1. გადამცემი ქსელის განვითარების გეგმა უნდა შემუშავდეს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, გადამცემი ქსელის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით. ამ გეგმაში აღწერილი უნდა იყოს არსებული გადამცემი ქსელი, საჭირო მოდიფიკაციები და განვითარება.
2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, შეიმუშაოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა და განაახლოს ყოველ წელიწადს.
3. გადამცემი ქსელის განვითარების გეგმაში განსაზღვრული უნდა იყოს გადამცემი ქსელის მოსალოდნელი რეჟიმები წლების მიხედვით და მითითებული იყოს გადამცემი ქსელის ის კვანძები, სადაც საჭიროა ახალი ელექტრომოწყობილობა/დანადგარების ექსპლუატაციაში შეყვანა ან არსებულის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია, ამ წესებით დადგენილი ელექტროენერგიის ხარისხის პარამეტრების უზრუნველსაყოფად და საიმედოობის კრიტერიუმების შესაბამისად.
4. გადამცემი ქსელის განვითარების გეგმაში მითითებული უნდა იყოს გადამცემი ქსელის ის კვანძები, სადაც ოპტიმალურია ახალი ელექტროსადგურების და/ან სხვა მოსარგებლეების მიერთება, რათა ხელი შეეწყოს კონკურენციას ელექტროენერგიის ბაზარზე და გადამცემი ქსელის განვითარებას გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული წესით.
5. თუ გადამცემი ქსელის ზოგიერთ უბანზე, სადაც გადამცემი ქსელის განვითარების გეგმის მიხედვით დაგეგმვის კრიტერიუმების (N-1, N-G-1, N-1-1) და ელექტროენერგიის ხარისხის დადგენილი მოთხოვნების შესრულება ტექნიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით მიზანშეუწონელია, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, გადამცემი ქსელის განვითარების გეგმასთან ერთად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას წარუდგინოს აღნიშნული ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი. ანალიზში განხილული უნდა იყოს შემდეგი საკითხები:
ა) დაგეგმვის კრიტერიუმების შეუსრულებლობით გამოწვეული ელექტროენერგეტიკული სისტემის ნორმალური მუშაობის დარღვევების ალბათობა და შედეგები;
ბ) დაგეგმვის კრიტერიუმების შესრულების მიზნით სისტემის გასაუმჯობესებლად ჩასატარებელი სამუშაოების სავარაუდო ღირებულება;
გ) ნორმალური მუშაობის დარღვევის ალბათობის შესამცირებლად საჭირო ღონისძიებების სავარაუდო ღირებულება.
6. გადამცემი ქსელის განვითარების გეგმა სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს ინფორმაციას გადამცემი ქსელის საექსპლუატაციო მახასიათებლების შესახებ, რომელიც მოიცავს:
ა) გადამცემი ქსელის ზოგად მახასიათებლებს, მეზობელი ქვეყნების გადამცემ ქსელებთან კავშირების გათვალისწინებით;
ბ) გადამცემი ქსელის არსებული მდგომარეობის შეფასებებს და იმ უბნების სრულ ანალიზს, რომლებიც დაგეგმვის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ;
გ) 110 კვ და უფრო მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების გამტარუნარიანობას;
დ) გადამცემი ქსელის ნაკადგანაწილებას მაქსიმალური დატვირთვების დროს;
ე) მოკლე ჩართვის დენების სიდიდეებს 110 კვ და უფრო მაღალი ძაბვის ქვესადგურების სალტეებზე;
ვ) გადამცემ ქსელში დანაკარგებს;
ზ) გადამცემი ქსელის განვითარებას, რომელიც ეფუძნება ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის პროგნოზს;
თ) გადამცემი ქსელის განვითარებას, რომელიც ეფუძნება ახალი ელექტროსადგურების მშენებლობის გეგმებს;
ი) ახალი სისტემათაშორისი ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობების შეთავაზებებს;
კ) მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგეტიკულ სისტემებთან დაგეგმილი გადადინებების მოცულობებს.
7. გადაცემის ლიცენზიატები ვალდებულნი არიან, მოამზადონ თავიანთი გადამცემი ქსელების საინვესტიციო გეგმები გადამცემი ქსელის განვითარების გეგმის საფუძველზე.
8. გადამცემი ქსელის განვითარების გეგმა უნდა ითვალისწინებდეს ელექტროენერგიის წარმოების წლიურ საპროგნოზო მოცულობებს ათწლიანი პერიოდისათვის.
9. გენერაციის პროგნოზირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) ათწლიანი პერიოდის მოხმარების პროგნოზი;
ბ) ელექტროენერგეტიკული სისტემისათვის საჭირო სიმძლავრის რეზერვი;
გ) არსებული ელექტროსადგურების მდგომარეობა;
დ) იმ დაგეგმილი ელექტროსადგურების პარამეტრები, რომლებთანაც ხელმოწერილია ურთიერთგაგების მემორანდუმი ან მიერთების ხელშეკრულება;
ე) იმპორტ-ექსპორტის სტატისტიკა და პროგნოზები;
ვ) ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარებისა და მიწოდების საპროგნოზო ბალანსების ანალიზი;
ზ) რეკომენდაციები ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც დაგეგმილი ელექტროსადგურების ექსპლუატაციაში გაშვება გვიანდება;
თ) რეკომენდაციები სიმძლავრისა და ენერგიის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.
თავი IV
ოპერატიული მართვის წე