გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.06.2009
საქმის ნომერი
ას-146-476-09
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.06.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ას-146-476-09 23 ივნისი, 2009წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე

კასატორი _ ი. უ-ია, წარმომადგენელი ლ. ვ-შვილი (მოპასუხე, მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით)

მოწინააღმდეგე მხარეები _ ა. უ-იანსკი, წარმომადგენელი ჟ. ჯ-ძე (მოსარჩელე, მოპასუხე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირის სარჩელში); ნოტარიუსი თ. ჩ-ამბა (თანამოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 26 თებერვალს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ა. უ-იანსკის წარმომადგენელმა ნ. გ-ძემ მოპასუხე ნოტარიუს თ. ჩ-ამბას მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ა. უ-იანსკის სახელზე ს. უ-იანსკის სამკვიდრო ქონებაზე (ხელვაჩაურის რაიონში, დაბა მახინჯაურში, ... ქ. ¹1-ში მდებარე 750კვ.მ მიწის ნაკვეთზე) სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალება.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის 11 იანვარს ნ. გ-ძემ, როგორც ა. უ-იანსკის წარმომადგენელმა მიმართა ნოტარიუს თ. ჩ-ამბას ს. უ-იანსკის (ა. უ-იანსკის მამის) სამკვიდრო ქონებაზე ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის მისაღებად. მიუხედავად სანოტარო ბიუროში ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენისა, ნოტარიუსმა სანოტარო მოქმედება არ განახორციელა.

მოსარჩელე განმარტავდა, რომ ს. უ-იანსკი გარდაიცვალა 2002 წლის 29 მარტს. მის მიერ შედგენილი ანდერძის თანახმად, მამკვიდრებელმა მთელი თავისი ქონება უანდერძა ვაჟიშვილს _ ა. უ-იანსკის. ს. უ-იანსკის საკუთრებაში გააჩნდა დაბა მახინჯაურში, ... ქ. ¹1-ში მდებარე 750კვ.მ მიწის ნაკვეთი.

მოსარჩელის მითითებით, მართალია, ს. უ-იანსკის ჰყავდა ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან _ ი. უ-ია, ანუ პირველი რიგის მემკვიდრე, მაგრამ ეს უკანასკნელი მამის გარდაცვალებიდან (2002 წლის 29 მარტიდან) ექვსი თვის განმავლობაში არ დაუფლებია სამკვიდროს და მისი ინფორმაციით, ამ ვადაში არც ნოტარიუსისთვის მიუმართავს. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ იგი ვერ მიიღებდა სავალდებულო წილს (ტომი I, ს.ფ. 1-4).

2008 წლის 13 მარტს ი. უ-იამ (წარმომადგენელი ს. უ-ია) ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში წარადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩართვა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.

განმცხადებელი ზემოაღნიშნულ მოთხოვნას იმით ასაბუთებდა, რომ ამ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას შეეძლო გავლენა მოეხდინა მესამე პირის უფლებებზე და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ, რამდენადაც ი. უ-ია იყო მამკვიდრებელ ს. უ-იანსკის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე _ შვილი და სადავო ქონებაზე გააჩნდა კანონიერი ინტერესი (ტომი I, ს.ფ. 51).

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 მარტის განჩინებით ი. უ-ია საქმეში ჩაება მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით (ტომი I, ს.ფ. 59).

2008 წლის 18 მარტს იმავე სასამართლოში სასარჩელო განცხადება წარადგინა ი. უ-იას წარმომადგენელმა ს. უ-იამ, რომელმაც მოითხოვა სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევა, ვადის აღდგენა, სამკვიდროს მიღებულად ჩათვლა, ს. უ-იანსკის სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრედ ცნობა და ნოტარიუსისათვის სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალება.

მესამე პირის სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

ს. უ-იანსკი გარდაიცვალა რუსეთის ფედერაციაში, ხოლო ი. უ-ია ცხოვრობს თურქეთში, რის შესაბამისადაც, იგი არ იყო ინფორმირებული მამის გარდაცვალების შესახებ. აღნიშნულის თაობაზე მან შეიტყო 2003 წლის იანვარში. ი. უ-იამ მინდობილობა გასცა დედის ს. უ-იას სახელზე, რათა ამ უკანასკნელს მიემართა სათანადო ორგანოებისათვის მემკვიდრეობის მისაღებად. ს. უ-იამ, თავის მხრივ, ნოტარიუს თ. ჩ-ს მიმართა 2003 წლის 20 იანვარს.

ა. უ-იანსკი არის რუსეთის მოქალაქე. იგი მამის, ს. უ-იანსკის გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივად არ დაუფლებია სამკვიდრო ქონებას და არც განცხადებით მიუმართავს სამკვიდრო ქონების ადგილსამყოფელის მიხედვით მოქმედი ნოტარიუსისთვის.

მემკვიდრე ა. უ-იანსკიმ გაუშვა სამკვიდრო ქონების მიღების კანონით დადგენილი ვადა, რის გამოც მან დაკარგა სამკვიდროს მიღების უფლება (ტომი I, ს.ფ. 71-74, 130-137).

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით ა. უ-იანსკის წარმომადგენელ ნ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ი. უ-იას წარმომადგენელ ს. უ-იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოსარჩელეს გაუგრძელდა სამკვიდროს მიღების ვადა, დანარჩენ ნაწილში ი. უ-იას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში დგინდებოდა, რომ ს. უ-იანსკის ანდერძი შედგენილი იყო მის მთელ ქონებაზე ა. უ-იანსკის სასარგებლოდ. ასევე დგინდებოდა, რომ მამის გარდაცვალების დროს ა. უ-იანსკი არასრულწლოვანი (15 წლის) იყო.

რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ა. უ-იანსკი იყო მამის თანმყოფი მემკვიდრე. ამასთან დაკავშირებით რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მამის გარდაცვალების დროისათვის ა. უ-იანსკის დედა გარდაცვლილი ჰყავდა, ანუ ამ დროისათვის მას არ ჰყავდა კანონიერი წარმომადგენელი, ხოლო სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილი არის მშობლის საცხოვრებელი ადგილი.

თანმყოფი მემკვიდრე რომც არ ყოფილიყო, რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. უ-იანსკიმ ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის მემკვიდრეობის ნაწილი _ სალაროს შემნახველი წიგნაკი, რაც დასტურდებოდა საქმეში არსებული ამ წიგნაკით და ბანკის მიერ გაცემული ცნობით.

რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა ს. უ-იას მტკიცება იმის თაობაზე, რომ ა. უ-იანსკი ვალდებული იყო, ჩამოსულიყო საქართველოში მამის სამკვიდროს (სადავო მიწის ნაკვეთი) დასაუფლებლად. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის მიხედვით, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან, ე.ი. მამკვიდრებლის, მოცემულ შემთხვევაში ს. უ-იანსკის გარდაცვალების დღიდან _ 2002 წლის 29 მარტიდან.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა «ნოტარიატის შესახებ» კანონის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტზე, 46-ე, 47-ე მუხლებზე და მათი შინაარსის გათვალისწინებით საფუძვლ.დ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა ნოტარიუსის მიერ ა. უ-იანსკის სახელზე ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემის თაობაზე.

მესამე პირის სარჩელთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ იგი ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზი საპატიოდ იქნება მიჩნეული.

მხარის ახსნა-განმარტებიდან და საქმის მასალებიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მესამე პირის მიერ სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გადაცილება უნდა მიჩნეულიყო საპატიოდ, რამდენადაც საქმეზე დგინდებოდა, რომ მხარემ რუსეთიდან დროულად ვერ მიიღო საჭირო დოკუმენტები ნოტარიუსთან წარსადგენად, ხოლო მიღების შემდეგ ს. უ-იას მიერ დაუყოვნებლივ მოხდა მათი წარდგენა ნოტარიუსთან, რომლის პასუხიც ცნობილი გახდა 2008 წლის 12 მარტს (ტომი I, ს.ფ. 149-156).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. უ-იანსკიმ (წარმომადგენელი ნ. გ-ძე), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ი. უ-იას სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით მესამე პირის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ი. უ-იასათვის სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელების ნაწილში გამოტანილი იყო საპროცესო ნორმების დარღვევით.

რაიონულმა სასამართლომ სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების მიზეზად მიუთითა მხარის განმარტებაზე, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ი. უ-იამ ნოტარიუსთან წარსადგენი დოკუმენტები რუსეთიდან დროულად ვერ მიიღო. სასამართლო სხდომაზე მხარემ აღნიშნა, რომ ს. უ-იანსკის გარდაცვალების მოწმობა ფოსტის მეშვეობით ჩაჰბარდა 2003 წლის თებერვალში, რის შემდეგაც იგი წარუდგინა ნოტარიუსს. მანვე განმარტა, რომ ყოველდღე დადიოდა ნოტარიუსთან, მაგრამ სამკვიდრო მოწმობა ვერ მიიღო.

აპელანტის მითითებით, ს. უ-იამ სარჩელი აღძრა და სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენა მოითხოვა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ნ. გ-ძემ სასამართლოში ნოტარიუსის მიმართ სასარჩელო განცხადება წარადგინა (2008 წლის თებერვლის ბოლო). ამ დროისათვის ნოტარიუს თ. ჩ-ას მიღებული არ ჰქონდა დადგენილება ს. უ-იასათვის სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ასეთი დადგენილება ნოტარიუსმა მიიღო 2008 წლის 12 მარტს, რომელიც მესამე პირს ჩაჰბარდა 2008 წლის აპრილში. სწორედ ამის შემდეგ გაასაჩივრა ი. უ-იამ ნოტარიუსის შესაბამისი აქტი.

აპელანტის განმარტებით, მემკვიდრე ნოტარიუსს მიმართავს იმ მიზნით, რომ საკუთრებაში მიიღოს სამკვიდრო ქონება. შესაბამისად, ნოტარიუსისათვის ყოველდღიურად მიმართვის შემთხვევაში (როგორც ამაზე მოპასუხე მიუთითებდა), ი. უ-იას მით უფრო უნდა გასჩენოდა სურვილი, გაესაჩივრებინა ნოტარიუსის მიერ ქმედების განუხორციელებლობა, რასაც მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია (ტომი I, ს.ფ. 163-172).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე ი. უ-იას წარმომადგენელმა ს. უ-იამ (წარმომადგენელი ლ. ვ-შვილი), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (ტომი I, ს.ფ. 174-179).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ს. უ-იას სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად (ტომი II, ს.ფ. 79-83).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. უ-იანსკის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით ი. უ-იას წარმომადგენელ ს. უ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ს. უ-იანსკის პირველი ქორწინებიდან ჰყავდა ქალიშვილი _ ი. უ-ია, ხოლო მეორე ქორწინებიდან ვაჟი _ ა. უ-იანსკი, რომელიც მამის გარდაცვალების დროს, 2002 წლის 29 მარტს, იყო 15 წლის. მამის გარდაცვალების დროისათვის ა. უ-იანსკის ასევე გარდაცვლილი ჰყავდა დედა;

ს. უ-იანსკი საქართველოდან რუსეთში გაემგზავრა 1985 წლიდან, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუდმივად ცხოვრობდა მეორე ოჯახთან ერთად შემდეგ მისამართზე: ქ. ნოვოროსიისკი, ... ქუჩა, სახლი ¹80, ბინა ¹15. საქმეში არსებული გარდაცვალების მოწმობის თანახმად, იგი იყო რუსეთის მოქალაქე;

ს. უ-იანსკიმ მთელი თავისი ქონება მისი მდებარეობის მიუხედავად უანდერძა შვილს _ ა. უ-იანსკის;

2008 წლის იანვარში ნ. გ-ძემ მისი მარწმუნებლის ა. უ-იანსკის სახელით მიმართა ნოტარიუს თ. ჩ-ას ს. უ-იანსკის (ა.ს მამის) სამკვიდროზე ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის მისაღებად.;

ნ. გ-ძემ 2008 წლის თებერვლის ბოლოს სარჩელით მიმართა სასამართლოს. ამ დროისათვის ნოტარიუსის მიერ გაცემული არ იყო სამკვიდრო მოწმობა და არც უარი იყო ნათქვამი მის გაცემაზე;

ნ. გ-ძემ სანოტარო ბიუროში წარადგინა: ს. უ-იანსკის გარდაცვალების მოწმობა, ა. უ-იანსკის დაბადების მოწმობა და პასპორტის ასლი, ცნობა მახინჯაურის სადაბო საკრებულოდან და საჯარო რეესტრიდან, სადავო მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, ს. უ-იანსკის ანდერძი, რომლის თანახმად, მთელი თავისი ქონება (მათ შორის, მახინჯაურში მდებარე მიწის ნაკვეთი) მამამ უანდერძა ვაჟიშვილს _ ა. უ-იანსკის;

ე. უ-იას (ს. უ-იანსკი დედა) ანდერძით, მახინჯაურის სადაბო საკრებულოს ცნობითა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის ცნობით დასტურდებოდა, რომ ს. უ-იანსკის საკუთრებაში გააჩნდა ხელვაჩაურის რაიონის დაბა მახინჯაურში, ... ქ. ¹1-ში მდებარე 750კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;

ი. უ-ია მამის სამკვიდროს მისი გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში არ დაუფლებია. ამ უკანასკნელმა დედის _ ს. უ-იას მეშვეობით ნოტარიუსს მიმართა 2003 წლის 20 იანვარს, ე.ი. სამკვიდროს გახსნიდან 10 თვის შემდეგ. ნოტარიუსმა ი. კ-უკის (უ-იას) სახელზე სამკვიდრო მოწმობა არ გასცა. აღნიშნული დავის მიმდინარეობისას _ 2008 წლის 12 მარტს, ნოტარიუსმა მიიღო დადგენილება ი. კ-უკის სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, რამდენადაც სადავო სამკვიდრო ქონება იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, ხელვაჩაურის რაიონის დაბა მახინჯაურში, ხოლო მამკვიდრებელი _ ს. უ-იანსკი გარდაცვალების დროისათვის წარმოადგენდა რუსეთის მოქალაქეს, ასეთ ვითარებაში «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» კანონის მე-8, მე-9, მე-10 მუხლების შესაბამისად, საქართველოს სასამართლოს გააჩნია საერთაშორისო კომპეტენცია აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით. ამავე კანონის 55-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეობითი ურთიერთობები წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, რომელსაც მამკვიდრებელი გარდაცვალებისას განეკუთვნებოდა ანუ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველი დავა უნდა გადაწყვეტილიყო რუსეთის სამოქალაქო კოდექსით, კერძოდ, მემკვიდრეობითი სამართლის ნორმებით.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რუსეთის სამოქალაქო კოდექსის 528-ე მუხლით სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე. 529-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის ადგილად ითვლება მამკვიდრებლის ბოლო საცხოვრებელი ადგილი. 546-ე მუხლით მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას. სამკვიდრო მიღებულად ითვლება ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. 547-ე მუხლის თანახმად, 546-ე მუხლით სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული.

აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. უ-იას მიერ 2003 წლის 15 იანვარს ხელვაჩაურის სანოტარო ორგანოსათვის, ამავე რაიონში მდებარე მამის სამკვიდროს მისაღებად მიმართვა, არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო როგორც სამკვიდროს მიღება, რამდენადაც რუსეთის სამოქალაქო კოდექსის მოყვანილი მუხლები ასეთ შემთხვევაში მოითხოვდა სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოსათვის მიმართვას.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. უ-იას მემკვიდრეობის მისაღებად უნდა მიემართა არა ხელვაჩაურის სანოტარო ორგანოსათვის, არამედ რუსეთის ქალაქ ნოვოროსისკის სანოტარო ორგანოსათვის, სამკვიდროს გახსნის ადგილის მიხედვით კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში, რა შემთხვევაშიც სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლებოდა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რუსეთის სამოქალაქო კოდექსის 547-ე მუხლით სამკვიდროს მისაღებად დადგენილი 6-თვიანი ვადის საპატიოდ ჩათვლის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ სასამართლომ. იგივე წესი იყო დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმებით. სასამართლოს მითითებით, მხარე ვერ უარყოფდა, რომ 2003 წლის თებერვლის თვეში მამის გარდაცვალების ოფიციალური საბუთის მიღების შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ სამკვიდროს მისაღებად სანოტარო ორგანოსთვის მიმართვისას უკვე გაშვებული ჰქონდა კანონით დადგენილი ვადა, თუმცა აღნიშნული ვადის გასაგრძელებლად სასამართლოსთვის 2008 წლის მარტამდე არ მიუმართავს.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ი. უ-იას მიერ სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიოდ მიზეზად ვერ მიიჩნეოდა ის გარემოებები, რომ: ა. მხარემ ნაცვლად რუსეთის ქალაქ ნოვოროსისკის სანოტარო კანტორისა, სამკვიდროს მისაღებად ვადის დარღვევით მიმართა ხელვაჩაურის სანოტარო ორგანოს; ბ. მიუხედავად სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაშვებისა, 2003 წლის მარტის თვიდან 2008 წლის მარტამდე (5 წლის მანძილზე) მხარემ არ მიმართა სასამართლოს აღნიშნული ვადის გაგრძელების მოთხოვნით, მისივე განმარტებით იმ მოტივით, რომ სანოტარო ორგანოდან არ ჰქონდა პასუხი მიღებული (ტომი II, ს.ფ. 108-116).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. უ-იას წარმომადგენელმა ს. უ-იამ (წარმომადგენელი ლ. ვ-შვილი), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის აზრით, მოცემული დავის სწორად გადასაწყვეტად სააპელაციო სასამართლოს აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ს. უ-იანსკი ოჯახთან ერთად (მეუღლე ს. უ-ია და ქალიშვილი ი. უ-ია) ცხოვრობდა საქართველოში. ხელვაჩაურის რაიონის დაბა მახინჯაურში მას ჰქონდა მემკვიდრეობით მიღებული ქონება _ 750კვ.მ მიწის ნაკვეთი. 1987 წელს ს. უ-იანსკიმ დატოვა ოჯახი და საცხოვრებლად გაემგზავრა რუსეთში, სადაც შექმნა ახალი ოჯახი, ამავე წელს მას შეეძინა ვაჟი _ ა. მასთან მამას სიცოცხლის ბოლო პერიოდში არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია, იგი არც საქართველოში ჩამოსულა. 2003 წლის იანვარში ი. უ-იამ რუსეთიდან ჩამოსული ნაცნობისაგან შემთხვევით გაიგო ს. უ-იანსკის გარდაცვალების შესახებ. საჭირო დოკუმენტების მიღებამდე მან მინდობილი პირის _ დედის მეშვეობით მიმართა ნოტარიუსს ხელვაჩაურში და მოითხოვა ს. უ-იანსკის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მიღება. საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პოლიტიკური ვითარების გამო ი. უ-იამ მამის გარდაცვალების მოწმობა მიიღო მხოლოდ 2003 წლის 27 თებერვალს, რომელიც წარადგინა ნოტარიუსთან სამკვიდრო მოწმობის მისაღებად. სამკვიდრო მოწმობის მიღების დაგვიანების მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ საჭირო იყო აგრეთვე ცნობა მამკვიდრებლის უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილიდან, რომელიც ი. უ-იამ რუსეთიდან ვერ მიიღო. ფაქტობრივად, ამ უკანასკნელმა ნოტარიუსს მიმართა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 9 თვისა და 20 დღის შემდეგ _ 2003 წლის 20 იანვარს, ხოლო იურიდიული დოკუმენტი გარდაცვალების შესახებ მიიღო 10 თვის შემდეგ.

ამდენად, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ ი. უ-იამ გარდაცვალების მოწმობა მიიღო 2003 წლის 27 თებერვალს. პირის გარდაცვალების ფაქტი კანონის შესაბამისად დასტურდება გარდაცვალების მოწმობით ან სასამართლოს აქტით. ს. უ-იანსკი გარდაიცვალა 2002 წლის 29 მარტს, ხოლო ი. უ-იამ ნოტარიუსს მიმართა 2003 წლის 20 იანვარს, კანონით განსაზღვრული 6-თვიანი ვადის გასვლიდან სამი თვისა და 20 დღის შემდეგ. დაგვიანება გამოწვეული იყო მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, რაც დაკავშირებული იყო გარდაცვალების მოწმობის უქონლობასთან.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ სააპელაციო საჩივრის შემტან პირს _ წარმომადგენელ ნ. გ-ძეს, მართალია, მინდობილობით მინიჭებული აქვს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, მაგრამ იგი არ შეიცავს მითითებას უშუალოდ სააპელაციო სასამართლოში საჩივრის შეტანის უფლებამოსილებაზე. ამასთან, 29.08.07წ. მინდობილობით ა. უ-იანსკი ნ. გ-ძეს ანიჭებს უფლებას, ხელი მოაწეროს სასარჩელო განცხადებაზე და არა სააპელაციო საჩივარზე. სააპელაციო საჩივარზე ხელმოწერის უფლებამოსილებაზე არ მიუთითებს არც 19.07.08წ. მინდობილობა.

კასატორი არასწორად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქეს საქართველოში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამკვიდრო მოწმობის მისაღებად უნდა მიემართა ქალაქ ნოვოროსიისკის სანოტარო ბიუროსთვის, მაშინ როდესაც სასამართლოს განჯის საგანს არ წარმოადგენდა ნ. გ-ძის სარჩელი ხელვაჩაურის ნოტარიუსის მიმართ, რომლითაც იგი ითხოვდა ნოტარიუსისათვის ა. უ-იანსკის სახელზე ს. უ-იანსკის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალებას.

კასატორის მითითებით, საქმეში არ არსებობს რაიმე იურიდიული დოკუმენტი იმის შესახებ, რომ ა. უ-იანსკი 6 თვის ვადაში დაეუფლა მამის სამკვიდროს. სალაროს წიგნაკი, რომელზე დაყრდნობითაც მოსარჩელე აღნიშნულის დადასტურებას ცდილობს, წარმოდგენილია ასლის სახით, არის დაუმოწმებელი სისწორის და თარგმანის ნამდვილობის თვალსაზრისით. ამასთან, დასახელებული დოკუმენტით არ დასტურდება, თუ როდის დაეუფლა მოწინააღმდეგე მხარე აღნიშნულ წიგნაკს.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა რუსეთის სამოქალაქო კოდექსი, არასწორი ინტერპრეტაცია მისცა «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» კანონის რიგ ნორმებს. მითითებული კანონის 55-ე მუხლის მიხედვით, მემკვიდრეობითი ურთიერთობები წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, რომელსაც მამკვიდრებელი გარდაცვალებისას განეკუთვნებოდა. აქ არ არის განმარტებული, რომ ნორმის მოქმედება შეეხება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ქონებაზე უფლებას. მოცემულ შემთხვევაში ი. უ-იამ სწორად გამოიყენა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლება (ტომი II, ს.ფ. 129-139).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. უ-იას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ გარემოებებს:

ი. უ-ია და ა. უ-იანსკი არიან აწ გარდაცვლილი ს. უ-იანსკის პირველი რიგის მემკვიდრეები _ შვილები სხვადასხვა ქორწინებიდან;

მამკვიდრებელი ს. უ-იანსკი იყო რუსეთის მოქალაქე, იგი საქართველოდან რუსეთში გაემგზავრა 1985 წელს, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუდმივად ცხოვრობდა მეორე ოჯახთან ერთად;

მამკვიდრებელი ს. უ-იანსკი გარდაიცვალა 2002 წლის 29 მარტს. მან დატოვა ანდერძი, რომლის თანახმად მთელი თავისი ქონება უანდერძა ა. უ-იანსკის;

დადგენილია, რომ ა. უ-იანსკის სამკვიდრო მასაში უძრავი ქონების სახით შედის მხოლოდ ხელვაჩაურის რაიონის დაბა მახინჯაურში, ... ქ. ¹1-ში მდებარე 750კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების შესახებ ი. უ-იას მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მართლზომიერება. რამდენადაც მამკვიდრებელი განეკუთვნებოდა უცხო ქვეყნის, ამ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, დავის გადასაწყვეტად პირველ რიგში სწორად უნდა იქნეს განსაზღვრული, თუ რომელი ქვეყნის კანონმდებლობა უნდა გავრცელდეს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მიმართ.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა საკითხს იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყნის სამართალი უნდა იქნეს გამოყენებული ამ შემთხვევაში, განსხვავებულად აწესრიგებს.

«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, მემკვიდრეობითი ურთიერთობები წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, რომელსაც მამკვიდრებელი გარდაცვალებისას განეკუთვნებოდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1326-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის ადგილად იმ პირთა გარდაცვალების შემდეგ, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ, ითვლება ის ქვეყანა, სადაც ისინი ცხოვრობდნენ.

ზემოაღნიშნული ნორმებისაგან განსხვავებულ წესს ადგენს «სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ» მინსკის კონვენციის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 48-ე მუხლის მე-2 ნაწილი, კერძოდ, კონვენციის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ უძრავ ქონებაზე მემკვიდრეობის უფლება განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს ეს ქონება. ამავე კონვენციის 48-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, უძრავი ქონების მემკვიდრეობის საქმეთა წარმოებაში კომპეტენტური არიან იმ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებები, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს ქონება.

«სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ» მინსკის კონვენციას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი საკანონმდებლო აქტების მიმართ საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის, ასევე «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, რომლებიც ითვალისწინებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას (მიუხედავად მათი ფორმისა და სახელწოდებისა), თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ «სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ» მინსკის კონვენციის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 48-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად ი. უ-იას მიერ საქართველოში მდებარე სამკვიდრო უძრავი ქონების მიღების ვადის გაგრძელების საკითხი უნდა გადაწყდეს სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს სამემკვიდრეო სამართლის ნორმების შესაბამისად და ამ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის კომპეტენცია აქვს ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით არსებულ ნოტარიუსს _ საქართველოს ნოტარიუსს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამავე კოდექსის 1426-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული.

საქმეზე დადგენილია, რომ ი. უ-იამ რუსეთში მცხოვრები მამის _ ს. უ-იანსკის სამკვიდრო ქონების მისაღებად საქართველოს ნოტარიუსს მიმართა სამკვიდროს გახსნიდან (2002 წლის 29 მარტი) 10 თვის ვადაში _ 2003 წლის 20 იანვარს, მინდობილი პირის _ ს. უ-იას მეშვეობით (ტომი I, ს.ფ. 85). სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ ნოტარიუსის 2008 წლის 12 მარტის დადგენილებით ი. უ-იას უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაშვების გამო (ტომი I, ს.ფ. 139).

საქმეზე ასევე დადგენილია, რომ ი. უ-ია წარმოადგენს ს. უ-იანსკის შვილს პირველი ქორწინებიდან; ი. უ-ია ხშირად იმყოფება თურქეთის რესპუბლიკაში და არის მისი მოქალაქე; მამკვიდრებელი ს. უ-იანსკი იყო რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და სიცოცხლის ბოლომდე მეორე ოჯახთან ერთად მუდმივად ცხოვრობდა რუსეთში, ქ. ნოვოროსიისკში. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მამა-შვილს (ს. უ-იანსკისა და ი. უ-იას) სიცოცხლის ბოლო წლებში ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონიათ. ასეთ ვითარებაში, სრულიად ბუნებრივია, რომ კასატორი მამის გარდაცვალების შესახებ დაუყოვნებლივ ვერ შეიტყობდა და ვერც გარდაცვალების მოწმობას მოიპოვებდა. აქვე გასათვალისწინებელია 2003 წლის 20 იანვარს ი. უ-იას მიერ ხელვაჩაურის სანოტარო ბიუროში წარდგენილი განცხადება, სადაც ს. უ-იანსკის გარდაცვალების თარიღად დასახელებულია 2002 წლის აგვისტო (ტომი I, ს.ფ. 43, 85). აღნიშნული ასევე მოწმობს, რომ ამ დროისათვის ი. უ-იამ მამის გარდაცვალების ზუსტი თარიღი არ იცოდა. ს. უ-იანსკის გარდაცვალების მოწმობა ი. უ-იას ჩაჰბარდა მხოლოდ 2003 წლის 27 თებერვალს (ტომი I, ს.ფ. 82-84). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების ტვირთის გათვალისწინებით მოწინააღმდეგე მხარე ვერ ამტკიცებს, რომ ი. უ-იას სამკვიდროს გახსნიდან 6-თვიან ვადაში ეცნობა მამის გარდაცვალების შესახებ და რომ ამ ვადაში სრული შესაძლებლობა ჰქონდა, მოეთხოვა სამკვიდროს მიღება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა საპატიო მიზეზით გაუშვა სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილი 6-თვიანი ვადა.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ა. უ-იანსკის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა ხელმომწერი პირის _ ნ. გ-ძის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების არქონის გამო. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში არსებულ, ა. უ-იანსკის მიერ ნ. გ-ძეზე გაცემულ მინდობილობაზე, რომელიც ვადაშია და რომელშიც აღნიშნულია ნ. გ-ძისთვის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მინიჭების და ამ უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადანდობის შესახებ (ტომი II, ს.ფ. 22).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

ი. უ-იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება ი. უ-იასათვის სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

ი. უ-იას სასარჩელო მოთხოვნა სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდეს;

ი. უ-იას გაუგრძელდეს სამკვიდროს მიღების ვადა;

დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება;

ა. უ-იანსკის დაეკისროს ი. უ-იას მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი;

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.