დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 01.06.2026
საქმის ნომერი
ას-1588-2025
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
01.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1 ივნისი, 2026 წელი,საქმე № ას-1588-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - სსიპ საქართველოს მუნიციპალული განვითარების ფონდი (საჩივრის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,კ.ი.ს.ს.ფ–ი’’ (მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 დეკემბრის განჩინება

მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი - საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სსიპ საქართველოს მუნიციპალული განვითარების ფონდმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც საჩივრის ავტორი/განმცხადებელი ან კერძო საჩივრის ავტორი) სს ,,კ.ი.ს.ს.ფ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, საჩივარი წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 1 დეკემბრის განჩინებით, ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით, საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ საჩივრის განუხილველად დატოვებისას განვითარებული მსჯელობის ფარგლებში დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 4 ნოემბრის განჩინებით, განმცხადებელს საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადის დაცვით, სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა (შემოსავლის ორდერი) და გასაჩივრებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების და საარბიტრაჟო შეთანხმების დედნის ან სათანადოდ დამოწმებული ასლის სასამართლოში წარდგენა. ამავე განჩინებით საჩივრის ავტორს განემარტა, რომ, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

2.2. აღნიშნული განჩინება განმცხადებელს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2025 წლის 6 ნოემბერს, საქმეში მითითებულ მისამართზე.

2.3. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2025 წლის 7 ნოემბერს დაიწყო და იმავე წლის 17 ნოემბერს დასრულდა. აღნიშნულ ვადაში საჩვრის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე სახის შუამდგომლობით არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის.

3. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 35612, 59-ე, 60-ე, 61-ე, 63-ე, 64-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ საჩიავრი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.

4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელმა, მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით.

4.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება ვადის დაცვით იქნა შეტანილი, რაც დასტურდება შპს „ს.ფ–ის“ მიერ გაცემული ინფორმაციითა და საფოსტო გზავნილით და, არ არსებობდა მისი განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 23 იანვრის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინებები და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

6. გასაჩივრებული განჩინებით, საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო საჩივრის ავტორის მიერ დადგენილი ხარვეზის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეუვსებლობა.

7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 10 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2025 წლის 7 ნოემბერს დაიწყო და იმავე წლის 17 ნოემბერს დასრულდა. აღნიშნულ ვადაში საჩვრის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე სახის შუამდგომლობით არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის.

8. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის მითითებული საფუძვლით საჩივრის განუხილველად დატოვების არგუმენტებს და განმარტავს, რომ მან განცხადება ფოსტას კანონით დადგენილ ვადაში ჩააბარა. ამ გარემოების დასადასტურებლად შპს „ს.ფ–იდან“ წარმოადგინა საფოსტო გზავნილის ასლი, საიდანაც ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაგზავნილი კორესპონდენცია/ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება საჩივრის ავტორმა ფოსტას ჩააბარა 2025 წლის 17 ნოემბერს.

9. სსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება, შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

10. მითითებული ნორმის მიხედვით, თუ განცხადება ფოსტას ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, მაშინ იგი საპროცესო ვადის დაცვით შეტანილად ითვლება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ხარვეზის შევსების ბოლო ვადაა 2025 წლის 17 ნოემბერი.

კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ზემოხსენებული მტკიცებულებით კი, ირკვევა, რომ საჩივრის ავტორმა ხარვეზის შევსების მიზნით განცხადება ფოსტას ჩააბარა 2025 წლის 17 ნოემბერს, ანუ ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, შესაბამისად, ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება ვადაში შეტანილად ითვლება, რაც გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების წინაპირობაა.

11. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ზემოხსენებული მოტივაციით, საკასაციო სასამართლო აუქმებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 დეკემბრის განჩინებას და საქმე უბრუნდება იმავე სასამართლოს საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ „საქართველოს მუნიციპალული განვითარების ფონდის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 დეკემბრის განჩინება და საქმე საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია