გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.10.2025
საქმის ნომერი
ას-283-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.10.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-283-2025 30 ოქტომბერი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს „ე–პ.ჯ–ია“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ.ყ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურებისა და ხელშეშლის აღკვეთა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თელავის რაიონის სოფელ .......... მდებარე უძრავი ქონება (ს/კ: ..........(მიწის ნაკვეთის ფართობი - 2071 კვ.მ) (შემდგომში მიწის ნაკვეთი ან უძრავი ქონება) 2017 წლის 31 იანვრიდან თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნის ქ.ყ–ს (შემდგომში მოსარჩელე). მასთან ერთად უძრავი ნივთის თანამესაკუთრეები არიან გ.ყ–ი, დ.ყ–ი და თ.ს–ი;

2. მიწის ნაკვეთის მიმდებარედ (გასწვრივ) არსებული საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი წარმოადგენს სს „ე–პ.ჯ–იას“ (შემდგომში მოპასუხე, მოპასუხე კომპანია, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) საკუთრებას;

3. მოსარჩელის თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დარგულია მრავალწლიანი ნარგავები;

4. 2019 წლის 24 ივლისს მოპასუხე კომპანიის თანამშრომლებმა ჩაატარეს მოსარჩელის თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდგარი მრავალწლიანი ნარგავების გადაბელვის სამუშაოები;

5. 2019 წლის 30 ივლისს და 21 აგვისტოს მოსარჩელემ განცხადებებით მიმართა მოპასუხე კომპანიას და მოითხოვა ელექტროგადამცემი ხაზის შეკეთებისას ჩატარებული სამუშაოების დროს ხეხილის განადგურებით მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

6. მოპასუხის 2019 წლის 5 სექტემბრის წერილით მოსარჩელეს უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურებაზე და ეცნობა, რომ კომპანიის ელექტრო ხაზი არ გადის მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზე. ამასთან, განმცხადებელს განემარტა შემდეგი: მოპასუხე არის ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი და კახეთის ელექტროენერგიით მომარაგებას ახორციელებს 2017 წლიდან, განმცხადებლის მიერ მითითებული ელ. ხაზები (ქონება) კი კომპანიას არსებულ მდგომარეობაში გადმოეცა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის, #20 დადგენილებით დამტკიცებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდების და მოხმარების წესების“ შესაბამისად, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის შესაბამისი პარამეტრების ელექტროენერგიით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგება ლიცენზიის პირობების, აღნიშნული წესების და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. ამრიგად, გადაბელვითი სამუშაოები ჩატარდა იმ მიზნით, რომ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კერძოდ: სოფელ .........., სოფელ ..........სა და სოფელ .......... მცხოვრები მოსახლეობის (ჯამში 1803 აბონენტი) ელექტროენერგიით მომარაგება მომხდარიყო უწყვეტად, საიმედოდ და უსაფრთხოდ. „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების“ შესახებ საქართველოს მთარობის 2013 წლის 24 დეკემბრის #366 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ა.ბ ქვეპუნქტის თანახმად, ტყის მასივების, ტყე-პარკების ბაღების და მწვანე ნარგავების ტერიტორიებზე საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზისთვის განაკაფის სიგანე 4 მეტრზე მეტი სიმაღლის ტყესა და ნარგავებში განისაზღვრება: ყველა 330-500კვ ძაბვის, ასევე რადიალური 220 კვ და ნაკლები ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზისათვის, რომლებიც წარმოადგენენ მომხმარებელთა ელექტრომომარაგების ერთადერთ წყაროს - მანძილით განაპირა სადენებს შორის მანძილს დამატებული ძირითადი ტყის მასივის სიმაღლე ორივე მხრიდან; თუ განაკაფის გარეთ მდგომი ცალკეული ხის ან ხეების ჯგუფის სიმაღლე ორივე მხრიდან; თუ განაკაფის გარეთ მდგომი ცალკეული ხის ან ხეების ჯგუფის სიმაღლე ტყის მასივის სიმაღლეზე მეტია და არსებობს საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის სადენებზე მათი დაცემის საშიშროება, ისინი უნდა მოიჭრას“. ვინაიდან გადაბელვები ტარდებოდა ადგილობრივ მომხმარებელთა ელექტრომომარაგების ერთადერთი წყაროს დაცვის ზონაში და მოსარჩელის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების სიმაღლე აღემატებოდა 4 მეტრს, ელექტროგადამცემი ხაზის განაკაფების სიგანეც განისაზღვრა ნარგავების სიმაღლის მიხედვით;

7. მოპასუხე კომპანიის კახეთის ფილიალის თელავის მომსახურების ცენტრის მთავარი ინჟინერის ლ.ძ–ის მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2019 წლის ზაფხულში შემოწმდა საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზები და გაირკვა, რომ გარკვეულ ადგილებში შექმნილი იყო ავარიული სიტუაცია, კერძოდ, ხის ტოტები ეხებოდა არაიზოლირებულ სადენებს, რასაც შეეძლო ქარის შემთხვევაში სადენის გაწყვეტა, ხოლო წვიმიან ამინდში - ელექტროენერგიის გადატანა. აღნიშნულს კი შეეძლო გამოეწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ასეთი კრიტიკული მდგომარეობა იყო რამდენიმე ადგილას, მათ შორის, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ........... სამუშაოს გადადება მიზანშეწონილი არ იყო, რადგან ამინდის გაუარესების შემთხვევა გამოიწვევდა სადენების დაზიანებას. ამავე მოხსენებითი ბარათში მითითებულია, რომ ივლისში ჩატარდა გადაბელვითი სამუშაო. გადაბელვის დროს არც ერთი მოქალაქის ეზოში გადაბელვაში მონაწილე პირები არ შესულან და ხის ნარგავი არ მოუჭრიათ. მხოლოდ გზის პირას მოიჭრა ტოტები და მოხდა სადენების გათავისუფლება. გადაბელვისას იყენებდნენ ამწე-კალათებს და ტოტები მოიჭრა მხოლოდ სადენებთან. მოსახლეობა ადგილზე ვინც იმყოფებოდა გააფრთხილეს, რომ ტოტებს ჭრიდნენ და არავის პრეტენზია არ განუცხადებია, მიუხედავად იმისა, რომ მათ ნაკვეთში არ შედიოდნენ. ერთდროულად გადაბელვა მიმდინარეობდა სოფელ ..........ს ორ ადგილას და სამუშაო წარმოებდა ორი ამწე-კალათით. იგი პირადად ორივე ადგილას ხელმძღვანელობდა და შეამოწმა შესრულებული სამუშაო, არც ერთი ხე ძირში არ მოჭრილა ან ისე არ მოჭრილა, რომ ნარგავი განადგურებულიყო. მხოლოდ ის გარეთა ტოტები მოიჭრა, რაც სადენს ეხებოდა. სადენები მოცემულ შემთხვევაში 8-8.5 მეტრის სიმაღლეზეა განთავსებული. ტოტები მოიჭრა სადენამდე 2-2,5 მეტრამდე;

8. შპს „ა-96-ის“ მიერ გაცემულ დასკვნაში აღნიშნულია შემდეგი: როგორც ადგილზე ვიზუალური დათვალიერებით აღმოჩნდა, მიწის ნაკვეთზე ნამდვილად არის გაკაფული შემდეგი დასახელების და რაოდენობის მსხმოიარე ხეხილის ნარგავები: კაკალი 2 ძირი; ხურმა 1 ძირი; თუთა 1 ძირი; ბალი 1 ძირი, სულ 5 ერთეული ნარგავი. ზიანის ღირებულების განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნა ის გარემოება, რომ არ მომხდარა ხეხილის ნარგავების ძირიანად მოჭრა, არამედ მსხმოიარე ტოტების გაკაფვა. ამიტომ საკომპენსაციო თანხა განისაზღვრება ხეხილის რეალური ღირებულების ნახევარი საფასურით, რაც დაზიანებული ხეებისთვის შემდეგია: 2 ძირი კაკლის საკომპენსაციო ღირებულება - 1510 ლარი; 1 ძირი ხურმა - საკომპენსაციო ღირებულება 43 ლარი; 1 ძირი თუთა - საკომპენსაციო ღირებულება 29 ლარი; 1 ძირი ბალი - საკომპენსაციო ღირებულება 37,5 ლარი. ჯამში 5 ერთეული ძირის ღირებულებაა 1619,5 ლარი. ამავე დასკვნის თანახმად, ზიანის განსაზღვრა ხდება არამხოლოდ ფაქტიურად დამდგარი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. აქედან გამომდინარე მსხმოიარე ხეხილის ტოტების გაკაფვით ფაქტობრივად მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 1619,5 ლარს, ხოლო მიუღებელი შემოსავლის ოდენობა კი 8097,5 ლარს /1619,5 ლარი*5 წელი/. კერძოდ, დაზიანებული ხეების გაზრდას და ნაყოფის მიღებას სჭირდება მინიმუმ 5 წელი. საკომპენსაციო თანხის დათვლა მოხდა დაკარგული შემოსავლის განსაზღვრის მეთოდით, ანალოგიური ნარგავის არსებული შესაბამის წლოვანებამდე გაზრდისთვის საჭირო დროის პერიოდში.

9. მოსარჩელის მოთხოვნა:

9.1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა მოპასუხის მიერ ხეების გადაბელვით მისთვის მიყენებული ზიანის, 8097,5 ლარის ანაზღაურება, ასევე, მოპასუხისთვის ელექტროგადამცემი ხაზის გადატანის დავალება ან მისთვის თმენის კომპენსაციის, ყოველთვიურად 200 ლარის, გადახდის დაკისრება;

9.2. მოსარჩელის განცხადებით, 2019 წლის 24 ივლისს ელექტრო გადამცემი ხაზის შესაკეთებელი სამუშაოების დროს მოპასუხემ ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე გაანადგურა მის კერძო საკუთრებაში არსებული მსხმოიარე ხეხილი, რომლის მოსავლითაც მთელი წელი თავს ინახავდა მოსარჩელის ოჯახი. 2019 წლის 30 ივლისს მოსარჩელემ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა კომპანიას, რაზეც მას სრულიად უსაფუძვლოდ ეთქვა უარი „საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილების“ მიხედვით. მოსარჩელისვე მითითებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოგზავნილი პასუხის შესაბამისად, არ დგინდებოდა ისიც, გაცემული იყო თუ არა შესაბამისი ნებართვა სადავო ელექტრო სადენების მშენებლობაზე. აუდიტის დასკვნის მიხედვით, მოსარჩელეს მიადგა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით (ზიანი 1619.5 ლარი და მიუღებელი შემოსავალი 8097,5 ლარი (1619.5*5 წელზე=8097.5ლარს (დაზიანებული ხეების გაზრდას და ნაყოფის მოსხმას მინიმუმ 5 წელი სჭირდება)).

10. მოპასუხის პოზიცია:

10.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან ხეების გადაბელვის სამუშაოები ჩაატარა მართლზომიერად, კანონმდებლობის სრული დაცვით და არ შესულა მოსარჩელის კერძო საკუთრებაში. ელ. ხაზები არ კვეთს მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთს, იგი მდებარეობს ნაკვეთის მიმდებარედ (გასწვრივ). მოპასუხის მართლზომიერი ქმედების მიზანი იყო ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში იმ გარემოებების აღმოფხვრა, რაც გამოვლენილი იყო განსახილველ შემთხვევაში - მცენარეების ტოტები უშუალოდ ეხებოდა ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონას და ქმნიდა ეგხ-ს დაზიანების პირდაპირ საშიშროებას. ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება, მათ შორის, გაწყვეტა, პირდაპირი საფრთხის შემცველია, როგორც მიმდებარე ტერიტორიაზე გამვლელებისთვის, ასევე იმ აბონენტებისა და მათი ქონებისთვის, რომელთა ელექტრომომარაგება ხდება ამ ეგხ-ს საშუალებით. მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს განაწილების ლიცენზიატის პირდაპირ ვალდებულებას, მიიღოს ყველა ზომა, რათა თავიდან აიცილოს საშიშროება და მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები. ამრიგად, არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა.

11. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება :

11.1. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2024.37 ლარის გადახდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

11.2. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა კომპანიის მხრიდან სამუშაოების კანონდარღვევით ჩატარებისა და მოსარჩელისთვის ზიანის მიყენებაში მოპასუხის ბრალეულობა - მოპასუხე მოქმედებდა მთავრობის სპეციალური დადგენილების შესაბამისად, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლზე დაყრდნობით, სასამართლომ, სამეზობლო თმენის ვალდებულების ფარგლებში, საფუძვლიანად მიიჩნია მოპასუხისთვის ზიანის სახით, მიუღებელი სარგებლის ანაზღაურების დაკისრება. მისი ოდენობის განსაზღვრისას კი, იხელმძღვანელა მოსარჩელის მიერ წარდგენილი აუდიტის დასკვნით (რომლითაც დგინდება მსხმოიარე ხეხილის ტოტების გაკაფვით ფაქტობრივად მიყენებული ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის ოდენობა) და აღნიშნა, რომ ვინაიდან მიწის ნაკვეთს მოსარჩელესთან ერთად თანასაკუთრების უფლებით ფლობდა კიდევ სამი პირი, რომელთაც არ წარუდგენიათ პრეტენზია, მიუღებელი სარგებლის ოდენობა დასკვნაში მითითებული თანხის (8097,5 ლარის) ¼ ნაწილით (2024,37 ლარით) უნდა განსაზღვრულიყო.

12. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი:

12.1. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და დასკვნები:

13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

13.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 116-ე, 117-ე, 118-ე, 149-ე, 170-ე მუხლებით და არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მოპასუხე კომპანიამ ხეების გადაბელვითი სამუშაოები ჩაატარა მართლზომიერად, სამოქალაქო კანონმდებლობის სრული დაცვით. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 409-ე, 411-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან მოსარჩელის ხეხილი იყო მსხმოიარე და ნაწილობრივი გადაბელვითაც კი მოსარჩელეს შეეზღუდა ნაყოფის კვლავ მიღების შესაძლებლობა, ამასთან, მოპასუხეს წინასწარ არ გაუფრთხილებია მოსარჩელე სამუშოების ჩატარების თაობაზე, მას არც ზიანის თავიდან არიდება ან მისი მინიმალიზება უცდია (არ შეუთავაზებია ნაკვეთის მესაკუთრეებისთვის არც ნაყოფის დაკრეფვა და არც ნებაყოფლობითი გადაბელვა, რითაც მესაკუთრეებს მოესპოთ ტოტების კვეთის უფრო დამზოგველი მეთოდით ხეხილის მსხმოიარობის ნაწილობრივ შენარჩუნების ალბათობაც), იკვეთებოდა მოპასუხე კომპანიის მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობა, რაც ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს ქმნიდა. სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება ზიანის ოდენობასთან მიმართებით და მიიჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელის მიერ წარდგენილი აუდიტის დასკვნის თანახმად, ტოტების გადაბელვის გამო ხეხილის მიუღებლობით დამდგარი ზიანი შეადგენდა 8097 ლარს, ხოლო მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეები მოსარჩელესთან ერთად კიდევ 3 პირი იყო, მოპასუხეს მართებულად დაეკისრა აღნიშნული თანხის 1/4-ის, 2024.37 ლარის გადახდა.

14. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

14.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

14.2. კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 117-ე მუხლით და არასწორად დაასკვნა, რომ ხეების ტოტების გადაბელვისას მოპასუხე არ მოქმედებდა მართლზომიერად. სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის #366 დადგენილებით და სწორედ მასში მითითებული სპეციალური წესების მიხედვით უნდა დაედგინა, რომ მოპასუხემ სამუშაოები ჩაატარა მართლზომიერად. მოცემულ შემთხვევაში იკვეთებოდა საზოგადოებრივი ინტერესი - ხეების ჭრის აუცილებლობა, რათა ხელი არ შეშლოდა მოპასუხეს ელექტროენერგიის უსაფრთხო მიწოდებაში. ამდენად, როგორც მოსარჩელე, ასევე მოპასუხე ვალდებული იყვნენ დაეცვათ დადგენილებით დამტკიცებული ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესი და მათი დაცვის ზომები.

15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2025 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც ითვალისწინებს იმ შედეგს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დააადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველ სამართლებრივ შედეგს (იხ. სუსგ საქმე №ას-189-2020, 20 აპრილი, 2022).

18. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელით მოთხოვნილია მოპასუხის ქმედებით (ხეების გადაბელვით) მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც დააკმაყოფილეს ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა. მოპასუხის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში კი, საკასაციო პალატის კვლევის საგანია, რამდენად მართლზომიერად ცნო სააპელაციო სასამართლომ მოპასუხე ბრალეულად მის მიერ ჩატარებული სამუშაოების (ხეების გადაბელვა) წარმოებისას და ამავე საფუძვლით, კანონიერია თუ არა მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება. სწორედ ბრალეულობის დადგენის ნაწილში, საკასაციო პალატა, პირველ რიგში, იმსჯელებს, რამდენად ჰქონდა მოპასუხეს ვალდებულება სპეციალური საკანონმდებლო მოწესრიგების ფარგლებში, ელექტროგადამცემი ხაზების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, ჩაეტარებინა ხეების გადაბელვითი სამუშაოები და აღნიშნული ქმედება წარმოშობდა თუ არა მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობას.

19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავდროულად, სსკ-ის 992-ე მუხლის დანაწესით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობებს და შედგება შემდეგი კომპონენტების ერთობლიობისგან: ზიანი, მიზეზობრივი კავშირი და ბრალი. იმისათვის, რომ პირს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, საჭიროა ერთდროულად არსებობდეს რამდენიმე პირობა, კერძოდ, ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, მართლწინააღმდეგობა გამოწვეული უნდა იყოს განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით, ქმედებას უნდა მოჰყვეს ზიანი, ქმედებასა და მიღებულ შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზშედეგობრივი კავშირი. ამ პირობათა ერთობლიობა სავალდებულოა ზიანის იურიდიული შემადგენლობისთვის, ანუ დელიქტური ვალდებულების წარმოშობისათვის (იხ. სუსგ-ები: საქმე N-521-494-2015; N-ას-593-568-2016; N-ას-1114-1034-2017; N-ას-1185-11-5-2017; N-ას-72-72-2018; N-ას-1158-1078-2017; N-ას-150-150-2018). ამასთან, სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს.

20. საკასაციო პალატა, მიუთითებს, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა სპეციალურ, რეგულირებულ საქმიანობას გულისხმობს, შესაბამისად, 992-ე მუხლით განსაზღვრული ქმედების შემადგენლობის დადგენისთვის აუცილებელია მოპასუხის მოქმედება შედარდეს სპეციალურ მოწესრიგებას, რადგან სადავო საქმიანობა რეგულირებულია ნორმატიულად.

21. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილებას (შემდგომში დადგენილება), რომელიც განსაზღვრავს ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესს, მათი დაცვის ზონების, ტყის მასივებსა და ნარგავებში განაკაფების, დაცვის ზონამდე მისასვლელი გზების პარამეტრებს, დაცვის ზონებში შენობა-ნაგებობათა განთავსებისა და სამუშაოთა წარმოების პირობებს, ხოლო ამავე დადგენილების მიხედვით, ამ წესის მიზანია ელექტრული ქსელების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობა, მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, სანიტარული ნორმების დაცვა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილება.

22. დადგენილების მე-4 მუხლის მე-12 პუნქტში აღნიშნულია, რომ ელექტრული ქსელის მფლობელ პირს ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონაში ელექტროგადამცემი ხაზების მომსახურების და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით უფლება აქვს: ა) მოაწყოს მათთან მისასვლელი გზები, ხიდები და სხვა ნაგებობები; ბ) აწარმოოს მიწის სამუშაოები (გათხაროს თხრილები, ღრმულები, ორმოები); გ) განაკაფების ზოლის დასაცავად აწარმოოს ხეებისა და ტოტების მოჭრის სამუშაოები მათი შემდგომი გატანით. ამავე მუხლის მე-13 პუნქტის მიხედვით კი, ელექტროგადამცემი ხაზის საავარიო-აღდგენითი და სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოებას უზრუნველყოფს ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირი. საინჟინრო-ტექნიკურ პერსონალს უფლება აქვს ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის ფარგლებში, მასთან მისასვლელ გზებზე და განაკაფებში იმოძრაოს შეუზღუდავად ელექტროგადამცემი ხაზის ავარიულ-აღდგენითი და სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოების მიზნით.

23. ამრიგად, სპეციალური საკანონმდებლო მოწესრიგების ფარგლებში, დადგენილია ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის პირდაპირი ვალდებულება ელექტროგადამცემი ხაზების მომსახურებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით აწარმოოს სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოები და ამ სამუშაოთა წარმოებისას მიმართოს სხვადასხვა საშუალებებს, როგორიცაა, მაგალითად, მიწის სამუშაოები - ორმოებისა და თხრილების გაყვანა, გზებისა და ხიდების მოწყობა, ხეებისა და ტოტების მოჭრა და სხვა. აღსანიშნავია, რომ დადგენილების მე-4 მუხლის მე-14 პუნქტის ჩანაწერი (სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულების შემდეგ ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირი ვალდებულია საკუთარი ხარჯით აღადგინოს მიწის ან/და გზის საფარი, აანაზღაუროს ამ სამუშაოთა შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი) სამუშაოთა პროცესში სამუშაოთა მწარმოებელი პირისთვის ზიანის დაკისრების შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ მიწის მესაკუთრისთვის მიყენებული იმგვარი ზიანისთვის, რაც დაკავშირებულია აუცილებელი მიწის/ანდა გზის საფარის დაზიანებასთან და არა ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონაში იმ მცენარეებისა და ხეების მოჭრასთან, რომელთა მოჭრაც აუცილებელია ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის ნორმალური ფუნქციონირების, საავარიო-აღდგენითი და სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების მიზნით (იხ. სუსგ საქმე #ას-80-80-2018, 200 აპრილი, 2018 წელი).

24. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2019 წლის ზაფხულში მოპასუხე კომპანიის კახეთის ფილიალის თანამშრომლებმა შეამოწმეს საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზები და გაირკვა, რომ ზოგიერთ ადგილას შექმნილი იყო ავარიული სიტუაცია, კერძოდ, ხის ტოტები ეხებოდა არაიზოლირებულ სადენებს, რასაც შეეძლო ქარის შემთხვევაში სადენის გაწყვეტა, ხოლო წვიმიან ამინდში - ელექტროენერგიის გადატანა. ამგვარი კრიტიკული მდგომარეობა იყო რამდენიმე ადგილას, მათ შორის, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ .........., მოსარჩელის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ. დადგენილია ასევე, რომ 2019 წლის 24 ივლისს მოპასუხემ ჩაატარა მოსარჩელის მიწის ნაკვეთში არსებული იმ ხეების გადაბელვითი სამუშაოები, რომლებიც ეხებოდა მოპასუხის ელექტროგადამცემ ხაზებს. ტოტები მოიჭრა სადენამდე 2-2,5 მეტრამდე; სადავო არ არის არც ის ფაქტი, რომ მოპასუხის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზები არ კვეთს მოსარჩელის მიწის ნაკვეთს (ელექტროხაზები მდებარეობს ნაკვეთის მიმდებარედ).

25. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი განმარტებების ურთიერთშეჯერებით, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ ხეების გადაბელვითი სამუშაოების ჩატარებისას მოპასუხე მოქმედებდა სპეციალური ნორმატიული აქტით, „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მისი ეს ქმედება არ შეიძლება შეფასდეს არამართლზომიერ ქმედებად. მოპასუხეს არ დაურღვევია აღნიშნული ნორმატიული აქტით განსაზღვრული რომელიმე პირობა, შესაბამისად, გამოირიცხება სსკ-ის 408-ე, 411-ე, 992-ე მუხლების საფუძვლით მისი ბრალეულად ცნობაც. აქედან გამომდინარე, რადგან დადგინდა, რომ არ არსებობს ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი წინაპირობა, საკასაციო პალატა არაუფლებამოსილია იმსჯელოს თავად ზიანის ოდენობის საფუძვლიანობაზე.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ სათანადოდ ვერ გასწია საკუთარი მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული გარემოება - მოპასუხის არამართლზომიერი ქმედებით ზიანის მიყენების ფაქტი, რაც წარდგენილი სარჩელის უსაფუძვლობაზე მეტყველებს.

27. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს. ამასთან, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.

28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სს „ე–პ.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ქ.ყ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

3. ქ.ყ–ს (პ.ნ. ..........) სს „ე–პ.ჯ–იას“ (ს.კ. .........) სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციაში გადახდილი ბაჟის ჯამური ოდენობის - 450 ლარის გადახდა;

4. სს „ე–პ.ჯ–იას“ (ს.კ. .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება: N128426001; გადახდის თარიღი: 18.09.2024) 328.7 ლარიდან ზედმეტად გადახდილი - 178.7 ლარი;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი