წესდებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალები – ცენტრალური, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ძალები, რომლებიც შედგება საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოებისაგან, სახანძრო ან/და სამაშველო დანაყოფებისაგან;
ბ) მეხანძრე-მაშველი – ფიზიკური პირი, რომელიც მომზადებულია ხანძრის ქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად და გააჩნია შესაბამისი პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი);
გ) მეხანძრე-მაშველის სტატუსი – მეხანძრე-მაშველის უფლება-მოვალეობების ერთობლიობა, რომელიც დადგენილი და გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით.
დ) საავარიო-აღდგენითი სამუშაოები – საგანგებო სიტუაციის ზონაში ნგრევისა და გაზრდილი საშიშროების ცალკეული კერების ლოკალიზაციის, კომუნალური და საწარმოო კომუნიკაციების ქსელებსა და ხაზებზე ავარიებისა და დაზიანებების აღმოსაფხვრელი, მოსახლეობის სასიცოცხლო უზრუნველყოფისათვის მინიმალურად საჭირო პირობების შესაქმნელი, აგრეთვე ტერიტორიის სანიტარიული გაწმენდისა და გაუვნებელყოფისათვის პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები;
ე) სახანძრო-სამაშველო საშუალებები – ტექნიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და ინტელექტუალური პროდუქცია, მათ შორის – სპეციალიზებული მართვისა და კავშირის საშუალებები, ტექნიკა, აღჭურვილობა, მოწყობილობა და სხვადასხვა ფასეულობები; მეთოდური, ვიდეო, კინო-ფოტო მასალები საავარიო-სამაშველო სამუშაოების ტექნოლოგიების შესახებ, ასევე ელექტრონული გამომთვლელი მანქანების პროგრამული პროდუქტი და მონაცემთა ბაზა, რომლებიც განკუთვნილია ხანძრის ქრობისა და სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად;
ვ) საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად სპეციალურად უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (შემდგომში – სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოები) – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი (ცენტრალური), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოები (ავტონომიური), სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები (რეგიონული) და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საგანგებო სიტუაციების მართვის დანაყოფები (ადგილობრივი)