMOH 6 22 000000 ბრძანების საფუძველზე აღუდგა დევნილის სტატუსი. იმ პირობებში, რომ მოსარჩელეს 2010 წლის 7 ნოემბერს აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, ხოლო 2010 წლის 19 ნოემბერს ბრალდებულის ძებნის შესახებ დადგენილებით მ.ა-ის მიმართ გამოცხადდა ძებნა, ამასთან, 2021 წლის 11 მაისს იგი დაკავებულ იქნა მსჯავრდებულის სტატუსით და 2022 წლის 20 მაისამდე, სანამ მის მიმართ არ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ განსახილველ შემთხვევაში იკვეთება მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოპასუხის ქმედებასა და ფულად ზარალს (დევნილთა შემწეობის მიუღებლობა) შორის.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ყადაღა დაედო ბრალდებულ მ.ა-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ ქონებას - სატრანსპორტო საშუალებას ... ... (გამოშვების წელი ...წ, ფერი..., VIN...) სახელმწიფო სანომრე ნიშნით... . ხოლო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 14 ივლისის განაჩენით გაუქმდა დადებული ყადაღა. 2024 წლის 26 ივლისის NMIA 6 24 02267260 წერილით საქალაქო სასამართლოს ეცნობა, რომ სარეგისტრაციო მონაცემთა ელექტრონული ბაზის თანახმად, საიდენტიფიკაციო ნომრით... სატრანსპორტო საშუალება ... ... 2010 წლის 20 აპრილს დარეგისტრირდა (პირველადი რეგისტრაცია) და დღემდე ირიცხება მ.ა-ის სახელზე, სახელმწიფო სანომრე ნიშნით... .

საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმის შესახებ, რომ მოცემულ საქმეში არ არის წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები საგამოძიებო ორგანოს მიერ ... ... ავტომობილის ადგილმდებარეობის დადგენის შეუძლებლობისა და ყადაღის გაუქმების შემდეგ მისი მოსარჩელის ნდობით აღჭურვილ პირზე გადაცემის/გადაუცემლობის შესახებ, შესაბამისად წინამდებარე დავის ფარგლებში არ დასტურდება პირდაპირი ზიანის მიყენების ფაქტი და ამდენად არ იკვეთება ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას პატიმრის ანგარიშზე ჩარიცხული თანხების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე არ დგინდება უშუალო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და საყოფაცხოვრებო პირობებთან დაკავშირებული ხარჯების გაწევას შორის, რადგან უშუალო კავშირი არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც ქმედების გარეშე გამორიცხული არის შედეგის (ზიანის) დადგომა (სუსგ №ბს-265(2კ-20), 10.06.2020წ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით განსაზღვრულია პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებები, სამართლებრივი მდგომარება, კერძოდ, პენიტენციური კოდექსის შესაბამისად, ბრალდებული/მსჯავრდებული სახელმწიფოს ხარჯზე უზრუნველყოფილია არანაკლებ სამჯერადი კვებით, პირადი ჰიგიენით და სხვა საჭიროებებით, რომელიც შეიცავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს. საქმის მასალებით არ დასტურდება მითითებული ხარჯების გაწევის კავშირი სისხლისსამართლებრივ დევნასთან - მსგავსი სახის ხარჯების გაწევის საჭიროება/აუცილებლობა მოსარჩელის მიერ წარმოიშობოდა სისხლისსამართლებრივი დევნის არარსებობის პირობებშიც. შესაბამისად, არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი საქართველოს გენერალური პროკურატურის ქმედებასა და მითითებულ ხარჯებს შორის (სუსგ №ბს-86(2კ-25), 15.12.2025წ.).

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციების სასამართლოების მსჯელობა, რომ იკვეთებოდა საქართველოს გენერალურ პროკურატურისათვის მ.ა-ის სასარგებლოდ წინამდებარე ადმინისტრაციულ დავაზე წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის დაკისრება 1000 ლარის, სანოტარო ხარჯის - 26.24 ლარის და ფსიქოლოგიური კვლევის ჩატარების ხარჯის - 1060 ლარის ანაზღაურების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრებს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის და მ.ა-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა