საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №779აპ-25 27 იანვარი, 2026 წელი
ჯ. ა., №779აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 ივნისის განაჩენზე კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ვლადიმერ ბექიშვილისა და ა. ჯ-ის ადვოკატების – ს. კ-ისა და მ. ტ-ის – საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ა. ჯ-ს - ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2019 წლის 30 ნოემბერს მოქმედი რედაქცია).
1.2. ა. ჯ-ის ქმედება გამოიხატა შემდეგით: სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისს განაჩენით, ა. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. 2019 წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით, 17:00 საათზე, ს-ის რაიონის სოფელ ი-ში, ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევ ა. ჯ-სა და მის მეუღლეს, ნ. გ-ს, მათსავე საცხოვრებელ სახლში მოუხდათ კონფლიქტი, რის გამოც, ნ. გ-მა დახმარების მიზნით, მიმართა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს და ითხოვა შემაკავებელი ორდერის გამოწერა. აღნიშნული ფაქტით განაწყენებული ა. ჯ-ი დაემუქრა ნ. გ-ს და განუცხადა, რომ მშობლებს დაუხოცავდა. იმავე დღეს, დაახლოებით, 18:00 საათიდან 19:00 საათამდე დროის პერიოდში, ა. ჯ-ი მივიდა ს-ის რაიონის სოფელ ნ-ში მდებარე ნ. გ-ის მშობლების საცხოვრებელ სახლში და ნ. გ-ზე განაწყენებულმა ა. ჯ-მა გლუვლულიანი სანადირო თოფიდან, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ესროლა ნ. გ-ის მამას, ფ. გ-ს, რომელიც მიყენებული ცეცხლსასროლი ჭრილობების შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 8 ივნისის განაჩენით:
2.1.1. ა. ჯ-ი საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2019 წლის 30 ნოემბერს მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
2.1.2. ა. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 30 ნოემბერს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 17 წლით.
2.1.3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ა. ჯ-ს 75 დღით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 წლით, 9 თვით და 15 დღით.
2.1.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ა. ჯ-ს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 აგვისტოს განაჩენით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა, რომელიც მოხდილი ჰქონდა 2020 წლის 27 აგვისტოდან 2023 წლის 15 აპრილის ჩათლით (2 წელი, 7 თვე და 19 დღე) და, საბოლოოდ, ა. ჯ-ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 14 წლით, 1 თვით და 26 დღით.
2.1.5. ა. ჯ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან – 2023 წლის 8 ივნისიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2020 წლის 29 ივნისიდან 2020 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
2.2.1. კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა, ვლადიმერ ბექიშვილმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და ა. ჯ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 30 ნოემბერს მოქმედი რედაქცია). ასევე – მისთვის შესაბამისი, სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
2.2.2. ა. ჯ-ის ადვოკატმა, გ. ფ-მა, მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 ივნისის განაჩენით, კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ვლადიმერ ბექიშვილის და მსჯავრდებულ ა. ჯ-ის ადვოკატის, გ. ფ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 8 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
3.2.1. კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი, ვლადიმერ ბექიშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს ა. ჯ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 30 ნოემბერს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ასევე – მისთვის შესაბამისი, სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: ა. ჯ-ს მსჯავრად უნდა შეერაცხოს მაკვალიფიცირებელი გარემოება – არაერთგზისობა, რადგან დანაშაულის ჩადენისას ნასამართლევი იყო ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის – დაგვიანებით მოხდა განაპირობა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე მისთვის პატიმრობის შეფარდებამ.
3.2.2. ა. ჯ-ის ადვოკატები – ს. კ-ე და მ. ტ-ე – ითხოვენ საკასაციო საჩივრის განხილვას ზეპირი მოსმენით, სააპელაციო სასამართლოს ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და, მის ნაცვლად, სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ასევე – უზენაეს სასამართლოში მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევას, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:
· სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ა. ჯ-ის დამნაშავედ ცნობის ნაწილში ეფუძნება ვარაუდებს, ნაცვლად – უტყუარი მტკიცებულებებისა;
· ა. ჯ-ი დანაშაულის ჩადენის ადგილზე არ იმყოფებოდა; ამასთან, მას არც დაზარალებულის მოკვლის მოტივი ჰქონია;
· გამოძიება წარიმართა მხოლოდ ერთ მიმართულებით – ნასამართლევი ა. ჯ-ისთვის მკვლელობის დაბრალება მიიჩნიეს უფრო მარტივ გზად. შედეგად, სხვა შესაძლო გარემოებები სრულად და ობიექტურად არ გამოკვლეულა, ხოლო არსებული მტკიცებულებები კრიტიკულად არ შესწავლილა და შეფასებულა;
· ა. ჯ-ს არ მიეცა შესაძლებლობა, ესარგებლა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ საქმის განხილვის უფლებით, რაც წარმოადგენს მისი დაცვის უფლების შეზღუდვას;
· ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნები ურთიერთსაწინააღმდეგოა. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით, 2019 წლის 30 ნოემბერს ა. ჯ-ს ემოციურად არასტაბილური პერსონალური აშლილობა აღენიშნებოდა, რაც ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნას და აჩენს საფუძვლიან კითხვას – იყო თუ არა ა. ჯ-ი ბრალუნარიანი აღნიშნული ქმედების ჩადენისას;
· მსჯავრდებულის უფლება დაირღვა, რადგან ბრალდების მხარემ არ დანიშნა კომისიური ექსპერტიზა.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ასაბუთებენ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ნ. გ-ის ჩვენებით დგინდება, რომ 2019 წლის 30 ნოემბერს, სოფელ ი-ში, კონფლიქტის დროს, მეუღლე ა. ჯ-ი დაემუქრა მოკვლით და უთხრა, რომ მის ნათესავებს „სელიოდკებივით“ დააწყობდა. პოლიციის გამოძახების შემდეგ, ა. ჯ-მა კვლავ გაიმეორა მუქარისშემცველი სიტყვები, რასაც პოლიციელებიც ესწრებოდნენ, შემდეგ კი დატოვა შემთხვევის ადგილი. მოწმის განმარტებით, ა. ჯ-ს ჰქონდა სანადირო იარაღები, მათ შორის – გაუფორმებელიც. შემთხვევის დღეს, სახლიდან წასვლისას ამ უკანასკნელმა თან წაიღო ვაზნები, ფული და ტელეფონი. მოწმემ მოგვიანებით შეიტყო, რომ სოფელ ნ-ში მკვლელობა მოხდა და იეჭვა, რომ მოკლული შესაძლოა მამამისი ყოფილიყო.
4.3. შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელების – ს. ქ-ის და ზ. კ-ის – განმარტებით, ა. ჯ-მა ნ. გ-ს უთხრა, რომ პოლიციის გამოძახების გამო გაამწარებდა. ს. ქ-მა დამატებით აღნიშნა, რომ უშუალოდ მოისმინა ა-ის მუქარა მშობლების დახოცვის შესახებ – „სილიოტკებივით დაგაწყობთო“. აღნიშნული პოლიციელები ნ. გ-ის სახლში, დაახლოებით, 40 წუთს იმყოფებოდნენ. შემაკავებელი ორდერის შევსების შემდეგ, ნ. გ-ი შვილთან ერთად ს-ის სამმართველოში წაიყვანეს. ეზოში გამოსვლისას ნ. გ-მა შენიშნა, რომ ა. ჯ-ის ავტომანქანა აღარ იდგა. სამმართველოში მისვლის შემდეგ შეტყობინება მიიღეს, რომ სოფელ ნ-ში მოკლული იყო ნ. გ-ის მამა – ფ. გ-ი. ნ. გ-მა მაშინვე განაცხადა, რომ მკვლელი ა. ჯ-ი იქნებოდა. მანვე აღნიშნა, რომ ა-ს ეცვა მუქი პერანგი და ჯინსის შარვალი, რომელიც მოგვიანებით ამოიცნო.
4.4. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ფ. გ-ის გვამს აღენიშნება მრავლობითი სიცოცხლისდროინდელი ცეცხლნასროლი ჭრილობები, თავის კისრის, სახის, მარცხენა მხრის და გულმკერდის არეში, რასაც მოჰყვა ქალა სარქვლის მოტეხილობა. თავის ტვინში დიფუზური სისხლჩაქცევა, მარჯვენა ფილტვის გამჭოლი ჭრილობა, ჭრილობა მარჯვენა ყურის არეში. ეს დაზიანებები განვითარებულია ცეცხსასროლი იარაღიდან ჭურვის ან ჭურვების გასროლის შედეგად და ერთობლიობით მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, რაც უშუალო მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან. ფ. გ-ის სიკვდილის უშუალო მიზეზია ცეცხლნასროლი ჭრილობები თავის არეში, რასაც მოჰყვა ქალა სარქველის მოტეხილობა და თავის ტვინში დიფუზური სისხლჩაქცევა. სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია არანაკლებ 10 საათისა. ჭრილობების არხი მიმართულია წინიდან – უკან, მარჯვნიდან – მარცხნივ, ზევიდან – ქვევით. საფანტის გაფანტვის ფართობის სიდიდიდან გამომდინარე, სროლა შესრულებულია არა ახლო მანძილიდან. ექსპერტის განმარტებით, გვამს აღენიშნებოდა 54 სხვადასხვა დამოუკიდებელი ჭრილობა.
4.5. სასამართლო მიიჩნევს, რომ შემთხვევის ადგილზე ა. ჯ-ის ყოფნა და გარდაცვლილ ფ. გ-თან შემხებლობა დასტურდება ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნებით. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნების გამცემმა ექსპერტმა – ლ. მ-მა – სასამართლოში დაადასტურა, რომ ა. ჯ-ის პერანგსა და ფ. გ-ის ტანსაცმელზე არსებული ბოჭკოები ურთიერთგარდამავალი იყო (ფ. გ-ის ტანსაცმლიდან ბოჭკოები გადავიდა ა. ჯ-ის ტანსაცმელზე და პირიქით).
4.6. მნიშვნელოვანია ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტ ნ. კ-ის ჩვენებაც. აღნიშნული მტკიცებულებების თანახმად, ა. ჯ-ის ავტომანქანიდან ამოღებულ ვაზნაზე აღმოჩნდა გარდაცვლილ ფ. გ-ის გენეტიკური პროფილი, ხოლო, მისი სისხლი – ავტომანქანის მარცხენა კარიდან და მარცხენა სავარძლიდან ამოღებული შალითის ნაჭრებზე (გასათვალისწინებელია, რომ ავტომანქანის მარცხენა სავარძლით მძღოლი, ა. ჯ-ი სარგებლობდა). მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის იარაღი ვერ იქნა ამოღებული, სასამართლოს შეფასებით ზემოაღნიშნული გარემოებები ადასტურებს, რომ მსჯავრდებულს გარდაცვლილთან უშუალო შეხება ჰქონდა.
4.7. საგულისხმოა ისიც, რომ გარდაცვლილის სახლში გვამის თრევის კვალი არ იკვეთებოდა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმაც დაადასტურა, რომ გვამი არ გადატანილა. აღნიშნული ფაქტები მიუთითებს, რომ შეხვედრა ფ. გ-ის სახლში, გარდაცვალებამდე უმოკლეს ვადაში შედგა. როგორც აღინიშნა, ამას დამატებით ადასტურებს ა. ჯ-ის პერანგზე აღმოჩენილი ფ. გ-ის სისხლი.
4.8. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის თვითმხილველის არარსებობა არ გამორიცხავს დამნაშავის ვინაობის დადგენის შესაძლებლობას. სასამართლო პრაქტიკაში არაერთხელ განიმარტა, რომ დანაშაულის ფაქტის დასადგენად თვითმხილველის არსებობა აუცილებელი არ არის. სისხლის სამართლის პროცესში მტკიცებულებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც პირდაპირი, ისე – ირიბი მტკიცებულებები, თუ ისინი ერთმანეთთან თანხვდება და ქმნის ერთიან სურათს. შესაბამისად, ცალკეული მტკიცებულებები (მაგ., ბოჭკოების არსებობა, სისხლის კვალი, გენეტიკური პროფილი...) შესაძლოა დამოუკიდებლად საკმარისი არ იყოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, თუმცა მათი ლოგიკური თანხვედრა, ერთიანობაში წარმოშობს დანაშაულის ჩადენის უტყუარ სურათს. მტკიცებულებების ასეთი თანხვედრა კი არის ის, რაც სასამართლოს აძლევს საშუალებას, დამნაშავის ვინაობა დაადგინოს თვითმხილველის გარეშე.
4.9. განსახილველ საქმეში საკასაციო პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას, რომ ა. ჯ-ს ფ. გ-ის მკვლელობასთან კავშირი არ ჰქონია და მის წინააღმდეგ ბრალდება მხოლოდ მტკიცებულებების არასაკმარისი ან ზედაპირული შეფასების შედეგია. სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ 2019 წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით, 18:00 საათიდან 19:00 საათამდე დროის პერიოდში, ა. ჯ-ი მივიდა ს-ის რაიონის სოფელ ნ-ში მდებარე ნ. გ-ის მშობლების საცხოვრებელ სახლში და ნ. გ-ზე განაწყენებულმა, გლუვლულიანი სანადირო თოფიდან, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ესროლა ნ. გ-ის მამას, ფ. გ-ს, რომელიც მიყენებული ცეცხლსასროლი ჭრილობების შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
4.10. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომელიც, ერთი მხრივ, საქმეში არსებული ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნებზე, ხოლო, მეორე მხრივ, კომისიური ექსპერტიზის დასკვნის არარსებობაზე დაყრდნობით, ეჭვქვეშ აყენებს ა. ჯ-ის ბრალუნარიანობას. სასამართლო აღნიშნულ პოზიციას უარყოფს შემდეგი გარემოებების საფუძველზე:
4.11. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის - დასკვნით და ექსპერტების ჩვენებებით (-) დადგენილია, რომ ბრალადშერაცხილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენამდე და ჩადენის დროს ა. ჯ-ი ფსიქიკურად დაავადებული არ იყო. ბრალადშერაცხილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ა. ჯ-ს შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). ამჟამად ა. ჯ-ს აღენიშნება ფსიქიკის დროებითი აშლილობა – სხვა დაზუსტებული დისოციაციური აშლილობანი – ფსიქოგენური აბნევის მდგომარეობა (კოდი – -; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ამჟამად, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, ა. ჯ-ს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. ამჟამად, ა. ჯ-ი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს შეუშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების სისტემის პირობებში. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ა. ჯ-ს არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისი მხრიდან არსებობს საკუთარი თავისა და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარისა და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის რისკის ხარისხის მიხედვით, ამჟამად ა. ჯ-ი წარმოადგენს სოციალურ საშიშროებას და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი ა. ჯ-მა უნდა მოიხადოს (არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარება) შესაბამის დაწესებულებაში (რეკომენდებულია აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; ხონი – ქუტირი), არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც, სასჯელის მოხდა შეიძლება გაუგრძელდეს საერთო წესით.
4.12. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის - დასკვნისა - და აღნიშნული დასკვნის გამცემი ექსპერტების ჩვენებებით დგინდება, რომ ა. ჯ-ს, ამჟამად, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, აღენიშნება ფსიქოზური რეგისტრის ქრონიკული ფსიქიკური დაავადება: ორგანული ჰალუცინოზი /F 06.0/ – (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია მე-10 გადასინჯვა). ამას მოწმობს ანამნეზური მონაცემები, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია და ამჟამინდელი კვლევის შედეგები. ა. ჯ-ს ბრალადშერაცხილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს, 2019 წლის 30 ნოემბერს, აღენიშნებოდა ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობა /F 60.3/ – (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია მე-10 გადასინჯვა) ამას მოწმობს ანამნეზური მონაცემები, ამჟამინდელი კვლევის შედეგები და სს საქმის მასალები. ბრალადშერაცხილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს – 2019 წლის 30 ნოემბერს – ა. ჯ-ს, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ან/და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადი).
4.13. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნები ერთმანეთთან თანხვედრაშია იმ არსებით საკითხთან მიმართებით, რომელიც ეხება ბრალადშერაცხილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს – 2019 წლის 30 ნოემბერს – ა. ჯ-ის ფსიქიკურ მდგომარეობას. ორივე დასკვნით დგინდება, რომ აღნიშნულ დროს მას შეეძლო გაეცნობიერებინა საკუთარი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, ასევე, ემოქმედა გაცნობიერებულად, რაც მიუთითებს მის შერაცხადობაზე.
4.14. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნებში არსებულ განსხვავებებს, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დასკვნები გაცემულია ოთხწლიანი შუალედით, რაც ბუნებრივად განაპირობებს შეფასებების გარკვეულ განსხვავებას. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, 2020 წლის 20 აგვისტოს გაცემულ სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის - დასკვნას, რომელმაც დაადასტურა 2020 წლის 14 აგვისტოს გაცემული, - დასკვნის ანალოგიური დიაგნოზი. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 აგვისტოს განაჩენით, ა. ჯ-ი მოთავსდა ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში – აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.
4.15. ამრიგად, ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნებში ასახული განსხვავებები ვერ გახდება საფუძველი დაცვის მხარის პოზიციის გაზიარებისა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნები თანხვდება იმ არსებით საკითხს, რომელიც ეხება ბრალადშერაცხილი ქმედების ჩადენის დროს ა. ჯ-ის ფსიქიკური მდგომარეობის შეფასებას. მცირე განსხვავებები, გასული დროის გათვალისწინებით (ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა გაცემულია 2020 წელს, ხოლო დაცვის მხარის – 2024 წელს), ბუნებრივია. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში კომისიური ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა არ იკვეთებოდა, რაზეც ბრალდების მხარემ წერილობითაც უპასუხა დაცვის მხარეს.
4.16. სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, თითქოს ა. ჯ-ს არ მიეცა შესაძლებლობა, ესარგებლა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მონაწილეობით საქმის განხილვის უფლებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.17. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 226-ე მუხლი განსაზღვრავს იმ დანაშაულთა ჩამონათვალს, რომელთა შემთხვევაშიც, ბრალდებულს აქვს უფლება მოითხოვოს საქმის განხილვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ. აღნიშნულ ჩამონათვალში შედის საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლი (დამთავრებული), რაც ბრალად ედებოდა ა. ჯ-ს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არჩევის უფლების რეალიზება დაკავშირებულია მკაცრად განსაზღვრულ პროცედურულ მოთხოვნებთან, რომელთა დაცვა აუცილებელია.
4.18. როგორც წესი, სისხლის სამართლის საქმეს პირველი ინსტანციის სასამართლოში განიხილავს მოსამართლე ერთპიროვნულად. გამონაკლისია საქმის კოლეგიური ან ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განხილვა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემთხვევაში, წინაპირობაა, რომ ბრალდებულს წაყენებული ჰქონდეს ბრალი ისეთი დანაშაულის ჩადენისთვის, რომელიც განსჯადია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ. ამ შემთხვევაში საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე ვალდებულია ბრალდებულს განუმარტოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დებულებები და მასთან დაკავშირებული უფლებები. შემდეგ კი, მოსამართლემ უნდა გაარკვიოს, თანახმაა თუ არა ბრალდებული, რომ მისი საქმე განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ. თუ ბრალდებული ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარს არ განაცხადებს, მოსამართლე ნიშნავს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თარიღს.
4.19. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული ჩანაწერი ვერ განიმარტება ისე, თითქოს ბრალდებულის პოზიციის დაუფიქსირებლობის შემთხვევაშიც, ანუ, სიტყვიერი უარის არგაცხადებისას, მოსამართლეს ეკისრება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის საქმის გადაცემის ვალდებულება. აღნიშნული ნორმა უნდა განიმარტოს ლოგიკური და სისტემური მეთოდებით. კერძოდ, მოსამართლეს ბრალდებულის თანხმობის დადგენის შესაძლებლობა მხოლოდ მას შემდეგ ეძლევა, როცა იგი სრულად განუმარტავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დებულებებს და დარწმუნდება, რომ ბრალდებულმა ეს განმარტებები გააზრებულად მიიღო. თუ ბრალდებული სხდომას არ ესწრება, მოსამართლეს არ აქვს შესაძლებლობა, მას განუმარტოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დებულებები და უფლებები, რის გამოც, კანონით მინიჭებული უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით, ვერ დადგინდება მისი პოზიცია. ასეთ შემთხვევაში, საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის გადაცემით ბრალდებულს წაერთმევა, მათ შორის, საქმის სამივე ინსტანციაში გასაჩივრების შესაძლებლობა.
4.20. იმავდროულად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არჩევის უფლება ექსკლუზიურად ბრალდებულს ენიჭება. საქართველოს სსსკ-ის 44-ე მუხლი მკაფიოდ განსაზღვრავს ადვოკატის უფლებებს. ადვოკატს არ აქვს უფლება, იმოქმედოს ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ და ისარგებლოს იმ უფლებებით, რომლებიც ბუნებით მხოლოდ ბრალდებულს ეკუთვნის. ამდენად, რამდენადაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არჩევის უფლება პერსონალურად ბრალდებულს ეკუთვნის, ადვოკატის მიერ ბრალდებულის მონაწილეობის გარეშე დაყენებული შუამდგომლობა, საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის გადაცემის თაობაზე, ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ სამართლებრივ ჩარჩოს, რის გამოც, სასამართლოს მხრიდან უარის თქმა სამართლებრივად დასაბუთებულია.
4.21. რაც შეეხება არსებით სხდომას, რომლის დროსაც დაცვის მხარემ მოითხოვა საქმის გადაცემა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართალწარმოების ეტაპები მკაცრად არის განსაზღვრული და აღნიშნული შუამდგომლობის განხილვა უნდა მომხდარიყო წინასასამართლო სხდომაზე, რომელსაც ბრალდებული არ ესწრებოდა. ამასთან, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, რომელიც იმ დროისათვის გამორიცხავდა შესაძლებლობას, სრულად გაეცნობიერებინა მას მოსამართლის განმარტებები და მიეღო მისგან ინფორმირებული თანხმობა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არჩევის თაობაზე, რის გამოც, მისი თანხმობა ვერ იქნებოდა სამართლებრივად ვალიდური. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსამართლის მიერ საქმის ერთპიროვნულად განხილვა არ არღვევს სამართლიანი სასამართლოს პრინციპს.
4.22. აღსანიშნავია მსგავს საკითხთან მიმართებით უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც. 2024 წლის 28 ნოემბრის №663აპ-24 განაჩენით, საკასაციო სასამართლო არ დაეთანხმა ადვოკატის მოთხოვნას სისხლის სამართლის საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნებისა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსათვის გადაცემის შესახებ, ვინაიდან საქმის არსებითად განხილვის დროს, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ცალსახად გამოიკვეთა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდიდა შემდგომ სასამართლო სხდომებში მის მონაწილეობას.
4.23. რაც შეეხება ადვოკატების მოთხოვნას უზენაეს სასამართლოში მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევის შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლი ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გამოიკვლიონ ახალი მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ განიხილა დაცვის მხარის შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების ხელახალი გამოკვლევის თაობაზე, თუმცა ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გარემოებისა და საკასაციო სხდომის თავისებურებების გათვალისწინებით, კასატორის მოთხოვნა უსაფუძვლოა.
4.24. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, ა. ჯ-ს მსჯავრად უნდა შეერაცხოს მაკვალიფიცირებელი გარემოება – არაერთგზისობა. პროკურორის პოზიციით, ის გარემოება, რომ ა. ჯ-ს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტს, თითქოს სასჯელის მოხდა არაობიექტური გარემოებების შედეგად, ბრალდებულის საზიანოდ დაგვიანდა.
4.25. სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებაში, დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოების – არაერთგზისობის – საფუძვლად მითითებული იყო სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის განაჩენი, რომლითაც ა. ჯ-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126¹-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. მას სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით (აღნიშნული სასჯელი მოიხადა კალენდარულად, 2019 წლის 20 ივნისს). მასვე, დამატებით სასჯელად დაენიშნა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა – 200 საათით, რომელიც მოიხადა 2019 წლის 26 მარტს.
4.26. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის თანახმად, პირობით მსჯავრდებულის ნასამართლობა გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე ქარწყლდება, ხოლო თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ. შესაბამისად, ა. ჯ-ს ძირითადი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა – გაუქარწყლდა 2019 წლის 21 ივნისს. რაც შეეხება დამატებით სასჯელს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, იგი კანონით უნდა გაქარწყლებულიყო სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში კი, მისი მოხდის დაგვიანება დამოკიდებული იყო სახელმწიფოს ადმინისტრაციულ მოქმედებაზე და არა ბრალდებულის ნებაზე. აღნიშნული სასჯელის დროულად აღსრულების პირობებში, დანაშაულის ჩადენის დროს – 2019 წლის 30 ნოემბერს – ა. ჯ-ს გასული ექნებოდა ნასამართლობის გაქარწყლების ერთწლიანი ვადა, რომელიც აითვლება სასჯელის მოხდიდან. შესაბამისად, დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოების (არაერთგზისობის) საფუძველი – ნასამართლობა – აღარ იარსებებდა.
4.27. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა პროკურორის არგუმენტი, თითქოს სასჯელის მოხდის დაგვიანება გამოიწვია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ა. ჯ-ისთვის პატიმრობის შეფარდებამ. აღნიშნული პატიმრობა, რაზეც ბრალმდებელი მიუთითებს, მხოლოდ 4 თვე და 12 დღე გაგრძელდა (2018 წლის 8 ივლისიდან 2018 წლის 19 ნოემბრის ჩათვლით). როგორც აღინიშნა, სასჯელის მოხდის დაგვიანება ა. ჯ-ის ნებაზე არ ყოფილა დამოკიდებული, არამედ განპირობებული იყო სახელმწიფოს ადმინისტრაციული მოქმედებით. დროულად რომ დაწყებულიყო ა. ჯ-ისთვის დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება, დანაშაულის ჩადენის დროს იგი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლებოდა. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნასამართლობის საკითხი, როგორც დანაშაულის ჩადენის მომენტში არსებულ სამართლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული გარემოება, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად შეაფასეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
4.28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და ა. ჯ-ის ქმედების სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებსა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
4.29. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება Hirvisaari v. Finland, განაცხადი №49684/99, §30). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება Gorou v. Greece (No. 2), განაცხადი №12686/03, §37, §41). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ზედმიწევნით გამეორება გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციისა, რომელსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
4.30. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).
4.31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 ივნისის განაჩენი ა. ჯ-ის მიმართ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორები არ უთითებენ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრების განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.32. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.33. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ვლადიმერ ბექიშვილისა და ა. ჯ-ის ადვოკატების – ს. კ-ისა და მ. ტ-ის – საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე