დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 13.04.2023
საქმის ნომერი
ას-1544-2022
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.04.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

13 აპრილი, 2023 წელი №ას-1544-2022 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები _ რ.გ–ი, დ.ს–ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ გ.ჟ–ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 სექტემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. გ.ჟ–მა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „მესაკუთრე“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას უძრავი ნივთის, მდებარე: ქალაქი თბილისი, ........, ს/კ ........, რ.გ–ისა და დ.ს–ძის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“, „აპელანტები“, „კასატორები“, „მფლობელები“) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები:

2. გ.ჟ–ის საკუთრებაშია უძრავი ნივთი, მდებარე: ქალაქი თბილისი, ......, ს/კ ........ მოპასუხეები რ.გ–ი და დ.ს–ძე მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ფლობენ გ.ჟ–ის კუთვნილ ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთს და უარს აცხადებენ მის გათავისუფლებაზე. მოპასუხეებს საკუთრებაში აქვთ უძრავი ქონება იმავე მისამართზე, კერძოდ: ქალაქი თბილისი, ........., თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი კვლავ აგრძელებენ სადავო უძრავ ქონებაში ცხოვრებას.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სადავო უძრავ ნივთს ფლობენ მართლზომიერად, გამომდინარე იქიდან, რომ ქონების ფლობა არ ეწინააღმდეგება მისი ნამდვილი მესაკუთრის, ი.გ–ის ნებას.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის საოქმო განჩინებით, არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა №2/23403-21 სამოქალაქო საქმის დასრულებამდე წინამდებარე საქმის წარმოების შეჩერების შესახებ.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის საოქმო განჩინებით, არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა წინამდებარე საქმესთან №2/23403-21 სამოქალაქო საქმის გაერთიანების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. გ.ჟ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რ.გ–ისა (პ/ნ ......) და დ.ს–ძის (პ/ნ ......) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა გ.ჟ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ............ №4, ბინა №5, ს/კ ...... და დადგინდა მისი მესაკუთრე გ.ჟ–ისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.

7. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება და საოქმო განჩინებები სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 07 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

8. სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.

9. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

9.1. უძრავი ნივთი, მდებარე: ქალაქი თბილისი, ............ (ს/კ .......) წარმოადგენს გ.ჟ–ის საკუთრებას.

9.2. სადავო უძრავ ნივთს ფლობენ რ.გ–ი და დ.ს–ძე, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.

10. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ შემდეგი სამართლებრივი შეფასება მისცა:

10.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამრიგად, სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობებია - (ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

10.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ სადავო უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება.

10.3. ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარე მიუთითებს აპელანტების მხრიდან სადავო უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობასა და ხელშეშლაზე, სწორედ აპელანტების მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს. ხსენებულის სამტკიცებლად აპელანტები მიუთითებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეზე, სადაც მოსარჩელეს წარმოადგენს ი.გ–ი, ხოლო მოპასუხეებს - გ.ჟ–ი, ნ.ჟ–ი და შ.პ.ს. „ს–ო“, დავის საგანი კი არის გარიგებების ბათილად ცნობა, სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება და უძრავ ქონებზე, მდებარე: ქალაქი თბილისი, ........ (ს/კ .....) ი.გ–ის მესაკუთრედ ცნობა. მოპასუხეებმა/აპელანტებმა სათანადოდ ვერ უზრუნველყვეს მათი მტკიცების საგანში არსებული გარემოების - ნივთის მართლზომიერად ფლობის ფაქტის დადასტურება. რ.გ–ისა და დ.ს–ძის მიერ მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებულ სამოქალაქო დავაზე (საქმე №2/23403-21) მითითება ვერ იქნება მიჩნეული საკმარისად იმისათვის, რათა განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლომ დაადგინოს მოპასუხეთა მიერ სადავო უძრავი ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, პალატამ დადგენილად მიიჩნია აპელანტების მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უკანონოდ ფლობის ფაქტი.

10.4. საჯარო რეესტრის ჩანაწერების საფუძველზე დადგენილია, რომ გ.ჟ–ი არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, ხოლო აპელანტებს არ წარუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ამავე ნივთს ფლობენ კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხეებთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი უფლებრივი შებოჭვისთვის. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. აღნიშნული გარემოებები კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.

10.5. სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული საოქმო განჩინება საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებულად და კანონიერად მიიჩნია და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტით (სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით) საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ სხვა კატეგორიის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა ამ საქმის გადაწყვეტისას და როდესაც საქმის სრულყოფილი და ობიექტური განხილვა დამოკიდებულია ისეთი სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებზე, რომელიც სცილდება განსახილველი სამართალურთიერთობის ფარგლებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით განმტკიცებული რეესტრის მონაცემების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის ძალით, უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდე ითვლება კანონიერად, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. მარტოოდენ გასაჩივრების ფაქტი არ აჩერებს საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მოქმედებას, თუ არ დადასტურდა უფლების ნამდვილობის ხარვეზი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. მანამდე ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და, შესაბამისად, უფლება ნამდვილი. წარმოდგენილ სარჩელსა და თბილისის საქალაქო სასამართლოში აღძრულ სამოქალაქო დავა №2/23403-21_ს შორის არ იკვეთება იმგვარი კავშირი, რის გამოც შეუძლებელი იქნება წინამდებარე სამოქალაქო საქმის განხილვა და გადაწყვეტა, რადგან სარჩელი საკუთრების უფლების გაუქმების მოთხოვნით თავისთავად არ გულისხმობს იმას, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

10.6. სააპელაციო პალატამ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის საოქმო განჩინება საქმეთა გაერთიანებაზე უარის თქმის შესახებ და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და სამართლებრივად ერთგვაროვანი საქმეების ერთდროულად და სწორად გადაწყვეტას ემსახურება. მოცემულ შემთხვევაში, ორივე სამოქალაქო საქმეში, რომელთა გაერთიანებასაც აპელანტები ითხოვენ, ერთი და იგივე მხარეები მონაწილეობენ (გარდა შ.პ.ს. „ს–ო“-სი), თუმცა წინამდებარე საქმეში დავის საგანია უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხოლო, მეორე საქმეში - გარიგებების ბათილად ცნობა, სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება და სადავო უძრავ ქონებზე ი.გ–ის მესაკუთრედ ცნობა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საქმეები სამართლებრივად დაკავშირებულია ერთმანეთთან, ისინი არ არის ერთგვაროვანი, რადგან თითოეულ საქმეში განსხვავებულია დავის საგანი და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.

11. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს რ.გ–მა და დ.ს–ძემ, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

11.1. გასაჩივრებული განჩინებით არ იქნა შეფასებული მოსარჩელის საკუთრების უფლების ნამდვილობა. სასამართლომ მიუთითა საჯარო რეესტრის ჩანაწერების სისწორისა და უტყუარობის პრეზუმფციაზე და არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელის უფლება სადავოდ არის ქცეული სხვა დავაში მოჩვენებით დადებული გარიგების გამო, რომლის გ.ჟ–ის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტის შემთხვევაში, მის საკუთრების უფლებას გამოეცლებოდა საფუძველი, შესაბამისად, აღარ იარსებებდა ვინდიკაციის უფლებაც. საქმეთა გაერთიანებით ან მოცემული საქმის წარმოების შეჩერებით დავისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები დადგინდებოდა სრულად, შესაბამისად, №2/23403-21 საქმის მოსარჩელის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში, ნამდვილი მესაკუთრე სამომავლოდ იძულებული აღარ იქნებოდა, ეწარმოებინა ხელახალი სასამართლო დავა სადავო ნივთზე გ.ჟ–ის მფლობელობის შესაწყვეტად.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16.1. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეზე საკასაციო პალატის შესაფასების საგანს წარმოადგენს ის საკითხი, თუ რამდენად სწორად იქნა დადგენილი ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი ყველა ელემენტის არსებობა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე.

16.2. ვინდიკაციური სარჩელის სამი წინაპირობიდან (1. მოსარჩელე მესაკუთრეა; 2. მოპასუხე მფლობელია; 3. ფლობა ხორციელდება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე) პირველი ორის - მოსარჩელის საკუთრების უფლებისა და მოპასუხის მიერ სადავო ნივთის ფლობის ფაქტების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს, ხოლო მესამე წინაპირობის (ფლობის არამართლზომიერება) მიმართ მას ეკისრება მარტოოდენ მითითების ვალდებულება (მრავალთა შორის იხ. სუსგ.№ას-690-661-2016, 01.09.2016წ; №ას-1643-2019, 10.01.2020წ; №ას-1570-2018, 22.11.2018წ; №ას-1452-2020, 18.02.2021წ). მოსარჩელის მხრიდან აღნიშნული სტანდარტით მტკიცებისა და მითითების ტვირთის დაძლევა განაპირობებს ფლობის მართლზომიერების დამტკიცების ტვირთის მოპასუხეზე გადასვლას.

16.3. საგულისხმოა, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების ამგვარი განაწილება გამომდინარეობს მტკიცებითი სამართლის იმ უზოგადესი წესიდან, რომლის თანახმადაც, მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს (“affirmanti, non negati, incumbit probatio”) - სწორედ ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს. უარყოფის მტკიცება არ შეიძლება დაეკისროს მხარეს, რომელიც ფაქტის ან მოვლენის არარსებობაზე აპელირებს, არამედ ამ ფაქტისა თუ მოვლენის არსებობის მტკიცების ტვირთი აწევს მას, ვის სასარგებლოდაც მეტყველებს შედავებული ფაქტობრივი გარემოება“ (იხ. სუსგ. №ას-509-509-2018, 05.04.2019წ; №ას-1299-2018, 29.11.2019წ). მესაკუთრე ვინდიკაციური სარჩელით უარყოფს მფლობელობის საფუძვლიანობას, შესაბამისად, მას უარყოფის მტკიცება ვერ დაეკისრება, ფლობის სამართლებრივი საფუძვლის დადასტურება შედის რა მოპასუხის ინტერესის სფეროში, ამავე გარემოების მტკიცების ტვირთიც სწორედ მის მხარეს არის.

16.4. 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი №5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (იხ. სუსგ. №ას-664-635-2016).

16.5. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებელი მოპასუხის უფლების დაცვის უმთავრესი ინსტრუმენტია, რომლის ჯეროვნად გამოყენება განაპირობებს საქმის საბოლოო შედეგს. უმრავლეს შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია საქმეში გამართული, არგუმენტირებული შესაგებლის არსებობა და საამისოდ შეგებებული სარჩელის აღძვრა არც არის საჭირო. შესაგებლის წარდგენის ვალდებულება მხარის მიერ დაძლეულად ვერ განიხილება, თუ იგი კვალიფიციურად, ამომწურავად და დასაბუთებულად არ ედავება მოსარჩელე მხარეს მის მიერ მოთხოვნის დასაფუძნებლად სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, აბსტრაქტული და სასარჩელო მოთხოვნასთან კავშირში არმყოფი შესაგებელი, ფორმალური თვალსაზრისით, შესაძლოა, იყოს კიდეც წარდგენილი სასამართლოსათვის სწორ საპროცესო დროს, მაგრამ თუ მას არ შესწევს უნარი, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც აფუძნებს სარჩელს, ამგვარი შესაგებლის პროცესუალური მნიშვნველობა უკიდურესად დაბალია და შემოიფარგლება უფლების დაცვის მხოლოდ იმ მასშტაბით, რომ აკავებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. არასათანადო შესაგებელი აფერხებს მოპასუხის უფლებას სასარჩელო ფაქტებზე მოგვიანებით შედავებისა და მტკიცებულებების მოგვიანებით წარდგენის შესაძლებლობის თვალსაზრისით. (სსსკ 201-ე მუხლის მე-4-მე-5 ნაწილების თანახმად, თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს; მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა).

16.6. პალატა მიუთითებს, რომ სარჩელისგან თავის დაცვა კასატორებს შეეძლოთ როგორც უფლების გამომრიცხავი, ისე უფლების შემაფერხებელი შესაგებლის წარდგენის გზით. უფლების გამომრიცხავი შესაგებლის წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა ესაბუთებინათ საკუთარი მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლიანობა, ხოლო უფლების შემაფერხებელი შესაგებლით, საკმარისი იყო, სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების შესაბამისად, ესაბუთებინათ საკუთარი კეთილსინდისიერება ფლობის სამართლებრივი საფუძვლის ხარვეზიანობის მიმართ და ნივთზე ხარჯების გაწევის ფაქტი. როგორც ერთი, ისე მეორე შემთხვევა, გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას შეგებებული სარჩელის აღძვრის საჭიროების გარეშე.

16.7. წინამდებარე საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლის თანახმად, მოპასუხეებმა სარჩელის განხილვა-დაკმაყოფილების შემაფერხებელ გარემოებად მიიჩნიეს ი.გ–ის მიერ წამოწყებული სასარჩელო წარმოება, რომლითაც სადავოდ იქნა ქცეული, ერთი მხრივ, შ.გ–სა და ნ.ჟ–ს შორის 2011 წლის 4 აპრილს სადავო ქონებაზე (ს/კ .........) დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მეორე მხრივ, ამავე უძრავ ნივთზე ნ.ჟ–სა და გ.ჟ–ს შორის 2020 წლის 20 ნოემბერს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობა და მოთხოვნილ იქნა სადავო ნივთის ი.გ–ის საკუთრებად ცნობა.

16.8. მოსარჩელემ თავი გაართვა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურების ტვირთს - საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით დაადასტურა, რომ ნივთის მესაკუთრეა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 312-ე მუხლის პირველი ნაწილით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდე ითვლება კანონიერად, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს (იხ. სუსგ. №ას-1542-1462-2017, 30.01.2018წ). მანამდე კი ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და, შესაბამისად, უფლება ნამდვილი (იხ. სუსგ. №ას-877-2018 , 27.09.2018წ; №ას-1719-2019, 22.01.2020წ).

16.9. მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, ხოლო მოპასუხეებმა შესაგებლით არ უარყვეს, რომ რ.გ–ი და დ.ს–ძე ფლობენ სადავო უძრავ ნივთს. მოსარჩელემ მიუთითა ფლობის არამართლზომიერებაზეც, რამაც მტკიცების ტვირთი ამავე მფლობელობის კანონიერების დადასტურებაზე გადაიტანა მოპასუხეთა მხარეს. მოპასუხეებმა ფლობის სამართლებრივი საფუძველი ვერ დაადასტურეს, აღნიშნულმა კი განაპირობა სარჩელის დაკმაყოფილება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

17.1. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინების კანონიერების შესახებ და მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. აღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობა უნდა ვლინდებოდეს იმაში, რომ სხვა სხვა სასარჩელო წარმოების ფარგლებში აღძრული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე დასადგენ გარემოებათა წრეში უნდა შედიოდეს იმგვარი ფაქტები, რომლებიც, ამავდროულად, წინამდებარე საქმისთვისაც მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებად განიხილება. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, სხვა საქმის განხილვა-გადაწყვეტამდე შეუძლებელი უნდა იყოს წინამდებარე საქმის გადაწყვეტა (მრავალთა შორის, იხ. სუსგ.-ები №ას-112-2022; №ას-432-2021; №ას-1009-2022).

17.2. უძრავი ნივთების მიმართ მოქმედ საჯარო რეესტრის ჩანაწერების სისრულის პრეზუმფციას ვერ აქარწყლებს მარტოოდენ ის გარემოება, რომ ყოფილმა მესაკუთრემ (მისმა მემკვიდრემ) სადავოდ აქცია მისი მამკვიდრებლის საკუთრებიდან ნივთის გასვლის კანონიერება, ვინაიდან ასეთი დავის ინიცირების შესაძლებლობა თეორიულად ყველა ყოფილ მესაკუთრეს (მემკვიდრეს) გააჩნია შემძენისათვის ნივთზე მფლობელობის გადაცემის გასაჭიანურებლად. იმ პირობებში, როდესაც საკუთრების მოპოვების უკანონობის პრეტენზიას საფუძველს არ უმყარებს სარჩელის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება (თუნდაც კანონიერ ძალაში შეუსვლელი), მხოლოდ სარჩელის წარდგენის ფაქტი ვერ გადასწონის კანონმდებლის ნორმატიული ნებით დაცულ ფაქტს _ რეგისტრირებული საკუთრების სისწორესა და უტყუარობას.

17.3. განსახილველ შემთხვევაში, კასატორებს არ მიუთითებიათ, რომ გარიგებების ბათილად ცნობისა და ნივთის მესაკუთრედ ი.გ–ის აღრიცხვის მოთხოვნებით წარდგენილმა სარჩელმა სასამართლო განხილვისას ჰპოვა წარმატება და შეასუსტა სსკ 312-ე მუხლით განმტკიცებული რეგისტრირებული მესაკუთრის უფლების უხარვეზობის პრეზუმფცია. ხსენებულ სამართლებრივ მოცემულობაში კი საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს კასატორის მოსაზრება წინამდებარე საქმესა და №2/23403-21 საქმეს შორის იმგვარად მჭიდრო ურთიერთკავშირის შესახებ, რომ მიკუთვნებითი სარჩელის ფარგლებში დასადგენი გარემოებების გარეშე შეუძლებელი იყოს ვინდიკაციური მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამრიგად, შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ იყო უსაფუძვლო და მართლზომიერად დაექვემდებარა უარყოფას.

18.1. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას საქმეთა ერთ წარმოებად გაერთიანებაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინების კანონიერების შესახებ და მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მეოთხე ნაწილი უშვებს სასამართლოს წარმოებაში არსებულ რამდენიმე ერთგვაროვან და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებულ საქმეთა ერთ წარმოებად გაერთიანებას იმ დათქმით, რომ ამგვარ გაერთიანებას შედეგად უნდა მოჰყვეს ამავე საქმეთა სწრაფად და სწორად განხილვა. ორი ან მეტი საქმის ერთ წარმოებად გაერთიანების კუმულატიურ წინაპირობებს წარმოადგენს: 1) საქმეთა ერთგვაროვნება და ურთიერთკავშირი; 2) გაერთიანების შედეგად დავის უფრო სწრაფად და სწორად განხილვის უზრუნველყოფა (იხ. სუსგ. №ას-633-2021 09.11.2021წ).

18.2. მოცემულ შემთხვევაში, წინამდებარე საქმის დავის საგანს წარმოადგენს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხოლო №2/23403-21 საქმეში დავის საგანს წამოადგენს გარიგებათა ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა და სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარება. მოცემული სამოქალაქო საქმეები, რამდენადაც ისინი ეხება ერთსა და იმავე ქონების ფლობასა და საკუთრებას, ურთიერთდაკავშირებულნი არიან, თუმცა ვერ აკმაყოფილებენ ერთგვაროვნების მიმართ წაყენებულ მოთხოვნას, რამეთუ ეფუძნებიან სხვადასხვა ფაქტებს და განსხვავებულია დავის საგანიც (სასარჩელო მოთხოვნა). ამავდროულად, მარტივი (სავინდიკაციო) და რთული (გარიგებათა ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა, სამართლებრივი ურთიერთობის დადგენა) საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანებით, ეჭვქვეშ დგება წინამდებარე დავის სწრაფად განხილვა-დასრულების შესაძლებლობაც, რომლის მიმართაც კანონმდებელი განხილვის შემჭიდროვებულ ვადას _ 1 თვეს აწესებს (სსსკ 59-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამრიგად, დავათა გაერთიანებით მიღწეული ვერ იქნებოდა სწრაფი მართლმსაჯულების მიზანიც. რაც შეეხება სამომავლოდ სხვა დავის წამოწყების საჭიროების პრევენციის არგუმენტს, პალატა მიუთითებს, რომ სსსკ 182-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობა დავათა გაერთიანებაზე ემსახურება უკვე არსებული დავების ეფექტურად გადაჭრას და მას შემდგომი სასარჩელო წარმოებისგან დავის მონაწილეთა დაცვის ფუნქცია არ გააჩნია.

19.1. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

19.2. ამავდროულად, კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

19.3. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

19.4. განსახილველ შემთხვევაში, საქმის განმხილველმა სასამართლოებმა სწორად მოიძიეს სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა _ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი, სწორედ განსაზღვრეს ამავე ნორმის წინაპირობები და მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი გაანაწილეს მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.

19.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

20. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. კასატორებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობისათვის გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით, რომლის 70% - 105 ლარის ოდენობით, ექვემდებარება უკან დაბრუნებას საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ.გ–ისა და დ.ს–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. რ.გ–სა (პ/ნ ........) და დ.ს–ძეს (პ/ნ ......) დაუბრუნდეთ ბ.ბ–ის (პ/ნ .......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის (საგადასახადო დავალება № 1550, გადახდის თარიღი: 31.01.2023წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი