დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹83აგ-14 13 მარტი, 2015 წელი
ჩ-ა ნ., 83აგ-14 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ჩ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ისა და მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჯ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 აგვისტოს განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად:
2. ნ. ჩ-ა, – ნასამართლობის არმქონე, – საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, 109-ე მუხლის „თ“, „ი“, „ო“ პუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), მე-17,105-ე მუხლით (1996 წლის რედაქცია) და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის 1–ლი ნაწილით – 2 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით, სსკ–ის 179-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით – 10 წლით, სსკ–ის მე-17,105-ე მუხლით – 9 წლით, სსკ–ის 109-ე მუხლის „თ“, „ი“, „ო“ პუნქტებით – უვადო თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მე–3, მე–4 ნაწილების საფუძველზე, ნაწილობრივი შეკრებით, ნ. ჩ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 23 დეკემბრიდან;
3. გ. გ-ი, – ნასამართლობის არმქონე,– საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის „გ“, „თ“, „ი“, „ლ“ პუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 7 მარტიდან.
4. ამავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორ ა. ხ-სა და განსასჯელ ა. ხ-ეს შორის, რომლის თანახმად, ა. ხ-ე, – ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის მე-17,105–ე მუხლით (1996 წლის რედაქცია) – 9 წლით, 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით – 3 წლით, სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით – 10 წლით, სსკ–ის 109–ე მუხლის „თ“, „ი“, „ო“ პუნქტებით – 17 წლით, სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით, ნაწილობრივი შეკრებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით ა. ხ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2005 წლის 23 დეკემბრიდან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 16 აპრილის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 აგვისტოს განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
6. დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორ ა. ხ-სა და მსჯავრდებულ ა. ხ-ეს შორის. ა. ხ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), შესაბამისობაში მოვიდა ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან და გადაკვალიფიცირდა 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ხოლო სსკ–ის 109–ე მუხლის „თ“ პუნქტი (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 109–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე. ა. ხ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით – 3 წლით, სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ამჟამად მოქმედი რედაქცია) და 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 10 წლით, სსკ–ის 109–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ამჟამად მოქმედი რედაქცია) და სსკ–ის 109–ე მუხლის „ი“, „ო“ პუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 17 წლით, სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 7 წლით, სსკ–ის მე-17,105–ე მუხლით (1996 წლის რედაქცია) – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3, მე–4 ნაწილებით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით, ა. ხ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 23 დეკემბრიდან.
7. ნ. ჩ-ას ქმედება, დაკვალიფიცირებული სსკ-ის მე-19,109–ე მუხლის „თ“, „ი“ პუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდა სსკ–ის მე-17,105–ე მუხლზე (1996 წლის რედაქცია), სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ხოლო 109-ე მუხლის „თ“ პუნქტი (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – სსკ–ის 109–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე. ნ. ჩ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ამჟამად მოქმედი რედაქცია) და 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია)– 10 წლით, სსკ–ის 236–ე მუხლის 1–ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია)– 2 წლით, ამავე მუხლის მე–2 ნაწილით – 3 წლით, სსკ–ის მე-17,105–ე მუხლით (1996 წლის რედაქცია) – 9 წლით, სსკ–ის 109–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა (ამჟამად მოქმედი რედაქცია) და სსკ–ის 109–ე მუხლის „ი“, „ო“ პუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია)– უვადო თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე ნ. ჩ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 23 დეკემბრიდან.
8. გ. გ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის „გ“, „თ“, „ლ“ პუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი სსკ–ის 109–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „ა“, „დ“ და იმავე მუხლის მე–2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებზე. გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (ამჟამად მოქმედი რედაქცია), სსკ–ის 109–ე მუხლის „ი“ პუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 7 მარტიდან.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 11 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი.
10. ნ.ჩ-ას დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: მან 1996 წლის ივლისამდე, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ,,მაკაროვის“ კონსტრუქციის Nგე5734 და ,,მარგოლინის“ კონსტრუქციის პისტოლეტები, რომლებსაც უკანონოდ ატარებდა და გ. პ-ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ „ტტ“-ს სისტემის ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად ასევე უკანონოდ ინახავდა თბილისში, გურამიშვილის გამზირის N-- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე თავის ავტოფარეხში. მანვე 2002 წლის აგვისტომდე, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა „მაკაროვის“ კონსტრუქციის მაყუჩიანი ცეცხლსასროლი პისტოლეტი, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა; მანვე გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და თავის საცხოვრებელ ბინაში, თბილისში, გურამიშვილის გამზირის N-- კორპუსის ბინა N---ში შეინახა საბრძოლო მასალა: „მაკაროვისა“ და „სტეჩკინის“ კონსტრუქციის ცეცხლსასროლი იარაღებისათვის განკუთვნილი 9 მმ კალიბრიანი 6 ცალი ვაზნა და 1 ცალი 5,45 მმ კალიბრიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნა.
11. შეთანხმებისამებრ, 1996 წლის 2 ივლისს, დაახლოებით 24:00 საათზე, ნ. ჩ-ა „მარგოლინის“ მოდელის პისტოლეტით, ა.ხ-ე „მაკაროვის“ კონსტრუქციის Nგე5734 პისტოლეტით და გ. პ-ი „ტტ“-ს კონსტრუქციის პისტოლეტით შეიარაღებულნი მივიდნენ დასახელებულ მისამართზე. ამ დროს სახლში იმყოფებოდნენ ლ. ბ-ი, მისი არასრულწლოვანი ძმისშვილი და თურქეთის მოქალაქეები - ე. ს-ი და ა. თ-ი. კარზე ზარის დარეკვისა და გაღებისთანავე ნ. ჩ-ა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი დასახელებული პირები შევარდნენ ბინაში და ე. ს-ს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მოსთხოვეს ფული. ე. ს-მა თავდამსხმელებს, მათ შორის უშუალოდ გ.პ-ს, გაუწია აქტიური წინააღმდეგობა და შეეცადა მის ხელთ არსებული „ტტ“-ს სისტემის პისტოლეტის წართმევას. გ.პ-მა გადაწყვიტა მისი მოკვლა და პისტოლეტიდან ე. ს-ის მიმართულებით გაისროლა. იმავდროულად ნ. ჩ-ამ და ა. ხ-ემ მათ ხელთ არსებული პისტოლეტებიდან გასროლეს ე. ს-ის მიმართულებით, რითაც მას მიაყენეს 4 ცეცხლნასროლი, სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა გულმკერდისა და მუცლის არეში, რის შედეგადაც ე. ს-ი ადგილზევე გარდაიცვალა. თავდამსხმელებმა შემთხვევის დროს განვითარებული მოვლენების (ხმაურის) გამო ვეღარ შეძლეს სხვისი ქონების დაუფლება და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
12. 2002 წლის ივლისში, თბილისში, კუტუზოვის ქუჩაზე მდებარე ცირკის სასტუმროს შენობაში არსებულ სახინკლეში ყოფნისას, ნ. ჩ-ას, ა.ხ-ესა და გ.პ-ს დანაშაულებრივად დაუკავშირდა მათი საერთო მეგობარი ნ. გ-ი, რომელმაც წააქეზა ისინი სააქციო საზოგადოება „---“ ფინანსური დირექტორის - ნ. ლ-ის მკვლელობაში, თან უთხრა, რომ ამით დაინტერესებული იყო სააქციო საზოგადოება „---“ ტარიფებისა და შესყიდვის ექსპერტი გ. გ-ი, რომელიც აღნიშნული შეკვეთის შესრულებაში გადაიხდიდა სოლიდურ თანხას.
13. ნ.ჩ-ა, ა.ხ-ე და გ.პ-ი, რომლებსაც უკვე ჩადენილი ჰქონდათ ე. ს-ის განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, დათანხმდნენ შეთავაზებულ წინადადებას იმ პირობით, თუ გ. გ-ი ნ. ლ-ის მკვლელობაში წინასწარ გადაიხდიდა 20 000 აშშ დოლარს. იმავე დღეს ნ. გ-მა ამის შესახებ აცნობა გ. გ-ს. გ. გ-მა, თავის მხრივ, ნ. გ-ს გადასცა 20 000 აშშ დოლარი და მოსთხოვა, შეკვეთის შემსრულებლებს ნ. ლ-ისაგან მოეპოვებინათ და მისთვის გადაეცათ ყველა ის დოკუმენტური მასალა, რაც დაკავშირებული იქნებოდა სს „---“ საქმიანობასთან.
14. მეორე დღეს ნ. გ-მა თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, ე. წ. „ბუკიას“ ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნ. ჩ-ას, ა. ხ-ესა და გ. პ-ს აცნობა გ. გ-ის მოთხოვნა დოკუმენტებთან დაკავშირებით და გადასცა 20 000 აშშ დოლარი, რაც ნ. ჩ-ამ, ა. ხ-ემ და გ. პ-მა იქვე გაინაწილეს. ამასთან, ნ.გ-ს შეჰპირდნენ, რომ უმოკლეს დროში შეასრულებდნენ ნ.ლ-ის მკვლელობის შეკვეთას. აღნიშნულის შემდეგ ნ. ჩ-ამ დაადგინა ნ. ლ-ის პიროვნება, საცხოვრებელი მისამართი და ის, რომ იმ პერიოდში ნ. ლ-ე მარტო ცხოვრობდა თბილისში, ბახტრიონის ქუჩის N---ში მდებარე მისი მშობლების საცხოვრებელ ბინაში.
15. აღნიშნულის შემდეგ, წინასწარი შეთანხმებისამებრ, განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2002 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 6:00 საათზე, ა. ხ-ემ და ნ. ჩ-ამ ამ უკანასკნელის ავტომანქანა „ნივით“ ბახტრიონის ქუჩის N--ში გაუარეს გ. პ-ს, შემდეგ კი ერთად მივიდნენ ამავე ქუჩაზე მდებარე ნ. ლ-ის მშობლების სახლთან, სადაც იმ დროს ცხოვრობდა ნ.ლ-ე. გ. პ-ი დარჩა ავტომანქანის საჭესთან, რათა გაეკონტროლებინა კორპუსის მიმდებარე ტერიტორია და ხელისშემშლელი, საეჭვო გარემოებების წარმოშობის შემთხვევაში ეცნობებინა ნ. ჩ-ასა და ა. ხ-ისათვის. ნ. ჩ-ა და ა. ხ-ე გაემართნენ ნ. ლ-ის საცხოვრებელი ბინისკენ. დაახლოებით 7:00 საათიდან 8:00 საათამდე პერიოდში მათ შეაღწიეს ბინაში, სადაც ნ.ლ-ეს ე.წ „სკოჩითა“ და იქვე არსებული მობილური ტელეფონის დამტენის სადენით შეუკრეს ხელ-ფეხი, დააწვინეს მისაღებ ოთახში არსებულ დივანზე, თავქვეშ ამოუდეს ბალიში და მოკვლის მუქარით მოსთხოვეს სს „----“ დოკუმენტები.
16. ნ. ჩ-ამ და ა. ხ-ემ ბინის მისაღებ, საძინებელ და სამუშაო ოთახებში არსებული კარადების გაჩხრეკის შემდეგ, ნ. ლ-ის მითითებით, მოიპოვეს ფაილში მოთავსებული დასახელებული დოკუმენტები, რის შემდეგაც ნ. ჩ-ამ ნ. ლ-ეს სახეზე გადააფარა იქვე დადებული ,,პირსახოცი-ადიალა“ და „მაკაროვის“ სისტემის მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიბჯენით გასროლით თავის არეში მიაყენა ერთი ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობა ქალას ძვლებისა და ტვინის ნივთიერების დაზიანებით, რის შედეგადაც ნ.ლ-ე ადგილზევე გარდაიცვალა. დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით ნ. ჩ-ამ შემთხვევის ადგილზე მოიპოვა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის გულა და მასრა, რის შემდეგაც ისინი გ. პ-თან ერთად ხსენებული ავტომანქანით მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
17. გ. გ-ის დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: გ. გ-ი 1996 წლის 7 ივლისიდან მუშაობდა თბილისის მერიის მუნიციპალური საწარმოო გაერთიანება „---“ გენერალური დირექტორის მოადგილედ ეკონომიკურ საკითხებში. 1998 წლის 2 ივლისს იგი დაინიშნა ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე. 1999 წლის 1 ივლისს გადაიყვანეს სს „---“ კომერციულ დეპარტამენტში დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე, ხოლო დასახელებული დეპარტამენტის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, 2002 წლის 1 მარტიდან 2004 წლის 15 მაისამდე მუშაობდა ტარიფებისა და შესყიდვების ექსპერტად.
18. 2001 წელს გ. გ-ი მუშაობდა რა სს „---“ კომერციული დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილედ, თავისთვის უპირატესობის მიღების მიზნით, ამავე წლის ივნისში გადაწყვიტა ხელოვნურად გაეზარდა თელასის შემოსავლები. მან 2001 წლის 27 ივნისს ერთპიროვნულად შეადგინა N1-ო4/251 წერილი „თბილსრესის“ გენერალური დირექტორის, ასოციაცია „საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის“ გენერალური დირექტორისა და ამიერკავკასიაში დისლოცირებული რუსეთის ჯარების დაჯგუფების სახელზე, არ დაელოდა სს „თბილსრესისა“ და ასოციაცია „საბითუმო ბაზრის“ თანხმობას და 2001 წლის 28 ივნისს გასცა წერილობითი განკარგულება, რათა ბუღალტერიას განეხორციელებინა ჩათვლა საბითუმო ბაზართან 2 500 000 ლარზე, რის საფუძველზეც გამოიწერა საკომპენსაციო N70 ვაუჩერი, რომლის თანახმადაც, რუსეთის ჯარების დაჯგუფებას გადახდილად ჩაეთვალა 2 500 000 ლარი და მათ 949481 ლარით შეუმცირდათ მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანება, ხოლო ბაზარზე დამატებით, ზედმეტად გადახდილად ჩაეთვალათ 1550581 ლარი. ფაქტობრივად, 2001 წლის 28 ივნისის მონაცემებით, საბითუმო ბაზარს სს „---“ დავალიანება 2500000 ლარი არ შემცირებია, ხოლო „თბილსრესს“, შესაბამისად, საბითუმო ბაზრისთვის საკომპენსაციო N70 ვაუჩერის საფუძველზე, შემდგომში 1550581 ლარის ზედმეტობიდან ყალბი წერილების საფუძველზე შიდა ბრუნვით სხვადასხვა ორგანიზაციას გადახდილად ჩაეთვალა სულ 1188408 ლარი, რასაც რუსეთის ჯარების დაჯგუფებასთან კავშირი არ ჰქონია. ამდენად, სს „---“ 2 500 000 ლარის შემოსავლები არ მიუღია. ზემოაღნიშნული ჩათვლების შედეგად გ. გ-მა სს „ეი-ი-ეს თელასს“ მიაყენა 2 500 000 ლარის ზარალი.
19. გ. გ-ი თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით პასუხს აგებდა ენერგოშესყიდვების კონტრაქტებსა და კომერციულ ჩათვლებზე, წარმართავდა ურთიერთობებს სემეკსა და ენერგოსექტორის ყველა უწყებასთან.
20. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 7 ივლისის N429 ბრძანებულებით, რომელიც ამოქმედდა იმავე წლის 20 ივლისიდან, სახელმწიფო ვალდებულებების, კერძოდ, პენსიების, ხელფასების, დახმარებებისა და სხვათა უკეთ დაფინანსების მიზნით, გაუქმდა მიმდინარე გადასახადებისა და საგადასახადო დავალიანებების ბიუჯეტიდან კუთვნილი მიმდინარე ან ვადაგადაცილებულ მისაღებლებთან გაქვითვის და აღსრულების პრაქტიკა. შესაბამისად, ყველა საგადასახადო დავალიანება გადაიხდებოდა საკასო შენატანის, საბანკო გადარიცხვის ან სხვა ნეგოცირებადი ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით. მიუხედავად აღნიშნულისა, გ. გ-ი 1999 წლის ივლისიდან 2004 წლის მაისამდე, ე.ი სამსახურიდან მის განთავისუფლებამდე, მოქმედებდა საქართველოს პრეზიდენტის დასახელებული ბრძანებულებების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, მათ შორის: გ. გ-ის მონაწილეობით სათანადო სარეგისტრაციო ჟურნალების გვერდის ავლით საბითუმო ბაზრის, როგორც აქტივის მფლობელის თანხმობის გარეშე, 2001 წლის 31 ივლისს სს „---“ „საქენერგორემონტის“ მიმართ 606000 ლარის უნაღდო ანგარიშსწორებით განახორციელა საბიუჯეტო ჩათვლა მსხვილგადამხდელთა ინსპექციაში, მის საშემოსავლო გადახდის ბარათიდან საქენერგორემონტის დღგ-ს ბარათზე გადატანით.
21. 2002 წლის 26 დეკემბერს სს „---“ სასარგებლოდ მსხვილგადამხდელთა ინსპექციის ხელშეწყობით, უნაღდო ანგარიშსწორების ჩათვლის წესით განხორციელდა საბიუჯეტო ჩათვლა სს „პური არსობისა“ და სს „---“ შორის 1300000 ლარზე და 2003 წლის 4 მარტს სს „ეი-ი-ეს მტკვარსა“და სს „---“ შორის - 707315 ლარზე.
22. აღნიშნული უკანონო ფინანსური საქმიანობა ცნობილი გახდა სს „---“ ფინანსური დირექტორის - ნ. ლ-ისათვის. დანაშაულის დაფარვისა და მომავალში მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, გ. გ-მა ნ.ლ-ის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით განიზრახა მისი მოკვლა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი 2002 წლის ივლისში დანაშაულებრივად დაუკავშირდა თავის ნაცნობს - ნ. გ-ს, რომელსაც შეხვდა თავისავე სამუშაო ოთახში, სს „---“ შენობაში და გაანდო თავისი განზრახვა - ნებისმიერი თანხის საფასურად ნ. ლ-ის მკვლელობის შესახებ. ნ. გ-მა, თავის მხრივ, აღუთქვა მას დახმარება და მეორე დღესვე თბილისში, კუტუზოვის ქუჩაზე, ცირკის სასტუმროს შენობაში არსებულ სახინკლეში, შეხვდა თავის მეგობრებს - ა. ხ-ეს, ნ. ჩ-ასა და გ. პ-ს, რომლებიც წააქეზა სს „---“ ფინანსური დირექტორის - ნ. ლ-ის მკვლელობაში და ასევე გაანდო მათ, რომ ამით დაინტერესებული იყო ამავე სამსახურის გავლენიანი თანამდებობის პირი, მისი ნათესავი გ. გ-ი, რომელიც აღნიშნული შეკვეთის შესრულების შემთხვევაში გადაიხდიდა სოლიდურ თანხას.
23. ნ. ჩ-ა, ა.ხ-ე და გ.პ-ი, რომლებსაც უკვე ჩადენილი ჰქონდათ ე. ს-ის განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, დათანხმდნენ შემოთავაზებულ წინადადებას იმ პირობით, თუ გ. გ-ი ნ. ლ-ის მკვლელობაში მათ წინასწარ გადაუხდიდა 20 000 აშშ დოლარს. იმავე დღეს ნ. გ-მა ამის შესახებ აცნობა გ. გ-ს, რომელმაც იმავე დღეს გადასცა მას 20 000 აშშ დოლარი და ამასთან ერთად მოითხოვა, შეკვეთის შემსრულებლებს ნ. ლ-ისაგან მოეპოვებინათ და მისთვის, ე.ი გ. გ-ისთვის, გადაეცათ ყველა ის დოკუმენტური მასალა, რაც დაკავშირებული იქნებოდა სს „---“ საქმიანობასთან.
24. მეორე დღეს ნ.გ-მა თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, ე. წ. „ბუკიას“ ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნ. ჩ-ას, ა. ხ-ეს და გ. პ-ს აცნობა გ. გ-ის მოთხოვნა დოკუმენტებთან დაკავშირებით და გადასცა 20 000 აშშ დოლარი, რაც ნ. ჩ-ამ, ა. ხ-მ და გ. პ-მა ადგილზევე გაინაწილეს, ხოლო ნ.გ-ს შეჰპირდნენ, რომ უმოკლეს დროში შეასრულებდნენ შეკვეთას და მოკლავდნენ ნ.ლ-ეს. აღნიშნულის შემდეგ ნ. ჩ-ამ დაადგინა ნ. ლ-ის პიროვნება, საცხოვრებელი მისამართი, რომ იმ პერიოდში მარტო ცხოვრობდა თბილისში, ბახტრიონის ქუჩის N---ში მდებარე თავისი მშობლების საცხოვრებელ ბინაში.
25. წინასწარი შეთანხმებისამებრ, განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2002 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 6:00 საათზე, ა. ხ-ემ და ნ. ჩ-ამ ამ უკანასკნელის ავტომანქანა „ნივით“ ბახტრიონის ქუჩის N---ში გაუარეს გ. პ-ს, შემდეგ კი ერთად მივიდნენ ამავე ქუჩაზე მცხოვრებ ნ. ლ-ის მშობლების სახლთან, სადაც იმ დროს იმყოფებოდა ნ.ლ-ე. გ. პ-ი დარჩა ავტომანქანის საჭესთან, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის გასაკონტროლებლად, რათა ხელისშემშლელი, საეჭვო გარემოებების წარმოშობის შემთხვევაში ეცნობებინა ნ. ჩ-ასა და ა. ხ-ისათვის. ნ. ჩ-ა და ა. ხ-ე კი გაემართნენ ნ. ლ-ის საცხოვრებელი ბინისაკენ. დაახლოებით 7:00 საათიდან 8:00 საათამდე პერიოდში მათ შეაღწიეს ნ. ლ-ის ბინაში, სადაც მას ე.წ. „სკოჩითა“ და იქვე არსებული მობილური ტელეფონის დამტენის სადენით შეუკრეს ხელ-ფეხი, დააწვინეს მისაღებ ოთახში არსებულ დივანზე, თავქვეშ ამოუდეს ბალიში და მოკვლის მუქარით მოსთხოვეს სს „--“ დოკუმენტები. ნ. ჩ-ამ და ა. ხ-ემ ბინის მისაღებ, საძინებელ და სამუშაო ოთახებში არსებული კარადების გაჩხრეკის შემდეგ, ნ. ლ-ის მითითებით, მოიპოვეს ფაილში მოთავსებული ს/ს „---“ დოკუმენტები, რის შემდეგ ნ. ჩ-ამ ნ. ლ-ეს სახეზე გადააფარა იქვე დადებული ,,პირსახოცი-ადიალა“ და ცეცხლსასროლი იარაღიდან მიბჯენით გასროლით თავის არეში მიაყენა ერთი ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობა, ქალას ძვლებისა და ტვინის ნივთიერების დაზიანებით, რის შედეგადაც ნ.ლ-ე ადგილზევე გარდაიცვალა. დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით ნ. ჩ-ამ შემთხვევის ადგილზე მოიპოვა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის გულა და მასრა, რის შემდეგაც ა. ხ-ესა და გ. პ-თან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
26. 2013 წლის 28 ივნისს მსჯავრდებულებმა – გ. გ-მა და ნ. ჩ-ამ შუამდგომლობებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მათ მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით.
27. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივლისის განჩინებით, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 6 თებერვლის განაჩენით (დ. კ-ას მიმართ) დადასტურდა, რომ გაყალბებული იყო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ის ოქმი (მონაცემები), რომელიც საფუძვლად დაედო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 აპრილის განაჩენის გამოტანას, მსჯავრდებულების – გ. გ-ისა და ნ. ჩ-ას შუამდგომლობები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 აპრილის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დასაშვებად იქნა ცნობილი და საქმეზე დაინიშნა ზეპირი მოსმენა.
28. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულების – გ. გ-ისა და ნ. ჩ-ას შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა; ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 აპრილის განაჩენი შეიცვალა:
29. გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (ამჟამად მოქმედი რედაქცია), სსკ–ის 109–ე მუხლის „ი“ პუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 7 მარტიდან;
30. ნ. ჩ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენებით მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ამჟამად მოქმედი რედაქცია) და 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 7 წლითა და 6 თვით, სსკ–ის 109–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა (ამჟამად მოქმედი რედაქცია) და სსკ–ის 109–ე მუხლის „ი“, „ო“ პუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ნ. ჩ-ას საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 23 დეკემბრიდან. ამნისტიის აქტის საფუძველზე ნ. ჩ-ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ–ის მე-17,105–ე მუხლით (1996 წლის რედაქცია), 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან.
31. განაჩენი ნივთმტკიცების ნაწილში დარჩა უცვლელად.
32. კასატორები – მსჯავრდებულ ნ. ჩ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ნ-ი და მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ჯ-ი საკასაციო საჩივრებში აღნიშნავენ, რომ სააპელაციო პალატამ საქმის განხილვის დროს უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის მე-40, 42-ე და 85-ე მუხლების მოთხოვნები და განაჩენის სახით გამოიტანა უკანონო საპროცესო აქტი, რომელიც უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
33. საქმის განხილვისას სააპელაციო პალატამ უარყო დაცვის მხარის შუამდგომლობათა ძირითადი ნაწილი და არ მიიღო საქმის სამართლიანად გადაწყვეტისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, რითიც დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნები; სასამართლომ უარი თქვა დ. კ-ას ბრალდების საქმეში არსებულ ნ. ლ-ის მკვლელობის საქმეზე ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის დედანზე ქიმიური ექსპერტიზის ჩატარებასა და დათვალიერებაში მონაწილე პირთა დაკითხვაზე, დაცვის მხარეს არ მისცა მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის თაობაზე შუამდგომლობების დაყენების უფლება, რითიც დაარღვია სსსკ-ის 75-ე მუხლის მოთხოვნები; მას შემდეგ, რაც დამთავრდა მტკიცებულებათა გამოკვლევა და პროცესი გადავიდა დასკვნითი სიტყვების წარმოდგენის ეტაპზე, სასამართლომ განიხილა ბრალდების მიერ სსსკ-ის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევით წარმოდგენილი შუამდგომლობა და მტკიცებულებების სახით მიიღო ე.წ. „ექსპერტიზის დასკვნები“, რომელთა წარმომავლობა და ავთენტურობა გაურკვეველია; პალატამ დაარღვია სსსკ-ის მე-8 და მე-9 მუხლები, გამოავლინა აშკარა ტენდენციურობა და მიკერძოებულობა, როდესაც დაცვის მხარეს, ბრალდების მხარისაგან განსხვავებით, არც ერთხელ არ მისცა რეპლიკით სარგებლობის უფლება.
34. სააპელაციო პალატის 2014 წლის 11 ივლისის განაჩენის დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობიდან; პალატამ მსჯელობისა და სამართლებრივი შეფასების გარეშე დატოვა მტკიცებულებათა შორის არსებული გადაულახავი წინააღმდეგობები; უკანონოდ მიიღო და განაჩენი დააფუძნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მასალებზე, რომლებიც არ არის მტკიცებულებები; ეჭვი არ განმარტა მსჯავრდებულთა სასარგებლოდ; იგნორირება მოახდინა გადასასინჯი განაჩენის განხილვისას დაშვებულ არსებით დარღვევებზე და ყოველგვარი კრიტიკის გარეშე, ბრმად გაიზიარა უკანონო განაჩენის აბსურდული, დაუსაბუთებელი დებულებები.
35. კასატორთა აზრით, საქმის განხილვისას პალატამ თავი ვერ გაართვა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან დაკავშირებული არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევაში დაცვის მხარისათვის სათანადო პირობების შექმნას და შემდგომში მის სწორ სამართლებრივ შეფასებას; იმის გამო, რომ დ. კ-ას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი შედგენილია სხვადასხვა ფერის მელნით და სხვადასხვა ხარისხის ფურცლებზე, გაჩნდა გონივრული ეჭვი ოქმის ფურცლების შესაძლო გამოცვლის თაობაზე და სწორედ ამიტომ დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა ოქმში მონაწილე პირების დაკითხვისა და ოქმზე ქიმიური ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, რაც პალატამ არ დააკმაყოფილა; სასამართლომ არ განიხილა დაცვის შუამდგომლობა აღნიშნული ოქმის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ და განაჩენით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ოქმის ნაწილი გაყალბებულია, ხოლო ამავე ოქმით დადგენილი სხვა გარემოებები ეჭვგარეშეა და დავას არ იწვევს.
36. სააპელაციო პალატამ მიიღო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებები: დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის – შპს „ვექტორის“ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ¹01-04/12 და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი ექსპერტიზის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ბალისტიკური და ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის ¹2-ე-24 დასკვნები, რომელთა თანახმად, „9,25მმ დიამეტრის მქონე ტყვიის გულა ქალას ღრუში პერპენდიკულარულად შესვლისას იგი არ დატოვებდა ნ. ლ-ის შუბლის ძვალზე მასზე ნაკლები დიამეტრის ძვლის დეფექტს“, „9 მმ ყალიბრის მაკაროვის სისტემის პისტოლეტის ტყვია მიბჯენით გასროლის შედეგად, მყარ წინაღობაზე, მათ შორის – ძვალზე, ტოვებს არა 9მმ დიამეტრის, არამედ – მისი ფაქტიური 9,22მმ–9,27მმ ან მეტი ზომის დაზიანებას“; საქმის განხილვის დროს დაკითხულმა ექსპერტებმა ა. გ-ემ და ლ. ქ-მა ფიცის ქვეშ დაადასტურეს ექსპერტიზების დასკვნების უტყუარობა; „მაკაროვის“ სისტემის ტყვიის გულას დიამეტრია 9,25–9,27მმ, რითიც გაბათილდა ბრალდების ვერსია ნ. ლ-ის „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტით მკვლელობის შესახებ.
37. საქმის არსებითი განხილვის დროს სასამართლომ 2007 წლის 16 აპრილის განაჩენით სიტყვა-სიტყვით გადაიტანა კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით დაკითხულ ექსპერტ გ. ც-ის მიერ განვითარებული მსჯელობა ძვლის ელასტიურობისა და ტყვიის გულას მიერ თავისზე მცირე ზომის დაზიანების დატოვების შესაძლებლობის შესახებ, მაშინ, როდესაც ექსპერტები – ნ. მ-ი და ნ. კ-ე კატეგორიულად გამორიცხავდნენ ტყვიის გულას მიერ ძვალზე მასზე მცირე დიამეტრის დაზიანების დატოვების შესაძლებლობას; სსსკ-ის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ექსპერტებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა, ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
38. სასამართლომ 2014 წლის 11 ივლისის განაჩენითაც უპირობოდ გაიზიარა ექსპერტ გ. ც-ის განმარტება ძვლის ელასტიურობის თაობაზე, მაგრამ პალატას „გამორჩა“, რომ ამ ექსპერტის დაკითხვა 2007 წელს ჩატარდა საპროცესო ნორმათა უხეში დარღვევით და იგი წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებას; სასამართლოს განაჩენით სრულიად იგნორირებულია ექსპერტების – ნ. კ-ისა და ლ. ქ-ის განმარტებები, ხოლო ექსპერტი ნ. მ-ი ჩათვლილია „ნაწილობრივ“ კომპეტენტურად.
39. პალატამ განაჩენით გაიზიარა პროკურორთა დემაგოგიური, დაუსაბუთებელი და აბსურდული მოსაზრებები; ბრალდებამ წარმოადგინა თვითმკვლელობის საქმეებიდან ორი სამედიცინო დასკვნა, რომელთა თანახმად, „მაკაროვის“ სისტემის იარაღით გარდაცვლილ ადამიანებს თავის ქალაზე აღმოაჩნდათ 9მმ დიამეტრის ზომის ჭრილობები; ეს დასკვნები ამოღებულია თვითმკვლელობის არაღძრული საქმეებიდან საქართველოს 1998 წლის რედაქციის სსსკ-ის 262-ე და 357-ე მუხლების უხეში დარღვევებით და არ წარმოადგენს მტკიცებულებებს; პალატამ აღნიშნული საკითხის გამოკვლევისა და შეფასების დროს გამოიჩინა აშკარა ტენდენციურობა და გამოიყენა ორმაგი სტანდარტი, როდესაც მტკიცებულებად არ მიიღო დაცვის მხარის მიერ საპროცესო ნორმათა სრული დაცვით წარმოდგენილი ტიუბინგენის ებერჰარდ კარლსის სახელობის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტის დოქტორ ფ. ვ-ის 2009 წლის 28 იანვრის წერილი სახალხო დამცველის მიმართ, რომლის თანახმად, „თავის ქალას ძვლის შემავალი ნახვრეტის დიამეტრიც ყოველთვის უნდა იყოს, როგორც მინიმუმ ისეთი, რამხელაც არის ჭურვი და არავითარ შემთხვევაში უფრო პატარა, ე.ი. ნასროლი ტყვია, ზომით 9,25მმ, ვერ დატოვებდა ნახვრეტს ზომით 9მმ“.
40. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა მედიცინის დოქტორის, ნეიროქირურგ ი. ჭ-ის დაკითხვის შესახებ, რომლის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ტყვიის მიერ დატოვებული შემავალი ხვრელი ვერ იქნება ტყვიის დიამეტრზე მცირე ზომის; პალატამ იგნორირება გაუკეთა დაცვის მხარის მიერ დასკვნითი სიტყვის დანართის სახით წარმოდგენილ სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშს და სხდომის თავმჯდომარემ მას მაკულატურა უწოდა; ამ ანგარიშის საფუძველზე ეჭვქვეშ დგება ნ. ლ-ის „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობის ფაქტი.
41. სააპელაციო პალატამ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უპირატესობა მიანიჭა და განაჩენს საფუძვლად დაუდო დაუშვებელი და არარელევანტური მასალები, რითიც უხეშად დაარღვია სსსკ-ის 273-ე მუხლის მოთხოვნები.
42. 2013 წლის 12 ივნისს დაცვის მხარემ განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს ექსპერტ გ. ც-ის მიერ ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ, მაგრამ ამ განცხადებას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, ამიტომ დაცვის მხარემ თვითონ ჩაატარა სასამართლო-სამედიცინო, სასამართლო-ბალისტიკური და ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზები, რომელთა დასკვნების სასამართლო პროცესზე გამოკვლევისა და ექსპერტთა დაკითხვის შემდეგ განვითარებული მოვლენები იძლევა უტყუარ საფუძველს ვარაუდისათვის, რომ სასამართლო პალატამ, ბრალდების მხარესთან შეთანხმებით, მიმართა გარკვეულ მანიპულაციებს, რათა ძალაში დარჩენილიყო უკანონო განაჩენი, კერძოდ: მას შემდეგ, რაც სასამართლო გამოძიება დამთავრდა და პროცესი გადავიდა მხარეთა დასკვნითი სიტყვების წარმოდგენის ეტაპზე, სსსკ-ის 93-ე, 78-ე და 82-ე მუხლების დარღვევით პალატამ განიხილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და მტკიცებულებების სახით მიიღო მის მიერ წარმოდგენილი ე.წ. „ექსპერტიზების დასკვნები“, რომელთაც არანაირი შემხებლობა ნ. ჩ-ასა და გ. გ-ის საქმესთან არ აქვთ, მათი ავთენტიკურობა გაურკვეველია და თავისი არსით დაუშვებელია ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე; აღნიშნული ე.წ. „ექსპერტიზები“ ჩატარებული იყო სისხლის სამართლის საქმეების აღძვრამდე, მოკვლევის სტადიაზე და შემდეგ ამ ფაქტებზე გამოტანილი იყო საქმის არაღძვრის დადგენილებები, რაც 1998 წლის რედაქციის სსსკ-ის მოთხოვნათა არსებითი დარღვევაა; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტის ცნობა არასაპროცესო დოკუმენტია, რადგან გაცემულია პირის მიერ, რომელიც არ იყო გაფრთხილებული საპროცესო უფლება-მოვალეობათა თაობაზე და ცნობის სისწორეზე პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდა.
43. პალატამ მტკიცებულებად მიიღო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი აშშ–ს გამოძიების ფედერალური ბიუროს 2006 წლის 7 სექტემბრისა და 2006 წლის 8 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნები შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ თმის ღერსა და თითის ანაბეჭდზე; 2014 წლის 11 აპრილის განაჩენმა უპირობოდ გაიზიარა გადასასინჯი განაჩენის პოზიცია იმის თაობაზე, რომ „მკვლელობის ჩადენის შემდეგ ბოროტმოქმედები უდაოდ შეეცდებოდნენ დანაშაულის ყოველგვარი კვალის წაშლას, რაც განხორციელდა კიდეც ნ. ჩ-ას მხრიდან“ და რომ მკვლელები არ დატოვებდნენ სიგარეტის ნამწვს ან სხვა კვალს; „აღნიშნულით უნდა აიხსნას ის გარემოება, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნამწვების დნმ არ დაემთხვა მსჯავრდებულთა დნმ–ს“; პალატა ასევე განმარტავდა, რომ პრაქტიკის თანახმად, შეკვეთილი მკვლელობის დროს შემკვეთი და ამსრულებელი განსაკუთრებული სიფრთხილით მოქმედებენ; აღნიშნული მსჯელობა წარმოადგენს ვარაუდს, თუ როგორ მოიქცეოდნენ „ფრთხილი მკვლელები“.
44. კასატორების აზრით, ბრალდების მხარის მიერ გაურკვეველი პროცესუალური წარმოშობის, არარელევანტური მასალების წარმოდგენა მიზნად ისახავდა დაცვის მხარის მიერ საპროცესო ნორმათა სრული დაცვით წარმოდგენილი ექსპერტიზების დასკვნებისა და ექსპერტთა ჩვენებების ეჭვქვეშ დაყენებას; ექსპერტებმა – ლ. ქ-მა და ა. გ-ემ სასამართლო პროცესზე ფიცის ქვეშ ყველა კითხვას კომპეტენტურად უპასუხეს.
45. სასამართლომ 2014 წლის 11 აპრილის განაჩენით არ გაითვალისწინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები: ნ. ლ-ის მიერ გ. გ-ისათვის პრემიის გადაცემის ფაქტი; ის, რომ დაუდგენელია, რა შინაარსის დოკუმენტების გამო მოხდა ნ. ლ-ის მკვლელობა; ის, რომ გ. გ-ს არ ეკისრებოდა არავითარი პასუხისმგებლობა სს „---“ განხორციელებულ ფინანსურ ოპერაციებზე; პალატამ იგნორირება გაუკეთა იმ გარემოებას, რომ ნ. გ-ი საბრალდებო დასკვნის დანართში არ იყო შეყვანილი, ამიტომ მისი ჩვენებების გამოქვეყნება პირველი ინსტანციის სასამართლოში მოხდა სრულიად უკანონოდ; გარდა ამისა, ნ. გ-ის ჩვენება თავდასხმის შეკვეთის შესახებ არასარწმუნო და აბსურდულია. დაუშვებელი მტკიცებულებაა ნ. გ-ის ჩვენებაც, რასაც სასამართლომ ასევე არ მიაქცია ყურადღება.
46. პალატამ ყურადღების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ ნ. გ-ის, გ. პ-ისა და ა. ხ-ის ჩვენებები არსებითად ეწინააღმდეგება როგორც ერთმანეთს, ისე საქმეში არსებულ ყველა უტყუარ მტკიცებულებას, რომ ეს ჩვენებები თავისი არსით დაუშვებელი ხასიათისაა, რამდენადაც ისინი შეიცავენ არსებით განსხვავებებსა და წინააღმდეგობებს. პალატამ ეს წინააღმდეგობები მიიჩნია უმნიშვნელოდ და ჩათვალა, რომ ზემოაღნიშნული პირები არსებით საკითხზე იძლევიან სრულიად თანამიმდევრულ და დამაჯერებელ ჩვენებებს.
47. სასამართლომ არ გაიზიარა ნ. ჩ-ას ორმაგი უტყუარი ალიბი, ნ. გ-ისა და ა. ხ-ის ალიბი; არ გაითვალისწინა რადიკალური წინააღმდეგობა მკვლელობის შეკვეთის დროსა და თითქოსდა მკვლელობის ჩამდენ პირთა შორის ფულის განაწილებაზე, ნ. ლ-ის გარდაცვალების დრო; ასევე იგნორირებულ იქნა დაცვის მხარის მიერ ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპეტიზით დადგენილი გარემოება, რომ ნ. ლ-ის მკვლელობა ვერ განხორციელდებოდა იმ მდგომარეობაში, როგორშიც აღმოაჩინეს ნ. ლ-ის გვამი; პალატამ სამართლებრივად არ შეაფასა პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების მიერ დაშვებული არსებითი ხასიათის დარღვევები.
48. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 11 აპრილის განაჩენის გაუქმებას და ნ. ჩ-ასა და გ. გ-ის გამართლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატა უწინარესად აღნიშნავს, რომ იგი მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განჩინების კანონიერების თაობაზე, რომლითაც დასაშვებად იქნა მიჩნეული გ. გ-ისა და ნ.ჩ-ას შუამდგომლობები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 აპრილის განაჩენის გადასინჯვის შესახებ, რადგან მისი გასაჩივრების პროცედურას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს. შესაბამისად, საკასაციო პალატისათვის შუამდგომლობათა დასაშვებობის შესახებ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს სამართლებრივ მოცემულობას (მიუხედავად საკასაციო პალატის დამოკიდებულებისა აღნიშნული საკითხისადმი) და იგი პალატას ავალდებულებს საკასაციო საჩივრის საფუძველზე, საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, დასაშვებობის შეუმოწმებლად იმსჯელოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 ივლისის განაჩენის კანონიერებაზე.
2. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ნ. ჩ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ისა და მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჯ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
3. მოწმე ნ. გ-ის წინასწარი და სასამართლო გამოძიების დროს მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ 2002 წლის ზაფხულში (რიცხვი ზუსტად არ ახსოვს), იქნებოდა ივლისის ბოლო ან აგვისტოს დასაწყისი, მივიდა თავის ნათესავ გ. გ-თან სამსახურში, სს „---“ შენობაში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ პრობლემებს უქმნიდა მისი თანამშრომელი ნ. ლ-ე და გადაწყვეტილი ჰქონდა მისი გზიდან ჩამოშორება. თუ ვინმე ეგულებოდა ისეთი, „ვინც ამ საქმეს ხელს მოაწერდა“, გადაუხდიდა ნებისმიერ თანხას. იგი თავის მხრივ შეჰპირდა, რომ გაარკვევდა ყველაფერს და დაუკავშირდებოდა. ამის შემდეგ ნ. გ-ი შეხვდა თავის მეგობარ ნ. ჩ-ას ბახტრიონის ქუჩაზე ,,ბუკიას“ ბაღთან, რა დროსაც უთხრა შეთავაზების შესახებ. ნ. ჩ-ამ კი თავის მხრივ უპასუხა, რომ შეასრულებდა შეკვეთას და მოკლავდა ნ. ლ-ეს, თუ შემკვეთი გადაუხდიდა 20 000 აშშ დოლარს. ამასთან, მოითხოვა ნ.ლ-ის ფოტოსურათი და მისი საცხოვრებელი სახლის მისამართი. იმავე საღამოს ნ. გ-ი კვლავ მივიდა გ. გ-თან თელასის შენობასთან, სადაც გ. გ-მა ქუჩაში გადასცა 20 000 აშშ დოლარი. თავის მხრივ, ნ. გ-მა აღნიშნული თანხა მეორე დღესვე მიუტანა ნ. ჩ-ას, ა. ხ-ესა და გ. პ-ს, რომლებმაც თანხა იქვე გაინაწილეს. მანვე აჩვენა, რომ შემთხვევიდან დიდი დროის გასვლის გამო, შესაძლოა, დეტალურად ვერ გაიხსენოს ყოველი დღე და ადგილი, თუ სად და რამდენჯერ შეხვდა იგი მითითებულ პირებს ნ.ლ-ის მკვლელობასთან დაკავშირებით ,,ბუკიას“ ბაღთან, სახინკლეში თუ სად, მაგრამ კარგად ახსოვს, რომ მან ნ.ჩ-ასა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებს 20 000 აშშ დოლარი გადასცა ამ უკანასკნელის ავტომანქანა ,,ნივაში“. დასახელებული პირები ნ. გ-ს შეჰპირდნენ, რომ შეკვეთას შეასრულებდნენ ორ კვირაში, რის შემდეგაც დაშორდნენ ერთმანეთს. მანვე ნ. ჩ-ასაგან შეიტყო, რომ იგი აგროვებდა ინფორმაციას ნ.ლ-ის შესახებ და ცდილობდა, მაქსიმალურად მოკლე დროში შეესრულებინა შეკვეთა. ნ.ლ-ის მკვლელობის წინა დღეს ნ.ჩ-ა და გ.პ-ი შეხვდნენ ნ.გ-ს და უთხრეს, რომ ყველაფერი იცოდნენ ნ.ლ-ის შესახებ. ნ.ჩ-ამ მას აჩვენა აგრეთვე „მაკაროვის“ სისტემის მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც შეძენილი ჰქონდა სპეციალურად ამ საქმისათვის. მკვლელობის შემდეგ, გარკვეული დროის განმავლობაში, ნ. ჩ-ა, ა. ხ-ე და გ. პ-ი თბილისში აღარ ჩანდნენ. შეხვედრის დროს კი მათ დაუდასტურეს, რომ შეკვეთა მათ შეასრულეს, რომ უშუალოდ ნ. ჩ-ამ ესროლა ნ. ლ-ეს. ამასთან, მოუყვნენ ნ.გ-ს შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, თუ რა ვითარებაში იქნა მოკლული იგი. ისინი შეთანხმდნენ, რომ ვინც ამ ამბავს გაახმაურებდა, არ ეპატიებოდა და სიცოცხლით აგებდა პასუხს. აღნიშნულის შემდეგ გ. გ-მა ნ. გ-ს მისცა 2 000 დოლარი „ჯიბის ფულად“ იმის აღსანიშნავად, რომ შეკვეთის შესრულებით კმაყოფილი იყო, მხოლოდ ნერვიულობდა, რომ მკვლელებს არ სცოდნოდათ მისი ვინაობის შესახებ, რაზეც ნ.გ-მა უპასუხა, რომ მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა და მშვიდად ყოფილიყო.
4. მოწმე გ. პ-მა აჩვენა, რომ 2002 წლის ზაფხულში, ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში, ა.ხ-ესა და ნ.ჩ-ასთან ერთად იმყოფებოდა ცირკის სასტუმროსთან არსებულ სახინკლეში, სადაც მივიდა ნ.გ-ი და უთხრა მათ, რომ „---“ თანამშრომლის მკვლელობაში იხდიდნენ 20 000 აშშ დოლარს და რომ ეს მკვლელობა შედიოდა მისი ნათესავის - გ. გ-ის ინტერესში. შეხვედრიდან სამი-ოთხი დღის ან ერთი კვირის შემდეგ ა.ხ-ე და ნ.ჩ-ა შეხვდნენ მას „ბუკიას“ ბაღთან, რა დროსაც მივიდა ნ.გ-იც. ავტომანქანაში ჩასხდნენ ნ.გ-ი და ნ.ჩ-ა, ხოლო ა.ხ-ე და გ.პ-ი ერთმანეთს ესაუბრებოდნენ. რამდენიმე წუთში ნ.გ-ი გადმოვიდა მანქანიდან, ხოლო ნ.ჩ-ამ დაუძახა გ.პ-ს და გადასცა 2000 აშშ დოლარი საქმესთან დაკავშირებით და უთხრა, რომ მკვლელობის ჩადენის დროს მის მოვალეობაში შედიოდა მანქანაში ჯდომა და თვალთვალი. აღნიშნულიდან რამდენიმე დღეში გ.პ-ს გაუარა ნ.ჩ-ამ და უთხრა, რომ მეორე დღეს, დილით, მზად ყოფილიყო. მართლაც მეორე დილით, დაახლოებით 7-8 საათზე, მას გაუარეს ნ.ჩ-ამ და ა.ხ-ემ მუქი ფერის ავტომანქანა ,,ნივით“ და წავიდნენ ბახტრიონის ქუჩაზე ნ.ლ-ის სახლთან მისვლისას ა.ხ-ე და ნ.ჩ-ა გადავიდნენ ა/მანქანიდან, თვითონ კი გადაჯდა საჭესთან. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ნ.ჩ-ა და ა.ხ-ე დაბრუნდნენ, ჩასხდნენ ა/მანქანაში, თქვეს-„ვსიო, მორჩა ყველაფერი“ და გაეცალნენ შემთხვევის ადგილს.
5. ა.ხ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2002 წლის ივლისის დასაწყისში იგი, ნ.ჩ-ა და გ.პ-ი იყვნენ სახინკლეში, სადაც მივიდა ნ. გ-ი და უთხრა, რომ მის ბიძაშვილს - გ. გ-ს ხელს უშლიდა თავისივე თანამშრომელი ნ. ლ-ე და გზიდან უნდა ჩამოეშორებინა. ნ.გ-მა ასევე უთხრა, რომ საქმე შეეხებოდა ფინანსურ მაქინაციებს და ეს რომ გამსკდარიყო, მის ნათესავს დაიჭერდნენ. ამასთან, საჭირო იყო დოკუმენტების წამოღება, რომელიც ნ.ლ-ეს სახლში ან მანქანაში ექნებოდა. მანვე აჩვენა, რომ როგორც მიხვდა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ნ. ჩ-ა და ნ. გ-ი უკვე შეხვედრილებიც იყვნენ და ნ.ჩ-ას ნ.ლ-ესთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეული ჰქონდა. ისინი შეთანხმდნენ, რომ როგორც კი ნ.ჩ-ა დააზუსტებდა დეტალებს, შეასრულებდნენ შეკვეთას. აღნიშნულ საქმეში ნ.გ-მა ნ.ჩ-ას მისცა 20 000 ათასი აშშ დოლარი, რომელიც მათ გაინაწილეს. დაახლოებით ერთი კვირის, ან ათი დღის შემდეგ ნ.ჩ-ა წავიდა საზღვარგარეთ, საიდანაც ჩამოიყვანა ავტომანქანა. ჩამოსვლიდან სამ-ოთხ დღეში ნ.ჩ-ამ დილით დაახლოებით შვიდის ნახევარზე ან შვიდის თხუთმეტ წუთზე, გაუარა ა.ხ-ეს, შემდეგ კი - გ.პ-ს და მასთან ერთად მივიდნენ ნ.ლ-ის ბინასთან. გ.პ-ი დარჩა ავტომანქანაში. ნ. ჩ-ა და ა.ხ-ე ავიდნენ მეოთხე თუ მეხუთე სართულზე და ელოდნენ ნ.ლ-ის გამოსვლას. გააღო რა კარი ნ.ლ-ემ, ა.ხ-ემ და ნ.ჩ-ამ იარაღის მუქარით შეაბრუნეს სახლში, თან გააფრთხილეს, რომ წინააღმდეგობა არ გაეწია, შეიყვანეს მისაღებ ოთახში, შეუკრეს ხელ-ფეხი „სკოჩით“ და ტელეფონის დამტენის სადენით, რის შემდეგაც მოსთხოვეს „--“ დაკავშირებული დოკუმენტები. ნ.ლ-ემ მათ უთხრა, რომ აღნიშნული საბუთები იყო ოთახში, ერთ-ერთ უჯრაში. ნ.ჩ-ა გავიდა საბუთების მოსაძებნად, ამ დროს ნ.ლ-ეს თავზე ადგა ა.ხ-ე. ნ.ჩ-ამ ნახა ე.წ „ფაილში“ ჩალაგებული საბუთები, გვერდითა ოთახიდან გამოიტანა ბალიში და პირსახოცი. ამ დროს ა.ხ-ე შემობრუნდა კარისკენ, რა დროსაც ნ.ჩ-ამ გაისროლა. ა.ხ-ე გამოვიდა ბინიდან, ცოტა ხანში დაეწია ნ.ჩ-აც, რომელმაც თან წამოიღო --- საბუთები. ა.ხ-ე შეეკითხა, რაიმე „ფაქტი“ ხომ არ დაგიტოვებიაო, რაშიც გულისხმობდა ტყვიის მასრას, გულას ან ანაბეჭდებს, რაზეც ნ.ჩ-ამ უპასუხა, რომ ყველაფერი წამოიღო. ა.ხ-ისთვის ცნობილი იყო, რომ ნ.ჩ-ა იმ დღეს უნდა წასულიყო გერმანიაში და დაემშვიდობნენ ერთმანეთს. იგი ნ.ჩ-ას შეხვდა გერმანიიდან მისი ჩამოსვლის შემდეგ, რა დროსაც უთხრა, რომ ნ.ლ-ის მკვლელობასთან დაკავშირებით ვიღაც იყო დაკავებული და ტყვია იყო ამოღებული, რაზეც ნ.ჩ-ამ უპასუხა „რა ტყვია, ყველაფერი წამოვიღეო“.
6. საკასაციო პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გ-ის, ხ-ისა და პ-ის ჩვენებები არადამაჯერებელია და ერთმანეთს არსებითად ეწინააღმდეგება, რის გამოც ისინი არ უნდა იქნეს გაზიარებული; პალატა სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას აღნიშნულთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ მოწმე ნ. გ-ის, ასევე მსჯავრდებულების - გ.პ-ისა და ა.ხ-ის ჩვენებების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. მათი ჩვენებები არსებით საკითხებში თანხვდენილია როგორც ერთმანეთთან, ისე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ: ნ.ჩ-ამ, გ.პ-მა და ა.ხ-ემ ნ. გ-ის მეშვეობით მიიღეს შეკვეთა ნ.ლ-ის მკვლელობის შესახებ. მკვლელობა შეუკვეთა ნ. გ-ის ნათესავმა გ. გ-მა; ნ.ჩ-ა, გ.პ-ი და ა.ხ-ე სოლიდური თანხის სანაცვლოდ დათანხმდნენ შეკვეთის შესრულებას; გ. გ-მა ნ. გ-ის საშუალებით მკვლელობის შესრულებაში გადაიხადა 20 000 აშშ დოლარი; 2002 წლის 13 აგვისტოს, გამთენიისას, ნ. ჩ-ა, გ. პ-ი და ა. ხ-ე მივიდნენ ქ.თბილისში, ბახტრიონის ქ. ---თან, სადაც ბინაში ნ.ლ-ე მარტო იმყოფებოდა; ნ.ლ-ის ბინაში შევიდნენ ა. ხ-ე და შეიარაღებული ნ. ჩ-ა; ნ. ჩ-ამ „მაკაროვის“ სისტემის მაყუჩიანი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა ნ. ლ-ე. აღნიშნულით კი სრულად დასტურდება, რომ ჩვენებებში არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები არ არის და უტყუარად არის დადგენილი მათ მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მსჯავრდებულები ზუსტად ვერ იხსენებენ, ივლისის ბოლოს თუ დასაწყისში იქნა მიღებული მკვლელობის შეკვეთა, კონკრეტულად რამდენი დღე, თუ საათი დასჭირდათ ნ.ლ-ის პიროვნების შესასწავლად და სხვა, ეს უნდა აიხსნას იმ გარემოებებით, რომ შემთხვევიდან ჩვენების მიცემამდე გასული იყო თითქმის ოთხი წელი და ხანგძლივი დროის გასვლის გამო ლოგიკურია, რომ ისინი დეტალურად და თანაც ერთგვაროვნად ვერ დაიმახსოვრებდნენ ყოველ წვრილმანს.
7. საკასაციო პალატა მიუთითებს: ის ფაქტი, რომ გ. გ-ი დაკავებული იყო ფინანსური მაქინაციებით, რის შესახებაც ცნობილი იყო ნ. ლ-ისთვის და რაც იქცა კიდეც მისი მკვლელობის მოტივად, გარდა ნ. გ-ის, ა. ხ-ისა და გ. პ-ის ჩვენებებისა, უტყუარად არის დადასტურებული ასევე თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 3 მაისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, რომლის თანახმდაც გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით ,,---“ მისი მუშაობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის; დაზარალებულ ნ. ლ-ის, მოწმეების - ე. პ-ასა და თ. კ-ის ჩვენებებით, რომლებითაც დასტურდება, რომ ლ-ის მკვლელობა დაკავშირებული იყო მის სამსახურებრივ საქმიანობასთან და როგორც მათთვის ცნობილია, იმ ფინანსურ მაქინაციებში, რომლის გამოვლენასაც ნ. ცდილობდა, აქტიურად მონაწილეობდა გ. გ-ი.
8. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმის შესახებ, რომ ვინაიდან ნ. ლ-ის გვამს თავის არეში აღენიშნებოდა 9 მმ დიამეტრის ცეცხლნასროლი ჭრილობა, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტის ტყვია, ზომით 9.22 მმ, ვერ დატოვებდა 9 მმ ზომის დაზიანებას, რითაც უარყოფილ უნდა იქნეს საქმეზე დადგენილი გარემოება, რომ ნ.ლ-ე მოკლულ იქნა „მაკაროვის“ სისტემის იარაღიდან გასროლილი ტყვიით, რასაც ასაბუთებენ მათ მიერ წარმოდგენილი ექსპერტების ა. გ-ისა და ლ. ქ-ის ჩვენებებით, რომელთა მიხედვითაც ,,მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტის ტყვიის დიამტერის ფაქტიური ზომა შეადგენს 9,22-9,27 მმ, რომელიც მიბჯენით გასროლის შემთხვევაში მყარ წინაღობაზე, მათ შორის ძვალზე, ტოვებს არა 9 მმ დიამეტრის, არამედ მისი ფაქტობრივი ან მეტი ზომის დაზიანებას, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქმის არსებითი განხილვისას ექსპერტმა გ.ც-ემ განმარტა, რომ ადამიანის ყველა ქსოვილს, მათ შორის ძვალს, გააჩნია გარკვეული ელასტიკურობა, რაც დამოკიდებულია ადამიანის ასაკზე; რომ ასაკის მატებასთან ერთად ძვლის ელასტიკურობა მცირდება. ამასთან, ლულაში გავლის დროს ტყვია „იწურება“ და შესაბამისად, მისი დიამეტრი გარკვეულწილად მცირდება. ტყვიით ჭრილობის მიყენების შემთხვევაში ძვალზე არსებული ხვრელი შესაძლებელია იყოს უფრო მცირე ზომის, ვიდრე ტყვიის გულა, რომლის ზემოქმედებითაც განვითარდა ასეთი დაზიანება. პრაქტიკამაც ცხადყო, რომ ხშირ შემთხვევაში ჭრილობის ზომა შედარებით მცირეა (ძალიან მცირე განსხვავებით), ვიდრე ტყვიის კალიბრი და რადგან კონკრეტულ შემთხვევაში საკითხი ეხება 0,2 მმ სხვაობას, ადვილად შესაძლებელია, სხვა ფაქტორის მხედველობაში მიღებით (ძვლის სინოტივე, ასაკი, ელასტიკურობა, სროლის მანძილი, სრული მიბჯენით თუ ნაწილობრივ მიბჯენით განხორციელდა სროლა და სხვ.) ტყვიას ძვალზე დაეტოვებინა მასზე მცირე ზომის, კერძოდ - 9 მმ ზომის კვალი; ხოლო ექსპერტმა ნ.მ-მა მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით განმარტა, რომ „მაკაროვის“ სისტემის იარაღის ტყვია არის 9.2 მმ ზომის. იარაღის ლულაში არსებულ ხრახნებს შორის მანძილი არის 9 მმ. გასროლის შემთხვევაში ლულაში გასვლის დროს ტყვია „იწურება“ და გარკვეულწილად მცირდება ზომაში. შესაბამისად, 9.2 მმ ტყვია ლულაში გავლის შემდეგ შეიძლება დარჩეს 9,1 მმ.
10. ექსპერტების - გ.ც-ისა და ნ.მ-ის ჩვენებების ანალიზის საფუძველზე პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ,,მაკაროვიდან“ გასროლილ ტყვიას შესაძლოა, დაეტოვებინა ნ. ლ-ის სხეულზე იმ ზომის დაზიანება, რაც მითითებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში.
11. პალატას აღნიშნული დასკვნის გაკეთების საფუძველს აძლევს ასევე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დასკვნები (სხვა სისხლის სამართლის საქმეებიდან), რომელთა მიხედვითაც ,,მაკაროვის“ სისტემის იარაღიდან გასროლილი ტყვიით გარდაცვლილ ადამიანებს თავის ქალაზე აღმოაჩნდათ ჭრილობები ზომით 9 მმ. (აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ექსპერტიზები ჩატარებულია დაახლოებით იმავე პერიოდში, როცა მოკლული იქნა ნ. ლ-ე).
12. დაცვის მხარის მოტივაცია იმის შესახებ, რომ ვინაიდან შემთხვევის ადგილიდან (ნ.ლ-ის ოთახში არსებული ჟურნალების მაგიდიდან) ამოღებულ სიგარეტის ნამწვებზე არსებული დნმ-ი, აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნის შესაბამისად არ დაემთხვა მსჯავრდებულთა დნმ-ს, ამით უტყუარად დასტურდება, რომ ხ-ე და ჩ-ა არ ყოფილან შემთხვევის ადგილზე და შესაბამისად, არც ნ.ლ-ის მკვლელობა ჩაუდენიათ, ასევე უსაფუძვლოა, ვინაიდან დამთხვევის არარსებობა არც პირდაპირ და არც სხვა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად არ მიუთითებს მსჯავრდებულთა უდანაშაულობაზე.
13. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმის შესახებ, რომ სატელეფონო ანძების თაობაზე ინფორმაციის შესაბამისად, ნ.ჩ-ა ვერ მიიღებდა მონაწილეობას ნ.ლ-ის მკვლელობაში იმის გათვალისწინებით, რომ 2002 წლის 13 აგვისტოს, 8:27 საათზე, ნ.ჩ-ა რკინიგზის სადგურზე იმყოფებოდა ოჯახთან ერთად, საიდანაც გაემგზავრა ბათუმში, 17:42 საათზე გადალახა სარფის საზღვარი და გაემგზავრა გერმანიაში. პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებები მოგონილია ნ. ჩ-ასთვის პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად, კერძოდ:
14. მოწმე ნ. ა-მა სასამართლოს მისცა რეალობასთან აშკარა შეუსაბამო ჩვენება იმის შესახებ, რომ როდესაც იგი თბილისი-ბათუმის მატარებლის ვაგონებთან ელოდებოდა ნ. ჩ-ას, რომელიც იგვიანებდა, თითქოს შენიშნა, რომ ნ. ჩ-ა და მისი ოჯახის წევრები რკინიგზის სადგურთან მოვიდნენ ტაქსით, მაშინ, როდესაც საყოველთაოდ ცნობილია, რომ ვაგონებთან მდგომი პირი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიას და მანქანების გადაადგილებას ვერ დაინახავს. უფრო მეტიც, ა-მა ასეთი ჩვენების მიცემისას ვერ გაიხსენა, თუ რომელ ლიანდაგზე იდგა მატარებელი.
15. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ იმ დროისათვის ნ. ჩ-ა სარგებლობდა მობილური ტელეფონით ---. მან განმარტა, რომ ვინაიდან ურეკში მყოფი მისი მეგობარი ა. კ-ი მასთან ერთად უნდა წასულიყო გერმანიაში, რომელსაც მობილური ტელეფონი დაუზიანდა, თბილისის რკინიგზის სადგურთან მას არაერთხელ დაუკავშირდა მის მეგობართან - ა. კ-თან ერთად ურეკში მყოფ პ. მ-ის მობილური ტელეფონის --- მეშვეობით. შპს „მაგთიდან“ ამოღებული ნ. ჩ-ასა და პ. მ-ის დასახელებული მობილური ტელეფონების დეტალური წუთობრივი ანგარიშისა და ანძების ადგილმდებარეობის მიხედვით დადგენილია, რომ ნ. ჩ-ას კუთვნილი ტელეფონიდან პ. მ-ის მობილურ ტელეფონზე 2002 წლის 13 აგვისტოს რკინიგზის სადგურზე არსებული ანძის მეშვეობით განხორციელდა სამი ზარი - 8:27 საათზე, 8:45 საათზე და 8:54 საათზე. შესაბამისად, ამ დროებში პ. მ-ე იმყოფებოდა თბილისში ე.წ ,,ელიავას“ ბაზრობაზე, დიღომში და აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კინოსტუდიასთან. თბილისის რკინიგზის სადგურიდან მიღებული ცნობით დადგენილია, რომ თბილისი-ბათუმის ჩქარი მატარებელი თბილისის სადგურიდან გავიდა 8:40 საათზე. იგი მცხეთის რკინიგზის სადგურზე იმყოფებოდა 8:57 საათზე. შპს ,,მაგთის’’ სპეციალისტის - ა. ყ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ აბონენტი, რომელიც თბილისის რკინიგზის სადგურზე არსებული ანძის მეშვეობით ახორციელებს ზარს, ფაქტობრივად არ შეიძლება ყოფილიყო მცხეთის სადგურში. აღსანიშნავია შემდეგი გარემოებაც: ნ. ჩ-ამ საკუთარი მობილური ტელეფონით 13:52 საათზე სატელეფონო ზარი განახორციელა ქუთაისის ანძიდან მაშინ, როდესაც აღნიშნული მატარებელი დგას ურეკის სადგურში, შემდეგი ზარი ნ. ჩ-ამ განახორციელა 15:08 საათზე ლანჩხუთის ანძიდან მაშინ, როდესაც მატარებელი ათი წუთის ჩასულია მახინჯაურში. სპეციალისტმა კატეგორიულად გამორიცხა, რომ ურეკსა და მახინჯაურში არსებულ ტელეფონებს დაერეკათ ქუთაისისა და ლანჩხუთის ანძებით.
16. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. ჩ-ას მეუღლე - თ. ბ-ე 2002 წლის 13 აგვისტოს სარგებლობდა მობილური ტელეფონით ---. შპს „ჯეოსელიდან“ მოწოდებული აღნიშნული ტელეფონის დეტალური წუთობრივი ანგარიშისა და ანძების ადგილმდებარეობის მიხედვით დადგენილია, რომ 13:19 საათზე დასახელებული ტელეფონი თერჯოლის ანძის მეშვეობით ახორციელებს საუბარს. ამ დროისათვის კი თბილისი-ბათუმის ჩქარი მატარებელი გაჩერებულია ლანჩხუთის რკინიგზის სადგურზე. იგივე ტელეფონი 15:40 საათზე ურეკის ანძის მეშვეობით ახორციელებს საუბარს მაშინ, როდესაც მატარებელი სადგურ მახინჯაურში უკვე დაახლოებით ერთი საათის ჩასულია.
17. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეჯერებით, ნ. ჩ-ასა და მის ოჯახის წევრებს თბილისი-ბათუმის დილის ჩქარი მატარებლით, რომელიც თბილისის რკინიგზის სადგურიდან გავიდა 08:40 საათზე, არ უმგზავრიათ. ამასთან, თბილისის რკინიგზის სადგურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2002 წლის 13 აგვისტოს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით 10:30 საათზე გავიდა მეორე ჩქარი მატარებელი, რომელიც მახინჯაურში ჩავიდა 17:17 საათზე. აღნიშნული მატარებლის თბილისიდან გასვლის დროისათვის ნ. ჩ-ას მობილური ტელეფონი დაფიქსირებულია ქარელის ანძაზე, რაც გამორიცხავს მათი ამ მატარებლით მგზავრობას.
18. ნ. ჩ-ას ჩვენებით, იგი პ. მ-ის ტელეფონის საშუალებით ურეკში დაუკავშირდა ა. კ-ს და შეთანხმების თანახმად, ა. კ-ი გერმანიაში გასამგზავრებლად მას შეუერთდა ურეკში. შპს „მაგთიდან“ მიღებული პ. მ-ის მობილური ტელეფონის დეტალური წუთობრივი ანგარიშისა და ანძების ადგილმდებარეობის მიხედვით, პ. მ-ე 2002 წლის 13 აგვისტოს იმყოფებოდა თბილისში და არც მანამდე და არც ამის შემდეგ მისი ტელეფონი ურეკში არ ყოფილა. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გათვალისწინებით, მართებულად არ იქნა გაზიარებული მოწმის სახით დაკითხული ა. კ-ის ჩვენება, რომ იგი ურეკის სადგურში ავიდა თბილისი-ბათუმის მატარებელზე და შეხვდა ნ. ჩ-ას.
19. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას იმის შესახებ, თითქოს ნ. გ-ი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ იგი ნ. ჩ-ას შეხვდა სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, სადაც ამ უკანასკნელმა გადასცა ლ-ისგან წამოღებული სს „---“ დოკუმენტაცია შემდეგ გარემოებათა გამო :
20. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. გ-ი სარგებლობდა მობილური ტელეფონით ---. შპს „მაგთიდან“ მიღებული ნ. გ-ის მობილური ტელეფონის დეტალური წუთობრივი ანგარიშისა და ანძების ადგილმდებარეობის მიხედვით გაირკვა, რომ ნ. გ-ი 2002 წლის 13 აგვისტოს, 16:49 საათზე დაფიქსირებულია ბათუმის ელექტროსადგურის ანძაზე. იმავე ანძაზე 17:09 საათზე, ე.ი ოცი წუთის შემდეგ, დაფიქსირებულია ნ. ჩ-ას მობილური ტელეფონის ნომერი. სასამართლოში დაკითხული სპეციალისტის - ა.ყ-ის ჩვენებით გაირკვა, რომ თითოეული ანძის მოქმედების რადიუსი შეადგენს 35 კილომეტრს და პრაქტიკულად არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ აღნიშნული რადიუსის ფარგლებში ყოფნისას ტელეფონს მომსახურება გაუწიოს არა უახლოესმა, არამედ ხსენებულ რადიუსში მდებარე სხვა ანძამ. აქედან გამომდინარე, მტკიცება იმისა, რომ რადგან ნ.ჩ-ასა და ნ.გ-ის ტელეფონები დროის გარკვეულ მონაკვეთში (20 წუთი) ფიქსირდება სხვადასხვა ანძაზე და ისინი ვერ შეხვდებოდნენ ერთმანეთს, საფუძველს მოკლებულია.
21. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის საჩივარს იმ ნაწილშიც, რომ თითქოს სააპელაციო პალატამ კანონის მოთხოვნათა იგნორირებით უთხრა უარი წარდგენილი შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე, რომლებითაც ისინი ითხოვდნენ დაზარალებულის უფლებამონაცვლე - ნ. ლ-ის, „---“ თანამშრომლების, ლ. ა-ის, ა. ხ-ისა და რამდენიმე ჟურნალისტის დაკითხვას, ასევე ნ. გ-ის, ა. ხ-ისა და გ. პ-ის ჩვენებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევას და მიუთითებს:
22. საკასაციო პალატა გაეცნო რა სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმს მიაჩნია, რომ დაცვის მხარემ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის ფარგლებში, ვერ დაასაბუთა მის მიერ წარდგენილ შუამდგომლობათა საფუძვლიანობა, კერძოდ: ახალი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში ვერ დაასაბუთა ის გარემოება, თუ რატომ იყო მათი წარდგენა ობიექტურად შეუძლებელი საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, ასევე ვერ დაასაბუთა ზოგიერთ მათგანის სამართლებრივი შემხებლობა მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან; ხოლო უკვე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით ვერ დაასაბუთა მათი გამოკვლევისას კანონის არსებითად დარღვევის ფაქტები; ამიტომ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად კანონიერად არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი შუამდგომლობები.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით: დაზარალებულ ნ. ლ-ის, მოწმეების - ე. პ-ასა და თ. კ-ის ჩვენებებით (რომლებითაც დასტურდება, რომ ნ. ლ-ის მკვლელობა დაკავშირებული იყო მის სამსახურებრივ საქმიანობასთან და როგორც მათთვის ცნობილია, იმ ფინანსურ მაქინაციებში, რომლის გამოვლენასაც ნ. ცდილობდა, აქტიურად მონაწილეობდა გ. გ-ი), მოწმეების - ნ. გ-ის, გ. პ-ისა და ა. ხ-ის ჩვენებებით (რომლებითაც დასტურდება, რომ 2002 წლის 13 აგვისტოს, გამთენიისას, წინასწარი შეთანხმების თანახმად, პ-ი, ხ-ე და ჩ-ა მივიდნენ ნ. ლ-ის საცხოვრებელ ბინაში გ. გ-ის შეკვეთის შესასრულებლად. ბინაში ავიდნენ ა. ხ-ე და ნ. ჩ-ა, ამ უკანასკნელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლით მოკლა ნ. ლ-ე), მოწმეების - ვ. ნ-ისა და ზ. კ-ის ჩვენებებით (რომლებითაც დასტურდება, რომ 2002 წლის 14 აგვისტოს მათ მშობლების ბინაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული ნახეს ნ. ლ-ე. აღნიშნულმა მოწმებმა აღწერეს შემთხვევის ადგილზე არსებული სურათი, რომელიც ემთხვევა გამომძიებელ ი. დ-ის მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებულ გვამის აღწერილობასა და მდგომარეობას), მობილურ ტელეფონებზე შემავალი და გამავალი ზარების ნუსხით, სპეციალისტ ა. ყ-ის ჩვენებითა და თბილისი-ბათუმის მატარებლის განრიგის ამსახველი დოკუმენტაციით (რომლითაც დასტურდება გ. გ-ისა და ნ. ჩ-ას ჩვენებებისა და დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოკვლეული მტკიცებულებების სიცრუე), მოწმე ნ. გ-ის ჩვენებით (რომლითაც დასტურდება გ. გ-ს, ნ. გ-სა და მას შორის მეგობრული ურთიერთობის არსებობა), 2005 წლის 3 მაისის განაჩენით (რომლის თანახმადაც, გ. გ-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით, ,,--“ მისი მუშაობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა (რომლითაც დადგენილია, რომ ლ-ის სიკვდილის უშუალო მიზეზია ერთი ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობა ქალას ძვლებისა და თავის ტვინის ნივთიერების დაზიანებით) და ექსპერტების - გ. ც-ისა და ნ. მ-ის ჩვენებებით (რომლებითაც დგინდება, რომ ,,მაკაროვის“ სისტემის ირაღიდან გასროლილი ტყვიით შესაძლებელი იყო ნ. ლ-ის სხეულზე არსებული დაზიანების მიყენება) გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ გ. გ-მა და ნ. ჩ-ამ ჩაიდინეს მათთვის ბრალად შერაცხული ქმედებები (სააპელაციო სასამართლოს მიერ ნ.ჩ-ას გამამტყუნებელი განაჩენი ე. ს-ის მკვლელობის მცდელობის ნაწილში სავსებით კანონიერად არ გადასინჯულა, ვინაიდან დაცვის მხარისაგან ახალი მტკიცებულება წარმოდგენილ იქნა მხოლოდ ნ. ლ-ის მკვლელობის ნაწილში).
24. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განხილვა ტარდება სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის შესაბამისად, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მათი გამოკვლევა კანონის არსებითი დარღვევით მოხდა; ხოლო ახალი მტკიცებულების წარდგენა და გამოკვლევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე დაასაბუთებს, რომ იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოზიციის დასასაბუთებლად და მისი წარმოდგენა პირველი ინსტანციის სასამართლოში ობიექტურად შეუძლებელი იყო.
25. ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს: ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განხილვისას განაჩენი უნდა გადაისინჯოს ახლად გამოვლენილი გარემოების ფარგლებში, ახალი მოცემულობისა და საქმეში არსებული დანარჩენი მტკიცებულებების ურთიერთქმედების კონტექსტში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა, თუ რა სახის გავლენა მოახდინა დ. კ-ას მიმართ 2008 წლის 6 თებერვლის გამამტყუნებელმა განაჩენმა წინაგანმხილველი სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ანუ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის ნაწილის მხედველობაში მიუღებლად (ვინაიდან განაჩენის გადასინჯვის შესახებ მსჯავრდებულთა შუამდგომლობები სწორედ იმ საფუძვლით მიიჩნია სასამართლომ დასაშვებად, რომ ნაწილობრივ გაყალბდა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი) შეეფასებინა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა საკმარისობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, ახალი მტკიცებულებებიც (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა დაშვებულიყო და გამოკვლეულიყო მხოლოდ ახლად გამოვლენილი გარემოების კონტექსტში.
26. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ ექსპერტების - ა. გ-ისა და ლ. ქ-ის დაკითხვა შეუსაბამობაშია როგორც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განხილვის სამართლებრივ ბუნებასთან (მათ დასკვნებს პირდაპირი ლოგიკური კავშირი არ გააჩნიათ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან), ისე საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან; თუმცა, მიუხედავად ამისა, საკასაციო პალატამ, ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის გამო, ისინიც შეაფასა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.
27. უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განმარტების თანახმად, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას, სამართლებრივი შეფასება მისცეს იმ საკითხებს, რაზედაც სააპელაციო სასამართლოს თავის გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია (იხ განაჩენი ¹142-აგ-12 http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/ganmarteba34.pdf). ზემოაღნიშნულიდან და ასევე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დადგენილი საპროცესო წესიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა გასაჩივრებულ განაჩენზე ვერ იმსჯელებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების (ირიბ ჩვენებათა გამოყენების შესახებ) გათვალისწინებით. აღნიშნული წარმოადგენს ცალკე სამართლებრივ პროცედურას, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ. ჩ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ისა და მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჯ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე