საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100124008577334
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №294აპ-25 ქ. თბილისი
კ-ე კ, 294აპ-25 7 ივლისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ივნისის განაჩენით:
1.1. კ. კ-ე, - დაბადებული ... წლის ... იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით - (2023 წლის 8 დეკემბრის, 07:00 საათის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით - (2023 წლის 8 დეკემბრის, 22:00 საათის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 საათით, 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა ეპიზოდებისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და კ. კ-ს საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
1.2. კ. კ-ე განაჩენის აღსრულების მიზნით დააკავეს სასამართლო სხდომის დარბაზში და მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო თავისუფლების აღკვეთის მომენტიდან - 2024 წლის 17 ივნისიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2023 წლის 10 დეკემბრიდან 2024 წლის 30 იანვრის ჩათვლით.
1.3. გაუქმდა კ. კ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
1.4. კ. კ-ს მიმართ საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლით დაკისრებული ვალდებულება გაუქმდა.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. კ-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით (ორი ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2023 წლის 8 დეკემბერს, დაახლოებით 07:00 საათზე, თ-ში, გ-ში, გ. შ-ს ქუჩის №...-ში მდებარე ბინა №...-ში, კ. კ-მ, გაღიზიანებულმა იმ ფაქტით, რომ მისი აღქმით, მეუღლე ნ. კ-ე, მათ ოჯახში სტუმრად მისულ მეგობარს საკადრისად არ გაუმასპინძლდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ. კ-ს, კერძოდ, ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2023 წლის 8 დეკემბერს, დაახლოებით 07:00 საათზე, თ-ში, გ-ში, გ. შ-ის ქუჩის №...-ში მდებარე ბინა №...-ში, კ. კ-ე, გაღიზიანებულმა იმ ფაქტით, რომ მისი აღქმით, მეუღლე ნ. კ-ე, მათ ოჯახში სტუმრად მისულ მეგობარს საკადრისად არ გაუმასპინძლდა, ფიზიკური შეურაცხყოფის პარალელურად, ნ. კ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
· 2023 წლის 8 დეკემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, კ. კ-ე ხ-ს რაიონის, სოფელ ჩ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მყოფ ნ. კ-ს, სატელეფონო კომუნიკაციის გზით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ხოლო 2023 წლის 9 დეკემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, ხ-ს რაიონის, სოფელ ჩ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, კერძოდ სამზარეულოში, კ. კ-ე მეუღლეს - ნ. კ-ს უშუალო კომუნიკაციის დროს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. ნ. კ-მ თითოეული მუქარა თანადროულად აღიქვა რეალურად და გაუჩნდა ორივე მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
· 2023 წლის 9 დეკემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, ხ-ს რაიონის, სოფელ ჩ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, კერძოდ, სამზარეულოში, კ. კ-მ მეუღლეს - ნ. კ-ს, მათი არასრულწლოვანი შვილის - ლ. კ-ს თანდასწრებით ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2023 წლის 9 დეკემბერს, შუადღის საათებში, თ-ში, გ-ში, გ. შ-ს ქუჩის №...-ში მდებარე ბინა №...-ში ნავთობპროდუქტთან ერთად, კერძოდ ბენზინთან ღია ცეცხლის წყაროს განზრახ კონტაქტით, საცხოვრებელი სახლის დაზიანების განზრახვით, კ. კ-მ მიზანმიმართულად გააჩინა ცეცხლი, რის შედეგადაც დაიწვა კ. კ-ს შვილის - ხ. კ-ს კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, ხოლო, დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი 9 625 ლარის ოდენობით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
3.2. კ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით - (2023 წლის 8 დეკემბრის, 07:00 საათის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით - (2023 წლის 8 დეკემბრის, 22:00 საათის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 საათით, 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი, მე-5 ნაწილებისა და მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა.
3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა ეპიზოდებისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2024 წლის 17 ივნისიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2023 წლის 10 დეკემბრიდან 2024 წლის 30 იანვრის ჩათვლით პერიოდი.
3.4. კ. კ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ასევე საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლით დაკისრებული ვალდებულება გაუქმებულია. გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
3.5. „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 ნაწილისა და მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ასევე ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ კ. კ-ს მიმართ გამოცემული იქნა დამცავი ორდერი 8 თვით, რომლის მოქმედების ვადაშიც:
ა) მსჯავრდებულ კ. კ-ს აეკრძალა დაზარალებულ ხ. კ-სთან, მათ შორის, მის საცხოვრებელთან, სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან მიახლოვება, სადაც შეიძლება ხ. კ-ე იმყოფებოდეს;
ბ) მსჯავრდებულ კ. კ-ს აეკრძალა დაზარალებულთან - ხ. კ-სთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, როგორც უშუალოდ, ისე ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
3.6. დამცავი ორდერი უნდა ამოქმედდეს პენიტენციური დაწესებულებიდან კ. კ-ის გათავისუფლების მომენტიდან.
3.7. მსჯავრდებულ კ. კ-ს განემარტა, რომ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების/ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მისთვის საქართველოს კანონით დადგენილი წესით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
4. კასატორმა - მსჯავრდებულ კ. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. კ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: კ. კ-ის უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდები:
6.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კ. კ-ის მხრიდან მეუღლის - ნ. კ-ის მიმართ ჩადენილი ძალადობისა სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტები დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ ნ. კ-სა და მოწმეების - ხ. კ-ს, ლ. კ-ს გამოკითხვის ოქმებით, №... სამედიცინო ბარათით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
7. საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდი:
7.1. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდების შესახებ. სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას. სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად გაანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მათგან მომდინარე ფაქტების დადასტურება.
7.2. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაცვის მხარე არ უარყოფს მსჯავრდებულ კ. კ-ის მიერ 2023 წლის 9 დეკემბერს, შუადღის საათებში, თ-ში, გ-ში, გ. შ-ს ქუჩის №...-ში მდებარე ბინა №...-ში ნავთობპროდუქტთან, კერძოდ, ბენზინთან ღია ცეცხლის წყაროს კონტაქტით, საცხოვრებელი სახლის დაზიანების ფაქტს; თუმცა ადვოკატი ვ. კ-ე აღნიშნავს, რომ კ. კ-ს მიზანმიმართულად არ გაუჩენია ცეცხლი; ამასთან, საცხოვრებელი ბინა, რომელიც დაიწვა, წარმოადგენს მის საკუთრებას და ზიანი, თავად მიადგა.
7.3. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის აღნიშნული მოსაზრება არსებითად ეწინააღმდეგება როგორც დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებს, ასევე წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე დადგენილ გარემოებებს, კერძოდ:
7.4. დაზარალებულმა ნ. კ-მ ჩვენების მიცემისას თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერა კ. კ-ს ქმედებები და დაადასტურა ის გარემოებებიც, თუ როგორ დაემუქრა მსჯავრდებული სახლის დაწვით და მუქარის შესაბამისად, დაწვა საცხოვრებელი ბინა, რაც მესენჯერით დარეკვისას უთხრა, რომ ბინა დაწვა და ეს მან შეგნებულად გააკეთა მისი გამწარების მიზნით.
7.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც დაზარალებულ ნ. კ-ს, ასევე ხ. კ-ს ჩვენებების გაანალიზებით დგინდება, შემთხვევამდე წინა დღით, კერძოდ, 2023 წლის 8 დეკემბერს, გარკვეულ კონფლიქტს ჰქონდა ადგილი კ. კ-სა და მის მეუღლეს - ნ. კ-ს შორის. კონფლიქტისას კ. კ-მ ფიზიკურად იძალადა დაზარალებულ ნ. კ-ზე, ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რასაც თავად მსჯავრდებულიც ადასტურებს. ამ ჩვენებებით დგინდება ის გარემოებაც, რომ 2023 წლის 8 დეკემბერს, ღამის საათებში, ხ-ს რაიონის სოფელ ჩ-ში ყოფნისას, კ. კ-მ მეუღლეს დაურეკა ფეისბუქის მესენჯერით და დაემუქრა ჯერ სიცოცხლის მოსპობით, შემდეგ კი - სახლის დაწვით. დაზარალებულმა მუქარა, რომ სახლს ნამდვილად დაწვავდა, აღიქვა რეალურად, კ. კ-ს მხრიდან მანამდე ჩადენილი ქმედებებათაგან გამომდინარე. ამასთან, იგი ტელეფონზე საუბრისას აგრესიულიც იყო. დაზარალებულმა ნ. კ-მ ასევე დაადასტურა, რომ დარწმუნებული იყო, მომდევნო დღეს კ. კ-მ მუქარის შესაბამისად დაწვა მათი საცხოვრებელი ბინა; მესენჯერით დარეკვისას კ. კ-მ უთხრა, რომ ბინა დაწვა და ეს მან შეგნებულად გააკეთა მისი გამწარების მიზნით, მუქარის შესაბამისად. თუმცა დაზარალებულმა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ დღესდღეობით ფიქრობს, რომ კ. კ-ე იმ მომენტში იყო გაღიზიანებული და ეს მას განზრახ არ ჩაუდენია, ეს იყო გაუფრთხილებლობის შედეგი.
7.6. საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, ვერ გაიზიარებს დაზარალებულ ნ. კ-სა და მსჯავრდებულის განმარტებებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე დადგენილ გარემოებებზე დაყრდნობით. ამ მიმართებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრმინალისტიკური დეპარტამენტის სახანძრო-ტექნიკური, ასევე ქიმიური ექსპერტიზების №... , ... დასკვნებზე, კერძოდ, როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ასევე ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნებით დგინდება, თ-ში, გ-ის მე-... მ/რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გ. შ-ს ქუჩის №...-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე, ბინა №...-ში ხანძრის კერისთვის დამახასიათებელი ,,V’’ ფორმის ნიშანი (ლაქა) აღინიშნება ჰოლში სააბაზანო ოთახის კარსა და საძინებელ ოთახში შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს არსებულ კედელზე. ამავე დასკვნის თანახმად დადგენილია ის გარემოებაც, რომ 2023 წლის 9 დეკემბერს, ზემომითითებულ მისამართზე ხანძრის გაჩენის მიზეზს წარმოადგენს გარეშე ღია ცეცხლის (ანთებული ასანთის, სანთებელას, აალებული საგნის ალი და სხვ.) წყაროს კონტაქტი ნავთობპროდუქტებთან (ბენზინი). აქვე საყურადღებოა სახანძრო-ტექნიკური და ქიმიური ექსპერტიზის №... , ... დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ სიგარეტის გაღვივებულ ნაწილთან ბენზინის კონტაქტით არ ხდება აალება; სიგარეტის ბენზინით სავსე ჭურჭელშიც ჩავარდნისას ხანძარი არ ჩნდება, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბენზინის ჭავლი არის ოთახში კონცენტრაციის 1,4-7,6 % დიაპაზონში, შესაძლებელია მოხდეს უცაბედი აალება; შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ხანძრის გაჩენის მიზეზს წარმოადგენს სწორედ გარეშე ღია ცეცხლის (ანთებული ასანთის, სანთებელას, აალებული საგნის ალი და სხვ.) წყაროს კონტაქტი ნავთობპროდუქტებთან (ბენზინი) აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებები, მათ შორის - ხანძრის ორი კერის არსებობა და მათი ლოკალიზაცია, დაზარალებულების ჩვენებებთან ერთობლივად გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას, რომ კ. კ-ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია განზრახ ცეცხლის წაკიდებას და საცხოვრებელი ბინის დაზიანებას; პირიქით, ადასტურებს კ. კ-ის მხრიდან ჩადენილ განზრახ ქმედებას.
7.7. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასათვალისწინებელია გარემოებაც, რომ კ. კ-ის მიერ 112-ში გაკეთებული შეტყობინების თანახმად, ბოთლიდან ბოთლში ასხამდა ბენზინს, რა დროსაც ეწეოდა სიგარეტს, რის გამოც მისთვის მოულოდნელად აუფეთქდა ბენზინი და ბინაში გაჩნდა ხანძარი. აღნიშნული ინფორმაციაც კი ეწინააღმდეგება მის მიერ მიცემულ ჩვენებას და შესაბამისად, კ. კ-ე ჩვენების მიცემისას ცდილობდა მისი ინფორმაცია შესაბამისობაში ყოფილიყო სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნასთან, რითიც გამოირიცხება ბენზინით სავსე ჭურჭელში სიგარეტის ჩავარდნით ხანძრის გაჩენა.
7.8. რაც შეეხება ქ. თ-ში, გ. შ-ის ქუჩის №...-ში მდებარე ბინა №...-ში დაზიანებული ქონების კუთვნილების ფაქტს (რაზედაც ასევე აპელირებს დაცვის მხარე და მიაჩნია, რომ ადასტურებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას), საკასაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის არგუმენტაციას და მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შემძენის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია აუცილებელია; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. მოცემულ შემთხვევაში დასტურდება, რომ ეს ქონება რეგისტრირებულია კ. კ-ს შვილის - ხ. კ-ს სახელზე, რაც ამ პირს ხდის უძრავი ქონების ერთადერთ მესაკუთრედ. შესაბამისად, უსაფუძვლოა დაცვის მხარის პოზიცია, რომ ეს ქონება, თუნდაც იმ პირობებში, რომ მსჯავრდებული სარგებლობდა, მისი საკუთრებაც იყო.
8. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას მსჯავრდებულ კ. კ-ს უდანაშაულობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის უტყუარობისა და დამაჯერებლობის საკანონმდებლო სტანდარტს.
9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ კ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე