დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 12.11.2008
საქმის ნომერი
2კ-1073აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.11.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1073აპ ქ. თბილისი

12 ნოემბერი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ღ-სა და მსჯავრდებულ მ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ლ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 ნოემბრის განაჩენით:

მ. კ., _ დაბადებული .... წელს, საქართველოს მოქალაქე, ...... განათლებით, ადრე ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 18,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» და ამავე მუხლის მესამე ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, 109-ე მუხლის «ა», «ვ», «ზ», «თ», «ლ» ქვეპუნქტებით _ უვადო თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახედ _ ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მ. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 6 მარტიდან.

ვ. ჭ., _ დაბადებული .... წელს, საქართველოს მოქალაქე, ..... განათლებით, სამართალში არყოფილი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 18,177-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, 23,24,109-ე მუხლის «ა», «ვ», «ზ», «თ», «ლ» ქვეპუნქტებით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ ვ. ჭ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახედ _ ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 6 მარტიდან.

ა. ღ-ი, _ დაბადებული ..... წელს, საქართველოს მოქალაქე, ...... განათლებით, ადრე ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 18,177-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, 23,24,109-ე მუხლის «ა», «ვ», «ზ», «თ», «ლ» ქვეპუნქტებით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე მას მიესაჯა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამასთან, გაუქმდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით მოუხდელი სასჯელის ნაწილი _ 4 წელი და საბოლოოდ ა. ღ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ა. ღ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 7 მარტიდან.

ა. ც-ი, _ დაბადებული .... წელს, საქართველოს მოქალაქე, ....... განათლებით, ადრე ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 18,177-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, 23,24,109-ე მუხლის «ა», «ვ», «ზ», «თ», «ლ» ქვეპუნქტებით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე მას მიესაჯა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამასთან გაუქმდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით მოუხდელი სასჯელის ნაწილი _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ა. ც-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ა. ც-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 6 მარტიდან.

დამტკიცდა 2007 წლის 14 ნოემბრის საპროცესო შეთანხმება ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასა და განსასჯელ ვ. გ-ს შორის.

ვ. გ., _ დაბადებული .... წელს, საქართველოს მოქალაქე, ...... განათლებით, ადრე ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 18,177-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 375-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.

მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ვ. გ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და გირაოს სახით გადახდილი თანხა 3000 ლარი უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს.

დაზარალებულის სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა. მსჯავრდებულებს _ მ. კ-ს, ვ. ჭ-ს, ა. ღ-ს, ა. ც-სა და ვ. გ-ს უნდა დაეკისროთ 38032 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის სოლიდარულად გადახდა საქართველოს მილსადენი კომპანიის სასარგებლოდ გადახდის დროისათვის არსებული კურსის შესაბამისად.

მსჯავრდებულების _ მ. კ-ს, ვ. ჭ-ს, ა- ღ-ს, ა. ც-სა და ვ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

მ. კ-მ გარდაბნის რაიონის სოფელ ნორიოს ტერიტორიაზე გამავალი ბაქო-თბილისი-სუფსის ნავთობსადენის მაგისტრალური ხაზიდან, დიდი ოდენობით ნედლი ნავთობის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, 2005 წლის ოქტომბერში დანაშაულის მოსამზადებლად შექმნა ორგანიზებული ჯგუფი, დაუკავშირდა ახლობლებს _ ვ. გ-ს, ა. ც-ს, ვ. ჭ-ს, ა. ღ-ს და შესთავაზა მათ ნავთობსადენის მაგისტრალური ხაზიდან შესაბამისი საფასურის გადახდით, დიდ ოდენობით ნედლი ნავთობის ფარული დაუფლება, რის თაობაზეც მათგან მიიღო თანხმობა.

დანაშაულის თანამონაწილეებმა გაინაწილეს სამოქმედო როლები: ა. ც-ს და ვ. გ-ს უნდა მოეძიათ და მოემარჯვებინათ სპეციალური საშუალებები და იარაღი, რითაც განზრახ შექმნიდნენ პირობებს მომავალში დანაშანულის ჩასადენად. ვ. ჭ-ს და ა. ღ-ს ხელი უნდა შეეწყოთ მათთვის აღნიშნულის განხორციელებაში და ეთვალთვალათ, მ. კ-ს კი უნდა ეხელმძღვანელა და გაეკონტროლებინა მათი საქმიანობა.

2005 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში, ღამის საათებში, ვ. გ-მ და ა. ც-მ წინასწარ მომარჯვებული საშუალებებით დაიწყეს აღნიშნულ ობიექტზე სპეციალური მოწყობილობის მონტაჟი, დიდი ოდენობით ნავთობის დასატაცებლად. მათ საქმიანობას თვალს ადევნებდნენ და ეხმარებოდნენ ვ. ჭ-ი და ა. ღ-ი. აღნიშნულ პირთა დანაშაულებრივ საქმიანობას შემთხვევით შეესწრო საქონლის საძებრად გასული, იქვე ახლოს მდებარე, ა. ქ-ს კუთვნილი მესაქონლეობის ფერმის მწყემსი ე. მ-ი, რომელიც თავის მეუღლესთან _ ს. ს-სთან და სამ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობდა ფერმის ტერიტორიაზე მდგარ სამხედრო მანქანიდან მოხსნილ ძარაში.

2005 წლის 19 ოქტომბერს, დილის საათებში, შემოვლის დროს, მიერთებული ონკანი აღმოაჩინა მილსადენის დაცვის თანამშრომელმა უ. გ-მ. მან აღნიშნულის თაობაზე აცნობა ხელმძღვანელობას და მილსადენის კომპანიას. ეს ამბავი ცნობილი გახდა რა მ. კ-სათვის, უსაფუძვლოდ იფიქრა, რომ ე. მ-მ დაასმინა ისინი და გადაწყვიტა, შურისძიების მოტივით, ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, მოეკლა იგი. იმავე დღეს, დაახლოებით 23 საათზე მთვრალი მ. კ., ვ. გ-სთან ერთად, თავისი კუთვნილი თეთრი ფერის «ნივის» მარკის ავტომობილით ავიდა სოფელ ნორიოში, სადაც წინასწარი შეთანხმებით დახვდნენ ა. ც-ი, ვ. ჭ-ი, ა. ღ-ი და გამოძიებით დაუდგენელი პირი, რომლებსაც მან გაანდო თავისი დანაშაულებრივი განზრახვა. ა. ც-მ, ა. ღ-მ და ვ. ჭ-მ თავის მხრივ დახმარება აღუთქვეს ე. მ-ს მკვლელობაში. ამ მიზნით მათ მ. კ-ს გადასცეს საბრძოლო ვაზნებით დატენილი აკს-ის მოდელის «კალაშნიკოვის» სისტემის ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი, რომელიც მათ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ ჰქონდათ შეძენილი და ინახავდნენ ვ. ჭ-ს საცხოვრებელ ბინაში. ამის შემდეგ მ. კ. საკუთარი ავტომანქანით, ვ. გ-სთან ერთად, გაემგზავრა ე. მ-ს საცხოვრებელი ადგილისაკენ, მასზე შურისძიების მიზნით. გზაში ვ. გ. შეეცადა, მ. კ-სათვის გადაეფიქრებინა მკვლელობის ჩადენა, მაგრამ მან ყურად არ იღო მისი თხოვნა. სიმთვრალის, შურისძიებისა და სხვა დანაშაულის დაფარვის სურვილით შეპყრობილმა მ. კ-მ მას გაჩუმება ურჩია. 20 ოქტომბრის დაახლოებით 02 საათისათვის ისინი მივიდნენ ფერმაში, მ. კ-მ ავტომანქანიდან გადმოიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ ჰქონდა შეძენილი ა. ც-საგან, ა. ღ-სა და ვ. ჭ-საგან, ბინიდან გამოიხმო ე. მ-ი და მას გამოსვლისთანავე განზრახ მოკვლის მიზნით ჯერით ესროლა ავტომატური იარაღიდან. შემდეგ, განსაკუთრებული სისასტიკით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენდა იქვე, ახლოს მყოფი ბავშვებისათვისაც, რამდენჯერმე ესროლა. სროლის ხმაზე გარეთ გამოსულ მ-ს მეუღლეს _ ს. ს-ს. აღნიშნულის შედეგად ე. მ-მ მიიღო ხუთი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში, ნეკნების, გულის, ფილტვის, ღვიძლის დაზიანებით, ს. ს-მ მიიღო ოთხი ჭრილობა თავის, სახის ძვლებისა და ქალა-ფუძის არეში, ასევე გამჭოლი ჭრილობა წვრილი ნაწლავების მარყუჟის მრავლობითი დაზიანებებით, მარცხენა თეძოს ძვლის მოტეხილობით, რის შედეგადაც ე. მ-ი და ს. ს. ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო მ. კ. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა.

გარდა აღნიშნულისა, მ. კ. საცხოვრებელ ბინაში ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროს მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ, 1895 წლის ნიმუშის, რუსული სამხედრო რევოლვერ «ნაგანისათვის» განკუთვნილ 7,62მმ კალიბრიან ვაზნას, რომელიც განეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.

მ. კ-სა და მისი თანამზრახველების მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ იცოდა რა ვ. გ-მ, წინასწარ შეუპირებლად დაფარა ისინი და არ აცნობა სამართალდამცავ ორგანოებს.

ვ. ჭ-ი საცხოვრებელ ბინაში ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროს მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ, 1943 წლის ნიმუშის, რუსული სამხედრო რევოლვერ «კალაშნიკოვისათვის» განკუთვნილ 7,62მმ კალიბრიან ვაზნას, რომელიც განეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ივნისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

მსჯავრდებულებს _ ა. ღ-სა და ა. ც-ს მოეხსნათ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 23,24,109-ე მუხლის «ა», «ვ», «ზ», «თ», «ლ» ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში გამართლდნენ.

მსჯავრდებულ ვ. ჭ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით, 23,24,109-ე მუხლის «ა», «ვ», «ზ», «თ», «ლ» ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში გამართლდა.

მ. კ-ს წარდგენილი ბრალდებიდან მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის «თ» ქვეპუნქტი და ამ ნაწილში გამართლდა.

მსჯავრდებულების _ მ. კ-ს, ვ. ჭ-ს, ა. ღ-სა და ა. ც-ს მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 18,177-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 18,177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტზე.

მსჯავრდებულების _ ვ. ჭ-ს, ა. ღ-სა და ა. ც-ს მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 18,177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 18,177-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტსა და მეოთხე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტზე (2006 წლის 31 მაისიდან მოქმედი რედაქცია).

მსჯავრდებულ მ. კ-ს მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 18,177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტითა და 109-ე მუხლის ,,ზ», ,,ლ» ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 18,177-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა», ,,ბ» ქვეპუნქტსა და მეოთხე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტზე, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ», ,,დ» ქვეპუნქტებზე (2006 წლის 31 მაისიდან მოქმედი რედაქცია).

მ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 18,177-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით, მეოთხე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ», ,,დ» ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისიდან მოქმედი რედაქცია), 109-ე მუხლის «ა», «ვ» ქვეპუნქტებით _ 19 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, 50-ე მუხლის მეოთხე ნაწილის გათვალისწინებით, საბოლოოდ მ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახედ _ ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ვ. ჭ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 18,177-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» და მეოთხე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტებით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 4500 ლარის ოდენობით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, 375-ე მუხლით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ ვ. ჭ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახედ _ ჯარიმა 5500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ა. ღ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 18,177-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» და მეოთხე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტებით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 4500 ლარის ოდენობით, 375-ე მუხლით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე მას მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი _ 4 წელი და საბოლოოდ ა. ღ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და პირობითი მსჯავრი _ 4 წელი. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა 4500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ა. ც-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 18,177-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» და მეოთხე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტებით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 4500 ლარის ოდენობით, 375-ე მუხლით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე მას მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი _ 4 წელი და საბოლოოდ ა. ც-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და პირობითი მსჯავრი _ 4 წელი. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა 4500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

დაზარალებულის სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა. მსჯავრდებულებს _ მ. კ-ს, ვ. ჭ-ს, ა. ღ-ს, ა. ც-ს საქართველოს მილსადენი კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრათ 38032 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის სოლიდარულად გადახდა.

მსჯავრდებული ა. ღ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო, საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მესამე ნაწილი ზუსტად განსაზღვრავს ორგანიზებული ჯგუფის ცნებას _ ,,პირთა მყარი ჯგუფი, რომლებიც წინასწარი შეთანხმებით შეთანხმდნენ რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად“. დადგენილია, რომ მ. კ-მ ითხოვა დახმარება მხოლოდ ერთი კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში, რაზედაც მიიღო თანხმობა. ამიტომ ორგანიზებული ჯგუფი უნდა შეიცვალოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ“. სსკ-ის 177-ე მუხლის ქვემოთ არის შენიშვნა: „დიდ ოდენობად ითვლება ნივთიერი ღირებულება 10 000 ლარს ზევით“. ამ შემთხვევაში ნივთში მოხსენიებულია ნავთობის ღირებულება. კასატორის მოსაზრებით, მან სხვა განსასჯელებთან ერთად მოამზადა პირობები დანაშაულის ჩასადენად, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი და რის თაობაზეც კომპანიამ წარმოადგინა სარჩელი. ამიტომ ჩადენილია დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით; ეს დანაშაული, საქართველოს სსკ-ის მე-12 მუხლის მოთხოვნის თანახმად, განეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ხოლო სსკ-ის (2006 წლამდე რედაქცია) მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის.

რაც შეეხება ჯარიმას, კასატორის განმარტებით, მან სასამართლო პროცესზე წარმოადგინა ცნობა, რომ არის სოციალურად გაჭირვებული და არა აქვს შემოსავალი, ამდენად, მისთვის ჯარიმის დაკისრების ნაწილში განაჩენი არის უკანონო.

მსჯავრდებულ მ. კ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. ლ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მ. კ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და ამ მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში შესაბამისი სასჯელის დანიშვნას. კასატორის მოსაზრებით, საქმეზე წინასწარი გამოძიებისას და შემდეგ, როგორც გარდაბნის, ასევე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მ. კ-ს ქმედება დაკვალიფიცირდა სსკ-ის 109-ე მუხლის შესაბამისი პუნქტებით, მაშინ, როდესაც საქმეში საერთოდ არ მოიპოვებოდა საამისოდ არავითარი მტკიცებულებები და გარემოებები. მ. კ-ს ქმედება უნდა დაკვალიფიცირებულიყო სსკ-ის 108-ე მუხლით. არც პირველი ინსტანციის და შემდეგ არც სააპელაციო სასამართლომ, რატომღაც, სათანადოდ არ შეაფასეს მ. კ-ს მიერ მიცემული ჩვენებები. როგორც გამოძიებამ, ისე სასამართლომ გაიზიარეს მ. კ-ს ერთ-ერთი პირველი ჩვენება, რითაც მან, თითქოს, აღიარა ორივე პირის მკვლელობა, რაც დაუსაბუთებელია, უფრო მეტიც: პირველი ინსტანციის სასამართლომ და შემდეგ სააპელაციო სასამართლომაც დაარღვიეს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, როცა განაჩენებში მათ მტკიცებულებად მიიჩნიეს მ. კ-ს აღიარებითი ჩვენება, თუმცა, თანახმად ხსენებული კანონის ნორმისა, სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად უნდა დაედოს მხოლოდ ის მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეული იყო სასამართლოს სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეისწავლა საქმე სრული მოცულობით, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მსჯავრდებულების _ ა. ც-ს, ა. ღ-ს, ვ. გ-ს ჩვენებებით, მოწმე გ. ა-ს ჩვენებით, საქმეში არსებული ფარული ვიდეო-აუდიოჩანაწერის მასალებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და სქემით, ექსპერტიზების დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით მსჯავრდებულ მ. კ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 18,177-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით, მეოთხე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ», ,,დ» ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისიდან მოქმედი რედაქცია), 109-ე მუხლის «ა», «ვ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორ თ. ლ-ს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულ მ. კ-ს არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. აღნიშნული მოსაზრება არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან, კერძოდ:

მსჯავრდებულების _ ა. ც-ა და ა. ღ-ს ჩვენებებით, 2005 წლის ოქტომბერში ვ. გ-სა და მ. კ-სთან ერთად გადაწყვიტეს ნორიოს ტერიტორიაზე გამავალი ნავთობსადენი მილის გახვრეტა ნავთობის დატაცების მიზნით, გაინაწილეს როლები და შეთანხმდნენ ნავთობის რეალიზაციის შემდეგ წილების განაწილებაზე. მათ დაამონტაჟეს მილსადენზე ონკანი, მაგრამ მეორე დღეს ონკანი აღმოაჩინეს მილსადენის დაცვის თანამშრომლებმა. იმავე დღეს ქ. ბათუმიდან დარეკა მ. კ-მ და სთხოვა მათ, ჩასულიყვნენ ქ. ბათუმში. მათ იფიქრეს, რომ მილსადენის გახვრეტის გამჟღავნების თაობაზე ექნებოდათ ,,გარჩევები». ბათუმში ჩასვლისას დახვდათ მ. კ. და ვ. გ. მათთან საუბარში მ. კ-მ თქვა, რომ აზერბაიჯანელი ცოლ-ქმარი მისი დახოცილები იყვნენ. ვ. ც-ს ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ მ. კ. ამბობდა: „ცოლ-ქმარი არ უნდა დამეხოცაო“.

მსჯავრდებულ ვ. გ-ს ჩვენებით, 2005 წლის ოქტომბერში, მ. კ-ს ინიციატივით, გახვრიტეს ნორიოს ტერიტორიაზე გამავალი მილსადენი, ნავთობის მოპარვის მიზნით. მეორე დღეს მ. კ-საგან გაიგო, რომ დაცვის თანამშრომლებს მათ მიერ დამონტაჟებული ონკანი აზერბაიჯანელი მწყემსების დახმარებით აღმოუჩენიათ. ამის შემდეგ ავიდნენ ნორიოში, სადაც დახვდნენ ა. ღ-ი და ვ. ჭ-ი. იქ მათთან საუბრის შემდეგ მ. კ-მ ავტომანქანაში ჩადო ავტომატი და წავიდნენ ლილოს მიმართულებით. გზაში საუბრისას მ. კ-მ უთხრა მათ: (იგულისმება ა. ც-ი, ა. ღ-ი და ვ. ჭ-ი) ,,არაფრის თავი არ აქვთ და მე ვიცი, რასაც გავაკეთებო». ფერმასთან მისვლისას მ. კ. გადავიდა ავტომანქანიდან. ცუდი ამინდი იყო და არაფერი დაუნახავს, გაიგონა მხოლოდ ავტომატის ჯერის ხმა. უკან დაბრუნების შემდეგ მ. კ-მ თქვა, რომ ჯერ მოკლა კაცი, მაგრამ ქალმა დაინახა და იძულებული გახდა, ქალიც მოეკლა.

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით ასევე უტყუარადაა დადასტურებული მსჯავრდებულ ვ. ჭ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 18,177-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» და მეოთხე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, მსჯავრდებულების _ ა. ღ-სა და ა. ც-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 18,177-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» და მეოთხე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა.

ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულებს _ ვ. ჭ-ს, ა. ღ-სა და ა. ც-ს უნდა მოეხსნათ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

საქმის მასალების მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული ბრალდების საქმის განხილვისას, კამათის სტადიაზე, სახელმწიფო ბრალმდებელმა წარმოადგინა ბრალდების ახალი წერილობითი ფორმულირება, რომლითაც მსჯავრდებულებს _ ა. ღ-სა და ა. ც-ს მოეხსნათ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 23,24,109-ე მუხლის «ა», «ვ», «ზ», «თ», «ლ» ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში გამართლდნენ. მსჯავრდებულ ვ. ჭ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით, 23,24,109-ე მუხლის «ა», «ვ», «ზ», «თ», «ლ» ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში გამართლდა. ამასთან, მსჯავრდებულების _ ვ. ჭ-ს, ა. ღ-სა და ა. ც-ს მიერ ჩადენილი ქმედება დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით,ახალი საბრალდებო სიტყვითა და სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული გამოიხატა იმაში, რომ მსჯავრდებულებმა _ ვ. ჭ-მ, ა. ღ-მ და ა. ც-მ იცოდნენ რა, რომ მ. კ-მ ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული _ ე. მ-სა და ს. ს-ას განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით, წინასწარ შეუპირებლად დაფარეს აღნიშნული და არ აცნობეს სამართალდამცავ ორგანოებს.

საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება ვ. ჭ-ს, ა. ღ-სა და ა. ც-ს მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის არსებობისათვის საჭიროა აქტიური მოქმედება _ წინასწარ შეუპირებლად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა. დანაშაულის დაფარვაში იგულისხმება დამნაშავის, აგრეთვე დანაშაულის ჩადენის იარაღისა და საშუალების, დანაშაულის კვალის ან დანაშაულებრივი გზით მოპოვებული საგნების დაფარვა.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულების _ ვ. ჭ-ს, ა. ღ-სა და ა. ც-ს მიერ მათთვის ცნობილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა, რაც გამოიხატა მათი მხრიდან უმოქმედებით ჩადენილ ქმედებაში, კერძოდ ის ფაქტი, რომ მათ მ. კ-ს მიერ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ე. მ-სა და ს. ს-ს განზრახ მკვლელობის შესახებ არ აცნობეს სამართალდამცავ ორგანოებს, არ გვაძლევს საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას.

მართალია, დღეს მოქმედი საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლი დანაშაულად თვლის ასევე პირის მიერ ჩადენილ ქმედებას, როცა მან ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული და არ აცნობებს სამართალდამცავ ორგანოებს, მაგრამ მ. კ-ს მიერ დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი დანაშაულის შეუტყობინებლობას იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, არ თვლიდა დანაშაულად.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას, უკუძალა არა აქვს.

ამდენად, მსჯავრდებულებს _ ა. ღ-ს, ა. ც-სა და ვ. ჭ-ს გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოერიცხოთ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით შერაცხული მსჯავრი და შესაბამისად ამ მუხლით დანიშნული სასჯელები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა», «დ” ქვეპუნქტებით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. ღ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მსჯავრდებულ მ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ლ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულებს _ ა. ღ-ს, ა. ც-სა და ვ. ჭ-ს მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით შერაცხული ბრალდება და ამ ნაწილში მათ მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

ვ. ჭ-ს საქართველოს სსკ-ის 18,177-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» და მეოთხე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახედ _ ჯარიმა 5500 (ხუთიათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ა. ღ-ს საქართველოს სსკ-ის 18,177-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» და მეოთხე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტებით მიესაჯოს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ _ ჯარიმა 4500 (ოთხიათას ხუთასი) ლარის ოდენობით, რასაც დაემატოს გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი _ 4 (ოთხი) წელი ამავე გამოსაცდელი ვადით და საბოლოოდ ა. ღ-ს მოსახდელად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და პირობითი მსჯავრი _ 4 (ოთხი) წელი ამავე გამოსაცდელი ვადით, დამატებითი სასჯელის სახედ _ ჯარიმა 4500 (ოთხიათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ა. ც-ს საქართველოს სსკ-ის 18,177-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» და მეოთხე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტებით მიესაჯოს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ _ ჯარიმა 4500 ლარის ოდენობით, რასაც დაემატოს გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი _ 4 (ოთხი) წელი ამავე გამოსაცდელი ვადით და საბოლოოდ ა. ც-ს მოსახდელად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და პირობითი მსჯავრი _ 4 (ოთხი) წელი ამავე გამოსაცდელი ვადით, დამატებითი სასჯელის სახედ _ ჯარიმა 4500 (ოთხიათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულ მ. კ-ს მიმართ დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.