დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141319700077663
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №16აგ-19 3 თებერვალი, 2020 წელი
ყ. ხ. 16აგ-19 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ხ. ყ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 მარტის განაჩენით ხ. ყ. - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, იმავე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 23,363-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“, „დ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - უვადო თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ხ. ყ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 13 აგვისტოდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 9 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 დეკემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007
წლის 9 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება და „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონით ხ. ყ-ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 23,363-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
4. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 9 ივლისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე ხ. ყ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 23,363-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“, „დ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელზე - უვადო თავისუფლების აღკვეთაზე არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მოქმედება და იგი დარჩა უცვლელად. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ხ. ყ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 13 აგვისტოდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 9 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 23 აპრილის განჩინებით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაში შევიდა შემდეგი ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ხ. ყ-ს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“, „დ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა და შთანთქმის პრინციპით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივლისის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 9
ივლისის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 23 აპრილის განჩინება დარჩა უცვლელად. ხ. ყ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 13 აგვისტოდან.
7. 2019 წლის 18 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ხ. ყ-მ, რომელმაც მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის განაჩენის გადასინჯვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მას საფუძვლად უდევს ირიბი ჩვენებები და კანონის არსებითი დარღვევით გამოკვლეული, ურთიერთგამომრიცხავი შინაარსის მტკიცებულებები; საქმეზე დაკითხულმა დაზარალებულებმა და მოწმეებმა სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია იმ დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ, რომელთა ჩადენის უშუალო თვითმხილველნი თავად არ ყოფილან, არამედ მათი ჩვენებები ეფუძნება სხვა პირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ხ. ყ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.
9. მსჯავრდებული ხ. ყ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მარტის განჩინების გაუქმებას. კასატორი საჩივარში მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #547 გადაწყვეტილებაზე. მსჯავრდებულის განმარტებით, მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება ირიბ ჩვენებებს, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. ხ. ყ. განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად მიუთითებს ასევე იმ გარემოებას, რომ განაჩენს საფუძვლად დაედო კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებები, სასამართლო განხილვისას არ აღმოფხვრილა წინააღმდეგობა მტკიცებულებებს შორის, არ იყო ჩატარებული შესაბამისი ექსპერტიზები; კასატორი საჩივარში ასევე უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 ოქმის მე-4 მუხლზე და აღნიშნავს, რომ მის მიმართ საქმისწარმოება განხორციელდა არსებითი ხარვეზებით, რამაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია საქმის განხილვის საბოლოო შედეგზე
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი 2009 წლის 9 ოქტომბერს მიღებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას და ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას.
3. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში ხ. ყ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და სასამართლო განხილვა წარმართულია 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი მხოლოდ 2009 წლის 9 ოქტომბრიდან მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები (და არა 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმა). კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილ განაჩენში გამოყენებული სისხლის სამართლის საპროცესო კანონი, რასაც კასატორის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები №53აგ-16, №76აგ-15, №77აგ-16, №120აგ-17 №120აგ-17).
4. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება მოცემულ საქმესთან მიმართებით არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებას. შესაბამისად, არ არსებობს შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველი.
5. სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის რეტროსპექტულ გამოყენებასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ „საპროცესო კანონმდებლობის კავშირი რეტროაქტიულობასთან ძირითადად საფუძველშივე გამოირიცხება.. მიმდინარე ურთიერთობებზე აუცილებელია, გავრცელდეს მათი (ურთიერთობების) განვითარებისას მოქმედი კანონი... გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც კონკრეტული საპროცესო ნორმები თავისი არსით იქნება დაკავშირებული ქმედების დანაშაულებრიობისა და დასჯადობის გაუქმებასთან ან სასჯელის შემსუბუქებასთან ( იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის
გადაწყვეტილება #1/4/557,571,576 II- 73-74,76). ამდენად, სსსკ-ის მე-2 მუხლი, რომელიც ადგენს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დროში მოქმედების წესს ვრცელდება საპროცესო-სამართლებრივ ურთიერთობებზე, რომლებიც ახალი ნორმის ამოქმედების დროისთვის როგორც წესი არ არის დასრულებული ან აკმაყოფილებს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ წინაპირობებს. სხვა შემთხვევაში საპროცესო ნორმის მოქმედებისას მიღებული საპროცესო აქტის გაუქმება ან შეცვლა გათვალისწინებული არ არის.
6. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ მისი მსჯავრდება განხორციელდა კანონმდებლობის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე, საქმის განხილვა სასამართლოში მიმდინარეობდა არსებითი დარღვევით, რამაც გავლენა იქონია საქმის შედეგზე.
7. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას განაჩენის გამოტანისას დაშვებული არსებითი ხასიათის დარღვევების თაობაზე, აღნიშნული განაჩენის გადასინჯვის საფუძველს წარმოადგენს იმ შემთხვევაში, თუ გამოკვეთილია სსსკ-ის 310-ე მუხლით პირდაპირ გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე გარემოება (მაგ. სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ა“ „ბ“, „გ“ „ზ“ ქვეპუნქტებში მითითებულ ერთ-ერთ გარემოებას), რომელიც არ იყო ცნობილი სასამართლოში განხილვისას, ცნობილი გახდა საქმის განხილვის დასრულების შემდეგ და დადასტურებულია საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას.
8. რაც შეეხება კასატორის მითითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ, მსჯავრდებულ ხ. ყ-ს საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საკითხები არ შეესაბამება მითითებულ განაჩენში არსებულ გარემოებებს და ეხება სხვა საკითხებს, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის და არა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმების დროში მოქმედების საკითხს (იხ.საქმე #108აგ-16).
9. რაც შეეხება კასატორის მითითებას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული რეგულირება ეხება ორჯერ მსჯავრდების ან დასჯის აკრძალვას. კასატორის მიერ მითითებული მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს აღნიშნული აკრძალვიდან გამონაკლისს - ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სისხლის სამართლის საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას, არ არის უფლებააღმჭურველი ხასიათის ნორმა და არ ადგენს აღნიშნული საფუძვლით განაჩენის გასაჩივრების უფლებას.
10. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ თუ კასატორი მიიჩნევს, რომ მის საქმეზე გამოყენებული ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებულ უფლებებს და თავისუფლებებს, მას აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის უფლება.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ხ. ყ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განჩინება ხ. ყ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია, მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხ. ყ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მარტის განჩინება ხ. ყ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე