დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-186-2025
26 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „პ.პ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა.ო–ი (მოსარჩელე)
დავის საგანი - მესაკუთრედ ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
ა.ო–მა (შემდეგში: მოსარჩელე ან შემკვეთი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „პ.პ–ის“ (შემდეგში მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მენარდე) წინააღმდეგ და მოითხოვა, რომ მოპასუხეს დაევალოს შეასრულოს მოსარჩელესთან 2019 წლის 13 ივნისს დადებული N059-19 წინარე ხელშეკრულება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ფართის ნასყიდობის შესახებ. კერძოდ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის 49 267.32 ლარის გადახდის სანაცვლოდ, მოსარჩელეს გადასცეს საკუთრების უფლება ქ. თბილისში, .......... (ყოფილი ..........) ქ. N1-ში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის მე-2 სადარბაზოს მე-14 სართულზე მდებარე 159-ე ბინაზე (მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი: .........).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით ა.ო–ის სარჩელი შპს „პ.პ–ის“ მიმართ დაკმაყოფილდა; შპს „პ.პ–ს“ დაევალა, 49 267.32 ლარის გადახდის სანაცვლოდ, ა.ო–ს საკუთრებაში გადასცეს ქ.თბილისში, ............ის (ყოფილი ............) ქ. N1-ში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის მე-2 სადარბაზოს მე-14 სართულზე მდებარე 159-ე ბინა (მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი: ..........) (2019 წლის 13 ივნისის N059-19 წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება); შპს „პ.პ–ს“ ა.ო–ის სასარგებლოდ დაეკისრა 1826 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
3.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.
4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
4.2 სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.2.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2019 წლის 13 ივნისს, დაიდო მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში საცხოვრებელი ბინის N059-19 წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს უნდა აეშენებინა და მოსარჩელისათვის გადაეცა ქ. თბილისში, ............ის (ყოფილი ............) ქ. N1-ში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის მე-2 სადარბაზოს მე-14 სართულზე მდებარე 159-ე ბინა. (მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი: .........).
4.2.2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის საპროექტო ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების (ე.წ. განშლის ოქმი) მიხედვით, სადავო ბინის (ბინა N159) მესაკუთრედ მითითებულია მოპასუხე კომპანია.
4.2.3. საცხოვრებელი ბინა მოსარჩელეს უნდა გადასცემოდა მწვანე კარკასის მდგომარეობაში, ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებულ მდგომარეობაში, არაუგვიანეს 2021 წლის 30 სექტემბრისა. ნასყიდობის ობიექტის ღირებულება შეადგენდა 23 250 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ანგარიშსწორება ხდებოდა ხელშეკრულების დანართი N2 გრაფიკის შესაბამისად, რომლის მიხედვით, ღირებულების სრული თანხის 50% უნდა გადახდილიყო ყოველთვიური გრაფიკის შესაბამისად არაუგვიანეს ყოველი თვის 30 რიცხვისა, ხოლო დარჩენილი - გრაფიკით განსაზღვრული ბოლო თვის გადასახადთან ერთად. მოსარჩელის მიერ ღირებულების 30%-ის გადახდის შემდგომ 30 კალენდარულ ვადაში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უნდა დარეგისტრირებულიყო მყიდველის სამომავლო საკუთრების უფლება (მომავალი მესაკუთრე).
4.2.4. მოპასუხეს, ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, საცხოვრებელი კომპლექსი არ მიუყვანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კონდიციამდე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გადაცილებას ადასტურებს სოციალურ ქსელ Facebook-ში, მოპასუხე კომპანიის მიერ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოები, რომლის მიხედვით, 2021 წლის 10 სექტემბერს მიმდინარეობდა - სადარბაზოებში ლიფტების მონტაჟი, კიბის საფეხურების მარმარილოს ფილებით მოპირკეთების სამუშაოები, გარე ფასადის დამუშავება; 2021 წლის 14 სექტემბრის მიხედვით - დასრულდა კარკასული მშენებლობა; 2021 წლის 21 სექტემბერს მიმდინარეობდა - კომერციული ფართის საძირკვლის ჩასხმა; 2021 წლის 04 ოქტომბერს - კომერციული ფართის პირველი სართულის ფილის დასხმის პროცესი.
4.2.5. მოსარჩელის დარჩენილი გადასახადი, 2023 წლისათვის, შეადგენდა 3409 აშშ დოლარს, რომელიც კომპანიას, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა დასრულებული არ იყო, 2023 წლის 28 მარტს გადაუხადა. კომპანიამ 2023 წლის 29 მარტს მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი თანხის 80% - 49 267, 32 ლარი დაუბრუნა, მოპასუხემ დარჩენილი თანხა - 12 216.83 ლარის ოდენობით (სრული თანხის 20%), როგორც პირგასამტეხლო, ჯარიმის სახით დაქვითა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, უძრავ ნივთზე, ს.კ. ........, ბინა N159-ზე, უფლებათა რეესტრის მონაცემებით, საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. შესაბამისად, კონკრეტულ ბინას არ გააჩნია ინდივიდუალური საკადასტრო კოდი.
4.2.6. მოსარჩელეს მოპასუხის მიერ დაბრუნებული თანხა კვლავ ანგარიშზე აქვს განთავსებული (დეპონირებული) მოპასუხისათვის გადასახდელად იმ მიზნით, რომ საკუთრებაში მიიღოს ბინა, ხოლო მოპასუხე უარს აცხადებს ბინის საკუთრებაში გადაცემაზე.
4.2.7. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სადავო ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით და შემდეგაც, საცხოვრებელი კომპლექსი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კონდიციამდე მიყვანილი არ იყო, შესაბამისად, სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა უკანონო იყო. მოსარჩელემ 2022 წლის 07 სექტემბერს ქ. თბილისის მერიას განცხადებით მიმართა და შპს „პ.პ–ის“ მიერ სამშენებლო ნებართვის კორექტირების (ცვლილების) ან ახალი ნებართვის გაცემის, ასევე, სამშენებლო სამუშაოების დარღვევის შედეგად კომპანიაზე დაკისრებული ჯარიმების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.
4.2.8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურიდან მიღებული 2023 წლის 03 ოქტომბრის წერილით დგინდება, რომ მოპასუხე კომპანიამ მშენებლობის ნებართვის მოპოვებიდან 13-ჯერ მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს მშენებლობის ნებართვის ცვლილების ან/და ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით. მათ შორის, ბოლოს - 2023 წლის 14 აგვისტოს მოითხოვა კორექტირებული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. აღნიშნული განცხადებით მოთხოვნილი მშენებლობის ნებართვა, ხარვეზების გამო, არ გაცემულა.
4.2.9. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თითოეული მიმართვის საფუძველზე ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.tas.ge) განთავსებულია კომპანიის მიერ არქიტექტურის სამსახურისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია, მათ შორის, არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტო -მასალა, რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, კერძოდ, 2021 წლის 30 სექტემბრამდე, შესაბამისი სამუშაოები შესრულებული არ იყო (იხ. 2021 წლის 07 სექტემბრისა, 2021 წლის 23 სექტემბრის, 2021 წლის 25 ნოემბრისა და 2022 წლის 16 თებერვლის მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა). გასათვალისწინებელია, რომ არქიტექტურის სამსახურის ზემოაღნიშნული წერილის მიხედვით, კომპლექსი დღეის მდგომარეობითაც არ არის მიღებული ექსპლუატაციაში. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 06 ოქტომბრის წერილის თანახმად, კომპანია, 2020 წლის 12 ოქტომბრის დადგენილებით, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის 30000 ლარით დაჯარიმდა და მშენებლობა შეჩერდა. ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 20 სექტემბრის N00814 შემოწმების აქტით მოპასუხის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევით ნაწარმოები მშენებლობისათვის და ამავე თარიღის დადგენილებით დაეკისრა ჯარიმა 15000 ლარის ოდენობით, ამასთან, მოეთხოვა დარღვევების აღმოფხვრა 3 თვის ვადაში. აღნიშნული დადგენილებას კომპანია დაეთანხმა და დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებ- გვერდზე (www.tas.ge) ასევე განთავსებულია კომპანიის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი შპს „ო–ის“ მიერ მომზადებული 2021 წლის 04 ოქტომბრის საექსპერტო შეფასება ქ.თბილისი, ............ს ქ.N1-ში (მიწის ნაკვეთი ს/კ ..........), მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის, პროექტის დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის სამშენებლო ნორმებთან და წესებთან შესაბამისობის თაობაზე. საექსპერტო შეფასებაში მითითებულია, რომ კვლევის ეტაპზე დასრულებული იყო მხოლოდ ძირითადი კარკასის მზიდი და არამზიდი კონსტრუქციების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები და მიმდინარეობდა შიდა და გარე მოსაპირკეთებელი და პროექტით გათვალისწინებული სხვა სამუშაოები. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ყველა ზემოაღნიშნული მტკიცებულება ადასტურებს მოპასუხე კომპანიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მრავალჯერად დარღვევას და ფაქტს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში - 2021 წლის 30 სექტემბრამდე ხელშეკრულების ობიექტი არ იყო მიყვანილი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობამდე, შესაბამისად, მოსარჩელეს სრული უფლება ჰქონდა თანხა არა გრაფიკის, არამედ მშენებლობის ტემპის გათვალისწინებით გადაეხადა.
4.3. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა მოპასუხის დავალდებულების მართლზომიერება გადასცეს მოსარჩელეს საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე თანხის გადახდის სანაცვლოდ და ამ მიზნით მოპასუხის ხელშეკრულებიდან გასვლის მართლზომიერება.
4.4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 317-ე მუხლის პირველ და 327-ე მუხლის პირველ ნაწილებზე და განმარტა, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა სადავო არ იყო, თუმცა სადავო იყო მოპასუხის ხელშეკრულებიდან გასვლის მართლზომიერება.
4.5. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის შეფასებისთვის მიუთითა მხარეთა შორის 2019 წლის 13 ივნისს დადებულ ხელშეკრულებაზე, რომლის საგანის იყო მოპასუხე კომპანიის მიერ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენება და მოსარჩელისთვის საცხოვრებელ ბინაზე საკუთრების უფლების გადაცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 629-ე მუხლის გათვალისწინებთ სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარეთა შორის დადებული იყო ნარდობის ხელშეკრულება. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 636 და 637 მუხლების საფუძველზე მიუთითა შემკვეთისა და მენარდის ინიციატივით ნარდობის ხელშეკრულების მოშლის წესზე, ასევე მიუთითა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობაში ვალდებულების დარღვევის გამო, ურთიერთობის დასრულების მართლზომიერება უნდა შეფასდეს სსკ-ის 352 და 405-ე მუხლების მიხედვით, იქნება ეს ნარდობის ხელშეკრულება თუ ნასყიდობის ხელშეკრულება. ვინაიდან ვალდებულების დარღვევისას, ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობები ხელშეკრულების სახის მიხედვით არ დიფერენცირდება, თუ ხელშეკრულების რომელიმე სახე სპეციალურ წესს არ ადგენს.
4.6. აპელანტმა ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლად მიუთითა მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების სისტემატიურად დარღვევა, კერძოდ, 2020 წლის 30 მარტსა და იმავე წლის აპრილის თვეში მას არ გადაუხდია ხელშეკრულების N2 დანართით შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისი თანხა და ვინაიდან თავდაპირველად მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულება, აპელანტი თვლის, რომ მას ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება წარმოეშვა. აღნიშნულ არგუმენტთან მიმართებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, საცხოვრებელი ბინა მოსარჩელეს უნდა გადასცემოდა ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებულ მწვანე კარკასის მდგომარეობაში, არაუგვიანეს 2021 წლის 30 სექტემბრისა. დადგენილია, რომ 2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით და შემდეგაც საცხოვრებელი კომპლექსი არ იყო მიყვანილი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კონდიციამდე.
4.7. სააპელაციო პალატის შეფასებით, იმის გათვალისწინებით თუ რა სახის და მასშტაბის ვადაგადაცილებითაც მიმდინარეობდა მშენებლობა, მოსარჩელის მიერ გრაფიკით გათვალისწინებული საფასურის დაგვიანება ვერ ჩაითვლება არსებით დარღვევად, მით უფრო, რომ სსკ-ის 369-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს უძრავი ქონების საფასური მშენებლობის კვალდაკვალ, ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკით უნდა შეესრულებინა, შესაბამისად არ არსებობდა მისი მხრიდან ვალდებულების წინმსწრებად შესრულების ვალდებულება.
4.8. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელის მხრიდან გადახდების შეფერხება მშენებლობის პროცესის დაყოვნებით იყო გამოწვეული, თუმცა ორმხრივი დარღვევების პირობებში, მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებიდან გასვლა მეორე მხარის წინასწარი შეტყობინებისა და დამატებთი ვადის მიცემის გარეშე, უფლების ბოროტად გამოყენება იქნებოდა. განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ ხელშეკრულების გასვლის თაობაზე მოსარჩელეს წინასწარ ეცნობა და დარჩენილი ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადა მიეცა. მოსარჩელეს ხელშეკრულების მიმართ ინტერესი ჰქონდა, რაც მისი მხრიდან დარჩენილი დავალიანების დაუყოვნებლი გადახდაში გამოიხატა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებიდან გასვლა, მოსარჩელის წინასწარი შეტყობინებისა და დამატებითი ვადის მიცემის გარეშე, არამართლზომიერი იყო. ამასთან, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ 2023 წლისთვის, მოსარჩელის მხრიდან დარჩენილი გადასახადი მხოლოდ 3409 აშშ დოლარს შეადგენდა, რომელიც კომპანიას მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა დასრულებული არ იყო, მოსარჩელემ 2023 წლის 28 მარტს გადაუხადა. შესაბამისად მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობების დაცვის გარეშე შესრულების უკუქცევა და მოსარჩელისთვის მისი მიერ გადახდლი თანხის 80%-ის დაბრუნება მართლზომიერად ვერ შეფასდებოდა.
5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
5.1. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5.2. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას, რომ 2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით და მას შემდეგაც, საცხოვრებელი კომპლექსი არ იყო მიყვანილი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კონდიციამდე, შესაბამისად სასამართლომ დაადგინა რომ მოპასუხემ ხელშეკრულება ცალმხრივად უკანონოდ შეწყვიტა. სასამართლომ არ იმსჯელა 2019 წლის 13 ივლისის ხელშეკრულების 7.3.2. მუხლზე, რომელშიც მითითებულია, რომ გადახდის გრაფიკით დადგენილი თანხის მყიდველის მიერ ორი თვით გადაუხდელობის შემთხვევაში, გამყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება და მყიდველს დაუბრუნოს მიერ მიერ გადახდილი თანხის 80%.
5.3. კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები დაარღვია 2020 წლის მარტისა და აპრილის თვეში, ხოლო ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა 2023 წლის მარტში. ამასთან, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხეს უნდა შეესრულებინა 2021 წლის 30 სექტემბრამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს დასკვნას, რომ მან დაარღვია ნაკისრი ვალდებულება, იმ პირობებში როდესაც ვალდებულების შესრულების ვადა დამდგარი არ იყო.
5.4. კასატორი ასევე არ ეთანხმება სასამართლოს მიერ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების გამოყენებას, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები გამორიცხავს ამ სახის ხელშეკრულების გაფორმებას და მიუთითებს გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებაზე.
5.5. სასამართლომ დაუსაბუთებლად დაუკავშირა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების ღირებულების გადახდის ფაქტი, მოპასუხის მიერ შესრულებულ სამშენებლო სამუშაოებს, მაშინ როდესაც მხარეთა შორის აღნიშნული შეთანხმება არ ყოფილა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების და ხელშეკრულების სრული ღირებულების დაფარვის თარიღი.
5.6. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხის მიერ გადაცილებული მშენებლობის ვადები, მოსარჩელეს ანიჭებდა თანხის გადახდის დაყოვნების უფლებას. მისი განმარტებით, ხელშეკრულების შეწყვეტის დროისთვის მოპასუხეს ვადამოსული ვალდებულება არ ჰქონდა, ხოლო მოსარჩელემ არაერთგზის დაარღვია ნაკისრი ვალდებულებები.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 28 მარტის განჩინებით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
8. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
10. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ, გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ ფაქტობრივ/სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს.
12. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია, მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებიდან გასვლის მართლზომიერება და მისი დავალდებულება გადასცეს მოსარჩელეს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება.
13. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
14. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ.)
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მიუთითებს სსკ-ის 317.1. (ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია ხელშეკრულება.) 327.1 (ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით; 2. არსებითად ჩაითვლება ის პირობები, რომელბზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მღწეული უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ) 629 (1. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. 2. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები.) 352 (თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).) 405 (თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას,მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.).
16. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2019 წლის 13 ივნისს დაიდო მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში საცხოვრებელი ბინის N059-19 წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს უნდა აეშენებინა და მოსარჩელისთვის გადაეცა ............ის ქ N..-ში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის მე-2 სადარბაზოს მე-14 სართულზე მდებარე 159-ე ბინა (მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი .........) ხელშეკრულების თანახმად, საცხოვრებელი ბინა მოსარჩელეს უნდა გადასცემოდა ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული მწვანე კარკასის მდგომარეობაში, არაუგვიანეს 2021 წლის 30 სექტემბრისა, ნასყიდობის ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 23 250 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. შესაბამისად, სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შორის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა ვალდებულება. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად კი ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით; არსებითად ჩაითვლება ის პირობები, რომელბზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მღწეული უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
17. საქმის მასალებით დადგენილია ნასყიდობის ღირებულება 23 250 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, ანგარიშსწორების წესი, რომლის თანახმადაც ღირებულების სრული თანხის 50% უნდა გადახდილიყო ყოველთვიური გრაფიკის შესაბამისად, არაუგვიანეს ყოველი თვის 30 რიცხვისა, ხოლო დარჩენილი - გრაფიკით განსაზღვრული ბოლო თვის გადასახადთან ერთად. ასევე, მოსარჩელის მიერ ღირებულების 30%-ის გადახდის შემდეგ, 30 კალენდარული დღის ვადაში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მყიდველის სამომავლო საკუთრების უფლება უნდა დარეგისტრირებულიყო. 2023 წლისთვის, მოსარჩელის დარჩენილი გადასახადი 3409 აშშ დოლარია, რომელიც კომპანიას, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა დასრულებული არ იყო 2023 წლის 28 მარტს, მაინც გადაუხადა. 2023 წლის 29 მარტს, მოპასუხემ მოსარჩელეს გადახდილი თანხის 80% 49 267,32 ლარი დაუბრუნა, ხოლო 12 216.83 ლარი როგორც პირგასამტეხლო ჯარიმის სახით დაქვითა.
18. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზიის თანახმად, სასამართლომ მხარეთა შორის ურთიერთობა არასწორად დააკვალიფიცირა და განვადების ნასყიდობის ხელშეკრულების ნაცვლად მიიჩნია ნარდობის ხელშეკრულებად. აღნიშნული პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2019 წლის 13 ივნისის ხელშეკრულების საგანია - მოპასუხის მიერ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენება და მოსარჩელისთვის საცხოვრებელ ბინაზე საკუთრების უფლების გადაცემა.
19. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები. სსკ-ის 629-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიღწევადი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მენარდე მიუთითებს და დაამტკიცებს, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა ჯეროვნად. ნარდობის ურთიერთობაში ფაქტობრივად მისაღწევი შედეგია ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთის/ნაკეთობის (შესრულებული სამუშაოს) შემკვეთისათვის წარდგენა (სსკ-ის 639-ე მუხლი)-(იხ. სუსგ-ები: N ას-664-2021, 23.02.2023წ.; N ას-1411-2022, 22.05.2023წ.; N ას-601-2023, 24.07.2023წ.; N ას-671-2023, 12.09.2023წ.; N ას-841-2023, 29.09.2023წ.; N ას-1296-2022, 5.10.2023წ.; N ას-866-2023, 13.10.2023წ.; N ას-463-2024, 5.07.2024წ.; N ას-408-2024, 5.07.2024წ.; N ას-527-2024, 5.07.2024წ.; N ას-1066-2023, 26.07.2024წ.; N ას-602-2024, 2.10.2024წ.; N ას-1020-2024, 3.10.2024წ.; N ას-1210-2024, 8.11.2024წ.). ზოგადად იურიდიული დოქტრინა განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება აწესრიგებს უშუალოდ წარმოების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს, რადგან „ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან – შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი მოვალეა გადაუხადოს მენარდეს საზღაური, როგორც წესი, სამუშაოს შესრულების შემდეგ“ (იხ., ზურაბ ძლიერიშვილი, „ნარდობის ხელშეკრულება“ (თეორია და პრაქტიკა), თბილისი, 2016წ., გვ.26, გვ. 288). თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას (მრავალთა შორის შეად. სუსგ-ებს: N ას-1522-2019, 12.02.2021 წ.; N ას-1504-2022,10.03.2023 წ.; N ას-1218-2023, 10.01.2024წ.). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. ნარდობის ხელშეკრულების შინაარსს შეადგენს მისი პირობების ერთობლიობა. სსკ-ი არ შეიცავს რაიმე სპეციალურ ნორმას ნარდობის ხელშეკრულების ფორმის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნეს ის ნორმები, რომლებიც ზოგადად ხელშეკრულების ნამდვილობისთვისაა საჭირო; ანუ, ნარდობის ხელშეკრულება მიეკუთვნება ფორმათავისუფალ ხელშეკრულებათა რიცხვს, რაც ნიშნავს იმას, რომ ნარდობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირად, ისე წერილობითი ფორმით და მისი ნამდვილობისათვის, ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურების ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს (იხ. სუსგ-ები: Nას-1166-2019, 6.04.2020წ.; №ას-721-2021 28.12.2021წ.; №ას-1257-2021, 21.06.2022 წ.; № ას-725-2023 27.03.2024წ.;)
20. კასატორი პრეტენზიის თანახმად, მხარეთა შორის დადებული იყო ნასყიდობის გადახდის განვადებით ხელშეკრულება (სსკ-ის 505-ე მუხლი - განვადებით ნასყიდობისას გამყიდველი ვალდებულია გადასცეს ნივთი მყიდველს ფასის გადახდამდე. ნივთის ფასის გადახდა მყიდველის მიერ ხდება ნაწილ-ნაწილ დროის განსაზღვრულ შუალედებში.) და მიიჩნევს, რომ სასამართლოს ხელშეკრულებიდან გასვლის მართლზომიერება უნდა შეეფასებინა 508-ე მუხლის (თუ გამყიდველი იტოვებს უფლებას, უარი თქვას ხელშეკრულებაზე იმ შემთხვევისათვის, როცა მყიდველი არ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს, უარის თქმისას ყოველი მხარე ვალდებულია დაუბრუნოს ერთმანეთს ის, რაც ხელშეკრულებით მიიღეს. ამის საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია.) შესაბამისად.
21. მოცემულ შემთხვევაში, შინაარსობრივად მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დადების მიზანი იყო შესრულებული სამუშაოს რეზულტატის, აშენებული, კონკრეტული მახასიათებლებით ფართის საკუთრებაში გადაცემა. საკასაციო სასამართლოს განმარტებების თანახმად, თუკი ხელშეკრულების ობიექტი გარიგების დადების ეტაპზე არ არსებობს და შეთანხმების საგანი საქონლის დამზადებასა და მასზე საკუთრების უფლების გადაცემას მოიცავს, ურთიერთობა ნარდობის ხელშეკრულებად კვალიფიცირდება. მაშასადამე ნარდობის დამახასიათებელი ნიშანი ის არის, რომ ხელშეკრულების ობიექტი უნდა შეიქმნას მომავალში, მენარდის ძალისხმევის შედეგად. ნასყიდობის სამართალურთიერთობაში კი, ქონებრივი სიკეთე, ხელშეკრულების დადების ეტაპზე უკვე არსებობს, მაშასადამე, ამ ხელშეკრულების საგანი არის საქონლისა და მასზე საკუთრების უფლების გადაცემა. (№ას-879-2018, 23.07.2019წ; №ას-544-2024, 2.12.2024წ.).
22. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოთმოყვანილი განმარტებების და საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 13 ივნისის მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება აკმაყოფილებს არა ნასყიდობის გადახდის განვადების, არამედ ნარდობის ხელშეკრულების კრიტერიუმებს, ვინაიდან ხელშეკრულების საგანია კასატორის მიერ მრავალბინიანი სახლის აშენება და მოსრჩელისთვის საცხოვრებელ ბინაზე საკუთრების უფლების გადაცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე მხარეთა შორის წარმოშობილია ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა.
23. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს შეთანხმებული სამუშაოს დროულად შესრულება. ნარდობის ხელშეკრულებით მხარეებმა შეიძლება განსაზღვრონ არა მხოლოდ სამუშაოთა დასრულების ვადები, არამედ სამუშაოთა დაწყებისა და შუალედური ვადებიც. იმ შემთხვევაში, როდესაც შესრულების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მაშინ ნარდობის ხელშეკრულებით, შესრულების დრო განისაზღვრება, როგორც ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი პირობა -time is of the essence. თუ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის სამუშაოს შესრულების ვადა, მაშინ ვადა უნდა განისაზღვროს გონივრულად. “გონივრული ვადა” წარმოადგენს შეფასებით კატეგორიას. ყველა შემთხვევაში მისი ფარგლები მოიაზრება შესრულების თავისებურებებით. თუ ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულია შესრულების დრო, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ შემკვეთს არ შეუძლია შესრულების მოთხოვნა ამ ვადამდე, ხოლო მენარდეს შეუძლია ვალდებულების შესრულება ვადაზე ადრე. საეჭვოობა გულისხმობს ისეთ მდგომარეობას, როდესაც განსაზღვრული ვადის დაცვა ეჭვის ქვშ დგება მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე. ასეთ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება მოვალის ინტერესების დაცვა.
24. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 13 ივნისის ხელშეკრულებით კასატორმა იკისრა ვალდებულება აეშენებინა საცხოვრებელი კომპლექსი და მოსარჩელისთვის გადაეცა აღნიშნულ კომპლექსში ქ. თბილისი ............ის ქ N1-ში, მე-2 სადარბაზოს მე-14 სართულზე მდებარე ბინა N159. აღნიშნული უძრავი ქონება მოსარჩელეს უნდა გადასცემოდა მწვანე კარკასის მდგომარეობაში არაუგვიანეს 2021 წლის 30 სექტემბრისა, ანგარიშსწორება კი ხდებოდა ხელშეკრულების N2 დანართის გრაფიკის შესაბამისად (სრული თანხის 50% უნდა გადახდილიყო არაუგვიანეს ყოველი თვის 30 რიცხვისა, ხოლო დარჩენილი თანხა გრაფიკით განსაზღვრული ბოლო თვის გადასახადთან ერთად. მოსარჩელის მიერ ღირებულების 30%-ის გადახდის შემდეგ 30 კალენდარული დღის ვადაში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უნდა დარეგისტრირებულიყო მყიდველის სამომავლო საკუთრების უფლება).
25. კასატორის პრეტენზია ეხება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები დაარღვია 2020 წლის მარტისა და აპრილის თვეში, ხოლო მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა 2023 წლის მარტში. ამასთან, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხეს უნდა შეესრულებინა 2021 წლის 30 სექტემბრამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი სადავოდ ხდის სასამართლოს დასკვნას, მისი მხრიდან ნაკისრი ვალდებულების დარღვევის თაობაზე, იმ პირობებში როდესაც ვალდებულების შესრულების ვადა დამდგარი არ იყო.
26. საკასაციო პალატა, ყურადღებას გაამახვილებს პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმადაც 2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით და შემდეგაც საცხოვრებელი კომპლექსი არ იყო მიყვანილი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კონდიციამდე. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ 2021 წლის 10 სექტემბერს მიმდინარეობდა - სადარბაზოებში ლიფტების მონტაჟი, კიბის საფეხურების მარმარილოს ფილებით მოპირკეთების სამუშაოები, გარე ფასადის დამუშავება; 2021 წლის 14 სექტემბრის მიხედვით - დასრულდა კარკასული მშენებლობა; 2021 წლის 21 სექტემბერს მიმდინარეობდა - კომერციული ფართის საძირკვლის ჩასხმა; 2021 წლის 04 ოქტომბერს - კომერციული ფართის პირველი სართულის ფილის დასხმის პროცესი.
27. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნას, რომ ვადაგადაცილებული შესრულების მასშტაბის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ გრაფიკით გათვალისწინებული საფასურის დაგვიანება, არსებით დარღვევად ვერ შეფასდება. სააპელაციო პალატამ, სავსებით მართებულად მიუთითა, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, ა.ო–ს უძრავი ქონების საფასური, მშენებლობის კვალდაკვალ, ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით უნდა გადაეხადა. შესაბამისად, არ არსებობდა ა.ო–ის მხრიდან ვალდებულების წინმსწრებად შესრულების ვალდებულება (სსკ-ის 369-ე მუხლის თანახმად, იმ პირს რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა). მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ა.ო–ის მხრიდან გადახდების შეფერხება მშენებლობის პროცესის დაყოვნებით იყო განპირობებული, ნაკისრი ვალდებულებების ორმხრივი დარღვევების პირობებში შპს „პ.პ–ის" მხრიდან ხელშეკრულებიდან გასვლა, მეორე მხარის წინასწარი შეტყობინებისა და დამატებითი ვადის მიცემის გარეშე, უფლების ბოროტად გამოყენებას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის კონტექსტში.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება არის აღმჭურველი უფლება და იგი შეიძლება ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნებისმიერ დროს იქნეს გამოყენებული, თუკი არსებობს კანონით ამომწურავად განსაზღვრული ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლები და წესები (სსკ 405-ე, 352-359-ე მუხლები). ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება კანონით გათვალისწინებული უფლებაა, ამიტომ კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს, კერძოდ, იმას, თუ როდის შეუძლია ხელშეკრულების მხარეს მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა (სსკ-ის 405-ე, 352-359-ე მუხლები). ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველია ორმხრივ ხელშეკრულებაში ვალდებულების დარღვევა.(შდრ. სუსგ-ები №ას-459-438-2015, 07.10.2015წ; №ას-38-38-2018, 08.06.2018წ.; №ას-1361-2020, 11.03.2021წ.; №ას-1565-2018, 30.04.2020წ.; №ას-832-2021 13.12.2022წ.).
29. საკასაციო სასამართლო, კვლავ მიუთითებს სსკ-ის 355-ე მუხლზე (ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით) და განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის კანონისმიერი წინაპირობებია: ა) ხელშეკრულების ნამდვილობა (უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის ზოგად პირობებს); ბ) ზოგადი წესის მიხედვით, მოვალის მხრიდან ხელშეკრულების მნიშვნელოვანი (არსებითი) დარღვევა (დარღვევა არსებითი ხასიათისაა, თუ მოვალის მხრიდან ძირითადი ვალდებულების დარღვევის გამო, ფაქტობრივი შესრულების დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი ხდება ან იკარგება მომავალში მისი შესრულების იმედი ანდა კრედიტორს ეკარგება შესრულებისადმი ინტერესი); გ) ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ განცხადების გაკეთებით მონაწილე მთლიანად გადის ხელშეკრულებიდან, რადგანაც კანონით დაუშვებელია ხელშეკრულებიდან ნაწილობრივი გასვლა; დ) მიუხედავად ვალდებულების მნიშვნელოვანი დარღვევისა, მოვალეს არ შეუძლია კრედიტორს მოსთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება; ე) ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად არ არის პასუხისმგებელი; ვ) მოთხოვნას არ უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც უკვე წარმოდგენილია ან წარდგენილი იქნება დაუყოვნებლივ მოვალის მიერ, თუკი კრედიტორი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე (მაგალითად, შესაგებელი ვალდებულების გაქვითვაზე); ზ) სახეზეა კრედიტორის მიერ შესაგებელი იურიდიული მოქმედება – ხელშეკრულებიდან გასვლისათვის მოცემული გონივრული ვადა, თუ ხელშეკრულებით ასეთი ვადა არ ყოფილა დადგენილი – ანდა, თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა – გაფრთხილება (იხ.: მ. თოდუა/ჰ. ვილემსი, ვალდებულებითი სამართალი, თბილისი, 2006, 56; ჰ. ბიოლინგი / პ.ლუტრინგჰაუსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცალკეული მოთხოვნის საფუძვლების სისტემური ანალიზი, თბილისი, 2009, გვ. 39; შდრ: სუსგ №ას-1003-924-2017, 1.12.2017.პ.34; Nას-1166-2019, 06.04.2020; Nას-1516-2019, 26.06.2020წ.; Nას-606-2020, 6.11.2020წ.; Nას-612-2020; 11.03.2021წ.; Nას-141-2021, 27.05.2021წ.; Nას-742-2021; 2.12.2021წ.; Nას-885-2023, 3.10.2023წ.; Nას-1116-2023, 27.12.2023წ.; Nას-1130-2023, 21.01.2024წ.; Nას-211-2024, 26.04.2024წ. ).
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად არ აფუძნებს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას. შეუსრულებლობა გარკვეული ობიექტური მასშტაბით უნდა გაიზომოს. ზოგადად, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება წარმოიშობა, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის ვალდებულება დაირღვა. ვალდებულება, რომლის დარღვევაც ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველს წარმოადგენს, უნდა იყოს ნამდვილი, ვადამოსული და უპრეტენზიო. თუ ვალდებულებები ჯერ კიდევ არ არის შესასრულებელი, მხარე ვერ გავა ხელშეკრულებიდან, რადგან მას არ ექნება ამის საფუძველი. ხელშეკრულებიდან გასვლის, როგორც მეორადი მოთხოვნის უფლების, საფუძვლები შეიძლება დაიყოს მატერიალურ და ფორმალურ ნაწილებად. მატერიალურში იგულისხმება ვალდებულების დარღვევა, ხოლო ფორმალურში - დამატებითი ვადის დაწესება (გაფრთხილება) და ხელშეკრულებაზე უარის თქმის შეტყობინება.
31. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმ გარემოებას დაკავშირებით, რომ მშენებლობის მიმდინარეობის ვადაგადაცილების მასშტაბის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ, გრაფიკით გათვალისწინებული საფასურის დაგვიანება, არსებით დარღვევად ვერ შეფასდება. ამგვარად, მოსარჩელის მხრიდან დარჩენილი დავალიანების დაგვიანებით გადახდა, არ შეიძლება ჩაითვალოს ისეთ არსებით დარღვევად, რომელიც სსკ-ის 352-405-ე მუხლების მიხედვით მოპასუხის ხელშეკრულებიდან გასვლის მართლზომიერი საფუძველი შეიძლება ყოფილიყო. მითუმეტეს, რომ მოპასუხეს მოსარჩელისთვის არ უცნობებია ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე, არც ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადა მიუცია.
32. სამოქალაქო ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ზოგადი პრინციპები ასახულია 8.3 მუხლსა და 115-ე მუხლში. კერძოდ, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. უფლების კეთილსინდისიერად განხორციელება სამართლის საკითხს წარმოადგენს და, ყოველ სადავო შემთხვევაში, სასამართლო ამოწმებს უფლების მქონე პირის ქმედების მიზანს: ურთიერთობის მონაწილის ნება ხომ არ არის მიმართული მხოლოდ სხვა პირისათვის ზიანის მიყენებისკენ.
33. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს. კეთილსინდისიერების პრინციპს სამი ფუნქცია ეკისრება: 1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე; 2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის ხარვეზის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე - ხელშეკრულების პირობათა (რომლებიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია; 3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და „მაკორექტირებელი“ ფუნქცია. კეთილსინდისიერების ზემოაღნიშნული ფუნქციებიდან გამომდინარეობს, რომ ნებისმიერ ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაში, კრედიტორს არ შეუძლია, უარი თქვას მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მცირე ხელშეწყობაზე, როდესაც მოვალეს კრედიტორის მხრიდან ესაჭიროება ასეთი ხელშეწყობა ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის. კეთილსინდისიერების პრინციპი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კონტრაჰენტის ინტერესების გათვალისწინებას, რომლის არარსებობის შემთხვევაში ადგილი აქვს უფლების ბოროტად გამოყენებას (სუსგ. 29.06.2015წ. საქმეზე №ას-1338-1376-2015). იგი წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის შეფასებით კრიტერიუმს, რომლის შესაბამისადაც, სამართლიანისა და უსამართლოს გამიჯვნის გზით, პირი იღებს ობიექტური დამკვირვებლის შეფასებით ყველაზე სამართლიან გადაწყვეტილებას. კეთილსინდისიერების პრინციპი ქართულ სასამართლო პრაქტიკაში მიჩნეულია უშუალოდ მოქმედ სამართალდ და მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად (სუსგ. 21.05.2012წ. საქმე №ას-221-213-2012), რომლის მიზანი სამართლიანი შედეგის დადგომა და უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა (სუსგ. 24.05.2011წ. საქმე №ას-23-18-2011). კეთილსინდისიერების პრინციპის გამოყენება აქტუალური ხდება მაშინ, როცა პირის მოთხოვნა ან ქმედება ფორმალურად შეესაბამება მოქმედ მატერიალურ კანონმდებლობას, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევაში უსამართლოა (სუსგ. 4.11.2015წ. საქმე №ას-528-501-2015). შესაბამისად, მისი ფუნქცია აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს (სუსგ. 18.11.2015წ. საქმე №ას-549-521-2015). როგორც აღინიშნა, ეს პრინციპი განმტკიცებულია ეროვნული კანონმდებლობის დონეზეც: სსკ-ის 8.3 და 115-ე მუხლი მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედადაა მიჩნეული და აღნიშნული ნორმები საშუალებას იძლევა, რომ ნებისმიერი ურთიერთობა კეთილსინდისიერად წარმართვის ჭრილშიც შეფასდეს.
34. საგულისხმოა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელემ დარჩენილი დავალიანება დაუყოვნებლივ გადაიხადა, რაც ადასტურებს ხელშეკრულების მიმართ მის ინტერესს. ამასთან, 2023 წლის მდგომარეობით, მოსარჩელის დავალიანება შეადგენდა 3409 აშშ დოლარს, აღნიშნული თანხა მოსარჩელემ გადაიხადა 2023 წლის 28 მარტს, იმ პირობებში, როდესაც კომპანიას მშენებლობა დასრულებული არ ჰქონდა. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობების (მოსარჩელის წინასწარი შეტყობინების და დამატებითი ვადის მიცემის გარეშე) ადაცვის გარეშე, შესრულების უკუქცევა და მოსარჩელისთვის მის მიერ გადახდილი თანხის 80%-ის 49 267,32 ლარის დაბრუნება და 12 216,83 ლარის, როგორც პირგასამტეხლოს დაქვითვა, არამართლზომიერია.
35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
36. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
37. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
38. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
39. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, მოპასუხისთვის საკასაციო სასამართლში იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. მოსარჩელემ წარმოდგენილ საკასაციო შესაგებელში მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოში საკასაციო საჩივრის წარდგენის შემდეგ, მასსა და მის წარმომადგენელს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა ავანსი 1500 ლარი, რაც სრულად გადაიხადა მოსარჩელემ, ამასთან საქმის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მას ეკისრებოდა დავის საგნის 5%-ის ადვოკატისთვის გადახდა.
40. აღნიშნული მოთხოვნის პასუხად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე. მითითებული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს მიიჩნევს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად, რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები განახორციელა ადვოკატმა, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე და პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა (სუსგ №ას-739-707-2016, 24.10.2016წ.).
41. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის წარმომადგენელმა 2025 წლის 1 აპრილს წარმოადგინა წერილობითი მოსაზრება, რომელსაც დაურთო ადვოკატთან გაფორმებული ხელშეკრულება და გადახდის დამადასტურებელი ქვითრები. საქმის მასალებით დგინდება წარმომადგენლის მონაწილეობა საპროცესო მოქმედებებში, ეს გარემოებები თავისთავად მიანიშნებს მხარეთა შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით განსაზღვრული დავალების ხელშეკრულების არსებობაზე, რომელიც შეიძლება ზეპირადაც დაიდოს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, თვითონაც შეუძლია, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ, პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით, ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (სუსგ 30.10.2015წ. საქმე №ას-444-423-2015).
42. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ საკასაციო წარმოების ეტაპზე, მოსარჩელის წარმომადგენელმა წარმოადგინა საკასაციო შესაგებელი/წერილობითი მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით.
43. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე წარმომადგენლის მხრიდან საკასაციო შესაგებლის წარმოდგენა გარკვეულ ინტელექტუალურ და დროის რესურსის დახარჯვას მოითხოვდა, (თუმცა არა იმ ოდენობით, როგორც ამას განმცხადებელი ითხოვს) რაც უთუოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული წარმომადგენლის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას. შესაბამისად, სამართალწარმოების საბოლოო ეტაპის, ასევე, დავის საგნის ღირებულებისა და კანონით განსაზღვრული ზღვრული პროცენტული ნიხრის გათვალისწინებით (სსსკ-ის 53-ე მუხლი), საკასაციო სასამართლოს გონივრულ ოდენობად მიაჩნია, რომ მოპასუხეს დაეკისროს, მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურების ხარჯის სოლიდარულად ანაზღაურება 750 ლარის ოდენობით.
44. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „პ.პ–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. შპს „პ.პ–ს“ (ს/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „პროკრედიტ ბანკში“, 2025 წლის 13 მარტს, საგადასახადო დავალებით N0 გადახდილი 2463,36 ლარის 70 % - 1724,35 ლარი;
3. ა.ო–ის შუამდგომლობა, შპს "პ.პ–ისთვის" იურიდიული მომსახურების ხარჯების დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. შპს „პ.პ–ს“ (ს/ნ ..........) ა.ო–ის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯების 750 ლარის ანაზღაურება.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი