შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1661აპ ქ. თბილისი
27 ნოემბერი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ა-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ე. ბ-სა და ზ. გ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივლისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 მარტის განაჩენით ა. ა-ი, _ დაბადებული........ წლის ......-ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 220-ე მუხლით, 182-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ბ», „გ», „დ» ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა სამეწარმეო ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ასევე _ თავის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მითვისება არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ასევე _ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის არაერთგზის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1999 წლის 3 მაისს შპს „ქ.. ...-ს.“ დირექტორ რ. ჩ-სა და შპს „ფ-ს“ დირექტორ ა. ა-ს შორის გაფორმდა ¹13/99 ხელშეკრულება შპს „ქ... ..-ს“ ადმინისტრაციული შენობის კაპიტალური შეკეთების თაობაზე, რისთვისაც შპს „ფ..-ს“ დამკვეთისაგან 1999-2000 წლებში ჩაერიცხა 60 300 ლარი. მიღებული თანხიდან ა. ა-მ არ შეასრულა 1 388 ლარის ღირებულების სამუშაოები, ხოლო თანხა მიითვისა.
ა. ა-ი 2001 წლის 24 აპრილიდან მუშაობდა სახელმწიფოს ასპროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ შპს „ფ-ს“ დირექტორად. საწარმოს საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებისა და ქალაქის გარე იერსახის კეთილმოწყობა. აღნიშნული სამუშაოს შესასრულებლად საწარმოს გააჩნდა შესაბამისი ტექნიკა და ჰყავდა პერსონალი. ა. ა-მ განიზრახა, თავისი ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გამოეყენებინა საწარმოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მისაღებად, მიეთვისებინა ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები და ამ პროცესში სამუშაოების შესასრულებლად, საკუთარი ინტერესებისათვის უსასყიდლოდ, საწარმოს ინტერესებისათვის გამოეყენებინა შპს „ფ.....-ს“ ბალანსზე რიცხული ტექნიკა და მიეღო შემოსავალი. აღნიშნული განზრახვის განსახორციელებლად 2004 წლის 21 ოქტომბერს ა. ა-მ ჩამოაყალიბა შპს „ქ......-ი“, რომელსაც ჰქონდა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოს თითქმის ანალოგიური სახელწოდება და საქმიანობის სფერო. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ დაკვეთილი სამუშაოების შესასრულებლად არ არსებობდა ცალკე საწარმოს შექმნის აუცილებლობა.
2004-2005 წლებში ა. ა-ს მიერ დაფუძნებულმა საწარმომ _ შპს „ქ.......-მ“ მოიპოვა უფლება, შეესრულებინა ქ. ქუთაისში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებისა და ქალაქის გარე იერსახის კეთილმოწყობის სამუშაოები. ა. ა-მ ქ. ქუთაისში, ნიკეას ქუჩის ¹2 სახლის ფასადის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების შესრულების პროცესში ნორმით გათვალისწინებულზე ზედმეტად ჩამოწერა 5 342, 5 ლარის ღირებულების 1 340, 3 კგ საღებავი, ხოლო თანხა მიითვისა.
2004-2005 წლებში შპს „ქ........-ს“ დირექტორმა ა. ა-მ საზოგადოებისათვის ქ. ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადმორიცხული თანხებიდან, რომლებიც განკუთვნილი იყო ქალაქის გარე იერსახის მოწყობისათვის, საქვეანგარიშოდ, მასალების შესაძენად გაიტანა 13 100,1 ლარი, რომლითაც არც მასალები შეუძენია და არც _ ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოუდგენია საწარმოს ბუღალტერიაში, ხოლო თანხა _ 13 100,1 ლარი მიითვისა.
2004 წლის 5 ნოემბერს ა. ა-მ შეადგინა ყალბი ხელშეკრულება ¹5, რომელშიც ასახა, რომ, თითქოსდა, ქ. ქუთაისში, ნიკეას ქუჩის ¹1 და ასათიანის ქუჩის ¹147 საცხოვრებელი სახლების ფასადების კაპიტალური შეკეთების სამუშაოების ჩატარებისათვის თერჯოლის რაიონის სოფელ ჩ-ში მცხოვრებ ა. ა-ს, შპს „ფ.....-ს“ მძღოლს, გადაუხადა თანხა _ 6 700 ლარი, რომლიდანაც 6 200 ლარი შეადგენდა სამუშაოების შესრულების ღირებულებას, ხოლო 500 ლარი _ ხელფასს. აღნიშნულ ხელშეკრულებაზე მოტყუებით, თითქოსდა შპს „ქ.........-ს» დირექტორის მოადგილეს, ხელი მოაწერინა თ. ხ-ს, ისე, რომ იგი ხელშეკრულების შინაარსს არ გასცნობია და დაამოწმა საზოგადოების ბეჭდით. ხელშეკრულებაზე არც ა. ა-ს მოუწერია ხელი და არც ზემოაღნიშნული თანხა მიუღია. აღნიშნული გზით ა. ა-მ მიითვისა 6 700 ლარი.
2004 წლის 15 ნოემბერს ა. ა-მ შეადგინა ყალბი ხელშეკრულება ¹3, რომელშიც ასახა, რომ, თითქოსდა, ქ. ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, 142 ძირი ხის გადაჭრა-გადაზიდვის სამუშაოების შესრულებისათვის ქ. ქუთაისში, ფ-ს ქუჩის ¹78-ში მცხოვრებ ჯ. თ-ს გადაუხადა თანხა _ 2 500 ლარი, რომლიდანაც 2 250 ლარი შეადგენდა საწვავის, ზეთის საპოხი მასალებისა და სხვა ტექნიკური ხარჯების ღირებულებას, ხოლო 250 ლარი _ ხელფასს. აღნიშნულ ხელშეკრულებაზე თავად მოაწერა ხელი და დაამოწმა საზოგადოების ბეჭდით, ხოლო ჯ. თ-ს ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია და არც ზემოაღნიშნული თანხა მიუღია. აღნიშნული გზით მსჯავრდებულმა მიითვისა 2 500 ლარი.
2005 წელს შპს „ფ.......-მ“ მოიპოვა უფლება, ქალაქ ქუთაისში ჩაეტარებინა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების შესაკეთებელი კაპიტალური სამუშაოები. აღნიშნულ პერიოდში ა. ა-მ განიზრახა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თავის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის არაერთგზის მართლსაწინააღმდეგო მითვისება. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი, ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობასა და პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ფონდთან 2005 წელს გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, სამუშაოების შესრულების პროცესში ზედმეტად გახარჯულად აჩვენებდა მასალებს, თანხებს კი ითვისებდა.
შპს „კ-ს“ მიერ შედგენილი ლოკალურ-რესურსული ხარჯთაღრიცხვით, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა საწარმოს, დაგრუნტვის შემდეგ ერთ კვადრატულ მეტრ ფასადზე საღებავის ხარჯვის ნორმა შეადგენდა 180 გრამს. ა. ა-ი, როგორც საწარმოს დირექტორი, ვალდებული იყო, არ გადაეჭარბებინა საპროექტო ორგანიზაციის მიერ დადგენილი ნორმებისათვის. მიუხედავად აღნიშნულისა, მოქმედებდა რა ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიღებისა და თანხის მითვისების განზრახვით, ერთ კვადრატულ მეტრ ფასადზე გახარჯულად აჩვენებდა 700-800 გრამ საღებავს, ახდენდა აღნიშნული საღებავის ზედმეტად ჩამოწერას, თანხებს კი ითვისებდა.
გარდა ამისა, მან სამუშაოთა შესრულების გარეშე ჩამოწერა 20 134 ლარის სხვადასხვა სამშენებლო მასალა, რომლებიც სამუშაოთა შესრულების პროცესში გამოყენებული არ ყოფილა.
ზემოაღნიშნული გზით ა. ა-მ მიითვისა ქ. ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების კაპიტალური შეკეთებისათვის განკუთვნილი 98 689,3 ლარი.
ა. ა-მ მიითვისა ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილი 126 331,9 ლარი და შპს „ქ.... ა...-ს“ კუთვნილი 1 388 ლარი, სულ _ 127 719,9 ლარი.
აღნიშნული ქმედებისათვის ა. ა-ს საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი _ 2006 წლის 19 მაისიდან 2007 წლის 12 მარტამდე და სასჯელის ათვლა დაეწყო 2007 წლის 19 მაისიდან. მსჯავრდებულს ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 126 331,89 ლარის, ხოლო შპს „ქ.... .....-ს» სასარგებლოდ _ 1 388 ლარის გადახდა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა ე. რ-მ, აგრეთვე _ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა ო. გ-მ.
მსჯავრდებულმა და ადვოკატმა ე. რ-მ ითხოვეს განაჩენის გაუქმება და ა. ა-ს გამართლება, ხოლო პროკურორმა _ განაჩენის შეცვლა და მსჯავრდებულისათვის სასჯელის გამკაცრება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივლისის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ა. ა-ი გამართლდა შპს „ქ.... ....-ს» კუთვნილი 1 388 ლარის მითვისების, ქ. ქუთაისში, ნიკეას ქ. ¹1 და ასათიანის ქ. ¹147 საცხოვრებელი სახლების ფასადების კაპიტალური შეკეთების სამუშაოებისათვის გამოყოფილი 6 700 ლარისა და ქ. ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე 142 ძირი ხის გადაჭრა-გადაზიდვის სამუშაოების შესრულებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 2 500 ლარის მითვისების ეპიზოდებში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-2 ნაწილის „ბ», „გ», „დ» ქვეპუნქტებით; მას ასევე მოეხსნა სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შერაცხული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი; ა. ა-ს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ», „გ», „დ» ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით განესაზღვრა 6 წლით, 220-ე მუხლით _ 6 თვით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მას საბოლოოდ მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 19 მაისიდან. ა. ა-ს ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 117 131 ლარის გადახდა.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატები _ ე. ბ. და ზ. გ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ განაჩენი ა. ა-ს მიმართ არის უკანონო, დაუსაბუთებელი, არაარგუმენტებული, ურთიერთსაწინააღმდეგო და უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე წინასწარი გამოძიებისა და პირველი ინსტანციით სასამართლო განხილვის ეტაპებზე არსებითად დაირღვა სამართლებრივი პროცედურები, რაზეც სააპელაციო სასამართლომ რეაგირება არ მოახდინა; არასწორია განაჩენით დადგენილი ქმედების კვალიფიკაცია; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები უსაფუძვლო და შეუსაბამოა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან; არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონი; არასწორად გამოიყენეს მატერიალური სამართლის კანონი; სახეზეა განაჩენის გაუქმების აუცილებელი პირობები: წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარდა სისხლის სამართლის სამართალწარმოების გამომრიცხავი საფუძვლების არსებობისას; განაჩენი ემყარება კანონით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს.
კასატორთა მოსაზრებით, სასამართლომ დაარღვია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-8 და მე-10 მუხლების, სასამართლო დამოუკიდებლობის ძირითადი პრინციპები, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ასევე _ საქართველოს სსსკ-ის მე-10, მე-14, მე-18, 496-ე, 503-ე და 508-ე მუხლების მოთხოვნები; ა. ა-ს ავტომატურად უნდა მოეხსნათ სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება, რადგან ის გამართლდა 6 700 ლარისა და 2 500 ლარის მითვისების ეპიზოდებში, ვინაიდან 362-ე მუხლის მე-2 ნაწილი მას სწორედ ამ ორი ეპიზოდისათვის ჰქონდა წარდგენილი; არასწორია განაჩენის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ა. ა-მ ჩაიდინა სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რადგან შპს „ფ......-ს» უმძიმესი ფინანსური მდგომარეობიდან გამოყვანის ერთადერთი და იძულებითი გამოსავალი იყო ახალი საწარმოს შექმნა, რომლის საშუალებითაც შეძლებდნენ დაკვეთების მიღებასა და არსებული მძიმე მდგომარეობის ნაწილობრივ გამოსწორებას; ახლად შექმნილმა „ქ.....-მ» შეძლო დაკვეთების მოპოვება, გაუმჯობესდა ფინანსური მდგომარეობა და დასაქმდა მუშახელი, რის შემდეგაც „ფ......-მაც» დაიწყო მუშაობა, ამიტომ „ქ......-ს» საქმიანობა ა. ა-მ დროებით შეაჩერა, რათა „ფ......-ს» კონკურენტი არ ჰყოლოდა ახალი საწარმოს სახით; ამდენად, მტკიცება იმის შესახებ, რომ, თითქოს, ახალი საწარმო მსჯავრდებულმა იმ განზრახვით შექმნა, რათა თავისი ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გამოეყენებინა საწარმოს ინტერესების საზიანოდ და საწინააღმდეგოდ, პირადი გამორჩენისა და უპირატესობის მისაღებად და ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მითვისებისათვის, სრულიად უსაფუძვლო და უსამართლოა და არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან; ასევე ზერელე და დაუსაბუთებელია ბრალდება იმის შესახებ, რომ შპს „ქ.....-ი» საქმიანობის პროცესში საკუთარი ინტერესებისათვის უსასყიდლოდ იყენებდა „ფ......-ს» ბალანსზე რიცხულ ტექნიკას და ამ გზით ღებულობდა შემოსავლებს; სინამდვილეში კი მანქანა-მექანიზმები ხანდაზმული და ამორტიზებული იყო, ამიტომ ა. ა-მ საკუთარი თანხებით დაიწყო მათი კაპიტალური შეკეთება, რაც ბუღალტერიაში არ ასახულა; თუ ადრე ამ მანქანა-მექანიზმების საერთო ღირებულება შეადგენდა 2 055 ლარს, ამჟამად თითოეული მათგანი ღირს 16 000 ლარი, რაც დასტურდება საქმის მასალებით; ერთი მტკიცებულებაც კი არ დევს საქმეში ა. ა-ს მიერ ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა, სპეციალური უფლებამოსილების გამოყენებისა „ფ.......-ს» კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ; პირიქით, ამ საწარმოში მძიმე ფინანსური მდგომარეობის დროს ა. ა-ს მიერ ახლადშექმნილმა „ქ......-მ» მოახერხა სამუშაოების მოპოვება, საიდანაც „ფ......-ს» გადაეცა 58 890 ლარის სამუშაოები და მისი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა; ამდენად, ახალი საწარმოს შექმნის მიზანი იყო ძველის გადარჩენა; გარდა ამისა, მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანი არ დამდგარა, რაც კონკრეტულად გამოძიებამაც ვერ მიუთითა.
კასატორთა აზრით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ზოგადი ქიმიის ლაბორატორიის სპეციალისტის ¹კ-978ა\06 ცნობით, ამავე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიური და საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის 2006 წლის 15 დეკემბრის ¹კ978\15 და საბუღალტრო ექსპერტიზის 2007 წლის 27 ივნისის დასკვნებით უტყუარად დასტურდება, რომ სამუშაოების შესრულებისას ნორმის ზემოთ საღებავების ჩამოწერით თანხების მითვისება არ მომხდარა; შპს „ქ......-სა» და ქუთაისის თვითმმართველობას შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით დამკვეთს ჩაბარებული აქვს სამუშაოები და არავითარი პრეტენზია არ გააჩნია; იმისათვის, რომ გარკვეული თანხა ან საქონელი იყოს მითვისებული, იგი ფაქტობრივად არ უნდა გაიხარჯოს; აღნიშნულის დასადგენად აუცილებელია, გაირკვეს ფაქტობრივად გახარჯული მასალების რაოდენობა, რაც კონტროლის პალატას არ გაუკეთებია; ამასთან, იმისათვის, რომ რომელიმე კომპანიას მოეთხოვოს გარკვეული სამშენებლო ნორმების დაცვა, ეს ნორმები ან უნდა იყოს დადგენილი ნორმატიული აქტით, ან _ განისაზღვროს ხელშეკრულების პირობებით; მოცემულ შემთხვევაში არც ერთი აღნიშნული დოკუმენტით არ განსაზღვრულა, რომ შპს „ქ......-ს» უნდა ესარგებლა შპს „კ.......-ს» მიერ დადგენილი ნორმებით და, ამდენად, შპს-ის დირექტორისათვის თანხების დაკისრება არ შეიძლება, სწორად იქნეს მიჩნეული; გასათვალისწინებელია ისიც, რომ „კ.....-ს» მიერ შედგენილი ლოკალურ-რუსურსული ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ნორმები „ქ.....-ს» მიერ სამუშაოების შესრულების დროს ბუნებაში ჯერ კიდევ არ არსებობდა, თუმცა რატომღაც ეს გარემოება გამორჩათ როგორც გამოძიებას, ისე _ ორივე ინსტანციის სასამართლოებს; სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობები საბუღალტრო, საფინანსო, სასაქონლო და საინჟინრო, ასევე _ კომპლექსური ექსპერტიზებისა და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების სპეციალისტების მიერ აზომვის ჩატარების შესახებ; საქმე იმაშია, რომ ა. ა-ს საწარმომ მრავალი ისეთი სერიოზული სამუშაო ჩაატარა, რომელიც ხარჯთაღრიცხვით არ ყოფილა გათვალისწინებული, რადგან, ფაქტია, რომ ბუღალტერია გამართულად ვერ მუშაობდა, რის შესახებაც მსჯავრდებულმა სასამართლოსაც განუცხადა; დაცვის მხარის მიერ ჩატარებული საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნით, შპს „ქ.....-ი» კერძო კომპანიაა, მის მიერ სამუშაოების ჩატარების შედეგად მიღებული თანხები წარმოადგენს ამავე კომპანიის საკუთრებას და არა _ სახელმწიფო სახსრებს, ამიტომ ამ შემთხვევაში თანხების მითვისების ბრალდება აბსურდულად ჟღერს; ის, რომ კომპანიიდან თანხა გაცემულია ანგარიშვალდებულ პირზე, ჩვეულებრივი სამეურნეო ოპერაციაა და არ ნიშნავს ვინმეს მიერ ამ თანხის მითვისებას; თუ გარკვეული პერიოდისათვის ანგარიშვალდებულ პირს არა აქვს დახურული საავანსო ანგარიში, შესაძლებელია, საქმე გვქონდეს შემდეგ გარემოებებთან:
1. ანგარიშვალდებულ პირს ეს თანხა ჩაეთვალოს სესხად, სესხით სარგებლობის პროცენტი ჩაეთვალოს შემოსავლად და დაიბეგროს შესაბამისად;
2. ანგარიშვალდებულ პირს ეს თანხა ჩაეთვალოს ხელფასად, თუ არ მოხდება მისი დაბრუნება და დაიბეგროს შესაბამისად;
3. თუ ეს ანგარიშვალდებული პირი წარმოადგენს იმავდროულად კომპანიის დამფუძნებელს, ეს თანხა ჩაეთვალოს დივიდენდად და მოხდეს მისი შესაბამისი დაბეგვრა.
ამ სამი ვარიანტიდან რომელიმეს მტკიცება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება, რომ დებიტორული დავალიანება მართლაც ერიცხება ანგარიშვალდებულ პირს და ეს დავალიანება ასახულია კომპანიის ბალანსში და ანგარიშვალდებულ პირს ბალანსის ჩაბარების თარიღამდე არა აქვს წარმოდგენილი თანხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; რადგან კომპანიის საბუღალტრო დოკუმენტაცია ამოიღეს 2006 წლის 5 იანვარს, ამიტომ არ შედგა შპს „ქ......-ს» 2005 წლის ბალანსი, რომელზე დაყრდნობითაც უნდა გადაეწყვიტა კონტროლის პალატას, მართლაც ირიცხებოდა თუ არა ა. ა. დებიტორული დავალიანება 13 100.1 ლარის ოდენობით, ამიტომ ბრალდება მსჯავრდებულის მიერ ამ თანხის მითვისების თაობაზე აბსურდულია.
კასატორები კატეგორიულად არ ეთანხმებიან ა. ა-ს მიერ 78 555,22 ლარის მითვისების ბრალდებასაც, შემდეგ გარემოებათა გამო:
კონტროლის პალატამ არ ჩაატარა შესრულებულ სამუშაოთა მოცულობითი აზომვები, ქიმიური ანალიზი სპეციალისტის გამოყენებით და მხოლოდ არასრულყოფილ და დაუმუშავებელ საბუღალტრო დოკუმენტებზე დაყრდნობით, აბსტრაქტული მსჯელობითა და შეფასებებით გააკეთა დასკვნა 78 555 ლარის ღირებულების საღებავების ჩამოწერით ამ თანხის მითვისების თაობაზე. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ქიმიური და საინჟინრო ექსპერტიზების დასკვნებით, ამ ობიექტებზე 2004-2005 წლებში ფაქტობრივად იმაზე მეტი საღებავია გახარჯული, ვიდრე საბუღალტრო საბუთებშია დაფიქსირებული; ხარჯთაღრიცხვებთან ერთად თითოეულ ბინაზე შესრულებულია წინასწარი დეფექტური აქტები, ინსპექტირების აქტები და ბოლოს _ მიღება-ჩაბარების აქტები; ყველა დოკუმენტში მითითებულია თითოეულ ობიექტზე შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება, მოწონებულია კომისიური წესით და თანხებიც ზუსტად ხელშეკრულების მიხედვით გათვლილი ოდენობითაა ჩარიცხული; ე.ი. ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს ობიექტების ჩაბარების პროცესში ან თანხების გადარიცხვისას ა. ა-ს ორგანიზაციის მიმართ პრეტენზია არ ჰქონია, რადგან მოცემულ შემთხვევაში დაწესებულ თანხას შეადგენდა 14 ლარი 1 კვადრატულ მეტრზე, რის მიხედვითაც სამუშაოები შესრულდა სრულყოფილად და ხარისხიანად; დაცულია ხელშეკრულების ფასი და შესრულებული სამუშაოების ღირებულება, საღებავები და სხვა მასალები სწორადაა ჩამოწერილი, ამიტომ ბრალდება ამ ნაწილში დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და უკანონოა.
კასატორთა მოსაზრებით, იმის დასადგენად, ფაქტობრივად მოხდა თუ არა 78 555.32 ლარის მასალების დახარჯვა იმ კონკრეტულ ობიექტებზე, რომლებზეც უნდა დახარჯულიყო, საკმარისი არ არის მხოლოდ დოკუმენტური შემოწმება და მასალების ხარჯვის გეგმიური ნორმების დოკუმენტურთან შედარება, არამედ აუცილებელია, დადგინდეს ფაქტობრივად გახარჯული მასალების რაოდენობა; კონტროლის პალატის სპეციალისტებს ასევე არა აქვთ გათვალისწინებული სამღებრო სამუშაოების შესრულებისას შესაძლო საწარმოო დანაკარგები; სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2006 წლის 15 დეკემბრის ¹კ978\15 დასკვნისა და კონტროლის პალატის მასალების შედარების შედეგად აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივად ჩამოწერილია 658.54 ლარით ნაკლები მასალები და არა _ 78 555.32 ლარის; ა. ა-ს არ დაურღვევია ტენდერის პირობები, არ გადაუხარჯავს და მთლიანად ჩაეტია ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულ თანხებში; დამკვეთის არც ერთი პრეტენზია არ არსებობს, ამიტომ ა. ა-ს თუნდაც არასწორი მოქმედება არ შეიძლება, ჩაითვალოს საღებავების წონის ხელოვნურად გაზრდის გზით სხვისი ქონების მითვისებად.
რაც შეეხება 20 134 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალების უკანონოდ ჩამოწერის ეპიზოდს, საბუღალტრო ექსპერტიზა იძლევა შემდეგ დასკვნას: მასალების ჩამოწერა ნიშნავს, რომ ისინი ჩამოწერილია კომპანიის ბალანსიდან და ასახულია მოგების დეკლარაციაში, როგორც დანახარჯები; შპს „ფ.....-ს» 2005 წლის ბალანსისა და მოგების დეკლარაცია საგადასახადო ინსპექციაში უნდა ჩაებარებინა 2006 წლის 1 აპრილამდე, დეკლარაციაში უნდა გამოჩენილიყო, იყო თუ არა ხარჯებში ასახული ზემოაღნიშნული 20 134 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები; როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, 2006 წლის 5 იანვარს გამომძიებელმა ამოიღო „ფ.....-ის» 2004-2005 წლების საბუღალტრო დოკუმენტაცია; აქედან გამომდინარე, იმ დროისათვის ბალანსი და მოგების დეკლარაცია არ იყო მომზადებული და, შესაბამისად, კონტროლის პალატის მტკიცება, რომ აღნიშნული მასალები ჩამოწერილია, საფუძველსაა მოკლებული; ამასთან, კონტროლის პალატის აქტში არ ჩანს, რომ მათ შეამოწმეს ამ მასალების ფაქტობრივი არსებობა; გამოძიებამ ვერც ამ ეპიზოდში შეძლო ა. ა-სათვის 20 134 ლარის მითვისების დადასტურება, ამიტომ იგი ამ ეპიზოდშიც უნდა გამართლდეს.
გარდა აღნიშნულისა, ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ ა. ა-ს საქმის განხილვისას დაირღვა საქართველოს სსსკ-ის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 503-ე და 496-ე მუხლები, რადგან სასამართლოს არ გააჩნია არათუ უტყუარი, არამედ _ ელემენტარული მტკიცებულებაც კი ა. ა-ს ბრალეულობის დასადასტურებლად; აქედან გამომდინარე, კასატორები ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 ივლისის განაჩენის გაუქმებას და ა. ა-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მოტივს, რომ საქმეში არ მოიპოვება ა. ა-ს მიერ დანაშაულის ჩადენის რაიმე მტკიცებულება, კერძოდ:
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობასა და შპს ,,ფ....-ს" შორის დადებული ხელშეკრულებით, ,,მიმწოდებელი" ვალდებული იყო, შეესრულებინა სამუშაო საქართველოში მოქმედი ნორმებისა და წესების სრული დაცვით, ასევე _ საკუთარი ხარჯებით უზრუნველეყო ყველა გამოვლენილი ნაკლის ან დეფექტის აღმოფხვრა.
სააპელაციო პალატამ სწორად აღნიშნა, რომ ა. ა-ი, როგორც გამოცდილი მშენებელი, კარგად იცნობდა სარემონტო სამუშაოების წესებს და შეგნებული ჰქონდა მათი დაცვის აუცილებლობა. თავად მსჯავრდებულმა სააპელაციო პალატას განუცხადა, რომ არ იცოდა 14 ლარად ღირებული საღებავის გამოყენების აუცილებლობის შესახებ და არც სამუშაოს ხარჯთაღრიცხვას იცნობდა. მისი ჩვენების მიხედვით, 1 მ2 ფართი უნდა გადაეღება 2.5 ლარად. იქვე ა. ა-მ განმარტა, რომ ხარჯთაღრიცხვის შესახებ მისთვის ცნობილი იყო სამუშაოების დაწყებამდე (ტ. 17, ს.ფ. 60; 63).
დადგენილი ხარჯთაღრიცხვიდან გამომდინარე, სამუშაოები უნდა შესრულებულიყო მაღალხარისხიანი, წყალმედეგი საღებავით, ღირებულებით 1 კგ _ 14 ლარი, რომლის ხარჯსაც 1 მ2-ზე უნდა შეედგინა 180 გრამი. ამდენად, ამ საღებავის გამოყენების შემთხვევაში აღნიშნული ფართის გადაღებვისათვის საჭირო იყო დაახლოებით 2.50 ლარის ღირებულების საღებავი, სწორედ იმდენი, რასაც ა. ა-ი აღნიშნავს.
მსჯავრდებულის ჩვენებიდან და საქმის მასალებიდან გამომდინარე უტყუარად დგინდება, რომ შენობების გადაღებვა ხდებოდა 4-5-ჯერ დაბალფასიანი საღებავით. სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა, რომ ა. ა-ი სამუშაოს ღირებულების დასაბალანსებლად საბუღალტრო დოკუმენტებში ხელოვნურად, 4-ჯერ ზრდიდა საღებავის ხარჯს და 180 გრამის ნაცვლად ახდენდა 800 გრამამდე საღებავის ჩამოწერას.
კასატორები აპელირებენ იმ გარემოებაზე, რომ ობიექტების ჩაბარების პროცესში ან თანხების გადარიცხვისას ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოებს პრეტენზია არ ჰქონიათ, საღებავის გადახარჯვა არ მომხდარა და არც საინჟინრო ტექნოლოგია დარღვეულა საღებავების შემცირებული ნორმებით გამოყენების თვალსაზრისით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული კუთხით საკითხის განხილვისას არსებითი მნიშვნელობა აქვს არა გამოყენებული საღებავის მოცულობას, არამედ მის ფასს.
სასამართლო სხდომაზე კონტროლის პალატის წამყვანმა სპეციალისტმა _ ფ. დ-მ განმარტა, რომ შემოწმებისას მოხდა ხარჯთაღრიცხვის ნორმების შედარება გახარჯულად ნაჩვენები მასალების ოდენობასთან. აღმოჩნდა, რომ დადგენილი 180 გრამის ნაცვლად 1 მ2 ფართის შესაღებად გახარჯულად ნაჩვენებია 700-800 გრამი საღებავი. მანვე აღნიშნა, რომ მგ. ჭავჭავაძის გამზირის ¹24-ე, 26-ე და 28-ე სახლებზე უნდა გახარჯულიყო 477 კგ. საღებავი, ხოლო გახარჯულად ნაჩვენებია 2270 კგ. ფ. დ-მ მიუთითა, რომ საპროექტო მონაცემებით უნდა გამოყენებულიყო 14 ლარად ღირებული საღებავი, საბუღალტრო ჩანაწერით და შესყიდვის დოკუმენტებით კი ფაქტობრივად შეძენილია 2 ლარიანი საღებავი. გარდა ამისა, პირდაპირ ხარჯში გატარდა 20100 ლარის ღირებულების სხვადასხვა სამშენებლო მასალა, რაზეც ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი აქტი და გაურკვეველია ამ ხარჯის მიზეზი (ტ. 16, ს.ფ. 99-104).
კასატორები ასევე ეყრდნობიან საინჟინრო ექსპერტიზის ¹კ978/15 დასკვნას, რომელშიც მითითებულია ფაქტობრივად გახარჯული საღებავის ოდენობა.
აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯელობისას სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ გაანგარიშებისას ექსპერტმა იხელმძღვანელა 1982 წლის საამშენებლო ნორმებით. საგულისხმოა, რომ მოწმე მ. ბ-ს სააპელაციო სასამართლოში დაკითხვისას თავად მსჯავრდებულის ადვოკატმა ეჭქვეშ დააყენა 1984 წელს დადგენილი საამშენებლო ნორმებისა და ფასთა კრებულის თანამედროვე პირობებში გამოყენების მართებულობა. ამასთან დაკავშირებით მ. ბ-მ მიუთითა, რომ 1984 წელს მიღებული აქტი სახელმძღვანელო ბაზისია და ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს 2002 წლის ბრძანებით მოხდა შესაბამისი გადაანგარიშება და ფასების ხელახლა განსაზღვრა, რაც მითითებულია შპს ,,კ-ს" განმარტებით ბარათში. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ შემსრულებელს უნდა გამოეყენებინა 14 ლარად ღირებული საღებავი, რომელიც ხარჯს 1 მ2 ფართზე უნდა შეედგინა 180 გრ. სხვა ღირებულების საღებავის გამოყენება შესაძლოა მომხდარიყო მხოლოდ დამკვეთთან შეთანხმებით (ტ. 17, ს.ფ. 53-56).
ცხადია, რომ იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს გააჩნდა შესაბამისი ტექნიკა და პერსონალი, ახალი, ცალკე საწარმოს შექმნის აუცილებლობა არ არსებობდა, მით უფრო, რომ სახელმწიფო დაკვეთის შესრულება შპს ,,ფ..."-ს შეეძლო. დადგენილია ისიც, რომ შპს ,,ფ....."-ის ტექნიკასა და მექანიზმებს ა. ა-ი უსასყიდლოდ იყენებდა თავის მიერვე დაფუძნებული კერძო საწარმოს ინტერესებისათვის. აღნიშნული გარემოებები ნათლად მეტყველებს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე.
სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს ა. ა-ს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, მსჯავრდებულს შეუმსუბუქდეს სასჯელი, რადგან სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ა-მ არაერთგზის შეადგინა ყალბი ხელშეკრულებები. ამასთან, გასაჩივრებულ განაჩენში აღნიშნულია, რომ ამ ხელშეკრულებების დამზადებისას ა. ა-ს მიზანი იყო მათი გამოყენება (ტ. 17, ს.ფ. 135-136).
მოქმედი სსკ-ის 362-ე მუხლი ითვალისწინებს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას გასაღების მიზნით, გასაღებას ან გამოყენებას. მართალია, საქმის მასალებით უდავოდ დადასტურებულია ა. ა-ს მიერ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის არაერთგზის დამზადების ფაქტი, მაგრამ მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით ეს ქმედება აღარაა დასჯადი, თუ პირს არ ამოძრავებს ამ დოკუმენტის გასაღების მიზანი ან თუ იგი მას არ გამოიყენებს.
გარდა ამისა, გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ", ,,გ" და ,,დ" ქვეპუნქტები (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით), რადგან ამ მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის ,,ბ" ქვეპუნქტითაც მსჯავრდებულია ა. ა-ი, მოიცავდა წინას.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, რადგან ეყრდნობა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ და გამოკვლეულ მტკიცებულებს, რაც საკმარისია საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად.
ამასთან, ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ა. ა-ს უნდა გაუნახევრდეს სსკ-ის 220-ე მუხლით დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «დ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. ა-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ე. ბ. და ზ. გ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივლისის განაჩენიდან ა. ა-ს მიმართ ამოირიცხოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ", ,,გ" და ,,დ" ქვეპუნქტები;
გასაჩივრებული განაჩენი გაუქმდეს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში და ბრალდების ამ ეპიზოდში ა. ა-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა;
,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ა.
ა-ს გაუნახევრდეს სსკ-ის 220-ე მუხლით დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და ამ მუხლით განესაზღვროს 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად და ა. ა-ს საბოლოოდ განესაზღვროს 6 (ექვსი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.