დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
06 ივნისი 2025 წელი
№ას-50-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ჯ.ნ–ია, ქ.გ–ნი, მ.ბ–ი, თ.თძე, ლ.ხ–ი, ხ.ც–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - ა.(ა).ი.პ. საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის გამო მოპასუხისათვის დაკისრებული კომპენსაციის გაზრდა
დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღგენა, იძულებითი განაცდურის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ჯ.ნ–იამ, ქ.გ–ნმა, მ.ბ–მა, თ.თძემ, ლ.ხ–მა, ხ.ც–ძემ (შემდგომში მოხსენიებულნი, როგორც „მოსარჩელეები“, „I აპელანტები“, „კასატორები“, „დასაქმებულები“) სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ა.(ა).ი.პ. საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „II აპელანტი“, „კასატორების მოწინააღმდეგე მხარე“, „დამსაქმებელი“) მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი, ა.(ა).ი.პ. საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის ბრძანებები: ჯ.ნ–იასთან 2022 წლის 20 დეკემბრის №1, ქ.გ–ნთან - 2022 წლის 20 დეკემბრის №3, მ.ბ–თან - 2022 წლის 20 დეკემბრის №8, თ.თ–ძესთან - 2022 წლის 20 დეკემბრის №10, ლ.ხ–თან - 2022 წლის 20 დეკემბრის №4 და ხ.ც–ძესთან - 2022 წლის 20 დეკემბრის №2, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;
1.2. ა.(ა).ი.პ. საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრს დაევალოს სამსახურში აღადგინოს:
· ჯ.ნ–ია - ა.(ა).ი.პ. საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის ადმინისტრატორის პოზიციაზე;
· ქ.გ–ნი - ა.(ა).ი.პ. საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის ბიბლიოთეკარ-კონსულტანტის თანამდებობაზე;
· მ.ბ–ი - ა.(ა).ი.პ. საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის ქალთა ანსამბლ „ლ–ს“ სოლისტის პოზიციაზე;
· თ.თძე - ა.(ა).ი.პ. საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის ქალთა ანსამბლ „ლ–ს“ ლ–ისა და მუსიკალური გამფორმებლის პოზიციაზე;
· ლ.ხ–ი - ა.(ა).ი.პ. საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის თეატრალური სტუდიის რეჟისორის პოზიციაზე;
· ხ.ც–ძე - ა.(ა).ი.პ. საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის კონცერტმაისტერის პოზიციაზე.
1.3. ა.(ა).ი.პ. საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრს დაევალოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2023 წლის 01 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე:
· ჯ.ნ–იას სასარგებლოდ - ყოველთვიურად ხელზე ასაღები 450 ლარის ოდენობით;
· ქ.გ–ნის სასარგებლოდ - ყოველთვიურად ხელზე ასაღები 330 ლარის ოდენობით;
· მ.ბ–ის სასარგებლოდ - ყოველთვიურად ხელზე ასაღები 400 ლარის ოდენობით;
· თ.თ–ძის სასარგებლოდ - ყოველთვიურად ხელზე ასაღები 480 ლარის ოდენობით;
· ლ.ხ–ის სასარგებლოდ - ყოველთვიურად ხელზე ასაღები 500 ლარის ოდენობით;
· ხ.ც–ძის სასარგებლოდ - ყოველთვიურად ხელზე ასაღები 420 ლარის ოდენობით.
სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოსარჩელეები სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დასაქმებულები იყვნენ მოპასუხე ორგანიზაციაში შემდეგ პოზიციებზე: ჯ.ნ–ია - ადმინისტრატორი, მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასის ოდენობა იყო 450 ლარი (დარიცხული 550.8 ლარი); ქ.გ–ნი - ბიბლიოთეკარ-კონსულტანტი, ყოველთვიურად ხელზე ასაღები ხელფასი - 330 ლარი (დარიცხული 403.92 ლარი); მ.ბ–ი - ქალთა ანსამბლ „ლ–ს“ სოლისტი, ყოველთვიურად ხელზე ასაღები ხელფასი - 400 ლარის ოდენობით (დარიცხული 489.6 ლარი); თ.თძე - ქალთა ანსამბლ „ლ–ს“ ლ–ი და მუსიკალური გამფორმებელი, ხელზე ასაღები ხელფასი - 480 ლარის ოდენობით; ლ.ხ–ი - თეატრალური სტუდიის რეჟისორი, ყოველთვიურად ხელზე ასაღები ხელფასი 500 ლარი, (დარიცხული 612 ლარი), ხ.ც–ძე - კონცერტმაისტერი, ყოველთვიურად ხელზე ასაღები ხელფასი 420 ლარის ოდენობით (დარიცხული 514.08 ლარი).
2.2. მოსარჩელეებთან ბოლო შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა 2022 წლის 01 სექტემბერს, განსაზღვრული ვადით, 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, რაც, მოსარჩელე მხარის აზრით, კანონსაწინააღმდეგო იყო, რადგან ისინი დასაქმებული იყვნენ სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში და ფაქტობრივად იმყოფებოდნენ უვადო შრომით ურთიერთობაში.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 აგვისტოს განჩინებით, მხარეთა მორიგების შესახებ, დამსაქმებელმა გააუქმა დასაქმებულებზე, მათ შორის, მოსარჩელეებზე, დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება, აღადგინა ისინი სამსახურში და გადაუხადა კომპენსაცია მორიგების აქტით გათვალისწინებული ოდენობით.
2.4. 2022 წლის 20, 23 და 26 დეკემბერს დამსაქმებელმა გამოსცა ბრძანებები, რომლითაც მოსარჩელეებთან შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულებები, საქართველოს შრომის კოდექსის 47.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. გათავისუფლების შესახებ ბრძანების დასაბუთებაში დამსაქმებელი უთითებს შემდეგ გარემოებებს: ორგანიზაციული ცვლილებები, კადრების ოპტიმიზაცია და აღნიშნავს, რომ ორგანიზაციულ ცვლილებებამდე ორგანიზაციის საშტატო განრიგში არსებობდა პოზიციები, რომლებსაც არ ჰქონდა რეალური ფუნქციური დატვირთვა, ცვლილებების შედეგად ცენტრი გადავა განვითარების შემდეგ ეტაპზე, რაც გულისხმობს მისი თანამშრომლებისა და ზოგადად საზოგადოებისთვის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი პროდუქტისა და მომსახურების მიწოდებას.
2.5. მოსარჩელის განმარტებით, სინამდვილეში, მოპასუხე ორგანიზაციას ისევ სჭირდება ის ფუნქციები, რასაც მოსარჩელეები ახორციელებდნენ, ამასთან, მხარეთა შორის არსებობს მორიგების პირობები, რომელთა გაფორმების დროისათვის მხარეებს უნდა სცოდნოდათ ის ეკონომიკური გარემოებები, რასაც მომავალში მათთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა შეიძლება გამოეწვია. მოსარჩელეები ჯეროვნად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, ერთადერთი დისციპლინური სახდელი - 2022 წლის 08 თებერვლის გაფრთხილებაც - გაუქმდა დამსაქმებლის მიერ მხარეთა შორის სასამართლო მორიგების პირობების ფარგლებში.
2.6. გარდა აღნიშნულისა, დამსაქმებელს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არ გაუთვალისწინებია ის გარემოებები, რომ ჯ.ნ–ია და ქ.გ–ნი არიან სოციალურად დაუცველები, უვადოდ მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდის სტატუსის მქონე პირები, უვადოდ მნიშვნელოვანად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონეა ასევე მოსარჩელე მ.ბ–იც.
2.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს მიჩნიათ, რომ მათ მიმართ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა უკანონოა.
მოპასუხის პოზიცია:
3.1. წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ცენტრში დაგეგემილი ცვლილებები და, შესაბამისად, შტატების შემცირების პროცესი, წარიმართა საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, მოპასუხის დამფუძნებელ ორგანიზაციას - ა.(ა).ი.პ. საქართველოს უსინათლოთა კავშირს წერილობით ეცნობა ცენტრის დირექტორის - თ.ც–ძის მიერ, რომ მისი დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ განცხადებაზე თანდართულ ცენტრის განვითარების გეგმაში გათვალისწინებული იყო კადრების ოპტიმიზაცია. დირექტორად დანიშვნის შემდგომ ქალბატონი თამარი გაეცნო რა ცენტრში არსებულ საშტატო განრიგს, მიზანშეწონილად მიიჩნია რამდენიმე ფუნქციური დატვირთვის არმქონე საშტატო ერთეულის გაუქმება. მისი მხრიდან ცენტრის დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ორგანიზაციას არ გააჩნდა თანამდებობრივი ინსტრუქცია და არც შრომითი ხელშეკრულებები მოიცავდა დათქმას იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა ფუნქცია-მოვალეობების მატარებელი იყო ესა თუ ის თანამშრომელი. აღნიშნულთან დაკავშირებით ა.(ა).ი.პ. საქართველოს უსინათლოთა კავშირის გამგეობამ იმსჯელა და მიზანშეწონილად მიიჩნია, ცენტრში შექმნილიყო თანამდებობრივი ინსტრუქციები და განხორციელებულიყო ორგანიზაციული ცვლილებები - კადრების ოპტიმიზაცია.
3.2. მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ორგანიზაციული ცვლილებების შემდგომ გაუქმებული შტატების ფუნქციური დატვირთვები ორგანიზაციას კვლავ სჭირდება, მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული წარმოადგენს მოსარჩელის შეფასებას და არა ფაქტობრივ გარემოებას, ამასთან, მოსარჩელეთა მხრიდან სამი მათგანის შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით ხაზგასმა არ მიაჩნია მართებულად, ვინაიდან ორგანიზაციაში დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ჯ.ნ–იას, ქ.გ–ნის, მ.ბ–ის, თ.თძის, ლ.ხ–ის და ხ.ც–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
4.1. ბათილად იქნა ცნობილი ა.(ა).ი.პ. საქართველოს უსინათლოთა კავშირის, კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის 2022 წლის 20 დეკემბრის №1 ბრძანება ჯ.ნ–იასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტისთვის კომპენსაცია 800 ლარის ოდენობით (ხელზე მისაღები ოდენობა);
4.2. ბათილად იქნა ცნობილი ა.(ა).ი.პ. საქართველოს უსინათლოთა კავშირის, კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის 2022 წლის 20 დეკემბრის №2 ბრძანება ხ.ც–ძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტისთვის კომპენსაცია 800 ლარის ოდენობით (ხელზე მისაღები ოდენობა);
4.3. ბათილად იქნა ცნობილი ა.(ა).ი.პ. საქართველოს უსინათლოთა კავშირის, კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის 2022 წლის 20 დეკემბრის №3 ბრძანება ქ.გ–ნთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტისთვის კომპენსაცია 800 ლარის ოდენობით (ხელზე მისაღები ოდენობა);
4.4. ბათილად იქნა ცნობილი ა.(ა).ი.პ. საქართველოს უსინათლოთა კავშირის, კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის 2020 წლის 20 დეკემბრის №4 ბრძანება ლ.ხ–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტისთვის კომპენსაცია 800 ლარის ოდენობით (ხელზე მისაღები ოდენობა);
4.5. ბათილად იქნა ცნობილი ა.(ა).ი.პ. საქართველოს უსინათლოთა კავშირის, კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის 2022 წლის 23 დეკემბრის №8 ბრძანება მ.ბ–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტისთვის კომპენსაცია 800 ლარის ოდენობით (ხელზე მისაღები ოდენობა);
4.6. ბათილად იქნა ცნობილი ა.(ა).ი.პ. საქართველოს უსინათლოთა კავშირის, კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის 2022 წლის 26 დეკემბრის №10 ბრძანება თ.თძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტისთვის კომპენსაცია 800 ლარის ოდენობით (ხელზე მისაღები ოდენობა);
4.7. მოპასუხეს მოსარჩელე ჯ.ნ–იას სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიურად 450 ლარის (ხელზე მისაღები) ოდენობით - 2023 წლის 01 იანვრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე (მოპასუხის მიერ კომპენსაციის სახით ანაზღაურებული თანხის - 900 (დარიცხული) ლარის გამოკლებით);
4.8. მოპასუხეს მოსარჩელე ქ.გ–ნის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიურად 330 ლარის (ხელზე მისაღები) ოდენობით - 2023 წლის 01 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (მოპასუხის მიერ კომპენსაციის სახით ანაზღაურებული თანხის - 660 ლარის (დარიცხული) გამოკლებით);
4.9. მოპასუხეს მოსარჩელე მ.ბ–ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიურად 400 ლარის (ხელზე მისაღები) ოდენობით - 2023 წლის 01 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (მოპასუხის მიერ კომპენსაციის სახით ანაზღაურებული თანხის - 800 ლარის (დარიცხული) გამოკლებით);
4.10. მოპასუხეს მოსარჩელე თ.თძის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიურად 480 ლარის (ხელზე მისაღები) ოდენობით - 2023 წლის 01 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (მოპასუხის მიერ კომპენსაციის სახით ანაზღაურებული თანხის - 960 ლარის (დარიცხული) გამოკლებით);
4.11. მოპასუხეს მოსარჩელე ლ.ხ–ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიურად 500 ლარის (ხელზე მისაღები) ოდენობით - 2023 წლის 01 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (მოპასუხის მიერ კომპენსაციის სახით ანაზღაურებული თანხის - 800 ლარის (დარიცხული) გამოკლებით);
4.12. მოპასუხეს მოსარჩელე ხ.ც–ძის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიურად 420 ლარის (ხელზე მისაღები) ოდენობით - 2023 წლის 01 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (მოპასუხის მიერ კომპენსაციის სახით ანაზღაურებული თანხის - 672 ლარის (დარიცხული) გამოკლებით).
4.13. სასარჩელო მოთხოვნები გათავისუფლებამდელ თანამდებობებზე მოსარჩელეების აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს როგორც მოსარჩელეებმა, ისე მოპასუხემ. დასაქმებულების სააპელაციო მოთხოვნას წარმოადგენდა სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო დამსაქმებელი მოითხოვდა სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. მოსარჩელე ჯ.ნ–ია დასაქმებული იყო ა.(ა).ი.პ. საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრში ადმინისტრატორის თანამდებობაზე და მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა 450 ლარს (ხელზე მისაღები ოდენობა).
7.2. მოსარჩელე ქ.გ–ნი დასაქმებული იყო ა.(ა).ი.პ. საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრში ბიბლიოთეკარ-კონსულტანტის თანამდებობაზე და მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა 330 ლარს (ხელზე მისაღები ოდენობა).
7.3. მოსარჩელე მ.ბ–ი დასაქმებული იყო ა.(ა).ი.პ. საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრში ქალთა ანსამბლ „ლ–ს“ სოლისტის თანამდებობაზე და მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა 400 ლარს (ხელზე მისაღები ოდენობა).
7.4. მოსარჩელე თ.თძე დასაქმებული იყო ა.(ა).ი.პ. საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრში ქალთა ანსამბლ „ლ–ს“ ლ–ისა და მუსიკალური გამფორმებლის თანამდებობაზე და მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა 600 ლარს (დარიცხული).
7.5. მოსარჩელე ლ.ხ–ი დასაქმებული იყო ა.(ა).ი.პ. საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრში თეატრალური სტუდიის რეჟისორის თანამდებობაზე და მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა 500 ლარს (ხელზე მისაღები ოდენობა).
7.6. მოსარჩელე ხ.ც–ძე დასაქმებული იყო ა.(ა).ი.პ. საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრში კონცერტმაისტერის თანამდებობაზე და მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა 420 ლარს, (ხელზე მისაღები ოდენობა).
7.7. მოსარჩელეები, საქართველოს შრომის კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მოპასუხესთან იმყოფებოდნენ უვადო შრომით ურთიერთობაში.
7.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 აგვისტოს განჩინებით საქმეზე №2/13817-22, მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, ა.(ა).ი.პ. საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრმა აიღო ვალდებულება, 2022 წლის 01 სექტემბრიდან თ.თ–ძე აღედგინა ცენტრში ქალთა ანსამბლის „ლ–ს“ ლ–ისა და მუსიკალური გამფორმებლის თანამდებობაზე, მ.ბ–ი - სოლისტის თანამდებობაზე, ხ.ც–ძე - კონცერტმაისტერის თანამდებობაზე, ლ.ხ–ი - თეატრალური სტუდიის რეჟისორის თანამდებობაზე, ჯ.ნ–ია - ადმინისტრატორის თანამდებობაზე და ქ.გ–ნი - ბიბლიოთეკარ-კონსულტანტის თანამდებობაზე. მანვე აიღო ვალდებულება, მოსარჩელეთათვის კომპენსაციის სახით გადაეხადა თანხა 3.5 თვის სახელფასო ანაზღაურების ოდენობით, ხოლო მოსარჩელეების ლ.ხ–ის, ქ.გ–ნისა და მ.ბ–ის მიმართ გაუქმდა 2022 წლის 8 თებერვალს გამოცემული ბრძანება დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით გაფრთხილების გამოყენების შესახებ.
7.9. 2022 წლის 19 დეკემბრის საქართველოს უსინათლოთა კავშირის გამგეობის №6 სხდომის ოქმით, გამგეობამ დაადგინა შემდეგი: 2022 წლის 30 დეკემბრამდე ცენტრში ჩატარებულიყო ორგანიზაციული ცვლილებები, დამტკიცდა ა.(ა).ი.პ. საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის 2023 წლის საშტატო განრიგი, თანამდებობრივი ინსტრუქცია, ცენტრის დირექტორს, თ.ც–ძეს დაევალა 2022 წლის 26 დეკემბრამდე გაეფრთხილებინა ცენტრის გაუქმებულ შტატებზე დასაქმებული თანამშრომლები 2023 წლის 01 იანვრიდან დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ.
2022 წლის 23 დეკემბრის №20 ოქმით საქართველოს უსინათლოთა კავშირის გამგეობამ მხარი დაუჭირა უსინათლოთა კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრში ორგანიზაციულ ცვლილებებს.
7.10. 26.12.2022 წლის №1 ოქმით კომისიამ დაადგინა, რომ ანსამბლს უნდა უხელმძღვანელოს ლ–მა, რომელსაც აქვს ფოლკლორის დარგში მუშაობის გამოცდილება და ფლობს ხალხურ ინსტრუმენტებს. აღნიშნულის გათვალისწინებით გუნდის ხელმძღვანელად შეირჩა ლ.გ–ძე, რადგან თ.თძეს საგუნდო მუსიკის განხრით აქვს განათლება მიღებული.
7.11. 2022 წლის 20 დეკემბრის ბრძანებით №1, საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ა.(ა).ი.პ. საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრმა შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა ჯ.ნ–იას და კომპენსაციის სახით გადასცა 2 თვის შრომის ანაზღაურება - 900 ლარის (დარიცხული) ოდენობით.
7.12. 2022 წლის 20 დეკემბრის ბრძანებით №3, საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ა.(ა).ი.პ. საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრმა შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა ქ.გ–ნს და კომპენსაციის სახით გადასცა 2 თვის შრომის ანაზღაურება - 660 ლარის (დარიცხული) ოდენობით.
7.13. 2022 წლის 23 დეკემბრის ბრძანებით №8, საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ა.(ა).ი.პ. საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრმა შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა მ.ბ–ს და კომპენსაციის სახით გადასცა 2 თვის შრომის ანაზღაურება - 800 ლარის (დარიცხული) ოდენობით.
7.14. 2022 წლის 26 დეკემბრის ბრძანებით №10, საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ა.(ა).ი.პ. საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრმა შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა თ.თძეს და კომპენსაციის სახით გადასცა 2 თვის შრომის ანაზღაურება - 960 ლარის (დარიცხული) ოდენობით.
7.15. 2022 წლის 20 დეკემბრის ბრძანებით №4, საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ა.(ა).ი.პ. საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრმა შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა ლ.ხ–ს და კომპენსაციის სახით გადასცა 2 თვის შრომის ანაზღაურება - 800 ლარის (დარიცხული) ოდენობით.
7.16. 2022 წლის 20 დეკემბრის ბრძანებით №2, საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ა.(ა).ი.პ. საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრმა შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა ხ.ც–ძეს და კომპენსაციის სახით გადასცა 2 თვის შრომის ანაზღაურება - 672 ლარის (დარიცხული) ოდენობით.
7.17. უსინათლოთა კულტურის ცენტრის დირექტორის 27.03.2023 წლის მიმართვის თანახმად, იმჟამინდელი მდგომარეობით, საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრში ვაკანტური თანამდებობა არ არსებობს.
7.18. საქართველოს სახალხო დამცველმა 25.07.2022 წელს ა.(ა).ი.პ. საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარეს, ასევე, ა.(ა).ი.პ. საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის დირექტორს მიმართა რეკომენდაციით, უზრუნველეყოთ თ.თძის, მ.ბ–ის, ხ.ც–ძის, ლ.ხ–ის, ჯ.ნ–იას, ქ.გ–ნის და სხვათა გათავისუფლებამდე არსებულ პოზიციებზე აღდგენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული რესტიტუციის შესაბამისი ღონისძიებების გამოყენება.
8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა შემდეგი შეფასება:
8.1. სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები, 58-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი, 408-ე მუხლის პირველი ნაწილი და 409-ე მუხლი.
8.2. საქმის მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით უდავოდ დადგენილად ჩაითვალა, რომ მოსარჩელეებთან შრომითი ერთიერთობის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.
8.3. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიაზე, რაც მხარეთა შორის ერთ-ერთ სადავო საკითხს წარმოადგენდა. პალატამ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილად მიიჩნია, რომ 2022 წლის 16 დეკემბერს ა.(ა).ი.პ. საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის დირექტორმა განცხადებით მიმართა საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარეს და განმარტა, რომ მის მიერ საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლების და სპორტის ცენტრის დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ განცხადებაზე თანდართულ ცენტრის განვითარების გეგმაში გათვალისწინებული იყო კადრების ოპტიმიზაცია. დირექტორად დანიშვნის შემდეგ გაეცნო რა არსებულ შტატებს, მიზანშეწონილად მიიჩნია ზოგიერთი უფუნქციო შტატის გაუქმება. დოკუმენტების შესწავლით აღმოჩნდა, რომ კულტურის ცენტრს არ გააჩნდა თანამდებობრივი ინსტრუქცია და არც შრომით ხელშეკრულებებში არ არსებობდა ჩანაწერი, თუ დასაქმებული რა კონკრეტული საქმიანობით უნდა ყოფილიყო დაკავებული. მოპასუხე ცენტრის დირექტორის განცხადების თანახმად, ყოველივე ეს ძალიან ართულებდა, განსაზღვრულიყო დასაქმებულთა მოვალეობები. აღნიშნულის გათვალისწინებით, დირექტორმა საჭიროდ მიიჩნია, შექმნილიყო ცენტრში არსებული თანამდებობებისათვის სრულყოფილი ინსტრუქცია, რის მიხედვითაც იხელმძღვანელებდნენ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს. განცხადების თანახმად, ინსტრუქციის არსებობა ასევე გაამარტივებდა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობას.
8.4. საქმეში წარმოდგენილია 2022 წლის 19 დეკემბრის გამგეობის სხდომის №6 ოქმი, თუმცა დოკუმენტიდან არ დგინდება, რომელი ორგანიზაციის გამგეობის სხდომაზეა საუბარი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სხდომის თავმჯდომარეა თ. ცალქალამანიძე (ცენტრის დირექტორი), პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენდა ა.(ა).ი.პ. საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის გამგეობის სხდომის ოქმს. ხსენებული ოქმით დადგენილია ჩასატარებელი ორგანიზაციული ცვლილებები, მათ შორის, ცენტრის დირექტორის ვალდებულება, რომ 2022 წლის 26 დეკემბრამდე გააფრთხილოს საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრში გაუქმებულ შტატებზე დასაქმებული თანამშრომლები მათთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის თაობაზე.
8.5. საქმეში წარმოდგენილია ასევე საქართველოს უსინათლოთა კავშირის გამგეობის 2022 წლის 23 დეკემბრის №20 სხდომის ოქმი, რომლის მიხედვითაც გამგეობამ მხარი დაუჭირა საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრში ორგანიზაციულ ცვლილებებს.
8.6. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებით, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ ცენტრში რეორგანიზაციის პროცესის დასაწყებად საჭირო იყო საქართველოს უსინათლოთა კავშირის გამგეობის (ცენტრის დამფუძნებლის, როგორც მოპასუხე მიუთითებს) თანხმობა, რასაც არც მოპასუხე ხდის სადავოდ. შესაბამისად, მიუხედავად თავად ცენტრის გამგეობის 2022 წლის 19 დეკემბრის სხდომის ოქმისა, რეოგანიზაციის პროცესი ძალაში შევიდა საქართველოს უსინათლოთა კავშირის გამგეობის მიერ ორგანიზაციული ცვლილებებისთვის მხარდაჭერის გამოცხადების დღიდან, კერძოდ 2023 წლის 23 დეკემბრიდან.
8.7. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან დგინდება, რომ მოსარჩელე ჯ.ნ–იასთან, ქ.გ–ნთან, ლ.ხ–თან და ხ.ც–ძესთან შრომითი ურთიერთობები შეწყდა ა.(ა).ი.პ. საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის დირექტორის 2022 წლის 20 დეკემბრის ბრძანებებით, მ.ბ–თან - 2022 წლის 23 დეკემბრის ბრძანებით და თ.თძესთან - 2022 წლის 26 დეკემბრის ბრძანებით. ექვსივე შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღად მითითებულია 2023 წლის 01 იანვარი. შესაბამისად დადგენილია, რომ ოთხი მოსარჩელის შემთხვევაში (ჯ.ნ–ია, ქ.გ–ნი, ლ.ხ–ი და ხ.ც–ძე) შრომითი ურთიერთობები შეწყდა რეოგანიზაციის პროცესის დაწყებამდე, რაც იმთავითვე გამორიცხავდა სადავო ბრძანებებში მითითებული, შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის საფუძვლების მართლზომიერებას.
8.8. შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის საფუძველთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რეორგანიზაციის საფუძვლით თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლებისას, დამსაქმებელს ეკისრება იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომ არსებობდა: 1) საწარმოო აუცილებლობა, რომელიც, შესაძლოა, ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდეს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისათვის; 2) შტატების რეალურად და კანონთან შესაბამისად შემცირების ფაქტი - კერძოდ, რეორგანიზაციის ფაქტობრივად განხორციელება კანონის შესაბამისად ისე, რომ პროცესში არ მოხდეს თვალთმაქცურად არასასურველი მუშაკების გათავისუფლება.
8.9. პალატამ შენიშნა, რომ საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად მოპასუხე მხარემ საკუთარი ზეპირი ახსნა-განმარტებასა და რეორგანიზაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებებთან ერთად წარმოადგინა მოწმეთა ჩვენებები. მტკიცების იმ სტანდარტის გათვალისწინებით, რაც დამსაქმებელს, როგორც სამართალურთიერთობის ძლიერ მხარეს მოეთხოვება შრომით დავებში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დამსაქმებელი რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების საწარმოო აუცილებლობას ვერ დაადასტურებდა მოწმეთა ჩვენებებსა და საკუთარ წერილობით გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, არამედ, სადავო გარემოებები ობიექტური ბუნების მტკიცებულებებით უნდა დადასტურებულიყო.
8.10. აღნიშნული განმართების მიუხედავად, პალატამ შეაფასა მოპასუხე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმის სახით დაკითხული ი.ჩ–ძის ჩვენება, რომელიც არის ცენტრის გამგეობის წევრი 2022 წლის თებერვლიდან და რომელმაც განმარტა, რომ ცენტრში რეორგანიზაციის მიზეზი გახდა გამგეობაში შესული საკითხი 10 პოზიციის გაუქმების თაობაზე. თავად აღნიშნული დადებითად გადაწყვიტა, რადგან საკითხის სიღრმისეული შესწავლის შედეგად აღმოაჩინა, რომ აღნიშნული პოზიციები ფაქტობრივად უფუნქციოდ იყო დარჩენილი. კონცერტმაისტერის, ადმინისტრატორის და კონსულტანტის ფუნქციები წელიწადში ერთხელ ან ორჯერ სჭირდებოდა ცენტრს, შესაბამისად მათი ფუნქციები სხვა თანამშრომლებმა შეითავსეს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ბიბლიოთეკაში სამი ადამიანია დასაქმებული, რომელთაც შეუძლიათ წასაკითხი წიგნების არჩევაში დაეხმარონ უსინათლოებს, ადმინისტრატორთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ ცენტრს ჰყავს ორი მენეჯერი, ადმინისტრატორი კი, უკვე ფუნქციის გარეშე იყო დარჩენილი. თეატრის რეჟისორთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მისი გათავისუფლების მიზეზი გახდა ის, რომ 4 თვის მანძილზე სპექტაკლი არ დადგა, როცა სტანდარტულად სამი თვე საკმარისია ამისთვის. მანამდეც სრულყოფილი მხოლოდ ერთი სპექტაკლი იყო, დანარჩენი კი, მინი სპექტაკლები. ანსამბლთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ გამგეობის წევრები დათანხმდნენ გუნდში ყოფილიყო 8 ადამიანი, მათ ჰყოლოდათ ერთი ხელმძღვანელი და ემღერათ ფოლკლორის მიმართულებით.
8.11. მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმის სახით დაკითხულმა კულტურის ცენტრის გამგეობის წევრმა ა.დ–ძემ განმარტა, რომ ცენტრში დაგეგმილი რეორგანიზაციის მიზნით, მხარი დაუჭირა უფუნქციოდ დარჩენილი შტატების გაუქმებას. ყველა გაუქმებული თანამდებობის სამუშაო ფუნქციები მოწმისთვის სრულყოფილად ცნობილი არ იყო, თუმცა მოხდა განხილვა და დარწმუნდა, რომ უფუნქციო იყო. მოწმემ განმარტა, რომ გამგეობამ განიხილა მხოლოდ შტატების გაუქმების საკითხი და კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე საუბარი არ ყოფილა.
8.12. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმის სახით დაკითხული მოწმის - ნ.ვ–ძის ჩვენებას, რომელიც 20 წელია დასაქმებულია ცენტრში ანსამბლის მომღერლის პოზიციაზე და მიუთითებდა, რომ ფინანსურად ცენტრი გამართულია, ბიუჯეტი დაამატა კავშირმა და თანამშრომლების შემცირების საჭიროება არ იყო.
8.13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ შენიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის მიერ მოწვეული მოწმეები რეორგანიზაციის საფუძვლად მიუთითებდენ მხოლოდ იმ გარემოებას, რომ ცენტრში ზოგიერთი კადრი უფუნქციოდ იყო დარჩენილი, თუმცა ცენტრის ფინანსურ სირთულეებზე აქცენტს არ აკეთებდნენ, მაშინ როდესაც მოსარჩელის მიერ მოწვეული მოწმე აცხადებდა, რომ ფინანსურად ცენტრი გამართულია, ბიუჯეტი დაამატა კავშირმა და თანამშრომლების შემცირების საჭიროება არ იყო.
8.14. პალატის მითითებით, გარდა იმისა, რომ მოპასუხე მხარეს რაიმე სათანადო მტკიცებულება ცენტრის ფინანსური სირთულეების თაობაზე საქმეში არ წარმოუდგენია, აღნიშნულს მის მიერ მოწვეული მოწმეებიც არ ადასტურებენ. ამასთან, თავად ცენტრის დირექტორმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მიუთითა რეორგანიზაციის შემდეგ ცენტრის ბიუჯეტის 30 000 ლარით გაზრდის შესახებ, რაც სხვა თანამშრომლების ხელფასების გაზრდას მოხმარდა.
8.15. რაც შეეხება თანამშრომელთა შემცირების აუცილებლობას კადრების ოპტიმიზაციის მიზნით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოპასუხეს საქმეში არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუ რა ვალდებულებები ეკისრებოდა თითოეულ გაუქმებულ თანამდებობას, რაში გამოიხატებოდა მათი უფუნქციოდ დარჩენა, გაუქმებული პოზიციების უფლებამოსილებები რომელ პოზიციებზე გადანაწილდა და ა.შ.. აღნიშნული გარემოებების დასადგენად, ცენტრის გამგეობის წევრის (რომელიც, ამავდროულად, მონაწილოებდა კადრების შემცირების გადაწყვეტილების მიღების პროცესში), ზეპირი ახსნა-განმარტება არ ჩაითვალა საკმარისად მოპასუხის პოზიციის გაზიარებისთვის.
8.16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხე დამსაქმებელმა საკუთარი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ უზრუნველყო მოსარჩელეებთან სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის კანონიერების დადასტურება, რამაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ გამოცემული 2022 წლის 20, 23 და 26 დეკემბრის №1, №2, №3, №4, №8, №10 ბრძანებების ბათილად ცნობა განაპირობა.
8.17. მოსარჩელეთა უფლებრივი რესტიტუციის საკითხთან მიმართებით, პალატამ, შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტზე დაყრდნობით, მიუთითა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონობა ავტომატურად არ იწვევდა დასაქმებულის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ვინაიდან, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია მხარეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, მისი აღსრულების შესაძლებლობასა და ეფექტიანობაზე.
8.18. პალატამ ყურადღება მიაპყრო საქმეში წარმოდგენილი ა.(ა).ი.პ. საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის 2023 წლის 27 მარტის ცნობას, საიდანაც დგინდება, რომ ცენტრში არ არის ვაკანტური თანამდებობები, შესაბამისად პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელეთა უფლებრივი რესტიტუცია, მათი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის გზით, მოცემულ შემთხვევაში, შეუძლებელი იყო. პალატამ განმარტა, რომ დაუშვებელია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის უფლებრივ რესტიტუციას შედეგად მოჰყვეს იმ მესამე პირთა კანონიერი უფლებების დარღვევა, რომელთაც კეთილსინდისიერად აქვთ დაკავებული სადავო პოზიცია. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც არ დგინდებოდა დამსაქმებელთან ვაკანტური თანამდებობების არსებობის ფაქტი, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
8.19. კომპენსაციის განსაზღვრის ნაწილში მოსარჩელეების სააპელაციო პრეტენზიათა საპასუხოდ, პალატამ განმარტა, რომ სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის ნორმატიული მიზანი სწორედ ის არის, რომ ბრძანების ბათილობის შედეგად მოსარჩელემ მიიღოს იურიდიული შედეგი და იმ შემთხვევაში, როდესაც ამგვარი შედეგი სამუშაო ადგილზე აღდგენაში არ მდგომარეობს, მოსარჩელეს მიეკუთვნება კომპენსაცია. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმებს კანონის ნორმატიული დანაწესი არ ადგენს და იგი ყოველი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება, რა დროსაც სასამართლო ხელმძღვანელობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მხედველობაში იღებს დროს, რომლის განმავლობაშიც უნდა ემუშავა დასაქმებულს დამსაქმებელთან, რა იყო მისი სახელფასო ანაზღაურება და სხვა. კომპენსაციამ უნდა უზრუნელყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არც ერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს.
8.20. პალატამ ყურადღება მიაპყრო შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-9 პუნქტს, რომლის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ცვლილებების შედეგად, უკანონოდ გათავისუფლებულ დასაქმებულებს მიეცათ უფლება, კომპენსაციასთან ერთად მოეთხოვათ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს ზიანს მიუღებელი შემოსავლის სახით. პალატის შეფასებით, უკანონო დათხოვნით განპირობებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოემსახურა მოსარჩელეებისთვის მიკუთვნებული ყოველთვიური განაცდური ხელფასი, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობა სრულად შეესაბამება მოსარჩელეთა უფლებრივი რესტიტუციის ფარგლებს. პალატამ მიუთითა, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, გაითვალისწინა მოსარჩელეთა ხელზე მისაღები შრომის ანაზღაურების ოდენობა მათ გათავისუფლებამდე, რაც, ჯ.ნ–იას შემთხვევაში, შეადგენდა 450 ლარს; ქ.გ–ნის შემთხვევაში - 330 ლარს; მ.ბ–თან მიმართებით - 400 ლარს; თ.თ–ძის შემთხვევაში - 480 ლარს; ლ.ხ–თან მიმართებით - 500 ლარს; ხ.ც–ძის შემთხვევაში კი - 420 ლარს.
8.21. კომპენსაციის განსაზღვრისას პალატამ გაითვალისწინა დამსაქმებლის საქმიანობა და ფინანსური შესაძლებლობები და განმარტა, რომ უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის რესტიტუციას შედეგად არ უნდა მოჰყვეს დამსაქმებლის საქმიანობის შეფერხება, რაც, თავის მხრივ, აისახება სხვა დასაქმებულებზეც. მოპასუხე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია, ემსახურება უსინათლოთა კულტურულ, საგანმანათლებლო და სპორტულ აქტივობებში ჩართულობას, რაც მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს წარმოადგენს, მისი ბიუჯეტი უმეტესად დამოკიდებულია საქართველოს უსინათლოთა კავშირიდან მიღებულ დაფინანსებასა და სხვა შემოწირულობებზე. შესაბამისად, ამ პირობებში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობა, რომელიც თითოეული მოსარჩელისთვის შეადგენს 800 ლარს, სააპელაციო პალატის მიერ ჩაითვალა გონივრულ ოდენობად.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დასაქმებულებმა, მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა პირვანდელ თანამდებობებზე აღდგენის შეუძლებლობის გამო მისაკუთვნებელი კომპენსაციის ოდენობის გაზრდა, შემდეგი დასაბუთებით:
9.1. სასამართლოს კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის არ შეუფასებია გათავისუფლების უკანონობის ხარისხი. 800 ლარი აშკარად არასამართლიანი და არაპროპორციული ოდენობაა იმასთან შედარებით, რა სტრესიც გადაიტანეს დასაქმებულებმა დამსაქმებლისგან. სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო გასული წლის მოვლენები, სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომელმაც დაადგინა დასაქმებულთა მიმართ ხელოვნური მიზეზით დისციპლინირებისა და გათავისუფლების ფაქტები. სასამართლოს, ასევე, მხედველობაში უნდა მიეღო ფაქტი, რომ მოსარჩელეთაგან უმრავლესობა მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები - უსინათლოები არიან, სასამართლო პროცესებს ყველა მათგანი ესწრებოდა და სასამართლოსთვის ხილული იყო მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასაკი, ინტერესი დავის მიმართ და ნეგატიური ემოციები, მორალური ზიანი, რომელიც მიადგათ დამსაქმებლის უკიდურესად არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო. სასამართლოსთვის ცნობილი იყო მოსარჩელეთა სოციალური მდგომარეობა, ხელფასის მიზერული ოდენობა და ის გარემოება, რომ შეზღუდული შესაძლებლობების გამო შეზღუდული აქვთ სხვაგან დასაქმების საშუალება. სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო თავად მოპასუხე დაწესებულების ცენტრის დირექტორისა და ცენტრის წარმომადგენლის განმარტებები მასზედ, რომ რეორგანიზაციამდე არსებული ბიუჯეტი უსინათლოთა კავშირმა გაზარდა 30 000 ლარით, რის შედეგადაც ცენტრმა საკუთარ დასაქმებულებს ხელფასები გაუზარდა. რეორგანიზაციამდე ყოველთვიური სახელფასო ბიუჯეტი იყო 22 000 ლარი, რეორგანიზაციის შემდეგ კი, გახდა 25 300 ლარი. აღნიშნული განმარტება მეტყველებს მასზედ, რომ კასატორების გათავისუფლების შემდეგ ცენტრის ფინანსური შესაძლებლობები გაიზარდა. ის გარემოება, რომ ცენტრს თანხის გადახდის შესაძლებლობა აქვს, ჩანს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში თანხების კასატორებისთვის ნებაყოფლობით გადახდის ფაქტიდანაც.
9.2. კასატორის მითითებით, დაკისრებული კომპენსაციის ოდენობა შეუსაბამოდ მცირეა და არ შეესაბამება 2020 წლის 29 სექტემბერს შრომის კოდექსში ამოქმედებული ცვლილებების შემდეგ დამკვიდრებულ საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას. კასატორების მოთხოვნაა, ნაცვლად 800 ლარისა, მოპასუხეს დააკისროს კომპენსაცია თითოეული კასატორის სასარგებლოდ 5000-5000 ლარის ოდენობით.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობის მართებულობა. გასაჩივრებული ბრძანებების ბათილად ცნობისა და განაცდური ხელფასის მიკუთვნების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინება დამსაქმებლის მიერ გასაჩივრებული არ არის და შესულია კანონიერ ძალაში, მაშასადამე, საკასაციო პალატა ხელმძღვანელობს სამართლებრივი დასკვნით, რომ კასატორებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მოპასუხის ბრძანებები კანონსაწინააღმდეგო და, მაშასადამე, ბათილია. საგულისხმოა თავად კასატორების საკასაციო განაცხადის ფარგლებიც - ისინი გასაჩივრებული განჩინების გადასინჯვას არ ითხოვენ პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში, არამედ, მათი საკასაციო პრეტენზია შემოფარგლულია მხოლოდ დაკისრებული კომპენსაციის გაზრდის მოთხოვნით. ამრიგად, სასამართლო წინამდებარე განჩინების გამოტანისას ხელმძღვანელობს იმ სამართლებრივი დასკვნითაც, რომ მოსარჩელეთა ხელყოფილი შრომითი უფლების რესტიტუციის მექანიზმი განაცდური ხელფასის ანაზღაურებასა და კომპენსაციის მიკუთვნებაში მდგომარეობს.
14. კასატორის პრეტენზიის თანახმად, მიკუთვნებული კომპენსაციის ოდენობა არ შეესაბამება უკანონო გათავისუფლებით მოსარჩელეთათვის მიყენებულ მორალურ განცდებს, სოციალურ მდგომარეობას, შეზღუდული შესაძლებლობების - უსინათლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ასაკის გათვალისწინებით, სხვა სამუშაოს პოვნის დაბალ ალბათობასა და დამსაქმებლის ფინანსურ შესაძლებლობებს.
15.1. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კომპენსაციის ცნება და მისი განსაზღვრის მართლზომიერება, არაერთხელ გამხდარა საკასაციო პალატის განმარტების საგანი. შესაბამისად, ამ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მრავალი განჩინება თუ გადაწყვეტილება არსებობს.
15.2. უწინარესად, პალატა მოიხმობს საკასაციო სასამართლოს ტელეოლოგიურ განმარტებას საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესახებ, რომლის თანახმადაც, ნორმის მიზანია, ბრძანების ბათილობის შედეგად, მოსარჩელემ მიიღოს იურიდიული შედეგი და იმ შემთხვევაში, როდესაც ამგვარი შედეგი სამუშაო ადგილზე აღდგენა არ არის, მოსარჩელეს მიეკუთვნება კომპენსაცია. 48-ე მუხლის მე-8 პუნქტის ჩანაწერი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, მიიღოს კომპენსაციის დაკისრების გადაწყვეტილება როგორც სამსახურში აღდგენის ალტერნატივა და საკმარისი რესტიტუცია.
15.3. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავდეს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონო დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონო დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა, ხელშეკრულების ვადა და ა.შ. (იხ. სუსგ. №ას-1209-2021, 11.03.2022წ.).
15.4. კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომაც, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და კომპენსაციის ოდენობამ უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა, რითაც კომპენსაცია განსხვავდება ზიანის ანაზღაურებისას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისგან (იხ. სუსგ. №ას-1208-2018, 18.02.2021წ.; №ას-727-680-2017, 15.09.2017წ.; №ას-353-338-2016, 03.05.2016წ.).
15.5. კომპენსაციის საკითხთან მიმართებით მსჯელობისას, შეუძლებელია, გათვალისწინებული არ იყოს შრომის კოდექსში 2020 წლის 29 სექტემბერს შესული ცვლილებებით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონობის თანმდევი შედეგების მომწესრიგებელი არსებითად ახალი ნორმა სშკ 48.9 მუხლის სახით, რომლის ანალოგსაც მანამდე მოქმედი შრომის კანონმდებლობა არ იცნობდა, შესაბამისად, სასამართლო პრაქტიკაც იმგვარად ვითარდებოდა, რომ დასაქმებულის პირვანდელ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობისას, მუშაკისათვის განაცდურის მიკუთვნების შესაძლებლობაც ისპობოდა, ხოლო უფლებრივი რესტიტუციის ერთადერთ მექანიზმს კომპენსაცია წარმოადგენდა, რომლის ოდენობაც უნდა ყოფილიყო საკმარისად სერიოზული საიმისოდ, რომ საკუთარ თავში მოეცვა უკანონო გათავისუფლების შედეგად დასაქმებულისთვის მიყენებული როგორც მატერიალური ზიანი, ისე მორალური ასპექტები.
15.6. განსხვავებით აღწერილი ვითარებისგან, 29.09.2020 წლის ცვლილებების შედეგად კოდექსში ასახული არსებითად ახალი რეგულაციით - 48-ე მუხლის მე-9 პუნქტით - დასაქმებულს უფლება მიეცა, (1) პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან (2) მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოეთხოვა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე.
15.7. მაშასადამე, თუკი მანამდე კომპენსაცია და განაცდური განდევნით მოთხოვნებს წარმოადგენდნენ, არსებული ცვლილებებით, ისინი კომბინირებად მოთხოვნებად იქცნენ, თუმცაღა, სასამართლო პრაქტიკით დადგენილმა პოსტულატმა, რომ უკანონო გათავისუფლების გამო დასაქმებულის სასარგებლოდ დამსაქმებლისთვის დასაკისრებელი ფულადი აქტივი არ უნდა დაიცალოს გონივრულობისა და სამართლიანობის კრიტერიუმისგან და არცერთი მხარისთვის არ უნდა შექმნას უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტური წინაპირობა, გარკვეულწილად, ნორმატიული განმტკიცება ჰპოვა სშკ 48.9 მუხლის მე-9 პუნქტის მეორე წინანადებაში, რომლის თანახმადაც, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია.
15.8. საკასაციო პალატის შეფასებით, სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის მიუხედავად განაცდურის მოთხოვნის შესაძლებლობის პირობებში, უკანონო გათავისუფლებით გამოწვეული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფუნქცია მნიშვნელოვანწილად იკისრა სწორედ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებამ, რამეთუ, განთავისუფლების გამო ხელფასის მიღების შეუძლებლობით განცდილ მატერიალურ დანაკარგებს (მიუღებელ შემოსავალს) ფარავს სწორედ გათავისუფლების მომენტიდან კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად ხელფასის ოდენობით დაკისრებული იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მაშასადამე, განაცდურთან კომბინირებისას, კომპენსაციაც შეუნარჩუნდა მეტადრე იმ მორალური განცდების სატისფაქციური ფუნქცია, რასაც პირი მის მიმართ არამართლზომიერი შრომითი გადაწყვეტილების მიღებისა და სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის შედეგად უდავოდ განიცდის. კომპენსაციის ოდენობის მდგენელად მატერიალური ზიანი, ცხადია, კვლავაც გვევლინება, თუმცა არა შრომითი დავის მთელ პერიოდზე, არამედ, განაცდური ხელფასის ანაზღაურების ვალდებულების შეწყვეტის მომენტიდან ხელახალი დასაქმების მომენტამდე არსებული მატერიალური სირთულეების კონტექსტში.
15.9. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, ლოგიკურია, რომ 29.09.2020 წლის ცვლილებებებამდე შეწყვეტილ შრომით ურთიერთობებში დასაქმებულისთვის სასამართლოს მიერ მიკუთვნებული და დასახელებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდგომ მიკუთვნებული კომპენსაცია თანაბარმნიშვნელოვანი ოდენობის ვერ იქნება, არამედ კომპენსაციის ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია დასაქმებულისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ფაქტიც (წინამდებარე განჩინების გამოტანის მომენტისათვის, სასამართლო გადაწყვეტილებით მიკუთვნებული და აკუმულირებული განაცდური ხელფასი ჯ.ნ–იას შემთხვევაში აჭარბებს 13 000 ლარს; ქ.გ–ნის შემთხვევაში - 9500 ლარს; მ.ბ–ის შემთხვევაში - 11600 ლარს; თ.თ–ძის შემთხვევაში - 13 900 ლარს; ლ.ხ–ის შემთხვევაში - 14 500 ლარს; ხ.ც–ძესთან მიმართებით კი - 12 000 ლარს).
15.10. სასამართლოს მიერ მოსარჩელეების სასარგებლოდ სშკ 48.8 მუხლით დასაქმებულისთვის მიკუთვნებული კომპენსაცია - 800 ლარი, თოთოეული დასაქმებულის შემთხვევაში, დაახლოებით, ორი თვის სახელფასო ანაზღაურებას წარმოადგენს. სშკ 48.2 მუხლიდან გამომდინარე, სწორედ ორი თვე არის ის საორიენტაციო დრო, რაც პირს ხელახალი დასაქმების სირთულეებთან გამკლავებაში შესაძლოა, დასჭირდეს. საგულისხმოა, რომ განაცდური ხელფასის ანაზღაურებასთან ერთად კომპენსაციის, დაახლოებით ორი თვის ხელფასის ოდენობით მიკუთვნების მართებულობაზე სასამართლო პრაქტიკა სტაბილურია (იხ. სუსგ. №ას-537-2024, 26.06.2024წ.; საქმე №ას-1544-2023, 29.03.2024წ.; №ას-1526-2023, 22.03.2024წ.).
15.11. საკასაციო სასამართლოსთვის ცხადია, შეზღუდული შესაძლებლობა - უსინათლობა, ხელახალი დასაქმების თვალსაზრისით, ფაქტობრივ სირთულეებს აფუძნებს მეტად, ვიდრე ასეთი შეზღუდვის არარსებობისას, თუმცა საკასაციო პალატა ვერც იმ გარემოებას დატოვებს მხედველობის მიღმა, რომ მოპასუხე ორგანიზაცია არასამეწარმეო სუბიექტია, დამოუკიდებელი შემოსავალი, პრაქტიკულად, არ გააჩნია და მისი ბიუჯეტი უმეტესწილად ფორმირდება საქართველოს უსინათლოთა კავშირიდან მიღებული დაფინანსებიდან და სხვა შემოწირულობებიდან. პასუხისმგებლობის ზომის შერჩევისას სასამართლოს მართებს, იხელმძღვანელოს თანაზომიერების პრინციპით, რომელიც სასამართლოს აკისრებს ვალდებულებას, შეარჩიოს პასუხისმგებლობის იმგვარი ზომა, რომ გადაწყვეტილებით დაკისრებული ქონებრივი ტვირთი ორგანიზაციას ფუნქციონირების შეწყვეტის ფასად არ დაუჯდეს, მით უფრო მაშინ, როდესაც სუბიექტის არსებობისა და ფუნქციონირების მიმართ არსებობს მოჭარბებული საჯარო ინტერესი - მოპასუხე ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების - უსინათლოების კულტურულ, საგანმანათლებლო და სპორტულ ცხოვრებაში ჩართვის უზრუნველყოფას ემსახურება.
15.12. დასახელებული ფაქტორების ერთობლივი ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობის - თითოეული მოსარჩელის შემთხვევაში 800 ლარის - მართებულობას და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება სრულად შეესაბამება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის მიკუთვნებული კომპენსაცია გონივრულია, ხელყოფილი შრომითი უფლების რესტიტუციას ემსახურება და მისი მეტად გაზრდის ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვარი მოცემულ საქმეში არ ვლინდება.
16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
17. კასატორები, კანონის საფუძველზე, სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულნი არიან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ.ნ–იას, ქ.გ–ნის, მ.ბ–ის, თ.თძის, ლ.ხ–ის და ხ.ც–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი