გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.05.2026
საქმის ნომერი
ბს-1362(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № ბს-1362(კ-25)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 მაისი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ს.ბ-რ

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დავის საგანი - რეაბილიტირებული პირისთვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.04.2025 წლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს.ბ-რმა 18.03.2024 წელს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ს.ბ-რის, როგორც რეაბილიტირებული პირის, სასარგებლოდ უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნისა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებით მიყენებული მატერიალური ზიანის 84 000 ლარის (სისხლის სამართლის საქმეზე საადვოკატო მომსახურების თანხა - 20 000 აშშ დოლარი ეკვივალენტი ლარში + 5000 ლარი და სესხის საფასური) და მორალური ზიანის 300 000 ლარის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 01.10.2019 წელს იმყოფებოდა თბილისში, ...ას ქ. №...-ში, რა დროსაც იგი დააკავეს ...ის პერსონალისა და მეზობლების თვალწინ. ის გადაიყვანეს ჯერ თბილისის სამმართველოს ...-ელ განყოფილებაში, ხოლო შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც იმყოფებოდა 3 ოქტომბრის ჩათვლით. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა, ჩადენილი ანგარებითა და სხვა პირადი მოტივით). მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით მედია საშუალებები ავრცელებდნენ ინფორმაციას მისი დაკავების შესახებ. ბრალდების საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა 2019 წლის ნოემბრის თვიდან 2022 წლის 9 მარტის ჩათვლით. საქმეზე ჩატარდა დაახლოებით 45 სასამართლო სხდომა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო მუდმივი სტრესის ქვეშ, მას უყურებდნენ როგორც დამნაშავეს, რამაც არსებითად შელახა მისი პატივი და ღირსება, ასევე რეპუტაცია, რაც ნეგატიურად აისახა პირად ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 09.03.2022 წლის გამამართლებელი განაჩენით, იგი გამართლებულ იქნა წარდგენილ ბრალდებაში. აღნიშნული განაჩენი მოწინააღმდეგე მხარის მიერ გასაჩივრდა ჯერ სააპელაციო, ხოლო შემდეგ საკასაციო სასამართლოში, რომელმაც 27.04.2023 წლის განჩინებით დაუშვებლად ცნო ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მისი საქმის წარმოება სასამართლოში 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2023 წლის 27 აპრილამდე (42 თვე) მიმდინარეობდა. ამ პერიოდის განმავლობაში მას უწევდა სტრესულ ვითარებაში ცხოვრება და საქმიანობა, შესაბამისად, მნიშვნელოვნად შემცირდა მისი საქმიანობიდან მისაღები შემოსავლები. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ შემცირებული შემოსავლების გამო, საქმეზე ადვოკატის მომსახურების ხარჯის გასაწევად, მან კერძო პირისგან აიღო მაღალპროცენტიანი სესხი 5 000 ლარის ოდენობით, თვეში 10%-ის სარგებლის გადახდის პირობით. 4 წლის განმავლობაში გადახდილმა პროცენტმა შეადგინა 25 000 ლარი. ამასთან, მოსარჩელემ მიუთითა, რომ საადვოკატო მომსახურებისთვის 2019 წლის 09 ოქტომბრიდან 2023 წლის 27 აპრილამდე გადასახდელი ჰქონდა 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი (54 000 ლარი). მოსარჩელის განმარტებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმე იყო რთული და მოცულობითი, მისი დაცვის განმახორციელებელ ადვოკატთან შეთანხმდა მომსახურების რეალური საფასური. ამდენად, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარის მიერ უკანონო დაკავებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების შედეგად, მას შეელახა პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, რის გამოც მიადგა როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.03.2024 წლის განჩინებით, საქმეში სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.01.2025 წლის გადაწყვეტილებით ს.ბ-რის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს გენერალურ პროკურატურას ს.ბ-რის, როგორც რეაბილიტირებული პირის, სასარგებლოდ დაეკისრა უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნით მიყენებული მორალური ზიანის 10 000 (ათი ათასი) ლარის და მატერიალური ზიანის 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის ანაზღაურება, სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ამასთან, საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე ს.ბ-რის სასარგებლოდ დაევალა ადმინისტრაციულ საქმეზე საადვოკატო მომსახურების ხარჯის 2 000 ლარის ოდენობით ანაზღაურება. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტზე, მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, მე-13 მუხლის მე-6 პუნქტზე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005 მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნა, რომ რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.

სასამართლომ განმარტა, რომ შესაბამის თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად, უკანონო მსჯავრდების, ასევე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების გამო მიყენებული ზიანისათვის, კანონით განსაზღვრულია სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ასეთი დევნის უკანონობას, მის მართლსაწინააღმდეგო ხასიათს გულისხმობს, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული პირისათვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით, რადგან პირს, რომელსაც არ დაუდასტურდა ამა თუ იმ ქმედების ჩადენა, სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოს ფორმალურად კანონშესაბამისი ქმედებებით ობიექტურად უსაფუძვლოდ მიადგა კონკრეტული ზიანი. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის, წარდგენილი ბრალდების დაუდასტურებლობის გამო, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, იმთავითვე გულისხმობს პირის სამართლებრივ რეაბილიტაციას და წარმოშობს მის უფლებას მოითხოვოს შესაბამისი კომპენსაცია.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მატერიალური ზიანის სახით ანაზღაურებას ექვემდებარება ასევე დაცვის უფლებით (ადვოკატის მომსახურების) სარგებლობის ხარჯები, რომელიც გაწეული იქნა გამოძიებისა და სასამართლოში საქმის განხილვის დროს. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის თანახმად, გადახდის ქვითრის, საგადახდო დავალების შესრულების დოკუმენტის წარუდგენლობა, არ გამორიცხავს საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესაძლებლობას (იხ. სუსგ 07.02.2019 წლის საქმე №ბს-432-429 (2კ-17)). საქალაქო სასამართლომ საქმეში დაცული მტკიცებულებებით დადგენილად მიიჩნია, რომ ს.ბ-რის ინტერესებს სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლოში საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე იცავდა ადვოკატი. საქმეში დაცული საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების მიხედვით, ს.ბ-რმა იკისრა ვალდებულება იურიდიული მომსახურებისათვის ადვოკატისთვის 5 000 ლარის გადახდის თაობაზე. ამასთან, საქმეზე სამივე ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დასრულების შემდეგ გამამართლებელი განაჩენის დადგენის შემთხვევაში კლიენტმა იკისრა ვალდებულება ადვოკატისთვის გადაეხადა 20 000 აშშ დოლარი ჰონორარის სახით. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მიღება-ჩაბარების აქტებით) ს.ბ-რს გადახდილი ჰქონდა საადვოკატო მომსახურების თანხა 20 000 აშშ დოლარის ოდენობით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ს.ბ-რის უკანონოდ სისხლისსამართლებრივი დევნით, ასევე აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის უკანონოდ გამოყენებით მიადგა მატერიალური ზიანი ადვოკატის მომსახურებისათვის გადასახდელი თანხის სახით, რომლის ანაზღაურებაც საქართველოს გენერალურ პროკურატურას უნდა დაკისრებოდა. რაც შეეხება, ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობას, სასამართლომ აღნიშნა, რომ მისი განსაზღვრის დროს მხედველობაში იყო მისაღები საქმის სირთულე, შრომის მოცულობა და სხვა გარემოებები, რაც ასეთი ოდენობის სამართლიანობასა და გონივრულობას განაპირობებდა. სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელე ს.ბ-რისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის (ადვოკატებისათვის გაწეული ხარჯის) გონივრულ ოდენობას წარმოადგენდა 12 000 ლარი.

მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის უზრუნველსაყოფად აღებული სესხის პროცენტის გადახდით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება სესხის აღების შესახებ, შესაბამისად, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აღნიშნული ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრება.

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ასევე გულისხმობდა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებასაც. სასამართლომ განმარტა, რომ მორალური ზიანი არაქონებრივ ზიანს წარმოადგენს და მას ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია, იგი დაკავშირებულია პირის პატივისა და ღირსების შელახვასთან, განცდილ სტრესთან, შიშთან, უარყოფით ემოციებთან და ა.შ.. სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ განცდილი სტრესის, შიშის და უარყოფითი ემოციების ხარისხის გათვალისწინებით, მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის მოთხოვნილი 300 000 ლარი არ წარმოადგენდა ადეკვატურ ოდენობას. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა მორალური ზიანის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.01.2025 წლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.04.2025 წლის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.01.2025 წლის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალების მიხედვით, 01.10.2019 წელს 17:37 საათზე ს.ბ-რი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 19.09.2019 წლის განჩინების საფუძველზე დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით და 02.10.2019 წელს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, კერძოდ, ბრალი დაედო მასზედ, რომ ჩაიდინა დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა, ჩადენილი ანგარებითა და სხვა პირადი მოტივით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 03.10.2019 წლის ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განჩინებით, ბრალდებულ ს.ბ-რის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო 1 000 ლარის ოდენობით, ამასთან, გირაოს გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, გირაოს თანხის სრული მოცულობით შეტანამდე, ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა პატიმრობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის 09.03.2022 წლის განაჩენით, ს.ბ-რი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ასევე გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო. აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 19.10.2022 წლის განაჩენით, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 27.04.2023 წლის განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ.პ-ას საკასაციო საჩივარი.

მიყენებული მორალური ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებით სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. კერძოდ, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია: დამდგარი ზიანის სიმძიმე, შელახული უფლების მნიშვნელობა, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, საპატიმრო დაწესებულებაში პირის ყოფნის დრო და სხვა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაითვალისწინა ს.ბ-რის მიმართ განხორციელებული იძულების ფორმები, სახელდობრ, ის გარემოება, რომ მოსარჩელეს ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელე 01.10.2019 წელს 17:37 საათზე იქნა დაკავებული ბრალდებულის სახით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 03.10.2019 წლის ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განჩინებით, ბრალდებულ ს.ბ-რის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო 1 000 ლარის ოდენობით, ამასთან, გირაოს გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, გირაოს თანხის სრული მოცულობით შეტანამდე ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა პატიმრობა, მოცემული სისხლის სამართლის საქმე იყო რეზონანსული და გავრცელდა პრესაში, რამაც დამატებითი უარყოფითი გავლენა იქონია მოსარჩელის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, მისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე. ამდენად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ბრალდების სიმძიმის, განცდილი სტრესის, შიშის და უარყოფითი ემოციების, საქმის კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განსაზღვრა მორალური ზიანის ოდენობა 10 000 (ათი ათასი) ლარით, რაც მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციული იყო და თანხის ოდენობა ექცეოდა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.

მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აღნიშნული ნორმა შესაძლებელს ხდის დაზარალებული პირის უფლებების აღდგენას პირვანდელ მდგომარეობაში.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დელიქტური პასუხისმგებლობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ზიანის მიყენების ფაქტი და მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მიზეზობრივი კავშირი, ტრადიციული გაგებით, პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი აუცილებელი ელემენტია. მიზეზობრივი კავშირი მიზეზსა და შედეგს შორის აუცილებელი კავშირია, რაც გულისხმობს ორი მოვლენის არა უბრალო მუდმივ თანმიმდევრობას, არამედ შედეგის თანმიმდევრობას თავისი მიზეზის მიმართ. მიზეზობრიობის მთავარ მომენტს წარმოადგენს არსებითი კავშირი, სადაც დამოკიდებულება მიზეზსა და შედეგს შორის აქტიურ ხასიათს ატარებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს. პირი მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს მიყენებული ზიანისთვის, როცა მისი ქმედება ადეკვატურ კავშირშია დამდგარ შედეგთან.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო იძულებული იყო საკუთარი უფლებებისა და ინტერესების ეფექტურად დაცვისა და რეალიზებისათვის აეყვანა ადვოკატი და ესარგებლა მისი მომსახურებით საგამოძიებო ორგანოებსა თუ სასამართლოში, სრულყოფილად ესარგებლა სისხლის სამართლის კოდექსით ბრალდებულისათვის მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. ამრიგად, აღნიშნული ხარჯების გაწევა ცალსახად გამოწვეული იყო პირის მიერ დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით.

აპელანტის - საქართველოს გენერალური პროკურატურის განმარტებაზე, რომ საქმის მასალებში არ იყო წარმოდგენილი გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად, ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (იხ. სუსგ 09.02.2012 წლის საქმე №ბს-1330-1315(კ-11)). ამდენად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ეროვნული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი შეიძლება ანაზღაურდეს იმ პირობებშიც, როდესაც არ არის წარმოდგენილი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა ადვოკატის მომსახურება სადავო გარემოებას არ წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია თავად განსაზღვროს გაწეული ხარჯის ოდენობა გონივრულ ფარგლებში.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობისას მოსარჩელე წარმოდგენილი იყო ადვოკატით. საქმეში დაცული 09.10.2019 წლის იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულების მიხედვით, ს.ბ-რმა იკისრა ვალდებულება იურიდიული მომსახურებისათვის ადვოკატისთვის 5 000 ლარის გადახდის თაობაზე. ამასთან, საქმეზე სამივე ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დასრულების შემდეგ გამამართლებელი განაჩენის დადგენის შემთხვევაში კლიენტმა იკისრა ვალდებულება ადვოკატისთვის გადაეხადა 20 000 აშშ დოლარი ჰონორარის სახით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმეში დაცული მტკიცებულებებით (მიღება-ჩაბარების აქტებით) ასევე დასტურდება, რომ ს.ბ-რს გადახდილი ჰქონდა საადვოკატო მომსახურების თანხა 20 000 აშშ დოლარის ოდენობით.

რაც შეეხება ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოცულობას, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.02.2019 წლის №ბს-432-429(2კ-17) გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განმარტებულია, რომ მართალია „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 1.3 მუხლის მიხედვით საადვოკატო საქმიანობა სამეწარმეო საქმიანობის სახედ არ მიიჩნევა, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს საადვოკატო საქმიანობისას მოგების, შემოსავლის მიღების მიზანს. ადვოკატის უმთავრესი ფუნქციაა მაქსიმალურად დაიცვას მარწმუნებლის ინტერესები, უზრუნველყოს წარმომადგენლობა სასამართლოში, არბიტრაჟსა და საგამოძიებო ორგანოებში („ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-2 მუხ.), რაც უნდა განხორციელდეს კანონიერების, დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, გულისხმიერებისა და ეთიკის ნორმების ზედმიწევნით დაცვით („ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-3 მუხ.), თუმცა აღნიშნული არ არის ადვოკატთა ფინანსური დაინტერესების გამომრიცხავი გარემოება, რადგან საადვოკატო საქმიანობიდან მიღებული ფინანსური შემოსავალი, როგორც წესი, ქმნის ადვოკატის საქმიანობის ფინანსურ საფუძველს.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მხარის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაღებული ხარჯის უპირობოდ სრულად ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობის დროისა და მასში ადვოკატის ჩართულობის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა განსაზღვრული თანხის ოდენობა, რომელიც იქნა დაკისრებული მოპასუხე მხარისათვის, როგორც სისხლის სამართლის საქმეში წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურას მართებულად დაეკისრა ს.ბ-რის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით, ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის ოდენობით.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საქართველოს გენერალურ პროკურატურას ს.ბ-რის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა მიმდინარე საქმის წარმოებაში წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 2 000 ლარის ოდენობით, რაც სააპელაციო პალატამ დავის სირთულისა და წარმომადგენლის მიერ გაწეული მომსახურების, ასევე დავის გადაწყვეტის შედეგის გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად და თანაზომიერად მიიჩნია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.04.2025 წლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ.

კასატორმა სკ-ის 413-ე, 992-ე, 1005.3 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით, ასევე მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურეობრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან გაუფრთხილებელი, უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს გენერალური პროკურატურის მხრიდან ამგვარ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტებს, რაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ქმედებით ზიანის მიყენებად. კასატორის განმარტებით, თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას ამ უკანასკნელის მიმართ გამოყენებულ იქნა კანონით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები და გატარდა კანონშესაბამისი ღონისძიებანი, საბოლოოდ, პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მარეაბილიტირებელი საფუძვლით დამთავრების შემთხვევაშიც კი, არ არსებობს პროკურატურის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი. სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღება არის სასამართლოს კომპეტენცია.

კასატორმა მიუთითა, რომ საქმის მასალების თანახმად, ს.ბ-რი დაკავებულ იქნა 01.10.2019 წელს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს 03.10.2019 წლის განჩინებით ს.ბ-რს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 1 000 ლარის ოდენობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 09.03.2022 წლის განაჩენით, ს.ბ-რი გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში. განაჩენი ძალაში იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.10.2022 წლის განაჩენით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 27.04.2023 წლის განჩინებით. ამდენად, კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, კონკრეტულ ფაქტზე მიმდინარეობდა გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ს.ბ-რს წარედგინა ბრალი, ხოლო სასამართლომ განჩინებით შეუფარდა აღკვეთის ღონისძიება, საბოლოოდ, კი საქმეზე მიღებულ იქნა გამამართლებელი განაჩენი.

კასატორმა აღნიშნა, რომ პირის გამართლების შემთხვევაშიც კი ვერ მიენიჭება კანონის საფუძველზე განხორციელებულ მოქმედებებს არამართლზომიერი ხასიათი. მით უფრო, აღნიშნული არ შეიძლება გაგებულ იქნეს სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს - პროკურატურის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებად.

კასატორმა მიუთითა, რომ მორალური ზიანის საკითხის განხილვისას სასამართლოს, გარდა საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა (ს.ბ-რს თავისუფლება შეზღუდული არ ჰქონია, არ დგინდება ავადმყოფობის და მისი გამწვავების ფაქტი), მხედველობაში უნდა მიეღო აგრეთვე, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ დადგენილი პრაქტიკა, ასევე საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა ანალოგიურ საქმეებზე. კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მორალური ზიანის სახით 10 000 ლარის დაკისრება იყო უსაფუძვლო, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების არაპროპორციული და არ გამომდინარეობდა სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან.

კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს აქვს ადვოკატის არჩევის და ყოლის, ასევე მის მიერ არჩეული ადვოკატის ნებისმიერ დროს შეცვლის უფლება, ხოლო თუ ის უქონელია - უფლება, დაენიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. ამდენად, მოსარჩელის მიერ სისხლის სამართლის საქმის წარმოების ეტაპზე განხორციელებული მოქმედებები, მათ შორის ადვოკატის აყვანა, არის პირის (ბრალდებულის) უფლება და ამ უფლებით სარგებლობა არ შეიძლება გაგებულ იქნეს როგორც დევნის განმახორციელებელი ორგანოს - პროკურატურის მიერ მოსარჩელისათვის მიყენებულ მატერიალურ ზიანად.

კასატორმა ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იყო ადვოკატთან დადებული იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებები, მაგრამ წარმოდგენილი არ იყო გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. შესაბამისად, არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ თანხის გადახდა და ქონებრივი დანაკლისი.

კასატორი უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს აგრეთვე მიმდინარე ადმინისტრაციულ საქმეზე საპროცესო ხარჯის - ადვოკატის მომსახურების 2 000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას. კასატორი თვლის, რომ ვინაიდან არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი, შესაბამისად, არ არსებობდა საპროცესო ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველიც. ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ საქმეში დაცული არ არის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელე ს.ბ-რის სასარჩელო მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.12.2025 წლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.04.2026 წლის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 19.09.2019 წლის განჩინებით დაკმაყოფილდა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ა.მ-ის შუამდგომლობა ს.ბ-რის დაკავების შესახებ ნებართვის გაცემის თაობაზე. 01.10.2019 წლის ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2019 წლის 1 ოქტომბერს, 17:37 წუთზე, ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა ს.ბ-რი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტზე. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის 02.10.2019 წლის დადგენილებით, ს.ბ-რი ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. 03.10.2019 წელს ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა - ა.მ-იმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, ბრალდებულ ს.ბ-რის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 3 000 ლარის შეფარდების თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 03.10.2019 წლის განჩინებით ძველი თბილისის პროკურორის - ა.მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ცვლილებით, კერძოდ, ბრალდებულ ს.ბ-რის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო - 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, რომლის შეტანის ვადად განისაზღვრა 30 დღე. დადგინდა რომ გირაოს გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, გირაოს თანხის სრული მოცულობით შეტანამდე ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნებოდა პატიმრობა. პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო მისი ფაქტობრივი დაკავების დროიდან - 2019 წლის 1 ოქტომბრის 17:37 საათიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 09.03.2022 წლის განაჩენით ს.ბ-რი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, გაუქმდა ს.ბ-რის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო და გირაოს დაბრუნების ვადად განისაზღვრა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვე. გამართლებულ ს.ბ-რს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 19.10.2022 წლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 09.03.2022 წლის განაჩენი დარჩა უცვლელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 27.04.2023 წლის განჩინებით ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ.პ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია მარეაბილიტირებელი გარემოების (სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის) არსებობით გამოწვეული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება ყველასათვის გარანტირებული უფლებაა. ზემოხსენებული საკონსტიტუციო ჩანაწერი განმტკიცებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით, რომლის თანახმადაც, პირს უფლება აქვს მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, შესაბამისი სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით. მითითებული მუხლი ზოგადი ხასიათის ნორმაა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირთათვის შექმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი ნორმები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, მითითებული კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში პროკურატურისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივ საფუძველს ქმნის სკ-ის 1005.3 მუხლი, რომლის თანახმად რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. აღნიშნული მუხლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ზიანი ანაზღაურდება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს ქმნის ქმედების უკანონობა და პირის მარეაბილიტირებელი გარემოების არსებობა. კანონმდებლობა არ შეიცავს მარეაბილიტირებელი გარემოების ჩამონათვალს, თუმცა უდავოა, რომ ასეთ გარემოებას განეკუთვნება გამამართლებელი განაჩენის არსებობა, რომელიც პირის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სკ-ის 1005.3 მუხლი გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის 13.6 მუხლით დაცულ ადამიანის თავისუფლების პრინციპიდან, რომელიც ადამიანის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, ნებისმიერ უკანონოდ თავისუფლებაშეზღუდულ პირთან მიმართებაში ადგენს სახელმწიფო ორგანოებისა და მოსამსახურეთა უკანონო მოქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (იხ. სუსგ 25.04.2023 წლის საქმე №ბს-200(კ-21)).

საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 09.03.2022 წლის განაჩენი, რომლითაც ს.ბ-რი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში, წარმოადგენს მისი რეაბილიტაციის საფუძველს. განაჩენით უტყუარად დასტურდება დანაშაულის ჩადენის ფაქტის არარსებობა, შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მოსარჩელის მიმართ ფორმალურად კანონიერად გამოყენებული ზემოქმედების ღონისძიებები, მარეაბილიტირებელი გარემოების დადგენისთანავე, სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის, უნდა ჩაითვალოს უკანონოდ. თავის მხრივ, აღნიშნული ადასტურებს, რომ მოსარჩელეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შემზღუდავი ზემოქმედების ატანა მოუწია შესაბამისი თმენის ვალდებულების დაკისრების დასაბუთებული სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. შესაბამისად, მითითებული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უკანონო ბრალდების შედეგად დამდგარ, ასანაზღაურებელ ზიანში მოიაზრება როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანი. მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაკავშირებულია არაქონებრივ უფლებათა დარღვევასთან. არაქონებრივი უფლებები სამოქალაქო სამართლის ისეთ ობიექტს წარმოადგენს, რომლის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ექვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების (პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია, პირადი ხელშეუხებლობა) ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, რამეთუ პირის თავისუფლების ხელყოფას და ხელშეუხებლობის დარღვევას, როგორც წესი, თან სდევს ზემოხსენებული სიკეთეების შელახვა. არაქონებრივი ზიანი ვლინდება პირის მორალურ განცდებში, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების წესის გაგრძელების შეუძლებლობასთან, პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვასთან და სხვ., თუმცა ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყველა სახის მორალური ზიანი, არამედ მხოლოდ ის, რომლის ანაზღაურებაც მოქმედი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული (სუსგ 04.06.2015 წლის საქმე №ბს-485-474(2კ-14)). მორალური ზიანის ანაზღაურების ფარგლებს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი ადგენს, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

დაუსაბუთებელია მორალური ზიანის ანაზღაურების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად კასატორის - საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ პროკურატურის მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედებები ეფუძნებოდა კანონს, რაც კასატორის მოსაზრებით გამორიცხავს პროკურატურის მიერ ზიანის ანაზღაურების საფუძვლების არსებობას. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. პროკურატურა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით ატარებს დანაშაულის გამოძიებას (სსსკ-ის 32 მუხ.). გამომძიებელი ვალდებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით შეასრულოს პროკურორის მითითება (სსსკ-ის 37.3), თავის მხრივ, გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად (სსსკ-ის 37.2 მუხ.). აღნიშნულის საპირისპიროდ, კოდექსის 25.2 მუხლის პირველი წინადადებით, სასამართლოს ეკრძალება ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა დამოუკიდებლად როგორც მოპოვება, ასევე გამოკვლევა. ამდენად, სისხლის სასამართლოწარმოებაში შეჯიბრებითობის პრინციპის მოქმედებიდან გამომდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ გამოყენებული მტკიცებულების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდების მხარეს, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე - პროკურატურა არ მიუთითებს იმ ეფექტიანი საპროცესო მექანიზმების არსებობაზე, რომელთა სასამართლოს მხრიდან გამოუყენებლობას მოსარჩელის უფლებების დარღვევის გამოწვევა შეეძლო. აღნიშნულის საპირისპიროდ, მხოლოდ პროკურატურის კომპეტენციას წარმოადგენდა დანაშაულის გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება (სუსგ 20.07.2022 წლის საქმე №ბს-628(2კ-20); 18.09.2024 წლის საქმე №ბს-61(2კ-24)). შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისი მტკიცებულებების წარდგენის შეუძლებლობა ვერ გახდება გამართლებული პირისთვის ზიანის ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მხოლოდ პირის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის ფაქტის დადგენით ვერ კომპენსირდება უკანონო ბრალდებით მიყენებული მორალური ზიანი, შესაბამისად, არსებობს მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი (სუსგ 26.09.2023 წლის საქმე №ბს-495(კ-23), 28.09.2023 წლის საქმე №ბს-612(კ-23), 21.03.2024 წლის №ბს-1272(კ-23)). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მორალური ზიანის დაკისრების საფუძვლიანობის დადგენის შემდგომ მნიშვნელოვანია მისი მოცულობის განსაზღვრა. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სკ-ის 413-ე მუხლის მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებას. უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური (მორალური) ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მორალური ზიანის მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების, ობიექტური გარემოებების (დაზარალებულის საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.) და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით (Patsuria v. Georgia; Nikolaishvili v. Georgia; Jashi v. Georgia). სასამართლოს აქვს ფართო მიხედულების ფარგლები, ხოლო სხვა ეროვნულ თუ საერთაშორისო გადაწყვეტილებებში ზიანის სახით ანაზღაურებული თანხის ოდენობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს კონკრეტულ სიტუაციაში ზიანის სახით დასაკისრებელი თანხის ზოგად სტანდარტად. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს (სუსგ 08.04.2009 წლის საქმე №ბს-972-936(3კ-08)).

საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის 5.5 მუხლზე, რომლითაც გათვალისწინებულია კომპენსაციის მიღების უფლება უკანონო დაპატიმრების შემთხვევაში, თუმცა კონვენციის მითითებული მუხლი პირს არ ანიჭებს კომპენსაციის უფლებას კონკრეტული ოდენობის თანხაზე (Şahin Çağdaş v. Turkey, 2006, §34). განსახილველ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ ს.ბ-რმა საპატიმრო დაწესებულებაში დაჰყო რამდენიმე დღე, ამასთან, მის მიმართ სამართალწარმოება სამივე ინსტანციის სასამართლოში მიმდინარეობდა 3.5 წელი (მოსარჩელე ბრალდებულად იქნა ცნობილი 02.10.2019 წელს, პირველი ინსტანციის მიერ გამამართლებელი განაჩენი მიღებული იქნა 09.03.2022 წელს, საქმე დასრულდა 27.04.2023 წლის საკასაციო სასამართლოს განჩინებით), პირველივე ინსტანციის სასამართლოს მიერ მოსარჩელე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, ხოლო საბოლოოდ გამამართლებელი განაჩენი ძალაში იქნა დატოვებული, ასევე მოსარჩელის მიმართ წარდგენილი ბრალდების არსის, სიმძიმის და მისი გავლენის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა (10 000 ლარი) მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნებისთვის არაპროპორციულია, არ ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით არ იკვეთება მოსარჩელის უფლებებში ჩარევის იმგვარი ინტენსივობა, რაც გაამართლებდა მოპასუხისთვის დაკისრებული თანხის (10 000 ლარი) ოდენობას. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოპასუხისათვის დაკისრებული მორალური ზიანი უნდა შემცირდეს 5 000 ლარამდე ოდენობით. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრესი მიზანი არ არის ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. პალატა აღნიშნავს, რომ ხშირად დამდგარი შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენაა და როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას, რის გამოც კომპენსაციის ოდენობა უსაზღვროდ არ უნდა იყოს გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ საპატიმრო დაწესებულებაში გატარებული დროისა და იმ განცდების გათვალისწინებით, რაც თან ახლავს უკანონო მსჯავრდებას, ასევე საქმის ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 5 000 ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.

რაც შეეხება მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აღნიშნული ნორმა შესაძლებელს ხდის დაზარალებული პირის უფლებების აღდგენას პირვანდელ მდგომარეობაში. პალატა მიუთითებს, რომ დელიქტური პასუხისმგებლობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ზიანის მიყენების ფაქტი და მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მიზეზობრივი კავშირი მიზეზსა და შედეგს შორის აუცილებელი კავშირია, რაც გულისხმობს ორი მოვლენის არა უბრალო მუდმივ თანმიმდევრობას, არამედ შედეგის თანმიმდევრობას თავისი მიზეზის მიმართ. მიზეზობრიობის მთავარ მომენტს წარმოადგენს არსებითი კავშირი, სადაც დამოკიდებულება მიზეზსა და შედეგს შორის აქტიურ ხასიათს ატარებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს. პირი მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს მიყენებული ზიანისთვის, როცა მისი ქმედება ადეკვატურ კავშირშია დამდგარ შედეგთან.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სასამართლოწარმოების ფარგლებში, შეთანხმებით დაცვის შემთხვევაში, გამართლებულის მიერ ადვოკატისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება შესაძლოა მოთხოვნილ იქნას ადმინისტრაციული სასამართლოწარმოების წესით (სუსგ 07.02.2019 წლის საქმე №ბს-432-429(2კ-17)). საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ სისხლის სამართლის საქმის წარმოების ეტაპზე განხორციელებული მოქმედება - ადვოკატის აყვანა, პირის (ბრალდებულის) უფლებაა და ამ უფლებით სარგებლობა არ შეიძლება გაგებულ იქნეს როგორც დევნის განმახორციელებელი ორგანოს - პროკურატურის მიერ მიყენებულ ზიანად. საქართველოს კონსტიტუციის 31.3 მუხლის თანახმად გარანტირებულია დაცვის უფლება, ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით. ადვოკატის მონაწილეობა სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობაში ბრალდებულის ინტერესებისა და უფლებების მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს. ბრალდებულს, როგორც სისხლის სამართლის პროცესის ცენტრალურ ფიგურას, უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა ჯეროვნად და ეფექტიანად დაიცვას თავი წარდგენილი ბრალდებისაგან. დაცვა არის სისხლისსამართლებრივი დევნის საწინააღმდეგო ფუნქცია, სწორედ ადვოკატის მონაწილეობა სისხლის სამართლის პროცესში უზრუნველყოფს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულ რეალიზებას და ბრალდებულის ინტერესების არსებით დაცვას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის პროცესში ბრალდებულის მიერ ადვოკატის საკუთარი ხარჯით აყვანა (სსსკ-ის 91.1 მუხ.) არ გამორიცხავს მომავალში, ბრალდებულის გამართლების შემთხვევაში, ამ თანხის იმ სუბიექტის მიერ ანაზღაურებას, რომლის ქმედებებმაც წარმოშვა ბრალდებულის მიერ კონკრეტული ხარჯის გაწევის საჭიროება. სათანადო მოთხოვნის არსებობისას სასამართლო ვალდებულია იმსჯელოს გამართლებულისათვის ადვოკატის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების საკითხზე (სუსგ 07.02.2019 წლის საქმე №ბს-432-429 (2კ-17)). ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იურიდიული მომსახურების ხარჯების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობა იმთავითვე არ გამორიცხავს საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესაძლებლობას უკეთუ აშკარაა, რომ პირის უფლების დაცვის მიზნით წარმომადგენლობითი მომსახურება გაწეულია (სუსგ 17.01.2019 წლის საქმე №ბს-809-805(3კ-17), 07.02.2019 წლის საქმე №ბს-432-429(2კ-17)), თუმცა აგრეთვე ამგვარი სახის მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაშიც შეფასებას საჭიროებს ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის გონივრულობა და მისი გაწეულ მომსახურებასთან შესაბამისობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალებში დაცულია 09.10.2019 წელს ს.ბ-რსა და ნ.ჩ-ს შორის დადებული იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა, ს.ბ-რსათვის იურიდიული მომსახურების გაწევა ყველა ინსტანციის სასამართლოში, საგამოძიებო ორგანოში საქმის წარმოება, პროკურატურაში და სამართალდამცავ ორგანოებში მისი ინტერესების დაცვა, კონსულტაციების გაწევა ყველა საკითხზე, რაც წამოიჭრებოდა კონკრეტული საქმის წარმოებიდან გამომდინარე. ხელშეკრულების 4.1 მუხლის თანახმად კი, განისაზღვრა იურიდიული მომსახურების საფასური, კერძოდ, კლიენტს ადვოკატისთვის უნდა გადაეხადა იურიდიული მომსახურების საფასური 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო საქმეზე სამივე ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დასრულების შემდეგ გამამართლებელი განაჩენის დადგენის შემთხვევაში კლიენტმა იკისრა ვალდებულება ადვოკატისათვის ჰონორარის სახით გადაეხადა 20 000 აშშ დოლარი. საქმეში დაცულია აგრეთვე მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთა თანახმად ს.ბ-რმა ნ.ჩ-ის გადაუხადა 20 000 აშშ დოლარი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადვოკატის მომსახურების გაწევის თანხის ოდენობის განსაზღვრისთვის სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებით შეთანხმებული თანხა, აგრეთვე მარწმუნებლის მიერ წარმომადგენლისთვის გადახდილი თანხის ოდენობა გაწეული მომსახურებისთვის. საადვოკატო მომსახურების ხარჯი ანაზღაურებას გონივრულობის ფარგლებში ექვემდებარება. სასამართლო ადვოკატის მომსახურების ღირებულების განსაზღვრისას მხედველობაში იღებს საქმის სირთულეს, უფლების დარღვევის აღსაკვეთად წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობას, ხანგრძლივობას, ინსტანციურობას და სხვ.. აღნიშნული გარემოებები შეფასებას საჭიროებს არა მხოლოდ ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის, არამედ აგრეთვე ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც ადვოკატისთვის გადახდილი ხარჯის ანაზღაურების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული თანხა არაადეკვატურია და აშკარად აღემატება წარმომადგენლის მიერ საქმეზე გაწეული მომსახურების ღირებულებას (სუსგ 20.07.2022 წლის საქმე №ბს-628(2კ-20)). სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება (სუსგ 18.09.2024 წლის საქმე №ბს-61(2კ-24)).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და მოსარჩელისათვის მიყენებულ მატერიალურ ზარალს შორის - რომ არა უკანონო ბრალდება/მსჯავრდება, მოსარჩელეს არ ექნებოდა სისხლის სამართალწარმოების ფარგლებში საადვოკატო ხარჯის გაწევის საჭიროება. ადვოკატის მონაწილეობა სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობაში ბრალდებულის ინტერესებისა და უფლებების მაქსიმალურ დაცვასა და რეალიზებას უზრუნველყოფს. საქმეში წარმოდგენილი საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება და სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატის მონაწილეობა, საკმარის გარემოებებს ქმნის იმისათვის, რომ მოპასუხეს უკანონო მსჯავრდების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება დაეკისროს. ამასთან, დავის საგნის, ამ დავის სირთულისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხისთვის დაკისრებული თანხა გონივრულ შესაბამისობაშია გაწეულ საადვოკატო მომსახურებასთან. რაიმე გარემოება, რომელიც მოცემული თანხის შეუსაბამობაზე მიუთითებდა, განსახილველ საქმეზე დადგენილი არ ყოფილა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გადაწყვიტა საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით 12 000 ლარის დაკისრების საკითხი. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ არსებობს საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და შესაბამისად, ამ ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.04.2025 წლის განჩინება.

რაც შეეხება მიმდინარე ადმინისტრაციულ დავაზე სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

საკასაციო პალატა საადვოკატო მომსახურებისათვის გაღებული ხარჯების მოთხოვნის ნაწილში იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და საქმის სირთულისა და სპეციფიკის, ასევე, მისი მნიშვნელობის გათვალისწინებით, გონივრულად მიიჩნევს საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის ს.ბ-რის სასარგებლოდ ადმინისტრაციულ საქმეზე ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით დაკისრებას. ამასთან, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან საქმეში დაცული არ არის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, აღნიშნული ხარჯი მოსარჩელეს არ უნდა აუნაზღაურდეს. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილი), რომლის დაანგარიშებაც, ზოგადი წესის მიხედვით, სასამართლოში მხარის მიერ წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე ხდება, თუმცა ამგვარი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს თავადაც შეუძლია განსაზღვროს იურიდიული დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა (სუსგ 11.02.08 წლის №ას-792-1114-07), თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით წარმომადგენლობითი მომსახურება გაწეულია. იურიდიული მომსახურების ანაზღაურების ამსახველი ქვითრის, საგადახდო დავალების შესრულების დოკუმენტაციის წარუდგენლობა, არ გამორიცხავს საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესაძლებლობას (სუსგ 17.01.2019 წლის №ბს-809-805(3კ-17); 07.02.2019 წლის №ბს-432-429(2კ-17)). საქმეში დაცულია 09.12.2024 წელს გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობები, რომელთა თანახმად, ნ.ო-ის და ნ.ჩ-ის ს.ბ-ირმა მიანიჭა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ყველა ინსტანციის სასამართლოში. საქმის მასალებით დასტურდება, რომ განსახილველ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის ინტერესებს იცავდნენ ნ.ჩ-ი და ნ.ო-ი. შესაბამისად, დასტურდება მოსარჩელისათვის იურიდიული მომსახურების გაწევა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ საქმეზე გაწეული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება მოსარჩელემ მოითხოვა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში გაწეული საადვოკატო მომსახურებისთვის. ამდენად, საქმეზე არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება ადმინისტრაციული დავის ფარგლებში გაწეული ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია, მითითებულ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების და პროკურატურისათვის მორალური ზიანის - 10 000 ლარის ოდენობით დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, შესაბამისად, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დანარჩენ ნაწილში (მატერიალური ზიანის სახით 12 000 ლარის და მიმდინარე ადმინისტრაციულ საქმეზე ადვოკატის მიერ გაწეული მომსახურებისათვის 2 000 ლარის დაკისრების ნაწილში) უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.04.2025 წლის განჩინება.

სსკ-ის 46-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის შედეგად მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან - ყველა საქმეზე. სსკ-ის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.04.2025 წლის განჩინება მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე ს.ბ-რის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის სახით - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ანაზღაურება;

4. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს და ამ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.04.2025 წლის განჩინება;

5. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე