საზედამხედველო
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე ¹1აგ-12 11 იანვარი, 2012 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ღ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 27 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 15 იანვრის განაჩენით ა. ღ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლითა და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), იმავე კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია), აგრეთვე 363-ე მუხლის პირველი ნაწილით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (მითითებული რედაქცია) – თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით; იმავე კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (მითითებული რედაქცია) – ჯარიმა 100 დღიური ანაზღაურება, დღიური _ 2 ლარის ოდენობით, ხოლო 363-ე მუხლის პირველი ნაწილით (მითითებული რედაქცია) – ჯარიმა 80 დღიური ანაზღაურება, დღიური _ 2 ლარის ოდენობით, სულ _ 160 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ა. ღ-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ა. ღ-ს წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის მოხდის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან _ 2001 წლის 5 დეკემბრიდან.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 25.05.2011 წლის ¹10/6/8/-6881 ცნობის თანახმად, ა. ღ. 2004 წლის 26 მარტს მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს დადგენილების საფუძველზე სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდა 8 (რვა) თვითა და 9 (ცხრა) დღით ადრე.
მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის 25.05.2011 წლის ¹2101-895 ცნობის თანახმად, ა. ღ-ს პირობითი მსჯავრის ვადა დაუმთავრდა 2004 წლის 5 დეკემბერს.
2011 წლის 14 დეკემბერს ა. ღ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, იგი ითხოვდა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 15 იანვრის განაჩენის გადასინჯვას.
მსჯავრდებული ა. ღ. თავის შუამდგომლობაში აღნიშნავდა, რომ იგი 2003 წელს გაასამართლეს საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რომელიც მაშინ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად ითვლებოდა, ხოლო დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ეს დანაშაული წარმოადგენს მძიმე კატეგორიის დანაშაულს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ა. ღ. ითხოვდა მის მიერ ჩადენილი ქმედების მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ღ-ს უარი ეთქვა მისი შუამდგომლობის დაშვებასა და განხილვაზე იმ მოტივით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (2009 წლის 9 ოქტომბრის რედაქცია) 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იგი არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილი გარემოების გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვაზე უფლებამოსილ სუბიექტს, რადგან მოცემული მომენტისათვის ის უკვე არის სასჯელმოხდილი პირი, რომელიც არ იხსენიება ამ საპროცესო ნორმით გათვალისწინებულ ჩამონათვალში უფლებამოსილ სუბიექტთა შორის.
მსჯავრდებულმა ა. ღ-მა სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინების თაობაზე საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმებას მისი შუამდგომლობის განსახილველად დაშვების საკითხთან დაკავშირებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ა. ღ-ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით შემოსული საქმის მასალები და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მსჯავრდებულ ა. ღ-ის მიერ შეტანილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით არასწორად განმარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (მითითებული რედაქცია) 312-ე მუხლის მეორე ნაწილის შინაარსი, როდესაც მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნორმაში მოცემულ სუბიექტთა ჩამონათვალში, კერძოდ, იქ მოხსენიებულ მსჯავრდებულში არ იგულისხმება ის პირი, რომელმაც უკვე მოიხადა სასჯელი. სააპელაციო სასამართლოს ასეთი პოზიცია და ხსენებული საპროცესო ნორმის შინაარსის მისეული განმარტება პირდაპირ ეწინააღმდეგება მოცემულ საკითხზე საპროცესო კოდექსის ნამდვილ აზრსა და კანონმდებლის ნებას, რადგან ასეთ შემთხვევაში ყოველგვარ მნიშვნელობას კარგავს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლი, რომლის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია, ანდა აღნიშნული ნორმა ისე უნდა განგვემარტა, რომ მითითებული განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია მხოლოდ პროკურორისათვის _ მსჯავრდებულის ინტერესების საწინააღმდეგოდ, რაც იქნებოდა სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის პრინციპის აშკარა და უხეში დარღვევა. გარდა ამისა, მითითებული საპროცესო ნორმის შინაარსის ისეთი გაგება, რომელიც თავის განჩინებაში ჩამოაყალიბა სააპელაციო სასამართლომ, პირდაპირ ეწინააღმდეგება აგრეთვე მატერიალური სისხლის სამართლის შესაბამისი ნორმებით აღიარებულ და დაკანონებულ ნასამართლობის ვადაზე ადრე მოხსნის უფლებასა და ნასამართლობის გაქარწყლების ინსტიტუტს.
საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელმაც სასჯელი მოიხადა, ნასამართლობის გაქარწყლებამდე და მოხსნამდე ითვლება მსჯავრდებულად, რომელიც სარგებლობს უფლებით – თხოვნით მიმართოს სასამართლოს, მოუხსნას მას ნასამართლობა ამ უკანასკნელის გაქარწყლების ვადის გასვლამდე (იხ. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის პირველი, მეოთხე და მეხუთე ნაწილები). აქედან გამომდინარე, სრულიად ნათელია, რომ საქართველოს სსსკ-ის (მითითებული რედაქცია) 312-ე მუხლის მე-2 ნაწილში წარმოდგენილ ჩამონათვალში მითითებული მსჯავრდებული გულისხმობს არა მხოლოდ იმ პირს, რომელიც რეალური სასჯელის, ანდა პირობითი სასჯელის მოხდის რეჟიმში იმყოფება, არამედ იმ პირსაც, რომელმაც უკვე მოიხადა რეალური ან პირობითი სასჯელი, მაგრამ მის მიმართ ჯერ კიდევ არ არის ნასამართლობა გაქარწყლებული ან მოხსნილი კანონით დადგენილი წესით, რის გამოც იგი, როგორც მსჯავრდებულის სტატუსის მქონე პირი, სარგებლობს მსჯავრდებულის ყველა უფლებით, მათ შორის იმ უფლებითაც, რომ შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს ახლად გამოვლენილი გარემოების გამო მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ამრიგად, საკასაციო პალატა, ზემოაღნიშნული გარემოებებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მსჯავრდებულ ა. ღ-ის მიერ შეტანილი შუამდგომლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას მის მიმართ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიარებული ადამიანის უფლება _ თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, აგრეთვე საპროცესო კოდექსის (მითითებული რედაქცია) 311-ე მუხლითა და 312-ე მუხლის მეორე ნაწილით მისთვის მინიჭებული უფლება – ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობით მიმართოს შესაბამის სასამართლოს. ყოველივე აღნიშნული კი იმაზე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მსჯავრდებულ ა. ღ-ის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას არსებითად დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, როდესაც მას უსაფუძვლოდ უთხრა უარი მისი შუამდგომლობის განსახილველად დაშვებაზე. აღნიშნული გარემოება წარმოადგენს ამ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს საქართველოს სსსკ-ის (მითითებული რედაქცია) 313-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 27 დეკემბრის განჩინება მსჯავრდებულ ა. ღ-ის შუამდგომლობის განსახილველად დაშვებაზე უარის თქმის შესახებ უნდა გაუქმდეს _ როგორც უკანონო, ხოლო მსჯავრდებულ ა. ღ-ის შუამდგომლობა საქმის მასალებთან ერთად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახალი განხილვისა და აღნიშნული შუამდგომლობის დაშვების საკითხის კანონის შესაბამისად გადაწყვეტისათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (მითითებული რედაქცია) 311-ე, 312-ე და 313-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. ღ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 27 დეკემბრის განჩინება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 15 იანვრის განაჩენის გადასინჯვის შესახებ მსჯავრდებულ ა. ღ-ის შუამდგომლობის განსახილველად დაშვებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო ა. ღ-ის შუამდგომლობა საქმის მასალებთან ერთად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს განსახილველად, მისი დაშვების საკითხის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მისაღებად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.