დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 10.07.2018
საქმის ნომერი
33აგ.-2017
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
10.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №33აგ-17 თბილისი

ზ. ვ. 33აგ-17 10 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ზ-ს ადვოკატ გ. ნ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 23 მაისის განაჩენით ვ. ზ., - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 237-ე მუხლის პირველი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 109-ე მუხლის „ა“ და „ი“ ქვეპუნქტებით - უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, საბოლოოდ ვ. ზ.ს განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2001 წლის 28 მარტიდან.

2. ამავე განაჩენით მსჯავრდებულები არიან: შ. ო. და ა. ა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 12 სექტემბრის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 23 მაისის განაჩენი ვ. ზ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ადიგენის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 დეკემბრის დადგენილებით ვ. ზ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

5. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით ვ. ზ-ს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ა“ და „ი“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 10 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. ზ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინება შეიცვალა, კერძოდ: ვ. ზ. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელებისგან; მასვე ¼-თ შეუმცირდა ამავე კოდექსის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ა“ და „ი“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა - დარჩა უცვლელად.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 მარტის განაჩენით ვ. ზ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დადგენილ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ვ. ზ-ს განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

8. ამავე განაჩენით მსჯავრდებულები არიან: გ. ს., ვ. მ., ლ. ტ., ო. ლ., მ. პ. და გ. ი.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 მარტის განაჩენი ვ. ზ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. ზ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივნისის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

11. 2017 წლის 15 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ვ. ზ-ს ადვოკატმა გ. ნ-მ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 23 მაისის განაჩენის გადასინჯვა. შუამდგომლობის ავტორმა ახლად გამოვლენილ გარემოებად მიუთითა „გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება. კერძოდ, მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, რადგან საქმის განმხილველი სასამართლო კოლეგია შედგებოდა ორი არაპროფესიონალი მსაჯულისგან, რომლებსაც არ ჰქონდათ მოსამართლის ფუნქციის განხორციელების იურიდიული კომპეტენცია. იმის გათვალისწინებით, რომ მათ მიერ მოსამართლის ფუნქციის განხორციელება ეფუძნებოდა სასამართლო პრაქტიკას, რომელსაც ეროვნულ სასამართლოში იურიდიული საფუძველი არ გააჩნდა, კოლეგია, რომელშიც ისინი მონაწილეობდნენ, არ წარმოადგენდა „კანონის საფუძველზე შექმნილს“.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. ზ-ს ადვოკატ გ. ნ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

13. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. ზ-ს ადვოკატმა გ. ნიკოლაიშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 23 მაისის განაჩენის გადასინჯვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. კასატორი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლად მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული განაჩენი დაადგინა მოსამართლემ და ორმა არაპროფესიონალმა მსაჯულმა, კერძოდ, კასატორის განმარტებით, ვ. ზ-ს მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფის ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას დაირღვა კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლის მიერ მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება; ამასთან, თავისი პოზიციისა და მოსაზრებების დასადასტურებლად კასატორი მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე - „გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Gorgiladze v. Georgia) განაცხადი №4313/04; ECHR; 20.01.2010.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ უვადო მსჯავრდებულ ვ. ზ-ს საქმეზე - №33აგ-17, განხორციელდა მნიშვნელოვანი კვლევითი სამუშაოები, კერძოდ: საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია იმ მსჯავრდებულთა (ვადიანი ან უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული) რაოდენობის შესახებ, რომელთაც სასჯელი პირველი ინსტანციით განსაზღვრული აქვთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ ერთი მოსამართლისა და ორი მსაჯულის შემადგენლობით. მიღებული წერილის მიხედვით, 2017 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით ასეთ მსჯავრდებულთა რაოდენობა შეადგენდა 40-ს, რომელთა შორის 17 უვადო მსჯავრდებული იყო. აღნიშნული 40 მსჯავრდებულიდან - 22 მათგანს შემცირებული ჰქონდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ პირველი ინსტანციით განსაზღვრული სასჯელი.

4. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია უვადოდ მსჯავრდებულთა შესახებ, მათ მიმართ გამოტანილი შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებებისა და შესაბამისად გამოცემული შეწყალების აქტების დართვით. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შედეგად, განისაზღვრა საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2013-2018 წლებში შეწყალებული 18 უვადოდ მსჯავრდებული პირი, რომელთა შორის ექვსს სასჯელი პირველი ინსტანციით განესაზღვრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ, ერთი მოსამართლისა და ორი მსაჯულის შემადგენლობით.

5. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტებით, უვადო მსჯავრდებულების მიმართ არ განხორციელებულა სასჯელის განსაზღვრა ან დანიშვნა, არამედ, აღნიშნული მსჯავრდებულები უნდა გათავისუფლდნენ განაჩენებით უკვე დანიშნული სასჯელების შემდგომი მოხდისაგან კონკრეტული თარიღის დადგომისას.

6. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით უვადო მსჯავრდებულებს არ შეცვლიათ სასჯელის სახე და ზომა; პრეზიდენტმა აღნიშნული აქტებით გამოხატა ნება უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირების კონკრეტული თარიღის მიხედვით გათავისუფლების შესახებ.

7. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ექვსივე უვადო მსჯავრდებულ პირს, რომელთაც აღნიშნული სასჯელი პირველი ინსტანციით განესაზღვრათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ ერთი მოსამართლისა და ორი მსაჯულის შემადგენლობით და საქართველოს პრეზიდენტის მიერ იქნენ შეწყალებულნი კონკრეტული თარიღის მითითებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლდებიან მას შემდეგ, რაც მინიმუმ მოხდილი ექნებათ დანიშნული სასჯელის 20 ან მეტი წელი.

8. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ უვადო მსჯავრდებული პირების მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, თუმცა, ამ კანონის გამოყენება წმინდა ფორმალურ ხასიათს ატარებდა. კერძოდ, აღნიშნულ მსჯავრდებულ პირებს სასჯელი განსაზღვრული ჰქონდათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლების საფუძველზე და საბოლოო სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ მსჯავრდებულებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდათ დანიშნული ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, იგი რეალურად ვერ აისახა უვადო თავისუფლების აღკვეთაზე, რადგან მათ სასჯელი რამდენიმე მუხლის საფუძველზე ჰქონდათ მისჯილი და საბოლოოდ დარჩათ უვადო თავისუფლების აღკვეთა.

9. გამოთხოვილი ინფორმაციის დამუშავებისა და შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, უვადო მსჯავრდებული პირები, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლებთან ერთად მსჯავრდებულნი იყვნენ სისხლის სამართლის კოდექსის 108-109-ე მუხლების საფუძველზე, შეწყალებულ იქნენ ზემოაღნიშნული აქტებით. შესაბამისად, არსებობს შეწყალების პრეცედენტები მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული პირების მიმართ.

10. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების შესაბამის მუხლებზე, რომლებითაც განსაზღვრულია სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთის გადასინჯვის შემთხვევები, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 721-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა, ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის ოცი წელი, სასამართლო უფლებამოსილია, იგი პირობით გაათავისუფლოს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან ამავე კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამოსაცდელი ვადით. ხოლო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2851-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია, სასჯელის შემდგომი მოხდისაგან პირობით გაათავისუფლოს მსჯავრდებული, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა და რომელმაც ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის ოცი წელი.

11. ამასთან, „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120-ე ბრძანებულების მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეწყალება არ გამოიყენება იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც შეეფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, თუ მას თავისუფლების აღკვეთის სახით არა აქვს მოხდილი 15 წელი. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, მსჯავრდებულმა ვ. ზ-მ რამდენჯერმე მიმართა საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, თუმცა მისი თხოვნა არ დაკმაყოფილდა, რადგან შესაბამისი პერიოდისთვის ვ. ზ-ს არ ჰქონდა მოხდილი დანიშნული სასჯელის 15 წელი.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უვადო მსჯავრდებულ პირს საქართველოს კანონმდებლობით აქვს რამდენიმე შესაძლებლობა, რათა მისი სასჯელი გადასინჯულ იქნეს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვითა და შესრულებით.

13. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ განსახილველ პრობლემასთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა ორ კონკრეტულ საქმეზე დაადგინა (საქმე „გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ“, (Gorgiladze v. Georgia) განაცხადი №4313/04; ECHR; 20.01.2010; საქმე „ფანჯიკიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, (Pandjikidze and others v. Georgia) განაცხადი №30323/02; ECHR; 27.01.2010) და მას ე.წ. „მასობრივი დარღვევების“ საკითხზე არ უმსჯელია. ამასთან, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის (No R (2000) 2 წევრ სახელმწიფოებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ეროვნულ დონეზე, ზოგიერთი საქმის გადასინჯვის ან საქმისწარმოების განახლების შესახებ) მიხედვით განსაზღვრულია, რომ „მასობრივი“ დარღვევების შემთხვევაში, საქმეთა გადასინჯვა/დარღვეული უფლების სხვაგვარი გამოსწორება სახელმწიფოს დისკრეციას წარმოადგენს (იხ. მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია No. R (2000) 2, პარ.: 14).

14. ასევე, საერთაშორისო პრაქტიკის კვლევის თანახმად, კონკრეტული გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში სხვა საქმეების გადასინჯვის ვალდებულება სახელმწიფოს კონვენციის 46-ე მუხლის თანახმად პირდაპირ არ აქვს. ამას ადასტურებს ის გარემოება, რომ გორგილაძისა და ფანჯიკიძის გადაწყვეტილებების ეროვნულ დონეზე აღსრულების საქმეები მინისტრთა კომიტეტმა დახურა სხვა საქმეთა გადასინჯვის მოთხოვნის გარეშე. კერძოდ, მან საკმარისად მიიჩნია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებები, რითაც ამ კონკრეტულ პირებს მიენიჭათ გადასინჯვის მოთხოვნის უფლება (მინისტრთა კომიტეტის 2012 წლის 26 სექტემბრის საბოლოო რეზოლუციები ფანჯიკიძისა და გორგილაძის საქმეებზე).

15. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გორგილაძე/ფანჯიკიძის საქმეები თავად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ არ ყოფილა კლასიფიცირებული არც პილოტურ და არც კვაზიპილოტურ გადაწყვეტილებად; შესაბამისად, სასამართლოს არ დაუდგენია სისტემური პრობლემა, რის გამოც სტრასბურგის ორგანოების მიერ არასოდეს წამოჭრილა სხვა იდენტურ საქმეთა გადასინჯვის აუცილებლობის ან ეროვნულ დონეზე აღსრულების სხვა ღონისძიების გატარების საკითხი.

16. ამ კუთხით, საკასაციო პალატა ყურადღებას კვლავ მიაპყრობს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციაზე No R (2000)2 წევრ სახელმწიფოებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ეროვნულ დონეზე, ზოგიერთი საქმის გადასინჯვის ან საქმისწარმოების განახლების შესახებ, რომლის თანახმად, მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს ხელშემკვრელ მხარეებს, შეამოწმონ მათი ეროვნული სამართლებრივი სისტემები, რათა დარწმუნდნენ, რომ არსებობს საქმის გადასინჯვის, მათ შორის, საქმისწარმოების განახლების შესაძლებლობა იმ შემთხვევებში, როდესაც სასამართლო დაადგენს კონვენციის დარღვევას და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც: მომჩივანი კვლავ განიცდის ეროვნული სასამართლო გადაწყვეტილების ძალზე უარყოფით შედეგებს, რომელთა კომპენსაცია შეუძლებელია სამართლიანი დაკმაყოფილებით და რომლებიც მხოლოდ გადასინჯვით ან საქმისწარმოების განახლებით შეიძლება შეიცვალოს.

17. აღნიშნული რეკომენდაციის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ასეთი შემთხვევები ეხება იმ პირებს, რომლებსაც შეეფარდათ ძალზე ხანგრძლივი პატიმრობა და რომლებიც, კონვენციის ორგანოების მიერ მათი საქმეების განხილვის დროს, კვლავ ციხეში იმყოფებიან. ამასთან, რეკომენდაცია არ ეხება „მასობრივ საქმეთა“ პრობლემას. მაგალითად საქმეები, რომლებშიც გამოვლენილი გარკვეული სტრუქტურული ნაკლოვანებები იწვევს კონვენციის მრავალრიცხოვან დარღვევებს. ასეთ საქმეებში, პრინციპში, უმჯობესია, შესაბამისმა სახელმწიფომ გადაწყვიტოს, არის თუ არა გადასინჯვა ან საქმისწარმოების განახლება რეალური გამოსავალი, თუ სხვა სახის ღონისძიებებია უფრო ადეკვატური.

18. რაც შეეხება კასატორის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სადავო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმეზე „გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Gorgiladze v. Georgia) მითითებას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ პირველი ინსტანციით საქმის განხილვაში ერთ პროფესიონალ მოსამართლესთან ერთად ორი მსაჯულის მონაწილეობის გამო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენ სასამართლოს უკანონო შემადგენლობასთან მიმართებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ვ. ზ-ს საქმეზე ეს გადაწყვეტილება ვერ გავრცელდება, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით გაირკვა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 23 მაისის განაჩენი დაცვის მხარემ საკასაციო წესით გაასაჩივრა ზემდგომ ინსტანციაში, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ სამი პროფესიონალი მოსამართლის შემადგენლობით განიხილა მისი საქმე და 2002 წლის 12 სექტემბერს მიიღო განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის განაჩენი. ამასთან, საკასაციო სასამართლომ საქმე განიხილა მხარეთა დასწრებითა და საქმის მასალების სრულყოფილი გამოკვლევით, რაც თანხვდენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან, კერძოდ: გადაწყვეტილების მიხედვით, როდესაც განმცხადებელს პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას მსჯავრი დასდო იმ სასამართლომ, რომელიც კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, არ იყო კანონის საფუძველზე შექმნილი და ამის შემდეგ საქმე ხელახლა არსებითად არ განხილულა, ახალი პროცესი ან საქმის ხელახალი არსებითი განხილვა, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, პრინციპში, წარმოადგენს დადგენილი დარღვევის აღმოფხვრის სათანადო საშუალებას.

19. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ ვ. ზ-ს საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ სამი პროფესიონალი მოსამართლის შემადგენლობით, საკასაციო საჩივრის საფუძველზე, საკასაციო წესით განიხილა და 2002 წლის 12 სექტემბერს მიიღო განჩინება, პალატა მიიჩნევს, რომ ამით მოხდა სასამართლოს კანონიერი შემადგენლობის მიერ საქმის ხელახლა განხილვა (სადავო განაჩენის გადასინჯა) და მსჯავრდებულის მიმართ საქმის სამართლიანი განხილვის უფლების რეალიზება, და შესაბამისად, არ არსებობს კასატორის მიერ მითითებული არგუმენტით გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სადავო განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძველი.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ვ. ზ-ს ადვოკატ გ. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისივე შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ვ. ზ-ს ადვოკატ გ. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ ვ. ზ-ს ადვოკატ გ. ნ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი