1. გაუთვალისწინებელი შემთხვევის წინა პერიოდის (საბაზისო სცენარის) მოსამზადებლად ჩასატარებელია ქვემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებიდან ის ქმედებები, რომლებიც მიმართულია სისტემის პარამეტრების ნორმალურ ზღვრებში აღსადგენად:
ა) ტრანსფორმატორის გრაგნილების ხვიათა გამომყვანების გადართვა;
ბ) ფაზათა ძვრის კუთხის რეგულატორების გამოყენება;
გ) მაშუნტირებელი რეაქტორის, სინქრონული და სტატიკური კომპენსატორის ჩართვა ან/და გამორთვა;
დ) სალტეების სექციონირება.
2. საბაზისო სცენარი მოიცავს როგორც ქსელის გადატვირთვებისა და ძაბვის ნორმალური პარამეტრებიდან გადახრების თავიდან აცილებას, ასევე პოტენციური ცალკეული გაუთვალისწინებელი შემთხვევის სცენარებისთვის სისტემის მომზადებას. საბაზისო სცენარი გამოიყენება გაუთვალისწინებელი შემთხვევების შესწავლის ამოსავალ წერტილად.
3. N-G-1 და N-1-1 შემთხვევებში იგულისხმება, რომ პირველი გათიშვიდან, მათ შორის, რომელიმე ელემენტზე სარემონტო სამუშაოების დაწყებიდან მეორე გათიშვამდე, საკმარისი დროა იმისათვის, რომ მომზადდეს სისტემა მეორე გათიშვისთვის. ამ დროს დასაშვებია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება და აგრეთვე გენერაციის დისპეტჩერიზაციის გეგმის შეცვლა (რედისპეტჩირება).
4. N-1 ან N-G-1 სცენარების შემთხვევებისას და იმის გათვალისწინებით, რომ ავარიის შემდგომი პარამეტრების ზღვრები არ დარღვეულა, სისტემის პარამეტრების ნორმალურ ზღვრებში აღსადგენად ჩასატარებელია ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედებები:
ა) ტრანსფორმატორის გრაგნილების ხვიათა გამომყვანების გადართვა;
ბ) ფაზათა ძვრის კუთხის რეგულატორების გამოყენება;
გ) მაშუნტირებელი რეაქტორის, სინქრონული და სტატიკური კომპენსატორის ჩართვა ან/და გამორთვა;
დ) გენერაციის დისპეტჩერიზაციის გეგმის შეცვლა (რედისპეტჩირება);
ე) გადართვები.
5. არჩეული უნდა იყოს ის ქმედებები, რომელთაც ყველაზე დიდი გავლენა ექნებათ ავარიული დარღვევების აღმოსაფხვრელად.
6. N-G-1და N-1-1 შემთხვევებში შეიძლება გამოყენებული იყოს დატვირთვის შემცირება მომხმარებელთა გათიშვის გზით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ავარიის შემდგომი პარამეტრების ზღვრების დარღვევა.
7. გენერაციის დისპეტჩერიზაციის გეგმის შეცვლა (რედისპეტჩირება):
ა) მუშაობაში მყოფი ენერგობლოკების/აგრეგატების დატვირთვების შეცვლა დასაშვებია ხაზის ელემენტის (N-1) და ენერგობლოკების/აგრეგატების (G-1) ავარიული გამორთვის შემდეგ, რათა დაცული იყოს N-G-1 ან N-1-1 მოთხოვნა;
ბ) გადამცემი ქსელის ელემენტის გაუთვალისწინებელი, ავარიული გამორთვისას დასაშვებია ენერგობლოკების/აგრეგატების სიმძლავრეების ცვლილება გადამცემი ქსელის პარამეტრების ნორმალურ ზღვრებში აღდგენის მიზნით.
8. ძაბვის რეგულირება ტრანსფორმატორის ხვიათა გამომყვანების გადართვის საშუალებით:
ა) ტრანსფორმატორის ხვიათა გამომყვანის მდგომარეობა შერჩეული უნდა იყოს საბაზისო სქემის, ენერგობლოკების/აგრეგატების ან ქსელის ელემენტის სარემონტო გამორთვის რეჟიმებისთვის, სანამ დადგება N-G-1 ან N-1-1 შემთხვევა;
ბ) როგორც ავარიისშემდგომი ქმედება, მისაღებია ტრანსფორმატორის ხვიათა გამომყვანების გადართვა ორ ქვესადგურში ელექტროენერგეტიკული სისტემის პარამეტრების ნორმალურ ზღვრებში დასაბრუნებლად;
გ) ტრანსფორმატორის ხვიათა გამომყვანების გადართვა წარმოებს იმ ტრანსფორმატორებზე, რომლებიც ყველაზე დიდ გავლენას ახდენს გადამცემ ქსელზე.
9. ფაზარეგულატორებისათვის არჩეულ უნდა იქნეს ფაზათა ძვრის კუთხის სათანადო მნიშვნელობა სხვადასხვა სცენარებისათვის საჭიროების მიხედვით.
10. მაშუნტირებელი რეაქტორის, სინქრონული და სტატიკური კომპენსატორის ჩართვა-გამორთვა გათვალისწინებული უნდა იქნეს სხვადასხვა სცენარებისათვის საჭიროების მიხედვით.
11. სალტეების სექციონირება და გადამცემ ქსელში გადართვები:
ა) სხვადასხვა სცენარის დამუშავებისას დასაშვებია სალტეების სექციებად დაყოფა, რათა ელექტროენერგიის მოხმარება არ გახდეს საერთო გადატვირთვის მიზეზი;
ბ) სხვადასხვა სცენარის განხილვისას, ავარიის თავიდან აცილების მიზნით, დასაშვებია, გადამცემ ქსელში საჭირო რაოდენობის გადართვების განხორციელება ელექტროენერგეტიკული სისტემის პარამეტრების ნორმალურ საზღვრებში დასაბრუნებლად.
12. დატვირთვის (მოხმარების) შეზღუდვა შეიძლება განხორციელდეს N-1-1 და N-G-1 სცენარების შემთხვევაში გადამცემ ქსელის ელემენტების გადატვირთვის თავიდან აცილებისა და ძაბვის ან სიხშირის დასაშვებ ფარგლებში შესანარჩუნებლა