გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.11.2022
საქმის ნომერი
ბს-1181(2კ-21)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.11.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ბს-1181(2კ-21) 16 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

თამარ ოქროპირიძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

კასატორი (მოპასუხე) - სს „ ს...“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ.ბ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სააღსრულებო წარმოების განახლება და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა გ.ბ-მა მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სს „ს...ის“ მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 ივნისის №2691 ბრძანება; ბ) მოპასუხეს დაევალოს სააღსრულებო წარმოების გაგრძელება მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე; გ) დაეკისროს სს „ს...ის“ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება აღდგენილი ტოლფასი სამუშაოს ანაზღაურების მიხედვით, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

1.1. სარჩელის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილების 1.2 და 2 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება: მოსარჩელე აღდგენილ იქნა სს „ს...ის“ ფილიალ „...ის სამსახურში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე; სს „ს...ის“ მოსარჩელის სასარგებლოდ 2014 წლის 17 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში) განაცდურის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 1250 ლარის ანაზღაურება. ასევე, სს „ს...ის“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რაც აღსასრულებლად გადაეცა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს. სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდა მხოლოდ განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2017 წლის 21 ივნისის №2691 ბრძანებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება სააღსრულებო ფურცლის სრულად აღსრულების გარეშე მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ. აღნიშნულის საფუძველი გახდა სს „ს...ის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მ.ბ-ის 2017 წლის 22 მაისის №2861 წერილი, რომლის თანახმად აღარ არსებობს მოსარჩელის თანამდებობა, რომელსაც იგი გათავისუფლებამდე იკავებდა. 2017 წლის 19 ივნისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოთხოვნით, რომ აღსრულება განხორციელებულიყო ტოლფას თანამდებობაზე, რაზეც სასამართლოზეც იყო მსჯელობა, როცა მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლოს წარუდგინა ცნობა, რომ იმ დროისთვის არ არსებობდა მოსარჩელის თანამდებობის ვაკანსია. თბილისის სააღსრულებო ბიუროდან 2017 წლის 20 ივნისს წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას არ ითვალისწინებს სააღსრულებო ფურცელი, რის გამოც ვერ დააკმაყოფილებდამის მოთხოვნას.

1.2. მოპასუხე სს „ს...იმ“ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 16 მაისს „ს...ის“ ჩაბარდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე. „ს...იმ“ სისრულეში მოიყვანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, კერძოდ, იძულებითი აღსრულების პროცედურის წამოწყების გარეშე, კრედიტორ გ.ბ-ს 2017 წლის 19 მაისს ნებაყოფლობით გადაურიცხა სასამართლოს გადაწყვეტილებით მიკუთვნებული თანხა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან მის აღსრულებამდე (18.05.2017 წლის მდგომარეობით - ჯამში 37625 ლარის ოდენობით საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). რაც შეეხება სასამართლოს დავალებას გ.ბ-ის ტექნიკური დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის სამსახურში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, აღნიშნულის განხორციელება ფაქტობრივად შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ასეთი თანამდებობა გადაწყვეტილების აღსრულების დროისთვის აღარ არსებობდა.

სს „ს...ის“ დირექტორთა საბჭოს 2016 წლის 27 აპრილის №19/13 დადგენილების საფუძველზე სს „ს...ის“ ფილიალ „...ას“ სტრუქტურასა და საშტატო განრიგში განხორციელებული ცვლილებების შედეგად გაუქმდა ინფრასტრუქტურის სამსახური და შეიქმნა მოძრავი შემადგენლობისა და ინფრასტრუქტურის დარგის ტექნიკური დეპარტამენტის ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის სამსახური, რომელმაც შეითავსა ადმინისტრაციული სამსახურის ქონებრივი და საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფის სექტორის ქონებრივ საკითხებში კოორდინატორის ფუნქცია-მოვალეობები. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე - 22.06.2016 წლამდე, უკვე განხორციელებული იყო სტრუქტურული ცვლილებები და შექმნილი იყო ფუნქციურად და დანიშნულებით ახალი სამსახური, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაცია შესაბამისი მტკიცებულებებით წარდგენილ იქნა სააპელაციო სასამართლოში. თუმცა, 22.06.2016 წლის სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მაინც აღდგენილ იქნა სს „ს...ის“ ფილიალ „...ის“ ...ის სამსახურში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

სს „ს...ის“ დირექტორთა საბჭოს 2017 წლის 1 მარტის №24/11 დადგენილებით, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განხორციელდა რეორგანიზაცია და შეიქმნა ახალი სტრუქტურა, კერძოდ, 01.03.2017 წ. №14/11 დადგენილებისა და მისი დანართი №1-ის შესაბამისად ფილიალის საშტატო განრიგიდან ამოღებულ იქნა მოძრავი შემადგენლობისა და ინფრასტრუქტურის დარგში ფილიალის დირექტორის მოადგილის საკურატორო სფეროში შემავალი ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის სამსახური და ახალ საშტატო განრიგში ოპერაციათა მართვის დეპარტამენტში შევიდა ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის სამსახური 4-კაციანი შემადგენლობით (უფროსის მოადგილე და ორი წამყვანი სპეციალისტით). ამჟამად კი აღნიშნულ სამსახურში სულ 3 თანამშრომელია (უფროსი, მოადგილე და 1 წამყვანი სპეციალისტი). ამასთან, წამყვანი სპეციალისტის თანამდებობა ფუნქციონალური თვალსაზრისით რადიკალურად განსხვავდება იმ პოზიციისგან, რასაც გ.ბ-ი იკავებდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე, შესაბამისად, განსხვავებულია შრომის ანაზღაურების ოდენობაც.

მოსარჩელე ითხოვს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2017 წლის 21 ივნისის №2691 ბრძანების ბათილად ცნობას და სააღსრულებო წარმოების გაგრძელებას მისი სამსახურის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე. მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ შეიძლება დაკმაყოფილდეს, რადგან გარდა იმისა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს აღდგენას ტოლფას თანამდებობაზე, ასეთი ტოლფასი თანამდებობა საერთოდ არ არსებობს სს „ს...ში“.

მოპასუხის განმარტებით, სს „ს...ის“ ფილიალ „...ში“ 2016 და 2017 წლებში ჩატარებული რეორგანიზაცია არის ის ფაქტობრივი გარემოება, რაც შეუძლებელს ხდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას აღდგენის ნაწილში, შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 ივნისის №2691 ბრძანება გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

1.3. მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სააღსრულებო წარმოების მასალების მიხედვით მოვალის, სს „ს...ის“, მიერ კრედიტორისათვის გადახდილ იქნა სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული, განაცდურის სახით დაკისრებული თანხა, ჯამში 30 100 ლარის ოდენობით. რაც შეეხება კრედიტორის თანამდებობაზე აღდგენის საკითხს, მოვალის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ „ს...ის“ დირექტორთა საბჭოს 2015 წლის 29 აპრილის №43/15, 2016 წლის 27 აპრილის №19/13 და 2017 წლის 1 მარტის №24/11 დადგენილებებით სს „ს...ის“ ფილიალ „...ის“ სტრუქტურასა და საშტატო განრიგში განხორციელდა ცვლილებები, რის შედეგადაც „ს...ის“ ფილიალ „...ში“ არ არსებობს ...ის სამსახურის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა. ამდენად, დღეის მდგომარეობით, არ არსებობს ის თანამდებობა, რომელზეც სასამართლოს გადაწყვეტილებითა და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად უნდა მომხდარიყო კრედიტორის, გ.ბ-ის, აღდგენა. ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, შეუძლებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცემული №... სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად სააღსრულებო წარმოების განხორციელება და სააღსრულებო ფურცლის სრულად აღსრულება მასში განსაზღვრული ფორმის მიხედვით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ.ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივნისის (საქმე №2ბ/5997-15) გადაწყვეტილებით გ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილების 1.2. და 2 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება: გ.ბ-ი აღდგენილ იქნა სს „ს...ის“ ფილიალ „...ის“ ...ის სამსახურში, უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე; სს „ს...ის“ გ.ბ-ის სასარგებლოდ 2014 წლის 17 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში) განაცდურის სახით დაეკისრა ყოველთვიურად - 1 250 ლარის ანაზღაურება. სს „ს...ის“ გ.ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ, 2017 წლის 11 აპრილს გაიცა №... სააღსრულებო ფურცელი; ბ) 2017 წლის 24 აპრილს, გ.ბ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილის №... სააღსრულებო ფურცლის აღსრულება; გ) თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა, 2017 წლის 29 აპრილს, მოვალეს - სს „ს...ის“ გაუგზავნა №... წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, ხოლო შემდგომ, 2017 წლის 11 მაისს გაუგზავნა №... წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ; დ) წინადადების პასუხად სს „ს...ის“ 2017 წლის 22 მაისის წერილით აღმასრულებელს ეცნობა, რომ „ს...იმ“ სისრულეში მოიყვანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, კერძოდ, იძულებითი აღსრულების პროცედურის წამოწყების გარეშე, კრედიტორ - გ.ბ-ს ა.წ. 19 მაისს ნებაყოფლობით გადაუხადა სასამართლოს გადაწყვეტილებით მიკუთვნებული თანხა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან მის აღსრულებამდე (18.05.2017 წლის მდგომარეობით - ჯამში 37 625 ლარის ოდენობით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). რაც შეეხებოდა სასამართლოს დავალებას გ.ბ-ის პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, მიუთითა, რომ აღნიშნულის განხორციელება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო იმ მიზეზით, რომ სს „ს...ის“ დირექტორთა საბჭოს 2015 წლის 29 აპრილის №43/15, 2016 წლის 27 აპრილის №19/13 და 2017 წლის 1 მარტის №24/11 დადგენილების საფუძველზე სს „ს...ის“ ფილიალ „...ას“ სტრუქტურასა და საშტატო განრიგში შეტანილი იქნა ცვლილებები, რის შედეგადაც სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული პოზიცია, რომელიც სამუშაოდან გათავისუფლებამდე ეკავა აპელანტს, დღეის მდგომარეობით არ არსებობდა. ასევე, არ არსებობდა მისი ტოლფასი თანამდებობა, რამეთუ ამჟამად არსებულ ფილიალ „...ას“ ...ის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაც კი ფუნქციონალური თვალსაზრისით, რადიკალურად განსხვავდებოდა იმ პოზიციისგან, რასაც გ.ბ-ი იკავებდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე, შესაბამისად, განსხვავებული იყო შრომის ანაზღაურების ოდენობაც. ამავე განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტობრივი გარემოების გამო თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი იყო, მოვალემ მოითხოვა გადაწყვეტილების მიღება კრედიტორისათვის სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნების შესახებ; ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 ივნისის №2691 ბრძანებით, კრედიტორ - გ.ბ-ს დაუბრუნდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული №... სააღსრულებო ფურცელი ნაწილობრივ შეუსრულებელი სახით (სააღსრულებო საქმე №..). გადაწყვეტილებაში მითითებული იქნა, რომ შეუძლებელი იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცემული №... სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად სააღსრულებო წარმოების განხორციელება და სააღსრულებო ფურცლის სრულად აღსრულება მასში განსაზღვრული ფორმის მიხედვით, კერძოდ, სააღსრულებო წარმოების მასალებით დგინდებოდა, რომ მოვალის - „ს...ის“ მიერ კრედიტორისათვის გადახდილი იქნა სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული, განაცდურის სახით დაკისრებული თანხა, ჯამში - 30 100 ლარის ოდენობით. რაც შეეხებოდა კრედიტორის თანამდებობაზე აღდგენის საკითხს, მოვალის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით დგინდებოდა, რომ „ს...ის“ დირექტორთა საბჭოს 2015 წლის 29 აპრილის №43/15, 2016 წლის 27 აპრილის №19/13 და 2017 წლის 1 მარტის №24/11 დადგენილებით სს „ს...ის“ ფილიალ - „...ის“ სტრუქტურასა და საშტატო განრიგში განხორციელდა ცვლილებები, რის შედეგადაც „ს...ის“ ფილიალ - „...ში“ არ არსებობდა ის თანამდებობა, რომელზეც სასამართლოს გადაწყვეტილებითა და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად უნდა მომხდარიყო კრედიტორის - გ.ბ-ის აღდგენა; ვ) ზემოაღნიშნული ბრძანების თაობაზე გ.ბ-ს ეცნობა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 23 ივნისის №... წერილით და განემარტა, რომ ვინაიდან შეუძლებელი იყო სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სააღსრულებო წარმოების განხორციელება, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი უბრუნდებოდა ნაწილობრივ შეუსრულებელი სახით; ზ) სს „ს...ის“ დირექტორთა საბჭოს 2015 წლის 29 აპრილის №43/15 დადგენილებით დამტკიცდა სს „ს...ის“ ფილიალ - „...ას“ სტრუქტურისა და საშტატო განრიგის დანართები №1 და №2-ის შესაბამისად. დანართის შესაბამისად საშტატო განრიგით გათვალისწინებულ იქნა ინფრასტრუქტურის სამსახური; თ) სს „ს...ის“ დირექტორთა საბჭოს 2016 წლის 27 აპრილის №19/13 დადგენილებით განხორციელდა ცვლილება სს „ს...ის“ ფილიალ „...ას“ სტრუქტურისა და საშტატო განრიგში დანართი №1-ის შესაბამისად. დანართით დგინდება, რომ ამოღებული იქნა მოძრავი შემადგენლობისა და ინფრასტრუქტურის დარგში ინფრასტრუქტურის სამსახური და ტექნიკური დანადგარების ექსპლუატაციის სექტორი. ასევე დგინდება, რომ საშტატო განრიგში შეტანილი იქნა ტექნიკური დეპარტამენტი და ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის სამსახური; ი) სს „ს...ის“ დირექტორთა საბჭოს 2017 წლის 1 მარტის №24/11 დადგენილებით ცნობად იქნა მიღებული სს „ს...ის“ ფილიალ - „...ას“ და მართვის ცენტრალური აპარატის ოპერაციათა მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 1 მარტის №9250 ერთობლივი მოხსენებითი ბარათი; საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სს „ს...ის“ მართვის ცენტრალური აპარატის და ფილიალ - „...ას“ ცალკეული სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაცია და სტრუქტურას, საშტატო განრიგსა და სახელშეკრულებო ფონდში ცვლილებების შეტანა დანართები №1 და №2-ის შესაბამისად. დანართით ამოღებული იქნა მოძრავი შემადგენლობისა და ინფრასტრუქტურის დარგში შემავალი ტექნიკური დეპარტამენტი; კ) 23.03.2018 წლის მდგომარეობით სს „ს...ის“ ფილიალ - „...ის“ საშტატო განრიგით გათვალისწინებული იქნა ოპერაციათა მართვის დეპარტამენტში ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის სამსახური.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, მე-20 მუხლზე, 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე, 25-ე მუხლზე, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა მოსარჩელის კონკრეტულ თანამდებობაზე (სს „ს...ის“ ფილიალ - „...ის“ ...ის სამსახურში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე) აღდგენა, რომელიც გადაწყვეტილების აღსრულების დროისათვის აღარ არსებობდა, აღსრულების ეროვნული ბიურო მოკლებული იყო შესაძლებლობას აღსრულება გაეგრძელებინა გადაწყვეტილების აღსრულების ფაქტობრივად შეუძლებლობის საფუძვლით. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით არ მომხდარა მოსარჩელის გათავისუფლებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის დავალება. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება ვერ იქნებოდა სააღსრულებო ფურცელში მითითებული და აღსრულების ეროვნული ბიურო ვერ გასცდებოდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების მოთხოვნის ფარგლებს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 ივნისის №2691 ბრძანება კანონიერია და განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისათვის სააღსრულებო წარმოების გაგრძელების დავალების (მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და სს „ს...ისთვის“ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება აღდგენილ ტოლფასი სამუშაოს ანაზღაურების მიხედვით, გადაწყვეტილების აღსრულებამდე) სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ.ბ-მა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება გ.ბ-ის პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით (მოპასუხეები სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, სს „ს...“, მოთხოვნა - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 ივნისის №2691 ბრძანების ბათილად ცნობა) მოსარჩელის განცხადების საფუძველზე დავის საგნის არ არსებობის გამო.

ამავე განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება გ.ბ-ის მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით (მოპასუხეები სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, სს „ს...“, მოთხოვნა - დაევალოს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააღსრულებო წარმოების გაგრძელება მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე) მოსარჩელის განცხადების საფუძველზე დავის საგნის არ არსებობის გამო.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილზე, მესამე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე, 378-ე მუხლზე, 272-ე მუხლის ა1 პუნქტზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2020 წლის 30 სექტემბერს მოწინააღმდეგე მხარის სს „ს...ის“ წარმომადგენელმა წარმოადგინა განცხადება, რომლის თანახმად სს „ს...ის“ „...ის“ დირექტორის 2020 წლის 25 აგვისტოს №3204 ბრძანებით გ.ბ-ი დაინიშნა სს „ს...ის“ ფილიალ „...ის“ ...ში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე; მისი თვიური სარგო შეადგენს 1255 ლარს. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე აპელანტმა განაცხადა, რომ პირველ და მეორე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, კერძოდ, ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 ივნისის №2691 ბრძანება და მოპასუხეს დაევალოს სააღსრულებო წარმოების გაგრძელება მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე, უარს ამბობს და იშუამდგომლა აღნიშნულ ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ.ბ-ის სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 ივნისის №2691 ბრძანება გ.ბ-ის სასარგებლოდ სს „ს...ისათვის“ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ შეუსრულებელი სახით დაბრუნების ნაწილში; დაევალა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გააგრძელოს ამ ნაწილში სააღსრულებო წარმოება, რათა სს „ს...ის“ დაეკისროს გ.ბ-ის სასარგებლოდ 2017 წლის 19 მაისიდან 2020 წლის 25 აგვისტომდე განაცდურის სახით ყოველთვიურად 1250 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, სს „ს...ის“ 2020 წლის 25 აგვისტოს №3204 ბრძანებით გ.ბ-ი მიღებულ იქნა სამსახურში 2020 წლის 24 აგვისტოდან განუსაზღვრელი ვადით სს „ს...ის“ ფილიალ „...ის“ ...ში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე და მისი თვიური სარგოა 1255 ლარი. საქმეში წარმოდგენილია სს „ თ...ის“ მიერ 2017 წლის 19 მაისს გაცემული საგადასახადო დავალება, რომლითაც დგინდება, რომ სს „ს...ის“ ანგარიშიდან გ.ბ-ს დაერიცხა 30 100 ლარი, გადახდის დანიშნულება: იძულებითი განაცდურის თანხა 2014 წლის 17 ნოემბრიდან 2017 წლის 18 მაისის ჩათვლით, დამატებითი ინფორმაცია: №... ბიუროს წერილი №... 11.05.2017წ. სს „ს...ის“ 2020 წლის 25 აგვისტოს №3204 ბრძანების პირობებში, რამდენადაც სახეზეა სს „ს...ის“ მხრიდან მოსარჩელის - გ.ბ-ის სამსახურში მიღება, აღნიშნული მოცემულობა წარმოადგენს სს „ს...ის“ მიერ მოსარჩელისათვის მის სამსახურში აღდგენამდე არსებული პერიოდით მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების და შესაბამისად სააღსრულებო ბიუროს მხრიდან ამ ნაწილში სააღსრულებო წარმოების გაგრძელების ფაქტობრივ საფუძველს.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და სს „ს...იმ“.

6.1. კასატორის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს განმარტებით, სს „ს...ის“ მიერ გ.ბ-ის სამსახურში აღდგენა განხორციელდა მას შემდეგ, როდესაც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაბრუნებული იყო მოსარჩელის მიერ წარდგენილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი. ანუ, აღდგენა მოხდა არა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებიდან გამომდინარე, არამედ საკუთარი ნებით. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ ეს გარემოება ჩათვალა გადაწყვეტილების აღსრულების ნაწილად და დაავალა აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2017 წლის 19 მაისიდან 2020 წლის 25 აგვისტომდე განაცდურის სახით ყოველთვიურად 1250 ლარის ანაზღაურება.

6.2. კასატორის - სს „ს...ის“ განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნა იყო სააღსრულებო წარმოების გაგრძელება მისი ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი სს „ს...ის“ არ დაკისრებია მოსარჩელის არც ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და არც აღდგენილი ტოლფასი სამუშაოს ანაზღაურების მიხედვით განაცდურის ანაზღაურება. შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო ვერ გასცდებოდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების მოთხოვნის ფარგლებს.

საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე, მხარეთა მორიგების მიზნებისთვის სასამართლოს შემოთავაზების შედეგად მოხერხდა გ.ბ-ის „ს...ში“ დასაქმება. ის სს „ს...ის“ „...ის“ დირექტორის 2020 წლის 25 აგვისტოს №3204 ბრძანებით დაინიშნა სს „ს...ის“ ფილიალის „...“ ...ში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე თვიური თანამდებობრივი სარგოთი 1255 ლარი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 6 ოქტომბრის სხდომაზე გ.ბ-მა პირველ და მეორე სასარჩელო მოთხოვნებზე უარი განაცხადა და იშუამდგომლა აღნიშნულ ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 06.10.2020 წლის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება გ.ბ-ის პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და სს „ს...ის“ მიმართ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 ივნისის №2691 ბრძანების ბათილად ცნობასთან მიმართებით მოსარჩელის განცხადების საფუძველზე დავის საგნის არარსებობის გამო; ასევე შეწყდა საქმის წარმოება გ.ბ-ის მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით - დაევალოს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააღსრულებო წარმოების გაგრძელება მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე. შესაბამისად, დარჩა მხოლოდ ერთი სასარჩელო მოთხოვნა, ანუ მესამე მოთხოვნა, რომელიც მიმართული იყო სს „ს...ის“ მიმართ და არა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ, რომ სს „ს...ის“ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება აღდგენილი ტოლფასი სამუშაოს ანაზღაურების მიხედვით გადაწყვეტილების აღსრულებამდე, თუმცა, რამდენი იყო ეს ანაზღაურების ოდენობა, არ ყოფილა მის მიერ დაზუსტებული. იმ მოცემულობაში, როდესაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 ივნისის №2691 ბრძანება კრედიტორისთვის სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების თაობაზე კანონიერად იქნა მიჩნეული, აპელანტს ამასთან დაკავშირებით პრეტენზია არ ჰქონდა, ამ ბრძანების ბათილობას აღარ ითხოვდა და დავის საგნის არარსებობის გამო 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოება შეწყვეტილი იყო, სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი აღნიშნული ბრძანება და ამასთან, სრულიად უსაფუძვლოდ სასარჩელო მოთხოვნის გვერდის ავლით, სააღსრულებო ბიუროს დაევალა სააღსრულებო წარმოების გაგრძელება, რათა სს „ს...ის“ დაეკისროს გ.ბ-ის სასარგებლოდ 2017 წლის 19 მაისიდან 2020 წლის 25 აგვისტომდე ყოველთვიურად 1250 ლარის ანაზღაურება, რასაც აპელანტი არ ითხოვს. აპელანტის მოთხოვნა იყო ტოლფასი სამუშაოს ანაზღაურების მიხედვით განაცდურის ანაზღაურება, რაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით არ ჰქონდა დაკისრებული სს „ს...ის“.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „ს...ის“საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და სს „ს...ის“ საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა მიჩნეული. მხარეებს განემარტათ, რომ საკასაციო საჩივარი არსებითად განხილული იქნებოდა მათი დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მათი შესწავლისა და ანალიზის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების მოტივების შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და სს „ს...ის“ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება გ.ბ-ის სარჩელის უარყოფის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები); ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასებითაა განპირობებული, რაც საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებას ანიჭებს, თავად მიიღოს გადაწყვეტილება.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივნისის (საქმე №2ბ/5997-15) გადაწყვეტილებით გ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილების 1.2. და 2 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: გ.ბ-ი აღდგენილი იქნა სს „ს...ის“ ფილიალ „...ის“ ...ის სამსახურში, უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე; სს „ს..ი.ს“ გ.ბ-ის სასარგებლოდ 2014 წლის 17 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში) განაცდურის სახით დაეკისრა ყოველთვიურად - 1 250 ლარის ანაზღაურება; სს „ს...ის“ გ.ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2017 წლის 11 აპრილს გაიცა №... სააღსრულებო ფურცელი; ბ) 2017 წლის 24 აპრილს, გ.ბ-მა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილის №... სააღსრულებო ფურცლის აღსრულება; გ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა, 2017 წლის 29 აპრილს, მოვალეს - სს „ს...ის“ გაუგზავნა №... წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, ხოლო შემდგომ, 2017 წლის 11 მაისს გაუგზავნა №... წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ; დ) წინადადების პასუხად სს „ს...ის“ 2017 წლის 22 მაისის წერილით აღმასრულებელს ეცნობა, რომ „ს...იმ“ სისრულეში მოიყვანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, კერძოდ, იძულებითი აღსრულების პროცედურის წამოწყების გარეშე, კრედიტორ - გ.ბ-ს ა.წ. 19 მაისს ნებაყოფლობით გადაუხადა სასამართლოს გადაწყვეტილებით მიკუთვნებული თანხა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან მის აღსრულებამდე (18.05.2017 წლის მდგომარეობით - ჯამში 37 625 ლარის ოდენობით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). რაც შეეხებოდა სასამართლოს დავალებას გ.ბ-ის პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, მიუთითა, რომ აღნიშნულის განხორციელება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო იმ მიზეზით, რომ სს „ს...ის“ დირექტორთა საბჭოს 2015 წლის 29 აპრილის №43/15, 2016 წლის 27 აპრილის №19/13 და 2017 წლის 1 მარტის №24/11 დადგენილების საფუძველზე სს „ს...ის“ ფილიალ „...ას“ სტრუქტურასა და საშტატო განრიგში შეტანილი იქნა ცვლილებები, რის შედეგადაც სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული პოზიცია, რომელიც სამუშაოდან გათავისუფლებამდე ეკავა აპელანტს, არ არსებობდა. ასევე არ არსებობდა მისი ტოლფასი თანამდებობა, რამეთუ ამჟამად არსებულ ფილიალ „...ას“ ...ის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაც კი ფუნქციონალური თვალსაზრისით, რადიკალურად განსხვავდებოდა იმ პოზიციისგან, რასაც გ.ბ-ი იკავებდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე, შესაბამისად, განსხვავებული იყო შრომის ანაზღაურების ოდენობაც. ამავე განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტობრივი გარემოების გამო თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი იყო, მოვალემ მოითხოვა კრედიტორისათვის სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნება; ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 ივნისის №2691 ბრძანებით, კრედიტორ - გ.ბ-ს დაუბრუნდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული №... სააღსრულებო ფურცელი ნაწილობრივ შეუსრულებელი სახით (სააღსრულებო საქმე №...). გადაწყვეტილებაში მითითებული იქნა, რომ შეუძლებელი იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული №... სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად სააღსრულებო წარმოების განხორციელება და სააღსრულებო ფურცლის სრულად აღსრულება მასში განსაზღვრული ფორმის მიხედვით, კერძოდ, სააღსრულებო წარმოების მასალებით დგინდებოდა, რომ მოვალის - სს „ს...ის“ მიერ კრედიტორისათვის გადახდილი იქნა სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული, განაცდურის სახით დაკისრებული თანხა, ჯამში - 30 100 ლარის ოდენობით. რაც შეეხებოდა კრედიტორის თანამდებობაზე აღდგენის საკითხს, მოვალის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით დგინდებოდა, რომ სს „ს...ის“ დირექტორთა საბჭოს 2015 წლის 29 აპრილის №43/15, 2016 წლის 27 აპრილის №19/13 და 2017 წლის 1 მარტის №24/11 დადგენილებით სს „ს...ის“ ფილიალ - „...ის“ სტრუქტურასა და საშტატო განრიგში განხორციელდა ცვლილებები, რის შედეგადაც „ს...ის“ ფილიალ - „...ში“ არ არსებობდა ის თანამდებობა, რომელზეც სასამართლოს გადაწყვეტილებით და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად უნდა მომხდარიყო კრედიტორის - გ.ბ-ის აღდგენა; ვ) ზემოაღნიშნული ბრძანების თაობაზე გ.ბ-ს ეცნობა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 23 ივნისის №...წერილით და განემარტა, რომ ვინაიდან შეუძლებელი იყო სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სააღსრულებო წარმოების განხორციელება, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი უბრუნდებოდა ნაწილობრივ შეუსრულებელი სახით; ზ) სს „ს...ის“ დირექტორთა საბჭოს 2015 წლის 29 აპრილის №43/15 დადგენილებით დამტკიცდა სს „ს...ის“ ფილიალ - „...ას“ სტრუქტურა და საშტატო განრიგი, დანართები №1 და №2-ის შესაბამისად. დანართის შესაბამისად საშტატო განრიგით გათვალისწინებულ იქნა ინფრასტრუქტურის სამსახური; თ) სს „ს...ის“ დირექტორთა საბჭოს 2016 წლის 27 აპრილის №19/13 დადგენილებით განხორციელდა ცვლილება სს „ს...ის“ ფილიალ „...ას“ სტრუქტურასა და საშტატო განრიგში დანართი №1-ის შესაბამისად. დანართით დგინდება, რომ ამოღებული იქნა მოძრავი შემადგენლობისა და ინფრასტრუქტურის დარგში ინფრასტრუქტურის სამსახური და ტექნიკური დანადგარების ექსპლუატაციის სექტორი. ასევე დგინდება, რომ საშტატო განრიგში შეტანილი იქნა ტექნიკური დეპარტამენტი და ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის სამსახური; ი) სს „ს...ის“ დირექტორთა საბჭოს 2017 წლის 1 მარტის №24/11 დადგენილებით ცნობად იქნა მიღებული სს „ს...ის“ ფილიალ - „...ას“ და მართვის ცენტრალური აპარატის ოპერაციათა მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 1 მარტის №9250 ერთობლივი მოხსენებითი ბარათი; საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სს „ს...ის“ მართვის ცენტრალური აპარატის და ფილიალ - „...ას“ ცალკეული სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაცია და სტრუქტურას, საშტატო განრიგსა და სახელშეკრულებო ფონდში ცვლილებების შეტანა დანართები №1 და №2-ის შესაბამისად. დანართით ამოღებული იქნა მოძრავი შემადგენლობისა და ინფრასტრუქტურის დარგში შემავალი ტექნიკური დეპარტამენტი; კ) 23.03.2018 წლის მდგომარეობით სს „ს...ის“ ფილიალ - „...ის“ საშტატო განრიგით გათვალისწინებული იქნა ოპერაციათა მართვის დეპარტამენტში ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის სამსახური; ლ) სს „ს...ის“ 2020 წლის 25 აგვისტოს №3204 ბრძანებით გ.ბ-ი მიღებულ იქნა სამსახურში 2020 წლის 24 აგვისტოდან განუსაზღვრელი ვადით სს „ს...ის“ ფილიალ „...ის“ ...ში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე და მისი თვიური სარგოა 1255 ლარი.

ასევე დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება გ.ბ-ის პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით (მოპასუხეები სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, სს „ს...“, მოთხოვნა - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 ივნისის №2691 ბრძანების ბათილად ცნობა) მოსარჩელის განცხადების საფუძველზე დავის საგნის არ არსებობის გამო. ამავე განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება გ.ბ-ის მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით (მოპასუხეები სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, სს „ს...“, მოთხოვნა - დაევალოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააღსრულებო წარმოების გაგრძელება მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე) მოსარჩელის განცხადების საფუძველზე დავის საგნის არ არსებობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ოქტომბრის განჩინების მიღების საფუძველი გახდა სს „ს...ის“ „...ის“ დირექტორის 2020 წლის 25 აგვისტოს №3204 ბრძანება, რომლითაც გ.ბ-ი დაინიშნა სს „ს...ის“ ფილიალ „...ის“ ...ში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე აპელანტმა განაცხადა, რომ პირველი და მეორე სასარჩელომოთხოვნის ნაწილში, კერძოდ, ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 ივნისის №2691 ბრძანება და მოპასუხეს დაევალოს სააღსრულებო წარმოების გაგრძელება მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე, უარს ამბობს და იშუამდგომლა აღნიშნულ ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას - მართლმსაჯულებას, სახელმწიფოს სახელით დადგენილი გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას. გათვალისწინებით იმ გარემოებისა, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა, ცხადია, რომ მხარის ინტერესს არ წარმოადგენს მხოლოდ სასურველი გადაწყვეტილების მიღება, არამედ გადამწყვეტია იმ მიზნის მიღწევა, რამაც სასამართლოსადმი მიმართვა განაპირობა. ბუნებრივია, რომ მხარის მიზანი მიღწეული ვერ იქნება გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე. სასამართლო აქტების ეფექტური აღსრულების განხორციელების აუცილებლობა დადგენილია როგორც ეროვნული, ისე ევროპული სასამართლო პრაქტიკით. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულება კონსტიტუციური პრინციპია და მის აღსრულებას სავალდებულო, იმპერატიული ბუნება აქვს. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სასამართლოს გადაწყვეტილების დროული, ეფექტიანი და ჯეროვანი აღსრულება. სააღსრულებო ორგანოებს აღსრულების პროცესში ევალებათ სამართლიანი ბალანსის დაცვა კრედიტორის მოთხოვნებსა და მოვალის, ასევე სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე სხვა პირთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება სააღსრულებო ბიუროს მიერ ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალე ნებაყოფლობით არ ასრულებს ვალდებულებას. შესაბამისად, თუ პირი, რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაეკისრა გარკვეული ვალდებულების შესრულება თავისი ნებით არ შეასრულებს ამ გადაწყვეტილებას, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, საქმეში ერთვება საამისოდ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო – სააღსრულებო ბიურო, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების მიერ მიღებული აქტების აღსრულების წესსა და პირობებს; ხოლო მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება. ამავე კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „სამართლიანი სასამართლოს“ უფლება მოიცავს არა მარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის უფლებებს, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში ცალკე მითითებული არ არის, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა აღნიშნული უფლება, როგორც „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილი მე-6 მუხლის გაგებით, კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სასამართლოსთვის მიმართვის უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობა ხელს შეუწყობდა სასამართლოს საბოლოო, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობას ერთი მხარის საზიანოდ. გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურება შეიძლება გამართლებულ იქნეს მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებებით, მაგრამ ზიანს არ უნდა აყენებდეს მე-6 მუხლით დაცული უფლების არსს (Hornsby c. Grèce, 19 mars 1997, §40, Recueil 1997-II; „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ", N40765/02, §37, 28 ნოემბერი, 2006 წელი; დადიანი და მაჩაბელი საქართველოს წინააღმდეგ, №8252/08, §43, 12 ივნისი, 2012 წელი; შპს „ამატ.ჯი“ და მებაღიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, №2507/03, §47, 27 სექტემბერი, 2005 წელი). საქმეზე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ, (№28537/02, §42, 27 სექტემბერი, 2005 წელი) სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ მაღალი ხელშემკვრელი მხარის ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობით გამოწვეულ მძიმე შედეგზე - მართლმსაჯულების აღუსრულებლობაზე. „...ჯეროვანი და ეფექტური მართლმსაჯულება მიიღწევა არა მხოლოდ სასამართლოს მიერ კონკრეტული კონფლიქტების გადაწყვეტის, არამედ, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების დროული აღსრულების უზრუნველყოფით..“ (სუს 07.03.2013წ. Nბს-727-711(კ-12) განჩინება). „..სააღსრულებო სისტემის არსებობის მიზანი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული, აღსრულებას დაქვემდებარებული აქტების სისრულეში მოყვანაა. სააღსრულებო სამართლის უმთავრეს პრინციპს კი სწრაფი, ეფექტიანი და რაც უმთავრესია, კანონშესაბამისი აღსრულების განხორციელება წარმოადგენს. სააღსრულებო სისტემას წაეყენება ეფექტიანი აღსრულების მოთხოვნა იმდენად, რამდენადაც კრედიტორმა ისედაც დიდი დრო დაკარგა უფლების აღსადგენად და მოთხოვნის აღსასრულებლად... აღსრულების პროცესი მოქნილობით უნდა ხასიათდებოდეს და უსაფუძვლო დაბრკოლებებს არ უნდა ქმნიდეს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში..“ (სუს 24.04.2014წ. Nბს-476-464(კ-13) გადაწყვეტილება).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 24 აპრილს, გ.ბ-მა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულება, რომლის თანახმად გ.ბ-ი აღდგენილი იქნა სს „ს...ის“ ფილიალ „...ის“ ...ის სამსახურში, უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე და სს „ს...ის“ გ.ბ-ის სასარგებლოდ 2014 წლის 17 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში) განაცდურის სახით დაეკისრა ყოველთვიურად - 1 250 ლარის ანაზღაურება.

ასევე დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ ვინაიდან სააღსრულებო ბიუროში მოვალის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, გადაწყვეტილების აღსრულების დროისათვის „ს...ის“ ფილიალ - „...აში“ არ არსებობდა ის თანამდებობა, რომელზეც სასამართლო გადაწყვეტილებით და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად უნდა მომხდარიყო კრედიტორის - გ.ბ-ის აღდგენა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 ივნისის №2691 ბრძანებით, კრედიტორ - გ.ბ-ს დაუბრუნდა სააღსრულებო ფურცელი ნაწილობრივ შეუსრულებელი სახით.

საყურადღებოა, რომ გ.ბ-ის მიერ სადავო არ გამხდარა მოვალე კომპანიაში აღსრულების დროისათვის სს „ს...ის“ ფილიალ „...ის“ ...ის სამსახურში უფროსი სპეციალისტის თანამდებობის არ არსებობა და მის მიერ სარჩელიც კი სასამართლოში აღძრული იქნა მოთხოვნებით - მოპასუხეს დაევალოს სააღსრულებო წარმოების გაგრძელება მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე და დაეკისროს სს „ს...ის“ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება აღდგენილი ტოლფასი სამუშაოს ანაზღაურების მიხედვით, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ როდესაც დამსაქმებელი კანონსაწინააღმდეგოდ ათავისუფლებს დასაქმებულს სამსახურიდან, ასეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგია დასაქმებულის იძულებითი მოცდენა. შესაბამისად, იძულებითი განაცდურის სამართლებრივი ბუნება უკავშირდება უკანონოდ სამსახურიდან გათავისუფლებული მუშაკის ანაზღაურებას და წარმოადგენს მუშაკის თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდულად (ყოველთვიურად) გადასახდელი ხელფასის ჯამს, რომელიც იძულებითი აღსრულების შედეგად ანაზღაურდება ერთიანად, მაშინვე როგორც კი, თანამდებობაზე აღდგენის პროცესი წარმატებით დასრულდება (თუ მხარეები სააღსრულებო წარმოების პროცესში სხვა პირობაზე არ შეთანხმდებიან).

მოცემულ შემთხვევაში დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივნისის (საქმე №2ბ/5997-15) გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, რომლითაც გ.ბ-ი აღდგენილი იქნა სს „ს...ის“ ფილიალ „...ის“ ...ის სამსახურში, უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე და სს „ს...ის“ გ.ბ-ის სასარგებლოდ 2014 წლის 17 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში) განაცდურის სახით დაეკისრა ყოველთვიურად - 1250 ლარის ანაზღაურება. ამასთან, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დამსაქმებელს დაეკისრა სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის 32.1 მუხლის (თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.), ამავე კოდექსის 44-ე მუხლის (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) და სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილისა (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 412-ე მუხლის (ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს) საფუძველზე.

სააღსრულებო წარმოების ფარგლებში გ.ბ-ის სამსახურში აღდგენა არ განხორციელებულა და სააღსრულებო ფურცელი კრედიტორს დაუბრუნდა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოვალე დამსაქმებელ კომპანიაში აღარ არსებობდა სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული თანამდებობა, რაც შეუძლებელს ხდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას. ასევე დადგენილია, რომ 2020 წლის 25 აგვისტოს №3204 ბრძანებით გ.ბ-ი მიღებული იქნა „ს...ის“ ფილიალ „...ის“ ...ში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, ანუ განხორციელდა არა სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მიმდინარე იძულებითი აღსრულების გზით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, არამედ მოხდა მხარეთა შეთანხმება ახალი შრომითი ურთიერთობის დაწყების შესახებ.

აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სს „ს...ის“ 2020 წლის 25 აგვისტოს №3204 ბრძანების პირობებში, რამდენადაც სახეზეა სს „ს...ის“ მხრიდან მოსარჩელის - გ.ბ-ის სამსახურში მიღება, აღნიშნული მოცემულობა წარმოადგენს სს „ს...ის“ მიერ მოსარჩელისათვის მის სამსახურში აღდგენამდე არსებული პერიოდით მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების და შესაბამისად, სააღსრულებო ბიუროს მხრიდან ამ ნაწილში სააღსრულებო წარმოების გაგრძელების ფაქტობრივ საფუძველს.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ მოხდა ან ნაწილობრივ მოხდა აღსრულება, უბრუნდება კრედიტორს თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია ფაქტობრივი გარემოების ან/და სამართლებრივი საფუძვლის გამო. ამ შემთხვევაში სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნების საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 ივნისის №2691 ბრძანებით, კრედიტორ - გ.ბ-ს დაუბრუნდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული №... სააღსრულებო ფურცელი ნაწილობრივ შეუსრულებელი სახით (სააღსრულებო საქმე №..). გადაწყვეტილებაში მითითებული იქნა, რომ შეუძლებელი იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცემული №... სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად სააღსრულებო წარმოების განხორციელება და სააღსრულებო ფურცლის სრულად აღსრულება მასში განსაზღვრული ფორმის მიხედვით, კერძოდ, სააღსრულებო წარმოების მასალებით დგინდებოდა, რომ მოვალის - სს „ს...ის“ მიერ კრედიტორისათვის გადახდილი იქნა სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული, განაცდურის სახით დაკისრებული თანხა, ჯამში - 30 100 ლარის ოდენობით, ხოლო რაც შეეხებოდა კრედიტორის თანამდებობაზე აღდგენის საკითხს, მოვალის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით დგინდებოდა, რომ სს „ს...ის“ დირექტორთა საბჭოს 2015 წლის 29 აპრილის №43/15, 2016 წლის 27 აპრილის №19/13 და 2017 წლის 1 მარტის №24/11 დადგენილებით სს „ს...ის“ ფილიალ - „...ის“ სტრუქტურასა და საშტატო განრიგში განხორციელდა ცვლილებები, რის შედეგადაც „ს...ის“ ფილიალ - „...აში“ არ არსებობდა ის თანამდებობა, რომელზეც სასამართლოს გადაწყვეტილებითა და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად უნდა მომხდარიყო კრედიტორის - გ.ბ-ის აღდგენა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით გ.ბ-ი აღდგენილი იქნა სს „ს...ის“ ფილიალ „...ის“ ...ის სამსახურში, უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

ასევე დადგენილია, რომ სს „ს...ის“ დირექტორთა საბჭოს 2017 წლის 1 მარტის №24/11 დადგენილებით ცნობად იქნა მიღებული სს „ს...ის“ ფილიალ - „...ას“ და მართვის ცენტრალური აპარატის ოპერაციათა მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 1 მარტის №9250 ერთობლივი მოხსენებითი ბარათი. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სს „ს...ის“ მართვის ცენტრალური აპარატის და ფილიალ - „...ას“ ცალკეული სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაცია და სტრუქტურას, საშტატო განრიგსა და სახელშეკრულებო ფონდში ცვლილებების შეტანა დანართები №1 და №2-ის შესაბამისად. დანართით ამოღებული იქნა მოძრავი შემადგენლობისა და ინფრასტრუქტურის დარგში შემავალი ტექნიკური დეპარტამენტი და23.03.2018 წლის მდგომარეობით სს „ს...ის“ ფილიალ - „...ის“ საშტატო განრიგით გათვალისწინებული იქნა ოპერაციათა მართვის დეპარტამენტში ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის სამსახური.

შესაბამისად, ვინაიდან აღსასრულებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის კონკრეტულ თანამდებობაზე (სს „ს...ის“ ფილიალ - „...ის“ ...ის სამსახურში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე) აღდგენა იყო გათვალისწინებული, რომელიც გადაწყვეტილების აღსრულების დროისათვის აღარ არსებობდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტიდან გამომდინარე აღსრულების ეროვნული ბიურო მოქმედებდა კანონის სრული დაცვით, ვინაიდან აღსრულების პროცესში გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოების გამო შეუძლებელი იყო გადაწყვეტილების აღსრულება. საყურადღებოა, რომ გ.ბ-ი არც სარჩელში და არც სააპელაციო საჩივარში არ ასაბუთებდა იმ ფაქტს, რომ დამსაქმებელ კომპანიაში კიდევ არსებობდა აღსასრულებელ სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული თანამდებობა - სს „ს...ის“ ფილიალ - „...ის“ ...ის სამსახურში უფროსი სპეციალისტი. მოსარჩელე აღსრულების გაგრძელებას უკავშირებდა ტოლფასი თანამდებობის არსებობას, რასაც გარდა სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში გადმოცემული მოსარჩელის პოზიციისა, ასევე მოწმობს სააღსრულებო ბიუროს წარმოების მასალები, რომელთა თანახმად კრედიტორი (მოსარჩელე) ითხოვდა ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას. საყურადღებოა, რომ მოსარჩელე მე-3 სასარჩელო მოთხოვნით იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრებას ითხოვდა ტოლფასი სამუშაოს ანაზღაურების მიხედვით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და სს „ს...ის“ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ.ბ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით კი, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, იგი შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და სს „ს...ის“ მიერ საკასაციო საჩივრებზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300-300 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ვინაიდან საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს გ.ბ-ს უნდა დაეკისროს საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება კასატორების სასარგებლოდ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 394-ე, 411-ე მუხლით და

გადაწყვიტა:

1.სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და სს „ს...ის“ საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3.გ.ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4.გ.ბ-ს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება;

5.გ.ბ-ს სს „ს...ის“ სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება;

6.საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

გ. აბუსერიძე