1. გათიშვების დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს:

ა) ენერგობლოკების/აგრეგატების და ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტების გათიშვების დაგეგმვის, კოორდინაციისა და დამტკიცების საკითხები;

ბ) ელექტროენერგიის მწარმოებლების  მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის, ოპერატიული დაგეგმვის მიზნით, მიწოდებული გეგმიური პარამეტრები.

2. გათიშვების დაგეგმვა ითვალისწინებს ისეთ გეგმიურ გათიშვებს, რომლებმაც შეიძლება შეზღუდოს ენერგობლოკის/აგრეგატის სრული რეგისტრირებული სიმძლავრე.

3. ელექტროენერგიის მწარმოებლები ვალდებულნი არიან, შეატყობინონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ელექტროსადგურზე ან მასთან დაკავშირებულ მოწყობილობაზე და შენობა-ნაგებობებზე ჩასატარებელი ნებისმიერი  სარემონტო სამუშაოების შესახებ, რომლებმაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინონ ენერგობლოკის/აგრეგატის მიერ ელექტროენერგეტიკული სისტემისათვის მომსახურების გაწევის შესაძლებლობაზე.

4. გადამცემ ქსელში გათიშვების დაგეგმვის და გადამცემი ქსელის  მოსარგებლეებთან გეგმიური გათიშვების კოორდინაციის დროს, თითოეული მოსარგებლე  ვალდებულია, იმოქმედოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის განკარგულების შესაბამისად.

5. ენერგობლოკის/აგრეგატის გათიშვის დაგეგმვის პროცესი უნდა დაიწყოს დაგეგმილ თარიღამდე ხუთი (5) წლით ადრე.  ამ პროცესის შედეგი უნდა იყოს ქვემოთ ჩამოთვლილი სამი გეგმა, რომელთაგან თითოეული უნდა შეიცავდეს სათანადოდ გაწერილ ვადებს:

ა) გათიშვების შეთანხმებული გეგმა – მოიცავს ნულოვან და პირველ წელს;

ბ) გათიშვების წინასწარი გეგმა - მოიცავს მეორე და მესამე წლებს;

გ) გათიშვების ინდიკატური გეგმა - მოიცავს მეოთხე და მეხუთე წლებს.

6.  ენერგობლოკების/აგრეგატების გათიშვის პროგრამის შემუშავების პროცესში,  ერთი წლიდან მომდევნო წელზე გადასვლისას ელექტროენერგიის მწარმოებლებმა უნდა დაიცვან შემდეგი პროცედურები (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეცვლილი გარემოებების გამო ელექტროენერგიის მწარმოებელი იძულებულია, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, რაც უნდა განახორციელოს გონივრულ ფარგლებში):

ა) ელექტროენერგიის მწარმოებლების მიერ მეორე წლისათვის წარმოდგენილი გათიშვების გეგმა უნდა ასახავდეს მესამე წლის გათიშვების წინასწარ გეგმას;

ბ) ელექტროენერგიის მწარმოებლების მიერ პირველი წლისათვის წარმოდგენილი გათიშვების გეგმა უნდა ასახავდეს მეორე წლის გათიშვების წინასწარ გეგმას.

7. ნულოვანი წლის 30 სექტემბრამდე:

ა) ელექტროენერგიის მწარმოებლები ვალდებულნი არიან, წერილობით მიაწოდონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ქვემოთ ჩამოთვლილი მონაცემები გეგმიური გათიშვების და შესაძლო იძულებითი გათიშვების ალბათობის შესახებ, რომლებიც ასახული უნდა იყოს გათიშვების შეთანხმებულ, წინასწარ და ინდიკატურ გეგმებში:

ა.ა) ენერგობლოკის/აგრეგატის დასახელება;

ა.ბ)  დადგმული და რეგისტრირებული (ქონებული) სიმძლავრე;

ა.გ) გათიშვის მოსალოდნელი ხანგრძლივობა;

ა.დ) გათიშვის დაწყებისა და დასრულების დაგეგმილი თარიღები/საათები;

ა.ე) მითითება, გეგმიური გათიშვის თარიღები მოქნილია თუ ფიქსირებული;

ა.ვ) თუ გათიშვის თარიღები მოქნილია, მითითებული უნდა იყოს პერიოდი, რომლითაც ის შეიძლება შეიცვალოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისგან ასეთი მოთხოვნის მიღების შემთხვევაში;

ბ) ფიქსირებული თარიღების მქონე გათიშვებთან მიმართებაში, ელექტროენერგიის მწარმოებელმა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უნდა მიაწოდოს გათიშვის ფიქსირებული თარიღების საჭიროების დასაბუთება, თუ იგი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა მოითხოვა. თუ ელექტროენერგიის მწარმოებელი  დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ვერ მიაწოდებს გონივრულ დასაბუთებას, ჩაითვლება, რომ გათიშვა დაიგეგმა მოქნილი თარიღებით და მისი თარიღი შეიძლება შეიცვალოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნის მიხედვით.

8. ელექტროენერგიის მწარმოებელს უფლება აქვს, ადრე წარმოდგენილ გეგმაში შეიტანოს მხოლოდ ისეთი შესწორებები, რომლებიც განპირობებულია შეცვლილ გარემოებებზე რეაგირების საჭიროებით (გონივრულ ფარგლებში). წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ცვლილებები არ მიიღება და ძალაში რჩება შესაბამისი წლისათვის ადრე წარმოდგენილი გათიშვების წინასწარი გეგმა.

9. ნულოვანი წლის პირველ დეკემბრამდე:

ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია:

ა.ა) გათიშვების შემოთავაზებული გეგმების გათვალისწინებით, განახორციელოს გადამცემი ქსელის საიმედოობის ანალიზი ოპერატიული დაგეგმვის პერიოდისათვის და გამოიანგარიშოს თითოეული კვირის განმავლობაში ელექტროენერგიის წარმოების პიკური სიმძლავრე, რომლის უზრუნველყოფაც ელექტროსადგურს მოეთხოვება დაგეგმვის სხვადასხვა პერიოდში;

ა.ბ) ელექტროენერგიის მწარმოებლების მიერ წარმოდგენილ გეგმებში რაიმე პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, შეატყობინოს ელექტროენერგიის მწარმოებლებს ამის შესახებ და ყველა ღონე იხმაროს შეთანხმების გზით პრობლემური საკითხების გადასაწყვეტად;

ბ)  დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეს ინფორმაციის მიმწოდებელ მოსარგებლეს მიღებული ინფორმაციის შესახებ განმარტებების ან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით.

10. ნულოვანი წლის 1 დეკემბრამდე, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით და საჭიროების შემთხვევაში მოსარგებლეებთან მისი განხილვის შემდეგ, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა წერილობით უნდა მიაწოდოს შესაბამის ელექტროენერგიის მწარმოებელს და სხვა მოსარგებლეებს გათიშვების საბოლოო გეგმა, რომელშიც ნაჩვენები იქნება, თუ რომელი ენერგობლოკები/აგრეგატები და როდის (პერიოდის მითითებით) შეიძლება გაჩერდეს გეგმიური გათიშვების პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე წლებისათვის.

11. გათიშვების საბოლოო გეგმა უნდა განსაზღვრავდეს მოქნილი და ფიქსირებული გათიშვების პერიოდებს, რომელიც  დადასტურებული უნდა იქნეს ელექტროენერგიის მწარმოებლების მიერ.

12. ცვლილებების შეტანა გეგმიურ გათიშვებში ხორციელდება როდესაც:

ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს სურს მოქნილი გეგმიური გათიშვების თარიღების შეცვლა;

ბ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს სურს  ფიქსირებული გეგმიური გათიშვების სხვა დროს გადატანა. ამ შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შეუძლია, ელექტროენერგიის მწარმოებლის წინასწარი წერილობითი გაფრთხილების შემდეგ, მოითხოვოს დაგეგმილი გათიშვების გადატანა. თუ ელექტროენერგიის მწარმოებელი დათანხმდება დაგეგმილი გათიშვების რაიმე სახით ცვლილებაზე, მაშინ იგი ვალდებულია, განახორციელოს გათიშვები ამ შეთანხმების ფარგლებში.

13. იმ შემთხვევაში, თუ ენერგობლოკი/აგრეგატი, რომლისთვისაც გათიშვების პროგრამაში გაწერილია მოქნილი გეგმიური და ფიქსირებული გეგმიური გათიშვები, ელექტროენერგიის მწარმოებელს, გონივრულ საფუძველზე დაყრდნობით, შეუძლია ჩაანაცვლოს იგივე ელექტროსადგურის სხვა ბლოკით (რომელსაც დაახლოებით იგივე სიმძლავრე და დისპეტჩირების პარამეტრები აქვს), რის შესახებაც უნდა აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, გაითვალისწინოს აღნიშნული   და, შესაბამისად, გააკორექტიროს საბოლოო გათიშვების გეგმა,  თუ არ არსებობს უარის თქმის საფუძველი.

14. ელექტროენერგიის მწარმოებელს ნებისმიერ დროს, მაგრამ კონკრეტული გათიშვის დაწყებამდე არანაკლებ შვიდი (7) დღით ადრე,  შეუძლია, მოითხოვოს  დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისაგან დაგეგმილი მოკლევადიანი სარემონტო გათიშვების უფლება. მოთხოვნის შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა)    ენერგობლოკის/აგრეგატის დასახელებას, რომელსაც გათიშვა ეხება;

ბ)    გათიშული და ხელმისაწვდომი სიმძლავრის (მგვტ) სიდიდეებს;

გ)    გათიშვის მისაღები დაწყების დღეს და დროს ან დროის შესაძლო ინტერვალს;

დ)  გათიშვის მოთხოვნილ ხანგრძლივობას (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 96 საათს).

15. მოთხოვნის მიღებისთანავე  დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა შეისწავლოს იგი და ელექტროენერგიის მწარმოებელთან სიტუაციის განხილვის შემდეგ, პასუხი აცნობოს სამი სამუშაო დღის განმავლობაში.

16. თუ ენერგობლოკს/აგრეგატს სჭირდება გათიშვა ისე, რომ არ ემთხვევა დაგეგმილ ვადებს (გრძელვადიანი ან/და მოკლევადიანი გათიშვების გეგმებს),  ელექტროენერგიის მწარმოებელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს  დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს აღნიშნულის შესახებ. ასეთი შეტყობინება უნდა მოიცავდეს:

ა) ენერგობლოკის/აგრეგატის დასახელებას;

ბ) დაუგეგმავი გათიშვის მოსალოდნელი დაწყების დღეს, დროს და ხანგრძლივობას;

გ) ინფორმაციას გათიშვის ხასიათისა და გათიშული სიმძლავრის (მგვტ) სიდიდის შესახებ (მათ შორის იფორმაციას სიმძლავრეზე, რომელიც შეიძლება ხელმისაწვდომი იქნეს გათიშვისას).

17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს ვადაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა დაადასტუროს ან შესთავაზოს ელექტროენერგიის მწარმოებელს კორექტირების შეტანა გათიშვის დაწყების თარიღთან და პერიოდთან დაკავშირებით.  კორექტირებაზე თანხმობის შემთხვევაში  ელექტროენერგიის მწარმოებელმა უნდა დაუდასტუროს აღნიშნული დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.

18. იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს გენერაციის ბლოკის იძულებით გათიშვას, ელექტროენერგიის მწარმოებელმა უნდა აცნობოს ამის შესახებ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს დაუყოვნებლივ. ენერგობლოკის/აგრეგატის აღდგენის თარიღისა და დროის დადგენისთანავე ელექტროენერგიის მწარმოებელმა დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. ელექტროენერგიის მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების გატარება ენერგობლოკის/აგრეგატის შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადებში აღსადგენად. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს ენერგობლოკის/აგრეგატისა და შესაბამისი ჩანაწერების შემოწმება.

19.  ელექტროენერგიის მწარმოებელს უფლება აქვს, განახორციელოს მხოლოდ დაგეგმილი გათიშვები. ელექტროენერგიის მწარმოებელმა არ უნდა გადაუხვიოს ენერგობლოკის/აგრეგატის დაგეგმილი გათიშვების ან მოკლევადიანი დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების გრაფიკს,  დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისაგან წინასწარი თანხმობის მიღების გარეშე.

20. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, არ გასცეს ენერგობლოკის/აგრეგატის დაგეგმილი გათიშვის ან მოკლევადიანი დაგეგმილი სარემონტო გათიშვაზე თანხმობა მაშინაც კი, როცა გათიშვა წინასწარ დაგეგმილი იყო, თუ:

ა)  ვერ სრულდება კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი მოთხოვნები;

ბ) გათიშვის შემთხვევაში არასაკმარისი იქნება გენერაციის სიმძლავრე პროგნოზირებული მოთხოვნისა და  ოპერატიული რეზერვის დასაკმაყოფილებლად.

21. ამ მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შეუძლია, მოსთხოვოს  ელექტროენერგიის მწარმოებელს ასეთი გათიშვის გადადება შესაბამისი ვადით.

22.  მოქნილი დაგეგმილი გათიშვის ან ფიქსირებული დაგეგმილი გათიშვის პერიოდის გასვლამდე არაუგვიანეს შვიდი (7) დღის ვადისა, ელექტროენერგიის მწარმოებელმა უნდა აცნობოს  დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, თუ რა ვადაში ჩადგება ენერგობლოკი/აგრეგატი სრულად მწყობრში. გეგმიური სამუშაოების დამთავრების შემდგომ ელექტროენერგიის მწარმოებელმა უნდა მიუთითოს სიმძლავრის (მგვტ) სიდიდე, რომელიც ენერგობლოკს/აგრეგატს შეეძლება მიაწოდოს ელექტროენერგეტიკულ სისტემას.

23.  ელექტროენერგიის მწარმოებელმა არაგეგმიური გათიშვისას, გათიშვის მიზეზის და ენერგობლოკის/აგრეგატის აღდგენის ზუსტი დროის დადგენის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.

24.       თუ ენერგობლოკის/აგრეგატის აღდგენისას, ნებისმიერ დროს, ელექტროენერგიის მწარმოებლისთვის ცნობილი გახდება, რომ აღდგენა ვერ მოხერხდება შეთანხმებულ ვადებში, მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, მიუთითოს დაგვიანების მიზეზები და ენერგობლოკის/აგრეგატის გაშვების თარიღ