დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-968(კ-25) 19 მაისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს „ს...“
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სსიპ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო
მესამე პირი - შპს „ ...“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2021 წლის 15 მარტს შპს „ს...-მ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სსიპ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს 2021 წლის 17 თებერვლის №04/9 ბრძანების და ბრძანებით დამტკიცებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა „2020 წლის 1 დეკემბრის №01/608 საჩივრის საფუძველზე მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ“ შპს „...-ის“ 2020 წლის 1 დეკემბრის №01/608 საჩივრის დაუშვებლად ცნობისა და საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევაზე უარის თქმის ნაწილში, ამასთან, მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოსთვის შპს „...-ის“ 2020 წლის 1 დეკემბრის №01/608 საჩივრის დასაშვებად ცნობისა და აღნიშნული საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
სარჩელის თანახმად, შპს „...“ წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას, რომელიც ოპერირებს ...-... ბაზარზე და წარმოადგენს შპს „...-ის“ კონკურენტს. მოსარჩელის მითითებით, დასახელებული კომპანია ადგილობრივი/შიდა ...-... მომსახურების შეთავაზების და განხორციელების დროს არასწორ წარმოდგენას უქმნის მომხმარებელს იმის შესახებ, რომ წარმოადგენს საერთაშორისო კომპანიების - ...-სა („...”) და ...-ის („...”) წარმომადგენლობას საქართველოში და უნებართვოდ სარგებლობს აღნიშნული კომპანიების საერთაშორისო ბრენდის ნიშნებით, რითიც მომხმარებელს უბიძგებს ...-... მომსახურებით სარგებლობისას აღნიშნული კომპანიის სასარგებლო არჩევანის გაკეთებისკენ, აღნიშნული კი ეწინააღმდეგება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონს.
მოსარჩელის მითითებით, მან საჩივრით მიმართა სსიპ საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მოპასუხე კომპანიის მხრიდან განხორციელებული არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტების აღკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტომ თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ შპს „ ...-ას“ არ აქვს საერთაშორისო ბრენდის ნიშნების გამოყენების უფლება საქართველოში შიდა/ადგილობრივი სერვისების შეთავაზებისა და მიწოდების პროცესში და მისცა მას შესასრულებლად სავალდებულო რეკომენდაცია, სადავო გადაწყვეტილებით სააგენტომ არამართლზომიერად დაადგინა, რომ შპს „...-ის“ საჩივარში დაფიქსირებულ არც ერთ ეპიზოდში არ იკვეთებოდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლების დარღვევის გონივრული ეჭვი, რის გამოც დაუშვებლად ცნო საჩივარი, რაც მოსარჩელის მოსაზრებით არსებითად არღვევდა გადაწყვეტილების მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „ ...“.
თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „...-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს...-მ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 12 თებერვლის განჩინებით სსიპ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივნისის განჩინებით, შპს „ს...-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო ნორმატიულ აქტებზე მითითებით განმარტა, რომ სსიპ საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში, როგორც თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე პასუხისმგებელ ორგანოში, მესამე პირის მიმართ წარდგენილი განაცხადი, რომელიც მოტივირებულია ეკონომიკური აგენტის მიერ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის განხორციელებით, უნდა აკმაყოფილებდეს დასაშვებობის სტანდარტს; კერძოდ, უნდა ქმნიდეს გონივრულ ეჭვს სავარაუდო დარღვევის თაობაზე. კონკურენციის სამართალში „გონივრული ეჭვის“ სტანდარტის საერთაშორისო თუ შიდა კანონმდებლობით დადგენა უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, ადმინისტრაციული რესურსის გონივრულ ხარჯვას ხოლო, მეორე მხრივ, იცავს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელს, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში დაუსაბუთებელი ჩარევისაგან.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლის 1 დეკემბერს სსიპ საქართველოს კონკურენციის სააგენტოში წარდგენილ იქნა შპს „...-ის“ საჩივარი შპს „...-ს“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლის 1-ლი პუნქტის და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სავარაუდო დარღვევის შესახებ. შპს „...-ის“ მიერ 2020 წლის 29 დეკემბერს (რეგისტრაციის №01/652) სააგენტოში წარადგინა დამატებითი პოზიცია და დაზუსტებული მოთხოვნები. ხოლო, სსიპ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს 2021 წლის 17 თებერვლის №04/9 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა გადაწყვეტილება 2020 წლის 1 დეკემბრის №01/608 საჩივრის საფუძველზე მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით შპს „...-ის“ 2020 წლის 1 დეკემბრის №01/608 საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად და მას უარი ეთქვა საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შპს „...-ს“ მიერ სააგენტოში წარდგენილ ...-ის მიერ განხორციელებულ 2020 წლის ბრენდ-აუდიტის შედეგებზე (...), რომლის თანახმად, შპს „...-ს“ მიერ ...-ის გამოსახულების/სასაქონლო ნიშნის გამოყენება შესაბამისობაშია ხელშეკრულებებსა და წესებთან.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქპატენტის 2021 წლის 21 იანვრის №72 წერილზე, რომლითაც სააგენტოს განემარტა, რომ „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მიხედვით, სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლება მისმა მფლობელმა (ლიცენზიატმა) შეიძლება მიანიჭოს სხვა პირს (ლიცენზიანტს) სალიცენზიო ხელშეკრულებით. სალიცენზიო ხელშეკრულება იდება როგორც საქონლის მთლიანი ჩამონათვალის, ისე მისი ნაწილის მიმართ. ამასთან, სასაქონლო ნიშანზე სალიცენზიო ხელშეკრულების დადების ფაქტის რეგისტრაცია წარმოებს „საქპატენტში“ და შესაბამისი ინფორმაცია ქვეყნდება ბიულეტენში, დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ. თუმცა, სალიცენზიო ხელშეკრულების „საქპატენტში“ რეგისტრაცია არ წარმოადგენს ამ ხელშეკრულების ნამდვილობის წინაპირობას - მისი რეგისტრაცია არ არის სავალდებულო. რეგისტრაცია სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია მესამე პირებისათვის ნიშანზე უფლების არსებობის შესახებ სამართლებრივი სიცხადისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. უფლების მფლობელსა და ლიცენზიანტს შორის უფლება-მოვალეობების საკითხი განისაზღვრება მხარეებს შორის კერძო სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში და მის წარმოშობასა და ძალაში შესვლის საკითხს არეგულირებს კერძო სამართალი, სახელშეკრულებო ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი თავისებურებების გათვალისწინებით.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააგენტომ მართებულად დაადგინა ის გარემოება, რომ შპს „...-ს“ ჰქონდა საქართველოს ტერიტორიაზე ...-ისა და ...-ის სასაქონლო ნიშნების გამოყენების უფლება. ამდენად, ამ ნაწილში არ არსებობდა გონივრული ეჭვი იმისა, რომ სახეზე იყო კონკურენციის ნებისმიერი საშუალების გამოყენებით (მათ შორის არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო ან აშკარად ყალბი რეკლამის მეშვეობით) საქონლის თაობაზე ისეთი ინფორმაციის გადაცემა, რომელიც მომხმარებელს არასწორ წარმოდგენას უქმნიდა და გარკვეული ეკონომიკური ქმედებისკენ უბიძგებდა და არც კონკურენტის ან მესამე პირის საქონლის ფორმის, შეფუთვის ან გარეგნული იერსახის მითვისების ქმედების შემადგენლობა. ...-ის, ...-სა და შპს „...-ას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, მოპასუხეს ...-სა და ...-ის სასაქონლო ნიშნების გამოყენების უფლება მინიჭებული ჰქონდა საერთაშორისო გზავნილებთან - ...-სა და ...-სთან დაკავშირებული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით. თუმცა, ხაზგასასმელია, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში, შპს-ს ერთი და იგივე სერვისცენტრიდან ხდება როგორც საერთაშორისო გზავნილების მენეჯმენტი (...-ის და ...-ს გლობალური ქსელის გამოყენებით), ასევე, ადგილობრივი გზავნილების მომსახურება (მოპასუხის ადილობრივი ქსელის გამოყენებით); ანალოგიურად კომპანიის თანამშრომლები (მათ შორის კურიერები) უნივერსალურად ემსახურებიან როგორც საერთაშორისო გზავნილების, ასევე ადგილობრივი გზავნილების მომსახურებას კომპანია ...-ის მოწოდებული უნიფორმების გამოყენებით და აღნიშნული პოლიტიკა დაშვებულია ხელშემკვრელი მხარის მხრიდან. შიდა და საერთაშორისო გზავნილების გამიჯვნის ვალდებულება არ გამომდინარეობს მოქმედი ხელშეკრულებებიდან და ამასთან, ...-ის მხრიდან არ ყოფილა გაკეთებული რაიმე სახის მითითება, რომ შპს „...-ს“ გაემიჯნა სერვისცენტრები, კურიერები, უნიფორმა, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა. ასევე, არ იკვეთება, რომ მხარეთა შორის არსებობდა რაიმე სახის დავა ხელშეკრულების დარღვევის გამო აღნიშნული სასაქონლო ნიშნების ადგილობრივი გადაზიდვების პროცესში გამოყენებასთან დაკავშირებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს...-მ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე, 23-ე და 25-ე მუხლებზე, „საქმის მოკვლევის წესისა და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 28 ოქტომბრის №40 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-5 და მე-8 მუხლებზე, აგრეთვე კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 23 ოქტომბრის №38 ბრძანებით დამტკიცებული „საჩივრის ფორმის, მისი წარდგენის წესისა და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურებისა და ვადების“ მე-6, მე-7 და მე-13 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით ნათლად დასტურდებოდა, რომ სააგენტომ რეალურად დაიწყო მოკვლევის პროცედურა, რაც თავისთავად ადასტურებს, რომ ადმინისტრაციული საჩივარი იყო საფუძვლიანი და მოითხოვდა არსებით განხილვას. მიუხედავად ამისა, სააგენტომ, ყოველგვარი საკმარისი არგუმენტაციის გარეშე, უარი განაცხადა მოკვლევის გაგრძელებასა და არსებით განხილვაზე. ამასთან, სააგენტომ ...-ის მიერ წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით შპს „...“-ს მისცა შესაძლებლობა წარედგინა მოსაზრებები, ხოლო კასატორს მიეცა შესაძლებლობა დამატებითი პოზიცია წარედგინა შპს „...“–ს მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის განხორციელების ფაქტზე, რაც სააგენტოსთვის სავარაუდო დარღვევის არსებობის შესახებ გონივრული ეჭვისა და მოკვლევის დაწყების საფუძველი უნდა გამხდარიყო. ამასთან, სააგენტომ ფაქტობრივად დაიწყო და განახორციელა მოკვლევის ეტაპის მნიშვნელოვანი ნაწილი, თუმცა, დაარღვია მხარეთა თანასწორუფლებიანობის დაცვის კონსტიტუციური პრინციპი, კასატორის კანონიერი უფლება, გაცნობოდა საქმის მასალებს და დამატებით წარედგინა საპასუხო პოზიცია შპს „...“-ს მიერ წარდგენილ პოზიციასა და მტკიცებულებებთან დაკავშირებით. ამასთან, კასატორი მიუთითებს სასამართლოს დასაბუთებაზე, რომელიც ეფუძნება ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ შეთანხმების (შემდეგში: „...“) 101-ე და 102-ე მუხლებსა და ევროკომისიის ნოტას კონკურენციის საქმეების წარმოების საუკეთესო პრაქტიკის თაობაზე და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მიუთითებს, რომ მის მიერ წარდგენილ საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ქმნიდა გონივრულ ეჭვს სავარაუდო დარღვევის თაობაზე (არაკეთილსინდისიერი კონკურენციის არსებობა). შესაბამისად, კონკურენციის სააგენტოს ჰქონდა ვალდებულება, შეესწავლა საჩივარი არსებითად.
კასატორი ხაზს უსვამს, რომ კონკურენციის გადაწყვეტილების ნაწილობრივი ბათილობისა და სააგენტოსთვის საქმის მოკვლევის დაწყების დავალების მოთხოვნის არ დაკმაყოფილებით, სასამართლო კასატორს ართმევს შესაძლებლობას იდავოს არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთის მოთხოვნით. ამასთან, მითითება იმაზე, რომ შპს „...“-ს ქმედება არ ქმნის არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემადგენლობას, რადგან მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი კომპანია ...-ის (...) მიერ არ ხდება შპს „...“-ს დავალდებულება, რომ საერთაშორისო ბრენდის ნიშნების გამოყენებისას გამიჯნოს შიდა და საერთაშორისო მომსახურება, აგრეთვე ასეთი გამიჯვნის ვალდებულება პირდაპირ არ გამომდინარეობს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან და სააგენტოს არ აქვს ინფორმაცია, რომ ხელშეკრულების მხარეებს შორის არსებობს დავა ხელშეკრულების პირობების დარღვევასთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებსა და ამოცანებს წარმოადგენს სააგენტოს მხრიდან კანონით მასზე დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებაზე უარს.
ამასთან, კასატორი მიუთითებს შპს „...“-ს და ...-ს (...) შორის გაფორმებულ ხელშკრულებაზე და აღნიშნავს, რომ ...-ის (...) სასაქონლო ნიშნის/სავაჭრო სახელის გამოყენება შპს „...“-ს მიერ შიდა სერვისების განხორციელებისას ხდება უკანონოდ, შესაბამისი ნებართვის არსებობის გარეშე, რაც ცალსახად ქმნის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლით განსაზღვრული არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემადგენლობას ...-... ბაზარზე სხვა ეკონომიკურ აგენტების მიმართ. ამასთან, კასატორი ხაზს უსვამს, რომ ის ფაქტი, რომ ... (...) არ ახორციელებს შპს „...“-ს წინააღმდეგ თავის მოთხოვნის უფლებას, არ ედავება მას შიდა მომსახურების გაწევისას ...-ის (...) სასაქონლო ნიშნის გამოყენებაზე, შეიძლება დაკავშირებული იყოს არაერთ გარემოებასთან, მაგალითად: ... არ არის ინფორმირებული დარღვევის შესახებ ან/და ... ინფორმირებულია, თუმცა არ ახდენს მოთხოვნის უფლების განხორციელებას, რაც მისი უფლებაა და არა ვალდებულება, ხოლო ამ უფლების რეალიზება ბევრ იმ გარემოებასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, რაც მხარეებისთვის არ არის ცნობილი.
კასატორი არალოგიკურად მიიჩნევს სასამართლოს მითითებას, რომ შიდა და საერთაშორისო გზავნილებთან დაკავშირებული მომსახურეობის გამიჯვნის სავალდებულოობა არ გამომდინარეობს შპს „...“-სა და .../...-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან. პირველ რიგში, იმიტომ, რომ თავად ის ფაქტი, რომ შპს „...“-ს არ აქვს უფლება შიდა გზავნილებთან დაკავშირებით გამოიყენოს .../...-ს სასაქონლო ნიშნები, რაც უდავო გარემოებას წარმოადგენს და დადასტურებულია როგორც სააგენტოს მიერ არაერთგზის, ასევე სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, ავტომატურად ქმნის ამ სავალდებულოობას. ამასთან, გამიჯვნის სავალდებულოობა არათუ მხოლოდ ხელშეკრულებიდან, არამედ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარეობს, რომელიც ეკონომიკურ აგენტს უკრძალავს კონკურენციის არამართლზომიერ შეზღუდვას, შესაბამისად კი კრძალავს არაკეთილსინდისიერ კონკურენციასა და მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ საერთოდ არ გაამახვილა ყურადღება მის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე, მაგალითად შპს „...“-ს ...-ის გვერდის კონსტატაციის მასალებზე, კერძოდ, გვერდის ადმინისტრატორთან მიმოწერაზე, სადაც შპს „...“-ს წარმომადგენელი პოტენციურ მომხმარებელს შიდა გადაზიდვის მომსახურების შეთავაზებისას უთითებს, რომ ის არის ...-ის (...) წარმომადგენელი. აღნიშნული წარმოადგენს აქტიურ მოქმედებას (რაც გამოიხატება არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში) და ქმნის არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემადგენლობას. ამასთან, ...-ზეც შპს „...“ იყენებს ...-ის (...) სახელს ისე, რომ არ ხდება მითითება იმაზე, რომ შიდა მომსახურების გაწევისას შპს „...“ არ მოქმედებს როგორც ...-ის (...) წარმომადგენელი. ამასთან, სასამართლომ უგულებელყო მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც, ნათელია, რომ შპს „...“-ს ...-ის სასაქონლო ნიშნის გამოყენება არათუ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო გზავნილებთან დაკავშირებითაც არ აქვს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ კონკურენციის სააგენტომ თავისი გადაწყვეტილების 3.3 პუნქტით, შპს „...“-ს მისცა შესასრულებლად სავალდებულო რეკომენდაცია განეხორციელებინა სოციალურ ქსელებსა და ვებ-გვერდებზე მის შესახებ არსებული ინფორმაციის მონიტორინგი და გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული რეკომენდაცია წარმოადგენს სულ მცირე იმის აღიარებას, რომ შპს „...“-სა და .../...-სთან გაფორმებულ ხელშეკრულების პირობების დარღვევით სახეზე იყო არაკეთილსინდისიერი კონკურენციის განხორციელების სავარაუდო ფაქტის შესახებ გონივრული ეჭვი, რაც საჩივრის დასაშვევად ცნობისა და მოკვლევის დაწყების საფუძველი იყო.
ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სსიპ საქართველოს კონკურენციის სააგენტომ დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე მოქმედი ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის პრინციპი, რადგან ვერ უზრუნველყო საქმის გარემოებების სრულყოფილი, ყოველმხრივი და ობიექტური შესწავლა, სწორად არ შეაფასა წარდგენილი მტკიცებულებები და არ მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, იზიარებს ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე, ხოლო 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადებით, უზრუნველყოფილია მეწარმეობის თავისუფლება.
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით გარანტირებული თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის უფლება იცავს ეკონომიკურ აგენტებს მათ საქმიანობაში სახელმწიფოს დაუსაბუთებელი ჩარევისაგან, მათ შორის, შერჩევითი საფუძვლით რომელიმე ეკონომიკური აგენტისათვის სარგებლის მინიჭებისაგან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის №1/1/655 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სკს“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-10).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, „სამეწარმეო თავისუფლება და ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა ხელს უწყობს თავისუფალი ბაზრის სტრუქტურის ჩამოყალიბებას და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, ახალისებს უკეთესი ხარისხის საქონლის/მომსახურების კონკურენტულ ფასად წარმოებას/მიწოდებას. თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების უფლება იცავს ეკონომიკურ აგენტებს გაუმართლებელი ბარიერების დაწესებისგან. სახელმწიფო ვალდებულია, თავი შეიკავოს ეკონომიკური აგენტებისათვის არათანაბარი პირობების შექმნისაგან და მიიღოს ზომები კონკურენტული ეკონომიკური გარემოს, თავისუფალი ბაზრის სტრუქტურის ჩამოყალიბებისა და შენარჩუნებისთვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/11/747 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს გიგანტი სექიურითი“ და „შპს უსაფრთხოების კომპანია ტიგონისი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“, II-3).
საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვისაგან დაცვის პრინციპებს ადგენს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი, რაც თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარების საფუძველია. ამასთან, ამავე კანონით განისაზღვრება თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის არამართლზომიერად შემზღუდველი ქმედებები, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის დარღვევის თავიდან აცილებისა და აღკვეთის სამართლებრივი საფუძვლები და უფლებამოსილი ორგანოს კომპეტენცია (კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები). დასახელებული კანონის 113 მუხლის პირველი პუნქტი დაუშვებლად მიიჩნევს არაკეთილსინდისიერ კონკურენციას, ხოლო აღნიშნული მუხლის სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, კანონის მიზნებისთვის არაკეთილსინდისიერ კონკურენციად მიჩნეულია ეკონომიკური აგენტის ისეთი ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საქმიანი ეთიკის ნორმებს და ლახავს კონკურენტისა და მომხმარებლის ინტერესებს, მაგალითად: კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალების გამოყენებით (მათ შორის, არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო ან აშკარად ყალბი რეკლამის მეშვეობით) საქონლის თაობაზე ისეთი ინფორმაციის გადაცემა, რომელიც მომხმარებელს არასწორ წარმოდგენას უქმნის და გარკვეული ეკონომიკური ქმედებისკენ უბიძგებს; კონკურენტის ან მესამე პირის საქონლის ფორმის, შეფუთვის ან გარეგნული იერსახის მითვისება.
პალატა ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის 24-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სააგენტო უარს ამბობს საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე, თუ არ არსებობს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი. კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 23 ოქტომბრის №38 ბრძანებით დამტკიცებული „საჩივრის ფორმის, მისი წარდგენის წესისა და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურებისა და ვადების“ მე-13 მუხლის პირველი პუნტის თანახმად კი, ამ პროცედურის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში სააგენტო შეისწავლის მხარეთა მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას, მტკიცებულებებს, დამატებით მოძიებულ ინფორმაციას და ახდენს მათ ურთიერთშეჯერებას. სააგენტო ასევე აანალიზებს, ხომ არ არსებობს საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლები და წარმოიშვება თუ არა გონივრული ეჭვი სავარაუდო დარღვევის არსებობის თაობაზე. დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ პროცედურის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, სააგენტო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) საჩივრის დასაშვებად ცნობის და საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ; ბ) საჩივრის დაუშვებლად ცნობისა და საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2020 წლის 1 დეკემბერს სსიპ საქართველოს კონკურენციის სააგენტოში წარდგენილ იქნა შპს „...-ის“ საჩივარი შპს „...-ს“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლის 1-ლი პუნქტის და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სავარაუდო დარღვევის შესახებ. შპს „...-ის“ მიერ 2020 წლის 29 დეკემბერს (რეგისტრაციის №01/652) სააგენტოში წარდგენილ იქნა დამატებითი პოზიცია და დაზუსტებული მოთხოვნები. საბოლოოდ შპს „ს...-მ“ №01/608 დაზუსტებული საჩივრით მოითხოვა: 1) შპს „...-ს“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების დარღვევის ფაქტის დადასტურება; 2) შპს „...-სთვის“ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში შიდა/ადგილობრივი ... მომსახურების შეთავაზებისას/განხორციელებისას შემდეგი საიდენტიფიკაციო ნომრების მქონე საერთაშორისო სასაქონლო ნიშნების გამოყენების აკრძალვა: ...; ...; ...; ...; ...; 3) შპს „...-სთვის“ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში როგორც შიდა/ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ...-... მომსახურების შეთავაზებისას/განხორციელებისას შემდეგი საიდენტიფიკაციო ნომრების მქონე საერთაშორისო ნიშნების გამოყენების აკრძალვა: ...; ...; ...; ...; 4) შპს „...-სთვის“ თავისი საქმიანობის წარმართვის დავალება იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული შპს „...-სა“ და მითითებული სასაქონლო ნიშნების მფლობელი კომპანიების აღრევისა და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის რისკი (მათ შორის არამხოლოდ საკუთარი სახელწოდების აბრევიატურის სასაქონლო ნიშნის სახით გამოყენებისას, აგრეთვე საერთაშორისო ...-... მომსახურების შეთავაზებისას/განხორციელებისას ზემოთ აღნიშნული სასაქონლო ნიშნები გამოიყენოს მხოლოდ შემდეგი აღნიშვნით - „მხოლოდ საერთაშორისო ...-... მომსახურებისათვის“).
ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე შპს „ს...“ დაზუსტებული საჩივრით მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ შპს „...“ 2019 წლის ივლისის შემდეგ სარგებლობდა ...-ს შესაბამისი სასაქონლო ნიშნებით (საიდენტიფიკაციო ნომრები: ... და ...), რასაც ადასტურებდა შპს „...-ის“ მიერ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტებიც. შპს „ს...“ მიუთითებდა, რომ შპს „...-“ სოციალური ქსელის (www...) პროფილის ფოტოზე გამოსახული სასაქონლო ნიშანი ...-ს სასაქონლო ნიშანს (ს/ნ:...) იმდენად გავს, რომ იწვევს მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას. აღნიშნული ფოტო, სოციალურ ქსელში ბოლოს განახლდა/განთავსდა 2020 წლის 23 მარტს. მომჩივნის განცხადებით, მიმსგავსებული ნიშნის გარდა, მოპასუხის სოციალურ ქსელში (www...) განთავსებული იყო ფოტოები უშუალოდ ...-ს სასაქონლო ნიშნის გამოსახულებით. გარდა აღნიშნულისა, ონლაინ ვაჭრობის ერთ-ერთ პლატფორმაზე (www...), მომხმარებელს შეძენილი პროდუქციის ტრანსპორტირებისათვის ... ...-ს სთავაზობენ, რომლის გასწვრივაც ...-ს სასაქონლო ნიშანი იყო მითითებული. მომჩივანი ასევე მიუთითებდა, რომ იუსტიციის სახლის ვებ-გვერდიდან, ნათლად ჩანდა, რომ სახელმწიფო სერვისების შეთავაზებისას შესაბამის მომსახურებასთან დაკავშირებული კორესპონდენციის/პროდუქტის გაგზავნის/მიღების ერთ-ერთ ალტერნატივად შპს „ს...-სთან“ ერთად მითითებული იყო ...
შპს „...-სა“ და ...-ას შორის გაფორმებული ხელშეკრულების იმ ნაწილზე დაყრდნობით, რომელიც მომჩივანს, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სააგენტოს მიერ გაეგზავნა, შპს „ს...-მ“ ყურადღება გაამახვილა მე-10 თავის (Exhibit 10: Branding) მე-9 პუნქტზე და განაცხადა, რომ ამ ნორმიდან გამომდინარე, მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი გამოეყენებინა ...-ის სასაქონლო ნიშანი მომხმარებლისათვის შიდა, ადგილობრივი მომსახურების გაწევისას. მეორე წინადადების თანახმად, კონტრაქტორმა ...-ის ოფიციალურ რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანზე მითითება უნდა გააკეთოს მხოლოდ საერთაშორისო სერვისების შეთავაზებისას/განხორციელებისას. მომჩივნის განმარტებით, ... უზღუდავს მოპასუხეს შიდა ადგილობრივი მომსახურების განხორციელებისას ...-ის სახელის გამოყენების უფლებას, რასაც ეს უკანასკნელი უგულებელყოფს. კერძოდ, არც შენობის აბრებზე, არც ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, არც თანამშრომლების სამსახურებრივ ფორმაზე (სამოსზე), არც ინტერნეტ რესურსებში და არც ბლანკებზე არ კეთდება შესაბამისი მითითება, რომ მოპასუხე ...-ის წარმომადგენლობას ახორციელებს და მისი სასაქონლო ნიშნით ოპერირებს მხოლოდ საერთაშორისო მომსახურების შეთავაზების/გაწევის პროცესში. მომჩივნის განცხადებით, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შიდა/ადგილობრივი მომსახურების შეთავაზებისას/განხორციელებისას შესაბამის ობიექტებზე ყოველთვის დატანილია ...-ის სასაქონლო ნიშანი, მათ შორის, რიგ შემთხვევებში ...-ს ნიშანთან ერთად. გარდა აღნიშნულისა, სოციალური ქსელის, ...-ის მესენჯერით, გვერდის/პროფილის ადმინისტრატორთან კომუნიკაციით ირკვევა, რომ მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში შიდა გადაზიდვით დაინტერესებულ პოტენციურ მომხმარებელს არასწორ ინფორმაციას აწვდიდა იმის შესახებ, რომ ის არის ...-ის წარმომადგენელი საქართველოში. შენობებზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, კომპანიის თანამშრომლების, მათ შორის, კურიერების, სამსახურებრივი სარგებლობის ტანისამოსზე (ფორმა) დატანილია ...-ის ნიშანი იმ სათანადო აღნიშვნის გარეშე, რომ ... გამოიყენება მხოლოდ საერთაშორისო გზავნილების გაგზავნის/მიღების დროს.
დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს 2021 წლის 17 თებერვლის №04/9 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა გადაწყვეტილება 2020 წლის 1 დეკემბრის №01/608 საჩივრის საფუძველზე მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით შპს „...-ის“ 2020 წლის 1 დეკემბრის №01/608 საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად და უარი ეთქვა საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე. აღსანიშნავია, რომ დასახელებული გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო დაეყრდნო შპს „...-ს“ მიერ წარდგენილი ხელშეკრულებების შინაარსს, მათ შორის: 1) მესამე პირსა და ... (...) შორის გაფორმებული, 1996 წლის სექტემბრით დათარიღებული ხელშეკრულება ... 2) მესამე პირსა და ... ... (...) შორის გაფორმებული, 2012 წლის 1 მაისით დათარიღებული ხელშეკრულება; 3) 2018 წლის 7 იანვრით დათარიღებული დამატებითი შეთანხმება ... რომელიც გაფორმებულია მესამე პირსა და ... ... -ს შორის, ასევე შპს „...-ას“ და ... ...ას შორის (...). ... -ის მე-12 მუხლის შინაარსს, ასევე შპს „...-სა“ ...-ის შორის გაფორმებული ხელშეკრულებას საქართველოში სასაქონლო ნიშნის გამოყენების თაობაზე (...). კერძოდ, საქართველოში სასაქონლო ნიშნის გამოყენების თაობაზე ხელშეკრულების დანართ A-ს (Schedule A) შესაბამისად, შპს „...-ას“ ენიჭება ...-ის სასაქონლო ნიშნების გამოყენების უფლება რეგისტრაციის ნომრებით: ..., ..., ...,. აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში არ არის სასაქონლო ნიშანი რეგისტრაციის ნომრით: .... საქართველოში სასაქონლო ნიშნის გამოყენების თაობაზე ხელშეკრულების თანახმად „ნიშნები“ განიმარტება როგორც სასაქონლო ნიშნები, ლოგოები, სხვა სახელწოდებები, დიზაინი და სიმბოლოები, რომელიც მითითებულია დანართ A-ში (Schedule A) და რომელიც შესაძლებელია დროდადრო განახლდეს/შეიცვალოს.
გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შპს „...-ს“ მიერ სააგენტოში წარდგენილ ...-ის მიერ განხორციელებულ 2020 წლის ბრენდ-აუდიტის შედეგებზე (...). ბრენდ-აუდიტის დროს, ...-ის მიერ მოწმდება, კონტრაქტორი/ლიცენზიანტი იყენებს თუ არა სასაქონლო ნიშანს ...-ის სტანდარტების შესაბამისად. წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, ...-მა შეამოწმა შპს „...-ს“ თანამშრომლების/კურიერების უნიფორმებზე, მაიდენტიფიცირებელ ნიშნებზე, სერვისცენტრებზე (როგორც შენობის შიგნით, ისე გარე აბრებზე), ავტომობილებზე და ა.შ. ...-ის სასაქონლო ნიშნის - მათ შორის სასაქონლო ნიშნის (რეგისტრაციის ნომრით:...) გამოყენების შესაბამისობა მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებსა და ...-ის მიერ დადგენილ სტანდარტებთან. აუდიტის შედეგების თანახმად, შპს „...-ს“ მიერ ...-ის გამოსახულების/სასაქონლო ნიშნის გამოყენება შესაბამისობაშია ხელშეკრულებებსა და წესებთან.
ამასთან, საყურადღებოა „საქპატენტის“ 2021 წლის 21 იანვრის №72 წერილში მითითებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულების „საქპატენტში“ რეგისტრაცია არ წარმოადგენს ამ ხელშეკრულების ნამდვილობის წინაპირობას - მისი რეგისტრაცია არ არის სავალდებულო. რეგისტრაცია სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია მესამე პირებისათვის ნიშანზე უფლების არსებობის შესახებ სამართლებრივი სიცხადისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. უფლების მფლობელსა და ლიცენზიანტს შორის უფლება-მოვალეობების საკითხი განისაზღვრება მხარეებს შორის კერძო სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში და მის წარმოშობასა და ძალაში შესვლის საკითხს არეგულირებს კერძო სამართალი, სახელშეკრულებო ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი თავისებურებების გათვალისწინებით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ შპს „...-ას“ ჰქონდა საქართველოს ტერიტორიაზე ...-ისა და ...-ის სასაქონლო ნიშნების გამოყენების უფლება და არ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ სახეზეა კონკურენციის ნებისმიერი საშუალების გამოყენებით (მათ შორის არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო ან აშკარად ყალბი რეკლამის მეშვეობით) საქონლის თაობაზე ისეთი ინფორმაციის გადაცემა, რომელიც მომხმარებელს არასწორ წარმოდგენას უქმნის და გარკვეული ეკონომიკური ქმედებისკენ უბიძგებს და არც კონკურენტის ან მესამე პირის საქონლის ფორმის, შეფუთვის ან გარეგნული იერსახის მითვისების ქმედების შემადგენლობა. გარდა ამისა, ...-ის, ...-სა და შპს „...-ას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, მოპასუხეს ...-სა და ...-ის სასაქონლო ნიშნების გამოყენების უფლება მინიჭებული ჰქონდა საერთაშორისო გზავნილებთან - ...-სა და ...სთან დაკავშირებული მომსახურების გაწევასთან მიმართებით. თუმცა, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში, შპს-ს ერთი და იგივე სერვისცენტრიდან ხდება როგორც საერთაშორისო გზავნილების მენეჯმენტი, ასევე, ადგილობრივი გზავნილების მომსახურება. ასევე, კომპანიის თანამშრომლები (მათ შორის კურიერები) უნივერსალურად ემსახურებიან როგორც საერთაშორისო გზავნილების, ასევე ადგილობრივი გზავნილების მომსახურებას კომპანია ...-ის მოწოდებული უნიფორმების გამოყენებით და აღნიშნული პოლიტიკა დაშვებულია ხელშემკვრელი მხარის მხრიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარზე 06.10.2025წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივნისის განჩინება;
3. შპს „ს...-ას“ (ს/ნ...) დაუბრუნდეს 06.10.2025წ. №... საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა