1. მოკლე ჩართვის დენების დონეები:
ა) მოკლე ჩართვის დენების მაქსიმალური დონე არ უნდა აღემატებოდეს ელექტრომოწყობილობის მახასიათებლების 90%-ს;
ბ) 110 კვ და მეტი ძაბვის გადამცემი ქსელის ნეიტრალი, როგორც წესი, ყრუდ უნდა იყოს დამიწებული. მიწასთან ცალფაზა მოკლე შერთვის დროს მიწასთან მოკლე შერთვის ძაბვა არ უნდა აღემატებოდეს ნომინალური ფაზათაშორისი ძაბვის 80%-ს.
2. დინამიკური მდგრადობის ტესტირება:
ა) სისტემის დინამიკური მდგრადობა შენარჩუნებული უნდა იყოს სამფაზა მოკლე ჩართვის ან მიწასთან ორფაზა მოკლე ჩართვის დროს;
ბ) დინამიკური მდგრადობის ტესტის ჩატარების დროს გასათვალისწინებულია, რომ დაზიანებული ელემენტი ამორთულ იქნეს ძირითადი დაცვით. ამავე დროს ხაზის ავტომატურად განმეორებითი ჩართვის (აგჩ) მოწყობილობა უნდა იყოს მოქმედებაში;
გ) ტესტირების დროს ასინქრონული რეჟიმი ხანმოკლე დროითაც კი დაუშვებელია.
3. კასკადური გათიშვები:
ა) ავარიულმა სიტუაციამ არ უნდა გამოიწვიოს გადამცემი ქსელის მთლიანობის დარღვევა ან სისტემის გათიშვა გადამცემი ხაზების ან ელექტროსადგურის კასკადური გათიშვის გამო. შესაძლო ავარიული სიტუაციების კვლევების შედეგები გათვალისწინებული უნდა იყოს სისტემის დაცვის ელექტრომოწყობილობის დაგეგმვის და რელეური დაცვის დანაყენების განსაზღვრის დროს;
ბ) სპეციალური დაცვის სქემები: გადამცემ ქსელში კასკადური გათიშვების გავრცელების და, შედეგად, სისტემის ჩაქრობის თავიდან აცილების მიზნით, შესაძლებელია, განხორციელებული იქნეს სპეციალური დაცვის სქემები.
4. ძაბვის ზვავისებური ვარდნის (ძაბვის კოლაფსი) თავიდან აცილების მიზნით გადამცემი ქსელის დატვირთვის დონესა და სტატიკური მდგრადობის დარღვევის დონეს შორის ყოველთვის უნდა იყოს შენარჩუნებული მდგრადობის მარაგი. იგი უნდა განისაზღვროს გადამცემი ქსელის დატვირთვის გაზრდისას ელექტროენერგეტიკული სისტემის მახასიათებლების შესწავლით.
5. სადენების პარამეტრების დასაშვები ზღვრები (ნორმალური და ავარიული):
ა) გადამცემი ხაზის სადენების თერმული პარამეტრები უნდა განისაზღვროს ყველაზე უფრო მეტად მგრძნობიარე ელემენტის პარამეტრების მიხედვით, იქნება ეს გამტარის მახასიათებლები, ჩაღუნვის ისარი, თუ ელექტრომოწყობილობის თერმული პარამეტრები;
ბ) ელექტრომოწყობილობათა ნორმალური და ავარიული თერმული მდგრადობის ზღვრები უნდა განისაზღვროს სეზონურობის თავისებურებების გათვალისწინებით. ნორმალური და გადატვირვის მდგომარეობების შესაბამისი პარამეტრების განსაზღვრისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ისეთი დამხმარე ელექტრომოწყობილობათა პარამეტრები, როგორიცაა გამანაწილებელი მოწყობილობა, ბუშინგი (შემყვანი იზოლატორი), გამზომი ტრანსფორმატორები, ტრანსფორმატორის ხვიათა გადამრთველი და სხვა;
გ) როგორც ნორმალური, ასევე ავარიული სიტუაციის დაგეგმვისას, მიუღებელია ელექტრომოწყობილობათა გადატვირთვა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მომენტალურად ხდება სიტუაციის გამოსწორება (ავტომატური ან ოპერატორის მოქმედებით), მაგრამ დაცული უნდა იყოს დასაშვები ზღვრული პარამეტრები (დენის ძალა):
გ.ა) საჰაერო ხაზების შემთხვევაში ნომინალური დატვირთვის (დენის ძალა) 110% მნიშვნელობები 30 წუთის განმავლობაში;
გ.ბ) ტრანსფორმატორებისა და კაბელების შემთხვევაში დაცული უნდა იქნეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, მწარმოებლისა და საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის სტანდარტების მოთხოვნები.
6. ელექტროენერგეტიკული სისტემა ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ ძაბვა დარჩეს ამ წესების მე-15 მუხლში მოცემულ ზღვრებში.
7. ძაბვის ცვლილების მნიშვნელობები:
ა) საბაზო სცენარით ოპერირებისას, ე.ი. როცა ყველა ხაზი მწყობრშია, ძაბვის (ნახტომისებური) ცვლილების მნიშვნელობა გამოწვეული კონდენსატორის და მაშუნტირებელი რეაქტორის გადართვით არ უნდა აღემატებოდეს ნომინალური ძაბვის 3.0%-ს;
ბ) გაუთვალისწინებელი შემთხვევისას (N-1), ძაბვის მაქსიმალური მნიშვნელობა ამ შემთხვევის წინ და მის შემდეგ არ უნდა იყოს 10%-ზე მეტი.
8. ელექტროენერგეტიკული სისტემა ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ სიხშირე დარჩეს ამ წესების მე-14 მუხლში მოცემულ ზღვრებშ