1. ავარიული სიტუაციების კვლევის მიზანია ელექტროენერგეტიკული სისტემის ავარიის გავრცელებისა და სტაბილურობის დარღვევის თავიდან აცილების მიზნით შემდეგი სცენარების განხილვა:
ა) საბაზისო სცენარი;
ბ) მაღალი ალბათობის ავარიული სიტუაციები;
გ) მცირე ალბათობის ავარიული სიტუაციები.
2. საბაზისო სცენარი:
ა) ელექტროენერგეტიკული სისტემის საბაზისო სცენარი, ანუ ნორმალური რეჟიმი გულისხმობს ისეთ მდგომარეობას, როდესაც ელექტროენერგეტიკული სისტემის ყველა ელემენტი მუშა მდგომარეობაშია და რეჟიმის პარამეტრები ნორმალური ზღვრების ფარგლებშია. ასეთი სცენარისთვის კვლევა ხორციელდება დამყარებული რეჟიმის პირობებში;
ბ) საბაზისო სცენარში გათვალისწინებული დატვირთვების პირობებში ძაბვის ნორმალური სიდიდის უზრუნველსაყოფად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტრანსფორმატორის ხვიათა გამომყვანების გადართვა, მაშუნტირებელი რეაქტორი და სინქრონული კომპენსატორი, შემკრები სალტეების სექციონირება და რეგულირების სხვა საშუალებები. დატვირთვის მოსალოდნელი დონეებისა და ელექტროენერგიის წარმოების გრაფიკების მოდელირებისათვის შეიძლება საჭირო გახდეს რამდენიმე საბაზისო სცენარის შემუშავება.
3. მაღალი ალბათობის ავარიული სიტუაციები:
ა) ერთი ელემენტის მწყობრიდან გამოსვლის ტესტი (N-1) გულისხმობს ერთი ენერგობლოკის/აგრეგატის (შესაძლოა ცალკეულ შემთხვევებში ერთი ელექტროსადგურის) ან ელექტროგადამცემი ქსელის მხოლოდ ერთი ელემენტის მწყობრიდან გამოსვლის შესაძლებლობას. ერთი ელემენტის პოტენციური ავარიით გამოწვეული ზიანის მინიმუმზე დაყვანის მიზნით შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს ტრანსფორმატორის ხვიათა გამომყვანების გადართვის, მაშუნტირებელი რეაქტორის გამოყენებისა და სალტეების სექციონირების მეთოდი;
ბ) ერთი ელემენტის და იმავდროულად ერთი ენერგონლოკის/აგრეგატის (შესაძლოა ცალკეულ შემთხვევებში ერთი ელექტროსადგურის) გათიშვის სცენარის (N-G-1) მეორე შესაძლო ავარიული სიტუაციისათვის მოსამზადებლად (ე.ი. ენერგობლოკის/აგრეგატის გათიშვიდან მეორე ელემენტის გათიშვამდე) შესაძლებელია (N-G-1) ვარიანტის მოდიფიკაცია, შემდეგი მეთოდების გამოყენებით: ტრანსფორმატორის ხვიათა გამომყვანების გადართვა, მაშუნტირებელი რეაქტორის ჩართვა-გამორთვა, გენერაციის დისპეტჩერიზაციის გეგმის შეცვლა და სალტის სექციონირება;
გ) სისტემის ერთი ელემენტის შეკეთებისას სისტემის სხვა ელემენტის ავარიული გათიშვა (N-1-1) გულისხმობს გადამცემი ქსელის ერთი ელემენტის ან ერთი ენერგობლოკის/აგრეგატის (შესაძლოა ცალკეულ შემთხვევებში ერთი ელექტროსადგურის) გათიშვას იმ დროს, როდესაც სისტემის სხვა რომელიმე ელემენტი შეკეთების რეჟიმშია. შეკეთების პროცესი შეიძლება ისე იყოს დაგეგმილი, რომ სისტემა მზად იყოს მეორე ელემენტის ავარიული გათიშვისათვის, შემდეგი მეთოდებით: ტრანსფორმატორის ხვიათა გამომყვანების გადართვა, ფაზათა ძვრის კუთხის რეგულირება, სადისპეტჩერო გრაფიკის ცვლილება და სალტის სექციონირება;
დ) N-1-1 კვლევის ჩატარება შეიძლება ისეთი სიტუაციებისათვის, როდესაც ერთდროულად ორი ელემენტი იძულებით არის გათიშული, მაგრამ პირველ და მეორე გათიშვებს შორის არის საკმარისი დრო გადადინებების ნორმალურ ზღვრებში აღსადგენად;
ე) სისტემის ერთი ელემენტის შეკეთებისას სისტემის სხვა ელემენტის ავარიული გათიშვის (N-1-1) შემთხვევისათვის განსაზღვრული კრიტერიუმები შესაძლოა განსხვავებული იყოს იმის გათვალისწინებით, რომ (N-1-1) შემთხვევის ალბათობა ბევრად ნაკლებია ვიდრე (N-1)-ისა. (N-1-1) შემთხვევებისათვის დასაშვებია მოხმარების დატვირთვის გარკვეული შემცირება.
4. მცირე ალბათობის ავარიული სიტუაციები: ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის შენარჩუნების მიზნით სისტემამ უნდა გაუძლოს უფრო მწვავე, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელ ავარიულ სიტუაციებსაც (სალტეების დაზიანება, სალტის მაერთებელი მოწყობილობის დაზიანება, ამომრთველების დაზიანება, რელეების არასათანადო მუშაობა, ორჯაჭვა ხაზის მწყობრიდან გამოსვლა და ა.შ.) ისე, რომ ამას არ მოჰყვეს ძაბვის ზვავი ან უკონტროლო კასკადური გათიშვებ