1. ოპერატიულ-დისპეჩერული მართვის ობიექტების მუშაობის რეჟიმების მართვა უნდა ხორციელდებოდეს დასახული დისპეტჩერული გრაფიკის შესაბამისად.
2. რეჟიმული პირობების ცვლილებისას (სიმძლავრის ბალანსის მდგენელების, ელექტრული ქსელის სქემების და ელექტროსადგურების ენერგორესურსებით უზრუნველყოფის) დისპეტჩერმა უნდა გააკორექტიროს ოპერატიულ-დისპეტჩერული მართვის ქვედა დონის დისპეტჩერული გრაფიკი.
დისპეტჩერული გრაფიკის ცვლილება დაფიქსირებული უნდა იქნეს დისპეტჩერის მიერ ოპერატიულ-დისპეტჩერულ დოკუმენტაციაში კორექციის მიზეზის მინიშნებით. დასახული დისპეტჩერული გრაფიკიდან ყველა იძულებითი (ფაქტობრივი და მოსალოდნელი) გადახრებისას ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახსენოს დისპეტჩერული მართვის ზემდგომი დონის დისპეტჩერს, დისპეტჩერული გრაფიკის ცვლილების გადაწყვეტილების მისაღებად.
ენერგოსისტემის დისპეტჩერის განკარგულებით ელექტროსადგური ვალდებულია დაუყოვნებლივ გაზარდოს დატვირთვა სრულ მუშა სიმძლავრემდე ან შეამციროს იგი ტექნიკურ მინიმუმამდე შესაბამისი ინსტრუქციებით განსაზღვრული სიჩქარით. აუცილებლობის შემთხვევაში ენერგოსისტემის დისპეტჩერმა უნდა გასცეს განკარგულება სარეზერვო აგრეგატების ჩართვაზე ან მათი რეზერვში ჩაყენებაზე.
ელექტროსადგურის მუშა სიმძლავრის შეზღუდვა ან აგრეგატების მინიმალური დასაშვები დატვირთვის დადგენილი ნორმებიდან გადახრა უნდა გაფორმდეს ოპერატიული განაცხადით.
გრაფიკიდან იძულებითი გადახრის შესახებ ელქტროსადგურების ოპერატიულ-დისპეტჩერულმა პერსონალმა დაუყონებლივ უნდა აცნობოს ენერგოსისტემის მორიგე დისპეჩერს.
3. ელექტროსადგურებში და ენერგოსისტემაში უნდა ხორციელდებოდეს მუშაობის მიმდინარე რეჟიმის უწყვეტი დღე-ღამური რეგულირება, სიხშირისა და აქტიური სიმძლავრის გადადინებების მიხედვით, რომელიც უზრუნველყოფს:
ა) აქტიური სიმძლავრის დასახული დისპეტჩერული გრაფიკების შესრულებას;
ბ) სიხშირის შენარჩუნებას ნორმირებულ ფარგლებში;
გ) აქტიური სიმძლავრის გადადინებების შენარჩუნებას დასაშვებ დიაპაზონში, გამომდინარე ენერგოსისტემის საიმედო ფუნქციონირების პირობებიდან;
დ) რეჟიმული პირობების შეცვლისას ენერგოსისტემაში დასახული დისპეტჩერული გრაფიკების და მუშაობის რეჟიმების კორექტირებას.
სიხშირისა და აქტიური სიმძლავრის გადადინებების რეგულირება უნდა წარმოებდეს პირველადი (საერთო და ნორმირებული), მეორეული და მესამეული რეგულირების სისტემების ერთობლივი მოქმედებით.
4. სიხშირის საერთო პირველადი რეგულირება უნდა ხორციელდებოდეს ყველა ელექტროსადგურზე სიმძლავრის შეცვლის გზით ჰიდროტურბინების და როტორის ბრუნვის სიხშირის და ქვაბების წარმადობის ავტომატური რეგულატორების მეშვეობით. ამასთან, რეგულირების სტატიზმი (უთანაბრობის ხარისხი), აგრეთვე სიხშირის მიხედვით არამგრძნობიარობის ზონა (ხარისხი) უნდა შეესაბამებოდეს ამ წესების მე-18, 24-ე 25-ე და 26-ე მუხლების მოთხოვნების მოყვანილი შესაბამისი ტურბინების როტორების ბრუნთა სიხშირის რეგულირების მახასიათებლებს და უზრუნველყოფილი იქნეს ენერგობლოკის, ელექტროსადგურის ენერგეტიკული მოწყობილობების და რეგულირების სისტემების ერთობლიობით.
სიხშირის ნორმირებული პირველადი რეგულირება უნდა იქნეს უზრუნველყოფილი გამოყოფილი ელექტროსადგურებით. მათზე უნდა იქნეს განთავსებული საჭირო პირველადი რეზერვი. ნორმირებული პირველადი რეგულირების პარამეტრები და დიაპაზონი უნდა იქნეს დასახული დისპეტჩერული მართვის შესაბამისი ორგანოების მიერ.
5. მეორეული რეგულირება უნდა ხორციელდებოდეს სიხშირისა და აქტიური სიმძლავრის გადადინებების გეგმური რეჟიმების შენარჩუნებისა და აღდგენის მიზნით.
მეორეული რეგულირება უნდა ხორციელდებოდეს ოპერატიულად ან ავტომატურად (სიხშირისა და სიმძლავრის გადადინებების ავტომატური რეგულირების სისტემების გამოყენებით) ამ მიზნით გამოყოფილი ელექტროსადგურების მეშვეობით, რომლებზეც უნდა იქნეს უზრუნველყოფილი აქტიური სიმძლავრის საჭირო მეორეული რეზერვი.
იმისათვის, რომ არ მოხდეს მეორეული რეგულირების პირველადი რეგულირების მიმართ საწინააღმდეგო ქმედება, მეორეული რეგულირება უნდა ხორციელდებოდეს სიხშირული კორექციით.
6. მესამეული რეგულირება უნდა ხორციელდებოდეს დახარჯული მეორეული რეზერვების აღდგენისათვის და დისპეტჩერული გრაფიკების შემდგომი ოპერატიული კორექტირებისათვის.
მესამეული რეგულირებისათვის უნდა იქნეს განთავსებული და უზრუნველყოფილი სიმძლავრის შესაბამისი რეზერვები.
7. საჭირო მეორეული და მესამეული რეზერვები, რეგულირების პარამეტრები და დიაპაზონი უნდა იქნეს დასახული შესაბამისი დისპეტჩერული მართვის ორგანოს მიერ.
8. ავტომატური მართვის სისტემის და მუშაობის რეჟიმების გამოყენება, რომლებიც აბრკოლებენ სიხშირის ცვლილებისას სიმძლავრის ცვლილებას (სიმძლავრის შემზღუდველები და წნევის რეგულატორები ტურბინებზე, ტურბინების სარქველების სრული გაღებისას სრიალა წნევის რეჟიმი, სიმძლავრის რეგულატორები სიხშირული კორექციის გარეშე, საქვაბე დანადგარების მწარმოებლურობის ავტომატური რეგულირების მოწყობილობების გამორთვა და ა.შ.) დასაშვებია მხოლოდ დროებით, ძირითადი მოწყობილობის ან ავტომატური რეგულირების სისტემების გაუმართაობისას შესაბამისი დისპეტჩერული მართვის ორგანოს განაცხადზე ენერგოსისტემის ტექნიკური ხელმძღვანელის ნებართვით.
სიხშირის ცვლილებით გამოწვეული სიმძლავრის შეცვლის შემდეგ ელექტროსადგურის პერსონალმა უნდა მიიღოს საჭირო ზომები სიხშირის პირველად რეგულირებაში მონაწილეობის მოთხოვნების შესრულებისათვის და ამავე დროს უზრუნველყოს მოწყობილობების მდგრადი მუშაობა სიხშირის აღდგენამდე.
სიხშირის პირველადი რეგულირების საწინააღმდეგო ქმედება არ დაიშვება შემდეგი შემთხვევების გარდა:
ა) დისპეტჩერის ნებართვით;
ბ) სიმძლავრის დასაშვები მნიშვნელობის გადამეტებისას მოწყობილობის მოცემული მდგომარეობისათვის.
გრაფიკით დადგენილი სიმძლავრის აღდგენა დაიშვება სიხშირის ნორმალური მნიშვნელობის აღდგენის შემდეგ.
9. დადგენილ მნიშვნელობაზე ქვემოთ სიხშირის შემცირებისას ენერგოსისტემის დისპეტჩერმა უნდა შეიყვანოს მოქმედებაში არსებული სარეზერვო სიმძლავრეები.
იმ შემთხვევაში, როდესაც სიხშირე განაგრძობს დაცემას, ხოლო ყველა არსებული სარეზევო სიმძლავრე გამოყენებულია, დისპეტჩერმა უნდა შეაჩეროს სიხშირის დაცემა და უზრუნველყოს მისი აღდგენა მომხმარებლების შეზღუდვით ან გამორთვით, ინსტრუქციების შესაბამისად.
10. ელექტროგადაცემის ხაზებზე გადატვირთვის გაჩენისას დისპეტჩერმა იგი უნდა აღმოფხვრას აქტიური სიმძლავრის რეზერვების მობილიზების გზით, ხოლო მათი ამოწურვის შემთხვევაში და გადატვირთვის გაგრძელებისას – მომხმარებლების შეზღუდვის (გამორთვის) გზით.
11. სიხშირის ავარიული გადახრებისას ელექტროსადგურის პერსონალმა სიხშირის აღდგენაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ადგილობრივი ინსტრუქციის ან ზემდგომი დისპეტჩერის მითითებების შესაბამისად.
12. ელექტრულ ქსელში ძაბვის რეგულირებისას უნდა იყოს უზრუნველყოფილი:
ა) ძაბვის მაჩვენებლების შესაბამისობა სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვნებთან;
ბ) ძაბვის დონეების შესაბამისობა ელექტრული სადგურებისა და ქსელების მოწყობილობებისათვის დასაშვებ მნიშვნელობებთან, ელექტრომოწყობილობაზე სამრეწველო სიხშირის ძაბვის დასაშვები საექსპლუატაციო აწევის გათვალისწინებით (ქარხანა-დამამზადებლების მონაცემების და ცირკულარების შესაბამისად);
გ) ენერგოსისტემის მდგრადობის საჭირო მარაგი;
დ) ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელში ელექტროენერგიის დანაკარგების მინიმუმი.
13. 6-35კვ გამანაწილებელი ქსელების მკვებავი ტვირთის ქვეშ ძაბვის რეგულირების მოწყობილობის მქონე ტრანსფორმატორებზე და ავტოტრანფორმატორებზე უნდა იყოს ჩართული ძაბვის ავტომატური რეგულატორები.
ავტომატური რეგულატორების გამორთვა დაიშვება მხოლოდ განაცხადის საფუძველზე. გამანაწილებელ ქსელში ტრანსფორმატორებზე გამოყენებული უნდა იქნეს აგზნების გარეშე გადამრთველების გამომყვანები, რომლებიც ტვირთის ქვეშ ძაბვის რეგულირების მქონე ტრანსფორმატორებით უზრუნველყოფენ 0,4კვ ქსელის მომხმარებლებზე მიწოდებული ძაბვის სახელმწიფო სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობას.
ტრანსფორმატორების ძაბვის რეგულატორების მოწყობილობების აწყობა და აგზნების გარეშე გადამრთველების გამომყვანების მდგომარეობა უნდა იყოს დამტკიცებული ენერგეტიკული ორგანიზაციის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ.
14. 110 კვ და უფრო მაღალი ძაბვის ქსელში ძაბვის რეგულირება უნდა ხორციელდებოდეს საკონტროლო პუნქტებში ყოველი კვარტალისათვის დამტკიცებული ძაბვის დროის ფუნქციასთან გრაფიკის შესაბამისად ან ძაბვის რეჟიმის პარამეტრებისაგან დამოკიდებულების მახასიათებლებით, ჩართული დანადგარების შემადგენლობის გათვალისწინებით.
ძაბვის რეგულირების მახასიათებლები და გრაფიკები საკონტროლო პუნქტებში უნდა განისაზღვრებოდეს ენერგოსისტემის დისპეტჩერული ორგანოს მიერ მომდევნო კვარტალისათვის და თუ საჭიროა, კორექტირდებოდეს რეჟიმის მოკლევადიანი დაგეგმვისას.
საკონტროლო პუნქტები უნდა განსაზღვროს შესაბამისმა სადისპეტჩერო სამსახურმა, ამ პუნქტებში ენერგოსისტემის მდგრადობასა და ელექტროენერგიის დანაკარგებზე ძაბვის დონის გავლენის ხარისხისაგან დამოკიდებულებით.
ძაბვის რეგულირება უნდა ხორციელდებოდეს უპირატესად ავტომატიკისა და ტელემექანიკის საშუალებებით, ხოლო მათი არარსებობისას – ენერგოობიექტების ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალის მიერ ელექტრული ქსელისა და ენერგოსისტემის დისპეტჩერის კონტროლის ქვეშ.
15. იმ პუნქტების ჩამონათვალი, რომელთა ძაბვა უნდა კონტროლდებოდეს ენერგოსისტემის, ელექტრული ქსელების დისპეტჩერების მიერ, აგრეთვე ძაბვის გრაფიკები და რეგულირების მახასიათებლები ამ პუნქტებში, უნდა დამტკიცდეს დისპეტჩერული მართვის შესაბამისი ორგანოების მიერ.
16. მომხმარებლების რეაქტიული სიმძლავრის წყაროებით სარგებლობის წესი უნდა იქნეს დასახული ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის ხელშეკრულების დადების დროს. საჭიროების შემთხვევაში დისპეტჩერული ორგანოები უნდა იყენებდნენ მომხმარებლების რეაქტიული სიმძლავრის წყაროებს საკონტროლო წერტილებში ძაბვის რეგულირებისათვის.
17. ენერგოსისტემის დისპეტჩერის მიერ კონტროლირებადი ელექტროსადგურებისა და სინქრონულკომპენსატორიანი ქვესადგურების საკვანძო პუნქტებისათვის უნდა იქნეს დადგენილი ძაბვის შემცირების ავარიული ზღვრები, განსაზღვრული ენერგოსისტემის და დატვირთვის კვანძების სტატიკური მდგრადობის პირობებით.
თუ ამ პუნქტებში ძაბვა დაეცა მითითებულ ავარიულ ზღვრამდე, ელექტროსადგურებისა და სინქრონულკომპენსატორიანი ქვესადგურების ოპერატიულ-დისპეტჩერულმა პერსონალმა დამოუკიდებლად, გენერატორებისა და სინქრონული კომპენსატორების გადატვირთუნარიანობის გამოყენების გზით უნდა შეინარჩუნოს ძაბვა, ხოლო ენერგოსისტემის დისპეტჩერმა ენერგოსაწარმოს უნდა აღმოუჩინოს დახმარება მომიჯნავე ენერგორაიონებში ძაბვის რეგულირების სარეზერვო საშუალებების მობილიზაციით. ამასთან, დაუშვებელია ძაბვის აწევა ცალკეულ საკონტროლო წერტილებში მოწყობილობებისათვის ზღვრულად დასაშვებ მნიშვნელობებზე ზევით.
ენერგოსისტემის იმ კვანძებში, სადაც შესაძლებელია ძაბვის დაწევა ავარიულად დასაშვებ ზღვარზე ქვევით, ქსელის მუშაობის რეჟიმის ან სქემის შეცვლისას, უნდა იყოს დაყენებული დატვირთვის გამორთვის ავტომატიკა იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა კვანძში დატვირთვის მდგრადობის დარღვევის თავიდან აცილებისათვის
ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 04.10.2010
მუხლი 47. მუშაობის რეჟიმების მართვა
თავი VII — ოპერატიულ-დისპეტჩერული მართვა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 41. გადამეტძაბვებისგან დაცვა
- მუხლი 42. განათება
- მუხლი 43. ელექტროლიზური დანადგარები
- მუხლი 44. ენერგეტიკული ზეთები
- მუხლი 45. ამოცანები და მართვის ორგანიზაცია
- მუხლი 46. მუშაობის რეჟიმის დაგეგმვა
- მუხლი 48. დანადგარების მართვა
- მუხლი 49. ავარიების თავიდან აცილება და ლიკვიდაცია
- მუხლი 50. მოთხოვნები ოპერატიული სქემების მიმართ
- მუხლი 51. ოპერატიულ-დისპეტჩერული პერსონალი
- მუხლი 52. გადართვები ელექტრულ დანადგარებში
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 47, №52, 04.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 300350000.22.025.016001 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1036317/muxli-47/