1.  ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში.
2.  პირი, რომლის მიმართაც იქნა მიღებული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება, უფლებამოსილია იგი გაასაჩივროს კომისიაში პირდაპირი წესით (თვითონ შეიტანოს საჩივარი) ან დადგენილების გამომცემი საწარმოს მეშვეობით.
3   საწარმოში საჩივრის შეტანის შემთხვევაში, საწარმო ვალდებულია კომისიას გადაუგზავნოს საჩივარი და მის ხელთ არსებული სრული დოკუმენტაცია, არა უგვიანეს 10 დღისა.
4.  საჩივრის მიღების შემთხვევაში, კომისიაში იწყება ადმინისტრაციული წარმოება, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gnerc.org).
5.  კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყება შეაჩერებს ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების, ოქმის და დარიცხვის აქტის მოქმედებას საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე.
6.  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე კომისიის მიერ ნებისმიერი ფორმით ინფორმაციის მიწოდებისთანავე საწარმო ვალდებულია დავის საბოლოო გადაწყვეტამდე (მიმდინარე დავალიანების გადახდის პირობით) არ შეუწყვიტოს მომსახურება პირს, რომლის მიმართაც იქნა მიღებული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე შეწყვეტილია მომსახურება, აღუდგინოს იგი, არა უგვიანეს 1 სამუშაო დღისა.
7.  საკითხის ობიექტურად გადაწყვეტის უზრუნველსაყოფად კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე.
8.  კომისიას საჩივრის განხილვისას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ;
ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების შესახებ;
გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ.
9.  თუ დადგენილება გამოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, მაშინ ასეთი დადგენილება გაუქმდება და საქმე განსახილველად დაუბრუნდება შესაბამის საწარმოს.
10.     კომისია საჩივარს განიხილავს მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში.
11.     ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გაუქმება საქმის შეწყვეტით გამოიწვევს დადგენილებით დაკისრებული ფულადი თანხების დაბრუნებას და ამ დადგენილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებას.
12.     კომისია უფლებამოსილია, დადგენილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების მიუხედავად, იმსჯელოს საწარმოს მიერ მის სასარგებლოდ პირზე დარიცხული თანხის საფუძვლიანობაზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება