განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100121004958418
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№789აპ-22 ქ. თბილისი
ს. თ., 789აპ-22 14 ნოემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განჩინებაზე ბრალდებულ თ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. პ-ს საკასაციო საჩივარი
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდებულ თ. ს-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. პ-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს თ. ს-ს გარდაცვალების გამო მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და სასამართლო განხილვის გაგრძელებას, ვინაიდან დაცვის მხარის პოზიციის გათვალისწინების გარეშე, რომელიც იმთავითვე ითხოვდა საქმის განხილვის გაგრძელებას, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, უპირობოდ შეეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა; კასატორი მიიჩნევს, რომ მარეაბილიტირებელი საფუძვლის გარეშე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა უთანაბრდება გამამტყუნებელ განაჩენს, მაშინ, როდესაც თ. ს. არ აღიარებდა ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას და ითხოვდა გამართლებას; თ. ს-სათვის ძალადობრივ დანაშაულში ბრალდების წარდგენით ჩრდილი მიადგა მის რეპუტაციას, შეილახა მისი ღირსება, ასევე - დაკარგა შემოსავალი, რომელიც ჰქონდა დაკავებამდე და სათანადო დაცვის უზრუნველსაყოფად მოუწია მატერიალური ხარჯების გაღება; დაცვის მხარის ლეგიტიმურ ინტერესს წარმოადგენს საქმის განხილვის გაგრძელება და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, რათა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ჰქონდეთ სამართლებრივი შესაძლებლობა, აინაზღაურონ ის მორალური და მატერიალური ზიანი, რომელიც მიადგათ თ. ს-ს უკანონო ბრალდების შედეგად.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ. ს.ს, - დაბადებულს 196.. წლის 10 აპრილს, - ბრალად დაედო ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 20.. წლის 30 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ... მდებარე №.. ბინაში, თ. ს. მ. თ-სთან ერთად, ჯგუფურად იძალადა ნ. პ-ზე, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელი და მუშტი თავის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. 20.. წლის 8 ივლისს თ. ს-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
4. ამავე საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ბრალდებულად იქნა ცნობილი მ. თ.
5. 2021 წლის 23 აგვისტოს თ. ს-სა და მ. თ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე არსებითად განსახილველად გადაიგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
6. 2021 წლის 31 აგვისტოს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლემ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი იყო ვარაუდის მაღალი ხარისხისათვის, რომ მოცემულ საქმეზე გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი და საქმე არსებითად განსახილველად გადაეცა სასამართლოს.
7. №.... გარდაცვალების მოწმობით დგინდება, რომ თ. ს., - დაბადებული 19... წლის 10 აპრილს, - გარდაიცვალა 20.. წლის 12 დეკემბერს.
8. 2022 წლის 16 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა და ითხოვა თ. ს-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა.
9. დაცვის მხარე არ დაეთანხმა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ პროკურორის შუამდგომლობას და ითხოვა საქმის სასამართლო განხილვის გაგრძელება.
10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის განჩინებით, თ. ს-ს გარდაცვალების გამო, შეწყდა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.
10.1. ამავე განჩინებით გაუქმდა თ. ს-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს უზრუნველსაყოფად, მ. თ-ს (პ/ნ ....) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - მდებარე ..... ეკვივალენტურ წილზე დადებული ყადაღა.
11. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდებულ თ. ს-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. პ-მ, რომელიც ითხოვდა განჩინების გაუქმებასა და საქმის სასამართლო განხილვის გაგრძელებას.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განჩინებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების სპეციალურ წესს, რომელიც მიემართება მხოლოდ პროკურორს, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განჩინება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ შეიძლება გაასაჩივროს პროკურორმა, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საჩივართან დაკავშირებით გამოტანილი განჩინება არ გასაჩივრდება.
2. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობით პირდაპირ არის დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ფარგლები, რომელიც მხოლოდ ბრალდების მხარეზე ვრცელდება, მაგრამ კანონით სპეციალურად არ არის მოწესრიგებული დაცვის მხარის მიერ ზემოაღნიშნული საპროცესო აქტის გასაჩივრების წესი, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: დაცვის მხარის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ლეგიტიმური ინტერესის მხედველობაში მიღებითა და ბრალდებულის სამართლიანი განხილვის უფლების უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობაში არსებული ზემოაღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დასაშვებია კანონის ანალოგიით გამოყენება და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი ზოგადი წესით განხილვა.
3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. სააპელაციო სასამართლომ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას განმარტა: ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი პირდაპირ ითვალისწინებს იმ შემთხვევებს, როცა სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული უნდა შეწყდეს და ერთ-ერთი ასეთი მიზეზი არის ბრალდებულის გარდაცვალება. კანონის დანაწესის შესაბამისად, გამოძიება, თუ ბრალდებული გარდაიცვალა, უნდა შეწყდეს, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს ან უნდა შეწყდეს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი როცა საქმე სასამართლოში არსებით სხდომაზე იხილება, ამ შემთხვევაში სასამართლო მხარის შუამდგომლობის საფუძველზე წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას. [...] მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს არ დაურღვევია სამართლიანი სასამართლოს უფლება, იხელმძღვანელა საპროცესო კანონის მოთხოვნებით. [...] მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნის სუბიექტი აღარ არსებობდა, თ. ს-ს გარდაცვალების გამო.“
5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლი არეგულირებს სასამართლოს მიერ შუამდგომლობის განხილვისა და გადაწყვეტის წესს, კერძოდ: თუ სასამართლო სხდომაში მონაწილეობს პირი, რომლის ინტერესებსაც ეხება შუამდგომლობა, აგრეთვე მისი ადვოკატი, სასამართლო აძლევს მათ შესაძლებლობას, მისცენ განმარტებები და ჩამოაყალიბონ თავიანთი მოსაზრებები განსახილველ შუამდგომლობასთან დაკავშირებით, ხოლო თუკი სასამართლო მხარეების მიერ გაცხადებული პოზიციების მოსმენის შემდეგ მიიჩნევს, რომ გადმოცემული მოთხოვნის შესრულება ხელს უწყობს სისხლის სამართლის პროცესის ამოცანების განხორციელებას, აკმაყოფილებს მას, მაგრამ თუ შუამდგომლობა მიმართულია სისხლის სამართლის პროცესის გაჭიანურებისაკენ ან მისთვის ხელის შეშლისაკენ - უარს ამბობს მის დაკმაყოფილებაზე.
6. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის ესოდენ ვიწრო გაგებით განმარტებას, რომ თითქოსდა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ავალდებულებს მოსამართლეს, ერთი მხრივ, კანონით პირდაპირ დადგენილი საფუძვლისა და, მეორე მხრივ, მხარის შუამდგომლობის არსებობის შემთხვევაში, უპირობოდ შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა, რადგან დაუშვებელია საპროცესო ნორმამ ისე დააკნინოს გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლის პროცესუალური როლი და შებოჭოს მისი დისკრეციის ფარგლები, რომ სასამართლოს მიერ საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტა იყოს შეუძლებელი, ხოლო ერთი მხარის მიერ გაცხადებულ შუამდგომლობაზე სასამართლოს მიერ საპროცესო მოწინააღმდეგის პოზიციის მოსმენა ატარებდეს წმინდა ფორმალურ ხასიათს.
7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ერთმნიშვნელოვან საფუძვლად მიიჩნია ის გარემოება, რომ ბრალდებულ თ. ს-ს გარდაცვალების გამო აღარ არსებობდა სისხლისსამართლებრივი დევნის სუბიექტი და, შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელებას აღარ ჰქონდა კანონიერი გამართლება, თუმცა არ გაითვალისწინა დაცვის მხარის ლეგიტიმური ინტერესი, საქმის სამართლიანი განხილვის შედეგად გამოერკვია წარდგენილ ბრალდებაში თ. ს-ს დამნაშავეობა/უდანაშაულობის საკითხი, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული შესაძლო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საკითხთან.
8. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. სამართლიანი სასამართლოს უფლება ორგანულ კავშირშია კონსტიტუციით განსაზღვრული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან და ამ უფლების სრულყოფილ რეალიზაციას ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 17 ივნისის №1/5/1472 გადაწყვეტილება საქმეზე „ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა, მისი მიზანია ადამიანის უფლებების და კანონიერი ინტერესების სასამართლოს გზით ეფექტური დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაბამისად, უფლება-თავისუფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა ან არათანაზომიერი შეზღუდვა არღვევს არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არამედ, იმავდროულად, შეიცავს საფრთხეს თავად იმ უფლების უგულებელყოფისა, რომლის დასაცავადაც სასამართლოსადმი მიმართვაა აკრძალული (შეზღუდული) (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება „არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან“ (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59). შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის როგორც ფორმალური, ისე მატერიალური შინაარსით, საკმარისი პროცედურული უზრუნველყოფა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 17 ივნისის №1/5/1472 გადაწყვეტილება საქმეზე „ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება პირის დაკავებისთანავე ან ბრალდებულად ცნობისთანავე (თუ ის არ დაუკავებიათ) და უწყვეტად მიმდინარეობს სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, თუ სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას არ გამოვლინდა ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ან მისი შეჩერების სამართლებრივი საფუძვლები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალმდებელს უფლება აქვს, უარი თქვას ბრალდებაზე, შესაბამისად, თუკი ბრალმდებელი უარს არ ამბობს ბრალდებაზე, წარდგენილ ბრალდებაში პირის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება მხოლოდ სასამართლოს უფლებამოსილებაა.
10. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. ს-ს მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე, ბრალდებულის გარდაცვალების გამო, წარდგენილ ბრალდებაში მისი დამნაშავეობა/უდანაშაულობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: მცდარია მოსაზრება, რომ თითქოს, ბრალდებულის გარდაცვალების გამო, აღარ არსებობდა სისხლისსამართლებრივი დევნის სუბიექტი და, შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელების ლეგიტიმური მიზანი, რადგან ბრალდებულის გარდაცვალება არ გამორიცხავს მისი უფლებამონაცვლეების მიერ დარღვეული უფლებების აღდგენის კანონიერ ინტერესს, რასაც ადასტურებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ურყევი პოზიცია, მომჩივნის გარდაცვალების შემდეგ, ანალოგიური მოცემულობის შემთხვევაში, გააგრძელოს საქმის განხილვა.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: თ. ს-ს გარდაცვალების გამო სისხლისსამართლებრივი დევნის უპირობოდ შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღებით დაცვის მხარეს, მოესპო შესაძლებლობა, ერთი მხრივ, მხარეთა თანასწორი და შეჯიბრებითი პროცესის პირობებში გაექარწყლებინა ბრალდების მხარის არგუმენტები, მტკიცებულებების სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლევაში უშუალო მონაწილეობით გაებათილებინა თ. ს-სათვის წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობა და სასამართლოს მიერ მიღებული გამამართლებელი განაჩენით დაემტკიცებინა მისი უდანაშაულობა, ხოლო, მეორე მხრივ, შეექმნა ადეკვატური და რეალური საფუძველი, რათა სამართლებრივად ედავა უკანონოდ მიყენებული შესაძლო ზიანის ანაზღაურებისათვის.
13. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ზემოაღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ზემოთ მითითებული ნორმა შეიცავს ზოგადი ხასიათის დანაწესს, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ვალდებულებას, უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირს შეუქმნას სამართლებრივი შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი ნორმები.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით პირდაპირ გათვალისწინებულ ზოგიერთ შემთხვევაში, სასამართლომ შესაძლოა, მარეაბილიტირებელ გარემოებად მიიჩნიოს პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის განჩინების გამოტანა, რადგან მიღებული აქტის კანონისმიერი საფუძველი პირდაპირ მიუთითებდეს, რომ პირს დანაშაული არ ჩაუდენია, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მის უფლებებში აღდგენას - რეაბილიტაციას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდებულის გარდაცვალების გამო სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლო ვალდებულია, მხედველობაში მიიღოს საქმის სამართლიანი განხილვისა და სახელმწიფოს მხრიდან უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის კომპენსაციის მოთხოვნის ლეგიტიმური ინტერესი და დაცვის მხარის სურვილის შემთხვევაში საქმის განხილვა გაგრძელდეს.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განჩინება თ. ს-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ უნდა გაუქმდეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე სასამართლო განხილვის გასაგრძელებლად დაუბრუნდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე, 108-ე, 191-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბრალდებულ თ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. პ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განჩინება თ. ს-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გაუქმდეს და საქმე სასამართლო განხილვის გასაგრძელებლად დაუბრუნდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი