ბათილად ცნობა

სამოქალაქო
საქმის ნომერი
ა-5158-ბ-14-2018
კატეგორია
დავის ტიპი
ბათილად ცნობა
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-5158-ბ-14-2018 10 ივნისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – ნ. კ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ.მ.მ.ა ი.“ („B.M.M.A I.“) (მოსარჩელე)

მოპასუხე - შპს „ი. გ.“

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ბ.მ.მ.ა ი.“ („B.M.M.A I.“) (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ი. გ.“ (შემდგომში − „პირველი მოპასუხე“) და ნ. კ-ის (შემდგომში − „მეორე მოპასუხე“ ან „განმცხადებელი“) (შემდგომში ერთობლივად − „მოპასუხეები“, „კასატორები“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორები“) მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე.

2. მეორე მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, ხოლო პირველ მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების − 220 000 აშშ დოლარის გადახდა. მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების − 247 500 აშშ დოლარის გადახდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება ხელახალი განხილვის მიზნით.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინებით მოპასუხეების წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. კასატორებს დაევალათ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად მეორე მოპასუხის მიერ მ. წ-ის სახელზე შედგენილი და სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი ან მეორე მოპასუხის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი; ბ) სახელმწიფო ბაჟის, მათ შორის პირველ მოპასუხეს – 8 000 ლარის და მეორე მოპასუხეს - 6 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრების დედნები.

8. მეორე მოპასუხისთვის ხარვეზის განჩინებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო პირველი მოპასუხისთვის დადგენილ ვადაში მ. წ-ემ სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომელსაც თან ერთვოდა მეორე მოპასუხის მიერ მ. წ-ის სახელზე გაცემული რწმუნებულება, მეორე მოპასუხის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი და მეორე მოპასუხის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ამასთან, განცხადებაში მ. წ-ე აღნიშნავდა, რომ სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელად საერთო ჯამში უნდა დაედგინა მხოლოდ 8 000 ლარი, ვინაიდან მოპასუხეები არიან სოლიდარული მოვალეები და იმ შემთხვევაში თუ მეორე მოპასუხე სახელმწიფო ბაჟის სახით ცალკე გადახდიდა 6 000 ლარს, ხოლო პირველი მოპასუხე – 8 000 ლარს, მაშინ კასატორების მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა გაორმაგებული იქნებოდა, რადგან დავის საგნის საერთო ღირებულება, რომლის გადახდასაც სარჩელით მეორე მოპასუხეს ედავებიან, წარმოადგენს 467 500 აშშ დოლარს, რომელშიც შედის პირველი მოპასუხისთვის გადასახდელად დასაკისრებელი თანხაც. მ. წ-ე ასევე აღნიშნავდა, რომ თუ სასამართლო სახელმწიფო ბაჟის ოდენობას დაადგენდა საერთო ჯამში 8 000 ლარს, მეორე მოპასუხე მზად იყო დამატებით გადაეხადა 2 000 ლარი, ხოლო თუკი სასამართლო პირველ მოპასუხეს ცალკე დააკისრებდა სახელმწიფო ბაჟს 8 000 ლარს, იგი შუამდგომლობდა სასამართლოს ნაწილობრივ გაეთავისუფლებინა პირველი მოპასუხე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და გადასახდელად დაედგინა სახელმწიფო ბაჟი 2 000 ლარი.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხეების საკასაციო საჩივარი მეორე მოპასუხის მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველად. პირველი მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. პირველ მოპასუხეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა და დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 8 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

10. საკასაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორებს გაეგზავნათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე − ქ. თბილისი, ძ. ზ-ების ქ. №.... საქმეში წარმოდგენილი შეტყობინებებით დგინდება რომ, მეორე მოპასუხის სახელზე გაგზავნილი გზავნილი ჩაიბარა მეორე მოპასუხის ბიძაშვილმა ს. ფ-მა 2018 წლის 4 ოქტომბერს, მანვე ჩაიბარა პირველი მოპასუხის სახელზე გაგზავნილი გზავნილიც 2018 წლის 4 ოქტომბერს, მეორე მოპასუხეზე გადასაცემად (იხ. ტ. 2, ს.ფ. 611-612). ვინაიდან პირველი მოპასუხის შემთხვევაში გზავნილი ჩაიბარა არაუფლებამოსილმა პირმა, აღნიშნულის გამო ხარვეზის შესახებ განჩინება გაეგზავნა პირველი მოპასუხის წარმომადგენელს მ. წ-ეს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ლ. ქ. ... ჩიხი №... (საადვოკატო ბიურო „წ. და კ.“) და ჩაბარდა პირადად ადრესატს 2018 წლის 9 ოქტომბერს (იხ. ტ. 2. ს.ფ. 614).

11. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, 74-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით და მიუთითა, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 7-დღიანი ვადის დენა მეორე მოპასუხისათვის დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2018 წლის 5 ოქტომბერს და ამოიწურა 2018 წლის 11 ოქტომბერს. 2018 წლის 12 ოქტომბერს, ანუ მეორე მოპასუხისათვის სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, მ. წ-ემ საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მეორე მოპასუხის მიერ მ. წ-ის სახელზე გაცემული რწმუნებულება, მეორე მოპასუხის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი და მეორე მოპასუხის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

12. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლით, ამავე კოდექსის 63-ე მუხლით და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილი იყო, რომ მეორე მოპასუხეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, არსებობდა საკასაციო საჩივრის მისი მოთხოვნის ნაწილში განუხილველად დატოვების საფუძველი.

13. 2018 წლის 7 ნოემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მეორე მოპასუხის წარმომადგენელმა და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინების ნაწილობრივ, კერძოდ, მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში, ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

14. განმცხადებელმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

14.1. ს. ფ-ი არ არის მეორე მოპასუხის ბიძაშვილი. ეს უკანასკნელი ასეთ პიროვნებას საერთოდ არ იცნობს. ს. ფ-ი არც მითითებულ მისამართზე ცხოვრობს. იგი ამ ბინაში მცხოვრები და 2018 წლის 22 თებერვლიდან ამ ბინის მესაკუთრის, რ. ჩ-ის შემთხვევითი სტუმარი უნდა იყოს, რადგან მეორე მოპასუხემ ამ ბინაზე მესაკუთრეობა ოფიციალურად 2018 წლის 22 თებერვლიდან შეწყვიტა. განჩინებაში მითითებულ, მხარისათვის უცნობ ს. ფ-ს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება დღემდე არ ჩაუბარებია მოპასუხეებისათვის და, რა თქმა უნდა, ვერც ჩააბარებდა, რადგან მათთან არანაირი ურთიერთობა არ აკავშირებს. აქედან გამომდინარე, ს. ფ-თვის განჩინების ჩაბარება, როგორც პირველი მოპასუხის, ისე მეორე მოპასუხის ნაწილში, არაუფლებამოსილი პირისთვის გზავნილის ჩაბარებას ნიშნავს. ორივე მოპასუხისათვის ხარვეზის შევსების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2018 წლის 9 ოქტომბრიდან, როდესაც მათ წარმომადგენელს ჩაბარდა მითითებული განჩინება. ასეთ შემთხვევაში მეორე მოპასუხეს ხარვეზი გამოსწორებული აქვს 7-დღიან ვადაში;

14.2. საკასაციო საჩივარში მეორე მოპასუხის მისამართი მითითებულია ინერციით, სარჩელიდან და შესაგებლებიდან გამომდინარე. მოცემული საქმის განხილვა ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო. მართალია, საკასაციო საჩივარში მეორე მოპასუხის საცხოვრებელ ადგილად მითითებული იყო მისი ყოფილი საცხოვრებელი ადგილი, მაგრამ ამავე საჩივარში მითითებული იყო მისი წარმომადგენლის ადგილსამყოფელის ზუსტი მისამართი, რომელზეც დაუბრკოლებლად იქნა მიღებული ყველა სხვა გზავნილი, რომელიც შეეხებოდა მითითებულ საქმეს.

15. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო მეორე მოპასუხესთან მიმართებით, ს. ფ-ს მაინც მიიჩნევს გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილ პირად, განმცხადებელი ითხოვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი საპროცესო ვადის აღდგენას ან საპროცესო ვადის ერთი დღით გაგრძელებას, იმ საფუძვლით, რომ მხარეს მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ ჰქონდა შუამდგომლობის და განცხადების წარდგენის შესაძლებლობა და მას ს. ფ-ის მიერ 2018 წლის 4 ოქტომბერს ჩაბარებული განჩინება დღემდე არ მიუღია.

16. განმცხადებელი ასევე შუამდგომლობს სასამართლომ მისი განცხადების განხილვის დროს გაითვალისწინოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ კატეგორიის დავებთან დაკავშირებით და უთითებს შემდეგ საქმეებზე: საქმე №ას-206-541-07, 2007 წლის 7 ივნისი; საქმე №ა-1595-ბ-18, 2011 წლის 4 ივლისი; საქმე №ა-2947-ბ-21-2011, 2011 წლის 3 ნოემბერი.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის განჩინებით მეორე მოპასუხის წარმომადგენლის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინების ნაწილობრივ, კერძოდ, მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში, ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

18. საკასაციო სასამართლო განცხადების საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

20. მითითებული ნორმის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. საქმის წარმოების განახლება არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს და შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების დამატებით საპროცესო მექანიზმს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

21. მოცემულ შემთხვევაში, განჩინების ბათილად ცნობის შესახებ წარმოდგენილი განცხადების ძირითადი დასაბუთება იმაში მდგომარეობს, რომ ს. ფ-ი, რომელსაც ჩაბარდა ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინება, არ არის მეორე მოპასუხის ოჯახის წევრი და, ამდენად, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარებულად არ უნდა იქნეს მიჩნეული. განმცხადებლის მითითებით, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა ორივე მოპასუხისათვის უნდა დაიწყოს 2018 წლის 9 ოქტომბრიდან, როდესაც განჩინება ჩაბარდა მათ წარმომადგენელს. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის აღნიშნულ პრეტენზიას.

22. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია სასამართლო შეტყობინების ზოგადი წესი და დადგენილია, რომ უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამდენად, თუ მხარის მიერ დასახელებულ მისამართზე სასამართლო კორესპოდენციის გაგზავნისას ადრესატი საცხოვრებელ ადგილას დროებით არ იმყოფება და ამავე მისამართზე მყოფი პირი უფლებამოსილ სასამართლო თუ საფოსტო კურიერს განუმარტავს, რომ არის მხარის ოჯახის ქმედუნარიანი წევრი, სასამართლო უფლებამოსილია ჩათვალოს, რომ სასამართლო გზავნილი ჩაბარდა მხარის ოჯახის წევრს, რაც თავად მხარისათვის გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევას უთანაბრდება. აღნიშნული ვარაუდის საწინააღმდეგო გარემოების არსებობის დადასტურება ევალება მხარეს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალებების საფუძველზე.

23. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინება მეორე მოპასუხეს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე − ქ. თბილისი, ძ. ზ-ების ქ. №.., და 2018 წლის 4 ოქტომბერს ჩაბარდა ადრესატის ბიძაშვილს, ს. ფ-ს (იხ. ტ.2. ს.ფ. 611). საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული მისამართია მითითებული, მათ შორის, პირადად მეორე მოპასუხის მიერ ხელმოწერილ საკასაციო საჩივარშიც, რომელიც 2018 წლის 12 ოქტომბერს, საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით, უზენაეს სასამართლოში ვადის დარღვევით წარმოადგინა მეორე მოპასუხის წარმომადგენელმა (იხ. ტ.2. ს.ფ. 621-643).

24. დასაბუთებულ შედავებად ვერ მიიჩნევა განმცხადებლის მითითება, რომ საკასაციო საჩივარში მისამართი მითითებულია ინერციით, სარჩელიდან და შესაგებლებიდან გამომდინარე.

25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოდავე სუბიექტს კანონმდებელი იმპერატიულად ავალდებულებს მისამართის სწორად მითითებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ გათვალისწინებულია ე.წ „პროცესუალური სანქციის“ გამოყენება. ის ფაქტი, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულია სარჩელის განუხილველად დატოვების შესაძლებლობა მოსარჩელის მიერ საკუთარი ან მოპასუხის მისამართის არასწორად მითითების შემთხვევაში, მიანიშნებს მხარის ვალდებულებაზე, სასამართლოს აცნობოს სწორი მისამართი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული შედეგის დადგომის რისკი მხარეს ეკისრება.

26. განმცხადებლის იმ შედავებასთან დაკავშირებით, რომ საკასაციო საჩივარში მეორე მოპასუხის ყოფილ საცხოვრებელ ადგილთან ერთად მითითებული იყო მისი წარმომადგენლის მისამართიც, უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. მოცემულ შემთხვევაში, რადგან მეორე მოპასუხის მისამართად საკასაციო საჩივარში მითითებული იყო − ქ. თბილისი, ძ. ზ-ების ქ. №..., პრეზუმირებული იყო აღნიშნული ინფორმაციის სიზუსტე და სასამართლოს დისკრეციას წარმოადგენდა საკასაციო საჩივარში მითითებულ რომელ მისამართზე გააგზავნიდა განჩინებას, პირადად მხარის, თუ მისი წარმომადგენლის.

27. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან მხარის მიერ მითითებულ მისამართზე ს. ფ-მა, როგორც ადრესატის ბიძაშვილმა ჩაიბარა სასამართლო გზავნილი, რაც დაადასტურა საკუთარი ხელმოწერით, არსებობს პრეზუმფცია, რომ სასამართლო უწყება ჩაიბარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა პირმა – ადრესატის ოჯახის წევრმა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. განმცხადებელმა ვერ წარმოადგინა იმ პრეზუმფციის გამაქარწყლებელი რაიმე მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა დასაბუთებულ ვარაუდს, რომ გზავნილის მიმღები პირი არ იყო მის მიღებაზე უფლებამოსილი პირი. განმცხადებლის მიერ განცხადებაზე დართული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ძ. ზ-ების ქ. №...-ში მდებარე ბინის ამჟამინდელი მესაკუთრე რ. ჩ-ეა (იხ. ტ.2. ს.ფ. 666-667), გზავნილის ჩაბარების შესახებ იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტის, რომელიც ხელმოწერილია გზავნილის მიმღების მიერ და რომელზეც ამ უკანასკნელმა მიუთითა თავისი პირადი ნომერი, ადრესატთან დამოკიდებულება და გზავნილის ჩაბარების თარიღი, საწინააღმდეგო სარწმუნო ინფორმაციას არ შეიცავს და ვერ მიიჩნევა განმცხადებლის პოზიციის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად. ამასთან, ის ფაქტი, რომ ბინის მესაკუთრე რ. ჩ-ეა, იმთავითვე არ გამორიცხავს მოცემულ მისამართზე მეორე მოპასუხისა და ს. ფ-ის ცხოვრების შესაძლებლობას. უფრო მეტიც, საქმის მასალებში წარმოდგენილია საფოსტო უკუგზავნილი, რომლითაც ირკვევა, რომ ს. ფ-ს მითითებულ მისამართზე სხვა დროსაც აქვს ჩაბარებული მეორე მოპასუხისთვის განკუთვნილი გზავნილი, როგორც მისი ოჯახის წევრს, თანაც იმ პერიოდში, როდესაც ბინის მესაკუთრე მეორე მოპასუხე იყო (იხ. ტ.1. ს.ფ. 106) (მართალია, აღნიშნული საფოსტო უკუგზავნილის კომენტარის გრაფაში მითითებულია დეიდაშვილი და არა − ბიძაშვილი, თუმცა საფოსტო უკუგზავნილებში აღნიშნული გზავნილის მიმღების პირადი ნომრებიდან ირკვევა, რომ გზავნილი 2015 წლის 14 სექტემბერსაც და 2018 წლის 4 ოქტომბერსაც ერთმა და იმავე პიროვნებამ, ს. ფ-მა ჩაიბარა). ამრიგად, რადგან 2018 წლის 4 ოქტომბერს მხარის მიერ მითითებულ მისამართზე სასამართლო გზავნილი ჩაიბარა უფლებამოსილმა პირმა, რაც თავად მხარისათვის გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევას უთანაბრდება და სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს, მეორე მოპასუხისათვის ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 7-დღიანი ვადის დენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად (წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი), დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2018 წლის 5 ოქტომბერს და ამოიწურა 2018 წლის 11 ოქტომბერს. მეორე მოპასუხის წარმომადგენელმა კი ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება საკასაციო სასამართლოში 2018 წლის 12 ოქტომბერს, ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ წარმოადგინა (იხ. ტ.2. ს.ფ. 615-617).

28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას. ამდენად, რადგან მეორე მოპასუხის წარმომადგენელმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება საკასაციო სასამართლოში ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ წარმოადგინა, არსებობდა მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

29. საკასაციო სასამართლოში 2018 წლის 7 ნოემბერს წარმოდგენილი განცხადებით განმცხადებელი ასევე ითხოვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი საპროცესო ვადის აღდგენას ან საპროცესო ვადის ერთი დღით გაგრძელებას.

30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო ვადის გაგრძელება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები თუ არ გასულა საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა გავიდა 2018 წლის 11 ოქტომბერს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას საპროცესო მოქმედების შესრულების ვადის გასვლის შემდეგ იმსჯელოს საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.

31. უსაფუძვლოა ასევე განმცხადებლის მოთხოვნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე, რამდენადაც, გარდა იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქმის წარმოების განახლების და, შესაბამისად, საპროცესო ვადის აღდგენის წინაპირობები, განმცხადებელი ვერც საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზებზე უთითებს.

32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

33. შესაბამისად, საპროცესო ვადის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არსებობს საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზი. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საპატიო მიზეზი, რის საფუძველზეც შეიძლება აღდგენილ იქნეს საპროცესო ვადა. განმცხადებლის მითითება, რომ მეორე მოპასუხეს მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ ჰქონდა შუამდგომლობის და განცხადების წარდგენის შესაძლებლობა და მას ს. ფ-ის მიერ 2018 წლის 4 ოქტომბერს ჩაბარებული განჩინება დღემდე არ მიუღია, არ წარმოადგენს საპატიო გარემოებას, რამდენადაც, მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს მხარის ოჯახის წევრის მიერ მიღებული დოკუმენტების მხარისათვის დაუყოვნებლივ გადაცემის ვალდებულებას, თუმცა ასეთი პირის მიერ მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკი თავად მხარეს ეკისრება.

34. რაც შეეხება განმცხადებლის მითითებას სასამართლო პრაქტიკასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება აღნიშნულ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები: №ა-1516-ბ-8-2017, 20 ნოემბერი, 2017 წელი; №ას-885-835-2015, 11 მარტი, 2016 წელი; №ას-595-566-2013, 10 სექტემბერი, 2013 წელი; №ას-29-27-2013, 4 აპრილი, 2013 წელი).

35. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინების ნაწილობრივ, კერძოდ, მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში, ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე, 430-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ. კ-ის წარმომადგენლის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინების ნაწილობრივ, კერძოდ, ნ. კ-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში, ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე