დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ა-2449-ა-12-2026
15 სექტემბერი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - ლევან ნემსაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ხ.ა–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჟ.ჟ.ჟ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 7 აპრილის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ხ.ა–ის სარჩელი - თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განჩინებით ხ.ა–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 დეკემბრის გაჩინებით კასატორის მოთხოვნა სახლემწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ხ.ა–ს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 2 577,5 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელის თანამშრომელს ჩაბარდა 2026 წლის 13 იანვარს.
2026 წლის 20 იანვარს (სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში) საქართველოს უზენაეს სასამართლოში კასატორის ადვოკატმა წარმოადგინა განცხადება და მიუთითა, რომ ხ.ა–ს არ გააჩნია შემოსავალი, საკუთარი საცხოვრებელი სახლი და იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში. აღნიშნულზე დაყრდნობით კასატორმა მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება. მძიმე ფინანასური მდგომარეობის დასადასტურებლად წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია სს „ს. ბ–დან“ და სს „თ. ბ–დან“, რომლის თანახმადაც კასატორს 2024 წლის იანვრიდან 2026 წლის იანვრის ჩათვლით, ასევე 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის იანვრის ჩათვლით, შემოსავალი არ უფიქსირდება. წარმოდგენილი იქნა ასევე ცნობა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან და ინფორმაცია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან. აღნიშნული დოკუმენტების თანახმად ხ.ა–ს 2023 წლის იანვრიდან 2026 წლის იანვრის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ უფიქსირდება და კასატორს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ აქვს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 30 იანვრის განჩინებით კასატორის მოთხოვნა, სახლემწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; ხ.ა–ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით და დაევალა მას აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2 577,5 ლარის ქვითრის დედანი. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2026 წლის 16 თებერვალს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 7 აპრილის განჩინებით ხ.ა–ის საკასაციო საჩივარი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველად.
2026 წლის 8 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოში კასატორის ადვოკატმა წარმოადგინა Nა-1751-26 შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 17 აპრილის განჩინებით ხ.ა–ის წარმომადგენლის ლ. ს–ის Nა-1751-26 შუამდგომლობა დარჩა განუხილველად.
2026 წლის 21 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ხ.ა–ის ადვოკატმა წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 7 აპრილის განჩინების გაუქმება. ასევე მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 17 აპრილის განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 1 ივნისის განჩინებით ხ.ა–ს დაევლა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ქვითრის დედანი. აღნიშნული განჩინება ხ.ა–ის წარმომადგენელს ჩაბარდა 2026 წლის 9 ივნისს.
2026 წლის 16 ივნისს (სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში) ხ.ა–ის ადვოკატმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 ივნისის განჩინებით განმცხადებლის მოთხოვნა, სახლემწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; ხ.ა–ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით და დაევალა მას აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ქვითრის დედანი. აღნიშნული განჩინება ხ.ა–ის წარმომადგენელს ჩაბარდა 2026 წლის 8 ივლისს. განმცხადებელს განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი განცხადება განუხილველი დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 ივნისის განჩინებით ხ.ა–ს განცხადებაზე, რომლითაც იგი მოითხოვდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აპრილის განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას, 5 დღით გაუგრძელდა დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა.
ზემოხსენებული ხარვეზის განჩინება გაეგზავნა ხ.ა–ის წარმომადგენელს ლ.ს–ს პ/ნ ........ განცხდებაში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა პირადად მას 2026 წლის 8 ივლისს (იხ.: საფოსტო ბარათი - ტ. II, ს.ფ. 186; მინდობილობა ტ. I, ს.ფ 58-60).
სსსკ–ის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, განმცხადებლისათვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2026 წლის 9 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 13 ივლისს, რომელიც იყო სამუშაო დღე - ორშაბათი. ამდენად, ხ.ა–ი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2026 წლის 13 ივლისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში განმცხადებელს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
სსსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხ.ა–ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განუხილველად უნდა დარჩეს ვინაიდან, განმცხადებელმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო მისთვის დადგენილი ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284–ე, 285–ე მუხლებით, 396–ე მუხლის მესამე ნაწილით, 427–ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხ.ა–ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 7 აპრილის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ლევან ნემსაძე