შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 14.09.2009
საქმის ნომერი
2კ-61აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.09.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹61აპ-09 14 სექტემბერი, 2009 წელი

თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ.ს დამცველი ადვოკატების _ ი.გ და გ.ნ საკასაციო საჩივარი, აგრეთვე მსჯავრდებულ კ.ა დამცველის ადვოკატ ა.ქ საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 დეკემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის განაჩენით:

მ.ს _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 24, 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ და ,,თ’’ ქვეპუნქტებით _ 5 (ხუთი) წლით; სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,’’ ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით _ 3 (სამი) წლით; სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით _ 3 (სამი) წლით, ხოლო 24, 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და მ.ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით, რასაც ასევე დაემატა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 3 (სამი) დღე და მსჯავრდებულ მ.ნ ს-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლისა და 03 (სამი) დღის ვადით;

კ.ა _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ და ,,თ’’ ქვეპუნქტებით _ 5 (ხუთი) წლით, ხოლო სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და კ. ა-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, რასაც ასევე დაემატა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 8 (რვა) თვე და მსჯავრდებულ კ.ა საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 8 (რვა) თვის ვადით;

ე.მ _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ და ,,თ’’ ქვეპუნქტებით _ 6 (ექვსი) წლით, ხოლო სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და ე.მ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, რასაც ასევე დაემატა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 2 (ორი) წელი და მსჯავრდებულ ე.მ საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით;

ჰ.კ _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ და ,,თ’’ ქვეპუნქტებით _ 6 (ექვსი) წლით, ხოლო სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და ჰ.კ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, რასაც ასევე დაემატა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 2 (ორი) წელი და მსჯავრდებულ ჰ. კ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით;

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის განაჩენით მ.ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა 2001 წლის ივლისში მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. ჩადენილი არაერთგზის, იარაღის გამოყენებით, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.

მანვე ჩაიდინა თანამონაწილეობა 2001 წლის ივლისში მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ჩვენების მიცემის იძულებაში, ე.ი. უკანონო ქმედებით ეჭვმიტანილის იძულება ჩვენების მიცემისათვის, რასაც თან ერთვოდა ძალადობა, აბუჩად აგდება და წამება.

მანვე ჩაიდინა თანამონაწილეობა 2001 წლის ივლისში მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებაში, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით და ჯგუფურად.

მანვე ჩაიდინა 2001 წლის ივლისში მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო სამსახურის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, თავისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირის და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, რასაც თან ერთვოდა დაზარალებულის პირადი შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა შემდეგში:

მ.ს 2001 წლის 14 ივლისს მუშაობდა ქ. ფოთის შინაგან საქმეთა სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსის თანამდებობაზე, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად წარმოადგენდა მოხელეს, მას სამართლებრივად და თანამდებობრივად ევალებოდა კანონის ზუსტი და ერთგვაროვანი დაცვა, ამასთან სათანადო კონტროლის განხორციელება მისსავე დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მიერ კანონის მოთხოვნათა ზუსტ შესრულებაზე.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის განაჩენით მ. სმაგინი მსჯავრდებული იქნა 2001 წლის 14 ივლისს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით.

2001 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 02 საათიდან 04 საათამდე, გამოძიებით დაუდგენელი პირის მიერ, გაქურდული იქნა ქ. ფოთში, მცხოვრები მოქალაქე მ.ს ბინა, საიდანაც ფარულად იქნა გატაცებული "ფუნაის" სისტემის ტელევიზორი, ამავე სახელწოდების მაგნიტოფონი და მართვის პულტი. აღნიშნული საცხოვრებელი ბინა მდებარეობდა ქ. ფოთის შინაგან საქმეთა სამმართველოს ნაბადის ქვეგანყოფილების სამოქმედო ტერიტორიაზე, რომელიც შედიოდა ფოთის შინაგან საქმეთა სამმართველოს სტრუქტურულ დაქვემდებარებაში.

2001 წლის 14 ივლისს, დაახლოებით დილის 05 საათზე, ქ. ფოთის სატრანსპორტო პოლიციის რეგიონალური განყოფილების ადმინისტრაციული პოლიციის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ქვეგანყოფილების პოლიციელების თ.შ და კ.ლ მიერ, თავის სამოქმედო, ნაბადის გადასასვლელი ხიდის ქვემოთ მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 142-ე მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო საფუძვლების არარსებობის პირობებში დაკავებული იქნა თითქოსდა სხვისი ქონების ქურდობაში ეჭვმიტანილი, ქ. ფოთში მცხოვრები თ.მ. განზრახ უკანონოდ დაკავებული თ.მ, კ.ლ და თ.შ გადაიყვანეს ქ. ფოთის სატრანსპორტო პოლიციის განყოფილებაში, სადაც თ.მ განზრახ უკანონოდ იყო დაკავებული 07 საათსა და 10 წუთამდე. კ.ლ და თ.შ მიერ არ შედგენილა თ.მ დაკავების ოქმი.

იმ მოტივით, რომ თ.მ თითქოსდა დანაშაული ჩადენილი ჰქონდა ქ. ფოთის შინაგან საქმეთა სამმართველოს და არა სატრანსპორტო პოლიციის ტერიტორიაზე, იგი კანონის უხეში დარღვევით, 07 საათსა და 10 წუთზე, პასუხისმგებელმა მორიგემ რ.კ გადასცა ქ. ფოთის შინაგან საქმეთა სამმართველოს, სისხლის სამართლის სამძებროს განყოფილების ყოფილ უფროსის მოადგილეს მ.მ, რომელმაც შეასრულა ქ. ფოთის შინაგან საქმეთა სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი დავალება და თ.მ დაკავების დროს დაშვებული კანონდარღვევების გამოსწორების მიზნით, იგი ოპერატიულ მუშაკებთან, მ.ბ, ე.ს, კ.ხ ერთად, იმავე დღის 07 საათსა და 50 წუთზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით, სატრანსპორტო პოლიციის შენობიდან კვლავ გაიყვანეს ქ. ფოთში, ნაბადის ხიდის ქვეშ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ ფოთის შ.ს ხელმძღვანელობის დავალებით შეუერთდა ნაბადის ქვეგანყოფილების უფროსი პ.ჯ. განზრახ უკანონოდ დაკავებულ თ.მ, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში იქ მიტანილ, ქ. ფოთში მცხოვრები, მოქალაქე მ.ს კუთვნილი “ფუნაის” სისტემის ტელევიზორთან, ამავე სახელწოდების ვიდეომაგნიტოფონთან და მართვის პულტთან ერთად, პ.ჯ პირადი ფოტოაპარატით ,,შM-111-ით’’ გადაუღო ფოტოსურათები. მ.მ საპროცესო ნორმების დარღვევით, პ.ჯ მიერ მოყვანილი ორი დამსწრის დ.მ და მ.ი მონაწილეობით, შეადგინა თითქოსდა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული პირადი ჩხრეკის ოქმი. ანუ კანონის უხეში დარღვევით, მტკიცებულების ფალსიფიკაციით, შექმნა თ.მ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავების საფუძველი, რის შემდეგ თ.მ უკანონოდ გადაიყვანეს და მოათავსეს ქ. ფოთის შინაგან საქმეთა სამმართველოში, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია მძიმე შედეგი.

თ.მ ქ. ფოთის შ.ს. სამმართველოს შენობაში გადაყვანის შემდეგ, პ.ჯ, იმ დროს, როდესაც არ არსებობდა დანაშაულის შესახებ შეტყობინება და არ ჰქონდა წერილობითი დავალება რაიმე სახის წინასაგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე, ანუ კანონით არაუფლებამოსილმა პირმა, ნაბადის ხიდის ქვეშ მიმდებარე ტერიტორიიდან, საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში იქ მიტანილი «ფუნაის” სისტემის ტელევიზორი, ამავე სახელწოდების ვიდეომაგნიტაფონი და მართვის პულტი, ანუ საქმისთვის არსებითი, მომავალში ნივთიერი მტკიცებულებების მნიშვნელობის მქონე ნივთები ოპერატიულ მუშაკ ა.ს ერთად, მიიტანა ქ. ფოთში მცხოვრებ მ.ს ბინაში. მიუხედავად იმისა, რომ ნივთების მფლობელს ფაქტიურად არ ჰქონდა გაცხადებული მომხდარის შესახებ პოლიციაში, კანონის უხეში დარღვევით წარუდგინა მოქალაქე მ.ს, რა დროსაც არ შეადგინა საპროცესო ნორმით გათვალისწინებული დოკუმენტი და მასალები წარუდგინა მ.ს.

მ.ს, მიუხედავად იმისა მ.მ იცოდა, რომ მოკვლეული მასალები არ იყო სრულყოფილი, რადგან არ ერთვოდა ტრანსპორტის პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილი თ.მ დაკავების ოქმი და სათანადო პატაკები, ამასთან თითქოსდა გადაუდებელ პირობებში წარმოებული თ.მ პირადი ჩხრეკა და ამოღების ოქმი შედგენილი იყო საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით, ამასთან იმ დროისათვის არ არსებობდა ასევე კონკრეტული მოქალაქის შეტყობინება მისი კუთვნილი ქონების ქურდობის ფაქტზე, ამ პირობებში მ.ს, როგორც მოხელემ გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, თავისი და მის დაქვემდებარებაში მყოფი პოლიციის თანამშრომლების დანაშაულებრივი ქმედების სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევის მიზნით, რასაც მოჰყვა თ.მ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე დამატებით მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, იმავე დღეს 2001 წლის 14 ივლისს გამოიტანა დადგენილება ქ. ფოთში მცხოვრებ მ.ს ბინაში თითქოსდა გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ, რაც შესასრულებლად გადასცა პ.ჯ და ა.ს. ზემოაღნიშნულმა პირებმა მ.ს მიერ გამოტანილი არაკანონიერი დადგენილების საფუძველზე სამეგრელო-ზემო სვანეთის შინაგან საქმეთა საექსპერტო-კრიმინალისტიკური განყოფილების ექსპერტ-კრიმინალისტ ლ.მ ერთად, დაათვალიერეს ქ. ფოთში მდებარე მოქალაქე მ.ს ბინა, რა დროსაც ბინიდან ამოიღეს თერთმეტი ცალი თითის კვალი. ხოლო უშუალოდ პ.ჯ “შM111” მოდელის ფოტოაპარატით მოახდინა საცხოვრებელი ბინის – შემთხვევის ადგილის ფოტოგადაღება. რის შემდეგ, ა.ს, 09 საათსა და 00 წუთიდან, 09 საათსა და 30 წუთამდე შეადგინა თითქოსდა გადაუდებელი აუცილებლობით დასაბუთებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით, არაკანონიერი გზით უკვე დადგენილი ფაქტიური გარემოებებიდან გამომდინარე და მასთან მისადაგების მიზნით ჩამოერთვა ახსნა-განმარტება მოქალაქე მ.ს. თ.მ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მხილების მიზნით, შექმნილი ყალბი, ფალსიფიცირებული მოკვლეული მასალები, გადაეცა უშუალოდ მ.ს. აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია ფიზიკური და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა.

მ.ს აღნიშნული კანონდარღვევის შემდეგ, რომელსაც ჩადენილი ჰქონდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, კვლავ გადაამეტა უფლებამოსილებას და მის ხელთ არსებულ ფალსიფიცირებულ მოკვლეულ მასალებზე და მოქალაქე მ.ს ახსნა-განმარტების საფუძველზე ქ.ფოთის შინაგან საქმეთა სამმართველოს პასუხისმგებელი მორიგე რ.გ, სამსახურიდან დათხოვნის მუქარით აიძულა 2001 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 11 საათზე ყალბად მისი წინამორბედი პასუხისმგებელი მორიგის თ.ბ სახელით შეედგინა თითქოსდა 06 საათზე უცნობი მოქალაქის მიერ ელსმენით შემოსული შეტყობინების ოქმი, ---- მცხოვრებ მ.ს ბინის ქურდობის ფაქტზე. -- ბინიდან ფარულად გატაცებულად მიუთითა უკვე ცნობილი საგნები, ტელევიზორი და ვიდეომაგნიტოფონი. რ.გ მიერ ყალბად შედგენილი შეტყობინება მ.ს რეზოლუციით დააწერა “ნაბადის” ქვეგანყოფილების უფროსს პ.ჯ და ფოთის სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილეს მ.მ, რითაც ჩაიდინა არაერთგზის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლებების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. მ.ს ამ ეპიზოდში ჩაიდინა დანაშაული რაც გათვალისწინებულია 2001 წლის ივლისში მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა”, და ,,ბ” ქვეპუნქტებით.

მ.ს, როგორც მოხელემ, რომელსაც არაერთგზის ჩადენილი ჰქონდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, კვლავ ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და 2001 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 11 საათსა და 30 წუთზე, არასრულყოფილ და საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე თ.მ მიმართ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის პირადად აღძრა სისხლის სამართლის საქმე 2001 წლის ივლისში მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით, რამაც ფიზიკური პირის და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, რასაც თან ერთვოდა დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფა.

თ.მ მიმართ უკანონოდ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, იმავე დღეს წარმოებაში მიიღო სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსის ყოფილმა მოადგილემ მ.მ, ხოლო 12 საათსა და 00 წუთზე გამოტანილი იქნა დადგენილება თ.მ ეჭვმიტანილად ცნობისა და დაკავების შესახებ და იგი დაიკითხა ეჭვმიტანილის სტატუსით, სადაც ასევე დადასტურებული იქნა ახსნა-განმარტებაში აღნიშნული გარემოებები, რომ ქურდობა მ.ს-ს ბინაში ჩადენილი ჰქონდა მხოლოდ მას, თ.მ, თანამონაწილეთა გარეშე, რის საფუძველზეც იგი მოთავსებული იქნა ქ.ფოთის შინაგან საქმეთა სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორში. რის შემდეგ თ.მ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე სარგებლობდა გარკვეული უფლებებით და მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარებულიყო, როგორც ეჭვმიტანილის სტატუსის მქონე პირთან, შესაბამისად საამისოდ კანონით აღჭურვილი პირის, _ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მწარმოებელ მ.მ მიერ.

მიუხედავად ამისა, მ.ს, როგორც მოხელემ, რომელსაც ჩადენილი ჰქონდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, კვლავ გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ერთვოდა დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფა, ასევე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ყალბი მოტივით, სხვა დანაშაულებათა გახსნის და თანამონაწილეთა დასახელების მიზნით, მის მიერვე ორგანიზებული, ძალადობით, ფიზიკური ძალის გამოყენებითა და ცემის შედეგად, რასაც თან ერთვოდა ეჭვმიტანილის აბუჩად აგდება და წამება, მისდამი სამსახურებრივად დაქვემდებარებულ პოლიციის თანამშრომლების მეშვეობით, თ.მ გამოსძალა აღიარებითი ჩვენება.

კერძოდ, მას შემდეგ რაც თ.მ მ.მ მიერ ჩაყვანილი იქნა ქ. ფოთის შინაგან საქმეთა სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორში, მ.ს დაარღვია საქართველოს შ.ს მინისტრის 1994 წლის 15 მარტის ¹117-ე ბრძანებით დამტკიცებული ,,დაკავებულ და პატიმრობაში აყვანილ პირთა დაცვის და ბადრაგობის შესახებ პოლიციის სამსახურის წესდების” II თავის 2.24 პუნქტის სავალდებულო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც საკნებიდან დაკავებულთა და პატიმრობაში აყვანილთა გამოყვანის შესაძლებლობა და ადგილი მკაცრად არის განსაზღრული, მათ შორის დაკავებულის გამოყვანა დასაშვებია დროებით მოთავსების იზოლატორის საგამოძიებო კაბინეტებში. მ.ს გადაამეტა რა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, თ.მ დროებითი დაკავების იზოლატორიდან, ხელბორკილების გამოყენებით, სამსახურებრივად მის დაქვემდებარებაში მყოფი პოლიციის თანამშრომლებს ქ.ფოთის ქვეგანყოფილების ოპერატიულ მუშაკებს ა.ს, ჰ.კ და კ.ა ააყვანინა პოლიციის შენობის მეორე სართულზე, ოპერატიულ მუშაკ ზ.ხ სამუშაო ოთახში, სადაც მათ მოგვიანებით შეუერთდნენ ამავე ქვეგანყოფილების ოპერატიული მუშაკი ე.მ და თვით პ.ჯ, რომელიც შეიარაღებული იყო მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით და რეზინის ხელკეტით.

მ.ს, როგორც ორგანიზატორის, უკანონო დავალების შესასრულებლად და მასთან შეთანხმებით აღიარებითი ჩვენების გამოძალვის მიზნით, პ.ჯ, კ.ა, პ.კ და ე.მ რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით, თ.მ ქვედა საცვლის ამარა, შიშველ მდგომარეობაში, მარცხენა ხელით, ფიზიკური ძალის გამოყენებით, ხელბორკილით მიაბეს ზ.ხ სამუშაო ოთახში არსებულ სეიფის სახელურზე, ასევე ძალადობითა და მის მიმართ პირადი ღირსების შეურაცხყოფის გზით, ხელკეტით ცემის შედეგად, თ.მ გამოსძალეს თითქოსდა გ.გთან ერთად, მ.ს ბინის ქურდობის ჩადენის აღიარებითი ჩვენება, ძალადობითა და პირადი ღირსების შეურაცხყოფის გზით გამოსძალეს და აღიარებინეს სხვა დანაშაულის ჩადენის ფაქტებიც, მათ შორის ავტომანქანის ტელევიზორის, მაგნიტოფონის ქურდობის და ნაქურდალის მოქალაქე ჯ.გ და ს.დ მიყიდვის ფაქტები, რაც შეგნებულად არ გააფორმეს საპროცესო ნორმების დაცვით. მას შემდეგ რაც ეჭვმიტანილ თ.მ იძულებით მიღებული ჩვენების შინაარსი მოხსენდა მ.ს რომელმაც, მიუხედავად იმისა, იცოდა რომ იგი მიღებული იყო ფიზიკური ძალის გამოყენებით, კვლავ გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და მისი დავალების საფუძველზე მისდამი სამსახურებრივად დაქვემდებარებული პოლიციის თანამშრომლების პ.ჯ და მ.მ მიერ, საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით მოქალაქე ჯ.გ და ს.დ საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებული იქნა თითქოსდა თ.მ მიერ მოპარული ტელევიზორი და მაგნიტოფონი. იმავდროულად კანონის დარღვევით ჩამოერთვათ ახსნა-განმარტებები ჯ.გ საცხოვრებელი ბინიდან ა/მანქანის ტელევიზორის ამოღების პროცესის დამსწრე ხ.ხ და ნ.დ. ზემოხსენებული მოქალაქეების და მათ შორის თ.მ თითქოსდა აღიარებითი ხასიათის ახსნა-განმარტებები თ.მ გარდაცვალების შემდეგ მეორე დღეს 2001 წლის 15 ივლისს განადგურებული იქნა თვით მ.ს მიერ, რითაც თ.მ მიმართ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე, სამსახურებრივად მისდამი დაქვემდებარებული თანამშრომლების მეშვეობით, ძალადობის გამოყენებით, რასაც თან სდევდა ეჭვმიტანილის აბუჩად აგდება და წამება, ცემა და ფიზიკური ძალის გამოყენება, თ.მ გამოსძალა აღიარებითი ჩვენება, თითქოს მას ქურდობა ჩადენილი ჰქონდა პირთა ჯგუფთან ერთად და იძულებით დაასახელა ნაქურდალი ნივთების კონკრეტულ პიროვნებებზე მიყიდვის ფაქტები.

მ.ს დავალებით, რომელიც იმავდროულად იყო თ.მ მიმართ განხორციელებული უკანონო ძალადობის ორგანიზატორი და შესაბამისად იცოდა თუ რა ფორმით ხორციელდებოდა ძალადობა და ამ ქმედებით მიღწეული შედეგიც, მისდამი სამსახურებრივად დაქვემდებარებული ოპერატიული მუშაკების პ.ჯ, ე.მ, პ.კ და კ.ა მიერ, თ.მ მუქარით, ძალადობით, აბუჩად აგდებით და წამების გზით, აღიარებითი ჩვენების გამოძალვა გაგრძელდა დაახლოებით 21 საათსა და 30 წუთამდე, რა დროსაც ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით თ.მ, უშუალოდ ხელკეტით და მკვრივი, ბლაგვი საგნით ცემით, მკვრივ საგანზე არაერთხელ მიხეთქებით მიაყენეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები. კერძოდ ელენთის, ღვიძლის და ორივე თირკმელის წინა ზედაპირზე სუბკაპსულური გასკდომით, განზრახ მიაყენეს სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება. მარჯვენა წინამხრის წინა ზედაპირზე, ასევე მარცხენა სხივმაჯის სახსრის უკანა ზედაპირზე მიაყენეს მსუბუქი ხარისხის მრავლობითი დაზიანებები, ასევე თ.მ გულმკერდის წინა ზედაპირზე, მარჯვენა ნახევარში, მკერდის ძვლის საზღვარზე, მეორე-მესამე ნეკნთა შუა სივრცეში, ზემო ღრუ ვენას სანათურში შეღწევით, გამოძიებით დაუდგენელი მჩხვლეტავი საგნის დარტყმით, თ.მ მიაყენეს სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რასაც შემდეგ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში მოჰყვა თ.მ მეორე სართულიდან გადმოვარდნა და უკვე მიყენებული მძიმე ხარისხის დაზიანების შედეგად, იმავე დღეს ქ. ფოთის საავადმყოფოში მისი გარდაცვალება.

თ.მ გარდაცვალების შემდეგ მ.ს გამოიყენა რა სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად, მის მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებების დაფარვის და მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით, რ.გ და მ.მ სამსახურიდან განთავისუფლების მუქარით აიძულა დაკავებულთა და პატიმრობაში აყვანილთა საკნებიდან გამოყვანის რეგისტრაციის ჟურნალში შეესრულებინათ ყალბი ჩანაწერი, კერძოდ: ა.ს მიერ თ.მ თითქოსდა გასაუბრებაზე მეორე სართულზე აყვანის დროდ, ნაცვლად 1550 საათისა დააფიქსირებინა 1250 საათი, რა დროსაც ციფრი 5-ნი გადააკეთებინა 2-ად, ხოლო იმავე ს-ს მიერ თ.მ საკანში დაბრუნების დროდ ფიქტიურად დააფიქსირებინა 1350 საათი, ანუ დაახლოებით დროის ის მონაკვეთი რაც დაფიქსირებულია მ.მ მიერ თ.მ ეჭვმიტანილის სახით დაკითხვის ოქმში. ამასთან რათა გამართლებულიყო დაკავებულ თ.მ მეორე სართულზე უკანონოდ 2130 საათამდე ყოფნა, იმავე ჟურნალში ფიქტიურად დაფიქსირდა თითქოსდა თ.მ მოთხოვნით მ.მ გასაუბრებაზე საღამოს 20 საათზე აყვანის ფაქტი. აღნიშნულმა ქმედებამ ფიზიკური პირის და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, რასაც თან ერთვოდა დაზარალებულის, გარდაცვლილ თ.მ პირადი ღირსების შეურაცხყოფა.

მოგვიანებით, 2002 წლის სექტემბერში, თ.მ მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით აღძრული სისხლის სამართლის საქმე წარმოებით შეწყდა კანონსაწინააღმდეგო ქმედების არარსებობის მოტივით, ხოლო თ.მ სასამართლოს მიერ სრულად იქნა რეაბილიტირებული.

იმავე განაჩენით კ.ა მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა 2001 წლის ივლისში მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული _ ჩვენების მიცემის იძულება ე.ი. უკანონო ქმედებით ეჭვმიტანილის იძულება ჩვენების მიცემისათვის, რასაც თან ერთვოდა ძალადობა, აბუჩად აგდება და წამება.

მანვე ჩაიდინა 2001 წლის ივლისს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ჯამრთელობისათვის განზრახ მძიმე დაზიანება ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით და ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

კ.ა 2001 წლის 14 ივლისს მუშაობდა ქ.ფოთის შინაგან საქმეთა სამმართველოს ქვეგანყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს ინსპექტორის თანამდებობაზე და «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-6 მუხლის თანახმად წარმოადგენდა მოხელეს.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის განაჩენით კ.ა მსჯავრდებულ იქნა 2001 წლის 14 ივლისს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა ორი წლით.

2001 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 02 საათიდან 04 საათამდე, გამოძიებით დაუდგენელი პირის მიერ, გაქურდული იქნა ქ. ფოთში მცხოვრები მოქალაქე მ.ს ბინა, საიდანაც ფარულად იქნა გატაცებული "ფუნაის" სისტემის ტელევიზორი, ამავე სახელწოდების მაგნიტოფონი და მართვის პულტი. აღნიშნული საცხოვრებელი ბინა მდებარეობდა ქ. ფოთის შინაგან საქმეთა სამმართველოს ნაბადის ქვეგანყოფილების სამოქმედო ტერიტორიაზე, რომელიც შედიოდა ფოთის შინაგან საქმეთა სამმართველოს სტრუქტურულ დაქვემდებარებაში.

2001 წლის 14 ივლისს, დაახლოებით დილის 05 საათზე, ქ.ფოთის სატრანსპორტო პოლიციის რეგიონალური განყოფილების ადმინისტრაციული პოლიციის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ქვეგანყოფილების პოლიციელების თ.შ და კ.ლ მიერ, თავის სამოქმედო, ნაბადის გადასასვლელი ხიდის ქვემოთ მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 142-ე მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო საფუძვლების არარსებობის პირობებში. დაკავებული იქნა თითქოსდა სხვისი ქონების ქურდობაში ეჭვმიტანილი, ქ. ფოთში, მცხოვრები თ.მ. განზრახ უკანონოდ დაკავებული თ.მ გადაყვანილი იქნა ქ. ფოთის სატრანსპორტო პოლიციის განყოფილებაში, სადაც იგი განზრახ უკანონოდ იყო დაკავებული 07 საათსა და 10 წუთამდე, რა დროსაც არ შედგენილა თ.მ დაკავების ოქმი.

იმ მოტივით, რომ თ.მ თითქოსდა დანაშაული ჩადენილი ჰქონდა ქ.ფოთის შინაგან საქმეთა სამმართველოს და არა სატრანსპორტო პოლიციის ტერიტორიაზე, იგი კანონის უხეში დარღვევით 07 საათსა და 10 წუთზე, ქ. ფოთის შინაგან საქმეთა სამმართველოს განყოფილების ყოფილი უფროსის მოადგილის მ.მ მიერ, რომელმაც შეასრულა ქ. ფოთის შინაგან საქმეთა სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი დავალება, თ.მ დაკავების დროს დაშვებული კანონდარღვევების გამოსწორების მიზნით, იგი ოპერატიულ მუშაკებთან: მ.ბ, ე.ს და კ.ხ ერთად, იმავე დღის 07 საათსა და 50 წუთზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით, სატრანსპორტო პოლიციის შენობიდან კვლავ გაიყვანეს ქ. ფოთში, სადაც მათ ფოთის შ.ს ხელმძღვანელობის დავალებით შეუერთდა ქვეგანყოფილების უფროსი პ.ჯ. განზრახ უკანონოდ დაკავებულ თ.მ, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში იქ მიტანილ, ქ.ფოთში, მცხოვრები, მოქალაქე მ.ს კუთვნილი “ფუნაის” სისტემის ტელევიზორთან, ამავე სახელწოდების ვიდეომაგნიტოფონთან და მართვის პულტთან ერთად, პ.ჯ პირადი ფოტოაპარატით ,,შMM-111-ით’’ გადაუღო ფოტოსურათები. მ.მ და ზემოაღნიშნულმა პირებმა საპროცესო ნორმების დარღვევით, პ.ჯ მიერ მოყვანილი ორი დამსწრის, დ.მ და მ.ი მონაწილეობით, შეადგინეს თითქოსდა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული პირადი ჩხრეკის ოქმი. ანუ კანონის უხეში დარღვევით, მტკიცებულების ფალსიფიკაციით, შექმნა თ.მ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავების საფუძველი, რის შემდეგ თ.მ უკანონოდ გადაიყვანეს და მოათავსეს ქ. ფოთის შინაგან საქმეთა სამმართველოში.

მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით, ასევე კანონის და საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით, იმავე დღეს თითქოსდა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული, ნივთიერი მტკიცებულებების მნიშვნელობის მქონე ნივთები მიიტანეს და წარუდგინეს ქ.ფოთში მცხოვრებ მ.ს. მისი საცხოვრებელი სახლის დათვალიერების შემდეგ, საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით, არაკანონიერი გზით უკვე დადგენილი ფაქტიური გარემოებებიდან გამომდინარე, მასთან მისადაგების მიზნით, ჩამოერთვა ახსნა-განმარტება მოქალაქე მ.ს.

მას შემდეგ, რაც ფალსიფიცირებული მასალები გადაეცა ქ. ფოთის შინაგან საქმეთა სამმართველოს კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროს მ.ს, მან, მ.ს ფალსიფიცირებული მოკვლეული მასალისა და მოქალაქე მ.ს ახსნა-განმარტების საფუძველზე ქ.ფოთის შინაგან საქმეთა სამმართველოს პასუხისმგებელი მორიგე რ.გ, უკანონო მითითების საფუძველზე აიძულა 2001 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 11 საათზე ყალბად, მისი წინამორბედი პასუხისმგებელი მორიგის თ.ბ სახელით შეედგინა თითქოსდა 06 საათზე უცნობი მოქალაქის მიერ ელსმენით შეტყობინების ოქმი, ქ.ფოთში მცხოვრებ მ.ს ბინის ქურდობის ფაქტზე. ბინიდან ფარულად გატაცებულად მიუთითა უკვე ცნობილი საგნები, ტელევიზორი და ვიდეომაგნიტოფონი. ყალბად შედგენილი შეტყობინება მ.ს რეზოლუციით დააწერა ქვეგანყოფილების უფროსს პ.ჯ და ფოთის შ.ს სამმართველოს ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილეს მ.მ. ხოლო დაახლოებით 11 საათსა და 30 წუთზე, მის მიერვე ყალბი, ფალსიფიცირებული მტკიცებულების საფუძველზე თ.მ მიმართ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის პირადად აღძრა სისხლის სამართლის საქმე 2001 წლის ივლისში მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით.

თ.მ მიმართ უკანონოდ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, იმავე დღეს წარმოებაში მიიღო სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსის ყოფილმა მოადგილემ მ.მ, ხოლო 12 საათსა და 00 წუთზე გამოტანილი იქნა დადგენილება თ.მ ეჭვმიტანილად ცნობისა და დაკავების შესახებ და იგი დაიკითხა ეჭვმიტანილის სტატუსით, სადაც ასევე დადასტურებული იქნა ახსნა-განმარტებაში აღნიშნული გარემოებები, რომ ქურდობა მ.ს ბინაში ჩადენილი ჰქონდა მხოლოდ მას, თანამონაწილეთა გარეშე, რის საფუძველზეც იგი მოთავსებული იქნა ქ. ფოთის შინაგან საქმეთა სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორში. ამ დროიდან თ.მ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე სარგებლობდა გარკვეული უფლებებით და მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარებულიყო, როგორც ეჭვმიტანილის სტატუსის მქონე პირთან, შესაბამისად საამისოდ კანონით აღჭურვილი პირის, _ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მწარმოებელ მ.მ-ის მიერ.

მიუხედავად ამისა მ.ს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ყალბი მოტივით, სხვა დანაშაულებათა გახსნის და თანამონაწილეთა დასახელების მიზნით, მას შემდეგ რაც თ.მ მ.მ-ის მიერ ჩაყვანილი იქნა ქ. ფოთის შინაგან საქმეთა სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორში, მ.ს უკანონო ბრძანების და დავალების საფუძველზე მიუხედავად პასუხისმგებელი მორიგის რ.გ მხრიდან გაწეული წინააღმდეგობისა, დაახლოებით დღის 15 საათის შემდეგ თ.მ დროებითი დაკავების იზოლატორიდან, ხელბორკილის გამოყენებით, სამსახურებრივად მის დაქვემდებარებაში მყოფი პოლიციის თანამშრომლებს, ქ. ფოთის ქვეგანყოფილების ოპერატიულ მუშაკებს: კ.ა, ა.ს და ჰ.კ ააყვანინა პოლიციის შენობის მეორე სართულზე, ოპერატიულ მუშაკ ზ.ხ სამუშაო ოთახში, სადაც მათ მოგვიანებით შეუერთდნენ ამავე ქვეგანყოფილების ოპერატიული მუშაკი ე.მ და თვით პ.ჯ, რომელიც შეიარაღებული იყო მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით და რეზინის ხელკეტით.

მ.ს, როგორც ორგანიზატორის, უკანონო დავალების შესასრულებლად და მასთან შეთანხმებით კ.ა, აღიარებითი ჩვენების გამოძალვის მიზნით პირთა ჯგუფთან, პ.ჯ, პ.კ და ე.მ-სთან ერთად, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით, თ.მ ქვედა საცვლის ამარა, შიშველ მდგომარეობაში, მარცხენა ხელით, ფიზიკური ძალის გამოყენებით, ხელბორკილით მიაბეს ზ.ხ სამუშაო ოთახში არსებულ სეიფის სახელურზე, ასევე ძალადობითა და მის მიმართ პირადი ღირსების შეურაცხყოფის გზით, ხელკეტით ცემისა და ბლაგვ საგანზე არაერთგზის მიხეთქების შედეგად, რასაც თან ერთვოდა ეჭვმიტანილის აბუჩად აგდება და წამება, თ.მ გამოსძალეს თითქოსდა გ.გ ერთად, მ.ს ბინის ქურდობის ჩადენის აღიარებითი ჩვენება, ასევე ძალადობითა და პირადი ღირსების შეურაცხყოფის გზით გამოსძალეს და აღიარებინეს სხვა დანაშაულის ჩადენის ფაქტებიც, მათ შორის ავტომანქანის ტელევიზორის, მაგნიტოფონის ქურდობის და ნაქურდალის მოქალაქე ჯ.გ და ს.დ მიყიდვის ფაქტები, რაც შეგნებულად არ გააფორმეს საპროცესო ნორმების დაცვით.

კ.ა მიერ, პირთა ჯგუფთან, პ.ჯ, ე.მ და ჰ.კ-სთან ერთად, მ.ს-ის უკანონო დავალების შესასრულებლად, თ.მ-სგან მუქარით, ძალადობით, აბუჩად აგდებით, განსაკუთრებული სისასტიკით და წამების გზით, აღიარებითი ჩვენების გამოძალვა გაგრძელდა დაახლოებით 21 საათსა და 30 წუთამდე, რა დროსაც ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით თ.მ, უშუალოდ ხელკეტით და მკვრივი, ბლაგვი საგნით ცემით, მკვრივ საგანზე არერთხელ მიხეთქებით მიაყენეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები. კერძოდ ელენთის, ღვიძლის და ორივე თირკმელის წინა ზედაპირზე სუბკაპსულური გასკდომით, განზრახ მიაყენეს სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება. მარჯვენა წინამხრის წინა ზედაპირზე, ასევე მარცხენა სხივმაჯის სახსრის უკანა ზედაპირზე მიაყენეს მსუბუქი ხარისხის მრავლობითი დაზიანებები, ასევე თ.მ გულმკერდის წინა ზედაპირზე, მარჯვენა ნახევარში, მკერდის ძვლის საზღვარზე, მეორე-მესამე ნეკნთა შუა სივრცეში, ზემო ღრუ ვენას სანათურში შეღწევით, გამოძიებით დაუდგენელი მჩხვლეტავი საგნის დარტყმით, თ.მ მიაყენეს სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რასაც შემდეგ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში მოჰყვა თ.მ მეორე სართულიდან გადმოვარდნა და უკვე მიყენებული მძიმე ხარისხის დაზიანების შედეგად, იმავე დღეს ქ. ფოთის საავადმყოფოში მისი გარდაცვალება.

მოგვიანებით, 2002 წლის სექტემბერში, თ.მ მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით აღძრული სისხლის სამართლის საქმე წარმოებით შეწყდა კანონსაწინააღმდეგო ქმედების არარსებობის მოტივით, ხოლო თ.მ სასამართლოს მიერ სრულად იქნა რეაბილიტირებული.

ფოთის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ს-ის დამცველმა ადვოკატებმა დ.ხ, ნ.ა და ი.გ და მსჯავრდებულ კ.ა დამცველმა, ადვოკატმა ა.ქ.

აპელანტი – მ.ს ინტერესების დამცველი ადვოკატები დ.ხ, ნ.ა და ი.გ სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, იმ მოტივით, რომ მ.ს ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ 2006 წლის 22 სექტემბერს ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართევლოს სსკ-ის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლითაც დადასტურებულად იქნა მიჩნეული ის გარემოება, რომ მ.ს არავითარი შემხებლობა არ ჰქონია თ.მ და ასევე არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია ფოთის შს სამმართველოს თანამშრომლებთან. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტის აზრით ძნელი წარმოსადგენია ერთი და იგივე ფაქტთან დაკავშირებით ერთი და იგივე ჩვენებით ერთი და იმავე პირმა ჩაიდინოს, როგორც გაუფრთხილებელი, ისე განზრახი დანაშაული, რომელიც ეწინააღმდეგება არა მარტო სისხლის სამართლის ფუნდამენტალურ პრინციპებს, არამედ საქართველოს კონსტიტუციას და ყველა იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სისხლის სამართლის სფეროს განეკუთნება.

აპელანტი – მსჯავრდებულის კ.ა ინტერესების დამცველი ადვოკატი ა.ქ სააპელაციო საჩივრით ითხოვდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, იმ მოტივით, რომ კ.ა მსჯავრდება ეყრდნობა მხოლოდ მ.მ ჩვენებას, ხოლო დაუდგენელი და გამოსაკვლევია მთელი რიგი გარემოებები, ამასთან სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული მოწმეთა ჩვენებები, რომლებითაც დასტურდება კ.ა უდანაშაულობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 დეკემბრის განაჩენით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის განაჩენი დატოვებულ იქნა უცვლელად. მსჯავრდებულ მ. ს-ს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 13 მარტიდან, ხოლო კ.ა _ 2008 წლის 02 აპრილიდან. ამასთან, საქმეზე დართული და ნივთმტკიცებად ცნობილი ქ. ფოთის შს საქალაქო სამმართველოს კუთვნილი 2001 წლის დაკავებულთა და პატიმრობაში აყვანილთა საკნებიდან გამოყვანის რეგისტრაციის ჟურნალი და შს განყოფილებაში დაკავებულ პირთა აღრიცხვის ჟურნალი შენახულ იქნა მოცემული საქმის შენახვის ვადით.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ მ.ს დამცველმა ადვოკატებმა _ ი.გ და გ.ნ აგრეთვე მსჯავრდებულ კ.ა დამცველმა, ადვოკატმა ა.ქ საკასაციო საჩივრებით მომართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

კასატორები _ მ.ს დამცველი ადვოკატები _ ი.გ და გ.ნ ითხოვენ მ.ს გამართლებას, იმ მოტივით, რომ მას მსჯავრი დაედო ერთი და იმავე მტკიცებულებებზე დაყრდნობით თავდაპირველად გაუფრთხილებლობით, ხოლო ამჟამად _ განზრახ ჩადენილი დანაშაულებისათვის; რომ ფოთის საქალაქო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების განაჩენები ეყრდნობა მხოლოდ მოწმე მ.მ ურთიერთგამომრიცხავ და ცრუ ჩვენებებს, რომელიც მოგონილია და არ ასახავს რეალურ სურათს.

კასატორი _ კ.ა დამცველი, ადვოკატი _ ა.ქ ითხოვს მსჯავრდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას, იმ მოტივით, რომ წინასწარი და სასამართლო გამოძიება წარიმართა ცალმხრივად მხოლოდ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით, ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ კ.ა ბრალს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულების _ მ.ს და კ.ა მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოთხოვნების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ მ.ს დამცველი ადვოკატების _ ი.გ და გ.ნ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო მსჯავრდებულ კ.ა დამცველის, ადვოკატ ა.ქ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ მ.ს და კ.ა ბრალდების საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება, რომ მათ ნამდვილად ჩაიდინეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 დეკემბრის განაჩენით მათთვის ინკრიმინირებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები. მათი ბრალეულობა დადასტურებულია დაზარალებულის უფლებამონაცვლის ლ.მ ჩვენებით (ტომი. 9. ს.ფ. 196-200; პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი ტომი. 13. ს.ფ. 249-254); ასევე მოწმეების _ მ.მ (ტომი. 11. ს.ფ. 13-22, 139-156, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი ტომი 13. ს.ფ. 201-225), რ.გ (ტომი. 10. ს.ფ. 37-49; ტ.11. ს.ფ 5-12, 157-163. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი ტომი 13. ს.ფ. 158-169), გ.ს (ტომი. 10. ს.ფ 53-56. ტომი. 11. ს.ფ. 23-26, 180-186; პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი ტომი. 13 ს.ფ. 174-185), მ.ჯ (ტომი. 11. ს.ფ. 172-175; პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი ტომი. 13. ს.ფ. 185-192), ს.ჯ (ტომი. 11. ს.ფ. 176-179; პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი. ტომი 13 ს.ფ. 192-196), რ.კ (ტომი. 13. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი ს.ფ. 197-201), ზ.ჩ (ტომი. 7. ს.ფ. 204-205; პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი ტომი. 13 ს.ფ. 227-230), ა.მ (ტომი. 4. ს.ფ. 120-128; პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი. ტომი 13. ს.ფ. 239-245), კ.ჟ (ტომი. 10. ს.ფ. 73-74; პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი ტომი 13 ს.ფ. 255-257), გ.ღ (ტომი. 10. ს.ფ. 75-76; პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი. ტომი. 13. ს.ფ. 257-260), ლ.ჩ (ტომი. 6. ს.ფ. 188-190; პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი. ტომი. 13. ს.ფ. 260-265), მ.ს (ტომი. 8. ს.ფ. 72-73; პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი. ტომი 13. ს.ფ 265), კ.კ (ტომი. 11. ს.ფ. 27-30, 168-171; პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი. ტომი.13. ს.ფ. 265) ჩვენებებით.

მსჯავრდებულების მ.ს და კ.ა მიერ დანაშაულთა ჩადენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებულობას ადასტურებს ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, კერძოდ:

თ.მ პირადი ჩხრეკის ოქმი, მ.ს ბინაში ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღებული კვლების ნიმუშები, მ.ს ახსნა-განმარტება, თ.მ ჩამორთმეული ახსნა-განმარტება, მ.ს მოწმის დაკითხვის ოქმი, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ¹კ/323 გარდაცვლის თ.მ მიმართ, ხელწერილის ექსპერტიზის დასკვნით დათარიღებული 2002 წლის 05 ივლისით და თ.მ მიმართ სიხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილება (ტომი. 1. ს.ფ. 8, 14-16; 20; 113-116; 217-220; 222-225; 61-71; 72-73; 107-111); მოწმის მ.მ ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმი თანდართული სქემით, სასამართლო-სამედიცინო კომისიური ექსპერტიზის დასკვნა ¹2006/1 გარდაცვლილ თ.მ მიმართ, მომხდარი ფაქტის გამო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი 2001 წლის 14 ივლისი (ტომი. 2. ს.ფ. 19-26; 112-118; 89-111); საქმეში არსებული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენების ასლები (ტომი. 3 ს.ფ. 1-160); ასევე მოწმეების: ვ.ხ, კ.კ, გ.გ და ზ.მ ჩვენებები (ტომი. 4 ს.ფ. 157-159; ტომი 7. ს.ფ. 212-213; ტომი 10. ს.ფ. 50-52; 222-223; პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი ტომი. 13. ს.ფ. 230-233; 233-235; 235-239; 246-249).

ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოჩამოთვლილი მტკიცებულებები მოპოვებულია წინასწარი და სასამართლო გამოძიების სტადიაზე საპროცესო ნორმების დაცვით. საქმეში არ არსებობს სხვა ისეთი მტკიცებულებები, რომლებითაც გაბათილდებოდა, ანდა ეჭვქვეშ დადგებოდა მ.ს და კ.ა მიმართ განაჩენით შერაცხული ბრალდება. სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკვალიფიცირა მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი ქმედება და არ არსებობს საფუძველი მისი შეცვლისათვის.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს მსჯავრდებულ მ.ს მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 დეკემბრის განაჩენზე, რომელზეც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დაუშვებლად. აღნიშნული განაჩენით მ.ს მსჯავრდება განხორციელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე _ სამსახურებრივი გულგრილობისათვის, რამაც გამოიწვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. რაც შეეხება, თავად დანაშაულებრივ ქმედებას, გამოიხატა მასში, რომ მ.ს, როგორც ქ. ფოთის შს სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსს დაეკისრა პასუხისმგებლობა დროის მონაკვეთში, რომელიც დაიწყო ქ. ფოთში მცხოვრები მ.ს ბინიდან ტელევიზორისა და ვიდეო-მაგნიტაფონის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევის დაწყებიდან დამთავრებული თ.მ გარდაცვალებით, მის სამმართველოში განხორციელებულ კანონდარღვევებზე, თუმცა მის მიერ დანაშაულის ჩადენა პირველ ეტაპზე შეფასდა როგორც მისი მოვალეობებისადმი გაუფრთხილებელი დამოკიდებულება და შესაბამისად დაკვალიფიცირდა, როგორც გულგრილობა, მძიმე შედეგით.

ამასთან, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 დეკემბრის განაჩენებით, წინა განაჩენებისაგან განსხვავებით შეიცვალა მხოლოდ მ.ს მიერ ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივი შეფასება, გარდა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილისა, რომელიც წინა ბრალდებისგან განსხვავებით ფაქტობრივადაც ახალი შინაარსისაა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 19 დეკემბრის განაჩენში ამ გარემოებაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უკანასკნელ ეტაპზე სასამართლოებმა უარყვეს არა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არამედ მათი სამართლებრივი შეფასება, რაც ასევე მნიშვნელოვანი და აუცილებელი რგოლია ერთი დანაშაულის ფარგლებში პირის რამდენიმეჯერ მსჯავრდების საკითხის განხილვისას. პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 113-ე მუხლი არ გულისხმობს მხოლოდ სამართლებრივი შეფასების უარყოფის შესაძლებლობას. ამ მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, აუცილებელია არა მხოლოდ სამართლებრივი შეფასების, არამედ ფაქტობრივი გარემოებების უარყოფაც, რასაც, როგორც აღინიშნა, ადგილი არ ჰქონია. სწორედ ფაქტობრივი გარემოებების უარყოფა იწვევს სამართლებრივი შეფასების კორექტირებას და არა პირიქით. გარდა ამისა, სსსკ-ის 113-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულ «სხვა სისხლის სამართლის საქმეში» იგულისხმება არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ შინაარსობრივადაც სხვა სისხლის სამართლის საქმე.

პირის ერთი და იმავე დანაშაულისათვის ორჯერ დასჯის დაუშვებლობის გარანტიები უზრუნველყოფილია არა მარტო სისხლის საპროცესო კანონმდებლობით, რომლის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის «ი» ქვეპუნქტი ავალდებულებს პროცესის მწარმოებელ ორგანოს შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა იმ შემთხვევაში, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი იმავე ბრალდების გამო, არამედ ქვეყნის უზენაესი კანონით _ კონსტიტუციითაც, რომელიც აყალიბებს საყრდენ მიმართულებებს ამ კუთხითაც. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად: «არავის არ შეიძლება განმეორებით დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის».

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ერთი და იმავე დანაშაულისათვის განმეორებით მსჯავრდების აკრძალვა გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 ოქმის მე-4 მუხლითაც, რომლის მიხედვით პრინციპი «ნონ ბის ინ იდემ» მოქმედებას იწყებს სწორედ ერთი სახელმწიფოს ფარგლებში სასამართლოების მიერ პირის ერთი და იმავე დანაშაულისათვის ორჯერ გასამართლებისას ან დასჯისას.

პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული დანაწესების საწინააღმდეგოდ, პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებმა წარსულში არსებული გარემოებების საფუძველზე მსჯავრდებულ მ.ს მიმართ განიხილეს სისხლის სამართლის საქმე, საქართველოს სსკ-ის 24-ე და 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ და ,,თ’’ ქვეპუნქტების, სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,’’ ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებისა და სსკ-ის 24-ე და 335-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბრალდებით და დაუნიშნეს სასჯელი, რის გამოც, საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის «ი» ქვეპუნქტის შესაბამისად, მ. ს-ის მიმართ ამ ნაწილში უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.

რაც შეეხება სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მ.ს მიმართ სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს, ასევე მსჯავრდებულ კ.ა მიმართ სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ და ,,თ’’ ქვეპუნქტებითა და იმავე კოდექსის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულ სასჯელებს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ისინი განსაზღვრულია მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, დამდგარი შედეგისა და თვით მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, და, ამდენად, არ არსებობს საფუძველი მისი შეცვლისათვის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის «ი» ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ.ს დამცველი ადვოკატების _ ი.გ და გ.ნ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო მსჯავრდებულ კ.ა დამცველის, ადვოკატ ა.ქ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 დეკემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა მსჯავრდებულ მ.ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 24-ე მუხლითა და 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ და ,,თ’’ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,’’ ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 24-ე მუხლითა და 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის.

მსჯავრდებულ მ.ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 3 (სამი) დღის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2008 წლის 13 მარტიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.