დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-1457-2025
10 ივნისი, 2026 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ი.ვ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ვ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1-ელი ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ი.ვ–მა (მ.ვ–ის უფლებამონაცვლე) სარჩელი აღძრა ნ.ვ–ის (შემდეგში მოპასუხე, მყიდველი) მიმართ და მოითხოვა: 1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მ.ვ–სა (შემდეგში გამყიდველი) და მოპასუხეს შორის 2018 წლის 16 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავი ქონების ½ ნაწილზე (მდებარე, თბილისში, ........... ქუჩა №1/...... ქუჩა №28, ს/კ №..........); 1.2. გამყიდველის უფლებამონაცვლე - მოსარჩელე ცნობილ იქნეს თბილისში, ....... ქუჩა №1/....... ქუჩა №28-ში (ს/კ №........) მდებარე უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ.
- სარჩელის თანახმად, გამყიდველის საკუთრებას წარმოადგენდა ქ. თბილისში, ......... ქუჩა №1/......... ქუჩა №28-ში მდებარე უძრავი ქონების ½ ნაწილი. მოპასუხის თხოვნით, რომელსაც ესაჭიროებოდა ვალის გადასახდელად ბანკიდან სესხის გამოტანა, გამყიდველმა, 2018 წლის 11 მაისს, მოპასუხეს მისცა მინდობილობა, რომლის ფარგლებშიც, მარწმუნებელმა, მისი კუთვნილი უძრავი ქონების მართვა/განკარგვის უფლება მოპასუხეს მიანიჭა. ამ მინდობილობის საფუძველზე მოპასუხემ საკუთარ თავთან დადო ნასყიდობის ხელშეკრულება და სადავო უძრავი ქონება საკუთრებაში დაირეგისტრირა. შეთანხმების თანახმად, მოპასუხეს გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ უძრავი ქონება გამყიდველისათვის უკან უნდა დაებრუნებინა, რაც, ამ უკანასკნელის მოთხოვნის მიუხედავად, არ შეასრულა. სადავო ხელშეკრულების გაფორმებამდე, მოპასუხის მამას (აწ გარდაცვლილ ნ.ვ–ს) შესასრულებელი ჰქონდა მესამე პირის სასარგებლოდ სასესხო ვალდებულებები და, კრედიტორის მოთხოვნით, გამყიდველმა შვილის ნაცვლად დაწერა ხელწერილი, რადგან შიშობდა, რომ თავის შვილს, შესაძლოა, პრობლემები შექმნოდა. სწორედ მამის ეს ვალი (და არა გამყიდველის/ბებიის ვალი, როგორც თავად აღნიშნავს) გაისტუმრა მოპასუხემ.
2. მოპასუხემ, წარმოდგენილი შესაგებლით, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო გარიგება დაიდო გამყიდველთან შეთანხმებით. მან გაისტუმრა ამ უკანასკნელის ვალები და, ფაქტობრივად, უძრავი ქონების გადაფორმებით, იგი გამოისყიდა. ბანკიდან სესხის აღებაც გამყიდველის ვალების გასასტუმრებლად დასჭირდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 აპრილის საოქმო განჩინებით მოსარჩელე მ.ვ–ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ი.ვ–ი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1-ელი ივლისის განჩინებით, ი.ვ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტი სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებას ზნეობის საწინააღმდეგოდ (სსკ-ის 54-ე მუხლი) მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ გამყიდველმა უძრავი ქონება მოპასუხეს ბანკიდან სესხის ასაღებად დროებით გადასცა საკუთრებაში. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ სესხი მიიღო, თუმცა უძრავი ქონების უკან დაბრუნებაზე უარს აცხადებს.
8. პალატამ არ გაიზიარა სადავო გარიგების ზნეობის საწინააღმდეგო გარიგებად მიჩნევის თაობაზე, აპელანტის მოსაზრება. სასამართლომ უპირველესად ყურადღება გაამახვილა თავად სსკ-ის 54-ე მუხლის შინაარსზე, რომლის მიხედვითაც, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სააპელაციო პალატის მითითებით, სსკ-ის 54-ე მუხლზე მსჯელობისას, შემოწმების საგანი არის არა გარიგების მონაწილეთა ქცევა ზნეობასთან მიმართებაში, არამედ გარიგების შინაარსის მიმართება ზნეობასთან. შესაძლებელია გარიგების მოტივის ამორალურობა გარიგების ამორალურად მიჩნევასაც დაედოს საფუძვლად. არსებითია არა ის, თუ რამდენად იცოდნენ გარიგების მონაწილეებმა, რომ ზნეობის საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ, არამედ ის, თუ რა შინაარსის გარიგება დადეს მათ. ამდენად, შეიძლება დავასკვნათ, რომ გარიგების ზნეობის საწინააღმდეგოდ მისაჩნევად სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაკვლევია და სამართლებრივად უნდა შეფასდეს არა გარიგების მონაწილეთა სუბიექტური ქცევა/ქმედება, არამედ თავად გარიგების შინაარსი ობიექტურად რამდენად შეესაბამება ზნეობის ნორმებს (იხ. სუსგ. №ას-212-201-2017, 15 მაისი, 2017 წელი).
9. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა სადავო გარიგების იმ შინაარსით დადების ფაქტი, რაზეც მოსარჩელე მიუთითებდა, კერძოდ, არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ გამყიდველმა სადავო ქონება დროებით გადასცა მოპასუხეს საკუთრებაში (ბანკიდან სესხის მიღების მიზნით), შემდგომში მისი უკან დაბრუნების პირობით. აღნიშნული დასკვნა დააფუძნა იმ გარემოებას, რომ გამყიდველის მიერ მოპასუხის სახელზე გაცემული მინდობილობა არ შეიცავდა ზემოხსენებული პირობით გარიგების დადების თაობაზე რაიმე მითითებას. 2018 წლის 11 მაისს გამყიდველმა მოპასუხეს მისცა მინდობილობა, რომლის ფარგლებშიც, მარწმუნებელმა, მისი კუთვნილი უძრავი ქონების მართვა/განკარგვის უფლება მოპასუხეს მიანიჭა. გარდა ამისა, გამყიდველმა მოპასუხეს უფლება მისცა საკუთარ თავთან დაედო გარიგება და საკუთარი შეხედულებისამებრ განესაზღვრა ხელშეკრულების პირობები. პალატის მოსაზრებით, თუკი გამყიდველს სამომავლოდ ქონების შენარჩუნების ინტერესი გააჩნდა, ეს პირობა მინდობილობაშიც უნდა აესახა. გარდა ამისა, სესხის უზრუნველსაყოფად შესაძლებელი იყო სადავო ქონების იპოთეკით დატვირთვა, რაც გამყიდველს თავიდან ააცილებდა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას, თუმცა მას ასეთი ნება არ გამოუვლენია. პალატამ აღნიშნა, რომ სადავო ქონების მოპასუხის საკუთრებაში აღრიცხვა არ გამხდარა სესხის მიღების საფუძველი, კერძოდ, მოპასუხემ სესხი მიიღო 2018 წლის 25 მაისს, ხოლო სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება 2018 წლის 16 ივლისს დაიდო. ამასთან, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ბანკიდან მიღებული სესხის უზრუნველსაყოფად მოპასუხეს სადავო ქონება იპოთეკით არ დაუტვირთავს.
10. ნასყიდობის ფასის შეუსაბამობასთან დაკავშირებით, პალატამ განმარტა, რომ მხოლოდ ნასყიდობის ფასის შეუსაბამობა ნასყიდობის საგნის საბაზრო ფასთან, ამ გარიგების ზნეობის საწინააღმდეგო გარიგებად მიჩნევისა და მისი ბათილობის საფუძველი ვერ გახდებოდა. პალატამ ყურადღება გაამახვილა მოპასუხის განმარტებაზე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში შემცირებული ფასი იმიტომ მიეთითა, რომ მან გამყიდველის კრედიტორს შეუსრულა ფულადი ვალდებულება, რომელიც გამყიდველს სასამართლოს გადაწყვეტილებით ჰქონდა ნაკისრი. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხის ეს განმარტება დასტურდება საქმის მასალებითაც, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია გამყიდველის ხელწერილი, რომლითაც მან ივალდებულა, თავისი შვილის ვალის გადახდა მესამე პირის წინაშე, ასევე, არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება (მორიგების აქტი), რომლითაც გამყიდველმა იკისრა ხელწერილში მითითებული თანხების მესამე პირისათვის გადახდა. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მესამე პირის წინაშე არსებული გამყიდველის ფულადი ვალდებულება მოპასუხემ შეასრულა, რის სანაცვლოდაც ყადაღისაგან გათავისუფლდა გამყიდველის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ სადავო გარიგების შინაარსი შეესაბამება გამყიდველის ნებას და მისი ბათილობის კანონიერი საფუძველი არ არსებობს.
12. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე ი.ვ–მა წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გაჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
13. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
13.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია იურიდიულად და მისი არასრულობის გამო, არ ექვემდებარება სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებას. სააპელაციო სასამართლომ არ დაადგინა საქმის რეალური ფაქტობრივი გარემოებები. არ მომხადარა საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასება-ანალიზი. არასწორად დადგინდა, რომ მ.ვ–ს ჰქონდა შ.ზ–ძის ვალი და ასევე სასამართლომ დადგენილად ცნო ის აბსურდული ფაქტი, რომ ნ.ვ–მა, შ.ზ–ძის ვალის დასაფარად, ისესხა ბანკიდან თანხა 30 000 ლარი და ამ თანხით გაისტუმრა შ.ზ–ძის ვალი. რეაგირების გარეშე დარჩა ის ფაქტი, თუ რატომ უნდა გაეყიდა 100 000 ლარზე მეტად ღირებული, ერთადერთი საცხოვრებელი ბინა 95 წლის ასაკში მყოფს 3000 ლარად. მ.ვ–ის ნება იყო, მის შვილიშვილს, ნ.ვ–ს, დროებით თავის სახელზე საკუთრების უფლებით აღერიცხა სადავო საცხოვრებელი სახლი და არა ამ სახლის გაყიდვა, რაზეც სააპელაციო სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება. კასატორი უთითებს სამოქალაქო კოდექსის 709-ე და 712-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მ.ვ–ის ნება იყო, მის შვილისშვილს, ნ.ვ–ს, დროებით, გარკვეული პერიოდით, თავის სახელზე საკუთრების უფლებით აღერიცხა სადავო საცხოვრებელი სახლი და არა ამ სახლის გაყიდვა.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, ი.ვ–ის საკასაციო საჩივარი, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
15. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო: 16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
19. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
20. საკასაციო პალატა, უპირველესად, მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპებზე: მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით რეგლამენტირებულია პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე წარმართვა და დადგენილია, რომ მხარეებს აქვთ მტკიცებულებათა წარდგენის გზით საკუთარი პოზიციის დადასტურების შესაძლებლობა, გარდა ამისა, დემოკრატიულ საზოგადოებაში ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა თანასწორობის დაცვას (სსსკ-ის მე-5 მუხლი), რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის განხილვის თითოეულ ეტაპზე სასამართლო ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს და მოსამართლეს მიუკერძოებლად, მხოლოდ მტკიცებულებათა ობიექტური შეფასების გზით უყალიბდება შინაგანი რწმენა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის თაობაზე. საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ განსაზღვრავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს როლს საერთო სასამართლოების სისტემაში და ადგენს, რომ უზენაესი სასამართლო დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში. კანონის მითითებული დანაწესიდან გამომდინარეობს მათ შორის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის დებულება, რომელიც ადგენს უზენაესი სასამართლოს მხრიდან დავის ფაქტობრივი ნაწილის შეფასების ფარგლებს, კერძოდ, საკასაციო სასამართლო მსჯელობს საპროცესო წესების დაცვით მოპოვებული მტკიცებულებებისა და მხარეთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტებების შეფასების კანონიერებაზე იმგვარად, რომ თავად ვერც ახალ ფაქტებს დაადგენს და ვერც ახალ განმარტებებს მიიღებს მხარეებისგან (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის, საქმე №ას-1181-2018 განჩინება).
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
22. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (სუსგ N ას-1163-2018, 08.02.2019 წ.; Nას-495-2020, 23.10.2020 წ).
23. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1-ელი ივლისის განჩინებას, რომლითაც სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სარჩელის უარყოფის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება. წინამდებარე საქმეში, სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მოსარჩელე მ.ვ–სა და მოპასუხე ნ.ვ–ს შორის 2018 წლის 16 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სადავო უძრავი ქონების ½ წილის მესაკუთრედ მოსარჩელის აღიარება.
24. სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველად მოსარჩელე უთითებს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე, შესაბამისად, საკასაციო პალატა, იმსჯელებს 2018 წლის 16 ივლისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ამორალურ გარიგებად კვალიფიკაციის ჭრილში.
25. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი გამოყოფს „სამი სახის ფასეულობას“, რომელთა დარღვევა იწვევს გარიგების ბათილობას: 1) კანონით დადგენილი წესი და აკრძალვა; 2) საჯარო წესრიგი; 3) ზნეობის ნორმები. გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი ფასეულობის დარღვევაც, როგორიცაა ზნეობა. გარიგების ბათილობა არ შეიძლება იმაზე იყოს დამოკიდებული, იცოდნენ თუ არა გარიგების მონაწილეებმა, რომ ზნეობის საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ. მთავარი პრობლემა არის იმის დადგენა, თუ რა არის ზნეობა და ზნეობის საწინააღმდეგო გარიგება. ზნეობასთან დაკავშირებით სსკ-ის 54-ე მუხლი შეიცავს ზოგად ნორმას, რომლის დაზუსტება სასამართლო პრაქტიკაზეა დამოკიდებული. (იხ. ლ. ჭანტურია, ,,სამოქალაქო კოდექსის კომენტარი", წიგნი I., მუხლი 54., თბ., 2017, ველი 31.)
26. სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს როგორც კანონი, ისე - მორალური ქცევის სტანდარტი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს.
27. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის შესაბამისად, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტები, იქნება ის ფიზიკური თუ იურიდიული პირი, ვალდებული არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის საერთო მიმართულებასაც. არა ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველი. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა.
28. არაკეთილსინდისიერი ქცევის დადგენა კონკრეტული ფაქტის შეფასების საკითხია და მოსამართლის მიერ უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. კეთილსინდისიერების მოთხოვნას არ გააჩნია აბსოლუტური უპირატესობა სახელშეკრულებო თავისუფლების მიმართ და დაუშვებელია ყოველი გადაწყვეტილების დასაბუთება აბსტრაქტული პრინციპების საფუძველზე. აუცილებელია ყოველი კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკურობის გათვალისწინება (იხ. სუსგ. №ას-1215-2018, 29.03.2019წ.).
29. კეთილსინდისიერების პრინციპი დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, მიუკერძოებლობას, ობიექტურობას, სამართლიანობასა და სხვ. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. გარიგების მართლსაწინააღმდეგობისა და ამორალურობის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა მხარეთა ნებას ენიჭება, თუმცა, აუცილებელი არ არის მხარეთა ნება თანხვედრი იყოს, ანუ გარიგების დადების ამორალური და მართლსაწინააღმდეგო მოტივი და მიზანი ორივე მხარეს ამოძრავებდეს. გარიგების ამორალურად და მართლსაწინააღმდეგოდ მიჩნევის მიზნებისათვის საკმარისია გარიგების ერთ-ერთი მხარის არამართლზომიერი, ამორალური განზრახვა. სამართალურთიერთობის საფუძველი მორალურად ყოველთვის გამართლებული უნდა იყოს (იხ. სუსგ. №ას-1215-2018, 29.03.2019წ.)
30. ზოგადად ხელშეკრულებებში, შემოწმების საგანი არის არა გარიგების მონაწილეთა ქცევა ზნეობასთან მიმართებაში, არამედ გარიგების შინაარსის მიმართება ზნეობასთან. შესაძლებელია გარიგების მოტივის ამორალურობა გარიგების ამორალურად მიჩნევასაც დაედოს საფუძვლად. არსებითია არა ის, თუ რამდენად იცოდნენ გარიგების მონაწილეებმა, რომ ზნეობის საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ, არამედ ის, თუ რა შინაარსის გარიგება დადეს მათ. ამდენად, შეიძლება დავასკვნათ, რომ გარიგების ზნეობის საწინააღმდეგოდ მისაჩნევად სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაკვლევია და სამართლებრივად უნდა შეფასდეს არა გარიგების მონაწილეთა სუბიექტური ქცევა/ქმედება, არამედ თავად გარიგების შინაარსი ობიექტურად რამდენად შეესაბამება ზნეობის ნორმებს, სწორედ ამით განსხვავდება სსკ-ის 54-ე მუხლში მოცემული გარიგების ბათილობის სამი ალტერნატიული წინაპირობა ერთმანეთისაგან: 1. არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს (ამ შემთხვევაში კანონის კონკრეტული დანაწესის გარდა, მნიშვნელოვანია გარიგების მონაწილეთა ქცევა/ქმედებაში სუბიექტური ელემენტის კვლევა გარიგების შინაარსთან მიმართებით) 2. ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს (კონკრეტულ დანაწესზე უნდა იქნეს მითითებული, ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია შეფასდეს გარიგების მხარეთა სუბიექტური დამოკიდებულება); 3. ზნეობის ნორმებს (როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, შესაფასებელია გარიგების შინაარსის მიმართება ზნეობის ნორმებთან და არა სუბიექტურად კონტაჰენტთა სუბიექტური ცოდნა და შეხედულება, თუ რა შეიძლება იქნეს მიჩნეული ზნეობის საწინააღმდეგოდ).
31. საკასაციო პალატის განმარტებით, განსხვავებით სახელმწიფოს მონაწილეობით დადებული გარიგებებისაგან, თუკი მოსარჩელე კონკრეტულ ფაქტებზე მითითებით აცხადებს, რომ მასზე, სახელმწიფოს სასარგებლოდ განხორციელდა კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, პრეზუმირებულია, რომ დადებული გარიგება ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს ან ამორალურია და სახელმწიფოს უბრუნდება მტკიცების ტვირთი, რომ ასეთ ქმედებას ადგილი არ ჰქონია და სახელმწიფომ უნდა დაამტკიცოს, რატომ არის შეუძლებელი ამგვარი პრეზუმფციის დაშვება, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარიგების შინაარსის დეტალურ კვლევასა და გაანალიზებას მოითხოვს. განსახილველ შემთხვევაში, რადგან სადავო გარიგება - დადებულია არა სახელმწიფოსთან, არამედ მოპასუხე კერძო პირთან, ამიტომაც მოსარჩელეს ეკისრება სადავო გარიგების მიმართ სსკ-ის 54-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობის არსებობის მტკიცება.
32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დემოკრატიული წესწყობილების უმთავრეს ამოცანას მართლმსაჯულების მხარეთა თანასწორობის საწყისზე განხორციელება წარმოადგენს, რაც სამართალში სამართლიანი სასამართლოს კონცეფციითაა დამკვიდრებული და იგი გარანტირებულია არა ერთი შიდასახელმწიფოებრივი თუ საერთაშორისო სამართლებრივი აქტით. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია რა სასამართლო წესით უფლების დაცვის საყოველთაო პრინციპი, მისი კონკრეტული რეალიზაცია ასახულია საპროცესო კანონმდებლობაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 (1) მუხლი ადგენს სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპს, როგორიცაა შეჯიბრებითობა და განსაზღვრავს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამ წესისაგან გამონაკლისი (ნორმის მე-2 ნაწილი) გამართლებულია, თუ ეს შესაბამისი საპროცესო მოქმედების მარეგულირებელი ნორმითაა გათვალისწინებული, ასევე, მხარეთა თანასწორობის საყოველთაო უფლების დაცვის მიზანს ემსახურება. შეჯიბრებითობა, როგორც სამართლიანი სასამართლოს ქვაკუთხედი, არაერთ საპროცესო ნორმაშია გადმოცემული და იგი, ბუნებრივია, მათ შორის მტკიცების ტვირთზე ახდენს გავლენას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიარებულია რა ფაქტზე მიმთითებელი მხარის ვალდებულება, წარადგინოს ამ ფაქტის დამადასტურებელი განკუთვნადი მტკიცებულებები, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერთოს ამ პროცესში, რამეთუ აქსიომატურია, რომ მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები (იხ. სსსკ-ის 83-ე, ასევე, 103-ე მუხლები). საკასაციო სასამართლო ეთანხმება პრინციპს, რომ მოთხოვნის საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა და მხარის მიერ სარჩელის დამფუძნებელ ნორმად კანონის ამა თუ იმ დანაწესის მითითება არ არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასამართლოსათვის ხელისშემშლელი, ამგვარი მიდგომა გამომდინარეობს სამართალში დამკვიდრებული პრინციპიდან: „jura novit curia“ (სასამართლომ იცის კანონი). საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში იქნა ასახული ხსენებული მიდგომა (პრაქტიკის თვალსაზრისით მრავალთა შორის იხ. სუსგ-ეგები: №ას-1170-1125-2016, 13 ივნისი, 2017 წელი; Nას-877-825-2010, 28 დეკემბერი, 2010 წელი, ასევე, სუს დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი), თუმცა, შეჯიბრებითობის, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლით გარანტირებული პირთა თანასწორობის პრინიცებიდან გამომდინარე, მხარეები უნდა იყვნენ ინფორმირებული სასამართლოს მიერ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრის თაობაზე და მიეცეთ სრული შესაძლებლობა, წარადგინონ საკუთარი პოზიცია.
33. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. მტკიცების ტვირთზე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
34. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება (იხ. დამატებით: ზ. ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართლის ცალკეული საკითხები, თბილისი, 2007 წ., გვ. 13). შესაბამისად, სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანია მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის ფაქტები, რომლებზეც მიუთითებენ მხარეები თავიანთი მოთხოვნების (შესაგებლის) დასაბუთება-გამართლების მიზნით (იხ. დამატებით: თენგიზ ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, თბილისი, 2005 წ., გვ.215.).
35. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გამყიდველის საკუთრებას წარმოადგენდა თბილისში, ........ ქუჩა №1/........ ქუჩა №28-ში) მდებარე უძრავი ქონების ½ ნაწილი (ს/კ .......); 2018 წლის 11 მაისს, მ.ვ–მა მოპასუხის სასარგებლოდ გასცა მინდობილობა, რომლის ფარგლებში გამყიდველმა მისი კუთვნილი უძრავი ქონების მართვა/განკარგვის უფლება მიანიჭა მოპასუხეს. გარდა ამისა, მოპასუხეს უფლება მისცა, საკუთარ თავთან დაედო გარიგება და საკუთარი შეხედულებისამებრ განესაზღვრა ხელშეკრულების პირობები; 2018 წლის 16 ივლისს, გამყიდველსა და მოპასუხეს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და თბილისში, ........ ქუჩა №1/........ ქუჩა №28-ში მდებარე უძრავი ქონების ½ ნაწილი (ს/კ ........) დარეგისტრირდა მოპასუხის სახელზე. ხელშეკრულებით ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 3000 ლარით. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს, 11.05.2018 წლის მინდობილობის ფარგლებში, გამყიდველს წარმოადგენდა მოპასუხე. ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში; სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებულია მოპასუხის სახელზე; დადგენილია ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2016 წელს იხილებოდა შ.ზ–ძის სარჩელი გამყიდველის მიმართ, ფულადი ვალდებულების არსებობის შესახებ ხელწერილიდან გამომდინარე დავალიანების 1000 აშშ დოლარისა და 950 ევროს დაკისრების თაობაზე. აღნიშნული დავის ფარგლებში, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 04.05.2016 წლის განჩინებით, ყადაღა დაედო გამყიდველის სახელზე რეგისტრირებულ სადავო უძრავ ქონებას (მდებარე თბილისში, ........ ქუჩა №1/........ ქუჩა №28-ში უძრავი ქონების ½ ნაწილი), ხოლო 19.05.2017 წლის განჩინებით, მხარეთა მორიგების საფუძვლით, შეწყდა საქმის წარმოება. განჩინება შესულია კანონიერ ძალაში. ამავე დავის ფარგლებში, შ.ზ–ძის განცხადების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 05.06.2018 წლის განჩინებით, სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ყადაღა გაუქმდა; დადგენილია, რომ 2018 წლის 25 მაისს, სს „ფ.ბ.ს–ომ“ (სს „კ.ბ–ი“) მოპასუხეს გადასცა სესხი - 30 000 ლარი; მოპასუხემ, შ.ზ–ძის სასარგებლოდ, 2018 წლის მაისში გადარიცხა გარკვეული რაოდენობის თანხები; მოპასუხე არის გამყიდველის შვილიშვილი და აწ გარდაცვლილი ნ.ვ–ის შვილი.
36. საკასაციო პალატა ეთანხმება საააპელაციო სასამართლოს მსჯელობებს და დასკვნებს, რომ მოსარჩელემ ვერ დაძლია მტკიცების სტანდარტი და ვერ დაადასტურა სადავო გარიგების ბათილობის საფუძვლების არსებობა. საქმის მასალებით არ დასტურდება სადავო გარიგების იმ შინაარსით დადების ფაქტი, რაზეც მოსარჩელე უთითებს. არ დასტურდება რომ გამყიდველმა სადავო ქონება დროებით გადასცა მოპასუხეს საკუთრებაში, ბანკიდან სესხის მიღების მიზნით, შემდგომში მისი უკან დაბრუნების პირობით, ვინაიდან, საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხე ნ.ვ–მა სესხი აიღო 2018 წლის 25 მაისს, ხოლო სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია 2018 წლის 16 ივლისს. ამავე დროს, საჯარო რეესტრის ამონაწერით არ დასტურდება, ბანკიდან მიღებული სესხის უზრუნველსაყოფად, სადავო ქონების იპოთეკით დატვირთვის ფაქტი. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ მოპასუხემ გაისტუმრა თავისი მამის ნ.ვ–ის და არა გამყიდველის ვალი, რადგან დადგენილია, რომ მოპასუხის მამის ვალის გასტუმრება მ.ვ–მა იკისრა არა მარტო ხელწერილით, არამედ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განჩინებით (მორიგების აქტით) და ამ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად დაყადაღდა გამყიდველის/მოვალის ქონებაც. შესაბამისად, საკასაციო პალატის აზრით, გასაზიარებელია ის მსჯელობა, რომ კრედიტორის/მესამე პირის მოვალეს გამყიდველი მ.ვ–ი წარმოადგენდა და მოპასუხემაც, მისივე თხოვნით, შეასრულა ამ უკანასკნელის ვალდებულება კრედიტორის წინაშე, რათა ქონება ყადაღისაგან გათავისუფლებულიყო.
37. მოსარჩელეს/კასატორს ზნეობის საწინააღმდეგო, გასაკიცხ ქმედებად მიაჩნია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, ნასყიდობის საგნის ფასის არაადეკვატურობის გამოც. წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტებას; „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილი მხარეებს აძლევს უფლებას, რომ შეთანხმდნენ ნასყიდობის ფასზე ნივთის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები ოდენობითაც, ხოლო, მეორე მხრივ, საბაზრო ღირებულებასთან ნასყიდობის ფასის შეუსაბამობის დადასტურების შემთხვევაშიც, მხოლოდ ეს გარემოება, ცალკე აღებული, მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენის პირობებში, საქმეში არსებულ სხვა გარემოებებთან და მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერების გარეშე, ვერ გახდება სადავო გარიგების ბათილობის კანონიერი საფუძველი“ (იხ., სუს-ს დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სამართლებრივი შეფასება (ნორმის განმარტება) სავალდებულოა ყველა ინსტანციის სასამართლოსათვის.
38. მოცემულ შემთხვევაში კი, ნასყიდობის საზღაურსა და ნასყიდობის საგნის საბაზრო ფასს შორის შეუსაბამობის გარდა, სხვა რაიმე გარემოებასა და მტკიცებულებაზე, რაც სადავო გარიგების ამორალურად მიჩნევას შეიძლება დაედოს საფუძვლად, კასატორი ვერ უთითებს.
39. საკასაციო პალატა ყურადღებას ასევე გაამახვილებს მ.ვ–სა და ნათია მარსიმაშვილს შორის გაფორმებულ მინდობილობაზეც, რომლითაც მ.ვ–მა მოპასუხეს გადასცა სხვადასხვა სახის უფლებამოსილებები, მათ შორის მიანიჭა სადავო უძრავი ქონების მართვა/განკარგვის უფლება. გარდა ამისა, მოპასუხეს უფლება მიენიჭა საკუთარ თავთან დაედო გარიგება და საკუთარი შეხედულებისამებრ განესაზღვრა ხელშეკრულების პირობები.
40. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 114-ე (თუ თანხმობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წარმომადგენელს არ შეუძლია წარმოდგენილი პირის სახელით საკუთარ თავთან თავისი სახელით, ან, როგორც მესამე პირის წარმომადგენელმა, დადოს გარიგება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარიგება უკვე არსებობს რაიმე ვალდებულების შესასრულებლად) მუხლის მიხედვით, წარმომადგენელს არ აქვს უფლება გარიგების ორივე მხარეს განასახიერებდეს. ასეთ შემთხვევაში წარმომადგენელი შესაძლოა, აღმოჩნდეს საკუთარ ინტერესებთან კონფლიქტში, რაც ართულებს მის მიერ საკუთარი თავის საზიანოდ მარწმუნებლის ინტერესების დაცვის შესაძლებლობას. წარმომადგენლის უმთავრესი მიზანი წარმოდგენილის ინტერესების დაცვაა, ეს კი ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით სარგებლობის აკრძალვაში გამოიხატოს. თუმცა, მიუხედავად ზემოაღნიშნული შეზღუდვისა, ნორმა ითვალისწინებს გამონაკლისს, როდესაც საკუთარ თავთან გარიგების დადება დასაშვებია. ეს შემთხვევებია: როდესაც გარიგება გამონაკლისის სახით არსებული ვალდებულების შესრულებას ემსახურება ან არსებობს წარმომადგენლის თანხმობა, რომელიც როგორც ნათლად და გარკვევით, ასევე - კონკლუდენტური მოქმედებითაც შეიძლება განხორციელდეს.
41. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილს შესაძლებლობა აქვს უკეთ შეაფასოს ამგვარი გარიგების სამართლებრივი შედეგები მისი დადების შემდეგ და არა მის დადებამდე, ზემოაღნიშნული დანაწესი წარმოდგენილს ანიჭებს უფლებას, მოიწონოს წარმომადგენლის მიერ საკუთარ თავთან დადებული გარიგება და ამ მოწონების საფუძველზე დატოვოს ის ძალაში. აქედან გამომდინარე, სსკ-ის 114-ე მუხლი ადგენს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მხოლოდ შეზღუდვის წინაპირობას, რომლის თანახმად, წარმომადგენლის მიერ დადებული ხელშეკრულება არა მისი დადებისთანავე უპირობოდ ბათილია, არამედ მის მოწონებამდე - მერყევად ბათილია (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, მუხლი 114, გვ. 647-653).
42. მიუხედავად იმისა, რომ სსკ-ის 114-ე მუხლი ერთი შეხედვით იმპერატიულ დათქმას შეიცავს (წარმომადგენელს არ შეუძლია წარმოდგენილი პირის სახელით საკუთარ თავთან თავისი სახელით ან, როგორც მესამე პირის წარმომადგენელმა, დადოს გარიგება), თანხმობის არსებობისას საკუთარ თავთან გარიგების დადების შესაძლებლობასაც უშვებს, რომელიც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობასა და კერძო სამართლის პრინციპებს (სსკ-ის54-ე მუხლი...) არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს. დადგენილია, რომ გამყიდველმა მ.ვ–მა მყიდველს ნ.ვ–ს წერილობითი მინდობილობის (სსკ-ის 103.1-ე მუხლი) საფუძველზე მიანიჭა სადავო უძრავი ნივთის საკუთარ თავზე გადაფორმების უფლებამოსილება, შესაბამისად, ამ შემთხვევაში ვლინდება სსკ-ის 114-ე მუხლით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევა (თუ თანხმობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წარმომადგენელს არ შეუძლია წარმოდგენილი პირის სახელით საკუთარ თავთან თავისი სახელით, ან, როგორც მესამე პირის წარმომადგენელმა, დადოს გარიგება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარიგება უკვე არსებობს რაიმე ვალდებულების შესასრულებლად). ამრიგად, საკასაციო პალატა, საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, სრულად იზიარებს ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისა და გარიგების ბათილობის საფუძვლის არარსებობის თაობაზე სააპელაციო პალატის დასკვნებს.
43. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
44. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
45. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
46. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
48. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 დეკემბრის განჩინების საფუძველზე, ი.ვ–ის შუამდგომლობა, სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე, დაკმაყოფილდა, შესაბამისად, ის გათავისუფლებული იყო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ვ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ბადრი შონია
ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე