ოთახი, სადაც ხდება სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება ან გადამუშავება, უნდა იყოს მოწყობილი იმგვარად, რომ იძლეოდეს წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციისას სურსათის/ცხოველის საკვების დაბინძურებისაგან დაცვის საშუალებას, კერძოდ:
ა) იატაკის ზედაპირი უნდა იყოს ადვილად გასაწმენდი და, საჭიროების შემთხვევაში, იძლეოდეს დეზინფიცირების საშუალებას; ამისათვის რეკომენდებულია, იატაკის ზედაპირისათვის გამოყენებულ იქნეს წყალგაუმტარი, შეწოვის უნარის არმქონე, რეცხვადი და არატოქსიკური მასალა. საჭიროების შემთხვევაში, იატაკი უნდა იყოს მოწყობილი იმგვარად, რომ იძლეოდეს ზედაპირის ადეკვატური დრენაჟის საშუალებას;
ბ) კედლის (ტიხრების) ზედაპირი უნდა იყოს ადვილად გასაწმენდი და, საჭიროების შემთხვევაში, იძლეოდეს დეზინფიცირების საშუალებას; ამისათვის რეკომენდებულია კედლის ზედაპირის დასაფარად გამოყენებულ იქნეს წყალგაუმტარი, შეწოვის უნარის არმქონე, რეცხვადი და არატოქსიკური მასალა;
გ) ჭერი მოპირკეთებული უნდა იყოს ისე, რომ ადვილად იწმინდებოდეს, არ ხდებოდეს ჭუჭყის დაგროვება, დამაბინძურებელი ორგანიზმების წარმოქმნა და მინიმუმამდე იქნეს შემცირებული კონდენსაცია;
დ) ფანჯრები და სინათლის სხვა ღიობები (მათ შორის, სარკმლები, სანათი მოწყობილობები) უნდა დამონტაჟდეს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ჭუჭყის დაგროვება. ის ფანჯრები, რომლებიც გადის გარეთ, უნდა დაიფაროს მწერებისაგან დამცავი და ადვილად გასაწმენდი ბადით. თუ ღია ფანჯრები შეიძლება გახდეს დაბინძურების წყარო, წარმოების დროს ისინი უნდა იყოს დახურული;
ე) კარები უნდა იყოს ადვილად გასაწმენდი, შეწოვის უნარის არმქონე და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა იძლეოდეს დეზინფიცირების საშუალებას;
ვ) ზედაპირები (მათ შორის, მოწყობილობის ზედაპირი), რომლებიც უშუალო შეხებაშია სურსათთან/ცხოველის საკვებთან, უნდა იყოს ადვილად გასაწმენდი და, საჭიროების შემთხვევაში, იძლეოდეს დეზინფიცირების საშუალებას; ამისათვის რეკომენდებულია, ზედაპირი დამზადდეს გლუვი, რეცხვადი, კოროზიისადმი მდგრადი და არატოქსიკური მასალით;
ზ) ოთახებში, რომლებშიც ხდება სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება ან/და გადამუშავება, ყველა სახის დაკიდული კონსტრუქციები დამონტაჟებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ არ მოხდეს სურსათის/ცხოველის საკვების დაბინძურება კონდენსატით. დაკიდული კონსტრუქციები ადვილად უნდა სუფთავდებოდე