1. ძირითად სისტემურ მომსახურებას, რომლებიც მნიშვნელოვანია გადამცემი ქსელის გამართულად ფუნქციონირებისათვის და რომლებიც განსაზღვრავენ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მოწოდების ხარისხს, წარმოადგენს:
ა) სიხშირის კონტროლი;
ბ) ძაბვის კონტროლი;
გ) ელექტროენერგეტიკული სისტემის მართვა;
დ) ოპერატიული რეზერვები;
ე) სისტემის გაშვება ნულიდან.
2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი სრულად უნდა აკონტროლებდეს ყველა სისტემურ მომსახურებას. მან უნდა განსაზღვროს, რომელი სისტემური მომსახურება უნდა იყოს გაწეული, როდის და ვის მიერ.
3. სისტემური მომსახურების მიზნებს წარმოადგენს:
ა) იმ მიდგომების ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს სიხშირისა და ძაბვის კონტროლს გადამცემ ქსელში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ოპერატიული მართვის განსახორციელებლად;
ბ) რეზერვის ოპერატიული მართვისთვის დროის სხვადასხვა შუალედების დაწესება, რომლითაც დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ახორციელებს რეზერვის მართვას და განსაზღვრავს პროცედურებს ენერგობლოკების/აგრეგატების და სხვა საშუალებების რეზერვის შესაფასებლად;
გ) მოთხოვნების შემუშავება იმ ელექტროსადგურებისათვის, რომლებიც მონაწილეობენ ელექტროენერგეტიკული სისტემის ნულიდან გაშვებაში.
4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი სიხშირის კონტროლს ახორციელებს ქვემოთ მოცემული საშუალებებით:
ა) სიხშირის პირველადი კონტროლი ხორციელდება სიხშირის ცვლილებიდან პირველ ოცდაათ წამამდე პერიოდში;
ბ) სიხშირის მეორადი კონტროლი ხორციელდება სიხშირის გადახრიდან 30 წამის შემდეგ 10 წუთამდე პერიოდში ენერგობლოკების/აგრეგატების ავტომატური და დისტანციური მართვით;
გ) სიხშირის შენარჩუნება ამ წესების მე-14 მუხლით დადგენილ ზღვრებში განხორციელებული უნდა იყოს ოპერატიული რეზერვების ხარჯზე.
5. გადამცემ ქსელში ჩართული ენერგობლოკები/აგრეგატები აღჭურვილი უნდა იყოს სიჩქარის ავტომატური რეგულირების სისტემებით. ყველა სიხშირის ავტომატური რეგულირების სისტემა უნდა მოქმედებდეს სიხშირის ± 0.015 ჰც გადახრაზე.
6. ელექტროენერგიის მწარმოებელს მხოლოდ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან წინასწარი შეთანხმების შემდეგ, გამონაკლის შემთხვევაში, შეუძლია შეზღუდოს სიჩქარის რეგულატორის ქმედება:
ა) პერსონალის უსაფრთხოების მიზნით და/ან ენერგობლოკის/აგრეგატის დაზიანების თავიდან ასაცილებლად;
ბ) ენერგობლოკის/აგრეგატის საიმედოობის უზრუნველსაყოფად;
გ) როდესაც შეზღუდვა განხორციელებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისაგან მიღებული ინსტრუქციის შესაბამისად.
7. ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედოობის, მთლიანობისა და მასზე მიერთებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, აკონტროლოს გადამცემ ქსელში არსებული ძაბვები დადგენილ ზღვრებში, რომლის განსახოციელებლად უნდა მიმართოს შემდეგ საშუალებებს:
ა) ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ტევადური რეაქტიული სიმძლავრის მართვას მაშუნტირებელი რეაქტორებით;
ბ) რეაქტიულ სიმძლავრეზე (მგვარ) მოთხოვნის კონტროლსა და მართვას;
გ) გადამცემი ქსელში რეაქტიული სიმძლავრის (მგვარ) დანაკარგების კონტროლსა და მართვას;
დ) ენერგობლოკებზე/აგრეგატებზე რეაქტიული სიმძლავრის (მგვარ) მართვას;
ე) ტრანსფორმატორებზე ტრანსფორმაციის კოეფიციენტის ცვლილებას (ავტომატური და დისტანციური);
ვ) რეაქტიული სიმძლავრის მაკომპენსირებელი საშუალებების (სტატიკური კონდესატორები, სინქრონული კომპენსატორები) მართვას;
ზ) ძაბვის კონტროლის დინამიკურ სისტემას.
8. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, განსაზღვროს და შეცვალოს (საჭიროების მიხედვით) გადამცემ ქსელში ძაბვის კონტროლის პროცედურები.
9. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, მუდმივი დაკვირვება აწარმოოს ინსტრუქციებით მიხედვით საკონტროლო კვანძებში ძაბვებზე.
10. თითოეული ენერგობლოკის/აგრეგატის აგზნების სისტემა უნდა მუშაობდეს ძაბვის ავტომატური რეგულატორის მუდმივი კონტროლის ქვეშ. ელექტროენერგიის მწარმოებელს უფლება არ აქვს, გამოიყვანოს მუშაობიდან ძაბვის ავტომატური რეგულატორი ან შეზღუდოს მისი მოქმედება, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებისა, რომლის დროსაც ელექტროენერგიის მწარმოებელმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს:
ა) პერსონალის უსაფრთხოების მიზნით და/ან ენერგობლოკის/აგრეგატის დაზიანების თავიდან ასაცილებლად;
ბ) ენერგობლოკის/აგრეგატის საიმედოობის უზრუნველსაყოფად;
გ) როდესაც შეზღუდვა განხორციელებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისაგან მიღებული ინსტრუქციის შესაბამისად.
11. თუ ენერგობლოკი/აგრეგატი ძაბვის ავტომატური რეგულატორის გარეშე მუშაობს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შეუძლია, შეზღუდოს ან საჭიროების შემთხვევაში მთლიანად გათიშოს ასეთი ენერგობლოკი/აგრეგატი იმისდა მიხედვით, რამდენადაც ეს აუცილებელია დადგენილი მოთხოვნების ფარგლებში გადამცემი ქსელის უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის.
12. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, დაავალოს ელექტროენერგიის მწარმოებელს მოახდინოს რეაქტიული სიმძლავრის გამომუშავების კორექტირება.
13. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, შეცვალოს ენერგობლოკის/აგრეგატის დატვირთვა ან დატვირთვის გრაფიკი, თუ ეს აუცილებელია გადამცემ ქსელში, მიერთების წერტილებში ძაბვების შესანარჩუნებლად ამ წესებით განსაზღვრულ დონეებზე. ამასთან, ასეთი ზომის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ისეთი ავარიული სიტუაციების დასაძლევად, რომლებიც რისკის ქვეშ აყენებენ ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედოობას ან უსაფრთხოებას.
14. ძაბვის კონტროლის დამატებითი მექანიზმების გამოყენება დასაშვებია ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ავარიული პირობების გაჩენისას. ეს შეიძლება, სხვა ზომებთან ერთად მოიცავდეს შემდეგ ზომებს: :
ა) ელექტროენერგიის მწარმოებელთან შეთანხმებით დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოითხოვოს ენერგობლოკის/აგრეგატის რეაქტიული სიმძლავრის რეგულირება;
ბ) მომხმარებლის დატვირთვის კონტროლი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ წესებით დადგენილ ძაბვის ავარიული ზღვრებიდან გასვლის თავიდან ასაცილებლად.
15. გადამცემი ქსელის გათიშვისას გეგმის მიხედვით (ნორმალური მუშაობის პირობებში) ან/და ავარიული სიტუაციების დროს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შეიძლება დასჭირდეს ისეთი მართვის განხორციელება, რამაც შეიძლება დროდადრო ზემოქმედება მოახდინოს მოსარგებლეების ფუნქციონირების საიმედოობაზე. ასეთ შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოითხოვოს გადამცემი ქსელის ოპერატიული გადართვების განხორციელება შემდეგი მიზეზების გამო:
ა) ელექტრომოწყობილობა-დანადგარების გათიშვა რემონტის, ტესტირების, რელეური დაცვის შემოწმების ან მოსარგებლეების მიერ სხვა სამუშაოების ჩატარების მიზნით;
ბ) გადამცემი ხაზის და ელექტრომოწყობილობა-დანადგარების გათიშვა ავარიის საფრთხის არსებობის ან ავარიული რემონტის აუცილებლობის დროს;
გ) ძაბვის კონტროლის დროს;
დ) გადამცემ ქსელში სიმძლავრეების გადადინების შემცირება იმ სიდიდემდე, რომელიც შეესაბამება გადამცემი ქსელის ქვესადგურების შესაძლებლობებსა და ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოების საჭიროებებს.
16. ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გამორთვები შეიძლება განხორციელდეს ავტომატურად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, რელეური დაცვის და სასისტემო ავტომატიკის მოქმედებით.
17. ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ავარიის დროს დასაშვებია ავტომატიკის მოქმედებით გამორთვების განხორციელება, რომლის მიზანია სიმძლავრის გადადინებების, კვანძებში ძაბვისა და სიხშირის ცვალებადობის შეზღუდვა.
18. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, შეატყობინოს შესაბამის მოსარგებლეს გადამცემ ქსელში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ქმედება გავლენას ახდენს მოსარგებლის მუშაობაზე.
19. თუ სისტემაში მოხდა ავარია ან ამოქმედდა რელეური დაცვა და სასისტემო ავტომატიკა და შეუძლებელია ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება, დასაშვებია მოსარგებლეების ინფორმირება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ გატარებული ქმედებების შემდგომ.
20. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, გათიშოს მოსარგებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარი, შემდეგი გარემოებების თავიდან ასაცილებლად:
ა) პერსონალის უსაფრთხოების რისკი;
ბ) ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის დარღვევის რისკი;
გ) ელექტრომოწყობილობა-დანადგარის დაზიანების რისკი;
დ) გადამცემი ქსელის ელემენტების გადატვირთვა ავარიულ ლიმიტებზე მეტად;
ე) ძაბვისა და სიხშირის გადახრა ამ წესებით დადგენილი ზღვრების ფარგლებს გარეთ;
ვ) გადამცემ ქსელთან მიერთების პირობების ნებისმიერი მნიშვნელოვანი დარღვევა;
ზ) ნებისმიერი ქმედება ან უმოქმედობა, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.
21. რეზერვი წარმოადგენს გენერაციის გამოუყენებელ სიმძლავრეს, რომელიც გამოიყენება რეალურ დროში სიხშირის დასაშვებ ზღვრებში და მიწოდება-მოხმარების ბალანსის შესანარჩუნებლად, მოთხოვნის პროგნოზის უზუსტობისა და ენერგობლოკის/აგრეგატის მოულოდნელი გათიშვის შემთხვევებში. რეზერვი შედგება ოპერატიული (პირველად, მეორად და მესამე კატეგორიის ოპერატიული რეზერვისგან) და ცივი რეზერვისაგან.
22. პირველადი ოპერატიული რეზერვი - ელექტროენერგიის მწარმოებელი, რომლის ენერგობლოკი/აგრეგატი, სიხშირის რეგულირების მიზნით სისტემას პირველადი საოპერაციო რეზერვით უზრუნველყოფს ვალდებულია, აღნიშნულ ენერგობლოკზე/აგრეგატზე მოქმედებაში ჰქონდეს სიჩქარის რეგულატორი (სისტემური მომსახურება) და ამუშაოს ის სიხშირის ცვლილების მიმართ ავტომატურ რეჟიმში (თავისუფალი რეგულირების რეჟიმი). სიჩქარის ავტომატური რეგულატორის რეაგირების მაქსიმალური დრო არ უნდა აღემატებოდეს ხუთ (5) წამს.
23. მეორადი ოპერატიული რეზერვი გულისხმობს დამატებითი აქტიური სიმძლავრის აღებას 15-90 წამის განმავლობაში.
24. მესამე კატეგორიის ოპერატიული რეზერვი იყოფა პირველ და მეორე დონეებად:
ა) პირველი დონე - დამატებითი აქტიური სიმძლავრის აღება და შენარჩუნება 90 წამიდან 5 წუთამდე პერიოდში;
ბ) მეორე დონე - დამატებითი აქტიური სიმძლავრის აღება და შენარჩუნება 5 წუთიდან 30 წუთამდე პერიოდში.
25. ცივი რეზერვი არის გენერაციის სიმძლავრე, რომელიც ხელმისაწვდომი გახდება 24 საათის განმავლობაში, გენერაციის სიმძლავრეების ხელმისაწვდომობის, ამინდისა და მოთხოვნილების პროგნოზში დაშვებული ცდომილებების დასაკომპენსირებლად. ცივ რეზერვს უზრუნველყოფს ისეთი ელექტროსადგური, რომელსაც არ ევალება მოთხოვნამდე ელექტროენერგეტიკულ სისტემაში სინქრონიზაცია, მაგრამ რომელიც მზად უნდა იყოს გაშვებისათვის.
26. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, განსაზღვროს პირველადი, მეორადი და მესამე კატეგორიის ოპერატიული რეზერვების მოცულობა, რომელიც ნებისმიერ დროს უნდა არსებობდეს სისტემის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამ დროს, სხვა გარემოებებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნეს ქვემოთ ჩამოთვლილ გარემოებები:
ა) ქვეყანაში მნიშვნელოვანი მოვლენები;
ბ) ოპერატიული რეზერვის ეკონომიკური მაჩვენებლები;
გ) სისტემაში ჩართული ყველაზე დიდი დადგმული სიმძლავრის მქონე ენერგობლოკი/აგრეგატი, ასევე სისტემათშორისი და შიდასასისტემო გადამცემი ხაზების გამტარუნარიანობები;
დ) კლიმატური პირობები, რომელმაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინონ (პირდაპირ ან არაპირდაპირ) ენერგობლოკების/აგრეგატების და გადამცემი ქსელის საიმედოობაზე;
ე) ელექტროენერგეტიკული სისტემის ყველაზე დატვირთული ელემენტის გამორთვით გამოწვეული სიხშირის მოსალოდნელი ცვლილება, რომელიც გამოთვლილია ელექტროენერგეტიკული სისტემის მათემატიკური მოდელის გამოყენებით.
27. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა აღრიცხოს ოპერატიული რეზერვის გამოყენების ხარისხი.
28. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, დაადგინოს ცივი რეზერვის მოცულობა 24 საათით ადრე, სხვა გარემოებებთან ერთად, შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
ა) ცალკეული ენერგობლოკების/აგრეგატების ხელმისაწვდომობისა და საიმედოობის სტატისტიკური მონაცემები;
ბ) ენერგობლოკის/აგრეგატის საიმედოდ მუშაობასთან დაკავშირებული რისკი;
გ) მოხმარების დატვირთვის პროგნოზების ცდომილებები.
29. ელეტროენერგეტიკული სისტემის ნულიდან გაშვება ხორციელდება შემდეგი სახითა და მოთხოვნების დაცვით:
ა) ელექტროენერგეტიკული სისტემის ნაწილობრივი ან სრული ჩაქრობის მდგომარეობიდან გასაშვებად საჭიროა ისეთი ელექტროსადგურების (ნულიდან გაშვების ელექტროსადგურები) არსებობა, რომლის ერთ ენერგობლოკს/აგრეგატს მაინც შესწევს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ შესაბამისი მითითების მიღებიდან უმოკლეს ვადაში, ძაბვის არარსებობის პირობებში, გაშვების, ავტონომიურად მომხმარებლის დატვირთვისა და ქსელთან მიერთების უნარი;
ბ) ელექტროენერგიის იმ მწარმოებლებმა, რომელთა ვალდებულებაა ელექტროენერგეტიკული სისტემის ნულიდან გაშვება, უნდა უზრუნველყონ სიხშირისა და ძაბვის წინასწარ განსაზღვრული დონეების შენარჩუნება და დატვირთვის აღება ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენის პერიოდში;
გ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა გადაამოწმოს ნულიდან გაშვების რეალური შესაძლებლობანი, ასეთი გათიშვის დადგომის შემთხვევაში;
დ) ნულიდან გაშვების განმახორციელებელმა ელექტროენერგიის მწარმოებლებმა უნდა უზრუნველყონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან დამაკავშირებელი ხმოვანი და სხვა სახის კომუნიკაციების არსებობა და ოპერირება ელექტროენერგიის გარეშე წყაროების გამოუყენებლად იმ პერიოდის მანძილზე, რომელიც განისაზღვრება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ;
ე) თუ ნულიდან გაშვების პროცესში, ენერგობლოკს/აგრეგატს არ შეუძლია პარამეტრების დადგენილ დონეზე შენარჩუნება, ელექტროენერგიის მწარმოებელმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, გასცეს შესაბამისი განკარგულება არსებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით. ელექტროენერგიის მწარმოებელმა შეიძლება პერსონალისა და ელექტრომოწყობილობა-დანადგარების უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, განახორციელოს სიმძლავრის ცვლილება დამოუკიდებლად, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს;
ვ) ელექტროენერგიის მწარმოებელმა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უნდა წარუდგინოს ანგარიში ყველა გატარებული ქმედების შესახებ.
30. ნულიდან გაშვების განმახორციელებელ ელექტროენერგიის მწარმოებელთა ვალდებულებები ასახული უნდა იყოს დისპეჩერიზაციის ლიცენზიატთან გაფორმებულ შესაბამის შეთანხმებაშ