დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-2547-ა-12-2026
14 ივლისი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ე.გ–ი (აპელანტი, მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ფ–ი, შპს „მ.კ–სი“ (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 30 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ე.გ–ის სარჩელი შპს „მ.კ–სა“ და ნ.ფ–ის მიმართ, არ დაკმაყოფილდა.
2. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 30 იანვრის განჩინებით ე.გ–ის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.
4. აღნიშნიული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩნების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 15 მაისის განჩინებით ე.გ–ის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის გამო.
6. 2026 წლის 28 მაისს სასამართლოს განცხადებით მომართა ე.გ–ის წარმომადგენელმა და წარმოადგინა დოკუმენტები შპს „ს.ფ–დან“ იმის დასადასტურებლად, რომ განცხადება ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე ვადაში ჩააბარა ფოსტას.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 05 ივნისის განჩინებით ე.გ–ს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი, დასაბუთებული განცხადება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი დაზუსტებული მოთხოვნის შესაბამისად 50 ან 100 ლარის ოდენობით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ე.გ–ის განცხადება (ა-2547-26) განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
10. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 05 ივნისის განჩინებით ე.გ–ს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი, დასაბუთებული განცხადება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი დაზუსტებული მოთხოვნის შესაბამისად 50 ან 100 ლარის ოდენობით. აღნიშნული განჩინება ე.გ–ის წარმომადგენელს, ნ.გ–ძეს ჩაბარდა პირადად 2026 წლის 25 ივნისს. განმცხადებელს განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში მისი განცხადება დატოვებული იქნებოდა განუხილველად.
11. ზემოხსენებული ხარვეზის განჩინება ე.გ–ის წარმომადგენელს, ნ.გ–ძეს (მინდიბილობა ერთვის საქმეს ტ.1. ს.ფ. 55) გაეგზავნა განცხადებაში მითითებულ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, .......... და გზავნილი ჩაჰბარდა პირადად 2026 წლის 25 ივნისს.
12. სსსკ–ის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
13. ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, ე.გ–ისთვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 03 (სამი) დღიანი ვადის დენა დაიწყო 2026 წლის 26 ივნისს და ამოიწურა 2026 წლის 29 ივნისს (ვადის გასვლის ბოლო დღე იყო - 28 ივნისი, კვირა დღე), რომელიც იყო პირველი სამუშაო დღე - ორშაბათი. ამდენად, ე.გ–ი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2026 წლის 29 ივნისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში ე.გ–ს ხარვეზი არ გამოუსწორებია და ამ ვადაში არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
14. სსსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
15. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
16. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე.გ–ის განცხადება (ა-2547-26) განუხილველად უნდა დარჩეს ვინაიდან, განმცხადებელმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო მისთვის დადგენილი ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284–ე, 285–ე მუხლებით, 396–ე მუხლის მესამე ნაწილით, 427–ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.გ–ის განცხადება (ა-2547-26) დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე : მირანდა ერემაძე