სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა)
დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებულ
თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრულია პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები, მეთოდოლოგია
და შესაბამისი კვალიფიკაცია. პროგრამა შედგენილია ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის შესაბამისად, აქვს თანმიმდევრული სტრუქტურა, სტუდენტთა შეფასების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სისტემა, შესაბამისი სასწავლო კურსების პროგრამები (სილაბუსები);
ბ)
დაწესებულებაში არსებობს საგანმანათლებლო პროგრამების აღწერილობა (კატალოგი), რომელშიც
მოცემულია ინფორმაცია დაწესებულების, მისანიჭებელი კვალიფიკაციების,შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების მიზნების, სწავლის შედეგების, კრედიტებისა და შეფასების წესების შესახებ;
გ)
საგანმანათლებლო პროგრამით
სწავლის შედეგები აღწერილია დარგობრივი და ზოგადი კომპეტენციებით
და შეესაბამება უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა
ჩარჩოსა და კონკრეტულ დარგობრივ სტანდარტებს;
დ)
დაწესებულებას თითოეული საგანმანათლებლო
საფეხურისათვის
შემუშავებული აქვს სტუდენტის სტატუსის მოპოვების, შეჩერებისა და შეწყვეტის, მობილობის,ასევე სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარების წესები;
ე)
დაწესებულება უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული არჩევანის გამჭვირვალობას;
ვ)
დაწესებულებას შემუშავებული აქვს საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში შესაბამისი პროგრამის სტუდენტების შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის მექანიზმი;
ზ)
საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება სათანადო
კვალიფიკაციის მქონე აკადემიური პერსონალის, მასწავლებელთა, მკვლევართა ან მოწვეული პერსონალის მიერ;
თ)
დაწესებულებას შემუშავებული აქვს საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შეფასების სისტემა, რომლის შედეგებსაც იყენებს სასწავლო პროცესის ხარისხის გასაუმჯობესებლად