1. ავარიების (ტექნოლოგიური დარღვევების) ლიკვიდაციისას ოპერატიულ-დისპეტჩერული მართვის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:
ა) დარღვევის განვითარების აღკვეთა, პერსონალის დაშავებისა და იმ მოწყობილობის დაზიანების გამორიცხვა, რომელსაც ტექნოლოგიური დაზიანება არ შეხებია;
ბ) მთლიანად სისტემაში და მის ცალკეულ უბნებზე ავარიის შემდგომი ყველაზე საიმედო სქემის შექმნა;
გ) მომხმარებლების ენერგომომარაგებისა და მათზე მიწოდებული ენერგიის ნორმალური პარამეტრების სასწრაფო აღდგენა;
დ) ენერგიისა და სიმძლავრის ბაზრის სუბიექტების მუშაობის რეჟიმის სასწრაფო აღდგენა;.
ე) ავარიის შედეგად გამორთული და გათიშული დანადგარების მდგომარეობის გამორკვევა და შესაძლებლობის შემთხვევაში, მათი მუშაობაში ჩართვა.
2. ენერგოსისტემის ოპერატიულ-დისპეტჩერული მართვის სადისპეტჩერო პუნქტზე, ენერგოობიექტის მართვის ფარზე უნდა იყოს ავარიების თავიდან აცილების და ლიკვიდაციის ადგილობრივი ინსტრუქცია, რომელიც შედგენილია ზემდგომი ოპერატიულ-დისპეტჩერული მართვის ორგანოს ინსტრუქციის შესაბამისად, აგრეთვე ელექტროსადგურის თბურ ქსელებსა და გაზის მეურნეობაში ტექნოლოგიური დარღვევების ლიკვიდაციის გეგმები.
3. ტექნოლოგიური დარღვევების ლიკვიდაციის დროს ფუნქციების განაწილება ენერგოსისტემის დისპეტჩერებს, ენერგოორგანიზაციების ოპერატიულ-დისპეტჩერული მართვის ორგანოს და ელექტროსადგურების ოპერატიულ პერსონალს შორის უნდა იყოს რეგლამენტირებული შესაბამისი ინსტრუქციებით.
მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებთან არსებულ ელექტრულ კავშირებზე ტექნოლოგიური დარღვევების ლიკვიდაციის დროს ფუნქციების განაწილება უნდა იყოს რეგლამენტირებული ურთიერთშეთანხმებული ინსტრუქციებით, შეთანხმებებით და სხვა სახის დოკუმენტებით.
4. ელექტროსადგურებზე ავარიის ლიკვიდაციას უნდა ხელმძღვანელობდეს ცვლის უფროსი (მორიგე ინჟინერი). ქვესადგურებში ავარიის ლიკვიდაციას უნდა ხელმძღვანელობდეს მორიგე პერსონალი, ოპერატიულ-გამსვლელი ბრიგადა, ოსტატი ან ქვესადგურების ჯგუფის უფროსი ქვესადგურის მომსახურების ფორმის შესაბამისად.
5. აკრძალულია ცვლის მიღება და ჩაბარება ავარიის ლიკვიდაციის დროს.
ცვლაში მოსული პერსონალის დასაქმება ხდება ავარიის ლიკვიდაციის ხელმძღვანელის შეხედულებით, ავარიის ლიკვიდაციის დროს ავარიის ხასიათზე დამოკიდებულებით. გამონაკლის შემთხვევაში, დასაშვებია ცვლის გადაბარება ზემდგომი ოპერატიული პერსონალის ნებართვით.
ცვლის მიღება და ჩაბარება გადართვების, დანადგარის გაშვების და გაჩერების დროს დასაშვებია მხოლოდ ზემდგომი ოპერატიული ან ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ნებართვით.
6. ავარიის ლიკვიდაციისას, გადართვების, დანადგარის გაშვებისა და გაჩერების პროცესებზე ოპერატიულ პერსონალს შორის მოვალეობების განაწილება უნდა იყოს რეგლამენტირებული ადგილობრივი ინსტრუქციებით.
7. ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალიდან ვინმე პირის დასწრების შემთხვევაშიც კი ოპერატიული პერსონალი პირადად იღებს პასუხისმგებლობას ავარიის ლიკვიდაციის დროს მოქმედების სისწორეზე, ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას და ახორციელებს ღონისძიებებს ნორმალური რეჟიმის აღსადგენად.
8. აუცილებლობის შემთხვევაში, ზემდგომ პირს ოპერატიული ან ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალიდან უფლება აქვს ოპერატიულ ჟურნალში ჩანაწერით, ავარიის ლიკვიდაციის ხელმძღვანელობა დაავალოს სხვა პირს ან თავად ითავოს ხელმძღვანელობა.
9. დისპეტჩერული მართვის ყველა დონის დისპეტჩერის, ელექტროსადგურების ცვლის უფროსებისა და მსხვილი ქვესადგურების მორიგეების ოპერატიული მოლაპარაკება და განკარგულებები უნდა ფიქსირდებოდეს მაგნიტურ ფირზე