საკასაციო საჩივარი

სამოქალაქო 04.03.2014
საქმის ნომერი
ას-1199-1144-2013
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.03.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1199-1144-2013 4 მარტი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „…”

(მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. მ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება

დავის საგანი - სასესხო ვალდებულების დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...“სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. მ-ის მიმართ მოსარჩელესა და შპს „პ +-ს“ შორის არსებული სასესხო დავალიანების, რომლის მოთხოვნის უფლებაც ნ. მ-ეს შპს „პ +-ან“ დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გააჩნდა, 14670 ლარით განსაზღვრის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის შეუტანლობის გამო, 2013 წლის 11 აპრილს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა, რომ შპს „…“ დარჩენილი სასესხო ვალდებულება ნ. მ-ის მიმართ შეადგენს 14 670 აშშ დოლარს. ამავე სასამართლოს 2013 წლის 23 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „…“ განცხადება და ნ. მ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 968.22 ლარის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ მისი გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 ივნისის განჩინებით ნ. მ-ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, დამატებითი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ემ, რომლითაც მათი გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, ამავე სასამართლოს 2013 წლის 23 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილება და საქმე წერილობითი შესაგებლის წარდგენის საპროცესო ვადის განსაზღვრის სტადიიდან დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2012 წლის 9 ოქტომბერს სარჩელით მიმართა შპს „…“ წარმომადგენელმა მ. ფ-მა მოპასუხეების: შპს „პ +-ის“ დირექტორ გ. ბ-სა და ნ. მ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხე გ. ბ-ის ინფორმაციის გაცემის დავალდებულება იმის შესახებ, რომ მან ჯ.ა-ეს სესხად მისცა 87 000 აშშ დოლარი და მოსარჩელემ მას სულ გადაუხადა 98 873 აშშ დოლარი; ასევე ნ.მ-ის მიმართ დარჩენილი სასესხო ვალდებულების 12 670 აშშ დოლარის ოდენობით დადგენა.

2012 წლის 12 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს დაზუსტებული სარჩელით მიმართა შპს „…“ და მოითხოვა სასესხო ვალდებულების დადგენა 14 670 აშშ დოლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საუბნო სამსახურს დაევალა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარება ნ. მ-ის მისამართზე: ქ.თბილისი, მ-ის ქ. №23.

2013 წლის 6 ივნისს საქმის მასალები ჩაბარდა ნ. მ-ის ძმას, ლ. მ-ეს. სასამართლოში დაბრუნებულ გზავნილის ასლზე ლ. მ-ის მიერ გაკეთებული ჩანაწერის მიხედვით, მას ჩაბარდა შემდეგი დოკუმენტები: განჩინება სამ ფურცლად და სარჩელი 17 ფურცლად.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მოპასუხე ნ. მ-ეს გაეგზავნა ქ.თბილისში, მ-ის ქ№23-ში და ჩაბარდა ძმას, ლ. მ-ეს. ნ. მ-ის რეგისტრაციის მისამართი სწორედ ქ.თბილისი, მ-ის ქ№23 იყო. არ იქნა გაზიარებული აპელანტის განმარტება, რომ მითითებული მისამართი არ იყო მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, რადგანაც დადგენილი იყო, რომ ნ. მ-ის რეგისტრაციის მისამართს სწორედ ქ.თბილისი, მ-ის ქ№23 წარმოადგენდა. სასამართლოს განმარტებით, ფიზიკური პირის რეგისტრაციის მისამართი და ძირითადი მისამართი, შესაძლებელია, არ ემთხვეოდეს ერთმანეთს. კონკრეტულ შემთხვევაში, კორესპონდენცია გაიგზავნა რეგისტრაციის მისამართის მიხედვით და გზავნილი ჩაჰბარდა მოპასუხის ძმას, რომელსაც განცხადება იმის შესახებ, რომ ნ. მ-ე მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობდა, არ გაუკეთებია. მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ნ. მ-ის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი იყო არა ქ.თბილისში, მ-ის ქ№23, არამედ სხვა მისამართი, აპელანტს არ წარუდგენია, რაც გამორიცხავდა აპელანტის იმ არგუმენტის გაზიარების შესაძლებლობას, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული მისამართი არასწორი იყო, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილისა.

სააპელაციო პალატამ ასევე იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2321 მუხლით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნა, რომ ნ. მ-ის ძმას ჩაბარდა განჩინება 3 ფურცლად და სარჩელი 17 ფურცლად, მხარისათვის გზავნილის ჩაბარება საქმის მასალებით დადასტურებული არ იყო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის აუცილებელი წინაპირობებია, რომ მოპასუხეს ეცნობოს საპროცესო ვადა შესაგებლის წარსადგენად, გაფრთხილებული იყოს მის მიერ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შესახებ და შესაგებლის წარუდგენლობა გამოწვეული იყოს არასაპატიო მიზეზით, ასევე სარჩელში მითითებული გარემოებები უნდა ამართლებდეს მოთხოვნას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, საქმის განხილვისათვის მომზადების მიზნით განუსაზღვროს მოპასუხეს საპროცესო ვადა სარჩელით მის მიმართ წარდგენილი პრეტენზიებისათვის პასუხის გასაცემად - წერილობითი შესაგებლის შესადგენად. მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ მოპასუხეს არ ჩაბარებია გზავნილი, სასამართლომ მიიჩნია, რომ მისთვის არ ყოფილა ცნობილი საპროცესო ვადა შესაგებლის წარსადგენად, ასევე არ ყოფილა გაფრთხილებული სარჩელთან დაკავშირებით შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ, რაც ადასტურებდა იმას, რომ მხარეს კანონით დადგენილი წესით არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ეს გარემოება კი, სასამართლოს განმარტებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, მე-3 ნაწილისა და 241-ე მუხლის შესაბამისად.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „…“ (დირექტორი ჯ.ა-ე), მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე განჩინების უცვლელად დატოვება შემდეგი დასაბუთებით:

არასწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხეს არ ჩაბარდა სასამართლო გზავნილი და დანართი, აღნიშნულით სააპელაციო სასამართლომ დაარღვია კანონიერებისა და შეჯიბრებითობის პრინციპები. ნ. მ-ეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო. საყურადღებოა, რომ მოპასუხე თავს არიდებდა სასამართლო შეტყობინების ჩაბარებას, რის გამოც სასამართლო იძულებული გახდა, აღნიშნულის განხორციელება პოლიციისათვის დაევალებინა, ამ უკანასკნელმა შეტყობინება ჩააბარა მოპასუხის ძმას, რომელმაც ხელმოწერით დაადასტურა სასამართლო გზავნილის, სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარების ფაქტი, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო გზავნილის შესწავლით ირკვევა, რომ ის არის ასლი და მასზე ადრესატის ხელმოწერა შესრულებული არ არის იისფერი მელნით, აღნიშული გარემოება ადასტურებს იმას, რომ მოპასუხეს სწორედ გზავნილის დედანი ჩაბარდა, ხოლო საქმეში წარმოდგენილი ამ დოკუმენტის ასლი, რაც სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა. სააპელაციო საჩივარს ნ.მ-ემ სადავო მტკიცებულება არ დაურთო, ხოლო სასამართლო სხდომაზე არ მოხდა საქმეში არსებული მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევა. გარდა იმისა, რომ საქმეში სადავო დოკუმენტი ასლის სახითაა წარმოდგენილი, მისი დედნის ადრესატისათვის ჩაბარება დაადასტურა ასევე პოლიციის შესაბამისმა განყოფილებამ. სააპელაციო სასამართლომ საქმე მიკერძოებულად განიხილა, იმგვარად, რომ მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტაცია არ გაუზიარებია. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ნ.მ-ემ მოთხოვნის დათმობის გზით კასატორისაგან თანხის გადახდის მოთხოვნის უფლება მოიპოვა მას შემდეგ, რაც მოვალეს თანხის დიდი ნაწილი გადახდილი ჰქონდა, ამასთანავე, საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დასტურდება, რომ ნ. მ-ეს უარი ეთქვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დამტკიცებული მორიგების აღსრულებაზე. კასატორმა მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ განსხვავებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნისაგან, მისი სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 თებერვლის განჩინებით შპს „…“ საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე, თანახმად ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შპს „…“ საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების კანონიერების შემოწმება.

ამ კუთხით სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

შპს „…“ წარმომადგენელმა მ. ფ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების: შპს „პ +-ის“ დირექტორ გ. ბ-სა და ნ. მ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა დაეკისროს ინფორმაციის გაცემა მოპასუხე გ. ბ-ეს მასზედ, რომ მან ჯ.ა-ეს სესხად მისცა 87 000 აშშ დოლარი და მოსარჩელემ მას სულ გადაუხადა 98 873 აშშ დოლარი; დადგინდეს დარჩენილი სასესხო ვალდებულება ნ.მ-ის მიმართ 12 670 აშშ დოლარის ოდენობით;

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 დეკემბერს დაზუსტებული სარჩელით მიმართა შპს „…“ და მოითხოვა სასესხო ვალდებულების დადგენა 14 670 აშშ დოლარის ოდენობით;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საუბნო სამსახურს დაევალა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარება ნ. მ-ის მისამართზე: ქ.თბილისი, მ-ის ქ. №23;

მოპასუხე ნ. მ-ის რეგისტრაციის მისამართია ქ.თბილისი, მ-ის ქ№23;

კონკრეტულ შემთხვევაში, კორესპონდენცია გაიგზავნა რეგისტრაციის მისამართის მიხედვით და 2013 წლის 6 ივნისს გზავნილი ჩაჰბარდა მოპასუხის ძმას, რომელსაც განცხადება იმის შესახებ, რომ ნ. მ-ე მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობდა, არ გაუკეთებია;

სასამართლოში დაბრუნებულ გზავნილის ასლზე ლ. მ-ის მიერ გაკეთებული ჩანაწერის მიხედვით, მას ჩაბარდა შემდეგი დოკუმენტები: განჩინება 3 ფურცლად და სარჩელი 17 ფურცლად.

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული გარემოებები კასატორს სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, მათ წინამდებარე საქმეზე სავალდებულო ძალა გააჩნიათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.

შპს „…“ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ გზავნილს, რომელიც საქმის მასალების მოპასუხისათვის ჩაბარებას ადასტურებს და თვლის, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ 2013 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით დადგენილად მიიჩნია, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები, კერძოდ, მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ანუ სახეზე იყო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და 241-ე მუხლის შემადგენლობა. პალატის ეს დასკვნა ემყარება შემდეგს:

მოპასუხის რეგისტრაციის მისამართზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტს, ადრესატის ძმას ჩაბარდა განჩინება 3 ფურცლად და სარჩელი 17 ფურცლად რაც დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილ გზავნილზე მისი მიმღების ხელმოწერით, თუმცა მხარისათვის გზავნილის ჩაბარება საქმის მასალებით დადასტურებული არ იყო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის მიზნებისათვის კი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა მოპასუხეს ინფორმირება შესაგებლის წარდგენის საპროცესო ვადისა და მისი არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შედეგების შესახებ, ამასთანავე სარჩელში მითითებული გარემოებები უნდა ამართლებდეს მოთხოვნას. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის საწინააღმდეგოდ, პალატამ ჩათვალა, რომ მოპასუხეს არ ჩაბარებია გზავნილი, შესაბამისად, მისთვის არ ყოფილა ცნობილი საპროცესო ვადა შესაგებლის წარსადგენად, ასევე არ ყოფილა გაფრთხილებული სარჩელთან დაკავშირებით შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა.

საკასაციო პალატა სავსებით იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობების შესახებ, და აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის შეტანისათვის დადგენილი ვადის დარღვევის გამო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ვალდებულება მხოლოდ მაშინ აქვს, თუ არსებობს კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობები. საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის საკანონმდებლო მიზნებიდან გამომდინარე, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შემდეგი წინაპირობების არსებობის სავალდებულობაა დადგენილი:

1. მოპასუხე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე;

2. მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა;

ამ ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას.

ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნას იურიდიული თვალსაზრისით. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმასა და მხარეთა დაბარებას სასამართლო სხდომაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის არასათანადო ინფორმირება სააპელაციო პალატამ კანონის (სსსკ 70-ე და 74-ე მუხლების) არასწორ განმარტებას დაუკავშირა, რის თაობაზეც სამართლიანად მიუთითა კასატორმა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, სასამართლო მოხელის მიერ ხელმოწერილი გზავნილი, სადაც განსაზღვრულია შესაგებლის წარდგენის 10-დღიანი ვადა და ამომწურავადაა განმარტებული არასაპატიო მიზეზით მისი წარუდგენლობის შედეგები. სწორედ ეს დოკუმენტი შეიცავს ადრესატის (უფლებამოსილი ოჯახის წევრის) ხელმოწერასა და მითითებას სარჩელისა და განჩინების ჩაბარების თაობაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, სასამარლო ვალდებულია, მხარეს გადასცეს სასამართლო გზავნილის ასლი სხვა დოკუმენტებთან ერთად, თუმცა ის გარემოება, რომ უფლებამოსილმა პირმა სწორედ ამ გაფრთხილებაზე ხელმოწერით დაადასტურა სარჩელისა და განჩინების ჩაბარების ფაქტი, მას წარმოუშობდა დოკუმენტის გაცნობის ვალდებულებას, შესაბამისად, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ მოპასუხე (ოჯახის ქმედუნარიანი წევრი), რომელიც ხელს აწერს დოკუმენტს, ვალდებულია გაეცნოს მის შინაარსს. მხოლოდ ის ფაქტი, რომ გზავნილი არ შეიცავს მითითებას მისი (ამ გზავნილის) მხარისათვის გადაცემის თაობაზე, ვერ გახდება იმის დადასტურების საფუძველი, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე და 74-ე მუხლების ან ამავე კოდექსის 201-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, მხარე არ იყო ინფორმირებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე, ამდენად, ეს საფუძველი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა ვერ გახდება. ამასთანავე, სასამართლო შეტყობინების ჩაბარებაზე ხელმომწერი პირის სხვაგვარ ვალდებულებას ზემოაღნიშნული ნორმების სწორი განმარტება არ ითვალისწინებს.

მითითებული მსჯელობა გამორიცხავს ასევე სააპელაციო პალატის იმ დასკვნის გაზიარების შესაძლებლობას, რომ მხარეს არ შეეძლო დადგენილ ვადაში წარედგინა შესაგებელი სასამართლოში, ამასთანავე, პალატა ყურადღებას ამახვილებს მოპასუხის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებზე: მისი პასპორტის ასლსა და „GEORGIAN AIRWAYS-ის“ ელექტრონულ ამონაწერზე, რომელთა შესწავლითაც დასტურდება, რომ ნ.მ-ე საქართველოში 2013 წლის 23 თებერვლიდან 2013 წლის 9 მარტამდე არ იმყოფებოდა, ეს გარემოება გამორიცხავს შესაგებლის საპატიო მიზეზით წარუდგენლობას, ვინაიდან მოპასუხეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფლება ჰქონდა, შესაგებელი სასამართლოში 2013 წლის 18 მარტის 24:00 საათამდე წარედგინა.

ამ გარემოებების ერთობლივად არსებობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სავსებით მართებულად მიიჩნია დადგენილად სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

- 2007 წლის 17 სექტემბერს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება შპს „…“ და შპს „პ +-ს“ შორის, რომლის თანახმადაც „პ +-ს“ მოსარჩელისათვის უნდა გადაეცა 100 000 აშშ დოლარი 5 წლის ვადით 2012 წლის 17 სექტემბრამდე;

- მხარეებმა ხსენებული ხელშეკრულება ხელმოწერით დაადასტურეს იმის მიუხედავად, რომ გამსესხებელს მსესხებლისათვის შეპირებული თანხა არ ჰქონდა გადაცემული. ხელშეკრულების დადების შემდგომ, რამდენიმე თვის განმავლობაში, შპს „პ +-ის“ დირექტორმა გ. ბ-ემ მოსარჩელეს სესხად გადასცა 87 000 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი 13 000 აშშ დოლარი აღარ გადაუცია;

- მოსარჩელე ყოველთვიურად კეთილსინდისიერად იხდიდა თითქმის გაორმაგებული ოდენობის გადასახადს, სესხის სარგებელს 23%-ს, ნაცვლად 17%-ისა;

- 2010 წლის 4 ივნისს გრიგოლ ბუაძემ იპოთეკის მოთხოვნის უფლება დაუთმო მოპასუხე ნ. მ-ეს სასყიდლიანი ხელშეკრულების საფუძველზე. ახალ იპოეკარს „პ თ.ჯ-ის“ 2010 წლის 17 ივნისამდე უნდა გადაეხადა 59 200 აშშ დოლარი, რაც არ გადაუხდია;

- მოსარჩელემ შპს „პ +-ს“ სულ გადაუხადა 98 873 აშშ დოლარი, სადაც 24 543 აშშ დოლარი შეადგენს პროცენტს, ხოლო 74 329 აშშ დოლარი - ძირითად თანხას;

- მოსარჩელეს გადასახდელი დარჩა 14 670 აშშ დოლარი.

საკასაციო პალატა დადგენილად მიჩნეული გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, ასევე იზიარებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების დასკვნას, რომ სარჩელში მითითებული და სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე, მუხლის, სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას და საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის მოტივით არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს მხოლოდ დადგენილი გარემოებების სამართლებრივი შეფასება წარმოადგენს, ამასთანავე არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების წინაპირობები, პალატა მიიჩნევს, რომ უფლებამოსილია თავად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

მოცემულ შემთხვევაში კასატორი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ოქტომბრის განჩინების სრულად გაუქმებას, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და 2013 წლის 20 ივნისის (ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ) განჩინების უცვლელად დატოვებას მოითხოვს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ, 2013 წლის 23 აპრილს საქალაქო სასამართლომ, შპს „…“ განცხადების საფუძველზე გამოიტანა დამატებითი გადაწყვეტილება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯი. სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით, ბუნებრივია, სააპელაციო სასამართლომ ასევე გააუქმა ზემოაღნიშნული დამატებითი გადაწყვეტილება, თუმცა, ვინაიდან კასატორს ამ დამატებითი გადაწყვეტილების თაობაზე არც ფაქტობრივი პრეტენზია და არც საკასაციო განაცხადი არ წარმოუდგენია, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს აღნიშნულზე, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა, ხოლო, ამავე კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ოქტომბრის განჩინება და უცვლელად დარჩეს ამავე საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის განჩინება.

სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ამავე ნორმის მე-2 და მე-3 ნაწილებით კი დადგენილია, რომ ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

საკასაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინებით ძალაში დარჩა რა პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, პალატა მიიჩნევს, რომ არც სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების ნაწილში არსებობს მისი გაუქმებისა და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის ხელახლა განაწილების წინაპირობა, ხოლო, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ შპს „…“ საკასაციო საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა, მოწინააღმდეგე მხარე ნ. მ-ეს კასატორის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1237,27 ლარის ანაზღაურება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეთ მის მიერ 2014 წლის 17 იანვრის Nა-124-14 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 6 (ექვსი) ფურცლად და 2014 წლის 12 თებერვლის Nა-507-14 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 5 (ხუთი) ფურცლად, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. აღნიშნული გარემოება საკასაციო პალატის მიერ მტკიცებულების საქმისათვის დართვაზე უარის თქმის საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებები .

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „…“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ოქტომბრის განჩინება და უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2013 წლის 20 ივნისის განჩინება.

3. ნ. მ-ეს (პ/N…) შპს „…“ (ს/N…) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1237,27 ლარის ანაზღაურება.

4. კასატორს დაუბრუნდეს Nა-124-14 განცხადებაზე დართული მტკიცებულება 6 ფურცლად და Nა-507-14 განცხადებაზე დართული მტკიცებულება 5 ფურცლად.

5. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

6. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე